საქმე №ას-403-2024 5 ივნისი, 2024 წელი
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მირანდა ერემაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ლევან მიქაბერიძე, ვლადიმერ კაკაბაძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი - თ.ლ–ი (აპელანტი, მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე - შპს „გ.დ.ჯ–ია“ (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 14 დეკემბრის განჩინება
საკასაციო საჩივრის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვწეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი – სახელფასო დავალიანების ანაზღაურება
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. თ.ლ–ის (შემდგომში მოსარჩელე, დასაქმებული, კასატორი ან საკასაციო საჩივრის ავტორი) საკასაციო პრეტენზიით დაუსაბუთებელია თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 14 დეკემბრის განჩინება, რომლითაც არ დაკმაყოფილდა დასაქმებულის სააპელაციო საჩივარი და უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 9 ივნისის გადაწყვეტილება, რომლითაც უარყოფილი იქნა დასაქმებულის სარჩელი შპს „გ.დ.ჯ–იას“ (შემდგომში მოპასუხე, მოპასუხე კომპანია ან დამსაქმებელი) მიმართ სახელფასო დავალიანების ანაზღაურების შესახებ.
2. კასატორის პრეტენზიით, სააპელაციო სასამართლომ მხარეთა შორის არასწორად გაანაწილა მტკიცების ტვირთი და არასწორად დაასკვნა, რომ მოპასუხეს არ ეკისრებოდა სახელფასო დავალიანების ანაზღაურების ვალდებულება. მხარეთა შორის გაფორმებულ ხელშეკრულებაში ჩამოთვლილია დასაქმებულის მიერ შესასრულებელი სამუშაოების სახეები, თუმცა არ არის დაკონკრეტებული ვის სასარგებლოდ უნდა შეასრულოს ეს სამუშაოები მოსარჩელემ - სადისტრიბუციო კომპანიის თუ მარკეტინგული კომპანიის, ხოლო ვინაიდან მოპასუხის მითითებით, აღნიშნული გულისმობდა სამუშაოების ნებისმიერი კომპანიისთვის შესრულების ვალდებულებას, სწორედ მას ეკისრებოდა მითითებული გარემოების დამტკიცების მოვალეობა, რაც მან ვერ შეძლო. შპს „წ.ვ.ე.ს–თან“ დადებული მკაცრად კონფიდენციალური მომსახურების ხელშეკრულება კი, ვერ იქნება იმის მტკიცებულება, რომ დასაქმებული შრომით ურთიერთობაში შევიდა არა სადისტრიბუციო კომპანიასთან (მოპასუხესთან), არამედ მარკეტინგულ კომპანიასთან. ამასთან, დამატებით ანაზღაურებაზე მხარეთა შორის შეთანხმება (შესაბამისი დაპირება) მოხდა შრომითი ხელშეკრულების დადების შემდეგ.
3. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი
3.1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 12 აპრილის განჩინებით, მოსარჩელის საკასაციო საჩივარი მიღებულია წარმოებაში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ), 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად, მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნას დაუშვებლად.
4. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
5. წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არცერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
6. სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
7. განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია რომ:
7.1. მოსარჩელე 2018 წლის მაისიდან დასაქმებული იყო მოპასუხე კომპანიაში. 2018 წლის 28 მაისს გაფორმებული შრომითი ხელშეკრულების მიხედვით, მოსარჩელე მოპასუხე კომპანიაში დასაქმდა დიზაინერის პოზიციაზე და მისი შრომის ყოველთვიური ანაზღაურება იყო 750 ლარი;
7.2. მხარეთა შორის სამჯერ გაფორმდა შრომითი ხელშეკრულება: 2019 წლის 1 იანვრის ხელშეკრულებით მოსარჩელის შრომის ყოველთვიური ანაზღაურება განისაზღვრა 1000 ლარით, ხოლო ხელშეკრულების ვადა - 2019 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით; 2020 წლის 1 იანვრის ხელშეკრულებით მოსარჩელის შრომის ყოველთვიური ანაზღაურება განისაზღვრა 1500 ლარით, ხოლო ხელშეკრულების ვადა - 2020 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით; 2021 წლის 1 იანვრის ხელშეკრულებით, მოსარჩელის შრომის ყოველთვიური ანაზღაურება განისაზღვრა 2 295,91 ლარით (დასაბეგრი ოდენობა), ხოლო ხელშეკრულების ვადა - 2021 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით;
7.3. შრომითი ხელშეკრულების 1.2. პუნქტის მიხედვით, მოსარჩელის მოვალეობებში შედიოდა: ბეჭდვითი მასალების (საიმიჯო ინსტიტუციონალური ბუკლეტები, სერვისების ბროშურები, ფლაერები, ეტიკეტები) დიზაინის შექმნა; რეკლამისა და ლოგოს დიზაინის მომზადება; სხვადასხვა სარეკლამო საშუალებების და სუვენირების დიზაინის შემუშავება; პრეზენტაციებისათვის ელექტრონული დიზაინის შემუშავება; სხვადასხვა სახის დიზაინის, რენდერების შემუშავება და შესრულება;
7.4. გარდა ალკოჰოლური სასმელების დისტრიბუციისა, მოპასუხე კლიენტებს სთავაზობდა მარკეტინგულ, სავაჭრო და სხვა სახის მომსახურებებს;
7.5. მოპასუხესა და შპს „წ.ვ.ე.ს–ს“ შორის 2016 წლის 1 მარტს გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის მიხედვით, მოპასუხეს უნდა უზრუნველეყო კონტრაქტორისთვის შემდეგი მომსახურების გაწევა: პროდუქციის პოპულარიზაცია, დაბრენდვა, მარკეტინგი, რეკლამირება, გავრცელება-დისტრიბუცია, როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ;
7.6. მოპასუხესა და შპს „ვ.ჯ–ას“ შორის 2016 წლის 15 მარტს გაფორმებული მომსახურების ხელშეკრულების 1.1. პუნქტის მიხედვით, მოპასუხე კომპანიის მიერ გასაწევი მომსახურებაა: დამკვეთის საქმიანობის პოპულარიზაციის მიზნით, სარეკლამო ფლაერების, რგოლების, ლოგოების, ბრენდბუქებისა და ბუკლეტების მომზადება;
7.7. მოპასუხე კომპანიასა და შპს „ნ.ნ–ს“ შორის 2021 წლის 1 მარტს გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, მოპასუხეს აღნიშნული კომპანიისთვის უნდა გაეწია სარეკლამო მომსახურება, რაც მოიცავდა ფლაერების, სარეკლამო რგოლების, რენდერების, ლოგოების, ბრენდბუქების შექმნას.
7.8. დამსაქმებლის 2021 წლის 1 დეკემბრის ბრძანებით, საქართველოს შრომის კოდექსის 47-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე დასაქმებულთან შეწყდა შრომითი ხელშეკრულება 2022 წლის 1 იანვრიდან, ხოლო მოპასუხემ, ხელშეკრულების შეწყვეტის გამო, მიიღო კომპენსაცია ორი თვის შრომის ანაზღაურება;
8. იმ სამართლებრივი შედეგის გათვალისწინებით, რისი მიღწევაც მოსარჩელეს სურს, კერძოდ, ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოს ანაზღაურების მოთხოვნა საქართველოს შრომის კოდექსის 2.1 (შრომითი ურთიერთობა არის შრომის ორგანიზაციული მოწესრიგების პირობებში დასაქმებულის მიერ დამსაქმებლისათვის სამუშაოს შესრულება ანაზღაურების სანაცვლოდ), 14.1-ე მუხლის „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტების (შრომითი ხელშეკრულების არსებითი პირობებია: თანამდებობა (არსებობის შემთხვევაში მიეთითება რანგი, თანრიგი, კატეგორია და სხვა) და შესასრულებელი სამუშაოს სახე ან აღწერილობა; შრომის ანაზღაურება (მიეთითება ხელფასი, აგრეთვე არსებობის შემთხვევაში − დანამატი) და მისი გადახდის წესი), 41.1-ე (შრომის ანაზღაურება არის ძირითადი ან მინიმალური ანაზღაურება ან ხელფასი ან ნებისმიერი სხვა ანაზღაურება, რომელიც გადახდილია ფულადი ფორმით ან ნატურით და რომელსაც პირდაპირ ან არაპირდაპირ იღებს დასაქმებული დამსაქმებლისგან სამუშაოს შესრულების სანაცვლოდ) 41.2-ე (შრომის ანაზღაურების ფორმა და ოდენობა განისაზღვრება შრომითი ხელშეკრულებით), 41.3-ე (შრომის ანაზღაურება გაიცემა არანაკლებ თვეში ერთხელ), 44-ე (დასაქმებულთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტისას დამსაქმებელი ვალდებულია, მოახდინოს საბოლოო ანგარიშსწორება მისი შეწყვეტიდან არაუგვიანეს 7 კალენდარული დღისა, თუ შრომითი ხელშეკრულებით ან კანონით სხვა რამ არ არის განსაზღვრული) მუხლებიდან გამომდინარეობს.
9. ამ ტიპის სარჩელის წარმატებულობა, ბუნებრივია, უნდა შემოწმდეს მისი დამფუძნებელი ნორმის/ნორმების წინაპირობებთან მიმართებაში, რაც იმას ნიშნავს, რომ უპირველესად, სასამართლომ სწორად უნდა განსაზღვროს მოთხოვნის მარეგულირებელი სამართლებრივი საფუძველი - კანონის ნორმა, გამოარკვიოს სარჩელში მითითებული ფაქტების შესაბამისობა დამფუძნებელი ნორმის აბსტრაქტულ ელემენტებთან (ფორმალური გამართულობა), დადებითი პასუხის შემთხვევაში, სარჩელსა და შესაგებელში გამოთქმული პოზიციების ურთიერთშეჯერებით გამოარკვიოს სადავო და უდავო ფაქტობრივი გარემოებები (მტკიცების საგანი) და გაანაწილოს მხარეთა შორის მტკიცების საგანში შემავალი ფაქტების დადასტურების ტვირთი (მტკიცების ტვირთი).
10. კასატორის (მოსარჩელის) ძირითადი საკასაციო პრეტენზია ემყარება იმას, რომ სააპელაციო სასამართლომ მხარეთა შორის არასწორად გაანაწილა მტკიცების ტვირთი, რის გამოც, არასწორად დაასკვნა, რომ მოსარჩელეს არ შეუსრულებია დამატებითი სამუშაო, რომლის შესრულების ვალდებულებაც მას მოპასუხესთან გაფორმებული შრომითი ხელშეკრულებით არ გააჩნდა (შესაბამისად, არასწორად დაასკვნა, რომ დამსაქმებელს არ ეკისრებოდა სახელფასო დავალიანების ანაზღაურების ვალდებულება).
11. საკასაციო პალატა ვერ იზიარებს მტკიცების ტვირთის არასწორად განაწილების თაობაზე კასატორის პრეტენზიას და მიიჩნევს, რომ საქმეზე გადაწყვეტილება მიღებულ იქნა შეჯიბრებითობის პრინციპის სრულად რეალიზაციის პირობებში, კერძოდ, რაკი მოსარჩელის მოთხოვნის ფაქტობრივი საფუძველი მოპასუხესთან არსებული შრომითი ურთიერთობაა, ამ მიმართებით მნიშვნელოვანია შრომითსამართლებრივ დავებთან დაკავშირებით საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკა, რომელიც დამსაქმებელსა და დასაქმებულს შორის შრომითი დავის განხილვისას მტკიცების ტვირთის განაწილებას შეეხება და განპირობებულია მტკიცებულებების წარდგენის თვალსაზრისით დამსაქმებლისა და დასაქმებულის არათანაბარი შესაძლებლობების არსებობით. საქართველოს უზენაესმა სასამართლომ შრომით დავასთან დაკავშირებულ არაერთ საქმეში განმარტა, რომ ამ სახის დავები მტკიცების ტვირთის განაწილების გარკვეული თავისებურებით ხასიათდება, რასაც მტკიცებულებების წარმოდგენის თვალსაზრისით, დამსაქმებლისა და დასაქმებულის არათანაბარი შესაძლებლობები განაპირობებს. აღნიშნული დასკვნა გამომდინარეობს იმ ძირითადი პრინციპიდან, რომ დამსაქმებელს დასაქმებულთან შედარებით აქვს მტკიცებითი უპირატესობა, სასამართლოს წარუდგინოს მისთვის ხელსაყრელი მტკიცებულებები (შდრ სუსგ საქმე №ას-922-884-2014, 16 აპრილი, 2015 წელი; №ას-483-457-2015, 7 ოქტომბერი, 2015 წელი; №ას-182-171-2017, 27 დეკემბერი, 2019 წელი). შესაბამისად, საკასაციო სასამართლო იზიარებს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს დასკვნებს, მტკიცების ტვირთის განაწილების საფუძველზე, საქმის გადასაწყვეტად დადგენილ სამართლებრივად მნიშვნელოვან ფაქტებსა და მათ სამართლებრივ შეფასებასთან დაკავშირებით და საქმეში წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაშიც დამსაქმებლის მხარეს იყო მტკიცებითი უპირატესობა, სასამართლოსათვის წარედგინა მტკიცებულებები, რომელიც სახელფასო დავალიანების არარსებობას დაადასტურებდა. საკასაციო პალატა თვლის, რომ მოპასუხემ სათანადო და დამაჯერებელ მტკიცებულებებზე მითითებით უზრუნველყო თავისი წილი მტკიცების ტვირთის რეალიზება და შეძლო სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლად დასახელებული გარემოების (სახელფასო დავალიანების არსებობის) გაქარწყლება.
12. კერძოდ, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ: მოსარჩელე მოპასუხე კომპანიაში დასაქმებული იყო დიზაინერის პოზიციაზე და მის მოვალეობებში შედიოდა: ბეჭდვითი მასალების (საიმიჯო ინსტიტუციონალური ბუკლეტები, სერვისების ბროშურები, ფლაერები, ეტიკეტები) დიზაინის შექმნა; რეკლამისა და ლოგოს დიზაინის მომზადება; სხვადასხვა სარეკლამო საშუალებების და სუვენირების დიზაინის შემუშავება; პრეზენტაციებისათვის ელექტრონული დიზაინის შემუშავება; სხვადასხვა სახის დიზაინის, რენდერების შემუშავება და შესრულება; დადგენილია ასევე, რომ მოპასუხე კომპანია გარდა ალკოჰოლური სასმელების დისტრიბუციისა, კლიენტებს სთავაზობდა მარკეტინგულ, სავაჭრო და სხვა სახის მომსახურებებს და ამ მიზნით ხელშეკრულებებს აფორმებდა სხვადასხვა ორგანიზაციებთან (მაგ. შპს „წ.ვ.ე.ს–სისთან“, შპს „ვ.ჯ–ასთან, შპს „ნ.ნ–ისთან“). დადგენილია ისიც, რომ მოპასუხეს აღნიშნული ხელშეკრულებებით ევალებოდა კონტრაქტორი კომპანიებისთვის სხვადასხვა მომსახურების გაწევა, მათ შორის, პროდუქციის პოპულარიზაცია, დაბრენდვა, მარკეტინგი, რეკლამირება, დამკვეთის საქმიანობის პოპულარიზაციის მიზნით, სარეკლამო ფლაერების, რგოლების, ლოგოების, ბრენდბუქებისა და ბუკლეტების მომზადება და სხვა (მოპასუხესა და შპს „წ.ვ.ე.ს–ს“ შორის 2016 წლის 1 მარტს გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის მიხედვით, მოპასუხეს უნდა უზრუნველეყო კონტრაქტორისთვის შემდეგი მომსახურების გაწევა: პროდუქციის პოპულარიზაცია, დაბრენდვა, მარკეტინგი, რეკლამირება, გავრცელება-დისტრიბუცია, როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ; მოპასუხესა და შპს „ვ.ჯ–ას“ შორის 2016 წლის 15 მარტს გაფორმებული მომსახურების ხელშეკრულების 1.1. პუნქტის მიხედვით, მოპასუხე კომპანიის მიერ გასაწევი მომსახურებაა: დამკვეთის საქმიანობის პოპულარიზაციის მიზნით, სარეკლამო ფლაერების, რგოლების, ლოგოების, ბრენდბუქებისა და ბუკლეტების მომზადება; მოპასუხე კომპანიასა და შპს „ნ.ნ–ს“ შორის 2021 წლის 1 მარტს გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, მოპასუხეს აღნიშნული კომპანიისთვის უნდა გაეწია სარეკლამო მომსახურება, რაც მოიცავდა ფლაერების, სარეკლამო რგოლების, რენდერების, ლოგოების, ბრენდბუქების შექმნას).
13. გამომდინარე იქიდან, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში, მოსარჩელე ასრულებდა სწორედ იმ სახის სამუშაოებს (ბეჭდვითი მასალების (საიმიჯო ინსტიტუციონალური ბუკლეტები, სერვისების ბროშურები, ფლაერები, ეტიკეტები) დიზაინის შექმნა, რეკლამისა და ლოგოს დიზაინის მომზადება, სხვადასხვა სარეკლამო საშუალებების და სუვენირების დიზაინის შემუშავება, პრეზენტაციებისათვის ელექტრონული დიზაინის შემუშავება, სხვადასხვა სახის დიზაინის, რენდერების შემუშავება და შესრულება), რაც, თავის მხრივ, წარმოადგენდა მარკეტინგული ხასიათის მომსახურებას და შედიოდა მოპასუხე კომპანიის საქმიანობის სფეროში, ხოლო საქმეში არ მოიპოვება მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა, რომ მოპასუხეს ევალებოდა მის კონტრაქტორ პირებთან გაწეული სამუშაოს გამო მოსარჩელისთვის დამატებითი ანაზღაურების გადახდა, საკასაციო სასამართლო იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების დასკვნას, რომ მოსარჩელის მიერ დამსაქმებლის კონტრაქტორი მეწარმეებისთვის მარკეტინგული მომსახურება (სარეკლამო ფლაერების, რგოლების, ლოგოების, ბრენდბუქებისა და ბუკლეტების მომზადება და სხვ.) გაწეული იქნა შრომითი ურთიერთობის ფარგლებში. საქმის მასალებით არც ის გარემოება დგინდება, რომ მოსარჩელემ ფაქტობრივად შეასრულა ისეთი სახის სამუშაო, რაც მის შრომით მოვალეობებს სცდებოდა და დამატებითი ანაზღაურების მოთხოვნის უფლებას წარმოშობდა. კასატორის მხოლოდ ზეპირი სახის მითითება, რომ შრომითი ხელშეკრულების დადების შემდგომ მოპასუხემ გასცა შესაბამისი დაპირება დამატებით გაწეული სამუშაოს ანაზღაურებასთან დაკავშირებით, არ შეიძლება მიჩნეულ იქნას იმგვარ დასაშვებ და დასაბუთებულ საკასაციო პრეტენზიად, რაც გასაჩივრებული განჩინებით დადგენილი გარემოებების გაბათილებისა და საქმის არსებითად განსახილველად დაშვების შესაძლებლობას მისცემდა სასამართლოს.
14. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სააპელაციო პალატამ მართებულად შეაფასა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და სწორი სამართლებრივი კვალიფიკაცია მისცა მათ, სწორად განახორციელა ის საპროცესო მოქმედებები, რომლებიც, მხარეთა თანასწორუფლებიანობის პირობებში, საჭირო იყო საქმის გარემოებთა დადგენისა და, მხარეთათვის დაკისრებული მტკიცების ტვირთის შესაბამისად, მათ მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასებისათვის, რაც ცხადყოფს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
15. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან, არც დასაბუთებული პოზიციაა წარმოდგენილი ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციათან ან/და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობის საფუძვლით.
16. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. თ.ლ–ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველი;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: მ. ერემაძე
მოსამართლეები: ვ. კაკაბაძე
ლ. მიქაბერიძე