№ას-185-2024
13 ივნისი, 2024 წელი ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
გიორგი მიქაუტაძე (თავმჯდომარე),
რევაზ ნადარაია (მომხსენებელი), თამარ ზამბახიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – თ.კ–ძე (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – ბ.თ–ძე (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 4 დეკემბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. ბ.თ–ძემ (შემდეგში მოსარჩელე) სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოში თ.კ–ძის (შემდეგში - მოპასუხე, კასატორი) მიმართ და მოითხოვა მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის, მდებარე: ქ. თბილისი, ..... (ყოფილი .....) N46, სართული 9, ბ. 28, ფართი 249.50 კვ.მ. (ს/კ N....) გამოთხოვა და აღნიშნული უძრავი ნივთის მესაკუთრისათვის თავისუფალ მდგომარეობაში გადაცემა (იხ. სარჩელი: ს.ფ. 2-15).
1.2. მოპასუხემ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ მოსარჩელის კუთვნილ უძრავ ქონებას ფლობს მართლზომიერად.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 29 მარტის საოქმო განჩინებით მოპასუხის შუამდგომლობა საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ არ დაკმაყოფილდა.
2.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 29 მარტის გადაწყვეტილებით ბ.თ–ძის სარჩელი დაკმაყოფილდა. მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილ იქნა უძრავი ნივთი, მდებარე: ქ. თბილისი, ...... (ყოფილი .....) N46, სართული 9, ბ. 28, ფართი 249.50 კვ.მ. (ს/კ N......) და დადგინდა მისი თავისუფალ მდგომარეობაში მესაკუთრისათვის გადაცემა. გადაწყვეტილება მიექცა დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.
3. პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად მიიჩნია საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
3.1. სადავო უძრავი ნივთი, მდებარე: ქ. თბილისი, ...... (ყოფილი .....) N46, სართული 9, ბ. 28, ფართი 249.50 კვ.მ. (ს/კ N.....), მოსარჩელის საკუთრებაშია.
3.2. მოსარჩელის კუთვნილი უძრავი ქონება მოპასუხის მფლობელობაშია.
3.3. ქ. თბილისში, ........ მდებარე უძრავი ქონება (საკადასტრო კოდი N.....) ირიცხება თორმეტი თანამესაკუთრის სახელზე. აღნიშნული უძრავი ქონებიდან 41.17 კვ.მ. ფართი (საკადასტრო კოდი N........) არის თ.კ–ძის საკუთრება.
3.4. 2015 წლის 18 იანვარს, ერთის მხრივ, საკადასტრო კოდით N..... უძრავი ქონების მესაკუთრეებს, მათ შორის, თ.კ–ძეს და მეორეს მხრივ, შპს „ბ.დ–ს“ (ს/ნ .......), როგორც „მოაღნაგეს“ შორის გაფორმდა აღნაგობის ძირითადი ხელშეკრულება და უძრავი ქონების გაცვლის/ნასყიდობის წინარე ხელშეკრულება (სანოტარო მოქმედების რეგისტრაციის N150040194), რომლის საფუძველზეც მესაკუთრეთა თანასაკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი, მდებარე - ქ. თბილისში, ........ უძრავი ქონება (საკადასტრო კოდი N.........), დაიტვირთა მოაღნაგის სასარგებლოდ მოაღნაგის მიერ თითოეულ მესაკუთრესთან დადებული ინდივიდუალური ხელშეკრულებებით მესაკუთრეების სასარგებლოდ დადგენილი ვალდებულებების შესრულების სანაცვლოდ. კერძოდ, მესაკუთრემ იკისრა უფლება და აიღო ვალდებულება, მიწის ნაკვეთზე საკუთარი ხარჯით აღმართოს (ააშენოს) მიწის ნაკვეთთან მყარად დაკავშირებული შენობა-ნაგებობა, რომლის ნაწილიც ამავე ხელშეკრულებით დადგენილ ვადაში და ინდივიდუალური ხელშეკრულებებით დადგენილი პირობებით გადაეცემოდა მესაკუთრეებს. ამავე ხელშეკრულებით მხარეებმა აიღეს ვალდებულება, დაედოთ ხელშეკრულება, რომლითაც მესაკუთრეები მიწის ნაკვეთს (გარდა იმ ნაწილისა, რომელიც მიწის ნაკვეთის მესაკუთრეს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ეკუთვნის ამ მიწის ნაკვეთზე აშენებული შენობა-ნაგებობის საერთო ფართში მესაკუთრისათვის პროპორციულად) საკუთრებაში გადასცემდნენ მოაღნაგეს, ხოლო მოაღნაგე ამ მიწის გადაცემული ფართის სანაცვლოდ თითოეულ მესაკუთრეს საკუთრებაში გადასცემდა ფართებს (მიწის ნაკვეთში შესაბამისი წილის გარეშე) და/ან ფულად თანხას, რომელთა ოდენობა/მოცულობა, აგრეთვე ფართის მახასიათებლები (მდგომარეობა) განისაზღვრებოდა თითოეულ მესაკუთრესა და მოაღნაგეს შორის დადებული ინდივიდუალური ხელშეკრულებით. ასეთი ხელშეკრულება უნდა დადებულიყო შენობა-ნაგებობის რკინა-ბეტონის კონსტრუქციის (ე.წ. კარკასის) სრულად დასრულებიდან (რაც გულისხმობს შენობა-ნაგებობის სახურავის დასრულებას) აშენებიდან 14 კალენდარულ დღეში. ინდივიდუალური ხელშეკრულებები უნდა დადებულიყო წინამდებარე ხელშეკრულების დადებისთანავე, თუ მხარეები სხვა ვადაზე არ შეთანხმდებოდნენ. აღნაგობის უფლება დადგინდა ოცდაოთხი თვით, რომლის ათვლაც დაიწყო წინამდებარე ხელშეკრულების დადების დღიდან.
3.5. აღნაგობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ინდივიდუალური ხელშეკრულება თ.კ–ძესთან არ დადებულა. აღნაგობის საგნის მესაკუთრეთა ერთმა ნაწილმა, მათ შორის, თ.კ–ძემ, საარბიტრაჟო სარჩელით მიმართა შპს „თ.ს.პ–ას“ შპს „ა–ის“ წინააღმდეგ აღნაგობის ხელშეკრულებისა და მის საფუძველზე წარმოშობილი სანივთო უფლების შეწყვეტისა და ნაკვეთის უფლებრივი დატვირთვისაგან განთავისუფლების შესახებ. აღნიშნულ სარჩელზე მიმდინარეობს საარბიტრაჟო წარმოება.
4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 29 მარტის გადაწყვეტილება და ამავე თარიღის საოქმო განჩინება საქმის წარმოების შეწყვეტაზე უარის თქმის შესახებ, სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა მოპასუხემ და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა. მოპასუხემ გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის ნაწილში ასევე გაასაჩივრა კერძო საჩივრით და მოითხოვა შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 04 დეკემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება. ამავე სასამართლოს 2023 წლის 04 დეკემბრის განჩინებით კერძო საჩივარი გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის ნაწილში არ დაკმაყოფილდა.
6. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების დასაბუთება:
5.1. სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები, მიიჩნია, რომ საქალაქო სასამართლომ სავსებით სწორად შეაფასა დადგენილი ფაქტები და მართებულად განმარტა, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდგომ – სსკ) 172-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, აპელანტი ვალდებული იყო, დაებრუნებინა მესაკუთრისათვის კუთვნილი ნივთი.
5.2. პალატამ მიუთითა, სსკ-ის 312-ე მუხლის პირველი ნაწილზე და მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში, საჯარო რეესტრის მონაცემები იყო ნამდვილი, ხოლო მოსარჩელე სადავო ნივთის მესაკუთრე. მოპასუხემ კი, სსკ-ის 159-ე მუხლის შესაბამისად, მისი მფლობელობის მართლზომიერება ვერ დაადასტურა.
5.3. სააპელაციო სასამართლო არ დაეთანხმა აპელანტის პრეტენზიას, რომ დავა იყო არბიტრაჟის განსჯადი და არსებობდა საქმის წარმოების შეწყვეტის საფუძველი. პალატამ მიუთითა, რომ განსახილველი დავა არ გამომდინარეობდა აღნაგობის ხელშეკრულებიდან, რაც გამორიცხავდა არბიტრაჟის კომპეტენციას.
7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 04 დეკემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა თ.კ–ძემ და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
8. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 01 მაისის განჩინებით, სსსკ-ის 396-ე მუხლის საფუძველზე საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად დასაშვებობის შესამოწმებლად.
9. საკასაციო საჩივრის მოთხოვნის ფაქტობრივ–სამართლებრივი დასაბუთება:
9.1. კასატორი მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ დაუსაბუთებლად არ გაიზიარა აპელანტის პოზიცია, მოპასუხის მფლობელობის მართლზომიერების შესახებ. მართლზომიერ მფლობელობას ადასტურებს 2015 წლის 18 იანვრის აღნაგობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ფართით უზრუნველყოფის ვალდებულების არსებობა.
9.2. კასატორის მოსაზრებით, სასამართლოს მცდარი დასკვნა მდგომარეობს იმაში, რომ უძრავი ნივთის დროებითი სარგებლობა არ მიიჩნია, როგორც შპს-ს დირექტორის მხრიდან აღებული ვალდებულებების სანაცვლოდ დათმობილ ქონებად. მოსარჩელემ 2023 წლის 29 მარტის სხდომაზე განაცხადა, რომ მოპასუხეს საცხოვრებელი ფართი დროებით დაუთმო შპს „ბ.დ–ის“ ვალდებულებების გამო. შესაბამისად, თ.კ–ძესთან მიმართებით მოქმედებდა, როგორც იურიდიული პირის დირექტორი და არა, როგორც ფიზიკური პირი.
9.3. კასატორი მიიჩნევს, რომ სასამართლომ დაუსაბუთებლად უთხრა მოპასუხეს უარი საქმის წარმოების შეწყვეტისა და შპს „თ.ს.პ–ისათვის“ საქმის გადაცემის შესახებ შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე. იმ ხელშეკრულების პირობების მიხედვით, რომლის საფუძველზეც მოსარჩელემ მოპასუხეს ნება დართო ესარგებლა მისი საკუთრებით, პირდაპირ განსაზღვრულია, რომ ნებისმიერი სადავო საკითხი უნდა განიხილოს არბიტრაჟმა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
10. საკასაციო სასამართლომ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ-ის) 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:
11. სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული ნორმის დანაწესით, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
12. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.
13. სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და სათანადოდ დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
14. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანია მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან მოსარჩელის კუთვნილი უძრავი ქონების გამოთხოვის საფუძვლის არსებობა.
15. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალში საკუთრების უფლება ფართოდაა განმარტებული და იგი მოიცავს მთელ რიგ ქონებრივ/ფულად უფლებებს, რომელიც საკუთრებიდან გამომდინარეობს. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში RYSOVSKYY v. UKRAINE განმარტა, რომ როდესაც სასწორზე დევს საზოგადოებრივი ინტერესი, განსაკუთრებით, როდესაც საქმე ეხება ადამიანის ფუნდამენტალურ უფლებებს, როგორიცაა მაგალითად საკუთრების უფლება, საჯარო ხელისუფლება უნდა მოქმედებდეს კეთილსინდისიერების ფარგლებში, სათანადოდ და, რაც მთავრია, შესაბამისად (RYSOVSKYY v. UKRAINE, 2012).
16. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში – მარქსი ბელგიის წინაღმდეგ განმარტა: „იმის აღიარებით, რომ ყოველ ადამიანს აქვს თავისი საკუთრებით (ქონებით) შეუფერხებელი სარგებლობის უფლება, მუხლი პირველი არსებითად უზრუნველყოფს საკუთრების უფლებას. ეს არის სრულიად ცხადი წარმოდგენა, რომელსაც ტოვებს სიტყვები „საკუთრება“ და „საკუთრების გამოყენება“(მარქსი ბელგიის წინააღმდეგ, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება განაცხ. №6833/74, სტრასბურგი, 1979 წლის 13 ივნისი).
17. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სსკ-ის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას.
18. ამავე კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილით კი განსაზღვრულია, რომ მესაკუთრეს შეუძლია, მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება.
19. შესაბამისად, არამფლობელი მესაკუთრის მიერ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის მართლზომიერებისთვის უნდა არსებობდეს შემდეგი წინაპირობები: ა) მოსარჩელე უნდა იყოს მესაკუთრე, ბ) მოპასუხე უნდა იყოს ნივთის მფლობელი და გ) მოპასუხეს არ უნდა ჰქონდეს ამ ნივთის ფლობის უფლება.
20. სსკ-ის 168-ე მუხლის თანახმად, მესაკუთრის პრეტენზიის გამო, ნივთის მფლობელობა წყდება, თუ მესაკუთრე მფლობელს წაუყენებს დასაბუთებულ პრეტენზიას. ამდენად, უნდა გამოიკვეთოს სსკ-ის 172-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგის განმაპირობებელი ყველა წინაპირობა, რათა მოსარჩელეს უფლება ჰქონდეს, ნივთის მისთვის გადაცემა მოითხოვოს (სუსგ 03.02.2021წ. საქმე №ას-136-2019, 29.01.2021წ. საქმე №ას-1437-2020, 12.12.2016წ. №ას-1043-1004-2016).
21. მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ სადავო უძრავი ნივთის მესაკუთრედ საჯარო რეესტრში ირიცხება მოსარჩელე, თუმცა მისი ფაქტობრივი მფლობელია მოპასუხე.
22. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა ითვალისწინებს სადავო გარემოებების მტკიცების გარკვეულ სტანდარტს.
23. სსსკ-ის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. 24. დასახელებული ნორმების თანახმად, სამოქალაქო პროცესში მხარეები ვალდებული არიან, სათანადო მტკიცებულებების წარდგენის გზით დაადასტურონ მათი პოზიციის გასამყარებლად მითითებული გარემოებების არსებობა. კანონით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, რომელიც ადგენს მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების სპეციფიკურ წესს, მოსარჩელეს ევალება სასარჩელო განცხადებაში ასახული ფაქტების მტკიცება, ხოლო მოპასუხე მოვალეა, სარჩელისაგან თავდაცვის მიზნით, ქმედითად უარყოს მოსარჩელის არგუმენტები, წარადგინოს იმგვარი მტკიცებულებები, რომლებიც გააქარწყლებს მოსარჩელის მიერ დასახელებულ ფაქტებს. წინააღმდეგ შემთხვევაში მხოლოდ მოპასუხის ზეპირი განმარტება მოსარჩელის პოზიციას ვერ გადაწონის და მხარისათვის არახელსაყრელ მატერიალურ-სამართლებრივ შედეგს გამოიწვევს.
25. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელემ წარმოადგინა საჯარო რეესტრის ამონაწერი, რომლითაც დაადასტურა მისი საკუთრების უფლების არსებობა სადავო ქონებაზე. მოპასუხეს ეკისრებოდა იმ გარემოების მტკიცების ტვირთი, რომ მისი მფლობელობა მართლზომიერია. კასატორი მიუთითებს, რომ მის მართლზომიერ მფლობელობას ადასტურებს 2015 წლის 18 იანვრის აღნაგობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ფართით უზრუნველყოფის ვალდებულების არსებობა.
26. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მართლზომიერ მფლობელად ითვლება პირი, რომელიც სამართლებრივი საფუძვლით ახორციელებს ნივთის მიმართ ფაქტობრივ ბატონობას. მაშასადამე, მართლზომიერი მფლობელობა მიუთითებს ობიექტურად არსებულ ფაქტორებზე, რაც ვლინდება მფლობელობის სამართლებრივი საფუძვლით არსებობაში. მართლზომიერი მფლობელია მესაკუთრე და ის პირები, რომელთა მფლობელობა მესაკუთრის მფლობელობიდანაა წარმოქმნილი. ნივთის მართლზომიერი მფლობელობა ვრცელდება მანამ, სანამ არსებობს მართლზომიერების სამართლებრივი საფუძველი. მოცემულ შემთხვევაში, მართალია დადგენილია, რომ მოპასუხემ მესაკუთრის თანხმობით დაიწყო ცხოვრება სადავო უძრავ ქონებაში, თუმცა ის გარემოება, რომ მოპასუხე საქმის განხილვის დროისათვის მართლზომიერ მფლობელს წარმოადგენს, საქმის მასალებით არ დასტურდება. მართლზომიერი მფლობელობის დადასტურებას მოპასუხე, როგორც უკვე აღინიშნა, ცდილობს 2015 წლის 18 იანვრის აღნაგობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ფართით უზრუნველყოფის ვალდებულების არსებობაზე მითითებით. თბილისში, ი. ....... უძრავი ქონების (საკადასტრო კოდი N....) თანამესაკუთრეებს, მათ შორის, მოპასუხესა და შპს „ბ.დ–ს“ (ამჟამად შპს „ა–ი“) შორის (რომლის დირექტორსაც წარმოადგენს მოსარჩელე) გაფორმდა აღნაგობის ძირითადი ხელშეკრულება და უძრავი ქონების გაცვლის/ნასყიდობის წინარე ხელშეკრულება (სანოტარო მოქმედების რეგისტრაციის N150040194), რომლის საფუძველზეც მესაკუთრეთა თანასაკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი, მდებარე - ქ. თბილისში, ....... უძრავი ქონება (საკადასტრო კოდი N........), დაიტვირთა შპს „ბ.დ–ის“ სასარგებლოდ, მის მიერ თითოეულ მესაკუთრესთან დადებული ინდივიდუალური ხელშეკრულებებით მესაკუთრეების სასარგებლოდ დადგენილი ვალდებულებების შესრულების სანაცვლოდ. ამდენად, აღნაგობის ძირითადი ხელშეკრულებიდან გამომდინარე, სწორედ ინდივიდუალური ხელშეკრულებით უნდა განსაზღვრულიყო თითოეული მესაკუთრის მიმართ შესასრულებელი ვალდებულების შესრულების დრო და პირობები. დადგენილია, რომ ასეთი ინდივიდუალური ხელშეკრულება მოპასუხესთან არ გაფორმებულა. შესაბამისად, იურიდიულ პირს, აღნაგობის ხელშეკრულების ფარგლებში, მოპასუხის მიმართ არ აუღია ფართით უზრუნველყოფის ვალდებულება. მოსარჩელის, როგორც ფიზიკური პირის მიერ სადავო უძრავი ქონებით სარგებლობაზე თანხმობა, არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს აღნაგობის ხელშეკრულების მიზნებისათვის ფართით უზრუნველყოფის ვალდებულებად. შესაბამისად, კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ წარმოადგენს მოპასუხის ისეთი საპროცესო თავდაცვის საშუალებას, რომელიც მის მართლზომიერ მფლობელობას დაადასტურებს და სარჩელის უარყოფის საფუძველი გახდება. პალატა ყურადღებას გაამახვილებს აგრეთვე მოსარჩელის მიერ სარჩელში მითითებულ გარემოებაზე იმის შესახებ, რომ ...... ქ. N55-ის ყველა მობინადრე დაბრუნდა თავის საკუთრებაში და მხოლოდ მოპასუხე არ გადადის მის კუთვნილ ბინაში. აღნიშულ გარემოებასთან მიმართებით მოპასუხეს შედავება არ განუხორციელებია, რაც ასევე ადასტურებს იმას, რომ მითითებულ მისამართზე (........ქ. N55) არსებულ ბინაში მოპასუხის დაბრუნების ხელისშემშლელი გარემოება არ არსებობს.
27. საკასაციო სასამართლო კასატორის პრეტენზიას, რომ სასამართლომ დაუსაბუთებლად უთხრა მოპასუხეს უარი საქმის წარმოების შეწყვეტისა და შპს „თ.ს.პ–ისათვის“ საქმის გადაცემის შესახებ შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე, ვერ გაიზიარებს და აღნიშნავს, რომ ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა მართებულად მიიჩნიეს აღნიშნული შუამდგომლობა უსაფუძვლოდ. სსსკ-ის 2721 მუხლის თანახმად, თუ მხარეებს დადებული აქვთ ხელშეკრულება, ან არსებობს მხარეთა შეთანხმება, რომ მათ შორის დავა გადასაწყვეტად არბიტრაჟს გადაეცეს, სასამართლო შეწყვეტს საქმის წარმოებას ერთ-ერთი მხარის განცხადების საფუძველზე. აღნიშნული განცხადება შესაგებლის წარდგენის ვადის გასვლამდე უნდა გაკეთდეს. „არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებულია, რომ საარბიტრაჟო შეთანხმებით მხარეები თანხმდებიან, რომ განსახილველად გადასცემენ არბიტრაჟს ყველა ან ზოგიერთ დავას, რომელიც წარმოიშვა ან შეიძლება წარმოიშვას მათ შორის ამა თუ იმ სახელშეკრულებო ან სხვა სამართლებრივი ურთიერთობიდან გამომდინარე. საარბიტრაჟო შეთანხმება შეიძლება დაიდოს ხელშეკრულებაში საარბიტრაჟო დათქმის ან ცალკე შეთანხმების ფორმით. მოცემულ შემთხვევაში, როგორც უკვე აღინიშნა, აღნაგობის ძირითადი ხელშეკრულებისა და უძრავი ქონების გაცვლის/ნასყიდობის წინარე ხელშეკრულების (სანოტარო მოქმედების რეგისტრაციის N150040194) მხარეებს წარმოადგენდნენ მოპასუხე და შპს „ბ.დ–ი“ (ამჟამად შპს „ა–ი“). მითითებული ხელშეკრულებები მოპასუხის საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფას არ ითვალისწინებდა. შესაბამისად, უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვის შესახებ ბ.თ–ძის, როგორც ფიზიკური პირის სარჩელი, არ წარმოადგენს ზემოაღნიშნული ხელშეკრულებების შესაბამისად, არბიტრაჟის მიერ განსახილველ დავას.
28. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად მიიჩნია დადგენილად მოპასუხის მიერ სადავო უძრავი ქონების არამართლზომიერი მფლობელობის ფაქტი, დადგენილი და გამოკვლეულია საქმის გადასაწყვეტად სამართლებრივად მნიშვნელოვანი ყველა გარემოება და საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგის განმაპირობებელი ყველა ფაქტობრივი წინაპირობის არსებობა. 29. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
30. კასატორმა ვერ დაასაბუთა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება წინააღმდეგობაში მოდის მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან ან/და მის დამატებით ოქმთან/ოქმებთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან.
31. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.
32. ამავდროულად, გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან, რომელთა ნაწილიც ასახულია წინამდებარე განჩინებაში.
33. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
34. სსსკ-ის 401-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ მოცემულ შემთხვევაში კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 150 ლარის 70% – 105 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 264.3-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. თ.კ–ძის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველი დაუშვებლობის გამო.
2. თ.კ–ძეს (......) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე ა. კ–ის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 150 ლარის (საგადახდო დავალება N21114355847, გადახდის თარიღი 25.03.2024) 70% – 105 ლარი;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე გიორგი მიქაუტაძე
მოსამართლეები: რევაზ ნადარაია
თამარ ზამბახიძე