საქმე №ას-1247-2023 29 თებერვალი, 2024 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლეები: გიორგი მიქაუტაძე (თავმჯდომარე),
თამარ ზამბახიძე (მომხსენებელი),
რევაზ ნადარაია
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – თ.კ–ძე (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ა.ლ–ი“ (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 29.06.2023 წლის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – ბრძანების ბათილად ცნობა, სამუშაოზე აღდგენა, განაცდურის ანაზღაურება
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება – კერძო საჩივრის უარყოფა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 05.12.2022 წლის გადაწყვეტილებით თ.კ–ძის (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოსარჩელე“ ან „კერძო საჩივრის ავტორი“) სარჩელი შპს „ა.ლ–ის“ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოპასუხე“ ან „განმცხადებელი“) მიმართ დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი მოპასუხის დირექტორის 19.03.2020 წლის №3 ბრძანების მე-2 პუნქტი მოსარჩელის დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ; მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ კომპენსაციის სახით დაეკისრა 1250 ლარის გადახდა; მოსარჩელის მოთხოვნა სამუშაოზე აღდგენის ნაწილში არ დაკმაყოფილდა.
2. გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი წარადგინა ორივე მხარემ.
3. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 10.02.2023 წლის განჩინებით მოპასუხის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად მისი გასაჩივრების 14-დღიანი ვადის დარღვევით წარდგენის საფუძვლით. მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი კი ამავე სასამართლოს 14.03.2023 წლის განჩინებით მიღებულ იქნა განსახილველად.
4. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 10.02.2023 წლის განჩინებაზე მოპასუხემ წარადგინა კერძო საჩივარი.
5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 04.05.2023 წლის განჩინებით მოპასუხის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 10.02.2023 წლის განჩინება.
6. 01.06.2023 წელს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადებით მიმართა მოპასუხემ. განცხადება ეფუძნება შემდეგს:
6.1. უზენაესი სასამართლოდან საქმის დაბრუნების შემდგომ, საქმის გაცნობით დადგინდა, რომ საქმეში არ მოიპოვება მოპასუხის წარმომადგენლის მიერ ქუთაისის საქალაქო სასამართლოში წარდგენილი 27.12.2022 წლის №1/გ-106 განცხადება გადაწყვეტილების ასლის ჩაბარების შესახებ. საქმეს ერთვის მხოლოდ მოსარჩელის წარმომადგენლის მიერ მსგავსი მოთხოვნით 10.01.2023 წელს წარდგენილი განცხადება.
6.2. ქუთაისის საქალაქო სასამართლოში მოპასუხის წარმომადგენლის მიერ წარდგენილი მიმართვების საფუძველზე მიღებული 29.05.2023 წლის პასუხითა და მასზე დართული დოკუმენტაციით დგინდება, რომ 27.12.2022 წელს (შემოსვლის №2440) სასამართლოს კანცელარიაში დარეგისტრირდა განცხადება, სადაც მხარე ითხოვდა გადაწყვეტილების ასლის გადაგზავნას; განცხადება 28.12.2022 წელს აიტვირთა ელექტრონული საქმის წარმოების სისტემა „court“-ში; 27-30 დეკემბერს დასაბუთებული გადაწყვეტილება მზად არ იყო; ხოლო ახალი წლის დღეებთან დაკავშირებით გამოცხადებული უქმეების გამო მომდევნო სამუშაო დღეს, 9 იანვარს დასაბუთებული გადაწყვეტილება მზად იყო.
6.3. აშკარაა, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ) 2591 მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულ, სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან 30 დღის ვადაში (05.12.2022წ.-05.01.2023წ.) სასამართლო გადაწყვეტილების დასაბუთებული ტექსტი არ მომზადებულა და რეალურად არ არსებობდა, რის გამოც მას მხარეები სასამართლოდან ობიექტურად ვერ მიიღებდნენ. უდავო ფაქტობრივი გარემოებაა, რომ სასამართლოში 27.12.2022 წელს გამოცხადებისა და წერილობითი მოთხოვნის მიუხედავად, მოპასუხემ დასაბუთებული სასამართლო გადაწყვეტილების ასლის ჩაბარება შეძლო სასამართლოში განმეორებითი 23.01.2023 წლის განცხადების წარდგენის შემდეგ. მიღებული/ჩაბარებული სასამართლო გადაწყვეტილება მოპასუხემ სააპელაციო საჩივრით სწორად გაასაჩივრა დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან (ასლის მხარისათვის ჩაბარებიდან) 14 დღის ვადაში. მოპასუხეს თავისი ბრალის გარეშე არ ჰქონდა შესაძლებლობა საქმის განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების დროს მიეთითებინა ზემოხსენებულ ახალ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე.
6.4. შპს „მ–დან“ გამოთხოვილი 05.12.2022წ.-24.01.2023წ. პერიოდში მოპასუხის წარმომადგენლის მობილურ ტელეფონზე შემავალი და გამავალი ზარების შესახებ ინფორმაციით დასტურდება, რომ აღნიშნულ პერიოდში მოსამართლის თანაშემწესთან სატელეფონო კომუნიკაციას ადგილი ჰქონდა 9-ჯერ, მათ შორის, 2022 წლის დეკემბერში - 5-ჯერ, ხოლო 2023 წლის იანვარში - 4-ჯერ. კომუნიკაციის შინაარსი უმეტესად შეეხებოდა ადვოკატის თხოვნას, დროულად გადაეცათ დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლი.
7. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 29.06.2023 წლის განჩინებით მოპასუხის განცხადება დაკმაყოფილდა; ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო გაუქმდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 10.02.2022 წლის განჩინება; განახლდა საქმის წარმოება ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 05.12.2022 წლის გადაწყვეტილებაზე მოპასუხის სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის სხვა საფუძვლების შემოწმების პროცესუალური ეტაპიდან. განჩინება ეფუძნება შემდეგს:
7.1. განმცხადებელი საქმის წარმოების განახლებას ითხოვს იმ საფუძვლით, რომ მან 05.12.2022 წლის გადაწყვეტილების ასლის ჩაბარების მოთხოვნით პირველი ინსტანციის სასამართლოს მიმართა 27.12.2022 წელს, ანუ სსსკ-ის 2591 მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულ ვადაში, გასაჩივრებული გადაწყვეტილება ჩაიბარა 23.01.2023 წელს, ხოლო სააპელაციო საჩივარი წარადგინა კანონით დადგენილ 14-დღიან ვადაში - 01.02.2023 წელს.
7.2. სსსკ-ის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტის საფუძველზე კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება დასაშვებია, თუ არსებობს შემდეგი წინაპირობები: 1) მხარისათვის ცნობილი გახდა ისეთი გარემოებები და მტკიცებულებები, რომლებიც, ადრე რომ ყოფილიყო წარდგენილი სასამართლოში საქმის განხილვის დროს, გამოიწვევდა მისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანას; 2) ამ გარემოებებისა და მტკიცებულებების შესახებ მხარისათვის ცნობილი გახდა გადაწყვეტილების გამოტანის შემდეგ; 3) მხარეს თავისი ბრალის გარეშე არ ჰქონდა შესაძლებლობა საქმის განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების დროს წარმოედგინა კანონიერ ძალაში შესული და იმავე სარჩელზე გამოტანილი გადაწყვეტილება, ან მიეთითებინა ახალ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე.
7.3. განსახილველ შემთხვევაში, ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადებას ერთვის ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მიერ 29.05.2023 წელს გ.გ–ძისათვის გაგზავნილი მიმართვა, რომლითაც დასტურდება, რომ 27.12.2022 წელს (შემოსვლის №2440) სასამართლოს კანცელარიაში ნამდვილად დარეგისტრირდა გ.გ–ძის განცხადება, რომლითაც მხარე ითხოვდა გადაწყვეტილების ასლის გადაგზავნას. განცხადება 28.12.2022 წელს აიტვირთა ელექტრონული საქმის წარმოების სისტემა „court“-ში, თუმცა საქმის მასალებში აღნიშნული განცხადება ვერ მოხვდა, რაც ბუნებრივია საქმის მასალების გაცნობამდე მხარისათვის ვერ გახდებოდა ცნობილი. საქმეში წარმოდგენილია მოსამართლის თანაშემწის, ლ.ტ–ვას მიერ გ.გ–ძის მიმართ გაცემული ცნობა, სადაც მოსამართლის თანაშემწე ადასტურებს, რომ 27.12.2022 წელს სასამართლოს კანცელარიაში დარეგისტრირდა გ.გ–ძის განცხადება, სადაც იგი გადაწყვეტილების ასლის გაგზავნას ითხოვდა; განცხადება აიტვირთა „court“-ში; 27-30 დეკემბერს მზად არ იყო დასაბუთებული გადაწყვეტილება, გადაწყვეტილება მზად იყო 9 იანვარს. საქმეში განთავსებულია თავად განცხადება, 27 დეკემბრით დათარიღებული, რომლითაც გ. გ–ძე ითხოვს გადასცენ გადაწყვეტილების ასლი. ამდენად, მხარის მიერ დაცული იყო სსსკ-ის 2591 მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული ვადა.
7.4. დადგენილია, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება მოპასუხის წარმომადგენელს - გ.გ–ძეს ჩაბარდა 23.01.2023 წელს, ხოლო სააპელაციო საჩივარი წარდგენილია კანონით დადგენილ 14-დღიან ვადაში - 01.02.2023 წელს. ამდენად, არსებობს ახლად აღმოჩენილი გარემოება. შესაბამისად, განმცხადებლის პოზიცია დასაბუთებულია და გაზიარებულ უნდა იქნას, ვინაიდან განსახილველი შემთხვევა არის ისეთი შემთხვევა, რომელიც არც სასამართლოსთვის (სასამართლომ იხელმძღვანელა საქმეში არსებული მასალებით, სადაც 27.12.2022 წლის განცხადება არ იყო წარმოდგენილი) და არც განმცხადებლისათვის არ იყო ცნობილი, რაც წარმოშობს იმის საფუძველს, რომ გაუქმდეს მოპასუხის სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 10.02.2023 წლის განჩინება.
7.5. მოსარჩელის წარმომადგენლის იმ განმარტებასთან დაკავშირებით, რომ მხარე ვალდებული იყო საქმის წარმოების ელექტრონულ სისტემაში პერიოდულად შეემოწმებინა გადაწყვეტილება, პალატამ განმარტა, მსგავსი ვალდებულება მხარეს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის შესაბამისად არ ეკისრება. მხარე ზემოაღნიშნული კოდექსის 2591 მუხლის თანახმად, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. აღნიშნული, განსახილველ შემთხვევაში, განხორცილდა კიდეც, რაც გამოიხატა იმაში, რომ 27.12.2022 წელს სასამართლოს კანცელარიაში დარეგისტრირდა გ.გ–ძის განცხადება, რომლითაც ითხოვდა გადაწყვეტილების ასლის ჩაბარებას. გარდა ამისა, გადაწყვეტილების მომზადების კანონით განსაზღვრული ვადის ბოლო დღე დაემთხვა საქართველოს მთავრობის 20.12.2022 წლის №580 დადგენილებით გამოცხადებულ უქმე დღეებს. პალატამ განმარტა, რომ, მართალია, გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარის ინტერესებშია დროულად ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი, თუმცა მხარეს კანონმდებლობით არა აქვს ვალდებულება გადაწყვეტილების მოთხოვნის შესახებ განცხადების ვადაში წარდგენის შემდგომ ინტენსიურ რეჟიმში იქონიოს კონტაქტი სასამართლოსთან იმის გასარკვევად, მზად არის თუ არა დასაბუთებული გადაწყვეტილება. აღნიშნული მხარის უფლებაა და არა ვალდებულება.
7.6. როგორც საქმის მასალებით დგინდება, 24.05.2023 წელს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს განცხადებით მიმართა გ.გ–ძემ, საქმის მასალების გაცნობის მოთხოვნით; იგი 25.05.2023 წელს გაეცნო კიდეც საქმეს (ტ.2, ს.ფ. 129). ამდენად, მანამდე მხარეს არ ჰქონდა ინფორმაცია იმის თაობაზე, საქმის მასალებში მოიპოვებოდა თუ არა ქუთაისის საქალაქო სასამართლოში 27.12.2022 წელს თავის მიერ წარდგენილი განცხადება. შესაბამისად, მხარეს დაცული აქვს სსსკ-ის 426-ე მუხლით დადგენილი განცხადების შეტანის ვადა.
7.7. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ უნდა განახლდეს საქმის წარმოება ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 05.12.2022 წლის გადაწყვეტილებაზე მოპასუხის სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების საპროცესო ეტაპიდან (რა დროსაც სასამართლო დაცულად მიიჩნევს 14-დღიან ვადას და შეამოწმებს დასაშვებობის სხვა კრიტერიუმებს (სსსკ-ის 368-ე მუხლი)).
8. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 29.06.2023 წლის განჩინებაზე მოსარჩელემ წარადგინა კერძო საჩივარი და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება შემდეგ გარემოებათა გამო:
8.1. მართალია, მოპასუხემ 27.12.2022 წლის განცხადებით მოითხოვა გადაწყვეტილების ჩაბარება, თუმცა 23.01.2023 წლამდე მას განცხადებით აღარ მიუმართავს სასამართლოსთვის, რითიც დადასტურდებოდა, რომ მხარე ეცადა გადაწყვეტილების ჩაბარებას და 23.01.2023 წლამდე არ ჩაბარდა.
8.2. სასამართლოს მიერ მხოლოდ იმის აღნიშვნა, რომ მხარემ 20-დან 30-დღიან ვადაში წარადგინა განცხადება გადაწყვეტილების ჩაბარებაზე, რითაც ეხსნება ყოველგვარი ვალდებულება და სასამართლოზე გადადის გადაწყვეტილების ჩაბარების ვალდებულება, არის სახიფათო პრეცედენტი. ამ მოტივით მხარეს შეუძლია სააპელაციო თუ საკასაციო საჩივარი წარადგინოს 2 თვის შემდეგ ან ეს ვადა გაგრძელდეს უსასრულოდ, ვიდრე მას სასამართლო არ ჩააბარებს გადაწყვეტილებას.
9. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ კერძო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, გასაჩივრებული განჩინება კი უნდა დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
10. სსსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლით, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს/კერძო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
11. საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანია, სააპელაციო სასამართლოს მიერ ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით წარდგენილი განცხადების დაკმაყოფილების მართლზომიერება.
12. სსსკ-ის 421-ე მუხლის პირველი ნაწილი ადგენს ქცევის შემდეგ წესს: კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ან განჩინებით დამთავრებული საქმის წარმოების განახლება დასაშვებია მხოლოდ მაშინ, როდესაც არსებობს გადაწყვეტილების ბათილად ცნობის (422-ე მუხლი) ან ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ (423-ე მუხლი) განცხადების წანამძღვრები. აღნიშნულ დათქმაში კანონმდებელი გულისხმობს, რომ საქმის წარმოების განახლება სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრების მორიგ ეტაპს არ წარმოადგენს, არამედ დასაშვებია მხოლოდ გამონაკლის შემთხვევაში, კანონით ზუსტად განსაზღვრული წინაპირობების არსებობისას (სუსგ №ას-1455-2019, 15.11.2019წ.).
13. დადგენილია, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 10.02.2023 წლის განჩინებით მოპასუხის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად მისი გასაჩივრების 14-დღიანი ვადის დარღვევით წარდგენის საფუძვლით. აღნიშნული განჩინება უცვლელად დარჩა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 04.05.2023 წლის განჩინებით.
14. 01.06.2023 წელს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში წარდგენილი განცხადებით მოპასუხემ საქმის წარმოების განახლება მოითხოვა იმ საფუძვლით, რომ მას სააპელაციო საჩივრის 01.02.2023 წელს წარდგენით გასაჩივრების ვადა არ დაურღვევია, რადგან 27.12.2022 წელს, სსსკ-ის 2591 მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულ ვადაში, სასამართლოში წარადგინა გადაწყვეტილების ასლის ჩაბარების შესახებ განცხადება, თუმცა აღმოჩნდა, რომ მითითებული განცხადება საქმეში არ მოიპოვება.
15. სსსკ-ის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით, თუ მხარისათვის ცნობილი გახდა ისეთი გარემოებები და მტკიცებულებები, რომლებიც, ადრე რომ ყოფილიყო წარდგენილი სასამართლოში საქმის განხილვის დროს, გამოიწვევდა მისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანას. ამავე მუხლის მე-3 ნაწილით, ამ მუხლის პირველი ნაწილის „ე“-„ვ“ ქვეპუნქტებში აღნიშნული საფუძვლებით საქმის განახლება დასაშვებია, თუ მხარეს თავისი ბრალის გარეშე არ ჰქონდა შესაძლებლობა საქმის განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების დროს წარმოედგინა კანონიერ ძალაში შესული და იმავე სარჩელზე გამოტანილი გადაწყვეტილება, ან მიეთითებინა ახალ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე. შესაბამისად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების გაუქმებას საფუძვლად შეიძლება დაედოს ისეთი გარემოების სათანადოდ დადასტურება, რომელიც მხარის ინტერესების სასარგებლოდ არსებითად გავლენას მოახდენდა საქმის შედეგზე და მხარე ასეთ მტკიცებულებას საქმის განხილვის დროს ვერ წარადგენდა მისგან დამოუკიდებელი ობიექტური გარემოების გამო (სუსგ №ას-796-796-2018, 06.07.2018წ.).
16. სსსკ-ის 369-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადაა 14 დღე. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია და იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლების ან 2591 მუხლის შესაბამისად, ასევე 2591 მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ.
17. სსსკ-ის 2591 მუხლის პირველი ნაწილი ადგენს ქცევის შემდეგ წესს:
თუ გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების მქონე პირი, ან თუ ასეთი პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე (მისი წარმომადგენელი) ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი; წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
18. ამდენად, სსსკ-ის 2591 მუხლის პირველი ნაწილის შინაარსიდან გამომდინარე, გადაწყვეტილების გასაჩივრებისათვის დადგენილი ვადის დენა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან 30-ე დღეს მხოლოდ იმ შემთხვევაში დაიწყება, თუ მხარე ამავე მუხლით განსაზღვრულ ვადაში სასამართლოში არ გამოცხადდება და გადაწყვეტილებას არ ჩაიბარებს (სუსგ №ას-873-2018, 31.01.2019წ.). სსსკ-ის 2591 მუხლის თანახმად, გასაჩივრების მსურველ მხარეს გააჩნია არა უფლება, არამედ ვალდებულება ჩაიბაროს გასასაჩივრებელი გადაწყვეტილება. ამ ვალდებულების შეუსრულებლობა აისახება მხოლოდ უშუალოდ მხარის მიერ გადაწყვეტილების გასაჩივრების წესზე (საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის 30.12.2014 წლის განჩინება საქმეზე №ას-1161-1106-2014).
19. გასაჩივრებული განჩინებით დადგენილია და არც კერძო საჩივრითაა სადავოდ გამხდარი, რომ მოპასუხის წარმომადგენელმა 05.12.2022 წლის გადაწყვეტილების ასლის ჩაბარების მოთხოვნით სასამართლოს განცხადებით ნამდვილად მიმართა 27.12.2022 წელს, თუმცა ეს განცხადება საქმის მასალებში ვერ მოხვდა, კერძოდ, ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადებაზე დართული ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 29.05.2023 წლის მიმართვით ირკვევა, რომ 27.12.2022 წელს (შემოსვლის №2440) სასამართლოს კანცელარიაში დარეგისტრირდა მოპასუხის წარმომადგენლის განცხადება გადაწყვეტილების ასლის გადაგზავნის მოთხოვნით, განცხადება 28.12.2022 წელს აიტვირთა ელექტრონული საქმის წარმოების სისტემა „court“-ში; 27-30 დეკემბერს დასაბუთებული გადაწყვეტილება მზად არ იყო (იხ. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 29.05.2023 წლის მიმართვა და 27.12.2022 წლის განცხადების ასლი, ტ.2, ს.ფ. 154, 155; იხ. წინამდებარე განჩინების 7.3 პუნქტი). დადგენილია ასევე, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება მოპასუხის წარმომადგენელს ჩაბარდა 23.01.2023 წელს, შესაბამისად, 01.02.2023 წელს სააპელაციო საჩივარი წარდგენილია კანონით დადგენილ 14-დღიან ვადაში. ამრიგად, არსებობს ახლად აღმოჩენილი გარემოება, რის გამოც გასაჩივრებული განჩინებით მართებულად გაუქმდა მოპასუხის სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 10.02.2022 წლის განჩინება და განახლდა საქმის წარმოება.
20. საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორის პრეტენზიას, რომ მოპასუხე მხოლოდ 27.12.2022 წლის განცხადების წარდგენით არ უნდა გათავისუფლდეს გადაწყვეტილების ჩაბარების ვალდებულებისგან. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, რომელიც სასამართლო გადაწყვეტილების გამოცხადების მომენტიდან მე-20-30-ე დღეებში გამოცხადდა სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების მისაღებად, თუმცა ვერ ჩაიბარა იგი სასამართლოს მხრიდან გადაწყვეტილების ვადაში მოუმზადებლობის გამო, უფლებამოსილია, წერილობითი მოთხოვნით მიმართოს აღნიშნულ სასამართლოს. მას შემდეგ, რაც სასამართლო კანცელარიაში დარეგისტრირდება ამგვარი წერილობითი განაცხადი, სასამართლო მოვალეა, შესაბამისი მოხელის სახით, რეაგირება მოახდინოს მხარის მოთხოვნაზე და დააფიქსიროს, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილება მზად არ არის. ამ დროს მხარე თავისუფლდება სასამართლოში გამოცხადების ვალდებულებისაგან და მის მიმართ გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადის დენა დაიწყება დასაბუთებული გადაწყვეტილების მისთვის ჩაბარების მომენტიდან. აღნიშნულთან დაკავშირებით არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სტაბილური პრაქტიკა, რომელიც უზრუნველყოფს ამგვარ შემთხვევებში მხარის უფლებების დაცვას (სუსგ №ას-204-194-2016, 30.03.2016წ., პუნ.29; №ას-429-401-2017, 05.05.2017წ., პუნ.31; №ას-205-205-2018, 05.04.2018წ., პუნ.25; №ას-837-2023, 11.12.2023წ., პუნ.18.).
21. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს და წარმოდგენილ კერძო საჩივარს უარი უნდა ეთქვას დაკმაყოფილებაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. თ.კ–ძის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 29.06.2023 წლის განჩინება.
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: გიორგი მიქაუტაძე
მომხსენებელი: თამარ ზამბახიძე
რევაზ ნადარაია