№ას-49-2023
30 ნოემბერი, 2023 წელი თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
გიორგი მიქაუტაძე (თავმჯდომარე),
რევაზ ნადარაია (მომხსენებელი), თეა ძიმისტარაშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – დ.ნ–ძე (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 26 ივლისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – დისკრიმინაციის ფაქტის დადგენა, დისკრიმინაციის შედეგების აღმოფხვრა, მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. დ.ნ–ძემ (შემდეგში - მოსარჩელე, მოწინააღმდეგე მხარე) სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოში სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის (შემდეგში - მოპასუხე, კასატორი) მიმართ, შემდეგი სასარჩელო მოთხოვნებით:
1.1.დადგინდეს პირდაპირი დისკრიმინაციის ფაქტი მოპასუხე სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მხრიდან დ.ნ–ძის მიმართ განსხვავებული მოსაზრების ნიშნით, 2019 – 2020 სასწავლო წლის საშემოდგომო სემესტრის პერიოდისათვის;
1.2.დადგინდეს პირდაპირი დისკრიმინაციის ფაქტი მოპასუხე სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მხრიდან დ.ნ–ძის მიმართ განსხვავებული მოსაზრების ნიშნით, 2019 – 2020 სასწავლო წლის საგაზაფხულო სემესტრის პერიოდისათვის;
1.3.დაევალოს სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს დისკრიმინაციის შედეგების აღმოფხვრა, კერძოდ მოპასუხესთან
შრომითი ხელშეკრულების დადება;
1.4.მოპასუხე სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს მოსარჩელე დ.ნ–ძის სასარგებლოდ დაეკისროს 2019-2020 სასწავლო წლის საშემოდგომო და საგაზაფხულო სემესტრებში განხორციელებული დისკრიმინაციის გამო მატერიალური ზიანის, საერთო ჯამში მიუღებელი 6750 ლარის და მორალური ზიანის 25000 ლარის ანაზღაურება (მოსარჩელემ სასარჩელო მოთხოვნები დააზუსტა სასამართლო სხდომაზე).
2. მოპასუხემ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 19 ივლისის გადაწყვეტილებით, მოსარჩელე დ.ნ–ძის სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ:
- დადგინდა მოპასუხე სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ, 2019-2020 წლის საშემოდგომო სემესტრში, წინასახელშეკრულებო შრომით ურთიერთობის დროს, მოსარჩელე დ.ნ–ძის მიმართ განსხვავებული აზრის გამოხატვის გამო, დისკრიმინაციულად მოპყრობის ფაქტი;
- მოპასუხე სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს დაეკისრა მოსარჩელე დ.ნ–ძის სასარგებლოდ მატერიალური ზიანის სახით დარიცხული 3375 ლარის გადახდა;
- მოპასუხე სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს დაეკისრა მოსარჩელე დ.ნ–ძის სასარგებლოდ მორალური ზიანის ანაზღაურების სახით 1000 ლარის გადახდა;
- დარჩენილ ნაწილში მოსარჩელეს უარი ეთქვას სასარჩელო მოთხოვნების დაკმაყოფილებაზე.
4. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით ორივე მხარემ გაასაჩივრა; დ.ნ–ძემ მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება, ხოლო, სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
5. გასაჩივრებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილი:
5.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 26 ივლისის განჩინებით, სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და დ.ნ–ძის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 19 ივლისის გადაწყვეტილება.
6. სააპელაციო სასამართლოს განჩინების ფაქტობრივ–სამართლებრივი დასაბუთება:
6.1. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი უდავო ფაქტობრივი გარემოებები:
6.1.1. 2018 წლის 10 მაისს, მოპასუხე სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის 2018-05-10 №110/01-01 ბრძანებით, ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე მენეჯმენტისა და ადმინისტრირების კათედრაზე, ასოცირებული პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად გამოცხადდა კონკურსი, რომლის შედეგებიც მოსარჩელის მიერ გასაჩივრებულ იქნა სასამართლოში. ამის შემდეგ, მოსარჩელე მოპასუხესთან მიმართებით ღიად გამოხატავდა თავის უარყოფით შეხედულებებს სხვადასხვა საშუალებებით, როგორც სოციალურ ქსელში, ისე მედია საშუალებებში.
6.1.2. 2019 წლის 18 სექტემბრის განცხადებით, მოსარჩელემ მიმართა სახალხო დამცველს მის მიმართ, მოპასუხის მხრიდან 2019-2020 სასწავლო წლის საშემოდგომო სემესტრის დროს განხორციელებული დისკრიმინაციული მოპყრობის შესწავლის მოთხოვნით.
6.1.3. საქართველოს სახალხო დამცველის 2020 წლის 27 თებერვლის №13-4/2410 რეკომენდაციაში მითითებულია შემდეგი: განმცხადებელი დ.ნ–ძე 2010 წლიდან - 2019 წლამდე, სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის - მენეჯმენტისა და ადმინისტრირების კათედრაზე, მოწვეული პროფესორის სტატუსით კითხულობდა ლექციებს. მოსაზრებების გამოხატვის გამო, ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანმა - გ.ღ–ძემ, 2019 წლის შემოდგომის სემესტრიდან მის პროფესორად მოწვევაზე უარი განაცხადა. 2019 წლის 24 დეკემბერს, მოპასუხე უნივერსიტეტმა სახალხო დამცველს მიაწოდა ინფორმაცია, რომლის თანახმად, 2019 - 2020 წლის შემოდგომის სემესტრში საგანს „ტექნოლოგიური და ოპერაციული მენეჯმენტი“, ლექცია-სემინარებს უძღვება ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი ბ.რ–ი. აღნიშნული წარმოადგენს ასოცირებული პროფესორის სავალდებულო დატვირთვას და შესაბამისად, მას არ მიუღია დამატებითი ანაზღაურება. მოპასუხის განმარტებით, ასოცირებული პროფესორი - ბ.რ–ი, წლების განმავლობაში უძღვება სალექციო კურსს - „ოპერაციათა მენეჯმენტი“ ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში. სახალხო დამცველის რეკომენდაციის თანახმად, მოპასუხე მხარემ მიაწოდა ინფორმაცია იმ პირების შესახებ, რომლებიც 2018-2019 და 2019-2020 სასწავლო წლებში ლექტორად არ იქნენ მოწვეულნი, თუმცა, მოპასუხეს არ განუმარტავს, გადაეცა თუ არა მათი საგნები ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის აკადემიურ პერსონალს. 2019 წლის 11 დეკემბერს, სახალხო დამცველის წარმომადგენლები ესაუბრნენ თსუ-ს ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანს - გ.ღ–ძეს, რომელმაც განმარტა, რომ ლექტორის მოწვევის ვალდებულება არ არსებობს. ასევე აღნიშნა, რომ მოწვეული ლექტორების რაოდენობა უნდა შემცირდეს. განმცხადებლის საგანს კითხულობს არა მოწვეული ლექტორი, არამედ პირი, რომელიც ფაკულტეტის აკადემიურ პერსონალს წარმოადგენს. დეკანის განმარტებით, არსებობს პოტენციალი, რომ შიდა კადრებმა წაიკითხონ ლექციები. დეკანმა აღნიშნა, რომ იგი როგორც ფაკულტეტის კეთილდღეობისთვის პასუხისმგებელი პირი ემხრობა საათობრივი მოწვევის შემცირებას და თანხის აკადემიური პერსონალისათვის გადანაწილებას. მისი განმარტებით, აღნიშნული უფრო ეფექტიანი იქნება, როგორც აკადემიური პერსონალისთვის, ასევე დეკანისათვის. ასევე დეკანს არაეთიკურად მიაჩნა ელექტრონული მიმოწერის გასაჯაროება და მისი, როგორც იურიდიულ დოკუმენტად წარმოჩენა, არის უცოდინარობა.
სახალხო დამცველის ზემოაღნიშნული რეკომენდაციით, 2020 წლის 13 იანვარს განმცხადებელმა მოპასუხის წერილზე წარმოადგინა დამატებითი განცხადება, რომელშიც აღნიშნულია, რომ ბ.რ–ის ძირითად დატვირთვას საგანი - „ტექნოლოგიური და ოპერაციული მენეჯმენტი“ არ წარმოადგენს და მას სავალდებულო სემესტრულ დატვირთვაზე (10 საათზე) მეტი, დაკომპლექტებული ჰქონდა სხვა საგნებით. კერძოდ, მას ჰქონდა 16 საათიანი დატვირთვა (ოპერაციული მენეჯმენტი - 7 საათი, სტრატეგიული მენეჯმენტი - 6 საათი, კონკურენტული სტრატეგიები - 3 საათი). შესაბამისად, განმცხადებლის მოსაზრებით, არ არსებობდა ბ.რ–ის დამატებით დატვირთვის ობიექტური აუცილებლობა. ამასთან, განმცხადებელმა განმარტა, რომ „ტექნოლოგიური და ოპერაციული მენეჯმენტი“ მაგისტრატურაზე წასაკითხი საგანია, რომელიც ტექნოლოგიების კომპონენტს ითვალისწინებს და ბ.რ–ი ამ საგანს არასდროს კითხულობდა. განმცხადებელი აღნიშნავს, რომ „ტექნოლოგიური და ოპერაციული მენეჯმენტი“ შეიქმნა მისი და ასოცირებული პროფესორის - ე.ჩ–ის თანაავტორობით და ფაკულტეტზე შემოტანის დღიდან, ამ დისციპლინას ისინი ატარებდნენ. განმცხადებლის მითითებით, მას შემდეგ, რაც დაიწყო საგნის სხვა პედაგოგისათვის გადაცემის პროცესი, ე.ჩ–მა მისდამი სოლიდარობის ნიშნად, უარი თქვა საგნის წაკითხვაზე და სხვებსაც კოლეგიალობის დაცვისაკენ მოუწოდა. რეკომენდაციაში აღნიშნულია, რომ 2019 წლის 01 ნოემბერს, სახალხო დამცველის წარმომადგენლები გაესაუბრნენ თსუ-ს ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის მენეჯმენტისა და ადმინისტრირების კათედრის ხელმძღვანელს - დ.ნ–ას. დ.ნ–ას განმარტებით, როდესაც მიმდინარე სემესტრში (2019წ) “ტექნოლოგიური და ოპერაციული მენეჯმენტის“ სალექციო კურსად წაკითხვა განისაზღვრა, ვინაიდან დ.ნ–ძესთან მუშაობის კარგი გამოცდილება ჰქონდათ, მას გამოუყვეს სალექციო საათები. ამ მიზნით, შეავსო ლექტორის მოწვევის სპეციალური ფორმა, თუმცა დეკანმა განმცხადებლის მოწვევა არ ჩათვალა მიზანშეწონილად. დ.ნ–ას განმარტებით, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მას ელექტრონული მიმოწერაც ჰქონდა დეკანთან და საბჭოს წევრებთან. მისი განმარტებით, განმცხადებლის კვალიფიკაციასთან ან/და სტუდენტების უკმაყოფილებასთან დაკავშირებით საკითხი დაყენებული არასდროს ყოფილა. შესაბამისად, დასაბუთებული არგუმენტაცია, თუ რატომ არ უნდა მოეწვია განმცხადებელი, წარმოდგენილი არ ყოფილა. ამდენად, დ.ნ–ა მიიჩნევს, რომ სწორედ განმცხადებლის მოსაზრებები გახდა მისი ლექტორად მოწვევაზე უარის თქმის საფუძველი. მისი განმარტებით, შერჩეულ პროფესორს მანამდე საგანი - „ტექნოლოგიური და ოპერაციული მენეჯმენტი“ არასდროს წაუკითხავს და სილაბუსიც, ისევე როგორც სასწავლო მასალა, განმცხადებლის მომზადებულია. სახალხო დამცველმა დაადგინა, რომ დ.ნ–ძის მიმართ სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მხრიდან ადგილი ჰქონდა პირდაპირ დისკრიმინაციას განსხვავებული მოსაზრებების გამო. დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-3 პუნქტით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, საქართველოს სახალხო დამცველმა მიმართა სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს შემდეგი რეკომენდაციებით: 1. 2020-2021 წლების და შემდგომ სასწავლო სემესტრებში განიხილოს განმცხადებელთან შრომითი ხელშეკრულების დადების საკითხი; 2. შეიმუშაოს შიდა სახელმძღვანელო პრინციპები, რომელიც დაარეგულირებს ლექტორად მოწვევის საკითხს იმგვარად, რომ ნათელი და განჭვრეტადი იყოს კანდიდატებისათვის ის კრიტერიუმები, რაც შეიძლება დასაქმებაზე უარის თქმის საფუძველი იყოს. უზრუნველყოს თანასწორობის პოლიტიკის გატარება ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე, შიდა სამართლებრივი აქტებისა და სხვა დოკუმენტების „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად და მომავალში, საქმიანობა წარმართოს თანასწორობის პრინციპის დაცვით.
6.1.4. მოპასუხე სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მხრიდან სახალხო დამცველის რეკომენდაცია გასაჩივრებული არ ყოფილა, უფრო მეტიც, მოპასუხემ გაითვალისწინა რეკომენდაციები და დაიწყო მისი შესრულება. სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის 05.05.2020 წლის წერილში სახალხო დამცველის სახელზე აღნიშნულია შემდეგი: „თქვენი 2020 წლის 28 თებერვლის №5751/10-02 და №5756/0-02 კორესპონდენციების, ასევე, 2020 წლის 29 აპრილის №7894/10-02 კორესპონდენციის პასუხად, განსხვავებული მოსაზრების ნიშნით პირდაპირი დისკრიმინაციის დადგენის შესახებ საქართველოს სახალხო დამცველის №13-4/2409 და №13-4/2410 რეკომენდაციებთან დაკავშირებით მოგახსენებთ შემდეგს: 1. ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამების განსახორციელებლად, პერსონალის მოწვევის მოქმედი წესის შესაბამისად, თუ კათედრის ხელმძღვანელი წარმოადგენს ფაკულტეტის დეკანთან დ.ნ–ძის და თ.კ–ძის კანდიდატურებს, თითოეულ წინადადებაზე მოხდება მათთან შრომითი ხელშეკრულების გაფორმების საკითხის განხილვა. შესაბამისად, ფაკულტეტზე მოქმედი წესის გათვალისწინებით, აღნიშნული პროცედურის გავლა გარდაუვალია ნებისმიერ შემთხვევაში. 2. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს შემუშავებული აქვს შიდა სახელმძღვანელო პრინციპები, რომელიც არეგულირებს პერსონალის მოწვევის საკითხს, მაგრამ ვინაიდან არსებობს სახალხო დამცველის რეკომენდაცია (№13-4/2410) წესის შესაძლო განახლების მიზნით მუშაობა გაგრძელდება და საჭიროების შემთხვევაში, აღნიშნული საკითხი განხილული იქნება კანონმდებლობით დადგენილი წესით.“
6.1.5. 2018 წლის 19 ნოემბრის თსუ-ს ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის საბჭოს სხდომის ოქმი №16-ის თანახმად, დადგენილია დატვირთვების და დამატებითი საათების განაწილების პრინციპი:
1. თსუ-ს ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის აკადემიური პერსონალისათვის კათედრებზე არსებული სავალდებულო დატვირთვის საათების განაწილების წესი:
1.1. კათედრებმა სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის მიერ გადაცემული პირველი ეტაპისთვის გათვალისწინებული სასწავლო საათები (დატვირთვა) პირველ რიგში, გაანაწილონ შტატის პედაგოგების ძირითად დატვირთვაზე, პირველი ეტაპის გაუნაწილებელი და მეორე ეტაპის საათები კათედრებმა გაანაწილოს თავიანთი შეხედულებისამებრ, როგორც აკადემიურ, ასევე მოწვეულ პერსონალზე.
2. თსუ-ს ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის აკადემიური პერსონალისთვის კათედრებზე არსებული დამატებითი საათების განაწილების წესი: 1. დამატებითი საათები არ მიეცემა იმ აკადემიურ პერსონალს, რომელსაც აკადემიური თანამდებობის პარალელურად უკავია ადმინისტრაციული ან დამხმარე პერსონალის საშტატო ერთეული, აგრეთვე B კონტრაქტზე მყოფ აკადემიურ პერსონალს; 2. დამატებითი საათები ითვალისწინებს როგორც ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის, ასევე, ტურიზმის სკოლის სასწავლო საათებს; 3. თსუ-ს სხვა ფაკულტეტზე სასწავლო კურსების წასაკითხად მოწვეული ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის აკადემიური პერსონალისთვის მიცემული საათები არ გაითვალისწინება ფაკულტეტის აკადემიური პერსონალის სასწავლო დატვირთვაში (ძირითადი და დამატებითი) და შესაბამისად, მათზე, თსუ-ს ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ბიუჯეტიდან შრომითი ანაზღაურება არ გაიცემა. აღნიშნული საათების გათვალისწინება ძირითად დატვირთვაში შესაძლებელი იქნება მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ აკადემიური პერსონალი ვერ ახერხებს ძირითადი დატვირთვის შევსებას და მას არ ექნება დამატებითი საათები არცერთ სემესტრში.
4. აკადემიური პერსონალისთვის ძირითადი და დამატებითი საათების საერთო რაოდენობა სემესტრში, ასიმეტრიული დატვირთვის გარდა (შეეხება იმ კათედრას, რომელსაც დატვირთვის 80%-ზე მეტი აქვს ერთ სემესტრში) არ უნდა აღემატებოდეს: პროფესორი - 14 საათს (8სთ+6სთ); ასოცირებული პროფესორის - 16 საათს (10სთ+6სთ); ასისტენტ პროფესორი - 18 საათს (12 სთ+6სთ); მასწავლებელი - 16 საათს (10 სთ+6სთ).
საბჭოს სხდომაზე დადგინდა ასევე, ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის მოწვეული პერსონალის შერჩევისა და სასწავლო საათების განაწილების წესი:
1. თსუ-ში და მათ შორის, ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე მოწვეული
პერსონალის შერჩევა უნდა განხორციელდეს თსუ-ს აკადემიური საბჭოს დადგენილების საფუძველზე (№119/2018, 30.04.2018) აღნიშნული წესით (მუხლი 3 პუნქტი 2), პროგრამის/კათედრის ხელმძღვანელი მოწვეულ კანდიდატებს, შესაბამისი დასაბუთებით, წარუდგენს ფაკულტეტის დეკანს, რომელიც თავის მხრივ თანხმობის შემთხვევაში, შრომითი ხელშეკრულების გაფორმების მიზნით შუამდგომლობით მიმართავს თსუ-ს რექტორს.
2. მოწვეული პერსონალისთვის კვირეული დატვირთვის მაქსიმალური მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს 16 აკადემიურ საათს. (ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის საბჭოს ოქმი №7.30.11.2012).
სხდომის ოქმის თანახმად, თსუ-ს ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის აკადემიური და მოწვეული პერსონალისთვის (გარდა დამხმარე პერსონალისა) დღიური საათობრივი დატვირთვა, სწავლების სამივე საფეხურის გათვალისწინებით, განისაზღვრა არაუმეტეს 8 საათით.
6.1.6. სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამების განსახორციელებლად მოწვეული პერსონალის შერჩევის წესის მე-2 პუნქტის თანახმად, 1. საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამების განსახორციელებლად შეიძლება მოწვეული იქნეს: ა) სემინარული, პრაქტიკული მეცადინეობების ჩასატარებლად მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელსაც აქვს შესაბამისი პროფილით პრაქტიკული/პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ ერთი წლის გამოცდილება და შესაბამისი პროფილით მომუშავე პროფესორის/მეცნიერის/სპეციალისტის რეკომენდაცია; ბ) სალექციო კურსის წასაკითხად დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის /ან შესაბამისი პრაქტიკული გამოცდილების (ფაკულტეტის სპეციფიკის გათვალისწინებით) მქონე პირი, რომელსაც აქვს პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება და/ან პუბლიკაციები/გამოფენები/ფილმები და/ან სხვა სახის აქტივობები შესაბამისი პროფილის მიხედვით. 2. სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამების განსახორციელებლად შეიძლება მოწვეული იქნეს: ა) სემინარული, პრაქტიკული მეცადინეობების ჩასატარებლად დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი, გამონაკლის შემთხვევებში დოქტორანტი, რომელსაც აქვს შესაბამისი პროფილით პრაქტიკული/პედაგოგიური უშაობის არანაკლებ ერთი წლის გამოცდილება და შესაბამისი პროფილით მომუშავე პროფესორის/მეცნიერის/სპეციალისტის რეკომენდაცია; ბ) სალექციო კურსის წასაკითხად დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარსხის/ან შესაბამისი პრაქტიკული გამოცდილების (ფაკულტეტის სპეციფიკის გათვალისწინებით) მქონე პირი, რომელსაც აქვს პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება და/ან პუბლიკაციები/გამოფენები/ფილმები და/ან სხვა სახის აქტივობები შესაბამისი პროფილის მიხედვით. 3. სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამების განსახორციელებლად შეიძლება მოწვეული იქნეს: ა) სემინარული, პრაქტიკული მეცადინეობების ჩასატარებლად დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელსაც აქვს პრაქტიკული/პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ ერთი წლის გამოცდილება და შესაბამისი პროფილით მომუშავე პროფესორის/მეცნიერის/სპეციალისტის რეკომენდაცია; ბ) სალექციო კურსის წასაკითხად დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის/ან შესაბამისი პრაქტიკული გამოცდილების (ფაკულტეტის სპეციფიკის გათვალისწინებით) მქონე პირი, რომელსაც აქვს პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 6 წლის გამოცდილება და/ან პუბლიკაციები/გამოფენები/ფილმები და/ან სხვა სახის აქტივობები შესაბამისი პროფილის მიხედვით. სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამების განსახორციელებლად მოწვეული პერსონალის შერჩევის წესის მე-3 პუნქტის თანახმად, განსაზღვრულია მოწვეული პერსონალის დასაქმების პროცედურა: 1. საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამების განსახორციელებლად მოწვეული პერსონალის შერჩევას მოქმედი კანონმდებლობისა და წინამდებარე წესის მოთხოვნათა გათვალისწინებით, ეროვნული და საერთაშორისო შრომის ბაზრის მოკვლევით მიღებული მონაცემების საფუძველზე ახორციელებენ შესაბამისი საგანმანათლებლო პროგრამის ხელმძღვანელი და დეპარტამენტის /მიმართულების/ ინსტიტუტის/ კათედრის/ ცენტრის ხელმძღვანელი მოსაწვევი პირის (კანდიდატის) ავტობიოგრაფიის, კვალიფიკაციისა და შესაბამისი შრომითი გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტაციის მონაცემების შესწავლის საფუძველზე. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შერჩევის პროცედურის განხორციელების შედეგად გამოვლენილ კანდიდატს შესაბამისი დასაბუთებით პროგრამის ხელმძღვანელი და დეპარტამენტის/ მიმართულების/ ინსტიტუტის/ კათედრის ხელმძღვანელი წარუდგენენ ფაკულტეტის დეკანს. ფაკულტეტის დეკანი წარდგენილი კადიდატისათვის შრომითი ხელშეკრულების გაფორმების მიზნით შუამდგომლობით მიმართავს თსუ-ს რექტორს. 3. ამ მუხლის მეორე პუნქტით გათვალისწინებული შერჩევის პროცედურის განხორციელების შედეგად გამოვლენილი კანდიდატისათვის შრომითი ხელშეკრულების გაფორმების მიზნით, ენების შემსწავლელი ცენტრის ხელმძღვანელი შუამდგომლობით მიმართავს თსუ-ს რექტორს.
4. რექტორის შესაბამისი გადაწყვეტილების არსებობის შემთხვევაში საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამების განსახორციელებლად მოწვეულ პერსონალთან (შერჩეულ კანდიდატთან), მოქმედი კანონმდებლობისა და უნივერსიტეტის შიდასამართლებრივი აქტებით დადგენილი წესით შრომით ხელშეკრულებას აფორმებს თსუ-ს ადმინისტრაციის ხელმძღვანელი.
6.1.7. მოსარჩელის მიერ მითითებული სალექციო კურსი, კერძოდ, ტექნოლოგიური და ოპერაციული მენეჯმენტი მოპასუხის მიერ წასაკითხად გადაცემულია სხვა პედაგოგისათვის.
6.1.8. სახალხო დამცველს მოსარჩელის დისკრიმინაციული მოპყრობის გამო მოპასუხისათვის გაგზავნილი რეკომენდაციის აღსრულებისათვის საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით სარჩელით სასამართლოსათვის არ მოუმართავს.
6.2. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:
6.2.1. სააპელაციო პალატამ სრულად გაიზიარა გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოება მასზედ, რომ მოპასუხის მიერ მოსარჩელე დ.ნ–ძის მიმართ, 2019-2020 სასწავლო წლის საშემოდგომო სემესტრის დროს ადგილი ჰქონდა დისკრიმინაციულ მოპყრობას. პალატის დასკვნა ემყარება შემდეგ გარემოებებს:
მხარეთა შორის სადავო არ იყო ის გარემოება, რომ „ტექნოლოგიური და ოპერაციული მენეჯმენტი“ შეიქმნა მოსარჩელე დ.ნ–ძისა და ასოცირებული პროფესორის - ე.ჩ–ის თანაავტორობით და ფაკულტეტზე შემოტანის დღიდან ამ დისციპლინას აღნიშნული პირები ატარებდნენ. ასევე დადგენილი იყო, რომ 2018 წლის 10 მაისს მოპასუხე სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის 2018-05-10 N110/01-01 ბრძანებით ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე მენეჯმენტისა და ადმინისტრირების კათედრაზე ასოცირებული პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად გამოცხადდა კონკურსი, რომლის შედეგებიც მოსარჩელის მიერ გასაჩივრებულ იქნა სასამართლოში. მოსარჩელე ამის შემდეგ მოპასუხესთან მიმართებით ღიად გამოხატავდა თავის უარყოფით შეხედულებებს სხვადასხვა საშუალებებით, როგორც სოციალურ ქსელში, ისე მედიასაშუალებებში. შესაბამისად, მოსარჩელის მოსაზრებით მასთან შრომითი ხელშეკრულების გაფორმებაზე უარი განპირობებული იყო დისკრიმინაციული მოტივებით განსხვავებული მოსაზრების ნიშნით.
დადგენილი იყო, რომ 18.09.2019 წლის განცხადებით, მოსარჩელემ მიმართა სახალხო დამცველს მის მიმართ, მოპასუხის მხრიდან 2019-2020 სასწავლო წლის საშემოდგომო სემესტრის დროს განხორციელებული დისკრიმინაციული მოპყრობის შესწავლის მოთხოვნით. მოსარჩელე საკუთარი პოზიციის დასადასტურებლად წარმოადგინა საქართველოს სახალხო დამცველის 2020 წლის 27 თებერვლის რეკომენდაცია, რომლის მიხედვითაც, სახალხო დამცველმა დაადგინა, რომ დ.ნ–ძის მიმართ სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მხრიდან ადგილი ჰქონდა პირდაპირ დისკრიმინაციას განსხვავებული მოსაზრების გამო.
სააპელაციო პალატამ ყურადღება გაამახვილა საქართველოს სახალხო დამცველის რეკომენდაციის ფაქტობრივ და სამართლებრვი დასაბუთებაზე, კერძოდ:
- 27.02.2020 წლის №13-4/2410 რეკომენდაციაში მითითებული იყო შემდეგი: განმცხადებელი დ.ნ–ძე 2010 წლიდან - 2019 წლამდე, სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის - მენეჯმენტისა და ადმინისტრირების კათედრაზე, მოწვეული პროფესორის სტატუსით კითხულობდა ლექციებს. მოსაზრებების გამოხატვის გამო, ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანმა გ.ღ–ძემ 2019 წლის შემოდგომის სემესტრიდან მის პროფესორად მოწვევაზე უარი განაცხადა.
- 2019 წლის 24 დეკემბერს მოპასუხე უნივერსიტეტმა სახალხო დამცველს მიაწოდა ინფორმაცია, რომლის თანახმად, 2019 - 2020 წლის შემოდგომის სემესტრში საგანს „ტექნოლოგიური და ოპერაციული მენეჯმენტი“, ლექცია-სემინარებს უძღვება ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი ბ.რ–ი. აღნიშნული წარმოადგენს ასოცირებული პროფესორის სავალდებულო დატვირთვას და შესაბამისად, მას არ მიუღია დამატებითი ანაზღაურება. მოპასუხის განმარტებით, ასოცირებული პროფესორი ბ.რ–ი წლების განმავლობაში უძღვება სალექციო კურსს - „ოპერაციათა მენეჯმენტი“ ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში. სახალხო დამცველის რეკომენდაციის თანახმად, მოპასუხე მხარემ მიაწოდა ინფორმაცია იმ პირების შესახებ, რომლებიც 2018-2019, 2019-2020 სასწავლო წლებში ლექტორად არ იქნენ მოწვეულნი, თუმცა მოპასუხეს არ განუმარტავს, გადაეცა თუ არა მათი საგნები ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის აკადემიურ პერსონალს. - 2019 წლის 11 დეკემბერს სახალხო დამცველის წარმომადგენლები ესაუბრნენ თსუ-ს ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანს - გ.ღ–ძეს, რომელმაც განმარტა, რომ ლექტორის მოწვევის ვალდებულება არ არსებობს. ასევე აღნიშნა, რომ მოწვეული ლექტორების რაოდენობა უნდა შემცირდეს. განმცხადებლის საგანს კითხულობს არა მოწვეული ლექტორი, არამედ პირი, რომელიც ფაკულტეტის აკადემიურ პერსონალს წარმოადგენს. დეკანის განმარტებით, არსებობს პოტენციალი, რომ შიდა კადრებმა წაიკითხონ ლექციები. დეკანმა აღნიშნა, რომ იგი როგორც ფაკულტეტის კეთილდღეობისთვის პასუხისმგებელი პირი, ემხრობა საათობრივი მოწვევის შემცირებას და თანხის აკადემიური პერსონალისათვის გადანაწილებას. მისი განმარტებით, აღნიშნული უფრო ეფექტიანი იქნება, როგორც აკადემიური პერსონალისთვის, ასევე დეკანისათვის. ასევე დეკანს არაეთიკურად მიაჩნა ელექტრონული მიმოწერის გასაჯაროება და მისი როგორც იურიდიულ დოკუმენტად წარმოჩენა არის უცოდინარობა.
- სახალხო დამცველის ზემოაღნიშნული რეკომენდაციით, 2020 წლის 13 იანვარს განმცხადებელმა მოპასუხის წერილზე წარმოადგინა დამატებითი განცხადება, რომელშიც აღნიშნულია, რომ ბ.რ–ის ძირითად დატვირთვას საგანი - „ტექნოლოგიური და ოპერაციული მენეჯმენტი“ არ წარმოადგენს და მას სავალდებულო სემესტრულ დატვირთვაზე (10 საათზე) მეტი დაკომპლექტებული ჰქონდა სხვა საგნებით. კერძოდ, მას ჰქონდა 16 საათიანი დატვირთვა (ოპერაციული მენეჯმენტი - 7 საათი; სტრატეგიული მენეჯმენტი - 6 საათი; კონკურენტული სტრატეგიები - 3 საათი). შესაბამისად, განმცხადებლის მოსაზრებით, არ არსებობდა ბ.რ–ის დამატებით დატვირთვის ობიექტური აუცილებლობა. ამასთან, განმცხადებელმა განმარტა, რომ „ტექნოლოგიური და ოპერაციული მენეჯმენტი“ მაგისტრატურაზე წასაკითხი საგანია, რომელიც ტექნოლოგიების კომპონენტს ითვალისწინებს და ბ.რ–ი ამ საგანს არასდროს კითხულობდა. განმცხადებელი აღნიშნავს, რომ „ტექნოლოგიური და ოპერაციული მენეჯმენტი“ შეიქმნა მისი და ასოცირებული პროფესორის - ე.ჩ–ის თანაავტორობით და ფაკულტეტზე შემოტანის დღიდან ამ დისციპლინას ისინი ატარებდნენ. განმცხადებლის მითითებით, მას შემდეგ, რაც დაიწყო საგნის სხვა პედაგოგისათვის გადაცემის პროცესი, ე.ჩ–მა მისდამი სოლიდარობის ნიშნად უარი თქვა საგნის წაკითხვაზე და სხვებსაც კოლეგიალობის დაცვისაკენ მოუწოდა.
- რეკომენდაციაში აღნიშნული იყო, რომ 2019 წლის 01 ნოემბერს, სახალო დამცველის წარმომადგენლები გაესაუბრნენ თსუ-ს ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის მენეჯმენტისა და ადმინისტრირების კათედრის ხელმძღვანელს - დ.ნ–ას. დ.ნ–ას განმარტებით, როდესაც მიმდინარე სემესტრში (2019 წ.) „ტექნოლოგიური და ოპერაციული მენეჯმენტის“ სალექციო კურსად წაკითხვა განისაზღვრა, ვინაიდან დ.ნ–ძესთან მუშაობის კარგი გამოცდილება ჰქონდათ, მას გამოუყვეს სალექციო საათები. ამ მიზნით, შეავსო ლექტორის მოწვევის სპეციალური ფორმა, თუმცა დეკანმა განმცხადებლის მოწვევა არ ჩათვალა მიზანშეწონილად. დ.ნ–ას განმარტებით, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მას ელექტრონული მიმოწერაც ჰქონდა დეკანთან და საბჭოს წევრებთან. მისი განმარტებით, განმცხადებლის კვალიფიკაციასთან ან/და სტუდენტების უკმაყოფილებასთან დაკავშირებით საკითხი დაყენებული არასდროს ყოფილა. შესაბამისად, დასაბუთებული არგუმენტაცია, თუ რატომ არ უნდა მოეწვია განმცხადებელი, წარმოდგენილი არ ყოფილა. ამდენად, დ.ნ–ა მიიჩნევს, რომ სწორედ განმცხადებლის მოსაზრებები გახდა მისი ლექტორად მოწვევაზე უარის თქმის საფუძველი. მისი განმარტებით, შერჩეულ პროფესორს მანამდე საგანი - „ტექნოლოგიური და ოპერაციული მენეჯმენტი“ არასდროს წაუკითხავს და სილაბუსიც, ისევე როგორც სასწავლო მასალა, განმცხადებლის მომზადებულია.
- სახალხო დამცველმა დაადგინა, რომ დ.ნ–ძის მიმართ სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მხრიდან ადგილი ჰქონდა პირდაპირ დისკრიმინაციას განსხვავებული მოსაზრებების გამო. საქმეში არსებული გარემოებებისა და მტკიცებულებების გაანალიზების საფუძველზე, სახალხო დამცველმა მიუთითა, რომ განმცხადებლის უფლებაში ჩარევის საფუძველს რეალურად წარმოადგენდა მის მიერ დაფიქსირებული მოსაზრებები, რომელიც მიუღებელი აღმოჩნდა დამსაქმებლისთვის. მოპასუხემ კი ვერ წარმოადგინა სათანადო და დამაჯერებელი არგუმენტაცია, რომლიც სახალხო დამცველს განმცხადებლის მიმართ წარმოშობილ დისკრიმინაციული მოპყრობის ვარაუდს გაუქარწყლებდა. შესაბამისად, სახალხო დამცველმა მოპასუხის მიერ დასახელებული არგუმენტაცია არ მიიჩნია ლეგიტიმურ მიზნად, რომელიც განმცხადებლის მიმართ განსხვავებულ მოპყრობას გაამართლებდა.
- „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-3 პუნქტით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, საქართველოს სახალხო დამცველმა მიმართა სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს შემდეგი რეკომენდაციებით:
1. 2020-2021 წლების და შემდგომ სასწავლო სემესტრებში განიხილოს განმცხადებელთან შრომითი ხელშეკრულების დადების საკითხი;
2. შეიმუშაოს შიდა სახელმძღვანელო პრინციპები, რომელიც დაარეგულირებს ლექტორად მოწვევის საკითხს იმგვარად, რომ ნათელი და განჭვრეტადი იყოს კანდიდატებისათვის ის კრიტერიუმები, რაც შეიძლება დასაქმებაზე უარის თქმის საფუძველი იყოს. უზრუნველყოს თანასწორობის პოლიტიკის გატარება ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე, შიდა სამართლებრივი აქტებისა და სხვა დოკუმენტების „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად და მომავალში საქმიანობა წარმართოს თანასწორობის პრინციპის დაცვით.
სააპელაციო პალატამ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ აპელანტს საქართველოს სახალხო დამცველის ზემოხსენებული რეკომენდაციის მიმართ რაიმე პრეტენზია არ დაუფიქსირებია და მოსარჩელეს საქმეში წარმოდგენილი ჰქონდა სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის 2020 წლის 05 მაისის წერილი საქართველოს სახალხო დამცველის მიმართ, სადაც აღნიშნული იყო შემდეგი: „თქვენი 2020 წლის 28 თებერვლის №5751/10-02 და №5756/10-02 კორესპონდენციების, ასევე, 2020 წლის 29 აპრილის №7894/10-02 კორესპონდენციის პასუხად, განსხვავებული მოსაზრების ნიშნით პირდაპირი დისკრიმინაციის დადგენის შესახებ საქართველოს სახალხო დამცველის №13-4/2409 და №13-4/2410 რეკომენდაციებთან დაკავშირებით მოგახსენებთ შემდეგს: 1. ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამების განსახორციელებლად პერსონალის მოწვევის მოქმედი წესის შესაბამისად, თუ კათედრის ხელმძღვანელი წარმოადგენს ფაკულტეტის დეკანთან დ.ნ–ძის და თ.კ–ძის კანდიდატურებს, თითოეულ წინადადებაზე მოხდება მათთან შრომითი ხელშეკრულების გაფორმების საკითხის განხილვა. შესაბამისად, ფაკულტეტზე მოქმედი წესის გათვალისწინებით, აღნიშნული პროცედურის გავლა გარდაუვალია ნებისმიერ შემთხვევაში. 2. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს შემუშავებული აქვს შიდა სახელმძღვანელო პრინციპები, რომელიც არეგულირებს პერსონალის მოწვევის საკითხს, მაგრამ ვინაიდან არსებობს სახალხო დამცველის რეკომენდაცია (№13-4/2410) წესის შესაძლო განახლების მიზნით მუშაობა გაგრძელდება და საჭიროების შემთხვევაში, აღნიშნული საკითხი განხილული იქნება კანონმდებლობით დადგენილი წესით.“ აღნიშნული წერილიდან დგინდება, რომ მოპასუხე მხარე იზიარებს სახალხო დამცველის რეკომენდაციას, პრეტენზიას არ გამოთქვამს მის მიმართ და მზადაა რეკომენდაციის საფუძველზე გაატაროს შესაბამისი ღონისძიებები.
ზემოაღნიშნული გარემოებების საფუძველზე სააპელაციო პალატამ სრულად გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასება, რომ მოპასუხეს მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი ფაქტებისა და მტკიცებულებების საწინააღმდეგო არანაირი მტკიცებულება წარმოუდგენია. საქართველოს სახალხო დამცველის მიერ გამოტანილი რეკომენდაცია დისკრიმინაციული მოპყრობის დამადასტურებელი ერთ-ერთი მტკიცებულება იყო და მისი შეფასება სხვა მტკიცებულებებთან ერთობლიობაში ხორციელდებოდა. იგი სადავო შეიძლებოდა გამხდარიყო სასამართლო განხილვის ფარგლებში, როგორც საქართველოს სახალხო დამცველის სარჩელის განხილვისას, ასევე ასეთი რეკომენდაციის მიღების შემდეგ დისკრიმინაციაში მხილებული ფიზიკური თუ იურიდიული პირის მხრიდან, ასევე დისკრიმინაციის მსხვერპლის სარჩელის განხილვისას უფლებებში აღდგენასთან დაკავშირებით, რა დროსაც საქართველოს სახალხო დამცველის მიერ მიღებული რეკომენდაცია შესაძლებელი იყო დაქვემდებარებულიყო სასამართლოს მხრიდან სამართლებრივ კონტროლს დისკრიმინაციის ფაქტის არსებობა/არარსებობის თვალსაზრისით. საგულისხმო იყო, რომ განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხეს რეკომენდაციის მიმართ, რომლითაც დადგინდა მოსარჩელის მიმართ 2019-2020 სასწავლო წლის საშემოდგომო სემესტრის დროის დისკრიმინაციული მოპყრობის ფაქტი, რაიმე პრეტენზია არ დაუფიქსირებია. მოპასუხემ არათუ არ გაასაჩივრა ზემოაღნიშნული დოკუმენტი, მან მისი აღსრულებაც დაიწყო. კერძოდ აღიარა, რომ განხილული იქნებოდა მოსარჩელის კანდიდატურა, ასევე საათების განაწილების წესსაც გადახედავდა მასში ცვლილებების შეტანის მიზნით. ამასთან, აღნიშნული დავის განხილვის ფარგლებში, მოპასუხეს არცერთი წერილობითი მტკიცებულება არ წამოუდგენია, მაშინ როდესაც დისკრიმინაციულად მოპყრობის უარყოფის მტკიცების ტვირთი მოპასუხეზე იყო.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩლის მიერ სარჩელზე დართულ სხვა წერილობით მტკიცებულებებთან, მათ შორის, მიმოწერის გათვალისწინებით, რომლითაც პირდაპირ დასტურდებოდა მოპასუხისათვის მოსარჩელის პიროვნების მიუღებლობა მის მიერ მოპასუხესთან მიმართებით გამოთქმული მოსაზრებების გამო, ერთობლიობაში სახალხო დამცველის მიერ მიღებული რეკომენდაცია მოსარჩელესთან მიმართებაში, იძლეოდა საფუძველს დადგენილიყო მოსარჩელის მიმართ საშემოდგომო სემესტრის დროს განსხვავებული მოსაზრების ნიშნით განხორციელებული დისკრიმინაციის ფაქტი.
6.2.2. სააპელაციო პალატამ ასევე გაიზიარა გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოება მასზედ, რომ მოპასუხის მიერ მოსარჩელე დ.ნ–ძის მიმართ 2019-2020 წლის საგაზაფხულო სემესტრის დროს დისკრიმინაციული მოტივით ქმედების ჩადენის ფაქტს ადგილი არ ჰქონია.
პირველ რიგში სააპელაციო პალატამ შეაფასა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მოყვანილი დასკვნა 2019-2020 წლის შემოდგომისა და გაზაფხულის სემეტრების ცალ-ცალკე ეპიზოდებად განხილვის თაობაზე. აპელანტ დ.ნ–ძის მითითებით, დისკრიმინაციული მოპყრობის ფაქტის ორად გაყოფა არასწორი იყო, ვინაიდან აპელანტის მოსაზრებით, მის მიმართ განხორციელებულ დისკრიმინაციას განგრძობადი ხასიათი ჰქონდა და სასამართლოს დასკვნები შემოდგომის სემესტრთან მიმართებით უნდა გავრცელებულიყო გაზაფხულის სემესტრზეც. სააპელაციო პალატამ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ მოსარჩელე წარმოადგენდა მოწვეულ პროფესორს, რომელთანაც ფორმდებოდა 6 თვიანი (ვადიანი) შრომითი ხელშეკრულებები სასწავლო სემესტრების მიხედვით. ასევე დადგენილი იყო, რომ ხსენებული 6 თვიანი ხელშეკრულების ამოწურვის შემდგომ, ხდებოდა ხელახალი კონკურსის გამოცხადება და აღნიშნული კონკურსის საფუძველზე, წარდგენილი განაცხადებიდან კანდიდატების არჩევა. შესაბამისად, სააპელაციო პალატა მიიჩნია, რომ ის ფაქტი, რომ დ.ნ–ძეს 2019-2020 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში დისკრიმინაციული მოტივით არ გაუფორმეს შრომითი ხელშეკრულება, ავტომატურად არ გულისხმობდა, რომ გაზაფხულის სემესტრში მოსარჩელის პროფესორად მოწვევაზე უარიც იმავე საფუძვლებიდან გამომდინარეობდა. მოსარჩელეს მართებდა იმ გარემოების მტკიცების ტვირთი, რომ გაზაფხულის სემესტრთან მიმართებითაც იგივე ფაქტობრივი მოცემულობა არსებობდა, რამაც განაპირობა შემოდგომის სემესტრის შემთხვევაში დისკრიმინაციული მოპყრობის ფაქტის დადგენა. მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო პალატამ გაიზიარა გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეფასება, რომ მოსარჩელემ 2019-2020 სასწავლო წლის საგაზაფხულო სემესტრის დროს დისკრიმინაციული მოტივით ქმედების ჩადენის შესახებ ვერ მიუთითა საკმარისი ფაქტები და მისი დამადასტურებელი მტკიცებულებები, რაც მოპასუხის მიერ მის მიმართ დისკრიმინაციული ქმედების განხორციელებას დაადასტურებდა. ამასთან, საგულისხმო იყო, რომ მეორე სემესტრში არ ყოფილა მოწვეული იმ დისციპლინაში კურსის წასაკითხად სხვა პედაგოგი, რომელთან დაკავშირებითაც მოსარჩელე პრეტენზიას გამოთქვამდა. აღსანიშნავი იყო, რომ საგაზაფხულო სემესტრთან მიმართებით მოსარჩელეს წარმოდგენილი ჰქონდა მხოლოდ პროფესორ დ.ნ–ას მიმართვა ფაკულტეტის დეკანისადმი დ.ნ–ძის პროფესორად მოწვევის თაობაზე. სხვა რაიმე მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა მოსარჩელესთან წინასახელშეკრულებო ურთიერთობაში დისკრიმინაციული მოპყრობის ფაქტს, მოსარჩელეს არ ჰქონდა წარმოდგენილი.
სააპელაციო პალატის მითითებით, დისკრიმინაციის ფაქტის არარსებობის მტკიცების ტვირთი მოპასუხე მხარეს ეკისრებოდა, თუმცა აღნიშნული არ უნდა გაგებულიყო იმგვარად, რომ მოსარჩელე სრულად თავისუფალი იყო მტკიცების ტვირთისგან. განსახილველ შემთხვევაში, გამომდინარე იქედან, რომ 2019-2020 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრისთვის მოსაწვევი პროფესორებისთვის ტარდებოდა ხელახალი კონკურსი და თავიდან ხდებოდა კანდიდატთა შერჩევა, წინა სემესტრის კონკურსის შედეგები კი, მხედველობაში არ მიიღებოდა, პალატამ მიიჩნია, რომ მოსარჩელეს გაზაფხულის სემესტრის შესარჩევი კონკურსის მიმართ იმავე სტანდარტით უნდა დაედასტურებინა დისკრიმინაციის ფაქტის არსებობა, როგორც ეს განახორციელა შემოდგომის სემესტრთან მიმართებით. აღსანიშნავი იყო, რომ მოსარჩელეს რაიმე კონკრეტულ ფაქტზე, ან მტკიცებულებაზე მითითება გაზაფხულის სემესტრთან მიმართებით არ განუხორციელებია, მისი არგუმენტაცია ემყარებოდა მხოლოდ შემოდგომის სემესტრის ეპიზოდში განვითარებულ მოვლენებს. აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატის შეფასებით, 2019-2020 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრთან დაკავშირებით მოსარჩელემ ვერ განახორციელა მისი მტკიცების ტვირთის მინიმალური სტანდარტის რეალიზება, რაც მტკიცების შებრუნებისა და მოპასუხე მხარისთვის საწინააღმდეგოს დადასტურების ვალდებულებას წარმოშობდა.
განსახილველ შემთხვევაში, პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ 2019-2020 წლის შემოდგომის სემესტრის ეპიზოდის შემთხვევაში, დადგინდა მოსარჩელე დ.ნ–ძის მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ფაქტი განსხვავებული მოსაზრების ნიშნით, ხოლო გაზაფხულის სემესტრის შემთხვევაში, დისკრიმინაციის ფაქტი არ გამოვლინდა. აღნიშნულიდან გამომდინარე სააპელაციო პალატამ აღარ იმსჯელა მოსარჩელის მოთხოვნებზე გაზაფხულის სემესტრთან მიმართებით.
სააპელაციო პალატამ მიუთითა „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლზე და დადგენილად მიიჩნია, რომ იმ სალექციო კურსს, რომელზეც პრეტენზიას მოსარჩელე აცხადებდა, კითხულობდა სხვა პირი აკადემიური პერსონალიდან. შესაბამისად, მოსარჩელესთან შრომითი ხელშეკრულების გაფორმების დავალების მოთხოვნის დაკმაყოფილებით შეილახება მესამე პირის უფლება, რაც კანონის ზემოთმითითებული დანაწესის შესაბამისად დაუშვებელი იყო და ამ უფლების რესტიტუცია მოსარჩელის მიერ სარჩელში მითითებული სახით შეუძლებელი იყო. ამასთან, პალატამ გაითვალისწინა სახელშეკრულებო, მით უფრო, შრომით ურთიერთობების კონტრაჰირების თავისუფლების პრინციპი, რომელთანაც წინააღმდეგობაში არ უნდა მოსულიყო დისკრიმინაციის შედეგების აღმოფხვრის შესახებ სასარჩელო მოთხოვნა.
6.2.3. რაც შეეხება მოსარჩელის მოთხოვნას მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურების შესახებ, სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილებით, მოპასუხე სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს მოსარჩელე დ.ნ–ძის სასარგებლოდ დაეკისრა მატერიალური ზიანის სახით დარიცხული 3375 ლარის გადახდა და მორალური ზიანის ანაზღაურების სახით 1000 ლარის გადახდა. დაკმაყოფილებული და დაუკმაყოფილებელი თანხების მიმართ აპელანტებს რაიმე დასაბუთებული პრეტენზია წარმოდგენილ სააპელაციო საჩივრებში არ დაუფიქსირებიათ. შესაბამისად, სააპელაციო პალატამ სრულად გაიზიარა გასაჩივრებული გადაწყვეტილების მსჯელობა მასზედ, რომ „რამდენადაც სასამართლომ დაადგინა მოპასუხე სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ 2019-2020 წლის საშემოდგომო სემესტრში, წინასახელშეკრულებო შრომით ურთიერთობის დროს, მოსარჩელე დ.ნ–ძის მიმართ განსხვავებული აზრის გამოხატვის გამო დისკრიმინაციულად მოპყრობის ფაქტი, შესაბამისად, არსებობს მატერიალური ზიანის ანაზღაურების საფუძველიც, სასარჩელო მოთხოვნის ამ ნაწილში. უფრო კონკრეტულად კი, იმისათვის, რომ მოპასუხეს ზიანის ანაზღაურება დაეკისროს, აუცილებელია სახეზე გვქონდეს შემდეგი პირობები კუმულაციურად – ა) დამდგარი ზიანი; ბ) მიზეზობრივი კავშირი და გ) მართლწინააღმდეგობა“.
სასამართლომ მიიჩნია, რომ სახეზე იყო მიზეზობრივი კავშირი მოსარჩელისათვის დამდგარ ზიანსა და მოპასუხის ქმედებას შორის. მოპასუხე იყო მხარე, რომელმაც განახორციელა პირდაპირი დისკრიმინაცია მოსარჩელის მიმართ. ამ დისკრიმინაციის საფუძველზე მოსარჩელემ ვერ შეძლო წაეკითხა შესაბამისი სალექციო კურსი, რის გამოც დაკარგა გარკვეული შემოსავალი, რომელიც განსახილველ შემთხვევაში უნდა განსაზღვრულიყო 3375 ლარით, ვინაიდან სწორედ ეს თანხა წარმოადგენდა მოსარჩელის მითითებით 1 სემესტრის განმავლობაში მის მიერ მისაღებ სახელფასო ანაზღაურებას, რაც თანხის ოდენობის მხრივ მოპასუხის მხრიდან შედავებულ არ ყოფილა. მოცემულ შემთხვევაში, არსებობს პირდაპირი მიზეზობრივი კავშირი.
6.2.4. რაც შეეხება მორალურ ზიანს, დ.ნ–ძის მიმართ განხორციელებული დისკრიმინაციული მოპყრობის გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნია, რომ მოპასუხისათვის მორალური ზიანის სახით 25 000 ლარის ოდენობით, ანუ სრულად დაკისრება, არ იქნებოდა შესაბამისობაში მიყენებულ ზიანთან, მით უფრო, იმ პირობებში, როდესაც მატერიალური ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა დაკმაყოფილდა, დადგინდა დისკრიმინაციის ფაქტი, რაც გარკვეულწილად მის მორალურ დაკმაყოფილებასაც იწვევდა. ამდენად, სასამართლომ მიზანშეწონილად მიიჩნია, რომ მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაკისრებოდა მორალური ზიანის ანაზღაურება მხოლოდ 1000 ლარის ოდენობით.
7. ზემოაღნიშნული განჩინება საკასაციო წესით ორივე მხარემ გაასაჩივრა; დ.ნ–ძემ მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება, ხოლო, სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა - გასაჩივრებული განჩინების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე სრულად უარის თქმა.
8. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 09 მარტის განჩინებით, დ.ნ–ძის საკასაციო საჩივარი დარჩა განუხილველი, ხოლო, ამავე სასამართლოს 2023 წლის 17 თებერვლის განჩინებით, სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.
9. საკასაციო მოთხოვნის ფაქტობრივ–სამართლებრივი დასაბუთება:
9.1. კასატორის მითითებით, პალატამ არასწორად დაადგინა ფაქტობრივი გარემოება მასზედ, რომ დ.ნ–ძე, უნივერსიტეტში წლების განმავლობაში ახორციელებდა აკადემიურ საქმიანობას „მოწვეული პროფესორის“ სტატუსით, რამეთუ დ.ნ–ძეს, სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში არასდროს ჰქონია „მოწვეული პროფესორის“ სტატუსი. მისი, ისევე როგორც ყველა სპეციალისტის მოწვევა, უნივერსიტეტში დადგენილი პროცედურების დაცვით ხორციელდებოდა და დღესაც ხორციელდება მხოლოდ 1 სემესტრის განმავლობაში და ვადიანი შრომითი კონტრაქტის საფუძველზე, „მოწვეული სპეციალისტის“ სტატუსით.
9.2. კასატორის განმარტებით, სააპელაციო პალატამ არასწორად მიუთითა, რომ უნივერსიტეტმა გაიზიარა სახალხო დამცველის რეკომენდაციები, პრეტენზია არ გამოუთქვამს და მზადაა რეკომენდაციის საფუძველზე გაატაროს შესაბამისი ღონისძიებები. აღნიშნულის საპირისპიროდ, კასატორი განმარტავს, რომ სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი არცერთი წარმოების ფარგლებში, არც წერილობით, არც ზეპირსიტყვიერად და არც მოქმედებით, არ დათანხმებია დ.ნ–ძის მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ფაქტის არსებობას. პირიქით, სახალხო დამცველის მიმართ გაგზავნილ ყველა წერილობით დოკუმენტაციაში და სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლებთან ზეპირსიტყვიერი საუბრისას, ასევე, სასამართლოში წარმოდგენილ შესაგებელში, სააპელაციო საჩივარსა თუ სააპელაციო შესაგებელში, უნივერსიტეტი მკაფიოდ ემიჯნებოდა უნივერსიტეტის მხრიდან დისკრიმინაციული მოპყრობის ფაქტის არსებობას. მიუხედავად ამისა, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა მაინც ჩათვალეს, რომ უნივერსიტეტმა აღიარა დისკრიმინაციული მოპყრობის ფაქტი და ეს დასკვნა ეფუძნება იმ გარემოებას, რომ უნივერსიტეტს არ გაუსაჩივრებია სახალხო დამცველის რეკომენდაცია, თუმცა, სასამართლომ მხედველობის მიღმა დატოვა აღნიშნული საკითხის მომწესრიგებელი სამართლებრივი ნორმების მოთხოვნები და ზოგადად ამ საკითხთან მიმართებაში მოქმედი კანონმდებლობა („საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 24-ე მუხლი, ამავე კანონის 141 მუხლის მე-2 პუნქტის „თ“ და „თ1“ პუნქტები და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 3633 მუხლის 11 ნაწილის), რომელთა ერთობლიობა ადგენს, რომ რეკომენდაციის ფარგლებში, სუბიექტის მიმართ სასამართლო დავის წამოწყება ან არ წამოწყება სახალხო დამცველის უფლებამოსილებას წარმოადგენს; რაც შეეხება რეკომენდაციის მიმღები ორგანიზაციის უფლებამოსილებას, ის შემოიფარგლება რეკომენდაციის მიღებიდან 20 დღის ვადაში წერილობითი პოზიციის ჩამოყალიბებითა და სახალხო დამცველისათვის წარდგენით. უნივერსიტეტმა, რეკომენდაციის მიღებიდან 20 დღის ვადაში, წერილობითი პოზიცია ჩამოაყალიბა და წარუდგინა სახალხო დამცველს. დოკუმენტში არ არის ნათქვამი, რომ უნივერსიტეტი ეთანხმება დისკრიმინაციის ფაქტის არსებობას. აღნიშნული დოკუმენტი თავისი შინაარსით, არის მკაფიო და არ იძლევა სხვაგვარად ინტერპრეტირების შესაძლებლობას. სახალხო დამცველს კი, თავის მხრივ, არ მიუმართავს სარჩელით სასამართლოსთვის და ეს უდავო ფაქტობრივ გარემოებად არის წარმოდგენილი გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში. ამ გარემოების მხედველობაში მიღებითა და სადავო საკითხის მარეგულირებელი ნორმების სწორი განმარტების შემთხვევაში, კასატორი მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უნდა განევითარებინა, ხოლო სააპელაციო სასამართლოს არ უნდა გეზიარებინა სამართლებრივად მცდარი მსჯელობა მასზედ, რომ „უნივერსიტეტმა აღიარა დისკრიმინაციული მოპყრობის ფაქტი, რადგან არ გაუსაჩივრებია სახალხო დამცველის რეკომენდაცია".
9.3. კასატორის მითითებით, განცდის დონეზეც რომ არ დარჩენილიყო დისკრიმინაციის აღქმა, უნივერსიტეტმა გამოთქვა მორიგების მზაობა, თუმცა, დ.ნ–ძის მხრიდან შემოთავაზებული მორიგების ერთადერთი პირობა - თსუ-ის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის არჩეული დეკანის მიერ თანამდებობის დატოვება, ირიბად ადასტურებს, რომ მოსარჩელის ინტერესი არ არის მისი დარღვეული უფლებების აღდგენა, რაც კასატორის მოსაზრებით, მნიშვნელოვანია სამართლიანი სასამართლოსთვის შინაგანი რწმენის ჩამოყალიბების კუთხით.
9.4. კასატორის განმარტებით, დისკრიმინაციული მოპყრობის ფაქტთან დაკავშირებული სასამართლო დავის განხილვისათვის, კანონმდებლობა სახალხო დამცველის ინსტიტუტის თანამონაწილეობას არ განიხილავს სავალდებულოდ. აქედან გამომდინარე, კასატორი მიიჩნევს, რომ სასამართლოების მხრიდან ამგვარი მნიშვნელობის გადაწყვეტილების დაფუძნება სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენელთა მიერ, სრულიად განსხვავებული ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში მიღებულ მიგნებებსა და გაცემულ რეკომენდაციებზე, გაუმართლებელია. სასამართლომ, არ გაითვალისწინა, რომ თსუ-ის ფაკულტეტის გადაწყვეტილებას მოწვეულ პირთა რაოდენობის შემცირებასა და არჩეული აკადემიური პერსონალის მაქსიმალური დატვირთვის ხელშეწყობასთან დაკავშირებით, საფუძვლად ედო სრულიად სხვა რაციონალური მოსაზრებები, მათ შორის უმთავრესი - სწავლების ხარისხის ამაღლება. ფაკულტეტის ეს გადაწყვეტილება არ უკავშირდება რომელიმე კონკრეტულ პიროვნებას და მითუმეტეს, ძალიან შორს დგას რომელიმე პირის ჩაგვრის ან განსხვავებულად მოპყრობის მიზნისგან. ეს და ამგვარი სტრატეგიული გადაწყვეტილებები არ მიიღება ერთპიროვნულად, არამედ - კოლეგიალურად, უნივერსიტეტისა და ფაკულტეტის მართვის ორგანოებზე, ხმათა უმრავლესობით, რომელშიც მონაწილეობენ გამორჩეული და კოლეგების მიერ არჩეული პროფესორები და სტუდენტები.
9.5. რაც შეეხება მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურების ნაწილს, აღნიშნული გამომდინარეობს ძირითადი სადავო საკითხიდან და კასატორი მიიჩნევს, რომ სრულიად უსაფუძვლოა, რამეთუ მოსარჩელეს, განსახილველ პერიოდში, არ ჰქონდა შრომითი ურთიერთობა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან. გარდა ამისა, უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა პირველი და მეორე ინსტანციის სასამართლოების განხილვისას, სხდომაზეც დააფიქსირეს, რომ მატერიალური ზიანის ანაზღაურების ოდენობა, მიუხედავად იმისა, რომ ზიანის ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება არ არსებობს, იყო არავალიდური, რადგან ჰიპოთეტურადაც, რომ იქნეს დაშვებული მოსარჩელის მიერ უნივერსიტეტში აკადემიური საქმიანობის განხორციელება, მისი ანაზღაურება დამოკიდებული იქნებოდა სასწავლო სემესტრის განმავლობაში მისთვის განსაზღვრული დატვირთვაზე, ხოლო, თუ ამოსავალი იქნებოდა შრომითი ურთიერთობის პირობებში მინიმალური დატვირთვის მოცულობა, შრომის ანაზღაურება იქნებოდა ბევრად ნაკლები. ასევე, კასატორის მოსაზრებით, უსაფუძვლო იყო მორალური ზიანის ანაზრაურების მოთხოვნა და მისი ნაწილობრივი დაკმაყოფილება. კასატორი ააღნიშნავს, რომ ორივე ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას, მოსარჩელემ თავადვე დაადასტურა, რომ ის უწყვეტად აგრძელებდა დაკავებულ აკადემიურ თანამდებობაზე საქმიანობას სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში და რომ იგი იყო წარმატებული მისი საქმიანობით.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
10. საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:
11. სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული ნორმის დანაწესით, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
12. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.
13. სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
14. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის დისპოზიციიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას საკასაციო საჩივრის ფარგლებში. საკასაციო სასამართლოს არ შეუძლია თავისი ინიციატივით შეამოწმოს საპროცესო დარღვევები, გარდა 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტებისა. შესაბამისად, წინამდებარე განჩინებით, საკასაციო პალატის შეფასების საგანი იქნება კასატორის შედავების საფუძვლიანობა.
15. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო პალატის შეფასების საგანია ჰქონდა თუ არა მოსარჩელის მიმართ საშემოდგომო სემესტრში დისკრიმინაციულ მოპყრობას ადგილი და აღნიშნულის გამო, არსებობს თუ არა მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურების წინაპირობები.
16. სადავო საკითხის განხილვის მიზნით, საკასაციო პალატა პირველ რიგში განმარტავს, რომ თანასწორობა და დისკრიმინაციის აკრძალვა, ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპებია, განმტკიცებული ყველა მნიშვნელოვან ინსტრუმენტში. საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლი ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე უზრუნველყოფს როგორც კონსტიტუციით, ასევე, საქართველოს სხვა კანონმდებლობით გარანტირებული უფლებებით თანასწორ სარგებლობას. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლი წარმოადგენს თანასწორობის უნივერსალურ ნორმა-პრინციპს, რომელიც გულისხმობს ადამიანების სამართლებრივი დაცვის თანაბარი პირობების გარანტირებას. აღნიშნული პრინციპი წარმოადგენს დემოკრატიული და სამართლებრივი სახელმწიფოს როგორც საფუძველს, ისე - მის მიზანს. ხსენებული მუხლის თანახმად, ყველა ადამიანი სამართლის წინაშე თანასწორია. აკრძალულია დისკრიმინაცია რასის, კანის ფერის, სქესის, წარმოშობის, ეთნიკური კუთვნილების, ენის, რელიგიის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულებების, სოციალური კუთვნილების, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, საცხოვრებელი ადგილის ან სხვა ნიშნის მიხედვით. ამასთან, სახელმწიფო ვალდებულია შექმნას განსაკუთრებული პირობები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებებისა და ინტერესების რეალიზებისათვის.
17. პალატა განმარტავს, რომ დისკრიმინაციის ცნებას განსაზღვრავს „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლი და ადგენს „პირდაპირი“ და „ირიბი“ დისკრიმინაციის ლეგალურ დეფინიციას. მითითებულთაგან პირველს მიეკუთვნება დისკრიმინატორის მხრიდან იმგვარი მოპყრობა, რომელიც პირს მადისკრიმინირებელი ნიშნის გამო, არახელსაყრელ მდგომარეობაში აყენებს ანალოგიურ მდგომარეობაში მყოფ სხვა პირებთან შედარებით ან თანაბარ მდგომარეობაში აყენებს არსებითად უთანასწორო მდგომარეობაში მყოფ სხვა პირებთან; რაც შეეხება ირიბ დისკრიმინაციას, იგი სახეზეა მაშინ, როდესაც ფორმით ნეიტრალური და არსით დისკრიმინაციული დებულება, კრიტერიუმი ან პრაქტიკა პირს დისკრიმინაციის რომელიმე ნიშნის გამო, არახელსაყრელ მდგომარეობაში აყენებს ანალოგიურ პირობებში მყოფ სხვა პირებთან შედარებით ან თანაბარ მდგომარეობაში აყენებს არსებითად უთანასწორო პირობებში მყოფ პირებს, თუმცა, როგორც ერთ, ისე - მეორე შემთხვევაში, არ უნდა არსებობდეს განსხვავებული მოპყრობის გამამართლებელი გარემოებები.
18. ადამიანის უფლებათა ევროსასამართლოს განმარტებით, პირდაპირი დისკრიმინაციაა არსებითად მსგავს მდგომარეობაში მყოფ პირთა განსხვავებული მოპყრობა, თუ ამ მოპყრობას არ აქვს ობიექტური და გონივრული გამართლება (იხ.Willis v. the United Kingdom, №36042/97); უნდა დადგინდეს, რომ სხვა პირებს, რომლებიც ანალოგიურ ან არსებითად მსგავს მდგომარეობაში იმყოფებიან, უკეთესად ეპყრობიან და ეს განსხვავება დისკრიმინაციულია (იხ. Konstantin Markin v. Russia, №30078/06). განსხვავებული მოპყრობის ობიექტური და გონივრული გამართლება ნიშნავს იმას, რომ მოპყრობა ლეგიტიმურ მიზანს უნდა ისახავდეს და უნდა არსებობდეს გონივრული თანაბარზომიერება ჩარევის ღონისძიებასა და დასახულ მიზანს შორის (იხ. Petrovic v. Austria, №20458/92). ირიბი დისკრიმინაცია კი, პრეცედენტული სამართლის მიხედვით, განიმარტება, როგორც განსხვავებული მოპყრობის იმ ზოგადი პოლიტიკის ან ღონისძიების მავნე შედეგის სახით არსებობა, რომელიც, მართალია, ნეიტრალურადაა წარმოჩენილი, მაგრამ დისკრიმინაციულია და ერთ გარკვეულ ჯგუფზე მნიშვნელოვნად უარყოფით გავლენას ახდენს, ვიდრე მსგავს მდგომარეობაში მყოფ სხვა პირებზე (იხ. D.H. and others v. the Czech Republic, №13378/05).
19. პალატა აღნიშნავს, რომ დისკრიმინაციის საქმეზე მტკიცების ტვირთის საპროცესო ანალიზის მიზნით, საკასაციო პალატა ხელმძღვანელობს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-73 კარის დებულებებით; კერძოდ, 3633 მუხლის თანახმად, სარჩელის აღძვრისას პირმა სასამართლოს უნდა წარუდგინოს ფაქტები და შესაბამისი მტკიცებულებები, რომლებიც დისკრიმინაციული ქმედების განხორციელების ვარაუდის საფუძველს იძლევა, რის შემდეგაც მოპასუხეს ეკისრება იმის მტკიცების ტვირთი, რომ დისკრიმინაცია არ განხორციელებულა. დასახელებული საპროცესო ნორმა ადგენს შეზღუდვის ინიციატორის ვალდებულებას, სასამართლოს წარუდგინოს მტკიცებულებები და მიუთითოს ფაქტებზე, რომელთა ანალიზი იძლევა გარკვეული ნიშნით პირის მიმართ არათანაბარი მოპყრობის ვარაუდის საფუძველს. სწორედ ამ საპროცესო სტანდარტის დაცვის შემთხვევაში წარმოიშობა მოპასუხის ვალდებულება: ა) გაამართლოს განსხვავებული მოპყრობა ობიექტური და გონივრული არგუმენტებით, რომლებიც გადაწონის განსხვავებულ მოპყრობას და გამართლებული იქნება დემოკრატიული ღირებულებებით; ბ) ამტკიცოს განსხვავებული მოპყრობის არარსებობა.
20. ადამიანის უფლებათა ევროსასამართლოს განმარტებით, მტკიცების ტვირთი მოცემულ სფეროში შემდეგია: მას შემდეგ, რაც მომჩივანი დაადასტურებს განსხვავებული მოპყრობის არსებობას, უკვე მთავრობის ვალდებულებაა, დაამტკიცოს, რომ იგი გამართლებული გახლდათ (Chassagnou and Others v. France [GC], №25088/94, №28331/95). რაც შეეხება იმას, თუ რა წარმოადგენს „prima facie“ მტკიცებულებას, რომელიც შეძლებს მტკიცების ტვირთის მოპასუხე სახელმწიფოზე გადაკისრებას, სასამართლომ აღნიშნა (Nachova and Others), რომ მის წინაშე არსებულ სამართალწარმოებაში არ არსებობს პროცედურული ბარიერები მტკიცებულების მისაღებობასთან დაკავშირებით ან წინასწარგანსაზღვრული ფორმულა მის შესაფასებლად. სასამართლო იღებს დასკვნებს, რომლებიც, მისი აზრით, არის გამყარებული ყველა მტკიცებულების თავისუფალი შეფასებით, მათ შორის ისეთი დასკვნებით, რომლებიც შესაძლოა, გამომდინარეობდეს ფაქტებიდან და მხარეთა არგუმენტებიდან. დამკვიდრებული სასამართლო პრაქტიკის მიხედვით, მტკიცებულება შეიძლება გამომდინარეობდეს ძლიერი, ნათელი და შესაბამისობაში მყოფი დასკვნების ერთობლიობიდან ან ფაქტის მსგავსად გაუბათილებელი დაშვებებიდან. ამასთანავე, კონკრეტული დასკვნის მისაღებად საჭირო დარწმუნების ხარისხი და ამ მხრივ, მტკიცების ტვირთის დაკისრება ურთიერთკავშირშია ფაქტების კონკრეტიკასთან, ბრალდების ბუნებასა და კონვენციით განსახილველ უფლებასთან. სასამართლომ ასევე აღიარა, რომ კონვენციური სამართალწარმოება ყველა საქმეში მკაცრად არ იყენებს ,,affirmanti incumbit probatio“ პრინციპს (ის ვინც ბრალს დებს ვალდებულია თავად დაამტკიცოს ბრალდება - affirmanti incumbit probatio (ამონარიდები), Aktas v. Turkey no.24351/94, § 272, ECHR 2003 V). რიგ შემთხვევებში, როდესაც საქმის საფუძველში არსებული მოვლენები სრულიად ან დიდწილად არასწორია, რის შესახებაც მხოლოდ სახელმწიფო ორგანოებმა იციან, მტკიცების ტვირთი შესაძლოა ხელისუფლებას დაეკისროს რათა წარმოადგინოს დამაკმაყოფილებელი და დამარწმუნებელი განმარტება (Salman v. Turkey [GC], no. 21986/93, § 100, ECHR 2000-VII; da Anguelova v. Bulgaria, no. 38361/97, § 111, ECHR 2002-IV).
21. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორმა დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია ანდა რაიმე რელევანტური მტკიცებულება ვერ დაუპირისპირა სააპელაციო პალატის მსჯელობას მასზედ, რომ საქმეში, მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი სარწმუნო მტკიცებულებების ერთობლიობით, დგინდებოდა სადავო ფაქტობრივი გარემოება მასზედ, რომ მოპასუხის მიერ, მოსარჩელე დ.ნ–ძის მიმართ, 2019-2020 სასწავლო წლის საშემოდგომო სემესტრის დროს, ადგილი ჰქონდა დისკრიმინაციულ მოპყრობას, რაც მოპასუხისათვის მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურების დაკისრებას განაპირობებდა.
22. სააპელაციო პალატის მსჯელობის გასაბათილებლად და გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძვლად, საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის მითითებას მასზედ, რომ სასამართლოების მხრიდან სადავო ფაქტობრივი გარემოების ამ სახით დადგენა და ამგვარი მნიშვნელობის გადაწყვეტილების დაფუძნება სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენელთა მიერ, სრულიად განსხვავებული ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში მიღებულ მიგნებებსა და გაცემულ რეკომენდაციებზე, გაუმართლებელია.
23. კასატორის ზემოაღნიშნულ არგუმენტთან მიმართებით, საკასაციო პალატა პირველ რიგში განმარტავს, რომ სადავო გარემოებათა არსებობა-არარსებობის დადგენისას, სასამართლო ინდივიდუალურად და ერთობლივად აფასებს საქმეში არსებულ მტკიცებულებებს, რის შედეგად აყალიბებს თავის შინაგან რწმენას გამოსაკვლევი საკითხის მიმართ (შდრ. სუსგ №ას-589-896-09, 22 იანვარი, 2010 წელი). ამასთან, გასათვალისწინებელია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლი, რომელიც ადგენს სასამართლოს მიერ მტკიცებულებების შეფასების წესს. დასახელებული მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილების თანახმად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. შესაბამისად, მტკიცებულებათა შეფასება სათანადოდ მოტივირებული და დამაჯერებელი უნდა იყოს. მტკიცებულებათა შეფასება ეფუძნება შეჯიბრებითობის ფარგლებში მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას და არა - სასამართლოს სუბიექტურ მოსაზრებებს.
24. განსახილველ შემთხვევაში, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოება მასზედ, რომ მოპასუხის მიერ, მოსარჩელე დ.ნ–ძის მიმართ, 2019-2020 სასწავლო წლის საშემოდგომო სემესტრის დროს, ადგილი ჰქონდა დისკრიმინაციულ მოპყრობას (რამაც მოპასუხისათვის მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურების დაკისრება განაპირობა), მარტოოდენ საქართველოს სახალხო დამცველის რეკომენდაციის ფაქტობრივ-სამართლებრივ დასაბუთებას არ ემყარება და იგი, სასამართლოს მიერ, მტკიცებულებათა ზოგადი სტანდარტით შეფასებას დაექვემდებარა, რაც ნიშნავს იმას, რომ საქართველოს სახალხო დამცველის მიერ გამოტანილი რეკომენდაცია, როგორც ერთ-ერთი წერილობითი მტკიცებულება, საქმის მასალებში არსებულ სხვა მტკიცებულებთან ერთობლიობაში შეფასდა. კერძოდ, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი ამ სადავო ფაქტობრივი გარემოების გაზიარებისას, სააპელაციო პალატამ მხედველობაში მიიღო როგორც სახალხო დამცველის რეკომენდაცია, ისე მოსარჩელის მიერ სარჩელზე დართული სხვა წერილობით მტკიცებულებებიც, მათ შორის, ელექტრონული მიმოწერა, რომლითაც პირდაპირ დასტურდებოდა მოპასუხისათვის მოსარჩელის პიროვნების მიუღებლობა მის მიერ, მოპასუხესთან მიმართებით გამოთქმული განსხვავებული მოსაზრებების გამო (მაგ., 2019 წლის 21 აგვისტოს განხორციელებულ ელექტრონულ მიმოწერაში ფაკულტეტის დეკანი - გ.ღ–ძე ერთმნიშვნელოვნად მიუთითებს, რომ იგი, როგორც დეკანი, მიზანშეწონილად არ მიიჩნევს მოქ. დ. ნ–ძის მოწვევას მის მიერ გაკეთებული საჯარო განცხადებების გამო; ასევე, 2019 წლის 20 აგვისტოს განხორციელებულ ელექტრონულ მიმოწერაში, ფაკულტეტის დეკანი - გ.ღ–ძე კათედრის ხელმძღვანელს - დ.ნ–ას მიმართავს შემდეგნაირად: „პროფესორთა შეხვედრაზე თქვენ დააფიქსირეთ მკვეთრად უარყოფითი დამოკიდებულება მოქ. დ. ნ–ძის გამოთქმებთან დაკავშირებით (ფაკულტეტის გაყოფის მოსაზრება, კლანურობა და ა.შ.). აღნიშნული მოსაზრებები აბსოლუტურად მიუღებელია ფაკულტეტის აკადემიური პერსონალის უმრავლესობისათვის. რამ გამოიწვია პოზიციის ცვლილება და რამდენად დასაშვებია მოქ. დ. ნ–ძის მოწვევა“); ამასთან, სააპელაციო პალატამ გაითვალისწინა სახალხო დამცველის ზემოხსენებული რეკომენდაციის მიმართ თავად მოპასუხის დამოკიდებულებაც, კერძოდ, ის გარემოება, რომ მოპასუხეს რეკომენდაციის მიმართ რაიმე პრეტენზია არ დაუფიქსირებია და ამ გარემოების დასადასტურებლად, მოსარჩელეს საქმეში წარმოდგენილი ჰქონდა საქართველოს სახალხო დამცველის მიმართ, სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის 2020 წლის 05 მაისის წერილი, რომლითაც დგინდებოდა, რომ მოპასუხე მხარე იზიარებდა სახალხო დამცველის რეკომენდაციას, პრეტენზიას არ გამოთქვამდა მის მიმართ და მზად იყო, შესაბამისი ღონისძიებები გაეტარებინა (განხილული იქნებოდა მოსარჩელის კანდიდატურა და საათების განაწილების წესიც გადაიხედებოდა) რეკომენდაციის საფუძველზე.
25. საკასაციო პალატის მოსაზრებით, სააპელაციო პალატის მიერ დასახელებული წერილობითი მტკიცებულებები საქართველოს სახალხო დამცველის მიერ მიღებულ რეკომენდაციასთან ერთობლიობაში, ქმნიდა საკმარის საფუძველს დადგენილიყო საშემოდგომო სემესტრის დროს, განსხვავებული მოსაზრების ნიშნით, მოსარჩელის მიმართ განხორციელებული დისკრიმინაციის ფაქტი და ამ დადგენილ სადავო ფაქტობრივ გარემოებასთან მიმართებით საკასაციო პალატას არ რჩება კითხვის ნიშნები, განსაკუთრებით იმ ფონზე, რომ მოპასუხეს არათუ საქართველოს სახალხო დამცველის რეკომენდაციით დადგენილი ფაქტების გამაქარწყლებელი რელევანტური მტკიცებულებები არ წარმოუდგენია, არამედ პირიქით, დაეთანხმა კიდეც მას.
26. სახალხო დამცველი რეკომენდაციისადმი მოპასუხის დამოკიდებულების განეიტრალების თვალსაზრისით, საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის მითითებას მასზედ, რომ მოქმედი კანონმდებლობით, რეკომენდაციის ფარგლებში, სუბიექტის მიმართ სასამართლო დავის წამოწყება ან არ წამოწყება სახალხო დამცველის უფლებამოსილებას წარმოადგენს და რეკომენდაციის მიმღები ორგანიზაციის უფლებამოსილება მხოლოდ წერილობითი პოზიციის ჩამოყალიბებითა და სახალხო დამცველისათვის წარდგენით შემოიფარგლება.
27. კასატორის ზემოაღნიშნულ არგუმენტთან მიმართებით, საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განჩინებაზე (№1/10/1708, 22.02.2023 წ., ზ. დევდარიანი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ), სადაც მოსარჩელე ითხოვდა საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის პირველი პუნქტისა (ნებისმიერ პირს, რომელიც თავს დისკრიმინაციის მსხვერპლად მიიჩნევს, უფლება აქვს, სასამართლოში შეიტანოს სარჩელი იმ პირის/დაწესებულების წინააღმდეგ, რომელმაც, მისი ვარაუდით, მის მიმართ დისკრიმინაცია განახორციელა, და მოითხოვოს მორალური ან/და მატერიალური ზიანის ანაზღაურება) და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 3632 მუხლის პირველი ნაწილის (ნებისმიერ პირს, რომელიც თავს დისკრიმინაციის მსხვერპლად მიიჩნევს, უფლება აქვს, სასამართლოში შეიტანოს სარჩელი იმ პირის/დაწესებულების წინააღმდეგ, რომელმაც, მისი ვარაუდით, მის მიმართ დისკრიმინაცია განახორციელა. სასამართლოსთვის სარჩელით მიმართვის სავალდებულო წინაპირობა არ არის საქართველოს სახალხო დამცველის, სხვა პირის ან ორგანოს მიერ საქმის განხილვა) არაკონსტიტუციურად ცნობას. კონსტიტუციურ სარჩელში წარმოდგენილი არგუმენტაციით, დასახელებული სადავო ნორმები, მათი მოქმედების პირობებში, იმ პირებს აღჭურავდა სასამართლოსადმი მიმართვის უფლებით, რომლებიც თავს დისკრიმინაციის მსხვერპლად მიიჩნევდნენ, ხოლო დამრღვევად მიჩნეულ პირს, ამგვარ შესაძლებლობას არ აძლევდა. შესაბამისად, მოსარჩელის აზრით, ზემოხსენებული სადავო ნორმა იმ პირებისთვის, რომლებიც თავს დისკრიმინაციის მსხვერპლად მიიჩნევდნენ, უფლებააღმჭურველი იყო, თუმცა მას იმავდროულად გააჩნდა ისეთი მზღუდავი ნორმატიული შინაარსიც, რომელიც დამრღვევად მიჩნეულ პირს გამორიცხავდა სასამართლოსადმი მიმართვის უფლების მქონე პირთა წრიდან, რაც ეწინააღმდეგებოდა სამართლის წინაშე ყველა ადამიანის თანასწორობის უფლებას.
28. ზემოაღნიშნულ სადავო საკითხთან მიმართებით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ აღნიშნა, რომ „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის პირველი პუნქტი და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 3632 მუხლის პირველი ნაწილი პირთა გარკვეული კატეგორიისთვის, რომლებიც თავს დისკრიმინაციის მსხვერპლად მიიჩნევენ, ადგენდა შესაძლებლობას, რომ მიემართათ სასამართლოსთვის მათი დარღვეული თუ სადავოდ ქცეული უფლებების დასაცავად, მათ შორის, მოეთხოვათ მატერიალური ან/და მორალური ზიანის ანაზღაურება. გასაჩივრებული რეგულაციებით გათვალისწინებული წესი შეეხებოდა მხოლოდ განსაზღვრულ სუბიექტებს - მათ, ვინც თავს დისკრიმინაციის მსხვერპლად მიიჩნევდნენ და მათ მიმართ შემოსაზღვრავდა ნორმატიული მოქმედების ფარგლებს. ხსენებულ ნორმებს არ გააჩნდათ არავითარი მიმართება დისკრიმინაციის საქმეებზე სავარაუდო დამრღვევი პირის სამართლებრივი მდგომარეობის განსაზღვრასთან. დასახელებული ნორმები არ შეიცავდა რაიმე ხელშესახებ შინაარსს, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოს შეიძლებოდა ჩაეთვალა მოსარჩელის სასამართლოსთვის სარჩელით მიმართვის შესაძლებლობის შეზღუდვად. თავისთავად ის ფაქტი, რომ საკანონმდებლო მოწესრიგება დისკრიმინაციის საქმეებზე სავარაუდო მსხვერპლს რაიმე უფლებით/შესაძლებლობით აღჭურავდა, არ იძლეოდა კონსტიტუციურად დასაბუთებულ საფუძველს, რომ ამ მოწესრიგებიდან ამოკითხვადი ყოფილიყო იმავე კატეგორიის საქმეებზე სავარაუდო დამრღვევის უფლების მზღუდავი შინაარსი. გარდა აღნიშნულისა, ისიც მხედველობაში იყო მისაღები, რომ, ზოგადად, სასამართლოს მოსარჩელის სტატუსით მიმართავდა პირი/ორგანიზაცია, რომელსაც ნაგულვები ჰქონდა საკუთარი უფლებების თუ კანონიერი ინტერესის შესაძლო დარღვევა. ასეთ დროს, სავარაუდო მოპასუხის უფლება სასამართლოში უზრუნველყოფილი იყო მხარეთა საპროცესო თანასწორუფლებიანობით, მათ შორის, შეგებებული სარჩელის წარდგენის შესაძლებლობით. მოსარჩელე კი, კონსტიტუციურ სარჩელში წარმოდგენილი არგუმენტაციის საფუძველზე, ფაქტობრივად, იმას მოითხოვდა, რომ მას, როგორც სახალხო დამცველის რეკომენდაციის მიხედვით სავარაუდო დისკრიმინაციული დარღვევის ჩამდენს, დისკრიმინაციის სავარაუდო მსხვერპლის მსგავსად, ჰქონოდა სასამართლოში სარჩელის შეტანის უფლება და, სწორედ ამ თვალსაზრისით, ასაბუთებდა დასახელებული სადავო ნორმებიდან მომდინარე შესაძლო დიფერენცირებულ მოპყრობას, ანიჭებდა რა მათ იმგვარ ნორმატიულ შინაარსს, რომელიც, რეალურად, ზემოხსენებულ გასაჩივრებულ რეგულაციებს არ გააჩნდათ. ამდენად, საკონსტიტუციო სასამართლოს მითითებით, აშკარა იყო, რომ სასარჩელო მოთხოვნა ამ ნაწილში ემყარებოდა მოსარჩელის მიერ სადავო ნორმების შინაარსის არასწორ აღქმას.
29. ამავე კონსტიტუციურ სარჩელის ფარგლებში, მოსარჩელე ასევე სადავოდ ხდიდა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 3632 მუხლის 11 ნაწილის (საქართველოს სახალხო დამცველი უფლებამოსილია საქართველოს კანონმდებლობით მისთვის დაკისრებული დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრისა და თანასწორობის უზრუნველყოფის საკითხებზე ზედამხედველობის ფუნქციის შესრულებისას, როგორც მოსარჩელემ, ამ კოდექსის შესაბამისად, სარჩელით მიმართოს სასამართლოს, თუ იურიდიულმა პირმა, სხვა ორგანიზაციულმა წარმონაქმნმა, პირთა გაერთიანებამ იურიდიული პირის შეუქმნელად ან მეწარმე სუბიექტმა მის რეკომენდაციას არ უპასუხა ან ეს რეკომენდაცია არ გაიზიარა და არსებობს საკმარისი მტკიცებულებები, რომლებიც დისკრიმინაციას ადასტურებს) კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით. მოსარჩელის პოზიციით, დასახელებულ კონსტიტუციურ დებულებასთან მიმართებით პრობლემური იყო სადავო ნორმის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც სასამართლოში სარჩელის შეტანის უფლებამოსილებას ანიჭებდა სახალხო დამცველს იმ პირობებში, როდესაც რეკომენდაციაში მითითებულ დამრღვევ პირს არ გააჩნდა აღნიშნული რეკომენდაციის გასაჩივრების შესაძლებლობა. კონსტიტუციური სარჩელის ავტორი მიიჩნევდა, რომ გასაჩივრებული რეგულაციის ამ შინაარსით მოქმედების პირობებში ირღვეოდა სამართლის წინაშე მისი თანასწორობის უფლება.
30. ზემოაღნიშნულ სადავო საკითხთან მიმართებით, საკონსტიტუციო სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შექმნილი იურისპრუდენციის თანახმად, საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველი პუნქტით გარანტირებული „კანონის წინაშე თანასწორობის უფლება არ გულისხმობდა, ბუნებისა და შესაძლებლობების განურჩევლად, ყველა ადამიანის ერთსა და იმავე პირობებში მოქცევას. მისგან მომდინარეობდა მხოლოდ ისეთი საკანონმდებლო სივრცის შექმნის ვალდებულება, რომელიც ყოველი კონკრეტული ურთიერთობისათვის არსებითად თანასწორს შეუქმნიდა თანასწორ შესაძლებლობებს, ხოლო უთანასწოროებს პირიქით“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2011 წლის 18 მარტის №2/1/473 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბიჭიკო ჭონქაძე და სხვები საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის წინააღმდეგ“, II-2). თავის მხრივ, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით ნორმის არაკონსტიტუციურობის სამტკიცებლად მოსარჩელე ვალდებული იყო, დაესაბუთებინა, რომ სადავო ნორმა მას, სხვა არსებითად თანასწორ პირებთან შედარებით, დიფერენცირებულ და წამგებიან მდგომარეობაში აყენებდა ან პირიქით, ადგილი ჰქონდა უთანასწორო პირთა მიმართ თანასწორ მოპყრობას (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის 2 აგვისტოს №1/7/1304 განჩინება საქმეზე „„შპს ბლექსი ტელეკომი“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-14). საკონსტიტუციო სასამართლომ აღნიშნა, რომ ხსენებული სადავო ნორმა ადგენდა საქართველოს სახალხო დამცველის კომპეტენციას მისთვის კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, ისევე, როგორც გარკვეული წინაპირობების არსებობისას, როდესაც შესაბამისი სუბიექტი/ორგანიზაცია არ პასუხობდა ან/და არ იზიარებდა სახალხო დამცველის რეკომენდაციებს არსებულ დისკრიმინაციულ დარღვევებთან დაკავშირებით, მას, როგორც სათანადო მოსარჩელეს, მიემართა სასამართლოსთვის. გასაჩივრებული რეგულაცია შემოიფარგლებოდა სახალხო დამცველისათვის კონკრეტული უფლებამოსილების მინიჭებით და იგი საერთოდ არ არეგულირებდა დისკრიმინაციის საქმეებზე სავარაუდო დამრღვევ პირთან დაკავშირებულ სამართლებრივ ურთიერთობებს, მით უფრო, მისგან ამოკითხვადი არ იყო ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც დამრღვევ სუბიექტს უზღუდავდა საქართველოს სახალხო დამცველის მიერ გამოცემული რეკომენდაციის გასაჩივრების შესაძლებლობას. ამასთან, მოსარჩელეს, კონსტიტუციური სარჩელის ფარგლებში, არ ჰქონდა დასაბუთებული, რომ ზემოხსენებული სადავო ნორმის საფუძველზე, მას, არსებითად თანასწორი პირებისგან განსხვავებით, არ ეძლეოდა სახალხო დამცველის რეკომენდაციის გასაჩივრების შესაძლებლობა. კონსტიტუციური სარჩელის ავტორის სასარჩელო ლოგიკა ამ ნაწილში მთლიანად აგებული იყო იმის მტკიცებაზე, რომ სადავო ნორმა სასამართლოში სარჩელის შეტანის უფლებამოსილებას ანიჭებდა სახალხო დამცველს იმ პირობებში, როდესაც რეკომენდაციაში მითითებულ დამრღვევ პირს არ გააჩნდა აღნიშნული რეკომენდაციის გასაჩივრების შესაძლებლობა, თუმცა, საკონსტიტუციო სასამართლოსათვის გაუგებარი იყო, აღნიშნული ნორმატიული შინაარსის მხედველობაში მიღების შემთხვევაშიც კი, რა თვალსაზრისით ეწინააღმდეგებოდა იგი საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტს, განსაკუთრებით იმის ფონზე, რომ მოსარჩელე საერთოდ არ გამოყოფდა შესადარებელ პირთა წრეს, რომელთან მიმართებითაც იგი დიფერენცირებულ მდგომარეობაში იმყოფებოდა. საკონსტიტუციო სასამართლომ აღნიშნა, რომ ამ კონტექსტში, კონსტიტუციის მე-11 მუხლთან მიმართება მაშინ იქნებოდა ლოგიკურად რელევანტური, თუკი სახეზე იქნებოდა ანალოგიურ ან მსგავს ვითარებაში მყოფ პირთა მიმართ განსხვავებული მოპყრობა. მოცემულ შემთხვევაში კი, საქმე საერთოდ არ შეეხებოდა პირთა გარკვეული ჯგუფებისადმი განსხვავებულ მოპყრობას. მათ შორის, ნორმა არ ითვალისწინებდა, რომ სადავო ნორმის საფუძველზე, სამართლებრივი ურთიერთობის ერთ მონაწილე მხარეს (მსხვერპლს) გააჩნდა სახალხო დამცველის რეკომენდაციის გასაჩივრების უფლება, ხოლო კონსტიტუციური სარჩელის ავტორს და მის მსგავს მდგომარეობაში მყოფ პირებს, რომლებიც დისკრიმინაციის საქმეებზე სავარაუდო დამრღვევ სუბიექტებად იყვნენ მიჩნეული, არ გააჩნდათ. კიდევაც რომ არ მიეღო სასამართლოს მხედველობაში, რომ დისკრიმინაციის სავარაუდო ჩამდენი და სავარაუდო მსხვერპლი, საზოგადოდ, განსხვავებულ ვითარებაში იმყოფებოდნენ, მოცემულ შემთხვევაში გადამწყვეტი ის იყო, რომ სადავო ნორმა განსხვავებულ მოპყრობას არ ითვალისწინებდა. სადავო რეგულაცია საერთოდ არ არეგულირებდა პირთა რომელიმე იდენტიფიცირებადი წრის მიერ სახალხო დამცველის რეკომენდაციის გასაჩივრებასთან დაკავშირებულ საკითხებს. ამდენად, აშკარა, იყო რომ მოსარჩელეს არასწორად ესმოდა გასაჩივრებული სადავო ნორმის შინაარსი და მას ანიჭებს ისეთ შინაარსობრივ დატვირთვას, რომელიც რეალურად არ გააჩნდა.
31. გარდა ამისა, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 3632-ე მუხლის მე-4 ნაწილის დანაწესიდან (საქართველოს სახალხო დამცველი უფლებამოსილია სარჩელით მიმართოს სასამართლოს და მოითხოვოს იმ იურიდიული პირის, სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნის, პირთა გაერთიანების იურიდიული პირის შეუქმნელად ან მეწარმე სუბიექტის მიერ მისი რეკომენდაციის შესრულება, რომელმაც, საქართველოს სახალხო დამცველის ვარაუდით, დისკრიმინაციული ქმედება განახორციელა და მის რეკომენდაციას არ უპასუხა ან ეს რეკომენდაცია არ გაიზიარა) გამომდინარე, სახალხო დამცველის სარჩელის მიზანი ის არის, რომ მისი რეკომენდაცია შესრულდეს. დისკრიმინაციის საქმესთან დაკავშირებით საქართველოს სახალხო დამცველის მიმართვის საფუძველზე კი, სასამართლოს გამოაქვს გადაწყვეტილება დისკრიმინაციის ფაქტის დადასტურებისა და იურიდიული პირის, სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნის, პირთა გაერთიანების იურიდიული პირის შეუქმნელად ან მეწარმე სუბიექტის მიმართ საქართველოს სახალხო დამცველის მიერ გამოცემული რეკომენდაციის აღსრულებასთან დაკავშირებით ან გადაწყვეტილება საქართველოს სახალხო დამცველის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ (სსსკ-ის 3635-ე მუხლის მე-2 ნაწილი).
32. ამდენად, მოპასუხეს ჰქონდა შესაძლებლობა არ ეპასუხა/არ გაეზიარებინა საქართველოს სახალხო დამცველის რეკომენდაცია, რა დროსაც იგი შესაძლოა დაქვემდებარებულიყო სასამართლოს მხრიდან სამართლებრივ კონტროლს და სასამართლოს ან დისკრიმინაციის ფაქტის დადასტურების თაობაზე გამოეტანა გადაწყვეტილება ან უარი ეთქვა საქართველოს სახალხო დამცველის სარჩელის დაკმაყოფილებაზე. განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მოპასუხემ საქართველოს სახალხო დამცველის რეკომენდაციას უპასუხა და გამოთქვა მზადყოფნა, რომ შესაბამისი ღონისძიებები გაეტარებინა რეკომენდაციის საფუძველზე, რის გამოც, სახალხო დამცველის მხრიდან საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილებების განსახორციელებლად, აღარ არსებობდა სასამართლოსათვის მიმართვის წინაპირობები. შესაბამისად, მოპასუხემ თავადვე გამოაცალა საფუძველი სახალხო დამცველის რეკომენდაციის სამართლებრივი კონტროლის განხორციელების შესაძლებლობას.
33. რაც შეეხება კასატორის შედავებას მატერიალური ზიანის ანაზღაურების ნაწილში, საკასაციო პალატა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 201.2 მუხლის „დ“ ქვეპუნქტის (მოპასუხის წერილობით პასუხში (შესაგებელში) მითითებული უნდა იყოს: დ) თუ მოპასუხე სარჩელს არ ცნობს, რა კონკრეტულ ფაქტებსა და გარემოებებს ემყარება მისი პასუხი (შესაგებელი) სარჩელის წინააღმდეგ), ამავე მუხლის მე-4 ნაწილის (პასუხში (შესაგებელში) სრულყოფილად და თანამიმდევრობით უნდა იყოს ასახული მოპასუხის მოსაზრებები სარჩელში მითითებულ თითოეულ ფაქტობრივ გარემოებასა და მტკიცებულებასთან დაკავშირებით. თუ მოპასუხე არ ეთანხმება სარჩელში მოყვანილ რომელიმე გარემოებას, იგი ვალდებულია მიუთითოს ამის მიზეზი და დაასაბუთოს შესაბამისი არგუმენტაციით; წინააღმდეგ შემთხვევაში მას ერთმევა უფლება, შეასრულოს ასეთი მოქმედება საქმის არსებითად განხილვის დროს) და ამავე კოდექსის 219-ე მუხლის 1-ლი ნაწილის (მხარეები შეზღუდული არიან, ახსნა-განმარტების მოსმენისას წარადგინონ ახალი მტკიცებულებები ან მიუთითონ ახალ გარემოებებზე, რომელთა შესახებაც არ ყოფილა მითითებული სარჩელსა თუ შესაგებელში ან საქმის მომზადების სტადიაზე, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მათ შესახებ თავის დროზე საპატიო მიზეზით არ იყო განცხადებული) საფუძველზე განმარტავს, რომ მოსარჩელის მიერ მითითებული მატერიალური ზიანის ოდენობის (1 სემესტრის განმავლობაში მის მიერ მისაღები სახელფასო ანაზღაურება) უსაფუძვლობაზე მოპასუხეს უნდა მიეთითებინა მის ძირითად საპროცესო დოკუმენტში, ან უკიდურეს შემთხვევაში მოსამზადებელ სხდომაზე, საქმის მთავარი სხდომაზე განხილვის დაწყებამდე.
34. მხარეები საპროცესო სამართალურთიერთობაში მოქმედებენ რა შეჯიბრებითობისა და დისპოზიციურობის ფუნდამენტური პრინციპების ფარგლებში, თავად განსაზღვრავენ, თუ რა სამართლებრივი ხერხითა და მეთოდით, რომელ სამართლებრივ ბერკეტებზე მითითებით დაუპირისპირდნენ სარჩელს და როგორ გააქარწყლონ ან შეარბილონ/შეამცირონ მათთვის დასაკისრებელი პასუხისმგებლობის ფარგლები. სასამართლო სამართალწარმოების განხორცილების პროცესში შეზღუდულია პროცესის მონაწილე სუბიექტთა ნების გამოვლენის ფარგლებით. სასამართლო სამართალწარმოებას ახორციელებს ერთი მხრივ, სასარჩელო მოთხოვნის მოცულობის, ხოლო, მეორე მხრივ, სარჩელის წინააღმდეგ წარმოდგენილი მოთხოვნის გამომრიცხველი, დამაბრკოლებელი თუ შემწყვეტი შესაგებლების ურთიერთშეპირისპირების ფარგლებში (იხ. სუსგ საქმეზე №ას-827-2021, 03.12.2021 წ.).
35. მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მოსარჩელის მიერ მითითებული ზიანის/მისაღები ხელფასის ოდენობა არც შესაგებელში და არც მოსამზადებელ ეტაპზე მოპასუხეს სადავოდ არ გაუხდია. შესაბამისად, იმ სუბიექტური და ობიექტური ფაქტორების გათვალისწინებით, რომ მოპასუხეს მატერიალური ზიანის ანაზღაურების ნაწილში, საკასაციო საჩივარში მითითებული არგუმენტები (იხ. ამ განჩინების 9.5. აბზაცი) არც შესაგებელში და არც მოსამზადებელ სხდომაზე არ მიუთითებია, მოპასუხემ დაკარგა სააპელაციო და საკასაციო ინსტანციის სასამართლოში, მათზე დაყრდნობით სარჩელისაგან თავდაცვის საპროცესო უფლება. ამასთან, აღსანიშნავია, რომ მოპასუხეს არ წარმოუდგენია რაიმე არგუმენტაცია ანდა რელევანური მტკიცებულება, რაც მოსარჩელის მიერ ზიანის სახით მოთხოვნილი თანხის სხვაგვარ გაანგარიშებაზე მსჯელობის შესაძლებლობას მისცემდა სასამართლოს.
36. მორალური ზიანის ანაზღაურების უსაფუძვლობასთან მიმართებით, კასატორის არგუმენტის (კასატორი უწყვეტად აგრძელებდა დაკავებულ აკადემიურ თანამდებობაზე საქმიანობას სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში და რომ იგი იყო წარმატებული მისი საქმიანობით) საპასუხოდ კი, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მორალური ზიანი შესაძლოა დადგეს არა მხოლოდ უმუშევრობის მდგომარეობის, არამედ ასევე აქტიური ცხოვრების შეუძლებლობის, ცხოვრების წესისა და რითმის შეცვლის, დათრგუნულობის, გაურკვევლობის, ნერვული დაძაბულობის, არასრულფასოვნების კომპლექსის და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით, რაზედაც სააპელაციო პალატამ თავადაც ვრცლად იმსჯელა გასაჩივრებულ განჩინებაში.
37. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03).
38. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
39. კასატორმა ვერ დაასაბუთა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული განჩინება წინააღმდეგობაში მოდის მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან ან/და მის დამატებით ოქმთან/ოქმებთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან.
40. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.
41. ამავდროულად, გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან, რომელთა ნაწილიც ასახულია წინამდებარე განჩინებაში.
42. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
43. სსსკ-ის 401-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. შესაბამისად, სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის 70% – 210 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 264.3-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველი დაუშვებლობის გამო.
2. სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს (204864548) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის (საგადახდო დავალება N51320, გადახდის თარიღი 24.08.2022) 70% – 210 ლარი;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე გიორგი მიქაუტაძე
მოსამართლეები: რევაზ ნადარაია
თეა ძიმისტარაშვილი