საქმე №ას-327-2024 11 აპრილი, 2024 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლეები: გიორგი მიქაუტაძე (თავმჯდომარე),
თამარ ზამბახიძე (მომხსენებელი),
რევაზ ნადარაია
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
I საჩივრის ავტორი – ს.მ–ი
II საჩივრის ავტორი – ნ.ს–ი
მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ტ.კ–ი“
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 07.12.2023 წლის განჩინება
I და II საჩივრის ავტორების მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
III საჩივრის ავტორი – შპს „ტ.კ–ი“
მოწინააღმდეგე მხარე – ს.მ–ი
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 13.02.2024 წლის განჩინება
III საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 01.03.2021 წლის გადაწყვეტილებით სს „თ.ბ–ის“ (უფლებამონაცვლე შპს „ტ.კ–ი“) (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოსარჩელე“) სარჩელი ს.მ–ისა (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „პირველი მოპასუხე“ ან „პირველი საჩივრის ავტორი“) და გ.კ–ძის (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მეორე მოპასუხე“) მიმართ დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; პირველ და მეორე მოპასუხეებს დაეკისრათ მოსარჩელისთვის 18 630,92 ლარის გადახდა, საიდანაც მეორე მოპასუხის პასუხისმგებლობის მაქსიმალური ოდენობაა 14 000 ლარი; პირველ მოპასუხეს დაეკისრა ზიანის ასანაზღაურებლად თვეში 193,10 ლარის გადახდა 05.02.2020 წლიდან არაუმეტეს 25.11.2021 წლისა; ვალდებულების სრულ შესრულებამდე მიუღებელი შემოსავლისა და პირგასამტეხლოს დაკისრების შესახებ მოთხოვნები არ დაკმაყოფილდა. გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრეს პირველმა და მეორე მოპასუხეებმა.
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას განცხადებით მიმართა მოსარჩელემ და გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის მიზნით შემდეგი სახის უზრუნველყოფის ღონისძიებების გამოყენება მოითხოვა:
2.1. საქართველოში მოქმედ ყველა ლიცენზირებულ საბანკო დაწესებულებას დაევალოს მეორე მოპასუხის კუთვნილ საბანკო ანგარიშებზე ჩარიცხული თანხის 50%-ის გაცემის აკრძალვა 14 130,92 ლარის (გადაწყვეტილებით დაკისრებული თანხის ოდენობა) ფარგლებში. ამასთან, მეორე მოპასუხის საბანკო ანგარიშებზე დადებული აკრძალვა არ გავრცელდეს სახელმწიფო სოციალური და საპენსიო დახმარების თანხებზე;
2.2. საქართველოში მოქმედ ყველა ლიცენზირებულ საბანკო დაწესებულებას დაევალოს პირველი მოპასუხის კუთვნილ საბანკო ანგარიშებზე ჩარიცხული თანხის 50%-ის გაცემის აკრძალვა 20 462,71 ლარის (გადაწყვეტილებით დაკისრებული თანხის ოდენობა) ფარგლებში. ამასთან, პირველი მოპასუხის საბანკო ანგარიშებზე დადებული აკრძალვა არ გავრცელდეს სახელმწიფო სოციალური და საპენსიო დახმარების თანხებზე;
2.3. პირველი მოპასუხისთვის მის საკუთრებაში რიცხული უძრავი ქონების, მდებარე: ქ. რუსთავი, ........, ს/კ: ...... (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „უძრავი ნივთი“), გასხვისებისა და იპოთეკით დატვირთვის აკრძალვა.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 07.12.2023 წლის განჩინებით მოსარჩელის განცხადება დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; პირველ მოპასუხეს აეკრძალა მის თანასაკუთრებად რეგისტრირებული უძრავი ნივთის გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას საჩივრით (შემდეგში - „პირველი საჩივარი“) მიმართა პირველმა მოპასუხემ და მოითხოვა 07.12.2023 წლის განჩინების გაუქმება. მისი განმარტებით, უძრავი ნივთი, რომელზეც დაწესდა შეზღუდვა, არ წარმოადგენს მის საკუთრებას და ირღვევა მესამე პირის უფლებები. ამასთან, პირველმა მოპასუხემ იშუამდგომლა გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიების საგნის ჩანაცვლება მის საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთით (მიწის ნაკვეთი ს/კ: ....... ან ს/კ: .......).
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს საჩივრით (შემდეგში - „მეორე საჩივარი“) მიმართა ნ.ს–მაც (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მეორე საჩივრის ავტორი“) და მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 07.12.2023 წლის განჩინებით გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიების/განჩინების გაუქმება, იმ საფუძვლით, რომ უძრავი ნივთი წარმოადგენს არა პირველი მოპასუხის, არამედ მის საკუთრებას.
6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 13.02.2024 წლის განჩინებით დაკმაყოფილდა პირველი მოპასუხის შუამდგომლობა:
გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 07.12.2023 წლის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც პირველ მოპასუხეს აეკრძალა მის თანასაკუთრებად რეგისტრირებული უძრავი ნივთის გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა;
პირველ მოპასუხეს აეკრძალა მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების, მდებარე: ქ. რუსთავი, ........, ს/კ: ....... და უძრავი ქონების, მდებარე: თელავის მუნიციპალიტეტი, სოფელი ......, ს/კ: ........., გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა.
განჩინება ეფუძნება შემდეგს:
6.1. საჯარო რეესტრის ამონაწერების თანახმად, უძრავი ქონება, მდებარე: ქ. რუსთავი, ......., ს/კ: ......... და უძრავი ქონება მდებარე: თელავის მუნიციპალიტეტი, სოფელი .........., ს/კ: ......., საკუთრების უფლებით რეგისტრირებულია პირველ მოპასუხეზე. დადგენილია, რომ პირველ და მეორე მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრათ 18 630,92 ლარის გადახდა. ამასთან, პირველ მოპასუხეს დაეკისრა ზიანის ასანაზღაურებლად თვეში 193,10 ლარის გადახდა 05.02.2020 წლიდან არაუმეტეს 25.11.2021 წლისა. აღნიშნული გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის მიზნით კი პირველ მოპასუხეს აეკრძალა მის თანასაკუთრებად რეგისტრირებული უძრავი ნივთის გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა.
6.2. პალატამ ყურადღება გაამახვილა მასზე, რომ უძრავ ქონებებზე - ს/კ: ......., ფართობით 900 კვ. მ და ს/კ: ........., ფართობით 397 კვ.მ, არ არის რეგისტრირებული ყადაღა ან რაიმე სახის აკრძალვა. დავის საგნის ოდენობისა და არსებული ფაქტობრივ-სამართლებრივი გარემოებების გათვალისწინებით, პალატამ მიიჩნია, რომ არ არსებობდა უზრუნველყოფის საგნის შეცვლის თაობაზე პირველი მოპასუხის შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის წინაპირობები. მოწინააღმდეგე მხარის პოზიციასთან დაკავშირებით კი პალატამ განმარტა, რომ ეს უკანასკნელი შემოიფარგლა მხოლოდ ზოგადი მითითებებით, ჩასანაცვლებელი ქონებების არალიკვიდურობისა და მათი ღირებულების არასაკმარისობის შესახებ, რაც გამყარებული არ ყოფილა სათანადო მტკიცებულებებით.
7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 13.02.2024 წლის განჩინებით პირველი და მეორე საჩივრები თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 07.12.2023 წლის განჩინებით გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების თაობაზე არ დაკმაყოფილდა დაუსაბუთებლობის გამო და გადმოიგზავნა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში.
8. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 13.02.2024 წლის განჩინებაზე, რომლითაც შეიცვალა უზრუნველყოფის საგანი, საჩივარი (შემდეგში - „მესამე საჩივარი“) წარადგინა მოსარჩელემ.
9. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 04.03.2024 წლის განჩინებით მესამე საჩივარი უზრუნველყოფის საგნის შეცვლის შესახებ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 13.02.2024 წლის განჩინებაზე არ დაკმაყოფილდა დაუსაბუთებლობის გამო და გადმოიგზავნა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ პირველი და მეორე საჩივრები განუხილველად უნდა დარჩეს, ხოლო მესამე საჩივარი უსაფუძვლოა, არ უნდა დაკმაყოფილდეს და სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება უნდა დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
10. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ) 1971 მუხლის მეოთხე ნაწილის მიხედვით, ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში საჩივარი განიხილება ამ კოდექსის 419-ე და 420-ე მუხლებით დადგენილი წესებით. ამავე კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.
11. დადგენილია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 07.12.2023 წლის განჩინებით:
- მოსარჩელის განცხადება დაკმაყოფილდა ნაწილობრივ;
- პირველ მოპასუხეს აეკრძალა მის თანასაკუთრებად რეგისტრირებული უძრავი ნივთის გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა (ტ.2, ს.ფ. 237-243).
12. აღნიშნულ განჩინებაზე პირველი და მეორე საჩივრის ავტორებმა წარადგინეს საჩივრები, რომლებიც თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 13.02.2024 წლის განჩინებით არ დაკმაყოფილდა და გადმოიგზავნა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (ტ.2, ს.ფ. 285-290).
13. დადგენილია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 13.02.2024 წლის განჩინებით:
- პირველი მოპასუხის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა;
- გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 07.12.2023 წლის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც პირველ მოპასუხეს აეკრძალა მის თანასაკუთრებად რეგისტრირებული უძრავი ნივთის გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა;
- პირველ მოპასუხეს აეკრძალა მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების, მდებარე: ქ. რუსთავი, ........, ს/კ: ....... და უძრავი ქონების, მდებარე: თელავის მუნიციპალიტეტი, სოფელი .........., ს/კ: ......., გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა (ტ.2, ს.ფ. 280-284).
14. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების თაობაზე წარდგენილი საჩივრის დასაშვებად მიჩნევის თუ განხილვის ერთ-ერთი კრიტერიუმი არის ის, რომ არსებობდეს გასაჩივრებული განჩინებით გამოყენებული სადავო უზრუნველყოფის ღონისძიება. თუ ასეთი ღონისძიება არ არსებობს (არ ყოფილა გამოყენებული ან იგი შემდგომში გაუქმდა), არ არსებობს საჩივრის უმთავრესი წანამძღვარი, რაც მისი განუხილველად დატოვების საფუძველია.
15. მოცემულ შემთხვევაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 07.12.2023 წლის განჩინებით გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება გაუქმდა ამავე სასამართლოს 13.02.2024 წლის განჩინებით და პირველ მოპასუხეს აეკრძალა მის საკუთრებაში არსებული სხვა უძრავი ნივთების გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა (შეიცვალა უზრუნველყოფის საგანი). შესაბამისად, უპირველეს ყოვლისა, უნდა გაირკვეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 13.02.2024 წლის განჩინების გაუქმების მოთხოვნით აღძრული მესამე საჩივრის საფუძვლიანობა/დასაბუთებულობა და იმის მიხედვით, უზრუნველყოფის საგნის შეცვლა რამდენად იქნება მიჩნეული გამართლებულად, გადაწყდეს 07.12.2023 წლის განჩინებაზე პირველი და მეორე საჩივრების განხილვა/განუხილველობის საკითხი.
16. სსსკ-ის 410-ე მუხლზე, რომლის თანახმად, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს (კერძო საჩივარს, საჩივარს), თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
17. სსსკ-ის 271-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია უზრუნველყოს იმ გადაწყვეტილების აღსრულება, რომელიც გადაცემული არ არის დაუყოვნებლივ აღსასრულებლად XXIII თავით დადგენილი წესების შესაბამისად. შესაბამისი წინაპირობების არსებობისას, დასაშვებია ნებისმიერი გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფა, გამონაკლისია მხოლოდ დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცეული გადაწყვეტილება. კანონის ამგვარი განმარტება დასახელებული ნორმის მიზნებიდან გამომდინარეობს, რამდენადაც სასამართლო გადაწყვეტილებით დადგენილი სამართლებრივი მართლწესრიგის აღსრულებამდე, სავალდებულოა კრედიტორის ინტერესების გონივრულ ფარგლებში დაცვა, რათა სამართალწარმოება ფორმალური არ გახდეს (სუსგ №ას-1580-2019, 19.12.2019წ.).
18. სსსკ-ის 191-ე მუხლის პირველი ნაწილის ადგენს ქცევის შემდეგ წესს: მოსარჩელეს შეუძლია მიმართოს სასამართლოს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებით, რომელშიც მითითებული უნდა იყოს გარემოებები, რომელთა გამოც სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოუყენებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას, დარღვეული ან სადავო უფლების განხორციელებას, გამოიწვევს გამოუსწორებელ და პირდაპირ ზიანს ან ისეთ ზიანს, რომელიც კომპენსირებული ვერ იქნება მოპასუხისათვის ზიანის ანაზღაურების დაკისრებით. ეს განცხადება ასევე უნდა შეიცავდეს დასაბუთებას, თუ სარჩელის უზრუნველყოფის რომელი ღონისძიების გამოყენება მიაჩნია მოსარჩელეს აუცილებლად. რომელიმე ზემოაღნიშნული გარემოების არსებობის შემთხვევაში სასამართლოს გამოაქვს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განჩინება. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება ემყარება სასამართლოს ვარაუდს, რომ სარჩელი შეიძლება დაკმაყოფილდეს. სასამართლოს მსჯელობა სარჩელის მატერიალურ და საპროცესო წინაპირობებზე გავლენას არ ახდენს სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებაზე. დასახელებული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, კანონმდებელი შესაძლებლობას აძლევს მოსარჩელეს, მხოლოდ საკუთარი კანონიერი უფლებების დაცვის მიზნით, მოითხოვოს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება. ამისათვის მოსარჩელემ სარწმუნოდ უნდა დაასაბუთოს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების საჭიროება, რათა სასამართლო დარწმუნდეს კონკრეტულ გარემოებათა საფუძველზე გადაწყვეტილების უზრუნველყოფის აუცილებლობაში. აღნიშნული მნიშვნელოვანია, რამდენადაც მსგავსი სახის უზრუნველყოფა წარმოადგენს ერთი მხარისათვის თავისი უფლებების დაცვის გარანტს, ხოლო მეორე მხარეს უზღუდავს კანონიერი უფლებების განხორციელების შესაძლებლობას. შესაბამისად, გადაწყვეტილების უზრუნველყოფის საკითხის გადაწყვეტისას და ერთ-ერთი მხარის უფლებების, თუნდაც კანონისმიერ ფარგლებში შეზღუდვისას, სასამართლო უნდა ემყარებოდეს დასაბუთებულ ვარაუდს, რომ აღნიშნული საპროცესო ღონისძიების გარეშე ობიექტურად შეუძლებელი გახდება ან მნიშვნელოვნად გართულდება საქმის განხილვის სამართლებრივი შედეგის – სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულება (სუსგ №ას-939-2019, 15.07.2019წ.).
19. საპროცესო კანონში სარჩელის უზრუნველყოფის ინსტიტუტის გათვალისწინება გულისხმობს აღნიშნული ინსტიტუტის გამოყენების დაწესებას ისეთი შემთხვევებისათვის, როდესაც იგი გამართლებულია, ხოლო არის თუ არა გამართლებული, ამის შესახებ სასამართლომ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება. ასეთი გადაწყვეტილების მიღებისას სასამართლომ უნდა დაადგინოს, რომ მოვალის ქონებაზე აკრძალვის დაწესება გადაწყვეტილების ეფექტური და დაუბრკოლებელი აღსრულების აუცილებელი და ერთადერთი საშუალებაა (სუსგ № ას-1477-2018, 31.01.2019წ.). უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების საკითხის გადაწყვეტა დამოკიდებულია მხარის დასაბუთებაზე, ამ ღონისძიების გაუტარებლობა თუ რამდენად შეუშლის ხელს მართლმსაჯულების მიზნების განხორციელებას – ქვეყნის სახელით მიღებული გადაწყვეტილების შემდგომ აღსრულებას, ამასთანავე, სავალდებულოა წინაპირობის დასაბუთების პარალელურად მოთხოვნილი უზრუნველყოფის სახე დადგენილი მართლწესრიგის, გადაწყვეტილებით განსაზღვრული სამართლებრივი სიკეთის თანაზომიერი იყოს (გ. კაჟაშვილი, საპროცესო უზრუნველყოფა, როგორც აღსრულებადი გადაწყვეტილების მიღების წინაპირობა, სადისერტაციო ნაშრომი, თბილისი 2018, გვ.148).
20. პალატა განმარტავს, რომ უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებისას ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში მაქსიმალურად გათვალისწინებული უნდა იქნეს ორივე მხარის კანონიერი ინტერესი. დავის საგნის დაცვის აუცილებლობიდან გამომდინარე, რითაც ხდება მოსარჩელის კანონიერი ინტერესის რეალიზაცია და მისი სარჩელის უზრუნველყოფა, არ უნდა მოხდეს მოპასუხე მხარის კანონიერი ინტერესის უპირობო და ცალსახა შელახვა, არამედ უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება უნდა განხორციელდეს მოპასუხე მხარის კანონიერი ინტერესის გონივრულ ფარგლებში შეზღუდვა-შევიწროებით და იმ ოდენობით, რაც აუცილებელია მოსარჩელის კანონიერი ინტერესის დაცულობისთვის.
21. საკუთრების ნებისმიერი შეზღუდვის შემთხვევაში, შეზღუდვა უნდა განხორციელდეს მხარის ინტერესთა შორის სამართლიანი ბალანსისა და პროპორციულობის პრინციპის გათვალისწინებით. საკუთრების უფლებაში ჩარევა უნდა პასუხობდეს დასახულ მიზანს და იმდენად უნდა იწვევდეს მესაკუთრის უფლებების შეზღუდვას, რამდენადაც ეს აუცილებელია ამ მიზნის მისაღწევად (სუსგ №ას-1586-2018, 26.10.2018წ.).
22. კერძოსამართლებრივი დავების განხილვისას და სარჩელის/გადაწყვეტილების უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ გადაწყვეტილების მიღების პროცესში საკანონმდებლო ნორმების ინტერპრეტირებისას სამართალშემფარდებელმა უნდა გაითვალისწინოს ის შედეგი, რომელიც გადაწყვეტილებამ შეიძლება იქონიოს კონსტიტუციური უფლებების რეალიზებაზე და არ უნდა დაუშვას სამართალწარმოების ერთი მხარისთვის სარგებლის მინიჭება სხვა პირთა კონსტიტუციური უფლების, გაუმართლებელი შეზღუდვის ხარჯზე (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 30 სექტემბრის №1/5/675.681 გადაწყვეტილება საქმეზე „შპს სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“ და „შპს ტელეკომპანია საქართველო“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, II-82). საკუთრების უფლების შეზღუდვის გამართლების შეფასების სტანდარტის პროპორციულობის ტესტია. აღნიშნული ტესტის თანახმად, საკანონმდებლო რეგულირება უნდა წარმოადგენდეს ღირებული საჯარო (ლეგიტიმური) მიზნის მიღწევის გამოსადეგ და აუცილებელ საშუალებას. ამავე დროს, უფლების შეზღუდვის ინტენსივობა მისაღწევი საჯარო მიზნის პროპორციული, მისი თანაზომიერი უნდა იყოს. დაუშვებელია ლეგიტიმური მიზნის მიღწევა განხორციელდეს მხარის უფლების მომეტებული შეზღუდვის ხარჯზე (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2012 წლის 26 ივნისის №3/1/512 გადაწყვეტილება საქმეზე „დანიის მოქალაქე ჰეიკე ქრონქვისტი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-60).
23. სსსკ-ის 1961 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულია უზრუნველყოფის საგნის შეცვლის შესაძლებლობა, კერძოდ, მოპასუხეს შეუძლია სარჩელის უზრუნველყოფის საგნის შეცვლის მიზნით სასამართლოს სარჩელის ფასის ტოლფასი სხვა ქონება შესთავაზოს. ამდენად, მოცემული ნორმა დასაშვებად მიიჩნევს უზრუნველყოფის საგნის შეცვლას და ნორმის სისტემური ანალიზი, მოთხოვნის წინაპირობად, ამ საგანთა უზრუნველყოფილ მოთხოვნასთან ტოლფასოვნებას განიხილავს (სუსგ №ას-981-2021, 11.11.2021წ; №ას-1596-2019, 18.02.2020წ.).
24. დადგენილია, რომ რუსთავის საქალაქო სასამართლოს 01.03.2021 წლის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; პირველ და მეორე მოპასუხეებს დაეკისრათ მოსარჩელისთვის 18 630,92 ლარის გადახდა, საიდანაც მეორე მოპასუხის პასუხისმგებლობის მაქსიმალური ოდენობაა 14 000 ლარი; პირველ მოპასუხეს დაეკისრა ზიანის ასანაზღაურებლად თვეში 193,10 ლარის გადახდა 05.02.2020 წლიდან არაუმეტეს 25.11.2021 წლისა. გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გასაჩივრებულია პირველი და მეორე მოპასუხეების მიერ.
25. ამდენად, არსებობს სარჩელის/გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის წინაპირობა. რაც შეეხება უზრუნველყოფის საგნის შეცვლას და ახალი უზრუნველყოფის საგნის მოთხოვნასთან ტოლფასოვნებას, დადგენილია, რომ ამ უძრავ ნივთებზე ყადაღა ან რაიმე სახის აკრძალვა რეგისტრირებული არ არის. ამასთან, პირველმა მოპასუხემ სააპელაციო სასამართლოში წარდგენილ განცხადებაში მიუთითა მოსარჩელისათვის გადაწყვეტილებით დაკისრებული თანხის ნაწილის გადახდაზე და წარადგინა გადახდის ქვითარი (ტ.2. ს.ფ. 271-275).
26. ყოველივე აღნიშნულზე დაყრდნობით საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 13.02.2024 წლის განჩინებით უზრუნველყოფის საგნის ცვლილების პირობებში აცილებულია გადაწყვეტილების აღსრულების გართულება/შეუძლებლობის საფრთხე და დაცულია მოდავე მხარეთა უფლებები, მათ იტერესებს შორის ბალანსი. ორი უძრავი ნივთი, რომლითაც შეიცვალა 07.12.2023 წლის გაჩინებით გამოყენებული უზრუნველყოფის საგანი, სრულად უზრუნველყოფს სასამართლოს გადაწყვეტილების დაუბრკოლებელ აღსრულებას.
27. შესაბამისად, ამ ეტაპზე აღარ არსებობს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 07.12.2023 წლის განჩინებაზე წარდგენილი პირველი და მეორე საჩივრების დასაბუთებულობის შემოწმების წინაპირობა, რაც მათი განუხილველად დატოვების საფუძველია.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 1971, 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. განუხილველად დარჩეს ს.მ–ისა და ნ.ს–ის საჩივრები თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 07.12.2023 წლის განჩინებაზე.
2. შპს „ტ.კ–ის“ საჩივარი არ დაკმაყოფილდეს. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 13.02.2024 წლის განჩინება.
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: გიორგი მიქაუტაძე
მოსამართლეები: თამარ ზამბახიძე
რევაზ ნადარაია