Facebook Twitter

საქმე №ას-579-2024 21 მაისი, 2024 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლეები: გიორგი მიქაუტაძე (თავმჯდომარე),

თამარ ზამბახიძე (მომხსენებელი),

რევაზ ნადარაია

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორები – ი.ხ–ძე, ქ.ა–ი (მოპასუხეები)

მოწინააღმდეგე მხარე – სს მისო „ს.კ“ (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 12.04.2024 წლის განჩინება სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ

კერძო საჩივრის ავტორების მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – თანხის დაკისრება

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება – კერძო საჩივრის დაკმაყოფილება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. სს მისო „ს.კ–მა“ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოსარჩელე“) სარჩელი აღძრა სასამართლოში ი.ხ–ძის, ქ.ა–ის (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „პირველი მოპასუხე“, „მეორე მოპასუხე“, ერთად - „აპელანტები“ ან „კერძო საჩივრის ავტორები“) მიმართ სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების დაკისრების მოთხოვნით.

2. გურჯაანის რაიონული სასამართლოს 21.04.2023 წლის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა. მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრათ 5428.31 ლარის სოლიდარულად გადახდა.

3. გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრეს მოპასუხეებმა.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 12.04.2024 წლის განჩინებით სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად. სააპელაციო პალატამ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ) 387-ე, 372-ე, 229-ე მუხლებზე, ასევე 275-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტზე და განმარტა, რომ 12.04.2024 წლის სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდნენ აპელანტები, რომელთაც სხდომის თაობაზე ეცნობათ კანონით დადგენილი წესით. სააპელაციო სასამართლოს განცხადებით მიმართა პირველი მოპასუხის წარმომადგენელმა მ.ხ–ძემ და ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო მოითხოვა სასამართლო სხდომის გადადება, თუმცა ჯანმრთელობის მდგომარეობის ამსახველი მტკიცებულება არ წარუდგენია, რაც, სასამართლოს მითითებით, არასაკმარისია სადავო გარემოების დადასტურებულად მიჩნევისთვის. მეორე აპელანტს სასამართლოსთვის არ უცნობებია გამოუცხადებლობის მიზეზების შესახებ. აქედან გამომდინარე, აპელანტების გამოუცხადებლობა ვერ იქნება მიჩნეული საპატიოდ.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 12.04.2024 წლის განჩინებაზე კერძო საჩივარი წარადგინეს მოპასუხეებმა. კერძო საჩივრის ავტორებმა მიუთითეს სსსკ-ის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილზე და განმარტეს, რომ სასამართლოს წარედგინა განცხადება წარმომადგენლის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო საქმის განხილვის გადადების მოთხოვნით, თუმცა სასამართლომ აღნიშნული გარემოება არ გაითვალისწინა და მხარეებს შეუზღუდა სასამართლოსთვის მიმართვის კონსტიტუციით გარანტირებული უფლება.

6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 13.05.2024 წლის განჩინებით კერძო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს გასაჩივრებული განჩინება და საქმე განსახილველად უნდა დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს შემდეგ გარემოებათა გამო:

7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 12.04.2024 წლის განჩინებით სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვებას საფუძვლად დაედო სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე აპელანტების გამოუცხადებლობა. პალატა აქვე აღნიშნავს, რომ მოცემული საქმე, როგორც მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მიერ გაცემული სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავა, სსსკ-ის 3761 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად შეიძლება განხილული ყოფილიყო ზეპირი მოსმენის გარეშე, მაგრამ სასამართლომ მიზანშეწონილად მიიჩნია საქმეზე სხდომის დანიშვნა.

8. სსსკ-ის 387-ე მუხლის პირველი ნაწილით, თუ სააპელაციო საჩივრის აღმძვრელი პირი არ გამოცხადდება საქმის ზეპირ განხილვაზე, მოწინააღმდეგე მხარის თხოვნით სააპელაციო სასამართლო გამოიტანს დაუსწრებელ გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. ამავე მუხლის მე-3 ნაწილით, ყველა სხვა შემთხვევაში გამოიყენება ამ კოდექსში ჩამოყალიბებული ნორმები პირველი ინსტანციის სასამართლოში დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შესახებ. ამავე კოდექსის 372-ე მუხლით, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, XLVI თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით.

9. სსსკ-ის 229-ე მუხლის მე-2 ნაწილით, თუ მოპასუხე არ მოითხოვს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანას, სასამართლოს გამოაქვს განჩინება სარჩელის განუხილველად დატოვების შესახებ, რასაც უკავშირდება 276–278-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგები. თუ მოპასუხე სარჩელის განუხილველად დატოვების წინააღმდეგია, სასამართლო გადადებს საქმის განხილვას. ანალოგიური შინაარსისაა სსსკ-ის 275-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტი, რომლის თანახმადაც სასამართლო, მხარის განცხადებით ან თავისი ინიციატივით, განუხილველად დატოვებს სარჩელს, თუ სასამართლო სხდომაზე მოსარჩელე (განმცხადებელი) არ გამოცხადებულა, ხოლო მოპასუხე თანახმაა, სარჩელი (განცხადება) განუხილველად იქნეს დატოვებული.

10. ზემოაღნიშნულ ნორმათა მიხედვით, სააპელაციო სასამართლოში საქმის ზეპირი განხილვისას აპელანტის გამოუცხადებლობის შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლო უფლებამოსილია, მოწინააღმდეგე მხარის შუამდგომლობის საფუძველზე, განუხილველად დატოვოს სააპელაციო საჩივარი, თუ აპელანტი კანონით დადგენილი წესით მიწვეული იყო საქმის განხილვაში და არ გამოცხადდა არასაპატიო მიზეზით (სუსგ №ას-1668-2019, 28.02.2020წ.) მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია და კერძო საჩივრით შედავებული არ არის, რომ მოსარჩელის წარმომადგენელმა მოითხოვა სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვება.

11. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სასამართლო სხდომაზე მხარეთა გამოუცხადებლობის გამო სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ განჩინება უნდა გადაისინჯოს და საქმე განახლდეს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია დაუსწრებელი გადაწყვეტილების გადასინჯვის მიმართ (შდრ. სუსგ-ებები: Nას-1274-2019, 31.07.2020წ., Nას-1265-2019, 27.12.2019წ.).

12. სსსკ-ის 233-ე მუხლის პირველ ნაწილში მოცემულია იმ შემთხვევების ჩამონათვალი, რომელთა არსებობის დროს დაუშვებელია დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა, კერძოდ, აღნიშნული ნორმის მიხედვით, მხარის გამოუცხადებლობის შემთხვევაში სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა დაუშვებელია, თუ: ა) გამოუცხადებელი მხარე მოწვეული არ იყო ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით; ბ) სასამართლოსათვის ცნობილი გახდა, რომ ადგილი ჰქონდა დაუძლეველ ძალას ან სხვა მოვლენებს, რომელსაც (რომლებსაც) შეეძლო ხელი შეეშალა სასამართლოში მხარის დროულად გამოცხადებისათვის; გ) გამოუცხადებელ მხარეს დროულად არ ეცნობა საქმის ფაქტობრივი გარემოებები; დ) არ არსებობს სარჩელის აღძვრის წინაპირობები. სსსკ-ის 241-ე მუხლით, დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს, თუ არსებობს 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, ან თუ მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო სხვა საპატიო მიზეზით, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსათვის.

13. გასაჩივრებული განჩინებით დადგენილია და კერძო საჩივრით შედავებული არ არის ის გარემოება, რომ აპელანტებს 12.04.2024 წელს დანიშნული სხდომის შესახებ ეცნობათ სსსკ-ის 70-ე-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.

14. პალატა მიუთითებს, რომ გამოუცხადებელ მხარეს, რომლის წინააღმდეგაც გამოტანილია დაუსწრებელი გადაწყვეტილება/განჩინება, შეუძლია სსსკ-ის 233-ე მუხლის პირველ ნაწილში მოცემული ჩამონათვალის გარდა მიუთითოს სხვა გარემოებებზეც, რაც სასამართლო სხდომაზე მისი გამოუცხადებლობის მიზეზი გახდა. ამასთან, კანონმდებელი ავალდებულებს მხარეს, წინასწარ აცნობოს სასამართლოს სხდომაზე მისი გამოცხადების შეუძლებლობის და მიზეზის შესახებ, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ასეთი შეტყობინება სხდომამდე შეუძლებელია. იმ გარემოებათა დამტკიცების ტვირთი, რომლებზეც მიუთითებს მხარე თავის საჩივარში/კერძო საჩივარში, როგორც გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზზე, ეკისრება მომჩივანს, ხოლო ამ გარემოებათა შეფასება იმ თვალსაზრისით, თუ რამდენად საპატიოა მხარის გამოუცხადებლობა – სასამართლოს უფლებამოსილებაა (სუსგ №ას-1410-1330-2017, 30.01.2018წ.).

15. სსსკ-ის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს იმ გარემოებათა ჩამონათვალს, რომლებიც შეიძლება მიჩნეულ იქნეს სასამართლო პროცესზე მხარის გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზად. აღნიშნული ნორმის თანახმად, ამ კანონის მიზნებისათვის, საპატიო მიზეზად ჩაითვლება მხარის მიერ შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენის შეუძლებლობა, რაც გამოწვეულია ავადმყოფობით, ახლო ნათესავის გარდაცვალებით ან სხვა განსაკუთრებული ობიექტური გარემოებით, რომელიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის სასამართლო პროცესზე გამოცხადებას ან/და შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენას. ავადმყოფობა დადასტურებულ უნდა იქნეს სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით, რომელიც პირდაპირ მიუთითებს სასამართლო პროცესზე გამოცხადების შეუძლებლობაზე.

16. საქმის მასალებით დასტურდება, რომ 12.04.2014 წელს, სხდომის დაწყებამდე სასამართლოში წარდგენილი იქნა პირველი მოპასუხის წარმომადგენლის განცხადება ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო სხდომაზე გამოუცხადებლობის და მისი გადადების მოთხოვნით. შესაბამისი მტკიცებულების არარსებობის გამო სააპელაციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა შუამდგომლობა სხდომის გადადების თაობაზე და აპელანტების არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის გამო სააპელაციო საჩივარი დატოვა განუხილველად. სადავო გარემოების დადასტურების მიზნით კერძო საჩივრის ავტორებმა საავადმყოფო ფურცელი დაურთეს კერძო საჩივარს.

17. კერძო საჩივარზე დართული საავადმყოფო ფურცლით დგინდება, რომ პირველი მოპასუხის წარმომადგენელი, მ.ხ–ძე 2024 წლის 12 და 13 აპრილს იყო შრომისუუნარო და შესაბამისად, მკურნალი ექიმის მიერ გაიცა საავადმყოფო ფურცელი დაავადებით გამოწვეული დროებითი შრომისუუნარობის გამო (ტ.2, ს.ფ. 75).

18. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 25.09.2007 წლის N281/ნ ბრძანებით დამტკიცებული დროებითი შრომისუუნარობის ექსპერტიზის ჩატარების და საავადმყოფო ფურცლის გაცემის წესის შესაბამისად საავადმყოფო ფურცელი მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტია (მე-3 მუხლის მე-2 პუნქტი), რომელიც წარმოადგენს დასაქმებულთა დროებითი შრომისუუნარობის დამადასტურებელ დოკუმენტს და გაიცემა დაავადებით ან დასახიჩრებით გამოწვეული შრომის უნარის დაკარგვის გამო (მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი“). ერთ-ერთ საქმეში უზენაესმა სასამართლომ განმარტა შემდეგი: „ამა თუ იმ პირისთვის საავადმყოფო ფურცლის გახსნა თავისთავად, ცალკე აღებულიც, პაციენტის შრომისუუნარობასა და, შესაბამისად, სამუშაო ადგილზე თუ სხვა დაწესებულებაში, მათ შორის, სასამართლო სხდომაზე გამოცხადების შეუძლებლობაზე მიუთითებს. საკასაციო პალატა ყურადღებას მიაქცევს საავადმყოფო ფურცლის სამართლებრივ სტატუსს და განმარტავს, რომ საავადმყოფო ფურცელი, განსხვავებით ამბოლატორიული მკურნალობის სამედიცინო ცნობებისგან, არ საჭიროებს დამატებით აღნიშვნას სასამართლო სხდომაზე პაციენტის გამოუცხადებლობის თაობაზე, მითითებული დოკუმენტი, დანიშნულებიდან გამომდინარე, იმთავითვე გამორიცხავს საავადმყოფო ფურცელზე ყოფნის პერიოდში, პაციენტის შრომისუნარიან სუბიექტად და, მაშასადამე, საკუთარი ინტერესების დასაცავად სამართალწარმოებაში მონაწილეობისუნარიან პირად განხილვას (სუსგ №ას-1976-2018, 30.04.2020 წ.).

19. ამდენად, წარმომადგენელმა სსსკ-ის 215.3 მუხლის შესაბამისად დაასაბუთა ის საპატიო გარემოება, რამაც შეუძლებელი გახადა სასამართლო სხდომაზე მისი გამოცხადება. მოპასუხის წარმომადგენელმა წინასწარ აცნობა სასამართლოს სხდომაზე გამოცხადების შეუძლებლობის შესახებ, ხოლო მოგვიანებით წარადგინა კიდეც საავადმყოფო ფურცელი, რომლითაც დასტურდება სასამართლო სხდომაზე გამოცხადების შეუძლებლობა, რაც სსსკ-ის 241-ე მუხლის თანახმად, გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და საქმის განსახილველად დაბრუნების საფუძველია.

20. საკასაციო პალატა დამატებით მიუთითებს სსსკ-ის 93-ე მუხლზე, რომლის მე-2 ნაწილით მხარეებს შეუძლიათ აგრეთვე საქმე აწარმოონ სასამართლოში წარმომადგენლის მეშვეობით. საქმის წარმოება წარმომადგენლის მეშვეობით არ ართმევს უფლებას მხარეებს თვითონაც პირადად მიიღონ მონაწილეობა საქმეში. მხარისა და წარმომადგენლის ნდობაზე დაფუძნებული ურთიერთობის გათვალისწინებით, როდესაც მხარე მისი უფლების დაცვის შესაძლებლობას წარმომადგენელს მიანიჭებს, თუ წარმომადგენელი მინიჭებულ უფლებამოსილებას კეთილსინდისიერად ახორციელებს, წარმომადგენლის საპატიო მიზეზით გამოუცხადებლობა/საპროცესო მოქმედების განუხორციელებლობა მხარისათვის არახელსაყრელი შედეგის დადგომის წინაპირობა არ შეიძლება გახდეს, რადგანაც მას ამ ურთიერთობის მიმართ კანონიერი ნდობა გააჩნია და ორიენტირებულია ადვოკატის მიერ მარწმუნებლის უფლების კვალიფიციურად დაცვაზე (შდრ. სუსგ. Nას-1016-2020, 10.06.2021წ.). ასევე, პირველი და მეორე მოპასუხის ვალდებულების სოლიდარულობის გათვალისწინებით, არსებობს გასაჩივრებული განჩინების სრულად გაუქმების საფუძველი, რადგან ერთ-ერთი სოლიდარული მოვალის მიმართ თანხის დაკისრების მოთხოვნის დაკმაყოფილება/არდაკმაყოფილება აისახება ყველა სოლიდარულ მოვალეზე.

21. ყოველივე აღნიშნულზე დაყრდნობით საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს სრულად, უნდა გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 12.04.2024 წლის განჩინება და საქმე განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ი.ხ–ძისა და ქ.ა–ის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს.

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 12.04.2024 წლის განჩინება და საქმე განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: გიორგი მიქაუტაძე

მოსამართლეები: თამარ ზამბახიძე

რევაზ ნადარაია