საქმე №ა-1222-შ-33-2024 15 მაისი, 2024 წელი
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ამირან ძაბუნიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ლაშა ქოჩიაშვილი, თეა ძიმისტარაშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
შუამდგომლობის ავტორი – პ.ბ–ი
მოწინააღმდეგე მხარე - ნ.ბ–ი
გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობას მოითხოვს მხარე – უკრაინის ოდესის ოლქის ნიკოლაევის რაიონული სასამართლოს 12.05.2021 წლის გადაწყვეტილება №508/998/20
დავის საგანი - განქორწინება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. უკრაინის ოდესის ოლქის ნიკოლაევის რაიონული სასამართლოს 12.05.2021 წლის გადაწყვეტილებით №508/998/20 პ.ბ–ისა და ნ.ბ–ის შორის 10.04.2017 წელს პრიმორსკის ოლქის იუსტიციის მთავარი ტერიტორიული დეპარტამენტის სამოქალაქო მდგომარეობის აქტების სახელმწიფო რეგისტრაციის დეპარტამენტში რეგისტრირებული ქორწინება გამოცხადდა ძალადაკარგულად (ქორწინების რეესტრის ნომ. №325).
2. გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა 14.06.2021 წლიდან.
3. შუამდგომლობის ავტორმა მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა.
შუამდგომლობის ავტორი საქართველოს მოქალაქეა.
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 18 მარტის განჩინებით პ.ბ–ის შუამდგომლობა უკრაინის ოდესის ოლქის ნიკოლაევის რაიონული სასამართლოს 12.05.2021 წლის გადაწყვეტილების №508/998/20 საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ მიღებულ იქნა განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
5. საქართველოს უზენაესი სასამართლო შუამდგომლობისა და თანდართული მასალების გაცნობის შედეგად მიიჩნევს, რომ პ.ბ–ის შუამდგომლობა უკრაინის ოდესის ოლქის ნიკოლაევის რაიონული სასამართლოს 12.05.2021 წლის გადაწყვეტილების №508/998/20 საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ, განქორწინების ნაწილში, უნდა დაკმაყოფილდეს.
6. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. ამავე მუხლის პირველი და მეორე პუნქტებიდან გამომდინარე, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებიც გათვალისწინებულია ამავე მუხლის მე-2 პუნქტით.
7. განსახილველ შემთხვევაში, შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი, შესაბამისი წესით დამოწმებული, უკრაინის ოდესის ოლქის ნიკოლაევის რაიონული სასამართლოს 12.05.2021 წლის გადაწყვეტილებით პ.ბ–ი და ნ.ბ–ი განქორწინდნენ. აღსანიშნავია, რომ მხარეები ინფორმირებულნი იყვნენ საქმის განხილვის თაობაზე. ასევე, დასტურდება, რომ გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში. ამასთანავე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მეორე პუნქტში მითითებული, გადაწყვეტილების ცნობის დამაბრკოლებელი გარემოებები.
8. შესაბამისად, უკრაინის უკრაინის ოდესის ოლქის ნიკოლაევის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 12 მაისის გადაწყვეტილება ცნობილ უნდა იქნეს საქართველოს ტერიტორიაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ იხელმძღვანელა „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. პ.ბ–ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს;
2. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნეს უკრაინის ოდესის ოლქის ნიკოლაევის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 12 მაისის გადაწყვეტილება №508/998/20 განქორწინების ნაწილში, რომლითაც პ.ბ–ისა და ნ.ბ–ის შორის 10.04.2017 წელს პრიმორსკის ოლქის იუსტიციის მთავარი ტერიტორიული დეპარტამენტის სამოქალაქო მდგომარეობის აქტების სახელმწიფო რეგისტრაციის დეპარტამენტში რეგისტრირებული ქორწინება გამოცხადდა ძალადაკარგულად (ქორწინების რეესტრის ნომ. №325).
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ა. ძაბუნიძე
მოსამართლეები: ლ. ქოჩიაშვილი
თ. ძიმისტარაშვილი