Facebook Twitter

საქმე №ას-263-2021 28 თებერვალი, 2023 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლეები: გიორგი მიქაუტაძე (თავმჯდომარე),

თამარ ზამბახიძე (მომხსენებელი),

რევაზ ნადარაია

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორები – ზ.ნ–ძე, მ.გ–ი (მოპასუხეები)

მოწინააღმდეგე მხარე – სს „ს.ბ–ი“ (მოსარჩელე)

თავდაპირველი მოპასუხე – ზ.ნ–ძე

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 24.12.2020 წლის განჩინება

საკასაციო საჩივრის ავტორების მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება

დავის საგანი – თანხის დაკისრება, იპოთეკის საგნების რეალიზაცია

საკითხი, რომელზეც მიღებულია განჩინება – საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

1. თელავის რაიონული სასამართლოს 30.05.2019 წლის გადაწყვეტილებით სს „ს.ბ–ის“ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოსარჩელე“ ან „ბანკი“) სარჩელი ზ.ნ–ძის (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „პირველი მოპასუხე“ ან „მსესხებელი“), მ.გ–ისა (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მეორე მოპასუხე“, პირველ მოპასუხესთან ერთად მოხსენიებული, როგორც „კასატორები“) და ზ.ნ–ძის (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მესამე მოპასუხე“) მიმართ დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; პირველ და მეორე მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრათ №2243005 საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების - 64599.31 ლარის გადახდა, საიდანაც ძირი თანხაა 43750 ლარი, პროცენტი - 19849.31 ლარი და პირგასამტეხლო - 1000 ლარი; დავალიანების დასაფარად, სარეალიზაციოდ მიექცა სესხის უზრუნველსაყოფად პირველი მოპასუხის კუთვნილი უძრავი ქონება, მდებარე: თელავი, სოფელი ...., მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: ...... და თელავი, სოფელი ...., საკადასტრო კოდი: ...... იმ შემთხვევაში, თუ ზემოაღნიშნული ქონების რეალიზაციის გზით მიღებული თანხა არ იქნება საკმარისი ვალდებულების სრულად დასაფარად, განისაზღვრა, რომ აღსრულება მიექცეს მოპასუხეთა სხვა ქონებებზე.

2. გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრეს პირველმა და მეორე მოპასუხეებმა, მოითხოვეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და საფუძვლები:

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 24.12.2020 წლის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება. განჩინება ეფუძნება შემდეგს:

3.1. 26.04.2011 წელს მოსარჩელესა და პირველ მოპასუხეს შორის გაფორმდა საკრედიტო ხაზით მომსახურების შესახებ ხელშეკრულება №009901, რომლითაც მსესხებელზე გამოიყო 500 000 აშშ დოლარის ან მისი ეკვივალენტი ლარის ოდენობით საკრედიტო ლიმიტი. ზემოაღნიშნული ხელშეკრულებიდან გამომდინარე, 27.10.2014 წელს გაფორმდა შემადგენელი საკრედიტო ხელშეკრულება №2243005, რომლითაც პირველ მოპასუხეზე გაიცა კრედიტი 43 750.00 ლარის ოდენობით, 38 თვის ვადით, წლიური 18%-იანი საპროცენტო განაკვეთით. გათვალისწინებულ იქნა პირგასამტეხლო 0.5%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. სესხის დაფარვის წესი განისაზღვრა ხელშეკრულებაზე თანდართული გრაფიკით, საიდანაც ირკვევა, რომ პირველი გადახდა პირველ მოპასუხეს უნდა განეხორციელებინა სესხის გაფორმებიდან თითქმის ერთი წლის შემდეგ, 15.10.2015 წელს.

3.2. საკრედიტო ვალდებულების უზრუნველყოფის მიზნით, ერთი მხრივ, მოსარჩელეს და, მეორე მხრივ, მეორე მოპასუხეს შორის გაფორმდა სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულება, რომლის თანახმად, მეორე მოპასუხემ აიღო ვალდებულება, სოლიდარული თავდებობით უზრუნველეყო ბანკსა და მსესხებელს შორის გაფორმებული საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებები. თავდებობის ხელშეკრულების თანახმად, თავდების პასუხისმგებლობის მაქსიმალური ზღვარი განისაზღვრა 87 500 ლარით ან ეკვივალენტი სხვა ვალუტით, ბანკში დადგენილი გაცვლითი კურსის შესაბამისად.

3.3. საკრედიტო ვალდებულების უზრუნველსაყოფად, 28.10.2011 წელს ბანკსა და პირველ მოპასუხეს შორის გაფორმდა იპოთეკის ხელშეკრულება, რომლითაც იპოთეკით დაიტვირთა პირველი მოპასუხის კუთვნილი უძრავი ქონება, მდებარე: თელავი, სოფელი ......, მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: .......

3.4. 24.09.2013 წელს, ასევე, 26.04.2011 წლის საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების უზრუნველსაყოფად, მოსარჩელესა და მესამე მოპასუხეს შორის გაფორმდა იპოთეკის ხელშეკრულება, რომლითაც იპოთეკით დაიტვირთა მესამე მოპასუხის კუთვნილი უძრავი ქონება, მდებარე: თელავი, სოფელი ......, მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: ......

3.5. მითითებული იპოთეკის ხელშეკრულებების 11.3 და 8.4 პუნქტების თანახმად, იმ შემთხვევაში, თუ იპოთეკის საგნების რეალიზაციის გზით მიღებული თანხა არ იქნებოდა საკმარისი ვალდებულების სრულად დასაფარად, აღსრულება უნდა მიქცეულიყო მოვალის სხვა ქონებაზე.

3.6. 27.10.2014 წლის №2243005 საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოპასუხეთა დავალიანება შეადგენს 74 484.33 ლარს, საიდანაც ძირი თანხაა 43 750.00 ლარი, პროცენტი - 19 849.31 ლარი და პირგასამტეხლო - 10 885.02 ლარი. სესხი ვადაგადაცილებაშია 16.11.2015 წლიდან, სარჩელი აღძრულია 22.05.2017 წელს.

3.7. მოპასუხეებს გაეგზავნათ გაფრთხილების წერილები და მიეცათ ვადა ვალდებულების შესასრულებლად, რასაც მოპასუხეთა მხრიდან რეაგირება არ მოჰყოლია.

3.8. სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში სსკ) 867-ე, 873-ე, 868-ე, 361.2, მე-400 მუხლებით. პალატის მითითებით, მხარეთა შორის ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა წარმოშობილია საბანკო კრედიტის, თავდებობისა და იპოთეკის ხელშეკრულებების საფუძველზე. ბანკმა სრულად შეასრულა საბანკო კრედიტით ნაკისრი ვალდებულება და მსესხებელზე გასცა ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხა. უდავოდაა დადგენილი, რომ ნაკისრი ვალდებულება მსესხებლის/თავდების მიერ არ შესრულებულა ჯეროვნად, დათქმულ დროსა და ადგილას.

3.9. მხარეთა მიერ დაცულია სსკ-ის 891.1, 892.1 მუხლებით დადგენილი ყველა მოთხოვნა. თავდებობის ხელშეკრულებით განსაზღვრულია თავდების პასუხისმგებლობის ფარგლები და ყველა არსებითი პირობა. შესაბამისად, თავდებობის შესახებ ხელშეკრულება ნამდვილია და მხარისათვის შესაბამის სამართლებრივ შედეგს წარმოშობს. პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ის 463-464-ე, 895-ე მუხლებით და მიუთითა: ვინაიდან მსესხებელმა დაარღვია სესხის ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულება, თავდებობის გარიგების საფუძველზე, პირველ მოპასუხესთან ერთად, ბანკის წინაშე შესრულების ვალდებულება წარმოეშვა მეორე მოპასუხესაც.

3.10. დადგენილია, რომ გენერალური საკრედიტო ხელშეკრულებისა და მისგან გამომდინარე საკრედიტო ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად გაფორმდა იპოთეკის ხელშეკრულებები, რომლებითაც იპოთეკით დაიტვირთა პირველი და მესამე მოპასუხეების უძრავი ქონება (სსკ-ის 286.1). მსესხებელმა არ შეასრულა საკრედიტო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება. შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილებით მოსარჩელის მოთხოვნა იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთების რეალიზაციის თაობაზე მართებულად დაკმაყოფილდა (სსკ-ის 301.1 მუხლი).

3.11. სააპელაციო საჩივრით სადავოდაა გამხდარი 27.10.2014 წლის სესხის ხელშეკრულების კანონიერება იმ გარემოებაზე მითითებით, რომ ბანკმა საკრედიტო ხელშეკრულება გააფორმა სოციალურად დაუცველ პირთან. ამასთან, მხარის განმარტებით, ბანკმა დაარღვია ვალდებულების შესრულებისთვის დამატებითი ვადის დაწესების შესახებ კანონისმიერი მოთხოვნა. პალატამ მიუთითა, რომ საქმეში წარდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდებოდა 2014 წელს სესხის სოციალურად დაუცველ ოჯახზე გაცემა. ამასთან, 20.07.2017 წელს წარდგენილ შესაგებელში მოპასუხე თავად ადასტურებს, რომ 2011 წელს სესხი აიღო, როგორც წარმატებულმა მეწარმემ სოფლის მეურნეობის დარგში, ხოლო 2014 წელს დადებული ხელშეკრულებით (რომლიდანაც განსახილველი სასარჩელო მოთხოვნა გამომდინარეობს) განახორციელა 2011 წელს გაფორმებული სესხის ხელშეკრულების რესტრუქტურიზაცია.

3.12. სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა სააპელაციო პრეტენზია მოსარჩელის მიერ მოპასუხეთათვის დამატებითი ვადის დაწესების შესახებ კანონისმიერი ვალდებულების დარღვევის თაობაზე. სსკ-ის 873-ე მუხლი (კრედიტის გამცემს შეუძლია შეწყვიტოს საკრედიტო ურთიერთობა, თუ გათვალისწინებულია კრედიტის დაბრუნება ნაწილ-ნაწილ და კრედიტის ამღებმა გადააცილა ზედიზედ, სულ ცოტა, ორ ვადას. შეწყვეტა ძალაში შედის მაშინ, თუ ორკვირიანი დამატებითი ვადის მიცემის შემდეგაც არ მოხდება გადახდა) კრედიტის ნაწილ-ნაწილ დაბრუნებისას საკრედიტო ურთიერთობის შეწყვეტას დასაშვებად მიიჩნევს იმ შემთხვევაში, თუ კრედიტის ამღები ნაკისრ ვალდებულებას ზედიზედ ორჯერ მაინც არ შეასრულებს. მოცემული ნორმა წარმოადგენს კრედიტორის ინტერესების დამცავ აღმჭურველ ნორმას და საბანკო კრედიტის გამცემს ანიჭებს უფლებას, ვალდებულების დარღვევისას, შესაბამისი პირობების დაცვით მოშალოს ხელშეკრულება, თუმცა თავად უფლების არსიდან გამომდინარე, იგი არ შეიძლება გაიგივდეს ვალდებულებასთან და მისი გამოყენება, მხოლოდ უფლების მქონე პირის ნებაზეა დამოკიდებული - კრედიტის გამცემს შეუძლია მოითხოვოს ხელშეკრულების შეწყვეტა ან გააგრძელოს სახელშეკრულებო ურთიერთობა (სუსგ №ას-145-135-2015, 23.04.2015წ.). მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია და არც სააპელაციო საჩივრითაა სადავოდ გამხდარი, რომ მსესხებელმა დაარღვია საკრედიტო ხელშეკრულება - ზედიზედ მინიმუმ ორჯერ გადააცილა კრედიტის თანხის გადახდის ვადას. შესაბამისად, არსებობს სსკ-ის 873-ე მუხლით განსაზღვრული კრედიტორის უფლება ვალდებულების დარღვევისას შეწყვიტოს ხელშეკრულება.

3.13. სააპელაციო საჩივრის იმ პრეტენზიასთან დაკავშირებით, რომ მესამე მოპასუხის საკუთრებაში რეგისტრირებული იპოთეკის საგანი, საკადასტრო კოდით: ......, გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში მოხსენიებულია პირველი მოპასუხის საკუთრებად, პალატამ განმარტა, აღნიშნული გარემოება წარმოადგენს სასამართლოს მიერ დაშვებულ უზუსტობას, რომლის გასწორება, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ) 260-ე მუხლის საფუძველზე, შესაძლებელია საქმეზე გადაწყვეტილების გამომტანი სასამართლოს მიერ. ამასთან, საქმის მასალებით დადგენილია, რომ მესამე მოპასუხე სრულად იყო ინფორმირებული მის მიმართ წარმოებული დავის შესახებ, მან სარჩელის წინააღმდეგ, სხვა მოპასუხეებთან ერთად, წარადგინა შესაგებელი, საქმის ზეპირ განხილვაში კი მონაწილეობდა მისი წარმომადგენელი.

საკასაციო საჩივრის მოთხოვნა:

4. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე საკასაციო საჩივარი წარადგინეს პირველმა და მეორე მოპასუხეებმა, მოითხოვეს გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება.

5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინებით, სსსკ-ის 391-ე მუხლის მიხედვით, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია:

6. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.

7. სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. კასატორებს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენიათ დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

8. საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ფულადი ვალდებულების შესრულების თაობაზე სასარჩელო მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველია სსკ-ის 867-ე (საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით), 868.1 (მხარეთა შეთანხმებით კრედიტორისათვის შეიძლება განისაზღვროს მყარი ან ცვალებადი საპროცენტო განაკვეთი (23.12.2017 წლის №1901 ცვლილებამდე მოქმედი რედაქცია)/მხარეთა შეთანხმებით კრედიტორისათვის შეიძლება განისაზღვროს ფიქსირებული საპროცენტო განაკვეთი ან ინდექსირებული საპროცენტო განაკვეთი (მითითებული ცვლილების შემდგომი რედაქცია)), 891.1 (თავდებობის ხელშეკრულებით თავდები კისრულობს ვალდებულებას, თავდებად დაუდგეს კრედიტორის წინაშე მესამე პირს ამ უკანასკნელის ვალდებულების შესასრულებლად), 898.1 (თავდები ყველა შემთხვევაში პასუხს აგებს მხოლოდ თავდებობის დოკუმენტში მითითებული ზღვრული თანხის ოდენობამდე), 417-ე (პირგასამტეხლო – მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა – მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის) მუხლები. სესხის გადახდევინების მიზნით იპოთეკის საგნების რეალიზაციის თაობაზე მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველი კი სსკ-ის 286.1 (უძრავი ნივთი შეიძლება ისე იქნეს გამოყენებული (დატვირთული) მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, რომ უზრუნველყოფილ კრედიტორს მიეცეს უფლება, სხვა კრედიტორებთან შედარებით პირველ რიგში მიიღოს თავისი მოთხოვნის დაკმაყოფილება ამ ნივთის რეალიზაციით ან მის საკუთრებაში გადაცემით (იპოთეკა)) და 301.1 (თუ მოვალე არ დააკმაყოფილებს მოთხოვნას, რომლის უზრუნველყოფის საშუალებაც არის იპოთეკა, იპოთეკარი უფლებამოსილია, მოითხოვოს უძრავი ნივთის რეალიზაცია, თუ იპოთეკის ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული) მუხლებს ეფუძნება.

9. მოცემულ შემთხვევაში, სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ის ფაქტობრივი გარემოება, რაც ზემოაღნიშნული ნორმების შესაბამისად იურიდიულად ამართლებს მოსარჩელის მოთხოვნას.

10. სადავო არ არის, რომ მხარეთა შორის არსებობდა საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულება, რომელიც მსესხებლის მიერ დაირღვა. შესაბამისად, იგი ვალდებულია დააბრუნოს სესხის ძირითადი თანხა და ხელშეკრულებით გათვალისწინებული პროცენტი. პალატა მიუთითებს, რომ საბანკო კრედიტის ხელშეკრულება, სსკ-ის 867-ე მუხლის თანახმად, ყოველთვის სარგებლიან სესხს წარმოადგენს, რომლის ფარგლებშიც კრედიტორი, ვალდებულების ჯეროვანი შესრულების შემთხვევაში, იბრუნებს როგორც სესხად გაცემული თანხის ძირს, ისე ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პროცენტს. საბანკო კრედიტს უკავშირდება დაბრუნების, ფასიანობის, უზრუნველყოფისა და ვადიანობის საწყისებზე ფულადი თანხების გაცემასთან დაკავშირებული ვალდებულებები (შდრ. სუსგ №ას-681-652-2016, 17.02.2017წ; №ას-226-2019, 24.04.2020წ.). სასამართლომ სახელშეკრულებო ვალდებულების დარღვევის გამო, სსკ-ის 417-418-ე მუხლების საფუძველზე, მართებულად დააკისრა მხარეს პირგასამტეხლოს გადახდაც (შდრ. სუსგ №ას-1053-993-2015, 08.04.2016წ; №ას-1056-2021, 17.12.2021წ.).

11. საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველი ვერ გახდება კასატორების პრეტენზია მასზე, რომ ბანკმა საკრედიტო ხელშეკრულება გააფორმა სოციალურად დაუცველ პირთან (შდრ. სუსგ №ას-1114-2020, 24.12.2020წ.). აღნიშნულის საწინააღმდეგოდ, 20.07.2017 წელს წარდგენილ შესაგებელში პირველი მოპასუხე თავად ადასტურებს, რომ 2011 წელს სესხი აიღო, როგორც წარმატებულმა მეწარმემ სოფლის მეურნეობის დარგში (ტ.1, ს.ფ. 63).

12. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, # 7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

13. კასატორებმა ვერ შეძლეს დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიის წარმოდგენა, რითაც ვერ დაძლიეს გასაჩივრებული განჩინების ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება და ვერ შეძლეს მისი გაბათილება სარწმუნო მტკიცებულებებით. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. ასეთ საფუძველზე ვერც კასატორები მიუთითებენ. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით. გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობები არ არსებობს, რაც მისი არსებითად განსახილველად დაუშვებლად ცნობის სამართლებრივი საფუძველია.

14. კასატორები, სსსკ-ის 46-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტის (სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდისაგან თავისუფლდებიან მხარეები, რომლებიც დადგენილი წესით რეგისტრირებული არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და იღებენ საარსებო შემწეობას, რაც დასტურდება შესაბამისი დოკუმენტაციით) საფუძველზე, გათავისუფლებული არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 391-ე, 401-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ზ.ნ–ძისა და მ.გ–ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად.

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: გიორგი მიქაუტაძე

მოსამართლეები: თამარ ზამბახიძე

რევაზ ნადარაია