Facebook Twitter

საქმე №ას-593-2023 13 ივნისი, 2023 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლეები: გიორგი მიქაუტაძე (თავმჯდომარე),

თამარ ზამბახიძე (მომხსენებელი),

რევაზ ნადარაია

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – თ.ბ–ვი (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – სს „ი–ნა“ (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 20.03.2023 წლის განჩინება

საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების ნაწილობრივ გაუქმება, ახალი გადაწყვეტილებით – მოპასუხისთვის კომპენსაციის სახით 19 200 ლარის დაკისრება

დავის საგანი – კომპენსაციის დაკისრება

საკითხი, რომელზეც მიღებულია განჩინება – საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და საფუძვლები:

1. გორის რაიონული სასამართლოს 21.07.2022 წლის გადაწყვეტილებით თ.ბ–ვის (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოსარჩელე“, „დასაქმებული“ ან „კასატორი“) სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ: ბათილად იქნა ცნობილი სს ,,ი–ნას“ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოპასუხე“, „დამსაქმებელი“) დირექტორის 28.05.2021 წლის №2021-05-28/59 ბრძანება მოსარჩელის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ; მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ პირვანდელ/ტოლფას სამუშაო ადგილზე აღდგენის შეუძლებლობის სანაცვლოდ დაეკისრა კომპენსაცია - 5000 ლარი (ხელზე ასაღები თანხა), ასევე დაეკისრა იძულებითი განაცდურის ანაზღაურება 01.06.2021 წლიდან სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებამდე ყოველთვიურად 800 ლარი (დარიცხული სახით); დარჩენილ ნაწილში მოსარჩელეს უარი ეთქვა სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე. გადაწყვეტილება ეფუძნება შემდეგს:

1.1. მოსარჩელე დასაქმებული იყო მოპასუხესთან მთავარი ეკონომისტის თანაშემწის თანამდებობაზე. მისი ხელფასი შეადგენდა თვეში დარიცხულ 800 ლარს, ხოლო ხელზე ასაღები - 640 ლარს (მოსარჩელის ძირითად მოვალეობები იყო: პედიატრიული განყოფილების პაციენტთა ისტორიების დამუშავება მთავრობის N165, N218 და N36 დადგენილების მიხედვით; პაციენტთა გაწერის მიზნით საფინანსო დოკუმენტაციის მომზადება/კალკულაცია; ამბულატორიული განყოფილებიდან მიღებული დოკუმენტაციის დამუშავება თანხების მოთხოვნის მიზნით; სახელფასო ამონაკრების გაკეთება ლაბორატორიის თანამშრომელებისათვის ხელფასის დაანგარიშების მიზნით; ანტინატალურ (ორსულთა) პროგრამაში მუშაობა; ორსულთა გაწერის მიზნით საფინანსო დოკუმანტაციის მომზადება/კალკულაცია).

1.2. მოსარჩელე ჯეროვნად და კეთილსინდისიერად ასრულებდა მასზე დაკისრებულ მოვალეობებს, დამსაქმებლის მხრიდან მის მიმართ რაიმე ფორმით დისციპლინური პასუხისმგებლობის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა. მოსარჩელე გათავისუფლებამდე მუშაობდა სრული დატვირთვით.

1.3. 01.03.2021 წლის N2021-03-01 ბრძანების საფუძველზე დაიწყო მოპასუხის რეორგანიზაციის პროცესი. რეორგანიზაციის დაწყების ვადად განისაზღვრა 01.03.2021 წელი. ამავე ბრძანებით დადგინდა, რომ რეორგანიზაციის შედეგად შესაძლებელია მოხდეს არსებული სტრუქტურული ერთეულების გაუქმება/გაერთიანება და ახალი სტრუქტურული ერთეულების ჩამოყალიბება. 02.03.2021 წელს მოსარჩელეს ეცნობა რეორგანიზაციის პროცესის დაწყების შესახებ, რომელსაც შესაძლოა გამოეწვია გარკვეული ეკონომიკური და ორგანიზაციული ცვლილებები და მოჰყოლოდა მასთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტა.

1.4. მოპასუხის 28.05.2021 წლის №2021-05-28/59 ბრძანებით მოსარჩელესთან შეწყდა შრომითი ხელშეკრულება საქართველოს შრომის კოდექსის (შემდეგში სშკ) 47-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე და იგი 01.06.2021 წლიდან გათავისუფლდა თანამდებობიდან. გაუქმდა საშტატო ერთეული, რომელზეც დასაქმებული იყო მოსარჩელე. მას მიღებული აქვს შრომის ხელშეკრულების შეწყვეტის კომპენსაცია ორი თვის შრომის ანაზღაურების ოდენობით.

1.5. 02.06.2021 წელს მოსარჩელემ გათავისუფლების ბრძანების დასაბუთების მოთხოვნით მიმართა მოპასუხეს, რაზეც პასუხი არ მიუღია.

1.6. 02.05.2021 წელს მოპასუხემ მოსარჩელეს წერილობით შესთავაზა ,,სტაციონარის მორიგე რეგისტრატორის“ პოზიციაზე დასაქმება (მოპასუხის 28.06.2021 წლის N587 წერილის მიხედვით, სტაციონარის მორიგე რეგისტრატორის ფუნქცია მოვალეობები მოიცავს: სამედიცინო დაწესებულებაში შემოსული ყველა პაციენტის დარეგისტრირება ჟურნალში; სამედიცინო ბარათის (ისტორიის) შევსება და შესაბამისი დოკუმენტაციის ჩალაგება; პაციენტის დარეგისტრირება შიდა პროგრამაში; ყველა გაწერილი პაციენტის შეტყობინების დახურვა შიდა და სახელმწიფო პროგრამაში; პაციენტის მიმართ გაწეული სამედიცინო მომსახურების ღირებულების თანხის გადახდის დაფიქსირება; სადაზღვევო კომპანიებთან შეტყობინების დატოვება შესაბამის ნოზოლოგიური ღირებულებით; ამბულატორიული პაციენტების სამედიცინო ბარათების (ისტორიების) კალკულაციის დათვლა და დოკუმენტაციის მოწესრიგება). სტაციონარის მორიგე რეგისტრატორის სამუშაო განრიგი შედგება ოთხ დღეში ერთხელ 24 საათიანი მორიგეობით და შრომის ანაზღაურება შეადგენს დარიცხულ 400 ლარს. მოსარჩელე ამ შეთავაზებას 05.07.2021 წლის წერილით არ დათანხმდა და გამოხატა მზაობა, დაეკავებინა გათავისუფლებამდე დაკავებული პოზიციის ფუნქციურად მსგავსი ან იგივე პოზიცია, ანალოგიური სამუშაო გრაფიკით.

1.7. სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ მოპასუხის მიერ გამოვლენილი ნება მოსარჩელესთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ არამართლზომიერია.

1.7.1. სასამართლომ მიუთითა სშკ-ის 47-ე მუხლის „ა’’ ქვეპუნქტზე და განმარტა, რომ ამ საფუძვლით შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის დროს, დამსაქმებელმა უნდა დაასაბუთოს ის საწარმოო აუცილებლობა, რომელიც შესაძლოა ლეგიტიმურ მიზანს წარმოადგენდეს რეორგანიზაციისა თუ შტატების შემცირებისათვის (ასეთი შეიძლება იყოს ფინანსური მდგომარეობის ცვლილება, საქმისწარმოების უკეთესად ორგანიზება თუნდაც ტექნოლოგიური ინოვაციების დანერგვის ხარჯზე, ოპტიმიზაციის მიზნით გარკვეული ფინანსური წყაროების გამოთავისუფლება და სხვა). ამის შემდეგ, საკვლევ საკითხია თავად რეორგანიზაციისა (თუ შტატების შემცირების) ფაქტობრივი განხორციელებისა და მისი კანონთან შესაბამისობის საკითხი. დამსაქმებელმა უნდა უზრუნველყოს, რომ ის ლეგიტიმური მიზანი, რომლის გამოც მან წამოიწყო ეს ცვლილებები, მიღწეული იქნება კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით და ამ პროცესში არ მოხდება თუნდაც თვალთმაქცური რეორგანიზაცია არასასურველი დაქირავებულების თავიდან მოშორების მიზნით. დამსაქმებელმა, ასეთი გადაწყვეტილების მიღების დროს (მას შემდეგ რაც ის სასამართლოს დაუსაბუთებს რეორგანიზაციის პროცესის დაწყების ლეგიტიმურ მიზანს), უნდა წარმოაჩინოს თანმიმდევრული და სინქრონული სურათი, რომელიც გონივრულ დამკვირვებელს დაარწმუნებს მთელი ამ პროცესის სისწორესა და კანონიერებაში.

1.7.2. საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტია, რომ დასაქმებულის სამუშაო ადგილიდან დათხოვნისას, თუნდაც, სშკ-ის 47-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, უნდა არსებობდეს გათავისუფლების გონივრული საფუძველი. აუცილებელია წონასწორობის დამყარება შრომითი ურთიერთობის მონაწილე მხარეებს შორის, რათა ძლიერი მხარის მიერ თავისი უფლებამოსილების განხორციელებისას გათვალისწინებული იქნეს სუსტი მხარის ინტერესები. მუშაკის დათხოვნის გონივრული საფუძველი კავშირში უნდა იყოს ა) მუშაკის არაკომპეტენტურობასთან ან/და არასათანადო ქცევასთან ან ბ) უნდა მომდინარეობდეს საწარმოს, დაწესებულების თუ მათი სერვისის ოპერაციული საჭიროებიდან.

1.7.3. სასამართლოს განმარტებით, საქმის მასალებით არ დასტურდება მოპასუხის მძიმე ფინანსური მდგომარეობა; მოპასუხემ ვერ მიუთითა რეორგანიზაციის შედეგად მოსარჩელის მიერ დაკავებული პოზიციის გაუქმებით რა თანხა დაიზოგა და რა ფინანსური სარგებელი მიიღო. ამასთან, მოპასუხემ ვერ დაასაბუთა, რა კრიტერიუმებით ხელძღვანელობდა თანამშრომელთა დიფერენციაციისას. მოპასუხის წარმომადგენლის ზეპირსიტყვიერი განმარტება, სხვა თანამშრომლებთან შედარებით მოსარჩელის უარყოფითად შეფასების თაობაზე, სასამართლომ არ მიიჩნია სათანადო შედავებად. სასამართლოს მითითებით, დამსაქმებელმა ვერ შეძლო მტკიცების ტვირთის განაწილების სპეციალური სტანდარტით მისთვის დაკისრებული ვალდებულების შესრულება, შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილების მართლზომიერების დადასტურება. ამასთან, მოპასუხემ ვერ დაადასტურა რეორგანიზაციის შედეგად დასაქმებულის გათავისუფლების გარდაუვალობა. საქმის მასალებით არ დასტურდება, რამ განაპირობა მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლება, დასაქმებულთა შერჩევის წინასწარ განსაზღვრული რა კრიტერიუმები იქნა დამსაქმებლის მიერ გათვალისწინებული. ამდენად, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია რომ მხარეთა შორის არსებული შრომითი ურთიერთობის შეწყვეტა მოხდა არამართლზომიერად.

1.8. რაც შეეხება შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შემდეგ დამსაქმებლის მიერ გამოვლენილი ნებას მოსარჩელის ,,სტაციონარის მორიგე რეგისტრატორის“ პოზიციაზე დასაქმებასთან დაკავშირებით, მოსარჩელემ აღნიშნული პოზიცია ფუნქციის, სამუშაოს აღწერილობის და ხელფასის მიხედვით არ მიიჩნია ტოლფას თანამდებობად მის მიერ გათავისუფლებამდე დაკავებულ პოზიციასთან მიმართებით. მოსარჩელის განმარტებით, რაც მოპასუხეს სადავოდ არ გაუხდია, ის ფუნქცია-მოვალეობები, რასაც ასრულებდა მოსარჩელე, ნაწილობრივ დაექვემდებარა ორგანიზაციის შემთხვევათა მართვის მენეჯერის უფლებამოსილებას. ამ ორი სამსახურის ფუნქცია-მოვალეობების შედარება იძლევა დასკვნის საფუძველს, რომ ისინი არსებითად არ განსხვავდებიან ერთმანეთსგან.

1.9. 2021 წლის მარტამდე დამსაქმებელ კომპანიაში განსაზღვრული იყო ეკონომისტის 4 საშტატო ერთეული, აქედან - 1 მთავარი ეკონომისტი, 1 უფროსი ეკონომისტი და 2 ეკონომისტი. 07.05.2021 წელს დამტკიცდა საშტატო განრიგი, რომლითაც ეკონომისტის თანამდებობა არ არის განსაზღვრული, რეგისტრაციისა და სტატისტიკის წარმოების სამსახურში არის შემთხვევათა მართვის უფროსი მენეჯერის ერთი, ხოლო შემთხვევათა მართვის მენეჯერის - ორი პოზიცია. აღნიშნული თანამდებობები საქმის განხილვის დროისათვის არ არის ვაკანტური.

1.10. მოსარჩელესთან შრომითი ურთიერთობა დისკრიმინაციული საფუძვლით არ შეწყვეტილა.

1.11. შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ ბრძანების ბათილად ცნობის თანმდევი შედეგები განსაზღვრულია სშკ-ის 48-ე მუხლის მე-8 ნაწილით. ამ ნორმის მიხედვით, შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ დამსაქმებლის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის გამო უნდა აღდგეს პირვანდელი მდგომარეობა, ხოლო ამის შეუძლებლობის შემთხვევაში უზრუნველყოფილი უნდა იქნას ტოლფას სამუშაოზე მისი დასაქმება. თუ დასაქმებულთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება უკანონოა, თუმცა დასაქმებულის პირვანდელ სამუშაო ადგილზე აღდგენა შეუძლებელი ან მიზანშეუწონელია, ასეთ შემთხვევაში, სასამართლომ უნდა დაადგინოს, ხომ არ არის შესაძლებელი დასაქმებულის ტოლფასი სამუშაოთი უზრუნველყოფა. ამასთან, სსსკ-ის 102-ე მუხლის ფარგლებში, სწორედ მოსარჩელის და არა მოპასუხის მტკიცების ტვირთია ტოლფასი თანამდებობის არსებობის ფაქტის დადასტურება. იმ შემთხვევაში კი, როდესაც შეუძლებელია დასაქმებულის ტოლფასი სამუშაოთი უზრუნველყოფა, ზემოთმოყვანილი რიგითობის საფუძველზე, სასამართლომ უნდა იმსჯელოს კომპენსაციის საკითხზე.

1.12. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელის მიერ გათავისუფლებამდე დაკავებული თანამდებობა გაუქმებულია, შესაბამისად, პირვანდელ სამუშაოზე მისი აღდგენა შეუძლებელია. მოსარჩელის მიერ მითითებული ტოლფასი თანამდებობა - შემთხვევათა მართვის მენეჯერი, ვაკანტური არ არის, შესაბამისად, სასამართლო მსჯელობს კომპენსაციის განსაზღვრის საკითხზე. სასამართლოს განმარტებით, კომპენსაცია უნდა უზრუნველყოფდეს დასაქმებულისათვის მინიმალური სოციალური გარანტიის შექმნას, რაც მას სავსებით განასხვავებს პირვანდელი მდგომარეობის აღდგენისაგან. კომპენსაციის ოდენობის განსაზღვრა, სასამართლოს დისკრეციაა, რა დროსაც გათვალისწინებულ უნდა იქნეს, რომ კომპენსაცია ერთდროულად ფარავს იმ მატერიალურ დანაკარგს, რაც მხარემ უკანონოდ დათხოვნით განიცადა და რასაც საშუალოდ შესატყვისი სამსახურის მოძებნამდე განიცდის, ასევე, იმ მორალურ ზიანს, რაც მას უკანონოდ დათხოვნით მიადგა. განსახილველ შემთხვევაში სასამართლომ გაითვალისწინა დასაქმებულის ასაკი, კვალიფიკაცია, დასაქმების პერსპექტივა, დაკისრებული იძულებითი განაცდური და მიიჩნია, რომ კომპენსაციის გონივრული ოდენობა შედგენს 5000 ლარს.

1.13. მოსარჩელემ მოითხოვა იძულებითი განაცდურის დაკისრება სშკ-ის 48-ე მუხლის მე–9 ნაწილის შესაბამისად (დასაქმებულს უფლება აქვს, ამ მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებულ პირვანდელ ან ტოლფას სამუშაო ადგილზე აღდგენის ან მის ნაცვლად დაკისრებული კომპენსაციის გადახდის გარდა, მოითხოვოს იძულებითი განაცდურის ანაზღაურება შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის თარიღიდან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ დამსაქმებლის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის თაობაზე სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების თარიღამდე. იძულებითი განაცდურის ანაზღაურების განსაზღვრისას სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს ამ მუხლის პირველი ან მე-2 პუნქტის შესაბამისად დამსაქმებლის მიერ დასაქმებულისთვის მიცემული კომპენსაცია). სშკ-ის 42-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დასაქმებულს დამსაქმებლის ბრალით გამოწვეული იძულებითი მოცდენის დროს შრომის ანაზღაურება სრულად მიეცემა. იძულებითი განაცდური განიმარტება იმ მიუღებელი შემოსავლის სახით, რასაც დასაქმებული მიიღებდა იმ შემთხვევაში, დამსაქმებელს არამართლზომიერად რომ არ დაერღვია მისი უფლებები. შრომითი ურთიერთობის უკანონო შეწყვეტით დამსაქმებელმა მოუსპო შესაძლებლობა დასაქმებულს, შეესრულებინა შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებული მოვალეობა და მიეღო ხელფასი, შესაბამისად, სასამართლომ საფუძვლიანად მიიჩნია მოსარჩელის მოთხოვნა შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის დღიდან - გადაწყვეტილების აღსრულებამდე მოპასუხისათვის იძულებითი განაცდურის დაკისრების თაობაზე, რაც ყოველთვიურად 800 ლარს შეადგენს, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადებით.

2. გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა მოსარჩელემ და მოითხოვა ახალი გადაწყვეტილებით მოპასუხისთვის კომპენსაციის სახით 19 200 ლარის დაკისრება. გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ასევე მოპასუხემაც.

სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და საფუძველი:

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 20.03.2023 წლის განჩინებით მოსარჩელის და მოპასუხის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება. სააპელაციო სასამართლო დაეთანხმა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, მათ სამართლებრივ შეფასებებს.

საკასაციო საჩივრის მოთხოვნა:

4. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე საკასაციო საჩივარი წარადგინა მოსარჩელემ, მოითხოვა მისი ნაწილობრივ გაუქმება, ახალი გადაწყვეტილებით – მოპასუხისთვის კომპენსაციის სახით 19 200 ლარის დაკისრება.

5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ) 391-ე მუხლის მიხედვით, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია:

6. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.

7. სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

8. დასაქმებული საკასაციო საჩივრით სადავოდ ხდის კომპენსაციის, როგორც მისი უფლებრივი რესტიტუციის საშუალების, ოდენობას და მიუთითებს მის არაგონივრულობაზე. კასატორის განმარტებით, მოპასუხეს კომპენსაციის სახით უნდა დაეკისროს ორი წლის შრომის ანაზღაურების თანხა, რაც 19 200 ლარს შეადგენს.

9. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ გათავისუფლების ბრძანების ბათილად ცნობის თანმდევ შედეგებს ადგენს სშკ-ის 48-ე მუხლის მე-8 ნაწილი, რომლის თანახმად, სასამართლოს მიერ შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ დამსაქმებლის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შემთხვევაში, სასამართლოს გადაწყვეტილებით, დამსაქმებელი ვალდებულია, პირვანდელ სამუშაო ადგილზე აღადგინოს პირი, რომელსაც შრომითი ხელშეკრულება შეუწყდა, ან უზრუნველყოს ის ტოლფასი სამუშაოთი, ან გადაუხადოს მას კომპენსაცია სასამართლოს მიერ განსაზღვრული ოდენობით. განსახილველ შემთხვევაში, სასამართლო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესული ნაწილით უკვე დადასტურებული და გადაწყვეტილია როგორც მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლების უკანონობა, ისე დამსაქმებლისთვის იძულებითი განაცდურისა და კომპენსაციის დაკისრების წინაპირობების არსებობა. წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის ფარგლებში, საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანი მხოლოდ კომპენსაციის ოდენობის გონივრულობაა.

10. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ კომპენსაციის ოდენობის განსაზღვრასა და მისი განსაზღვრის კრიტერიუმებს კანონის ნორმატიული დანაწესი არ ადგენს. იგი ყოველი კონკრეტული ფაქტობრივი გარემოების შეფასების საფუძველზე სასამართლოს უფლებამოსილების სფეროს განეკუთვნება, რა დროსაც სასამართლო ხელმძღვანელობს საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებით, ითვალისწინებს იმ დროს, რა დროის განმავლობაშიც უნდა ემუშავა დასაქმებულს დამსაქმებელთან, რა იყო მისი სახელფასო ანაზღაურება და სხვა. ერთი რამ ცხადია, კომპენსაციამ უნდა უზრუნველყოს სამართლიანი ბალანსის აღდგენა გათავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობის შემთხვევაში. სასამართლო არ არის შეზღუდული კომპენსაციის განსაზღვრაში, რადგან სშკ-ის 48-ე მუხლის მე-8 ნაწილი არ ადგენს კომპენსაციის გამოანგარიშების წესსა და კრიტერიუმებს. კომპენსაციის, როგორც დასაქმებულის უფლებრივი რესტიტუციის საშუალების დადგენა და მისი ოდენობის განსაზღვრა, სასამართლოს დისკრეციაა (შდრ. სუსგ №ას-632-2019, 21.06.2019წ.). კომპენსაცია შეძლებისდაგვარად უნდა უზრუნველყოფდეს იმ ზიანის ანაზღაურებას, რომელიც გათავისუფლების შესახებ ბათილი ბრძანების შედეგად წარმოეშვა დასაქმებულს, ამავდროულად, მისი ოდენობა უნდა იყოს გონივრული და არ უნდა ქმნიდეს არცერთი მხარისათვის უსაფუძვლო გამდიდრების ობიექტურ წინაპირობებს (სსკ-ის 976-991-ე მუხლები) (შდრ. სუსგ №ას-787-736-2017, 10.11.2017წ; №ას-361-2022, 10.06.2022წ.). საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში, კომპენსაციის ოდენობა სწორედ ზემოაღნიშნული კრიტერიუმების გათვალისწინებით განისაზღვრა.

11. საკასაციო სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მოპასუხეს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესული ნაწილით მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა იძულებითი განაცდურის გადახდა 01.06.2021 წლიდან სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებამდე ყოველთვიურად 800 ლარის ოდენობით (დარიცხული სახით). აქედან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, იძულებითი განაცდურის ანაზღაურების პარალელურად დაკისრებული კომპენსაცია - 5000 ლარი, გონივრულია და უსაფუძვლოა პრეტენზია კომპენსაციის არასაკმარისობის და მისი ოდენობის გაზრდის თაობაზე (შდრ. სუსგ. Nას-596-2022, 21.07.2022წ.).

12. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

13. კასატორმა ვერ შეძლო დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიის წარმოდგენა, რითაც ვერ დაძლია გასაჩივრებული განჩინების ფაქტობრივსამართლებრივი დასაბუთება და ვერ შეძლო მისი გაბათილება სარწმუნო მტკიცებულებებით. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. ასეთ საფუძველზე ვერც კასატორი მიუთითებს. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით. გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობები არ არსებობს, რაც მისი არსებითად განსახილველად დაუშვებლად ცნობის სამართლებრივი საფუძველია.

14. სახელმწიფო ბაჟის შესახებ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საკასაციო საჩივრის ავტორი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 391-ე, 401-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. თ.ბ–ვის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად.

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: გიორგი მიქაუტაძე

მოსამართლეები: თამარ ზამბახიძე

რევაზ ნადარაია