Facebook Twitter

ა-601-ა-6-2024

21 ივნისი, 2024 წელი ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

გიორგი მიქაუტაძე (თავმჯდომარე),

რევაზ ნადარაია (მომხსენებელი), თამარ ზამბახიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

განმცხადებელი – ნ.კ–ძე (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარეები – ნ.გ–ძე, ჰ.დ–ვი (მოპასუხეები)

გასაჩივრებული განჩინება – საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 22 იანვრის განჩინება

განმცხადებლის მოთხოვნა – საქმის წარმოების განახლება

დავის საგანი – თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

თელავის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 28 დეკემბრის გადაწყვეტილებით ნ.კ–ძის სარჩელი მოპასუხეების ნ.გ–ძისა და ჰ.დ–ვის მიმართ, თანხის დაკისრების თაობაზე, არ დაკმაყოფილდა; დავის საგნის არარსებობის გამო, მოპასუხე ა.ც–ძის მიმართ შეწყდა საქმის წარმოება.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, რომლითაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 6 ივლისის განჩინებით ნ.კ–ძის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა თელავის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 28 დეკემბრის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლოს აღნიშნულ განჩინებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა მოსარჩელემ, რომლითაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 16 ნოემბრის განჩინებით ნ.კ–ძეს დაევალა საკასაციო საჩივრის ხარვეზის შევსება, კერძოდ: აღნიშნული განჩინების ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში უნდა წარმოედგინა 1 020 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის დედანი. აღნიშნული განჩინება კასატორს ჩაბარდა 2023 წლის 5 დეკემბერს. კასატორს განჩინების სარეზოლუციო ნაწილით განემარტა, რომ ხარვეზის ვადაში შეუვსებლობის შემთხვევაში, მისი საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩებოდა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 22 იანვრის განჩინებით ნ.კ–ძის საკასაციო საჩივარი დარჩა განუხილველი.

2024 წლის 6 თებერვალს ნ.კ–ძემ საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოადგინა განცხადება და გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 1020 ლარის ქვითრის დედანი. განმცხადებელმა აღნიშნა, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 16 ნოემბრის ხარვეზის განჩინების ჩაბარებიდან - 2023 წლის 5 დეკემბრიდან ხუთი დღის ვადაში, კერძოდ 2023 წლის 8 დეკემბერს გადაიხადა სახელმწიფო ბაჟი - 1020 ლარის ოდენობით, თუმცა ქვითარი საქართველოს უზენაეს სასამართლოში არ წარმოუდგენია, ვინაიდან მან არ იცოდა, რომ აღნიშნული სავალდებულო იყო. განმცხადებელი მიუთითებს, რომ ვადაში შეავსო საკასაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზი, თუმცა აღნიშნულის დამასტურებელი მტკიცებულების საქართველოს უზენაეს სასამართლოში დროულად წარმოუდგენლობის გამო მისი საკასაციო საჩივარი დარჩა განუხილველი. ნ.კ–ძემ მოითხოვა საქმის წარმოების განახლება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 16 თებერვლის განჩინებით ნ.კ–ძეს დაევლა აღნიშნული განჩინების ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინა ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ დაზუსტებული განცხადება სსსკ-ის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისი პუნქტის მითითებით და გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 100 ლარის ქვითრის დედანი.

2024 წლის 12 მარტს საქართველოს უზენაეს სასამართლოში ნ.კ–ძემ წარმოადგინა დაზუსტებული განცხადებები და გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 100 ლარის ქვითრის დედანი. განცხადებებში მითითებულია, რომ ნ.კ–ძე სსსკ-ის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე დაყრდნობით ითხოვს საქმის წარმობის განახლებას.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 20 მარტის განჩინებით ნ.კ–ძის განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ მიღებულ იქნა წარმოებაში.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, განცხადების საფუძვლების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ აღნიშნული განცხადება არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი არგუმენტაციით:

სსსკ-ის 421-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ან განჩინებით დამთავრებული საქმის წარმოების განახლება დასაშვებია მხოლოდ მაშინ, როდესაც არსებობს გადაწყვეტილების ბათილად ცნობის (სსსკ-ის 422-ე მუხლი) ან ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ (სსსკ-ის 423-ე მუხლი) განცხადების წანამძღვრები.

განსახილველ შემთხვევაში, განმცხადებელი საქმის წარმოების განახლებას იმ საფუძვლით ითხოვს, რომ მან მართალია, სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში სასამართლოს არ წარუდგინა სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი, თუმცა, სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში გადაიხადა სახელმწიფო ბაჟი.

სსსკ-ის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი ნაწილი ითვალისწინებს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების გასაჩივრების შესაძლებლობას, ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით, შემდეგ შემთხვევებში, თუ: ა) აღმოჩნდება, რომ დოკუმენტი, რომელსაც გადაწყვეტილება ემყარება, ყალბია; ბ) დადგენილია მოწმის შეგნებულად ცრუ ჩვენება, ექსპერტის შეგნებულად ყალბი დასკვნა, შეგნებულად არასწორი თარგმანი, რასაც მოჰყვა უკანონო ან დაუსაბუთებელი გადაწყვეტილების მიღება; გ) დადგენილია ამ საქმეზე მხარეთა და მათ წარმომადგენელთა დანაშაულებრივი ქმედება ან მოსამართლის დანაშაულებრივი ქმედება; დ) სასამართლო განაჩენი, გადაწყვეტილება, განჩინება ან სხვა ორგანოს დადგენილება, რომელიც საფუძვლად დაედო ამ გადაწყვეტილებას, გაუქმდა; ე) მხარე წარუდგენს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესულ გადაწყვეტილებას, რომელიც გამოტანილია იმავე სარჩელის მიმართ; ვ) მხარისათვის ცნობილი გახდა ისეთი გარემოებები და მტკიცებულებები, რომლებიც, ადრე რომ ყოფილიყო წარდგენილი სასამართლოში საქმის განხილვის დროს, გამოიწვევდა მისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანას; ზ) არსებობს ადამიანის უფლებათა ევროპის სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება (განჩინება), რომელმაც დაადგინა ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის ან/და მისი დამატებითი ოქმების დარღვევა ამ საქმესთან დაკავშირებით, და დადგენილი დარღვევა გადასასინჯი გადაწყვეტილებიდან გამომდინარეობს; თ) არსებობს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ადამიანის უფლებათა კომიტეტის, ქალთა წინააღმდეგ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის კომიტეტის, ბავშვის უფლებათა კომიტეტის, წამების წინააღმდეგ კომიტეტის, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კომიტეტის ან რასობრივი დისკრიმინაციის აღმოფხვრის კომიტეტის (შემდგომ − კომიტეტი) გადაწყვეტილება, რომლითაც ამ საქმესთან დაკავშირებით დადგინდა კომიტეტის დამაარსებელი კონვენციის დარღვევა, და გადასასინჯი გადაწყვეტილება ამ დარღვევას ეფუძნება. ამავე მუხლის მეორე და მესამე ნაწილების მიხედვით, ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოება განახლდება ამ მუხლის პირველი ნაწილის „ა“–„გ“ ქვეპუნქტებში აღნიშნული საფუძვლებით, თუ არსებობს სისხლის სამართლის საქმეზე კანონიერ ძალაში შესული განაჩენი, ხოლო ამავე მუხლის პირველი ნაწილის „ე“-„ვ“ ქვეპუნქტებში აღნიშნული საფუძვლებით საქმის განახლება დასაშვებია, თუ მხარეს თავისი ბრალის გარეშე არ ჰქონდა შესაძლებლობა საქმის განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების დროს წარმოედგინა კანონიერ ძალაში შესული და იმავე სარჩელზე გამოტანილი გადაწყვეტილება, ან მიეთითებინა ახალ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე.

განსახილველ შემთხვევაში განმცხადებელი სადავოდ ხდის საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ 2024 წლის 22 იანვრის განჩინებას იმ საფუძლით, რომ მან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში გადაიხადა სახელმწიფო ბაჟი, თუმცა სასამართლოში მისი წარმოდგენა არ ჩათვალა აუცილებლად.

საკასაციო პალატა ყურადღებას მიაქცევს სსსკ-ის 61.3 მუხლზე (საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება, შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ საჩივარი, საბუთები ან ფულადი თანხა ფოსტას ან ტელეგრაფს ჩაჰბარდა ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ვადა გასულად არ ჩაითვლება), რომლის მიხედვით, იმისათვის, რომ საპროცესო მოქმედება ვადის დაცვით შესრულებულად ჩაითვალოს, საჭიროა განცხადება ჩაჰბარდეს საფოსტო მომსახურების განმახორციელებელ დამოუკიდებელ სუბიექტს. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლოს 2023 წლის 16 ნოემბრის განჩინება საკასაციო საჩივარზე ხარვეზის დადგენის შესახებ, ნ.კ–ძეს გაეგზავნა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე-78-ე მუხლების შესაბამისად, მის მიერ მითითებულ მისამართზე და გზავნილი ჩაჰბარდა პირადად. აღნიშნული განჩინების სარეზოლუციო ნაწილით მხარეს განემარტა, რომ იგი ვალდებული იყო 1020 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის დედანი განჩინებით განსაზღვრულ 5 დღის ვადაში წარმოედგინა საქართველოს უზენაეს სასამართლოში. მასვე განემარტა, რომ ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დარჩებოდა განუხილველად. აღნიშნულს არც განმცხადებელი ხდის სადავოდ.

პალატის მოსაზრებით, განმცხადებლის მიერ მითითებული გარემოება, რომ მან განჩინებით განსაზღვრული სახელმწიფო ბაჟი გადაიხადა ამავე განჩინებით განსაზღვრულ ვადაში, თუმცა, საჭიროდ არ ჩათვალა სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის სასამართლოში წარმოდგენა, ვერ გახდება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების საფუძველი, ვინაიდან, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 16 ნოემბრის განჩინებით, კასატორს დაევალა არა მხოლოდ დადგენილ ვადაში სახელმწიფო ბაჟის გადახდა, არამედ განჩინებაში მკაფიოდ იყო მითითებული, სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის ამავე ვადაში სასამართლოში წარმოდგენის ვალდებულების შესახებ. ამასთან, განმცხადებელი მართალია ითხოვს, ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლებას 423-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტით, თუმცა, მის მიერ მითითებული გარემოება (სახელმწიფო ბაჟის განჩინებით განსაზღვრულ ვადაში გადახდა და გადახდის ქვითრის სასამართლოში წარმოუდგენლობა) არ წარმოადგენს სსსკ-ის 423-ე მუხლის როგორც „ა“ ქვეპუნქტით, ისე აღნიშნული მუხლის რომელიმე სხვა ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ საფუძველს ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განსაახლებლად.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო დაუსაბუთებლად მიიჩნევს განცხადებას და უარს ამბობს საქმის წარმოების განახლებაზე.

ნ.კ–ძეს უნდა დაუბრუნდეს 2023 წლის 08 დეკემბერს მის მიერ N19702854119 საგადახდო დავალებით გადახდილი 1020 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 430-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ნ.კ–ძის განცხადება საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 22 იანვრის განჩინების გაუქმებისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ არ დაკმაყოფილდეს;

2. ნ.კ–ძეს (......) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ 2023 წლის 08 დეკემბერს N19702854119 საგადახდო დავალებით გადახდილი 1020 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გიორგი მიქაუტაძე

მოსამართლეები: რევაზ ნადარაია

თამარ ზამბახიძე