ბს-100-100(კ-08) 2 ივლისი, 2008 წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მარიამ ცისკაძე, ნინო ქადაგიძე
ზეპირი მოსმენის გარეშე, განიხილა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 04.12.07წ. განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
ნ. ლ-ემ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიმართ და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 16.04.07წ. ¹299/კ ბრძანების ბათილად ცნობა, სამსახურში აღდგენა და იძულებითი განაცდური ხელფასის ანაზღაურება მოითხოვა. მოსარჩელემ მიუთითა, რომ ადმინისტრაციული აქტის გამოცემისას არ ჩატარებულა ადმინისტრაციული წარმოება, ასევე უსაფუძვლოა მისი გათავისუფლება შრომითი ხელშეკრულების მოშლის გამო, რადგანაც ასეთი ხელშეკრულება მასთან დადებული არ ყოფილა.
მოსარჩელე ნ. ლ-ე მუშაობდა ქ. ქუთაისის ¹.... საჯარო სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის თანამდებობაზე. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 14.04.04წ. ¹351/კ ბრძანებით ნ. ლ-ე გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან. თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 17.12.04წ. გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა ნ. ლ-ის სარჩელი, გაუქმდა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 14.04.04წ. ¹351/კ ბრძანება ნ. ლ-ის სამუშაოდან განთავისუფლების შესახებ და იგი აღდგენილ იქნა ქ. ქუთაისის ¹..... საშუალო სკოლის დირექტორის თანამდებობაზე. აღნიშნული გადაწყვეტილება საქართველოს უზენაესი სასამართლოს 27.05.05წ. განჩინებით დარჩა უცვლელად.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 10.07.05წ. ¹17კ ბრძანებით ნ. ლ-ე კვლავ გათავისუფოლდა დაკავებული თანამდებობიდან. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 21.02.06წ. გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა ნ. ლ-ის სარჩელი, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს განათლებისა და მეცნიეების მინისტრის 10.07.05წ ¹171/კ ბრძანება და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშველობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი ადმინისტრაციული აქტის გამოცემა. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 11.07.06წ. განჩინებით დარჩა უცვლელად და შევიდა კანონიერ ძალაში.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 26.03.07წ ¹98/კ ბრძანების საფუძველზე ნ. ლ-ე აღდგენილ იქნა ქ. ქუთაისის ¹.... საჯარო სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსულებლის თანამდებობაზე.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 16.04.07წ. ¹299/კ ბრძანების საფუძველზე ნ. ლ-ე კვლავ განთავისუფლდა ქ. ქუთაისის ¹.... საჯარო სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის თანამდებობიდან ,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ა” ქვეპუნქტის, საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ” ქვეპუნქტის, 38-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების შესაბამისად.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 18.07.07წ. გადაწყვეტილებით ნ. ლ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 16.04.07წ ¹299/კ ბრძანება ნ. ლ-ის თანამდებობიდან განთავისუფლების შესახებ; საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დაევალა ქ.ქუთაისის ¹.... საჯარო სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის ნ. ლ-ის თანამდებობიდან განთავისუფლებასთან დაკავშირებული გარემოებების სრულყოფილად გამოკვლევის და შეფასების შედეგად ახალი ადმინისტრაციული აქტის გამოცემა; მოსარჩელეს უარი ეთქვა სამსახურში აღდგენის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უსაფუძვლობის გამო; მოსარჩელის მოთხოვნა იძულებითი განაცდური ხელფასის ანაზღაურების შესახებ დაკმაყოფილდა და მოპასუხეს დაეკისრა განაცდურის ანაზღაურება ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემამდე.
პირველი ინსტანციის სასამართლომ გადაწყვეტილების მიღებისას იხელმძღვანელა შემდეგი მოსაზრებებით:
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციულ კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ” ქვეპუნქტის მიხედვით, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს ცვლის წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს.
საჯარო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელის თანამდებობაზე დანიშვნა და თანამდებობიდან განთავისუფლება ხდება შესაბამისი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ სათანადო აქტით, ანუ ინდივდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. სასამართლომ აღნიშნა, რომ საჯარო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელის სამუშაოზე აღდგენის შესახებ დავა წარმოადგენს ადმინისტრაციული კატეგორიის დავას, რომელიც განხილული უნდა იქნეს ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით.
სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხის მოსაზრება იმასთან დაკავშირებით, რომ მოსარჩელის განთავისუფლების შესახებ ბრძანება არის შრომითი ურთიერთობის მარეგულირებელი აქტი და მხოლოდ ის გარემოება, რომ ამ შემთხვევაში დამსაქმებელი არის სამინისტრო, არ წარმოშობს იმის ვალდებულებას, რომ ყველა სახის ბრძანების გამოცემისას ჩატარდეს ადმინისტრაციული წარმოება. სასამართლომ მიუთითა, რომ 2005 წლის 15 ივლისიდან ამოქმედებული საკანონმდებლო ცვლილებების შედეგად საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 2.1 მუხლის ,,ზ” ქვეპუნქტით განსაზღვრული და ამავე კოდექსის V თავით რეგლამენტირბული ,,ადმინიტსრაციული გარიგება” შეიცვალა ,,ადმინისტრაციული ხელშეკრულებით”, რაც სამართლებრივად არსებითად განსხვავდება ადმინისტრაციული გარიგებისაგან და გამორიცხავს ცალმხრივი გარიგების არსებობას ადმინიტსრაციულ სამართალურთიერთობებში. შესაბამისი ცვლილება განიცადა ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 127-ე მუხლმა და მასზე დამატებული 21-ე და 22-ე პუნქტებით დადგინდა, რომ სამსახურებრივ საკითხებზე გამოცემული სამართლებრივი აქტების (ბრძანების, განკარგულების) გასაჩივრების ვადის ათვლა იწყება კანონმდებლობით დადგენილი წესით აქტის გაცნობიდან და სამსახურიდან განთავისუფლების შესახებ ადმინიტსრაციული ორგანოს ბრძანება არის საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-4 თავით განსაზღვრული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და სამსახურებრივ საკითხებზე გამოცემული ადმინისტრაციული აქტის შესაბამისობა დგინდება ზოგადი ადმინიტსრაციული კოდექსის IV თავით, ,,საჯარო სამსახურის შესახებ” კანონითა და ,,საქართევლოს შრომის კანონთა კოდექსის” ნორმებით დადგენილ მოთხოვნებთან.
სასამართლომ აღნიშნა, რომ მოსარჩელესთან მიმართებით დარღვეულ იქნა ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქარველოს კანონის მე-14 მუხლის მე-3 ნაწილისა და შრომის კანონთა კოდექსის 36-ე და 37-ე მუხლების მოთხოვნები. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96.2 მუხლის თანახმად, ადმინიტსრაციული ორგანოს არ აქვს უფლება კანონმდებლობის მოთხოვნათა საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე ქმედება, მათ შორის გამოსცეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი საქმისათვის არსებთი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკლევა – შეფასების გარეშე. სასამართლოს მითითებით, მოცემულ შემთხვევაში მოპასუხე თვითონვე აღიარებს, რომ გასაჩივრებული ბრძანების მიღებისას ადმინიტსრაციული წარმოება არ ჩატარებულა. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლომ მიიჩნია, რომ სადავო ბრძანება მიღებულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევის, ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონს და ,,შრომის კანონთა კოდექსის” თანახმად, მუშაკის სამსახურიდან განთავისუფლებისათვის დადგენილი პროცედურული საკითხების უგულებელყოფით, რაც მისი ბათილად ცნობის საფუძველს წარმოადგენს. ,,საქართველოს შრომის კანონთა კოდექსის” 206-ე და 207-ე მუხლებში გათვალისწინებულია კანონიერი საფუძვლის გარეშე ან სხვა სამუშაოზე უკანონოდ გადაყვანილ მუშა მოსამსახურეთა აღდგენა წინანდელ სამუშაოზე.
სასამართლომ მოსარჩელე ნ. ლ-ეს აუნაზღაურა ახალი ინდივიდუალური აქტის გამოცემამდე პერიოდის იძულებითი განაცდური ხელფასი და მიუთითა, რომ ხელფასის გაცემის შეწყვეტის საფუძველი იყო მუშაკის გათავისუფლება სამსახურიდან, ხოლო მოსარჩელის გათავისუფლების ბრძანების ბათილად ცნობის გამო, ხელფასის გაუცემლობის საფუძველი აღარ არსებობდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 04.12.07 წ. განჩინებით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 18.07.07 წ. გადაწყვეტილება.
სააპელაციო პალატამ დამატებით აღნიშნა, რომ ნ. ლ-ე დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის თანამდებობიდან გათავისუფლდა „საქართველოს შრომის კოდექსის“ 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ პუნქტის საფუძველზე (შრომითი ხელშეკრულების მოშლა), თუმცა ნ. ლ-სა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შორის შრომით-სამართლებრივი ურთიერთობა წარმოიშვა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 26.03.07წ. ¹98/კ ბრძანების საფუძველზე და არა სამინისტროსა და ნ. ლ-ეს შორის დადებული შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე, რომლის მოშლა შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის საფუძველი შეიძლება გამხდარიყო.
სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ ადმინისტრაციული ორგანოს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის მე-4 და მე-5 ნაწილების შესაბამისად, სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დროს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში მოქმედებისას წერილობით უნდა დაესაბუთებინა ყველა ის ფაქტობრივი გარემოება, რომელსაც არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას და თავისი გადაწყვეტილება დაეფუძნებინა ადმინისტრაციული წარმოების დროს გამოკვლეულ და შესწავლილ გარემოებებზე, ფაქტებზე და მტკიცებულებებზე.
სააპელაციო პალატამ გაიზიარა აპელანტის მოსაზრება პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ „საქართველოს შრომის კანონთა კოდექსის“ 109-ე, 206-207-ე მუხლების არამართებულად გამოყენებასთან დაკავშირებით და მიუთითა, რომ სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიღების დროისათვის -2007 წლის 16 აპრილისათვის საქართველოში შრომითი ურთიერთობები რეგულირდებოდა არა საქართველოს შრომის კანონთა კოდექსის, არამედ საქართველოს შრომის კოდექსის ნორმათა შესაბამისად. აგრეთვე გაიზიარა აპელანტის მოსაზრება იმასთან დაკავშირებით, რომ „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლი არ შეიცავს მე-3 პუნქტს, რომელზეც პირველი ინსტანციის სასამართლო მიუთითებს თავის გადაწყვეტილებაში.
სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა აპელანტის მოსაზრება დავის სამოქალაქო სამართალწარმოების წესით გადაწყვეტის თაობაზე და მიუთითა, რომ „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი საქართველოს კანონმდებლოიბთ დადგენილი წესით საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ანთავისუფლებს... საჯარო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელებს. „საქართველოს ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 59-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ამ კანონის შესაბამისად დირექტორის არჩევამდე დირექტორის მოვალეობის შემსრულებელს ბრძანებით ნიშნავს და ანთავისუფლებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი. საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის ¹37 დადგენილებით „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ მე-3 მუხლის I-ლი პუნქტის „მ“ ქვეპუნქტის თანახმად, მინისტრი თავისი კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს ნორმატიული და ინდივიდუალური ხასიათის სამართლებრივ აქტებს. „საქართველოს ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოს კონსტიტუციის 812 მუხლის შესაბამისად, მინისტრი კანონის საფუძველზე და მის შესასრულებლად გამოსცემს ბრძანებებს. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, მინისტრი, რომელიც ხელს აწერს ბრძანებას პასუხისმგებელია მისი კანონიერებისა და მიზანშეწონილობისათვის. სასამართლომ აღნიშნა, რომ დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი თანამდებობაზე ინიშნება მინისტრის ბრძანების – ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე და არა შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე, ამასთან მინისტრი პასუხისმგებელია მის მიერ ხელმოწერილი ბრძანების კანონიერებისა და მიზანშეწონილობისათვის. სასამართლოს აზრით სადავო შემთხვევაში, გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დაუსაბუთებელია თუ რა გარემოება დაედო საფუძვლად ნ. ლ-ის სამუშაოდან დათხოვნას.
სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება მოითხოვა იმ საფუძვლით, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელიც უცვლელად იქნა დატოვებული სააპელაციო სასამართლოს მიერ კანონის დარღვევით არის განხილული და იურიდიულად არ არის საკმარისად დასაბუთებული.
კასატორი აღნიშნავს, რომ სასამართლომ არასწორად მიიჩნია, რომ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 16.04.07წ. ¹299/კ ბრძანების გამოცემის დროს დარღვეულ იქნა “საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის მე-3 პუნქტისა და შრომის კანონთა კოდექსის 36-ე და 37-ე მუხლების მოთხოვნები. სასამართლოს გადაწყვეტილება სამართლებრივად დაუსაბუთებელია, რადგან ის მიღებულია „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის მე-3 პუნქტისა და საქართველოს შრომის კანონთა კოდექსის საფუძველზე. მე-14 მუხლის მე-3 პუნქტი, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში არ არსებობს. ამდენად, ამ ნორმაზე მითითებით გადაწყვეტილების მიღება სამართლებრივ შედეგს ვერ წარმოშობს. გასაჩივრებული, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ბრძანება გამოიცა 2007 წლის 16 აპრილს, როდესაც “შრომის კანონთა კოდექსი” ძალაში აღარ იყო, არამედ მოქმედებდა ახალი “შრომის კოდექსი”. ამდენად, კასატორის აზრით, ქმედების სამართლებრივი შეფასება ძალადაკარგული საქართველოს შრომის კანონთა კოდექსით ასევე ვერ წარმოშობს სამართლებრივ შედეგს.
კასატორი უსაფუძვლოდ მიიჩნევს სასამართლოს განჩინებას იძულებითი განაცდურის ანაზღაურების ნაწილშიც, ვინაიდან არ არსებობს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს 16.04.07წ. ¹299/კ ბრძანების ბათილობის საფუძველი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად თვლის, რომ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა არსებითი პროცესუალური დარღვევების გარეშე და საქმეზე არსებითად სწორი გადაწყვეტილებაა მიღებული. მოცემული საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის.
საკასაციო სასამართლო თვლის, რომ ამ შემთხვევაში არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოყენებული საპროცესო და მატერიალური სამართლის ნორმების განმარტებისა და სამართლის განვითარების მიზნით საკასაციო სასამართლოს მიერ ზოგადი მნიშვნელობის მქონე სახელმძღვანელო და სარეკომენდაციო გადაწყვეტილების გამოტანის საჭიროება.
საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, აღნიშნულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.