საქმე №ას-231-2024 05 ივლისი, 2024 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
ამირან ძაბუნიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი,
თეა ძიმისტარაშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – ლ.ს–ი (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ტ.კ–ი“ (სს თ.ბ–ის უფლებამონაცვლე) (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 5 თებერვლის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – თანხის დაკისრება
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - კერძო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 12 დეკემბრის გადაწყვეტილებით შპს „ტ.კ–ის“ სარჩელი დაკმაყოფილდა. 2018 წლის 28 დეკემბრის საბანკო კრედიტის N2686677-10307299 ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ლ.ს–ს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 929,3 ლარის (526 ლარი - სესხის ძირი, 403,3 - საპროცენტო სარგებელი), გადახდა. ასევე, მოპასუხე ლ.ს–ს მოსარჩელე შპს „ტ.კ–ის“ სასარგებლოდ დაეკისრა 2019 წლის 02 მარტის საბანკო კრედიტის N686677- 10390024 ხელშეკრულებიდან გამომდინარე შემცირებული დავალიანების გადახდა - 614.15 ლარის ოდენობით (332.62 ლარი - ძირი თანხა, 281.53 ლარი - საპროცენტო სარგებელი). გარდა ამისა, მოპასუხე ლ.ს–ს მოსარჩელე შპს „ტ.კ–ის“ სასარგებლოდ დაეკისრა 2018 წლის 11 სექტემბრის საბანკო კრედიტის N2686677-10083140 ხელშეკრულებიდან გამომდინარე შემცირებული დავალიანების გადახდა - 2713.09 ლარის ოდენობით (1987.96 ლარი - ძირი თანხა, 725.13 ლარი - საპროცენტო სარგებელი). ასევე, მოპასუხე ლ.ს–ს მოსარჩელე შპს „ტ.კ–ის“ სასარგებლოდ დაეკისრა 2016 წლის 04 აპრილის საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე შემცირებული დავალიანების გადახდა - 494.17 ლარის ოდენობით, 326.47 ლარი - ძირი თანხა, 167.7 ლარი - საპროცენტო სარგებელი). ამასთანავე, მოპასუხე ლ.ს–ს მოსარჩელე შპს „ტ.კ–ის“ სასარგებლოდ დაეკისრა ამ უკანასკნელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 71.27 ლარის ოდენობითა და იურიდიული მომსახურების ხარჯის - 95.02 ლარის გადახდა.
2. აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი წარადგინა მოპასუხემ, რომლითაც მოითხოვა გადაწყვეტილების ნაწილობრივ, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის (პროცენტის ნაწილში), მე-3 პუნქტის (პროცენტის ნაწილში), მე-4 პუნქტის (პროცენტის ნაწილში), მე-5 პუნქტისა (ხანდაზმულობის ნაწილში) და მე-6 პუნქტის (ბაჟის ნაწილში), გაუქმება.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 5 თებერვლის განჩინებით, მოპასუხის სააპელაციო საჩივარი საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 365-ე მუხლის თანახმად დარჩა განუხილველად.
4. სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 5 თებერვლის განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა აპელანტმა და გასაჩივრებული განჩინების ნაწილობრივ (საპროცენტო სარგებლისა და დაკისრებული სახელმწიფო ბაჟის ნაწილში) გაუქმება მოითხოვა.
5. კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, არ შეიძლება მსესხებლისთვის დაკისრებული საპროცენტო სარგებელი ძირითადი თანხის 50%-ზე მეტს შეადგენდეს. მხარე ასევე აპელირებს, რომ არ იყო სახელშეკრულებო პირობების შესახებ სათანადოდ ინფორმირებული, რის გამოც ითხოვს გასაჩივრებული განჩინების გაუქმებას.
6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 25 მარტის განჩინებით მოპასუხის კერძო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში არსებითად განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მოპასუხის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
7. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად, ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
8. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 365-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო საჩივარი ქონებრივ-სამართლებრივ დავაში დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუ დავის საგნის ღირებულება აღემატება 2000 ლარს. ეს ღირებულება განისაზღვრება იმის მიხედვით, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილების რა ზომით შეცვლაზე შეაქვს საჩივარი მხარეს.
9. დასახელებული ნორმიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოში ქონებრივ-სამართლებრივი ტიპის დავებზე შეტანილი სააპელაციო საჩივრის დასაშვებობა ხასიათდება გარკვეული თავისებურებით, კერძოდ, სააპელაციო სასამართლო წარმოებაში მიიღებს და იმსჯელებს მხოლოდ ისეთ სააპელაციო საჩივრებზე, რომელთა ღირებულება 2000 ლარს აღემატება. 2000 ლარის ან მასზე ნაკლები ღირებულების მქონე სააპელაციო საჩივარი კი არ დაიშვება და დარჩება განუხილველად.
10. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლით გარანტირებული სასამართლო ხელმისაწვდომობა ადამიანის ერთ-ერთი ფუნდამენტური უფლებაა და მართლმსაჯულების განხორციელებაზე უარის თქმა ამ უფლებით დაცულ სფეროში ჩარევის თვალსაჩინო მაგალითია, თუმცა, იგი უფლებით დაცულ სფეროში ჩარევად ვერ იქნება განხილული, რადგანაც მას გააჩნია საკანონმდებლო საფუძველი და გამართლებულია შედარებით ნაკლები ღირებულების მქონე დავის სწრაფად დამთავრებით (იხ. ასევე საპროცესო კოდექსის 2.2. მუხლი; შეად. სუსგ Nას-919-2018, 20.09.2018 წ.).
11. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ შეიმუშავა განაცხადის დასაშვებობის ახალი კრიტერიუმი, რომელიც „მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანის“ სახით ჩამოყალიბდა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის 35-ე მუხლის პ-3 (ბ) (დასაშვებობის კრიტერიუმი) დისპოზიციაში (შენიშვნა: განაცხადის დასაშვებობის შემოწმებას აღნიშნული კრიტერიუმი დაემატა მე-14 ოქმის ამოქმედებით 2010 წლის 01 ივნისიდან).
12. შესაბამისად, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო უარყოფს განაცხადს „მცირე მნიშვნელობის“ (“de minimis non curat praetor”) საფუძვლითაც.
13. აღსანიშნავია, რომ დარღვევის ხასიათისა და მატერიალური ზიანის ოდენობის შეფასება ყოველი კონკრეტული საქმის ინდივიდუალური გარემოებების საფუძველზე (მომჩივანის სპეციფიკური პირობები და ქვეყნის ან რეგიონის ეკონომიკური მდგომარეობა, რომელშიც მომჩივანი ცხოვრობს და სხვ.) ხდება და მხოლოდ აბსტრაქტული, ტერმინოლოგიური გაგებით როდი შემოიფარგლება, თუმცა, ერთმნიშვნელოვანია, რომ სასამართლო აფასებს მატერიალური დანაკარგის ზეგავლენას მომჩივანზე (შდრ: Practical guide of admissibility criteria, 2014, გვ: 88, 89, პპ: 405, 415, 416. www.echr.coe.int) და თუკი მიიჩნევს, რომ დარღვევას პრინციპული მნიშვნელობა არ გააჩნია, ანდა მომჩივანის პრეტენზია მცირე ღირებულების საქმიდან გამომდინარეობს, განაცხადს დაუშვებლად მიიჩნევს (შდრ: საქმე, რომელიც შეეხებოდა ადმინისტრაციული სამართალდარღვევისათვის ჯარიმის სახით 50 ევროს დაკისრებას Boelens and Others. v. Belgium (dec.); საქმეში Havelka v. the Czech Republic (dec.)1,515 ევროს დაკისრება მომჩივანის თანამდებობის გათვალისწინებით მცირე ღირებულებად შეფასდა) (იხ. სუსგ N ას-978-2018; 04.09.2018 წ.).
14. განსახილველ შემთხვევაში, კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, არ შეიძლება მსესხებლისთვის დაკისრებული საპროცენტო სარგებელი ძირითადი თანხის 50%-ზე მეტს შეადგენდეს. მხარე ასევე აპელირებს, რომ არ იყო სახელშეკრულებო პირობების შესახებ სათანადოდ ინფორმირებული.
15. საპროცენტო სარგებლის ზღვრული ოდენობისა და მსესხებლისთვის სახელშეკრულებო პირობების სესახებ ადეკვატური ინფორმაციის მიწოდებასთან დაკავშირებით საკასაციო სასამართლო განუმარტავს მხარეს, რომ მითითებულ პრეტენზიაზე სააპელაციო სასამართლო იმსჯელებდა სააპელაციო საჩივრის არსებითი განხილვის ეტაპზე, თუმცა განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო საჩივარი წარმოებაში არ იქნა მიღებული, რადგან ის არ აკმაყოფილებდა დასაშვებობის წინაპირობას. აქედან გამომდინარე, კერძო საჩივარში მითითებული საფუძვლით გასაჩივრებული განჩინების გაუქმების მოთხოვნა საფუძველს მოკლებულია.
16. კერძო საჩივრის ავტორის პრეტენზიის პასუხად საკასაციო სასამართლო არაერთ განჩინებაში განმარტავს, რომ საპროცესო ნორმები, როგორც ფორმალურ წესთა ერთობლიობა, იმ სავალდებულო მოთხოვნებს ადგენს, რომელთა შეცვლა არც სასამართლოს და არც მხარეთა მიხედულებაზე არაა დამოკიდებული (შდრ. იხ. სუსგ. საქმეზე №ას-499-2024, 29 მაისი, 2024 წელი თბილისი). შესაბამისად, იმ პირობებში, როდესაც მოპასუხის მიერ წარდგენილი სააპელაციო საჩივრის დავის საგნის ღირებულება ქონებრივ-სამართლებრივ ნაწილში ვერ სცდება მოცემული კატეგორიის დავისათვის საპროცესო კანონმდებლობით დადგენილ ზღვარს, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატამ მართებულად ცნო იგი დაუშვებლად სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 365-ე მუხლის მოთხოვნათა გათვალისწინებით.
17. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს და წარმოდგენილ კერძო საჩივარს უარი უნდა ეთქვას დაკმაყოფილებაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 401-ე, 420-ე, 419-ე, 412-ე მუხლებით, და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. ლ.ს–ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. ძალაში დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 5 თებერვლის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ამირან ძაბუნიძე
მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი
თეა ძიმისტარაშვილი