№ას-1296-2022
05 ოქტომბერი, 2023 წელი ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
გიორგი მიქაუტაძე (თავმჯდომარე),
რევაზ ნადარაია (მომხსენებელი), თამარ ზამბახიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – ი.გ–ია (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – დ.ჭ–ძე (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 27 ივნისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი – თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. ი.გ–იამ (შემდეგში - მოსარჩელე, კასატორი) სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოში დ.ჭ–ძის (შემდეგში მოპასუხე) მიმართ და მოითხოვა მოპასუხისათვის მოსარჩელის სასარგებლოდ 15285 აშშ დოლარის, 2975 ლარისა და პირგასამტეხლოს 1500 აშშ დოლარის დაკისრება (იხ. სარჩელი: ტ.1, ს.ფ. 2-18, 2021 წლის 16 მარტის სასამართლო სხდომის ოქმი, სასარჩელო მოთხოვნის შემცირება).
1.2. მოპასუხემ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 13 ივლისის გადაწყვეტილებით ი.გ–იას სარჩელი დ.ჭ–ძის მიმართ არ დაკმაყოფილდა.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 13 ივლისის გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა მოსარჩელემ და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 27 ივნისის განჩინებით ი.გ–იას სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა პირველი ინსტანციის სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
5. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების ფაქტობრივი დასაბუთება:
სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
5.1. 2018 წლის 20 სექტემბერს მოსარჩელეს (დამკვეთი) და მოპასუხეს (შემსრულებელი) შორის დაიდო ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც შემსრულებელმა იკისრა საირმის გორაზე, კერძო საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი სახლის ეზოს ტერიტორიაზე აუზის მიმდებარედ ხელოვნური კლდის მოწყობა-აშენება და ტერიტორიის კეთილმოწყობა ესკიზის საფუძველზე.
5.2. ხელშეკრულების 1.3 პუნქტის თანახმად, დამკვეთი ვალდებულია მოამარაგოს მასალებით და გადაუხადოს შემსრულებელს ფულადი გასამრჯელო ხელშეკრულების 2.1 პუნქტის თანახმად. ამავე ხელშეკრულების 2.1 პუნქტის თანახმად ხელშეკრულების საგნის საფასური შეადგენს 32 000 აშშ დოლარის ექვივალენტს ლარებში ეროვნული კურსის გათვალისწინებით. ამავე ხელშეკრულების 2.2 პუნქტის თანახმად, შემსრულებელს დამკვეთი გადაუხდის სამუშაოების საფასურს შეთანხმების საფუძველზე სამ ეტაპად, კერძოდ: 1) შემსრულებელს ჩაერიცხება შეთანხმებული თანხის 20% ხელშეკრულების ძალაში შესვლიდან სამ სამუშაო დღეში; 2) შემსრულებელს ჩაერიცხება გარკვეული სამუშაოს შესრულების შემდეგ შეთანხმებული თანხის 40%; 3) შემსრულებელს ჩაერიცხება შეთანხმებული თანხის 40% სამუშაოების დასრულებისა და მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების შემდგომ. ხელშეკრულების 4.1 პუნქტის თანახმად, ხელშეკრულება შედის ძალაში მხარეთა მიერ მისი ხელმოწერისთანავე და მოქმედებს ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების მომენტამდე. ხელშეკრულების 4.2 პუნქტით განისაზღვრა, რომ ნაკეთობა დამკვეთს ჩაბარდება ხელშეკრულების ძალაში შესვლიდან სამი თვის ვადაში. ხელშეკრულებით გათვალისწინებული იქნა პირგასამტეხლო. კერძოდ, შემსრულებელი ვალდებულია 4.2 პუნქტის დარღვევის შემთხვევაში გადაიხადოს პირგასამტეხლო სახელშეკრულებო ღირებულების თანხის 0.1% ყოველ ვადაგადადაცილებულ კალენდარულ დღეზე.
5.3. მხარეთა შორის სადავო არ არის, რომ 2018 წლის 20 სექტემბრის ხელშეკრულებით გათვალისწინებული შესასრულებელი სამუშაოს ღირებულების ფარგლებში მოსარჩელეს მოპასუხისათვის 2018 წლის 24 სექტემბრის, 2018 წლის 23 ოქტომბრის, 2019 წლის 22 იანვრის, 2019 წლის 25 თებერვლის, 2019 წლის 21 აგვისტოს და 2019 წლის 30 აპრილის საგადასახადო დავალებებით ანაზღაურებული აქვს 22 800 აშშ დოლარი. 2018 წლის 14 დეკემბერს მოსარჩელეს მოპასუხისთვის საბანკო ანგარიშსწორების გზით ჩარიცხული აქვს 8 500 ლარი, დანიშნულებით - „ქვის ღირებულება“. მხარეთა შეთანხმებით, აღნიშნული თანხით მოპასუხეს უნდა შეეძინა 100 კვ.მ. მოსაპირკეთებელი ქვა.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სამართლებრივი დასაბუთება:
5.4. პალატამ ყურადღება გაამახვილა მოსარჩელის მითითებაზე, რომლის თანახმად, ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოები არ შესრულდა ჯეროვნად და კეთილსინდისიერად, რისთვისაც მოპასუხეს უნდა დაკისრებოდა, როგორც შესასრულებელი სამუშაოებისათვის გათვალისწინებული თანხის ანაზღაურება, ასევე დარჩენილი მოსაპირკეთებელი ქვის ღირებულება და ვადაგადაცილებისათვის გათვალისწინებული პირგასამტეხლო. კერძოდ, მოსარჩელე აპელირებდა იმ გარემოებაზე, რომ მოპასუხის მიერ შესრულებული სამუშაოები არ იყო მის მიერ უკვე გადახდილი თანხის ეკვივალენტური, რის გამოც მოპასუხეს უნდა დაკისრებოდა წინასწარ გადახდილი და რეალურად შესრულებულ სამუშაოთა შორის თანხის სხვაობა. ზემოაღნიშნული გარემოების დადასტურების მიზნით, მოსარჩელემ წარმოადგინა ექსპერტიზის დასკვნა.
5.5. სასამართლომ აღნიშნული ექსპერტიზის დასკვნის შინაარსისა და დაკვნის გაანალიზების გათვალისწინებით აღნიშნა, რომ ფარული სამუშაოების მოცულობები შეფასდა მხოლოდ მოსარჩელის მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე და დასკვნის შედგენისას ექსპერტს არ ჰქონია წვდომა შესრულებული სამუშაოს პროექტთან, ამასთან, როგორც კვლევითი ნაწილით დგინდებოდა ექსპერტიზის დასკვნა შედგენილი იყო შემსრულებლის მიერ გაწეული ფაქტობრივი დანახარჯების შეფასების გარეშე, რამაც საბოლოოდ განაპირობა ის რომ კლდის მოწყობა-აშენებაზე შესრულებული სამუშაოებზე გაწეული ფაქტობრივი შრომითი დანახარჯის (ღირებულება) განსაზღვრა ვერ მოხდა.
5.6. პალატამ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 629-ე, 639-ე, 641-ე მუხლებზე და მიიჩნია, რომ საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდებოდა მოპასუხის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების დარღვევის და სამუშაოს არაჯეროვანი შესრულების ფაქტი, შესაბამისად, არ არსებობდა სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი.
6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 27 ივნისის განჩინება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა მოსარჩელემ და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.
7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 13 ოქტომბრის განჩინებით, სსსკ-ის 396-ე მუხლის საფუძველზე საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად დასაშვებობის შესამოწმებლად.
საკასაციო საჩივრის მოთხოვნის ფაქტობრივ–სამართლებრივი დასაბუთება:
7.1. კასატორი მიიჩნევს, რომ გაუგებარია თუ როგორ მიიჩნია სასამართლომ მოსარჩელის მიერ ხელშეკრულება შეწყვეტილად, მაშინ, როდესაც, მოპასუხეს, გარდა სიტყვიერი განმარტებისა აღნიშნულის დამადასტურებელი არანაირი მტკიცებულება სასამართლოსთვის არ წარუდგენია. სასამართლომ ყურადღება არ გაამახვილა მოსარჩელის განმარტებაზე, რომ მოპასუხე, თვითნებურად მიატოვა სამუშაო და მასთან დაკავშირება ვერ ხდებოდა. სასამართლომ ყურადღება არ გაამახვილა აგრეთვე მოსარჩელის მიერ წარმოდგენილ, სხვა მენარდეებთან გაფორმებულ ხელშეკრულებებზე და იმ გარემოებაზე, რომ დაგეგმილ 32000 აშშ დოლარზე 10000 აშშ დოლარით მეტი გახდა საჭირო სამუშოების შესასრულებლად. აგრეთვე თითქმის 3 წელი ელოდებოდა მოპასუხეს და მხოლოდ შემდეგ გაფორმდა ხელშეკრულებები სხვა მენარდეებთან.
7.2. კასატორი სადავოდ ხდის აგრეთვე მის მიერ წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნის შეფასებას და მიიჩნევს, რომ აღნიშნული დასკვნის გათვალისწინებით, არსებობდა სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი. რაც შეეხება მოპასუხის მიერ წარმოდგენილ ექსპერტიზის დასკვნას, კასატორი მიიჩნევს, რომ იგი შესრულებულია და ეყრდნობა არარეალურ, არალეგიტიმურ, შეთხზულ მონაცემებს და არარეალურ მიღება-ჩაბარების აქტს (ფორმა 2). მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნა მოსარჩელეს მიაჩნია ერთადერთ რეალურ მტკიცებულებად, რომლის საპირწონე მტკიცებულება, რომელიც გააბათილებდა აღნიშნულ დასკვნას, მოპასუხეს არ წარუდგენია.
7.3. კასატორის პრეტენზია შეეხება აგრეთვე სასამართლოს მიერ გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმებას. კასატორი მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სათანადოდ არ იმსჯელა აღნიშნულ საკითხზე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
8. საკასაციო სასამართლომ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ-ის) 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:
9. სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული ნორმის დანაწესით, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
10. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.
11. სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და სათანადოდ დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
12. საკასაციო პალატა პირველ რიგში მიუთითებს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის დისპოზიციიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას საკასაციო საჩივრის ფარგლებში. საკასაციო სასამართლოს არ შეუძლია თავისი ინიციატივით შეამოწმოს საპროცესო დარღვევები, გარდა 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტებისა. შესაბამისად, წინამდებარე განჩინებით, საკასაციო პალატის მსჯელობის საგანი იქნება კასატორის შედავების საფუძვლიანობა.
13. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო საჩივრის ფარგლებში პალატის შეფასების საგანია, მოპასუხისათვის თანხის დაკისრებაზე უარის თქმის შესახებ, სასამართლოს განჩინების კანონიერება.
14. საკასაციო სასამართლომ არაერთ საქმეში განმარტა, რომ სასამართლოს უპირველესი ამოცანაა, დაადგინოს, თუ რას ითხოვს მოსარჩელე მოპასუხისაგან და რის საფუძველზე, ანუ რომელ ფაქტობრივ გარემოებებზე ამყარებს თავის მოთხოვნას. ყოველი კონკრეტული სამოქალაქო საქმის გადაწყვეტა სასამართლოში, დაკავშირებულია გარკვეული ფაქტების დადგენასთან. ფაქტების დადგენის აუცილებლობა განპირობებულია იმით, რომ სასამართლო იხილავს და წყვეტს მხარეთა შორის წარმოშობილ დავებს, რომლებიც სამართლით რეგულირებული ურთიერთობებიდან წარმოიშობიან. სამართლებრივი ურთიერთობა კი, როგორც ეს ცნობილია, შეიძლება აღმოცენდეს, განვითარდეს ან შეწყდეს მხოლოდ იურიდიული ფაქტების საფუძველზე. სწორედ მტკიცების ტვირთსა და მის სწორ განაწილებაზეა დამოკიდებული დასაბუთებული და კანონიერი გადაწყვეტილების მიღება.
15. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-6 მუხლით გათვალისწინებული სამართლიანი სასამართლოს უფლების რეალიზება უმეტესწილად დამოკიდებულია და გულისხმობს სასამართლოს მიერ დასაბუთებული, მტკიცებულებათა შეჯერების საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილების მიღებას. მტკიცების ტვირთის როლი განსაკუთრებით ვლინდება სამოქალაქო სამართალწარმოებაში, სადაც მხარეთა ნების ავტონომიას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება. შესაძლებელია მხარის მოთხოვნა საფუძვლიანი იყოს, მაგრამ შეუძლებელია მხარემ მიიღოს თავისი სასარგებლო გადაწყვეტილება, თუ ვერ დაამტკიცებს თავის სასარგებლო გარემოებებს საპროცესო სამართლით დადგენილი წესით. ამიტომაც, ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს მტკიცების ტვირთის სწორი გადანაწილება მოდავე მხარეებს შორის.
16. სსსკ-ის მე-3 მუხლის მიხედვით მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს – ცნოს სარჩელი. ამავე კოდექსის მე-4 მუხლის მიხედვით სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული შესაგებლები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.
17. მტკიცების ტვირთზე მითითებას აკეთებს სსსკ-ის 102-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომლის მიხედვითაც თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. მოსარჩელემ უნდა ამტკიცოს ის გარემოებები, რომლებზედაც დაფუძნებულია სასარჩელო მოთხოვნა, ხოლო მოპასუხემ გარემოებები, რომლებსაც მისი შესაგებელი ემყარება.
18. მტკიცების ტვირთი - ესაა სამოქალაქო სამართალწარმოებაში საქმის სწორედ გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი ფაქტების დამტკიცების მოვალეობის დაკისრება მხარეებზე, რომლის შესრულება უზრუნველყოფილია მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით არახელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანით იმ მხარის მიმართ, რომელმაც ეს მოვალეობა არ (ვერ) შეასრულა. მხარეთა მტკიცებითი საქმიანობის საბოლოო მიზანი - ესაა სასამართლოს დარწმუნება საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობაში. სასამართლოს დაურწმუნებლობა კი, მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს იწვევს. მტკიცების ტვირთი დამოკიდებულია არა მხარის როლზე პროცესში, არამედ მოთხოვნის საფუძველზე. ის ვინც ითხოვს ვალდებულების შესრულებას, უნდა დაამტკიცოს მოთხოვნის საფუძვლის არსებობა არა მხოლოდ მაშინ, როდესაც იგი ითხოვს თავისი მოთხოვნის შესრულებას, ან აღიარებას, არამედ მაშინაც, როდესაც იგი თავს იცავს მოწინააღმდეგე მხარის ნეგატიური აღიარებითი სარჩელისაგან (მოთხოვნისაგან) (ას-178-167-2017, 14.07.2017წ). მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის განაწილების ინსტიტუტი მიუთითებს არა მარტო იმაზე, თუ რომელმა მხარემ რა ფაქტები უნდა დაადგინოს, არამედ იმაზეც, თუ რომელი ფაქტების დადგენის მოვალეობისაგან თავისუფლდება ესა თუ ის მხარე. შესაბამისად, მოსარჩელემ, როგორც წესი, უნდა დაამტკიცოს ყველა გარემოება, რომელიც წარმოადგენს მოთხოვნის წარმოშობის საფუძველს, ხოლო მოპასუხემ კი - ყველა გარემოება, რომელიც წარმოადგენს მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველს (იხ. ჰაინ ბიოლინგი, ლადო ჭანტურია, სამოქალაქო საქმეებზე გადაწყვეტილებათა მიღების მეთოდიკა, თბ., 2003, გვ.64).
19. მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სასარჩელო მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 629-ე მუხლის პირველი ნაწილი (ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს, შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია, გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური), ამავე კოდექსის 361.2-ე (ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას) 417-ე (პირგასამტეხლო – მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა – მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის) და 418-ე (ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს, გარდა ამ კოდექსის 625-ე მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა; შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას) მუხლები.
20. სსკ-ის 629-ე მუხლის I ნაწილის თანახმად, ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური. აღნიშნულიდან გამომდინარე, ნარდობა, როგორც სამუშაოს შესრულების ტიპის ხელშეკრულება, არის კონსენსუალური, ორმხრივი და სასყიდლიანი ხელშეკრულება. (სუსგ №ას-240-2023, 21.03.2023წ.). 21. ნარდობის ხელშეკრულებით მენარდის ძირითად ვალდებულებას წარმოადგენს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო 361-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული მოთხოვნების დაცვით. კერძოდ, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. შესაბამისად, ნარდობის ხელშეკრულებით მენარდის ერთ-ერთ ძირითად ვალდებულებას წარმოადგენს შეთანხმებული სამუშაოს დროულად შესრულება. სამუშაოს დასრულებამდე შემკვეთის მიერ ნარდობის ხელშეკრულების მოშლა არ ათავისუფლებს შემკვეთს მენარდის მიერ შესრულებული სამუშაოს ღირებულების ანაზღაურების მოვალეობისგან. მენარდის ინტერესების დასაცავად და მხარეთა შორის უფლებებისა და მოვალეობების გონივრული ბალანსის შესანარჩუნებლად, შემკვეთს ეკისრება ვალდებულება, ხელშეკრულების მოშლის შემთხვევაში, მენარდეს აუნაზღაუროს ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოს ღირებულება“ (სუსგ-ები: №ას-203-2021, 08.04.2021წ.; №ას-275-2020, 16.11.2021წ.). 22. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე მიუთითებდა, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოები არ შესრულდა ჯეროვნად და კეთილსინდისიერად, შესრულებული სამუშაოები არ იყო მის მიერ უკვე გადახდილი თანხის ეკვივალენტური, რისთვისაც მოპასუხეს უნდა დაკისრებოდა შესასრულებელი სამუშაოებისათვის უკვე გადახდილ თანხასა და რეალურად შესრულებული სამუშაოების ღირებულებას შორის არსებული სხვაობა, ასევე ვადაგადაცილებისათვის გათვალისწინებული პირგასამტეხლო.
23. დადგენილია, რომ მოსარჩელეს 2018 წლის 24 სექტემბრის, 2018 წლის 23 ოქტომბრის, 2019 წლის 22 იანვრის, 2019 წლის 25 თებერვლის, 2019 წლის 21 აგვისტოს და 2019 წლის 30 აპრილის საგადასახადო დავალებებით მოპასუხისათვის ანაზღაურებული აქვს 22 800 აშშ დოლარი. მოსარჩელე სადავოდ ხდის 15 285 აშშ დოლარის ფარგლებში სამუშაოთა ჯეროვან შესრულებას.
24. მოსარჩელეს სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლიანობის დასადასტურებლად წარმოდგენილი აქვს სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2020 წლის 14 იანვრის N000224020 დასკვნა, რომლის თანახმად, 2. ქ. თბილისში,...... მდებარე საცხოვრებელი სახლის ეზოს ტერიტორიაზე, აუზის მიმდებარედ ხელოვნური კლდის მოწყობა-აშენების სამუშაოები არ არის დასრულებული, არ აქვს წარმოდგენილ ფოტომასალაში ნაჩვენები სახე და შესაბამისად არ არის შესაბამისობაში წარმოდგენილ ფოტომასალასთან..... აუზის მიმდებარედ კლდის მოწყობა-აშენების ფაქტობრივად შესრულებულ სამუშაოებზე გაწეული შრომითი დანახარჯების საორიენტაციო სახარჯთაღრიცხვო ღირებულება სამშენებლო ნორმებისა და წესების მოთხოვნათა და საბაზრო შრომითი ღირებულების გათვალისწინებით შეადგენს 21 703.80 ლარს. ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ექსპერტის წინაშე მოცემულ საქმეზე სადავო საკითხთან დაკავშირებით დასმული იყო კითხვა - საცხოვრებელი სახლის ეზოს ტერიტორიაზე, აუზის მიმდებარედ ფაქტობრივად შესრულებული ხელოვნური კლდის მოწყობა-აშენების სამუშაოები შეესაბამება თუ არა წარმოდგენილ ფოტომასალას, ამასთანავე ექსპერტს დაევალა ფაქტობრივად შესრულებულ სამუშაოების შრომით დანახარჯის (ღირებულების) განსაზღვრა. დასკვნის კვლევითი ნაწილის თანახმად, ხელოვნური კლდის მოწყობა-აშენების სამუშაოებთან დაკავშირებით აღნიშნულია, რომ „...შესწავლილი იქნა საირმის გორაზე, კერძო საკუთრებაში არსებული საკუთარი საცხოვრებელი სახლის ეზოს ტერიტორიაზე, აუზის მიმდებარედ ხელოვნური კლდის მოწყობა-აშენებაზე ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოები. ექსპერტიზის ჩატარების პერიოდისთვის ფაქტობრივად შესრულებული იყო კიბეების, კოშკებისთვის და აუზის გადახურვისთვის რკინაბეტონის კონსტრუქციების მოწყობის (კოლონები, გადახურვის ფილა) სამუშაოები, შესრულებულია კოშკის და ვერანდის მოაჯირისთვის ბლოკის კედლების აშენების სამუშაოები, შიდა და გარე კედლების ქვიშა-ცემენტის ხსნარით შელესვის სამუშაოები, ვერანდაზე მოჭიმვის მოწყობის სამუშაოები, ნაწილობრივ შესრულებულია კედლების ბუნებრივი ქვით მოპირკეთების სამუშაოები, შესრულებულია ელ. კაბელების, გოფრირებული მილის და წყალგაყვანილობის მილების მოწყობის სამუშაოები, ხელოვნური კლდის მოსაწყობად შესრულებულია არმატურის კარკასების, ლითონის ბადის მოწყობის სამუშაოები, ხოლო ხელოვნური კლდის დეკორატიული ვიზუალის მოწყობის სამუშაოები არ არის დასრულებული სახით. შესაბამისი აზომვითი სამუშაოების ჩატარების შედეგად განსაზღვრული იქნა ფაქტობრივად შესრულებული ხილული სამუშაოების მოცულობები, ხოლო ფარული სამუშაოების მოცულობები გაზიარებულ იქნა 2019 წლის 03 დეკემბრის განცხადებით მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე. ასევე განსაზღვრული იქნა აღნიშნული შესრულებული სამუშაოების საორიენტაციო შრომითი ღირებულებები სამშენებლო ნორმებისა და წესების მოთხოვნათა და ასევე სამშენებლო ბაზარზე არსებული შრომითი ღირებულების გათვალისწინებით. ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით შედგენილ იქნა ქ. თბილისში, საირმის გორა ....... მდებარე კერძო საკუთრებაში არსებული საკუთარი საცხოვრებელი სახლის ეზოს ტერიტორიაზე, აუზის მიმდებარედ ხელოვნური კლდის მოწყობა-აშენების სამუშაოების შრომითი დანახარჯების საორიენტაციო ხარჯთაღრიცხვა. ვინაიდან, ექსპერტიზაზე არ იყო წარდგენილი სამუშაოების შემსრულებლის მიერ გაწეული ფაქტობრივი დანახარჯების დამადასტურებელი დოკუმენტაცია, ხელოვნური კლდის მოწყობა-აშენებაზე შესრულებული სამუშაოებზე გაწეული ფაქტობრივი შრომითი დანახარჯის (ღირებულება) განსაზღვრა ვერ მოხდა“.
25. საქმეში ასევე წარმოდგენილია მოპასუხის დაკვეთით შესრულებული სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2021 წლის 09 ივლისის დასკვნა, რომლის კვლევის მიზანს წარმოადგენდა შესრულებული სამუშაოების ღირებულების განსაზღვრა. ექსპერტს ფარული სამუშაოების შესაფასებლად უნდა ეხელმძღვანელა წარდგენილი პროექტით და ფორმა 2-ით, რომელიც ითვალისწინებდა შესრულებული სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოების შესახებ ინფორმაციას მათ ღირებულებებზე მითითებით. დასკვნის თანახმად, თბილისში, საირმის გორა ....ში მდებარე საცხოვრებელი სახლის ეზოს ტერიტორიაზე, აუზის, აუზის მიმდებარედ, ხელოვნური კლდის მოწყობა-აშენება და ტერიტორიის კეთილმოწყობის სამუშაოების ღირებულება, სამშენებლო, რესურსული ფასების 2018 წლის მე-4 კვარტლის დონეზე და შესაბამისი დარიცხვის ჩათვლით, ასევე დამკვეთის მიერ მიწოდებული რიგი სამუშაოებების მოცულობების გათვალისწინებით შეადგინა 52 603.02 ლარი. ნაცვლად წარმოდგენილი 78 202.83 ლარისა. სხვაობა ნაკლებობით შეადგენდა 25 599.81 ლარს. დასკვნას თან ერთვის წარდგენილი ინფორმაცია შესრულებული სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოების შესახებ. დასკვნის კვლევით ნაწილით დგინდება, რომ „...წარმოდგენილ ფორმა 2-ში ნაჩვენები (27, 28. 29, 30 და 31) პუნქტები არ წარმოადგენს სამშენებლო სამუშაოებს, ხოლო ის სამუშაოები (25, 26 და 32 პუნქტები) რომლებიც განეკუთვნება სამშენებლო სამუშაოებს და არ არის მოცემული რესურსული სახით ნაჩვენები, სადაც მოცემული იქნებოდა მათი მოცულობები და რაოდენობები, აღნიშნული სამუშაოების ღირებულებაზე (ჯამური ღირებულებით 7 130 ლარი) ექსპერტიზა ვერ იმსჯელებს. შესაბამისად მათი ღირებულებების ჩათვლა არ ჩათვლის საკითხი წარმოადგენს დამკვეთისა და შემსრულებლის პრეროგატივას“.
26. საკასაციო პალატა კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ სამოქალაქო პროცესში მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის ობიექტური და სამართლიანი განაწილების პრინციპი არსებობს (სსსკ-ის 102-ე მუხლი) და განმარტავს, რომ გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც კანონი მტკიცების ტვირთის გადანაწილების სპეციალურ წესს ითვალისწინებს (მაგ. შრომითსამათლებრივი დავები), მტკიცების ტვირთის გადანაწილების ზოგადი წესი მოქმედებს, რომლის თანახმად, თითოეულმა მხარემ ის გარემოებები უნდა დაამტკიცოს, რომლებზეც იგი თავის მოთხოვნას ამყარებს. არ შეიძლება მხარეს ისეთი გარემოების მტკიცების ტვირთი დაეკისროს, რომლის ზიდვაც მისთვის ობიექტურად შეუძლებელია. მოცემულ შემთხვევაში, მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის თანაბრად გადანაწილების საფუძველზე, ვინაიდან მოსარჩელე მოპასუხისათვის მის მიერ შესასრულებელი სამუშაოებისათვის უკვე გადახდილ თანხასა და რეალურად შესრულებული სამუშაოების ღირებულებას შორის არსებული სხვაობის დაკისრებას მოითხოვდა, სწორედ მისი (მოსარჩელის) მტკიცების საგანში შემავალ გარემოებას წარმოადგენდა იმ ფაქტის დადასტურება, რომ ასეთ სხვაობას ნამდვილად ჰქონდა ადგილი. მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნით, ასევე სასამართლო სხდომაზე მხარეთა ახსნა-განმარტებით დგინდება, რომ ფარული სამუშაოების მოცულობები შეფასდა მხოლოდ მოსარჩელის მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე და დასკვნის შედგენისას, სამუშაოს პროექტის კვლევა ექსპერტს არ განუხორციელებია. კვლევითი ნაწილით ასევე დგინდება, რომ დასკვნა შესრულებულია შემსრულებლის მიერ გაწეული ფაქტობრივი დანახარჯების შეფასების გარეშე, რის გამოც შეუძლებელი იყო სამუშაოებზე გაწეული ფაქტობრივი შრომითი დანახარჯის განსაზღვრა. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე მხარემ ვერ დაადასტურა მისი მტკიცების საგანში შემავალი გარემოება იმის შესახებ, რომ გადახდილ თანხასა და შესრულებულ სამუშაოს შორის არსებობდა სხვაობა. ის გარემოება, რომ სამუშაოების შესრულება დაევალა მესამე პირებს, ასევე ვერ გახდება სარჩელის დაკმაყოფილების წინაპირობა, ვინაიდან, მოსარჩელე თავად აღნიშნავს, რომ უკვე შესრულებული სამუშაო არ ყოფილა ნაკლიანი, ხოლო სხვა სამუშოების შესასრულებლად მესამე პირებთან სახელშეკრულებო ურთიერთობაში შესვლა წინამდებარე დავასთან კავშირში არ არის. პალატა ყურადღებას გაამახვილებს იმ გარემოებაზეც, რომ მოსარჩელე პერიოდულად (2018 წლის 24 სექტემბრის, 2018 წლის 23 ოქტომბრის, 2019 წლის 22 იანვრის, 2019 წლის 25 თებერვლის, 2019 წლის 21 აგვისტოს და 2019 წლის 30 აპრილის საგადასახადო დავალებებით) ახორციელებდა მოპასუხისათვის სამუშაოთა ღირებულების ანაზღაურებას. მის მიერ ბოლო გადახდა განხორციელდა 2019 წლის 21 აგვისტოს (1000 აშშ დოლარის ოდენობით), რაც ადასტურებს იმ ფაქტს, რომ მოსარჩელე მოპასუხის მიერ შესრულებულ სამუშაოებს (2019 წლის 21 აგვისტომდე ანაზღაურებული იყო 22800-1000 აშშ დოლარი. საგადახდო დავალებების დანიშნულებაში მითითებულია - „ხელშეკრულების თანახმად“, ხოლო ხელშეკრულების 2.2.II პუნქტი ითვალისწინებდა თანხის ჩარიცხვას გარკვეული სამუშაოების შესრულების შემდეგ) ჯეროვნად შესრულებულად მიიჩნევდა. რაც შეეხება კასატორის პრეტენზიას, რომ მოპასუხემ 100 კვ.მ. მოსაპირკეთებელი ქვის ნაცვლად, მხოლოდ 65 კვ.მ. მოსაპირკეთებელი ქვის მიტანა უზრუნველყო, პალატა ვერც ამ პრეტენზიას გაიზიარებს, ვინაიდან, მოსარჩელემ ვერც აღნიშნულის დამადასტურებელი მტკიცებულებები წარუდგინა სასამართლოს, რაც ამ სასარჩელო მოთხოვნასაც დაუსაბუთებელს ხდის.
27. საკასაციო პალატას ყურადღების მიღმა არ რჩება კასატორის პრეტენზია მოპასუხის მიერ წარმოდგენილ ექსპერტიზის დასკვნასთან მიმართებით, რომ იგი შესრულებულია და ეყრდნობა არარეალურ, არალეგიტიმურ, შეთხზულ მონაცემებს და არარეალურ მიღება-ჩაბარების აქტს. პალატა აღნიშნავს, რომ მოპასუხის მიერ წარდგენილი ექსპერტიზის დასკვნა, ერთი მხრივ, არ ადასტურებს მოსარჩელის მიერ გადახდილ თანხაზე ნაკლები ოდენობის ღირებულების სამუშაოს შესრულების ფაქტს, ხოლო მეორე მხრივ, უკვე აღნიშნული მტკიცების ტვირთის განაწილების პრინციპის გათვალისწინებით, მითითებული ექსპერტიზის დასკვნის გაუთვალისწინებლობის შემთხვევაშიც, სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლიანობა მოსარჩელემ ვერ დაადასტურა. შესაბამისად, პალატა მიზანშეწონილად არ მიიჩნევს, მოპასუხის მიერ წარმოდგენილი N003394721 ექსპერტიზის დასკვნაზე დამატებით მსჯელობას.
28. რაც შეეხება მოთხოვნას პირგასამტეხლოს დაკისრების შესახებ, მისი დაკისრების სამართლებრივ წინაპირობას წარმოადგენს ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარის მიერ ნაკისრი ვალდებულების დარღვევა. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან მოპასუხის მიერ ხელშეკრულების დარღვევას და არაჯეროვან შესრულებას არ ჰქონია ადგილი, ასევე უდავოდ დადგინდა, რომ ხელშეკრულება შეწყდა მოსარჩელის ინიციატივით, მოთხოვნა პირგასამტეხლოს შესახებ საფუძველს მოკლებულია.
29. საკასაციო სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ უდავოდ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებაზე იმის შესახებ, რომ მხარეთა შორის გაფორმებული 2018 წლის 20 სექტემბრის ხელშეკრულება შეწყდა ცალმხრივად, მოსარჩელის ინიციატივით და ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოები მოპასუხის მიერ სრულად არ ყოფილა შესრულებული. მითითებულ ფაქტობრივ გარემოებაზე პრეტენზიას შეიცავს საკასაციო საჩივარი. კერძოდ, კასატორი მიიჩნევს, რომ გაუგებარია, თუ როგორ მიიჩნია სასამართლომ მოსარჩელის მიერ ხელშეკრულება შეწყვეტილად, მაშინ, როდესაც, მოპასუხეს, გარდა სიტყვიერი განმარტებისა აღნიშნულის დამადასტურებელი არანაირი მტკიცებულება სასამართლოსთვის არ წარუდგენია. საკასაციო პალატა აღნიშნულ პრეტენზიას ვერ გაიზიარებს, ვინაიდან, სასამართლოში წარდგენილი სარჩელი არ შეიცავს აღნიშნულ საკითხზე რაიმე მითითებას ან მსჯელობას, ხოლო მოპასუხე შესაგებელში მის მიერ სამუშაოების შეუსრულებლობის მიზეზად სწორედ მოსარჩელის მიერ მასალების მიუწოდებლობაზე აპელირებდა. მოსარჩელეს არც პირველი ინსტანციის მოსამზადებელ სხდომაზე გაუხდია სადავოდ მოპასუხის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოება და არც მის მიერ წარდგენილი სააპელაციო საჩივარი შეიცავდა პრეტენზიას აღნიშნულ საკითხზე. შესაბამისად, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა მართებულად მიიჩნიეს მოსარჩელის მიერ ხელშეკრულების შეწყვეტა უდავოდ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებად და კასატორი მოკლებულია შესაძლებლობას აღნიშნული საკითხი სადავოდ გახადოს საკასაციო ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას, თანახმად სსსკ-ის 219-ე მუხლის პირველი ნაწილისა (მხარეები შეზღუდული არიან, ახსნა-განმარტების მოსმენისას წარადგინონ ახალი მტკიცებულებები ან მიუთითონ ახალ გარემოებებზე, რომელთა შესახებაც არ ყოფილა მითითებული სარჩელსა თუ შესაგებელში ან საქმის მომზადების სტადიაზე, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მათ შესახებ თავის დროზე საპატიო მიზეზით არ იყო განცხადებული).
30. კასატორის პრეტენზია შეეხება ასევე მის მიერ პირველი ინსტანციის სასამართლოში გადახდილ სახელმწიფო ბაჟს. კერძოდ, ი.გ–ია აღნიშნავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ არ გაითვალისწინა მის მიერ პირგასამტეხლოს ნაწილში მოთხოვნის შემცირების ფაქტი და გადაწყვეტილებაში ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნების გარეშე მიუთითა, რომ სარჩელზე გადახდილი იყო სახელმწიფო ბაჟი. საკასაციო პალატა აღნიშნულ პრეტენზიასთან მიმართებით კასატორის მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილზე, რომლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია მხარეთა თხოვნით ან თავისი ინიციატივით გაასწოროს განჩინებაში დაშვებული უსწორობანი ან აშკარა არითმეტიკული შეცდომები. შესაბამისად, კასატორის მითითებული პრეტენზია ვერ გახდება საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველი. პალატა ასევე მიიჩნევს, რომ მოსარჩელეს მართებულად დაეკისრა მოპასუხის მიერ გაღებული ექსპერტიზის ხარჯები, მისი მოთხოვნის შესაბამისად.
31. კასატორი სადავოდ ხდის აგრეთვე სარჩელზე გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმებას, რაც საკასაციო პალატის მოსაზრებით საფუძველს მოკლებულია. სსსკ-ის 1991 მუხლი ითვალისწინებს უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმებას. აღნიშნული მუხლის თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას. მოცემულ შემთხვევაში, ი.გ–იას სარჩელი არ დაკმაყოფილდა, შესაბამისად, არ არსებობდა უზრუნველყოფის ღონისძიების ძალაში დატოვების საფუძველი.
32. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პაატას მაიჩნია, რომ მოსარჩელემ სამოქალაქო საპროცესო სამართალში მოქმედი სადავო გარემოებების მტკიცების სტანდარტის დაცვით ვერ უზრუნველყო მისი მტკიცების საგანში შემავალი გარემოების - თანხის დაკისრების შესახებ მოთხოვნის საფუძვლიანობის დადასტურება. შესაბამისად, არ არსებობს მოსარჩელის საკასაციო პრეტენზიების გაზიარების საფუძველი. სააპელაციო პალატის მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
33. კასატორმა ვერ დაასაბუთა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება წინააღმდეგობაში მოდის მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან ან/და მის დამატებით ოქმთან/ოქმებთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან.
34. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.
35. ამავდროულად, გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან, რომელთა ნაწილიც ასახულია წინამდებარე განჩინებაში.
36. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
37. სსსკ-ის 401-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მ.მ–ვას მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 2766 ლარიდან ზედმეტად გადახდილი 284.14 ლარი და დარჩენილი 2481.867 ლარის 70% – 1737.30 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 264.3-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ი.გ–იას საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველი დაუშვებლობის გამო.
2. ი.გ–იას (......) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მ.მ–ვას მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 2766 ლარიდან (საგადახდო დავალება N14182686546, გადახდის თარიღი 16.08.2022) ზედმეტად გადახდილი 284.14 ლარი და დარჩენილი 2481.867 ლარის 70% – 1737.30 ლარი;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე გიორგი მიქაუტაძე
მოსამართლეები: რევაზ ნადარაია
თამარ ზამბახიძე