საქმე №ას-133-2024 05 ივლისი, 2024 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
ამირან ძაბუნიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი,
თეა ძიმისტარაშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
ერძო საჩივრის ავტორი – ნ.ჯ–ი (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – სს „ს.კ.ა–ა“ (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 22 დეკემბრის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – თანხის დაკისრება
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - კერძო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 11 ივნისის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა სს „ს.კ.ა–ას“ სარჩელი ნ.ჯ–ის მიმართ თანხის დაკისრების თოაბაზე. მოპასუხე ნ.ჯ–ს მოსარჩელე სს „ს.კ.ა–ას“ სასარგებლოდ დაეკისრა 1905 ლარის, მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 28.57 ლარისა და ექსპერტიზის ხარჯის 150 ლარის გადახდა.
2. აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი წარადგინა მოპასუხემ და მოითხოვა გადაწყვეტილების სრულად გაუქმება.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 22 დეკემბრის განჩინებით, მოპასუხის სააპელაციო საჩივარი საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 365-ე მუხლის თანახმად დარჩა განუხილველად.
4. სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 22 დეკემბრის განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა აპელანტმა და გასაჩივრებული განჩინების გაუქმება მოითხოვა.
5. კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, განსახილველი დავის საგანი საერთო ჯამში აღემატება 2000 ლარს ვინაიდან სადავოდაა გამხდარი 1905 ლარის (ძირითადი მოთხოვნა), 150 ლარისა (ექსპერტიზის ხარჯი) და 28,57 ლარის ( სახელმწიფო ბაჟი) დაკისრება.
6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 11 მარტის განჩინებით მოპასუხის კერძო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში არსებითად განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მოპასუხის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
7. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად, ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
8. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 365-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო საჩივარი ქონებრივ-სამართლებრივ დავაში დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუ დავის საგნის ღირებულება აღემატება 2000 ლარს. ეს ღირებულება განისაზღვრება იმის მიხედვით, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილების რა ზომით შეცვლაზე შეაქვს საჩივარი მხარეს.
9. დასახელებული ნორმიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოში ქონებრივ-სამართლებრივი ტიპის დავებზე შეტანილი სააპელაციო საჩივრის დასაშვებობა ხასიათდება გარკვეული თავისებურებით, კერძოდ, სააპელაციო სასამართლო წარმოებაში მიიღებს და იმსჯელებს მხოლოდ ისეთ სააპელაციო საჩივრებზე, რომელთა ღირებულება 2000 ლარს აღემატება. 2000 ლარის ან მასზე ნაკლები ღირებულების მქონე სააპელაციო საჩივარი კი არ დაიშვება და დარჩება განუხილველად.
10. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლით გარანტირებული სასამართლო ხელმისაწვდომობა ადამიანის ერთ-ერთი ფუნდამენტური უფლებაა და მართლმსაჯულების განხორციელებაზე უარის თქმა ამ უფლებით დაცულ სფეროში ჩარევის თვალსაჩინო მაგალითია, თუმცა, იგი უფლებით დაცულ სფეროში ჩარევად ვერ იქნება განხილული, რადგანაც მას გააჩნია საკანონმდებლო საფუძველი და გამართლებულია შედარებით ნაკლები ღირებულების მქონე დავის სწრაფად დამთავრებით (იხ. ასევე საპროცესო კოდექსის 2.2. მუხლი; შეად. სუსგ Nას-919-2018, 20.09.2018 წ.).
11. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ შეიმუშავა განაცხადის დასაშვებობის ახალი კრიტერიუმი, რომელიც „მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანის“ სახით ჩამოყალიბდა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის 35-ე მუხლის პ-3 (ბ) (დასაშვებობის კრიტერიუმი) დისპოზიციაში (შენიშვნა: განაცხადის დასაშვებობის შემოწმებას აღნიშნული კრიტერიუმი დაემატა მე-14 ოქმის ამოქმედებით 2010 წლის 01 ივნისიდან).
12. შესაბამისად, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო უარყოფს განაცხადს „მცირე მნიშვნელობის“ (“de minimis non curat praetor”) საფუძვლითაც.
13. აღსანიშნავია, რომ დარღვევის ხასიათისა და მატერიალური ზიანის ოდენობის შეფასება ყოველი კონკრეტული საქმის ინდივიდუალური გარემოებების საფუძველზე (მომჩივანის სპეციფიკური პირობები და ქვეყნის ან რეგიონის ეკონომიკური მდგომარეობა, რომელშიც მომჩივანი ცხოვრობს და სხვ.) ხდება და მხოლოდ აბსტრაქტული, ტერმინოლოგიური გაგებით როდი შემოიფარგლება, თუმცა, ერთმნიშვნელოვანია, რომ სასამართლო აფასებს მატერიალური დანაკარგის ზეგავლენას მომჩივანზე (შდრ: Practical guide of admissibility criteria, 2014, გვ: 88, 89, პპ: 405, 415, 416. www.echr.coe.int) და თუკი მიიჩნევს, რომ დარღვევას პრინციპული მნიშვნელობა არ გააჩნია, ანდა მომჩივანის პრეტენზია მცირე ღირებულების საქმიდან გამომდინარეობს, განაცხადს დაუშვებლად მიიჩნევს (შდრ: საქმე, რომელიც შეეხებოდა ადმინისტრაციული სამართალდარღვევისათვის ჯარიმის სახით 50 ევროს დაკისრებას Boelens and Others. v. Belgium (dec.); საქმეში Havelka v. the Czech Republic (dec.)1,515 ევროს დაკისრება მომჩივანის თანამდებობის გათვალისწინებით მცირე ღირებულებად შეფასდა) (იხ. სუსგ N ას-978-2018; 04.09.2018 წ.).
14. განსახილველ შემთხვევაში, კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, განსახილველი დავის საგანი საერთო ჯამში აღემატება 2000 ლარს ვინაიდან სადავოდაა გამხდარი 1905 ლარის (ძირითადი მოთხოვნა), 150 ლარისა (ექსპერტიზის ხარჯი) და 28,57 ლარის ( სახელმწიფო ბაჟი) დაკისრება, რის გამოც იგიო მიიჩნევს, რომ საქმის განხილვაზე უარი უკანონოდ ეთქვა.
15. კერძო საჩივრის არგუმენტთან დაკავშირებით საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სააპელაციო საჩივრის შეტანის უფლება აქვს მხარეს, რომლის საწინააღმდეგოდაცაა გამოტანილი გადაწყვეტილება, თუმცა კანონმდებლის მიერ ქონებრივსამართლებრივ დავაში დაწესებულია დასაშვებობის იმგვარი წინაპირობა, რომლითაც გადაწყვეტილების კანონიერების კიდევ ერთ ინსტანციაში შემოწმება დამოკიდებულია სააპელაციო საჩივრის ღირებულებაზე. ამ ღირებულების განსაზღვრის წესი კი, მოცემულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 365-ე მუხლის მეორე წინადადებაში, რომლის თანახმად, ეს ღირებულება განისაზღვრება იმის მიხედვით, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილების რა ზომით შეცვლაზე შეაქვს საჩივარი მხარეს. განსახილველ შემთხვევაში, მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე წარმოქმნილი გადასახდელი ძირითადი თანხა არის 1905 ლარი, ხოლო, მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი (28.57 ლარი) და ექსპერტიზის ხარჯი (150 ლარი) წარმოადგენს სასამართლო და სასამართლოს გარეშე ხარჯს, რომელიც დავის საგნის ღირებულებაში არ შედის. ამიტომ, საკასაციო პალატის განსჯით, განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ მართებულად დაასკვნა, რომ სააპელაციო საჩივრის დავის საგნის ღირებულება - 2000 ლარია და სააპელაციო საჩივარი მართებულად დარჩა განუხილველად.
16. კერძო საჩივრის ავტორის პრეტენზიის პასუხად საკასაციო სასამართლო არაერთ განჩინებაში განმარტავს, რომ საპროცესო ნორმები, როგორც ფორმალურ წესთა ერთობლიობა, იმ სავალდებულო მოთხოვნებს ადგენს, რომელთა შეცვლა არც სასამართლოს და არც მხარეთა მიხედულებაზე არაა დამოკიდებული (შდრ. იხ. სუსგ. საქმეზე №ას-499-2024, 29 მაისი, 2024 წელი, Nას-286-2022 10.06.22წ ას-919-2018 20.09.2019წ.). შესაბამისად, იმ პირობებში, როდესაც მოპასუხის მიერ წარდგენილი სააპელაციო საჩივრის დავის საგნის ღირებულება ქონებრივ-სამართლებრივ ნაწილში ვერ სცდება მოცემული კატეგორიის დავისათვის საპროცესო კანონმდებლობით დადგენილ ზღვარს, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატამ მართებულად ცნო იგი დაუშვებლად სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 365-ე მუხლის მოთხოვნათა გათვალისწინებით.
17. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს და წარმოდგენილ კერძო საჩივარს უარი უნდა ეთქვას დაკმაყოფილებაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 401-ე, 420-ე, 419-ე, 412-ე მუხლებით, და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. ნ.ჯ–ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. ძალაში დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 22 დეკემბრის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ამირან ძაბუნიძე
მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი
თეა ძიმისტარაშვილი