საქმე №ას-1581-2022 22 მაისი, 2024 წელი
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მირანდა ერემაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები: ვლადიმერ კაკაბაძე,
ლევან მიქაბერიძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი - შპს ,,ს.ჯ.გ–ი“ (მოსარჩელე, აპელანტი)
მოწინააღმდეგე მხარე – შპს ,,კ.ს–ი“; შპს ,,ა.გ–ო“
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 19 ოქტომბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი – ზიანის ანაზღაურება
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის არსებითი განხილვა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ით ი ნ ა წ ი ლ ი :
1. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 14 ივლისის გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა შპს ,,ს.ჯ.გ–ის“ სარჩელი შპს ,,კ.ს–ისა“ და შპს ,,ა.გ–ოს“ მიმართ სოლიდარულად ზიანის თანხის 91 905,60 ლარის გადახდის დაკისრების მოთხოვნით.
2. მოსარჩელის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა
ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასააჩივრა მოსარჩელემ, რომელმაც გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
3. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს განჩინება
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 19 ოქტომბრის განჩინებით, მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, შესაბამისად, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
4. მოსარჩელის საკასაციო საჩივრის მოთხოვნა
4.1. კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო პალატამ არასწორად დაადგინა ფაქტობრივი გარემოებები, ასევე, არასწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ. სასამართლოს არ უნდა გაეზიარებინა საქმეში წარდგენილი ექსპერტიზის დასკვნა, რომელსაც, მართალია, ჰქონდა კატეგორიული ხასიათი, თუმცა იყო დაუსაბუთებელი. გაუმართლებელია ექსპერტის, როლანდ გ–ის დასკვნის გაზიარების ფონზე, სხვა ორი ექსპერტის კატეგორიული დასკვნის უგულებელყოფა. მოწმეების ჩვენებით არ დასტურდება კონკრეტულ ადგილზე კონკრეტულ დროს სხვა სახის ტექნიკის მუშაობის ფაქტი, ასევე სხვა სახის ზემოქმედების გარემოება მესამე პირის მხრიდან, ამიტომ, ექსპერტიზის დასკვნის კატეგორიული ხასიათი არ უნდა იყოს მისი გაზიარების ერთადერთი საფუძველი, რაც სააპელაციო პალატამ არასწორად შეაფასა და მის კატეგორიულობას დააფუძვნა გარემოებების კვლევა. კასატორისთვის გაუგებარია, 100 მმ. გაზის მილზე 3 სანტიმეტრიანი ნახვრეტის 9 მილიმეტრიანი ლითონის თავის მქონე საგნით გახევის შესაძლებლობა.
4.2. სასამართლომ დაუსაბუთებლად არ გაიზიარა დ.გ–ის დასკვნა, რომელმაც დაზიანების მექანიზმი შესაბამისად აღწერა, ხოლო კატეგორიულობის მხრივ, მანვე, მოწმის სახით დაკითხვისას დაადასტურა, რომ „მილზე განვითარებული დაზიანების კონფიგურაციების გათვალისწინებით, ასეთი ციცხვის გამოყენებას უნდა გამოეწვია დაზიანება, რადგან კოვშის ეშვის სიგანე და მასზე არსებული სიხისტის წიბოების რაოდენობა და კონფიგურაცია შესაბამისობაში მოდის პლასმასის მილზე არსებულ დაზიანებასთან“, ასევე, „მოცემულ შემთხვევაში, გამოსაკვლევად წარმოდგენილ ტრაქტორის კოვშს შესაძლებელია მიეყენებინა ის დაზიანებები აღნიშნულ პლასმასის მილზე, რასაც ფაქტობრივად აქვს ადგილი“. ექსპერტი ასევე მიუთითებს დაზიანების მეთოდზე, რომ „კოვშის უკიდურეს მარცხენა ეშვს შეეძლო ამ დაზიანების განვითარება, რადგან დაზიანების კვლები განვითარებულია 70 გრადუსიანი დახრილი კუთხით, ხოლო კოვშის ქვედა ნაწილი პლასმასის მილის მიმართ ვერტიკალურ და ჰორიზონტალურ სივრცეში დახრილ მდგომარეობაში იმყოფებოდა დაზიანების განვითარების მომენტში, ამავდროულად კოვშსა და პლასმასის მილს შორის კუთხე შეადგენდა 35-30 გრადუსს, აქედან გამომდინარე, მილის დეფომაცია გამოიწვია მხოლოდ უკიდურესმა მარჯვენა ეშვმა“. აღნიშნული კვლევის ფონზე, კასატორისთვის გაუგებარია, დამატებით რა სახის მტკიცება უნდა ყოფილიყო წარდგენილი იმისთვის, რომ სასამართლოსთვის დამაჯერებელი ყოფილიყო ის. აღნიშნულის საპირისპიროდ, კასატორი მიუთითებს რ.გ–ძის დასკვნაში არსებულ დასაბუთებაზე, რომლის თანახმად, „მილზე ხევის კვალი არის 05x30მმ ე.ი სამ სანტიმეტრამდე კოვშის კბილების ზომა არის 85მმ 70 მმ 75მმ75 მმ და 80 მმ. ... ...ლითონის რაიმე მყარი დეტალით ლომი ძალაყინი და სხვა, რომლის პირის მაქსიმალური სიფართეა 9 მმ. ...“. კასატორის მტკიცებით, ასეთი დასკვნით გამომდინარეობს, რომ დაზიანება უნდა ყოფილიყო მიყენებული ერთ სანტიმეტრამდე პირის მქონე ლითონის საგნით, რაც დაუსაბუთებელია, რადგან ძალიან მცირეა აღნიშნული ზომა იმისთვის, რომ 100 მილიმეტრის სისქის პლასტმასის პოლიეთილენის მილი დააზიანოს. ასევე, აღნიშნული დასკვნით გამომდინარეობს, რომ 30 მილიმეტრიანი დაზიანება უნდა გამოეწვია 9 მილიმეტრის სიფართის მქონე ლითონის საგანს, რაც დაუსაბუთებელია. ასევე, პროცესზე დაკითხვისას, ექსპერტმა დ.გ–მა კატეგორიულად განაცხადა საკუთარი პოზიციის სისწორე, შესაბამისად, სააპელაციო პალატა ვალდებული იყო მისი დასკვნა შეეფასებინა, როგორც კატეგორიული, რომელმაც დაადასტურა, რომ ზემოქმედების კვალის შეფასებით აშკარაა, დაზიანების გამომწვევი მიზეზი არის მასზე ერთგვაროვანი, ერთი და იგივე კონფიგურაციის მქონე საგანი, ე.ი. ექსკავატორის კოვში, რაც განახორციელა შპს „ა.გ–ოს“ კუთვნილმა ტექნიკამ, რადგან იმ პერიოდში იმ ადგილას სხვა ტექნიკას არ უმუშავია.
4.3. სასამართლომ შეფასების მიღმა დატოვა ვ.წ–ასა და გ.ა–ძის ჩვენებებიც, რომლებიც ადასტურებდნენ მიწის სამუშაოების ჩატარებას გაზსადენის დაცვის ზონაში. კასატორის მოსაზრებით, თავად მოპასუხეების უსაფუძვლობა მათ მიერ განხორციელებულ საქმიანობაშიც გამოჩნდა, რადგან იმ სამუშაოების შესრულების სპეციფიკა, რაც მათ განახორციელეს, ვერ შესრულდებოდა კონკრეტული ტექნიკის გარეშე. კერძოდ, ჰიდრავლიკური ექსკავატორი სწორედ გამოიყენება მიწიდან ქვა-ღორღის ამოღების და არა მოსწორებითი სამუშაოების ჩატარებისთვის. აღნიშნული დასტურდება სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ შემუშავებული მძიმე სამშენებლო ტექნიკის ოპერატორის პროფესიული სტანდარტის სახელმძღვანელოს მე-7 გვერდის მე-3 პუნქტში მითითებული წესით, რომ ციცხვით, ანუ კოვშით ხდება მიწის გადათხრა, ხოლო მოსასწორებელი სამუშაოებისთვის გამოიყენება ავტოგრაიდერი. დამატებით, „მძიმე ტექნიკის გამოყენების საფუძვლების შესახებ“ სპეციალური სახელმძღვანელო განასხვავებს ტექნიკის სამუშაოთა სპეციფიკებს. საქმის გარემოებებით დასტურდება, რომ მოწმე გ.ა–ძე წააწყდა ელექტროგადამცემ კაბელს, შესაბამისად, კანონისმიერი პრეზუმფციის თანახმად, წარმოიშობა კანონისმიერი ვარაუდი იმისა, რომ ნაწარმოები სამუშაოები განხორციელდა მიწის სიღრმეში, შესაბამისად სახეზე იყო გათხრითი სამუშაოები, აღმოჩენილი კაბელი მიწის სიღრმეში 80 სმ-ის სიღმეზე იყო გაყვანილი, რაც, თავის მხრივ, გამომდინარეობს „ელექტროდანადგარების ექსპლუატაციისას უსაფრთხოების ტექნიკის წესების დამტკიცების შესახებ“ 2013 წლის 17 დეკემბრის მთავრობის N340 დადგენილებით, რომლის 44-ე მუხლის მე-8 პუნქტის თანახმად, ელექტროგადამცემი ხაზების განთავსებისას დაცული უნდა იყოს 1 მეტრიანი ან 1,25 მეტრიანი სიღმის სტანდარტი. ამ მიმართებითაც, მოპასუხე მხარის ვალდებულებას წარმოადგენდა კანონისმიერი ვარაუდის საპირისპირო მტკიცების ტვირთის დაძლევა, რაც განსახილველ შემთხვევაში მოპასუხე მხარემ ვერ შეძლო. ამასთან, მოწმე გ.ა–ძის განმარტების თანახმად, მან მიწიდან არა თუ კენჭები, არამედ ლოდები ამოიღო, ასევე, აღნიშნულმა მოწმემ განმარტა, რომ მის ტექნიკას არ ჰქონდა სპეციალური დანა (მოსწორების სამუშაობის განხორციელების ხელსაწყო) და სამუშაოებს ასრულებდა მხოლოდ კოვშით, მაშინ, როდესაც მოსწორებითი სამუშაოების განხორციელება შესაძლებელია მხოლოდ გრეიდერის დანით, თავის მხრივ, კოვშით მოსწორებითი სამუშაოების განხორციელება დაუშვებელია და წარმოადგენს კანონდარღვევას.
4.4. კასატორის მითითებით, მოწმე გ.ა–ძის ჩვენებიდან ირკვევა, რომ სამუშაოების შესრულებისას წააწყდა შპს „ე.პ.ჯ–ას“ გადაცემ ხაზს, რომელიც გადის იმავე ტერიტორიაზე, სადაც განთავსებულია გაზსადენი მილი. აღნიშნული მოწმე, ერთ შემთხვევაში, აცხადებს, რომ გაზსადენის დაზიანების ფაქტი მისთვის უცნობია, ხოლო, მეორე შემთხვევაში, ამბობს, რომ მას არ დაუზიანებია, აქედან გამომდინარე, ცალსახაა, რომ მოწმე გაზსადენის დაზიანების შესაძლებლობას უშვებს. ასევე, დადგენილია, რომ გაზსადენი მილი შენობასთან უფრო ახლოს იყო, ვიდრე კაბელი, ხოლო აღნიშნული მოწმე აცხადეს, მან კაბელი აღმოაჩინა, შესაბამისად, ცალსახაა, ის აუცილებლად ნახავდა ასევე გაზსადენ მილსაც. აღნიშნული დასკვნის საფუძველია ისიც, რომ შპს „კ.ს–ის“ მიერ წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნით დადენილია კაბელსა და მილს შორის არსებული როგორც მანძილი, ასევე ურთიერთმიმართება და განლაგება. ასევე, საქმეში არსებული ორთოფოტოთი დასტურდება, რომ ხაზოვანი ნაგებობები განლაგებულია პარალელურად, გ.ა–ძის ჩვენებიდან გამომდინარე, ის იდგა ზღვის მხარეს და გადაადგილდებოდა წინ და უკან, ასევე კოვშით იღებდა ქვიშას, შესაბამისად, მოძრაობის ტრაექტორიის გათვალისწინებით, ის მოქმედებდა გაზსადენის დაცვის ზონაში. დამატებით, ვ.წ–ა ახსნა-განმარტებაში უთითებს, რომ სამუშაოს განხორციელებისას შპს „ა.გ–ოს“ ტრაქტორით დაზიანდა გაზსადენი, შესაბამისად, დასტურდება მოპასუხის მიერ მილის დაზიანების ფაქტი. ასევე, დაუსაბუთებელია სასამართლოს მიერ გაზიარებული მოპასუხის მტკიცება, რომ სამუშაოები წარმოებდა მიწის ნაკვეთის წითელი ხაზების ფარგლებში 3 მეტრის რადიუსით, თუმცა, ექსპერტიზის დასკვნის თანახმად დადგენილია, რომ ელექტროხაზი შენობიდან 20 მეტრზეა დაშორებული, ხოლო გაზსადენი - 4 მეტრზე, შესაბამისად, ცალსახაა, რომ გათხრები წარმოებდა გაზსადენის დაცვის ზონაში.
4.5. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ თითქოს მოწმე გ.ა–ძის განმარტების საფუძველზე დადგენილია, 2013 წლის 15 მარტს ტრაქტორით მოსწორებით სამუშაოებს აწარმოებდა შპს „კ.ს–ის“ მიმდებარე ტერიტორიაზე სასტუმროს მხარეს ბათუმის მიმართულებით და არა ზღვის მხარეს, არ გადასულა ზღვის ზოლზე და არ უწარმოებია გათხრითი სამუშაოები, მხოლოდ იღებდა იქვე დაყრილ ქვა-ღორღს და ტვირთავდა მანქანაზე. კასატორი აღნიშნულს არ ეთანხმება, რადგან გ.ა–ძის ჩვენება ეწინააღმდეგება სხვა მოწმის, ვ.წ–ას ჩვენებას, რომელიც ადასტურებს, რომ გ.ა–ძე გასცდა სამოქმედო ტერიტორიას და გადავიდა იმ ტერიტორიაზე, სადაც იყო გაზის მილი. ამის გარდა, თავად გ.ა–ძეც უთითებს, რომ „მისი სამუშაო ორი ნაწილისგან შედგებოდა და სამუშაოს მეორე ნაწილის შესრულებისას იგი გასცდა შენობის გარე პერიმეტრს და გადაადგილდებოდა ზღვის მხარეს, სადაც კოვშით იღებდა ქვა-ღორღს და დაყრილ ზღვის ქვიშას ტვირთავდა მანქანაზე...; ... ტრაქტორით იდგა ზღვის მხარეს, ხოლო ტრაქტორის კოვში ჰქონდა და მუშაობდა შენობის მხარეს, ტრაქტორით უკუსვლით გადაადგილდებოდა ზღვის მხარეს, ასევე კოვშით იღებდა მოსასწორებელ ადგილზე ქვა-ღორღს და უცნობია მისთვის მილის დაზიანების ფაქტი, შესაბამისად, სააპელაციო პალატამ აღნიშნული ჩვენება საწინააღმდეგოდ განარტა და დაადგინა არასწორი ფაქტობრივი გარემოება, რადგან აღნიშნული ჩვენებებით დასტურდება კოვშით გათხრითი სამუშაოების განხორციელების ფაქტი, სასამართლო კი საპირისპიროს ადგენს, რასაც აფუძნებს მხოლოდ ახსნა-განმარტებას.
4.6. კასატორის მტკიცებით, მოწმე გ.ა–ძის ჩვენება, რომ ის წააწყდა მაღალი ძაბვის ელექტროგადაკმცემ კაბელს, წარმოშობს კანონისმიერ პრეზუმფციას, ვარაუდს, რომ მიწის სამუშაოები წარმოებდა სიღრმეში, რაც გათხრითი სამუშაებია, რადგან, როგორც აღინიშნა, ასეთი სახის კაბელების განთავსება მიწის სიღრმეში ხდება 80 სანტიმეტრით, აღნიშნულის საწინააღმდეგო მტკიცების ტვირთი კი ვერ დაძლია მოპასუხე მხარემ, დამატებით, მოპასუხის მიერ წარმოდგენილ საექსპერტო დასკვნაში მითითებულია, რომ როგორც კაბელი, ასევე გაზის მილი განთავსებულია ერთ სიღრმეში, შესაბამისად, სააპელაციო პალატის მსჯელობა, რომ „ასევე გასათვალისწინებელია ისიც, რომ ელექტრო კაბელი არ არის იმ სიღრმეზე გაყვანილი, როგორც გაზის მილი“ წარმოადგენს დაუსაბუთებელ მსჯელობას.
4.7. სასამართლოს მსჯელობა, რომ კაბელი შენობიდან 4-5 მეტრში აღმოაჩინეს, დაუდასტურებელია, რადგან ფაქტების კონსტატაციის ოქმით დასტურდება, შენობის გარშებო არანაირი კაბელი არსებობს, რადგან აღნიშნული კონსტატაციის ოქმით დადგინა, როგორც შენობის ირგვლივ, ასევე მის მიმდებარედ არ გადის სს „ე.პ.ჯ–ას“ ელექტროკაბელი. სასამართლომ უგულებელყო შპს „კ.ს–ის“ მიერ წარდგენილი ექსპერტიზის დასკვნა, რომლითაც დასტურდება, მიწის სამუშაოები მიმდინარეობდა გაზსადენის დაცვის ზონაში, ანუ 15 მეტში, ასევე, დასტურდება, რომ გაზსადენი უფრო ახლოსაა ზღვასთან, ვიდრე დენის კაბელი, ხოლო გ.ა–ძე მოძრაობდა ზღვის მხარეს, რაც გულისხმობს იმას, რომ მან მოიცვა გაზსადენის განთავსების ტერიტორიაც, შესაბამისად, სააპელაციო პალატის მსჯელობა, რომ ხორციელდებოდა მოსწორებითი და არა გათხრითი სამუშაოები, დაუსაბუთებელია. აქედან გამომდინარე, ცალსახაა, სასამართლოს მიერ დადგენილი გარემოებები ეწინააღმდეგება როგორც მოწმე გ.ა–ძის მიერ მიცემულ ჩვენებას (რომ ის იდგა ზღვის მხარეს, ტრაქტორის კოვში ჰქონდა შენობის მხარეს და გადაადგილდებოდა ზღვის მხარეს უკუსვლით, იღებდა ქვა-ღორღს), ასევე ფაქტის კონსტატაციის ოქმს, ვ.წ–ას ჩვენებას, ორთოფოტოს, საქმეში არსებულ ფოტომასალას და ექსპერტიზის დასკვნებს (N004170319; N001556620).
4.8. სასამართლომ დ.გ–ის ჩვენება არ მიიჩნია კატეგორიულად, რითაც არასწორად შეაფასა ის, რადგან პროცესზე მისი დაკითხვისას, კატეგორიულად დაადასტურა მისი საექსპერტო დასკვნის შედეგი და აღნიშნა, რომ თუ დადგინდებოდა, რომ იმ პერიოდში იმ ადგილას მხოლოდ შპს „ა.გ–ოს“ საკუთრებაში არსებული ექსკავატორი მუშაობდა, მაშინ კატეგორიულად იქნებოდა შესაძლებელი იმის თქმა, რომ დაზიანება სწორედ აღნიშნული ექსკავატორის კოვშით მოხდა. ექსპერტის ვარაუდი მხოლოდ იმით იყო გამოწვეული, რომ დადასტურებულად არ იყო დადგენილი იმ დროს იმ ადგილას მხოლოდ ერთი ექსკავატორის მუშაობის ფაქტი. მოწმე ვ.წ–ას ჩვენებით დასტურდება, რომ იმ დროს, იმ ადგილას სხვა ექსკავატორი არ მუშაობდა, აღნიშნულზე შედავება არ წარუდგენია არც ერთ მხარეს. ასევე, სასამართლომ არასწორად შეაფასა ექსპერტის, დ.რ–ძის დასკვნა, სადაც კატეგორიულადაა მითითებული ექსკავატორით გაზსადენის დაზიანების არსებობის ფაქტი. აღნიშნულის მიუხედავად, სასამართლომ დაუსაბუთებლად გაიზიარა ექსპერტ როლანდ გაბაიძის დასკვნა, რომლის თანახმად, ექსკავატორით გაზსადენის დაზიანების ფაქტი შეუძლებლად მიიჩნია, თუმცა პროცესზე დაკითხვისას დასაშვებად მიიჩნია სხვა მხრიდან ცივხვის ზემოქმედებით მილის დაზიანების შესაძლებლობა.
4.9. სასამართლოს უნდა დაედგინა ტექნიკური რეგლამენტისა და სხვა საკანონმდებლო მოთხოვნების დარღვევის ფაქტები. მიუხედავად ამისა, სასამართლომ არასწორად დაადგინა, რომ თითქოს შპს „კ.ს–ს“ უფლება ჰქონდა მშენებლობის პროცესში დაგროვებული სამშენებლო ნარჩენები გაეტანა და ამისთვის ცალკე ნებართვა არ მიეღო. კანონმდებლობით დადგენილია, რომ სამშენებლო ნარჩენების გადასწორება არ ხდება, რადგან ის უნდა იქნეს სამშენებლო ნაგავსაყრელზე გაზიდული. მოპასუხე ვალდებული იყო მიემართა გაზის კომპანიისთვის მოსწორებითი სამუშაოების წარმოებისთვის, რაც არ განხორციელებულა. ექსპერტიზის დასკვნით (N005170319) დადგინდა, რომ გაზსადენის დაცვის ზონაში სამუშაოების განხორციელება ნებადართულია მხოლოდ და მხოლოდ წინასწარი თანხმობის მიღების შემდეგ, რის შესახებაც უნდა აცნობოს გაზის მიმწოდებელ საწარმოს, რაც არ განხორციელებულა და რითაც დაირღვა საქართველოს მთავრობის 2014 წლის 22 იანვრის N101 „გაზის სისტემების უსაფრთხოების ზოგადი მოთხოვნების შესახებ“ ტექნიკური რეგლამენტის მე-10 მუხლი.
4.10. საქმეში არსებული ორთოფოტოთი დასტურდება, რომ შპს "კ.ს–ის" მიწის ნაკვეთის წითელი ხაზები ემთხვევა შენობის ხაზებს, რაც ნიშნავს, რომ ნებისმიერი მოქმედება ექსკავატორის მიერ განხორციელებული იყო სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე, რისთვისაც აუცილებელი იყო შესაბამისი ნებართვა არა მხოლოდ საწარმოდან არამედ მერიის სამსახურიდან და ამ წესების დაუცველობა იწვევს სამართლებრივ პასუხისმგებლობას, რაც დადასტურებულია მერიის შესაბამისი წერილით. იმის გათვალისწინებით, რომ დაზიანება მოხდა 2013 წლის მარტში ხოლო მშენებლობის ნებართვა გაცემულია 2013 წლის 24 ივნისს, სასამართლოს მიერ ამ ბრძანების მითითება მოპასუხეთა პოზიციის დასაცავად არარელევანტურია.
5. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 10 იანვრის განჩინებით საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული დასაშვებობის შესამოწმებლად, ხოლო 2024 წლის 24 აპრილის განჩინებით, დასაშვებად იქნა ცნობილი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
6. საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის არსებითად განხილვისა და მტკიცებულებათა ერთობლივად გაანალიზების შედეგად მივიდა დასკვნამდე, რომ მოპასუხის საკასაციო განაცხადი ნაწილობრივ დასაბუთებულია და იგი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი არგუმენტაციით:
7. სსსკ-ის 404-ე მუხლის პირველი ნაწილით, საკასაციო სასამართლო გადაწყვეტილებას ამოწმებს საკასაციო საჩივრის ფარგლებში, ამავე კოდექსის 407-ე მუხლის პირველი ნაწილით, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლო გადაწყვეტილებებში და სხდომის ოქმებში. გარდა ამისა, შეიძლება მხედველობაში იქნეს მიღებული ამ კოდექსის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტები; ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
8. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ შეჯიბრებითობის პრინციპის შინაარსის ანალიზი საფუძველს იძლევა გაკეთდეს შემდეგი დასკვნა: 1. შეჯიბრებითობის პრინციპი მოიცავს მხარეთა საქმიანობას მხოლოდ საქმის ფაქტობრივი გარემოებებისა და მტკიცებულებების სფეროში. საკითხი იმის შესახებ, რომ სასამართლო საქმის განხილვას (სამოქალაქო პროცესს) იწყებს მხოლოდ დაინტერესებული პირის მოთხოვნით, ან, რომ სასამართლო არ უნდა გასცდეს მხარეთა მოთხოვნის ფარგლებს და ა.შ. განეკუთვნება არა შეჯიბრებითობის, არამედ დისპოზიციურობის პრინციპის სფეროს. 2. მხარეთა მოთხოვნების თუ შესაგებლის ფაქტობრივი (და არა იურიდიული) დასაბუთება (გამართლება) ეკისრებათ თვითონ მხარეებს. 3. მხარეებმა თვითონ უნდა განსაზღვრონ, თუ რომელი ფაქტები დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს (შესაგებელს). ამის შესახებ პირდაპირაა მითითებული აგრეთვე სსსკ-ის 178–ე მუხლის „ ე“ ქვეპუნქტში, რომლის თანახმად, სარჩელში აღნიშნული უნდა იყოს გარემოებები, რომლებზეც მოსარჩელე ამყარებს თავის მოთხოვნებს, აგრეთვე სსსკ-ის 201–ე მუხლში, რომლის თანახმად, თუ მოპასუხე სარჩელს არ ცნობს, მან უნდა მიუთითოს რა კონკრეტულ გარემოებებს ემყარება მისი შესაგებელი სარჩელის წინააღმდეგ. 4. მხარეებმა თვითონ უნდა მიუთითონ მტკიცებულებებზე, რომელთა საფუძველზე უნდა დამტკიცდეს (დადასტურდეს) მათ მიერ თავიანთი მოთხოვნის (შესაგებლის) დასაბუთების მიზნით მითითებული ფაქტები. ამის შესახებ პირდაპირაა მითითებული სსსკ 178–ე მუხლის „ვ“ ქვეპუნქტში, რომლის თანახმად, სარჩელში აღნიშნული უნდა იყოს მტკიცებულებანი, რომლებიც ადასტურებენ ამ გარემოებებს (ე.ი. მოსარჩელის მიერ სარჩელში მითითებულ გარემოებებს), აგრეთვე, სსსკ-ის 201-ე მუხლში, რომლის თანახმად, მოპასუხემ თავის პასუხში (შესაგებელში) უნდა მიუთითოს რა მტკიცებულებებით შეიძლება დამტკიცდეს ეს გარემოებები, (ე.ი. მოპასუხის მიერ თავის შესაგებელში მითითებული გარემოებები).
9. სასამართლომ კონკრეტულ საქმეზე მტკიცების საგნის განსაზღვრის დროს უნდა იხელმძღვანელოს მხარეთა მიერ სარჩელისა და შესაგებლის დასაბუთებისათვის მითითებული ფაქტებით, მაგრამ თუ ამ ფაქტებს შორის არიან ისეთებიც, რომლებსაც კანონის თანახმად არ აქვს მნიშვნელობა ამ მხარეთა მოთხოვნების თუ შესაგებლის სამართლებრივი დასაბუთებისათვის, ე.ი. თუ ეს ფაქტები იურიდიულად ვერ ამართლებენ ამ მოთხოვნას (შესაგებელს) – სასამართლომ არ უნდა შეიტანოს ეს ფაქტები მტკიცების საგანში და არ უნდა მიიღოს მტკიცებულებები მათ დასადასტურებლად.
10. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მტკიცების საგანში შედიან მხარეთა მიერ მითითებული ფაქტები, რომლებიც სასამართლოს შეხედულებით სამართლებრივად ასაბუთებენ (ამართლებენ) მათ მოთხოვნებს და შესაგებელს. კრიტერიუმი, რომლითაც უნდა იხელმძღვანელოს სასამართლომ იმისათვის, რომ სწორად განსაზღვროს მხარეთა მიერ მითითებული ფაქტებიდან, თუ რომელი ამართლებს სამართლებრივად მხარეთა მოთხოვნებს (შესაგებელს) და რომელი არაა, ესაა სარჩელის საგანი (მოსარჩელის მოთხოვნის შინაარსი), მოპასუხის შესაგებელი და მატერიალურ სამართლებრივი ნორმა. მოსარჩელემ, როგორც წესი, უნდა დაამტკიცოს ყველა გარემოება, რომელიც წარმოადგენს მოთხოვნის წარმოშობის საფუძველს, ხოლო მოპასუხემ კი - ყველა გარემოება, რომელიც წარმოადგენს მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველს.
11. ყოველი კონკრეტული სამოქალაქო საქმის გადაწყვეტა სასამართლოში, დაკავშირებულია გარკვეული ფაქტების დადგენასთან. ფაქტების დადგენის აუცილებლობა განპირობებულია იმით, რომ სასამართლო იხილავს და წყვეტს მხარეთა შორის წარმოშობილ დავებს, რომლებიც სამართლით რეგულირებული ურთიერთობებიდან წარმოიშობიან. სამართლებრივი ურთიერთობა კი, როგორც ეს ცნობილია, შეიძლება აღმოცენდეს, განვითარდეს ან შეწყდეს მხოლოდ იურიდიული ფაქტების საფუძველზე. სწორედ მტკიცების ტვირთსა და მის სწორ განაწილებაზეა დამოკიდებული დასაბუთებული და კანონიერი გადაწყვეტილების მიღება.
12. სსკ-ის 992-ე მუხლი ითვალისწინებს დელიქტურ პასუხისმგებლობას. დელიქტური პასუხისმგებლობის არსი ისაა, რომ იგი არასახელშეკრულებო ზიანის საფუძველზე წარმოიშობა, განამტკიცებს ბრალეული პასუხისმგებლობის პრინციპს და დაზარალებულს (კრედიტორს) ვალდებული პირის მიმართ ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლებას ანიჭებს. ამ მუხლის გამოყენების წინაპირობებია შემდეგია: ზიანი; ქმედების მართლწინააღმდეგობა; მიზეზობრივი კავშირი და ბრალი (ე.წ. „გენერალური დელიქტი“). პირს ზიანის ანაზღაურება დაეკისრება, თუ არსებობს ზემოხსენებული ნორმით გათვალისწინებული ოთხივე წინაპირობა (სუსგ №ას-769-737-2016; 20.06.2018წ.; სუსგ №ას-176-163-2015, 04.10.2016; სუსგ Nას-1426-2018 , 11.04.2019).
13. სსკ-ის 412-ე მუხლის თანახმად, ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს.
14. მოცემული საქმის მთავარი სამართლებრივი პრობლემა გამომდინარეობს დელიქტური სამართლიდან, შესაბამისად, იმისთვის, რომ სარჩელი დაკმაყოფილდეს, აუცილებელია დადგინდეს დელიქტური სამართლით გათვალისწინებული ყველა კუმულაციური ნიშნის არსებობა. სწორედ აღნიშნული ნიშნების (ქმედების მართლწინააღმდეგობა, ბრალი, მიზეზობრივი კავშირი) არსებობის დადგენა წარმოადგენს მხარეთა შორის შედავებას, რომელთა დადასტურებაც სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველია, შესაბამისად, განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებზე და უთითებს შემდეგს:
15. საქმეში წარმოდგენილია ინდ. მეწარმე, დამოუკიდებელი ექსპერტი „დ.რ–ძის“ 2013 წლის 29 აგვისტოს დასკვნა, სადაც მითითებულია, რომ შპს „ს.ჯ.გ–ი აჭარის“ კუთვნილ გაზსადენზე, კერძოდ შპს „კ.ს–ის“ კუთვნილი ტერიტორიის მიმდებარედ არსებულ მილსადენზე მიყენებული დაზიანება გამოწვეულია 2013 წლის 15 მარტს შპს „კ.ს–ის“ დავალებით და მის სასარგებლოდ შპს „ა.გ–ოს“ კუთვნილი ექსკავატორის მიერ ეზოს გათხრითი და მოსწორებითი სამუშაოების წარმოებისას. დასკვნის თანახმად, შეუძლებელია უშუალოდ იმის დადგენა, კონკრეტულად იქ მომუშავე ტრაქტორმა დააზიანა თუ არა მილი, რადგან ტრაქტორის კოვში წარმოადგენს მეტალს, რომელსაც ვერ დაეტყობა ვერანაირი კვალი პოლიეთილენის პლასტმასას დაზიანების შემთხვევაში, თუმცა, რადგან იმ დროსა და ადგილას სხვა სპეციალური ტექნიკა არ მუშაობდა და მუშაობდა მხოლოდ აღნიშნული ტრაქტორი, შესაძლებელია ითქვას, რომ სწორედ ამ უკანასკნელით დაზიანდა მილი, გაზსადენის დაზიანებამ კი შპს „ს.ჯ.გ–ი აჭარას“ გაზის დანაკარგს გამო მიაყენა ზარალი 91 905.6 ლარის დენობით. (ტ.1. ს.ფ. 50-56).
16. საქმეში წარმოდგენილია შსს საექსპერტო კრიმინალისტიკური სამსახურის 2013 წლის 29 აპრილის ტრასოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა, რომლის თანახმად, ექსპერტიზაზე წარმოდგენილ მილს აღენიშნება დაზიანება დეფორმაციის, ჭყლეტისა და ხევის სახით, წარმოქმნილი ფიზიკური ძალის ზემოქმედების შედეგად, რომელიც მიყენებულია ლითონის რაიმე მყარი დეტალით, როგორიც შესაძლებელია იყოს ლომი, ძალაყინი და სხვა, რომლის პირის მაქსიმალური სიფართეა 9 მმ. და აღნიშნული დაზიანება არ არის მიყენებული ექსპერტიზაზე წარმოდგენილი ტრაქტორით. ერთმანეთს შედარდა კოვშის კბილანების ზომები და მილზე არსებული დაზიანება, რაც არ ემთხვევა ერთმანეთს (ტ.1. ს.ფ. 176-180).
17. საქმეში წარმოდგენილია ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2013 წლის 6 ივნისის დასკვნა, სადაც ექსპერტი, დ.გ–ი უთითებს, რომ ექსკავატორის (ლიბჰერი ა0900გ) კოვშით დაზიანების მიყენების ფაქტის დადგენა შეუძლებელია. ასევე, არ ფიქსირდება კოვშის მოხსნა-დაყენებისთვის ბოლო დროის რაიმე ნაკვალევი. ექსპერტიზა ასკვნის რომ ზოგადი გაგებით შესაძლებელია ასეთი სახის ზიანის დადგომა ტრაქტორის კოვშით (1.ს.ფ. 181-185).
18. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2020 წლის 19 ივნისის ექსპერტიზის დასკვნის შესაბამისად, რომელსაც დაესვა კითხვები, შესაძლებელი არის თუ არა, შემთხვევის ადგილზე დენის კაბელის და გაზის მილის დაზიანება ტრაქტორით (0,5 კუბი ამწეობის სატვირთოს ლიმჰერ A900B-ს მოდელის სახ. NL-548) მოსწორებითი სამუშაოების ჩატარებისას თუ გავითვალისწინებთ, რომ გაზის მილი უნდა იყოს მოთავსებული 80 სმ სიღრმეზე მიწაში, დადგინდა: მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში, ჩატარებული კვლევების შედეგად და წარმოდგენილი მასალების, ექსკავატორის ტექნიკური მახასიათებლების და გაზის მილის მაგისტრალზე არსებული დაზიანებული უბნის ლოკაციის გათვალისწინებით, შპს ,,კ.ს–ის’’ შენობის უკანა მხარეს (უშუალოდ ბარის წინ) არსებული ადგილის მოსწორებით სამუშაოების წარმოების პროცესში, ბორბლებიანი ექსკავატორი ,,LIEBHERRA900B’’ ტექნიკური თვალსაზრისით ვერ გამოიწვევდა გაზის მაგისტრალის მილის დაზიანებას არსებული სახით (ექსპერტი ბაჩუკი ჩხარტიშვილი)(ტ.3.ს.ფ.115-120).
19. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2019 წლის 17 ივნისის ექსპერტიზის დასკვნის შესაბამისად, მიწაში ერთი მეტრის სიღრმეში ჩასვლა ითვლება გათხრით სამუშაოდ, პოლიეთილენის მილზე ექსკავატორის ტექნიკურად გამართული ჩამჩის დაზიანება ვერ მოხდება ზემოქმედების შემთხვევაში, ისეთი რომ საჭირო გახდეს კოვშის გამოცვლა. ელექტროკაბელის (20 კვ. მდე) მიწაში ჩადების სიღრმე უნდა იყოს არანაკლებ 0.7 მ, 35 კვ.მე ძაბვის - მინიმუმ 1. ხოლო ქუჩებსა და მოედნების გადაკვეთაზე აუცილებლად მინიმუმ 1მ. დაუსახლებელ პუნქტებში კაბელის ჩადების მინიმალური სიღრმე I-IV ჯგუფის გრუნტებში მიღებულია 0,8 მ., ხოლო დასახლებულ პუნქტში 0.7 მ. მიწაში გაზსადენის ჩადების სიღრმე არანაკლებ უნდა იყოს 0.8 მ., ასევე, თუ არ გაითვალისწინება სატრანსპორტო მოძრაობა, შესაძლებელია იყოს 0.7 მეტრი.
20. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2020 წლის 5 მარტის დასკვნის თანახმად, გაზის მილიდან შენობის კუთხემდე მანძილი 18 მერამდეა, ელექტროკაბელიდან შენობის კუთხემდე - 20,5 მეტრამდე, ხოლო მილებს შორის მანძილი - 4.2 მეტრი. (ტ. მე-3; ს.ფ. 108-112).
21. დაკითხულ მოწმეთა/ექსპერტთა ჩვენებები:
21.1. დაკითხული გ.ა–ძის განმარტებით, 2013 წლის 15 მარტს ტრაქტორით (ლიმჰერ A900B-ს მოდელის სახ. N548) მას განესაზღვრა ორი სახის დავალება: ერთი მოსწორებითი სამუშაოები, ხოლო მეორე - მიწის ამოღება. ის აღნიშნავს, რომ გასცდა შენობის გარე პერიმეტრს და ზღვის მხარეს იღებდა ტრაქტორის კოვშით დაყრილ ზღვის ქვიშას და ტვირთავდა მანქანაზე, ასევე კოვშით იღებდა ქვა-ღორღს. კოვში მომართული ჰქონდა შენობის მხარეს, ამავდროულად მიწიდან ამოიღო ქვის დიდი ლოდები. დაკითხვის ოქმში, ერთ შემთხვევაში ამბობს, რომ არ იცის დააზიანა თუ არა მილი, ხოლო ბოლოს აცხადებს, რომ მილი მას არ დაუზიანებია. მანვე განმარტა, რომ დავალებული ჰქონდა, როგორც მიწის ამოღებითი, ისე მოსწორებითი სამუშაოების ჩატარება. ტრაქტორით მუშაობისას გასცდა შენობის გარე პერიმეტრს და ზღვის მხარეს მდგომი, კოვშით შენობის მხარეს იღებდა ქვიშას. მან ასევე განმარტა, რომ სამუშაოს შესრულებისას რკინის ბოძები სოფელი გ–ს მხრიდან ჩამოსხმული არ იყო, შემთხვევის ადგილის გაგრძელებაზე იყო რკინის კონსტრუქციით აშენებული შენობა. საქმიანობის პერიოდში მიწაში შეამჩნია ელექტროკაბელი, რის შემდეგაც შეწყვიტა მუშაობა.
21.2. დაკითხული ვ.წ–ას განმარტებით, ის დასაქმებული იყო შპს „კ.ს–ში“ სამუშაოთა მწარმოებლად, ადასტურებს, რომ მან დაიქირავა შპს „ა.გ–ოს“ ტრაქტორი, ასევე უთითებს, რომ სამუშაოს შესრულება და მილის დაზიანება როგორც დროში, ასევე ადგილმდებარეობრივად ემთხვევა ერთმანეთს, რის საფუძველზეც ჩათვალა, რომ მილის დაზიანება სწორედ აღნიშნულმა ტრაქტორმა გამოიწვია, რადგან იმ დღეს, იმ ადგილას სხვა ტრაქორს არ უმუშავია.
21.3. დაკითხული ექსპერტი, რ.გ–ძე დაეთანხმა მის მიერ გაცემულ დასკვნას და დამატებით განმარტა, რომ ტრაქტორის კოვშის კბილანასა და მილზე დაზიანებული ადგილის ზომების გათვალისწინებით, შეუძლებელია ითქვას, რომ დაზიანება კოვშის კბილანებმა გამოიწვია, რადგან ეს უკანასკნელი დიდია ვიდრე დაზიანებული ადგილი.
21.4. დაკითხული ექსპერტის, დ.გ–ის მითითებით, მართალია, ის ვერ დაადგენს კონკრეტულმა ტრაქტორმა გამოიწვია თუ არა მილის დაზიანება, თუმცა შესაძლებლად დაუშვა კოვშის კბილანით მილის დაზიანება, რადგან კოვშს აქვს საშუალება სხვადასხვა კუთხით მოძრაობდეს. მისი ვარაუდი გამოთქმულია იმ მიზეზით, რომ არ იცის მხოლოდ კონკრეტულად დავაში არსებული ტრაქტორი მუშაობდა თუ არა იმ ადგილას, თუმცა, კოვშის მიერ მილის დაზიანების ტექნიკური შესაძლებლობა დაადასტურა (იხ. I ტ. ს.ფ. 402).
21.5. დაკითხულმა მოწმემ, დავით ღოღობერიძემ აღნიშნა, რომ მილს ეტყობოდა როგორც ნახვრეტი, ასევე კოვშის მოდების დამატებითი ორი კვალიც.
22. საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს სააპელაციო პალატის მიერ მტკიცებულებათა გამოკვლევის, ფაქტობრივი გარემოებების შეფასების, მტკიცების ტვირთის გადაკისრებაზე და აღნიშნავს შემდეგს: გასაჩივრებული განჩინების 4.8. პუნქტში მითითებულია, რომ გაზიარებულია შსს საექსპერტო კრიმინალისტიკური სამსახურის 2013 წლის 29 აპრილის ტრასოლოგიური ექსპერტიზის (ექსპერტი რ.გ–ე) დასკვნა, ასევე მოწმე გ.ა–ძის ჩვენება, რომელთა საფუძველზეც სასამართლომ დაადგინა, რომ 2013 წელს 15 მარტს, შპს ,,კ.ს–ის“ დავალებით და მის სასარგებლოდ შპს ,,A.G’’კუთვნილი ექსკავატორის მიერ არ განხორციელებულა გათხრითი სამუშაოები, არამედ განხორციელდა მოსწორებითი სამუშაოები, ხოლო მათი წარმოებისას შპს ,,ს.ჯ.გ–ის’’ საკუთრებაში არსებული გაზსადენი მილი არ დაუზიანებია. ასევე, სასამართლომ არ გაიზიარა მოწმე დ.გ–ის დასკვნა, რადგან დაშვება ტრაქტორის კოვშის კბილანით მილის დაზიანების შესაძლებლობის შესახებ წარმოადგენს მხოლოდ თეორიულ ვარაუდს და არა მტკიცებას. ამდენად, სააპელაციო პალატამ სამართლებრივი შედეგი დააფუძნა ზემოაღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს. მიუხედავად ამისა, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მოცემული გარემოებების კვლევა არასაკმარისია იმისთვის, რომ დადგინდეს ის ფაქტობრივი გარემოებები, რაც უარყოფს სასარჩელო მოთხოვნის წარმატებულობას.
23. საკასაციო პალატა მიუთითებს გ.ა–ძის ჩვენებაზე, რაზეც, მათ შორის, დაფუძნდა სააპელაციო პალატის შედეგი და ხაზს უსვამს, აღნიშნული ჩვენებით მოწმე პირდაპირ მიუთითებს, რომ მას ჰქონდა ორი სახის საქმიანობა დავალებული, რაც მოიცავდა მოსწორებით სამუშაოებსაც და მიწის ამოღებასაც. ის აღნიშნავს, რომ გასცდა შენობის გარე პერიმეტრს ზღვის მხარეს, სადაც იღებდა ტრაქტორის კოვშით დაყრილ ზღვის ქვიშას და ტვირთავდა მანქანაზე, ასევე კოვშით იღებდა ქვა-ღორღს. კოვში მომართული ჰქონდა შენობის მხარეს, ამავდროულად მიწიდან ამოიღო ქვის დიდი ლოდები. დაკითხვის ოქმში, ერთ შემთხვევაში ამბობს, რომ არ იცის დააზიანა თუ არა მილი, ხოლო ბოლოს აცხადებს, რომ მილი მას არ დაუზიანებია. ამ გაგებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ აღნიშნული მტკიცებულება არ ასახავს იმ რეალობას, რაც საფუძველი გახდებოდა ფაქტობრივი გარემოებების ისე დადგენისთვის, რომ თითქოს მოწმე მხოლოდ მოსწორებით სამუშაოებს ახორციელებდა, მით უფრო, როდესაც თავად აღირებს ამოთხრითი სამუშაოების არსებობასაც, აქედან გამომდინარე, ამ ნაწილში სააპელაციო პალატის ფაქტობრივი გარემოებების კვლევა შეუსაბამოა, რადგან პალატამ სწორედ აღნიშნული მტკიცებულების საფუძველზე მიიჩნია, რომ მხოლოდ მოსწორებით სამუშაოებს ჰქონდა ადგილი.
24. სააპელაციო პალატა, მართალია, ზემოაღნიშნულ მოწმის ჩვენებასთან ერთად, კუმულაციურად იყენებს შსს საექსპერტო კრიმინალისტიკური სამსახურის 2013 წლის 29 აპრილის ტრასოლოგიური ექსპერტიზის (ექსპერტი რ.გ–ე) დასკვნას, რათა შესაბამისი სამართლებრივი შედეგი დადგეს, თუმცა საქმეში არ ჩანს თუ რატომ არ ხდება სხვა წარმოდგენილი მტკიცებულებების შეპირისპირება, რის ფონზეც შესაძლებელია სავარაუდოდ განსხვავებული სამართლებრივი შედეგის მიღება. სააპელაციო პალატა არ იზიარებს ექსპერტ დ.გ–ის დასკვნას, რომელშიც, მართალია, მითითებულია, რომ დადგენა შეუძლებელია, კონკრეტულად აღნიშნული ტრაქტორის კოვშვმა დააზიანა თუ არა მილი, რადგან კოვშის კბილანას რაიმე სახის კერძო ნიშანი არ გააჩნია, თუმცა ტექნიკურად, პლასტმასის მილის ასეთი სახის დაზიანება კოვშის კბილანით შესაძლებელია. მართალია, უშუალოდ აღნიშნული ტრაქტორით დაზიანების ფაქტი ვერ იქნა დადგენილი, თუმცა თუკი დასაბუთდება, რომ იმ ადგილას იმ დროს მხოლოდ ერთი ტრაქტორი მუშაობდა, შესაძლებელია იმის თქმა, რომ მილის დაზიანება სწორედ აღნიშნული ტრაქტორის კოვშით მოხდა.
25. საკასაციო პალატა ასევე ყურადღებას ამახვილებს ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2020 წლის 19 ივნისის ექსპერტიზის დასკვნაზე, რომლის თანახმად, შპს ,,კ.ს–ის’’ შენობის უკანა მხარეს (უშუალოდ ბარის წინ) არსებული ადგილის მოსწორებით სამუშაოების წარმოების პროცესში, ბორბლებიანი ექსკავატორი ,,LIEBHERRA900B’’ ტექნიკური თვალსაზრისით ვერ გამოიწვევდა გაზის მაგისტრალის მილის დაზიანებას არსებული სახით (ექსპერტი ბაჩუკი ჩხარტიშვილი). საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მოცემული დასკვნა მხოლოდ ისეთ შემთხევაზე ვრცელდება, როდესაც მოსწორებით სამუშაოების განხორციელებაა სახეზე. დასკვნაში პირდაპირაა მითითებული, რომ მოსწორებითი სამუშაოების განხორციელებისას შეუძლებელი იქნებოდა მილის დაზიანება, თუმცა არაფერია ნათქვამი ამოთხრითი საქმიანობის განხორციელების შემთხვევაში იქნებოდა თუ არა იგივე შედეგი სახეზე. აღნიშნულის საპირწონედ, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2013 წლის 6 ივნისის დასკვნის თანახად, ზოგადი გაგებით, სავსებით შესაძლებელი იყო მსგავსი დაზიანება გამოეწვია ტრაქტორის კოვშის კბილანას ამოთხრითი საქმიანობისას.
26. დამატებით, საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ მოწმე ვ.წ–ას მითითებით, ის დასაქმებული იყო შპს „ს.კ–ში“ სამუშაოთა მწარმოებლად, ადასტურებს, რომ მან დაიქირავა შპს „ა.გ–ოს“ ტრაქტორი, ასევე უთითებს, რომ სამუშაოს შესრულება და მილის დაზიანება როგორც დროში, ასევე ადგილმდებარეობრივად ემთხვევა ერთმანეთს, რის საფუძველზეც ჩათვალა, რომ მილის დაზიანება სწორედ აღნიშნულმა ტრაქტორმა გამოიწვია, რადგან იმ დღეს, იმ ადგილას სხვა ტრაქორს არ უმუშავია. მოწმის მტკიცებით, მილის გახეთქვა ზუსტად იმ ადგილას მოხდა, სადაც ტრაქტორი ახორციელებდა სამუშაოებს. სწორედ ამიტომ აღმოაჩინეს ელექტროკაბელიც, რადგან ის გაზის მილიდან 4.2 მეტრშია დაშორებული. იგივე მტკიცდება ინდ. მეწარმე, დამოუკიდებელი ექსპერტი „დ.რ–ძის“ 2013 წლის 29 აგვისტოს დასკვნით, სადაც მითითებულია, რომ შპს „ს.ჯ.გ. ა–ის“ კუთვნილ გაზსადენზე, კერძოდ შპს „კ.ს–ის“ კუთვნილი ტერიტორიის მიმდებარედ არსებულ მილსადენზე მიყენებული დაზიანება გამოწვეულია 2013 წლის 15 მარტს შპს „კ.ს–ის“ დავალებით და მის სასარგებლოდ შპს „ა.გ–ოს“ კუთვნილი ექსკავატორის მიერ ეზოს გათხრითი და მოსწორებითი სამუშაოების წარმოებისას. დასკვნის თანახმად, შეუძლებელია უშუალოდ იმის დადგენა, კონკრეტულად იქ მომუშავე ტრაქტორმა დააზიანა თუ არა მილი, რადგან ტრაქტორის კოვში წარმოადგენს მეტალს, რომელსაც ვერ დაეტყობა ვერანაირი კვალი პოლიეთილენის პლასტმასას დაზიანების შემთხვევაში, თუმცა, რადგან იმ დროსა და ადგილას სხვა სპეციალური ტექნიკა არ მუშაობდა და მუშაობდა მხოლოდ აღნიშნული ტრაქტორი, შესაძლებელია ითქვას, რომ სწორედ ამ უკანასკნელით დაზიანდა მილი.
27. საკასაციო პალატა მიუთითეს დ.გ–აზე, რომ, მართალია, ვერ დგინდება კონკრეტულმა ტრაქტორმა დააზიანა მილი თუ არა, მაგრამ, ზოგადად, ტექნიკურად სავსებით შესაძლებელი იყო კოვშის კბილანით ასეთი სახის დაზიანების მიყენება, ასევე, სახეზეა მოწმეების ჩვენებები, რომელთა თანახმად აღნიშნულ ტერიტორიაზე მხოლოდ შპს „ა.გ–ოს“ ტრაქტორი მუშაობდა და შესაძლებელი იყო მისი ტრაქტორის კოვშით მომხდარიყო დაზიანება, ასევე სახეზეა „დ.რ–ძის“ 2013 წლის 29 აგვისტოს დასკვნა, სადაც მითითებულია, რომ რადგან კოვშის კბილანა მეტალის მატერიაა, ხოლო მილი პოლიეთილენის პლასტმასა, კბილანაზე რაიმე სახის დაზიანების დადგენა შეუძლებელია, რადგან პოლიეთილენი იმდენად რბილია, რომ არ ტოვებს მეტალზე ზემოქმედების კვალს, თუმცა, რადგან იმ დროსა და ვითარებაში იმ ადგილას შპს „ა.გ–ოს“ გარდა არ მუშაობდა რომელიმე სხვა ტექნიკა, შესაძლებელია ითქვას რომ ზიანი მისგან იქნა გამოწვეული. აქედან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ აღნიშნული მტკიცებულებები საჭიროებს დამატებით კვლევას იმ ფონზე, როდესაც სააპელაციო პალატა თავის გადაწყვეტილებას მხოლოდ როლანდ გ–ისა და გ.ა–ძის დასკვნასა და ჩვენებას აფუძვნებს, აქედან გამომდინარე, სავარაუდოა, აღნიშნულ მტკიცებულებათა სრულყოფილი გამოკვლევითა და ურთიერთშეპირისპირებით განსხვავებული სამართლებრივი შედეგი იქნეს მიღწეული.
28. საკასაციო პალატა ასევე აღნიშნავს, რომ დაუსაბუთებელია მსჯელობა იმის შესახებ, რომ მოპასუხე მხარე საქმიანობის დროს არ გასცილებია დასაშვებ მანძილს - სამ მეტრს, თუმცა, როგორც საქმის მასალებით დასტურდება, ელექტროგადამცემი ხაზი აღმოაჩინეს შენობიდან 20 მეტრის დაშორებით, გასზადენიდან 4 მეტრზე, მიწის სიღრმეში, აქედან გამომდინარე, დასადგენია გათხრები წარმოებდა თუ არა დასაშვები საზღვრების გარეთ.
29. საკასაციო პალატა იზიარებს კასატორის იმ დასაბუთებას, რომელიც წარმოშობს კანონისმიერ ვარაუდს. კერძოდ, „ელექტროდანადგარების ექსპლუატაციისას უსაფრთხების ტექნიკის წესების დამტკიცების შესახებ“ 2013 წლის 17 დეკემბრის მთავრობის N340 დადგენილების 44-ე მუხლის მე-8 პუნქტის თანახმად, ელექტროგადამცემი ხაზების განთავსება ხდება მიწის სიღრმეზე 1 მეტრით, ხოლო ქვიშნარში 1.25 მეტრით. ამ შემთხვევაში, რადგან მოპასუხის თანამშრომლებმა აღმოაჩინეს ელექტროკაბელი, ნამდვილად წარმოიშობა იმის ვარაუდი, რომ ასეთ სიღრმეზე მათ მიერ განხორციელდა გათხრითი სამუშაოები, შესაბამისად, მოპასუხის მტკიცების ტვირთი ხდება საწინააღმდეგოს დადასტურების ვალდებულება. აღნიშნულ გარემოებას ისიც ამყარებს, რომ იქ მომუშავე ტექნიკას ჰქონდა მხოლოდ კოვში - ამოთხრისთვის აუცილებელი ხელსაწყო და არა დანა, რომელიც მხოლოდ მიწის მოწორებითი სამუშაოების საქმიანობისას გამოიყენება, რაც ნიშნავს იმას, რომ მოპასუხე მხარე ვერ განახორციელებდა მოსწორებით სამუშაოებს მარტოოდენ კოვშის გამოყენებით და პირიქით, ვერ განახორციელებდა ქვა-ღორღისა და ლოდების ამოღებას კოვშის გარეშე, აქედან გამომდინარე, საკასაციო პალატისთვის დაუსაბუთებელია მსჯელობა, თუ კი სახეზე იყო მხოლოდ მოსწორებითი სამუშაოები, რა ხელსაწყოთი ასრულებდა ამ სამუშაოს მოპასუხე, როდესაც სულ სხვა დანიშნულების ხელსაწყოთი იყო აღჭურვილი სპეციალური ტექნიკა.
30. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლო ვალდებული იქნება ხელახლა განიხილოს და გამოიკვლიოს ექსპერტიზის ზემოაღნიშნული დასკვნები (ამავე განჩინების მე13-დან მე-18 თავის ჩათვლით პუნქტები) და მოწმეთა ჩვენებები (ამავე განჩინების მე-19 პუნქტი) რათა დაადგინოს სწორი ფაქტობრივი გარემოებები და ურთიერთკოლიზიური მტკიცებულებებიდან განსაზღვროს ფაქტობრივი გარემოებებით არსებული რეალობა. დადგინდეს კონკრეტულად აღნიშნულმა სპეციალურმა ტექნიკამ გამოიწვია თუ არა ზიანი, ზიანის წარმოშობის მომენტსა და ადგილას მუშაობდა თუ არა კონკრეტულად, მხოლოდ ეს ერთი ტრაქტორი, აღვევდა თუ არა ოპერირების ლიცენზირებად ტერიტორულ შეზღუდვებს, შესაძლებელი იყო თუ არა მოსწორებითი სამუშაოების წარმოება მხოლოდ კოვშის გამოყენებით და პირქით, სპეციალური დანის გამოყენებით ამოთხრითი საქმიანობა, ახორციელებდა თუ არა ამოთხრით საქმიანობას სპეციალური ტექნიკის ოპერატორი, აღნიშნული საქმიანობა უშუალოდ მილთან მიმდინარეობდა თუ რა, რა დაშორება იყო როგორც შენობასა და მილს, ისე მილსა და ელექტროკაბელს შორის, ასევე მილსა და ელექტროკაბელს შორის. აქედან გამომდინარე, პალატა მიჩნევს, რომ საქმე ხელახლა განსახილელად უნდა დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.
31. სსსკ-ის 412-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს ხელახლა განსახილველად აბრუნებს სააპელაციო სასამართლოში, თუ: ა) საქმის გარემოებები საპროცესო ნორმების ისეთი დარღვევითაა დადგენილი, რომ ამ დარღვევების შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი და საჭიროა მტკიცებულებათა დამატებითი გამოკვლევა; ბ) არსებობს ამ კოდექსის 394-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, გარდა აღნიშნული მუხლის „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებისა. ამავე კოდექსის 394-ე მუხლის „ე1“ ქვეპუნქტის თანახმად, გადაწყვეტილება ყოველთვის ჩაითვლება კანონის დარღვევით მიღებულად, თუ გადაწყვეტილების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია. მოცემული ნორმების ანალიზისა და წინამდებარე განჩინებაში ჩამოყალიბებული დასაბუთების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მოკლებულია შესაძლებლობას, შეამოწმოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება, ვიდრე საქმეზე არ დადგინდება დავის გადაწყვეტისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება.
32. სსსკ-ის 53-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო დააბრუნებს საქმეს ხელახლა განსახილველად, მთელი სასამართლო ხარჯები, რაც გაწეულია ამ საქმის განხილვასთან დაკავშირებით, სარჩელის აღძვრიდან დაწყებული, უნდა შეჯამდეს და შემდეგ განაწილდეს მხარეთა შორის ამ მუხლის მიხედვით. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქმის ხელახლა განხილვისას, სასამართლო ხარჯების განაწილების საკითხი უნდა გადაწყდეს შემაჯამებელი გადაწყვეტილების გამოტანისას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე, 412-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შპს ,,ს.ჯ.გ–ის“ საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 19 ოქტომბრის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: მ. ერემაძე
მოსამართლეები: ვ. კაკაბაძე
ლ. მიქაბერიძე