11 ივლისი, 2024 წელი,
საქმე № ას-733-2024 თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა/მოსამართლეები:
ვლადიმერ კაკაბაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
გიორგი მიქაუტაძე,
ლევან მიქაბერიძე,
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი - რ.ფ–ვა (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე - შპს „თ.ს.კ–ია“ (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 6 მარტის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად სააპელაციო სასამართლოში დაბრუნება
დავის საგანი - აუცილებელი გზით სარგებლობის უფლების დადგენა
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - კერძო საჩივრის უარყოფა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. შპს „თ.ს.კ–იამ“ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოსარჩელე ან მოწინააღმდეგე მხარე) სარჩელი აღძრა რ.ფ–ვას (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც კერძო საჩივრის ავტორი), გ.შ–ას, ი.ფ–ასა და ფ.შ–ას (შემდეგში ტექსტში ერთობლივად მოხსენიებული, როგორც მოპასუხეეები) წინააღმდეგ აუცილებელი გზით სარგებლობის უფლების დადგენის მოთხოვნით.
2. მოპასუხეებმა წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნეს.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 11 მარტის გადაწყვეტილებით, სარჩელი დაკმაყოფილდა; მოსარჩელეს საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის ჯეროვანი გამოყენებისათვის, საჯარო გზასთან კავშირის მიზნით, მიეცეს მოპასუხეების საკუთრებაში არსებული, N....... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთით, როგორც აუცილებელი გზით სარგებლობის უფლება, შპს „ტ–ის“ მიერ 2020 წლის 20 იანვარს შედგენილი საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე (შემსრულებელი ირაკლი თალაკვაძე) მითითებული განლაგების შესაბამისად.
4. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მოპასუხეებმა.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 6 მარტის განჩინებით, სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად აპელანტის/კერძო საჩივრის ავტორის გამოუცხადებლობის გამო.
6. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
6.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 22 სექტემბრის განჩინებით, რ.ფ–ვას სააპელაციო საჩივრი განსახილველად იქნა მიღებული, ხოლო 2024 წლის 27 თებერვლის განჩინებით, სააპელაციო საჩივრის განხილვის მიზნით სასამართლოს მორიგი სხდომა ჩაინიშნა 2024 წლის 6 მარტსს, 10:00 საათზე. სხდომის გამართვის თაობაზე მხარეებს ეცნობათ კანონით დადგენილი წესით.
6.2. 2024 წლის 6 მარტს დანიშნულ სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდა აპელანტი, რომელსაც სხდომის თაობაზე ეცნობა კანონის მოთხოვნათა დაცვით, კერძოდ, სასამართლო სხდომის ჩანიშვნის შესახებ აპელანტს/კერძო საჩივრის ავტორს სატელეფონო შეტყობინების გზით 2024 წლის 27 თებერვალს ეცნობა (იხ. სატელეფონო შეტყობინება, სადაც განმარტებულია სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობის ნეგატიური შედეგები).
6.3. 2024 წლის 4 და 5 მარტს თბილისის სააპელაციო სასამართლოში წარდგენილი იქნა აპელანტის/კერძო საჩივრის ავტორის განცხადება სასამართლო სხდომის გადადების თაობაზე, სხდომაზე გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზად კი, მძიმე ჯანმრთელობის მდგომარეობა მიეთითა.
6.4. მოწინააღმდეგე მხარის წარმომადგენელი არ დაეთანხმა შუამდგომლობას და იშუამდგომლა სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე.
6.5. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე და 215.3 მუხლების თანახმად, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ წარმოდგენილი შუამდგომლობა არ იყო დასაბუთებული და არ წარმოშობდა სხდომის გადადების კანონით გათვალისწინებულ საფუძველს, შესაბამისად, შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.
6.6. სსსკ-ის 387-ე მუხლის გამოყენებით, სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ, აპელანტის გამოუცხადებლობის შემთხვევაში, მას შეუძლია, ამავე კოდექსის 229-ე მუხლის პირობების დაცვით გამოიტანოს არა მარტო დაუსწრებელი გადაწყვეტილება, არამედ დატოვოს სააპელაციო საჩივარი განუხილველად, რასაც უკავშირდება სსსკ-ის 276-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
6.7. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა სსსკ-ის 387.1, 70-ე-78-ე, 215.3-ე მუხლებზე და მიიჩნია, რომ სააპელაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩენილიყო, ვინაიდან არ არსებობდა სასამართლო სხდომის სხვა დროისათვის გადადების სსსკ-ის 215-ე მუხლით გათვალისწინებული საპატიო მიზეზი.
7. აღნიშნულ განჩინებაზე კერძო საჩივარი წარადგინა მოსარჩელემ, გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და საქმის სააპელაციო სასამართლოში განსახილველად დაბრუნების მოთხოვნით, იმ საფუძვლით, რომ სხდომაზე გამოუცხადებლობა ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ვერ შეძლო, რის თაობაზეც წინასწარ აცნობა კიდეც სასამართლოს.
8. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 14 ივნისის განჩინებით, სსსკ-ის 414-416-ე მუხლების საფუძველზე, კერძო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
კერძო საჩივარი დაუსაბუთებელია, შესაბამისად, გასაჩივრებული განჩინება უცვლელად უნდა დარჩეს.
9. სსსკ-ის 407.2-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). საკასაციო სასამართლო, კერძო საჩივრის ავტორის არგუმენტების ანალიზის შედეგად, მიიჩნევს, რომ მას დასაბუთებული შედავება არ წარმოუდგენია.
10. გასაჩივრებული განჩინებით სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად იმ საფუძვლით, რომ აპელანტი, რომელსაც საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით ეცნობა მთავარი სხდომის დანიშვნის შესახებ, სხდომაზე არ გამოცხადდა, მოწინააღმდეგე მხარემ კი - იშუამდგომლა სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ.
11. სსსკ-ის 372-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, ამ თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით. მითითებული ნორმა შესაძლებლობას აძლევს სააპელაციო სასამართლოს, იხელმძღვანელოს საქმის პირველი ინსტანციის წესით განხილვისათვის განსაზღვრული წესებით, თუ სადავო ურთიერთობა სცდება კანონმდებლის მიერ სააპელაციო სასამართლოსათვის სპეციალურად დადგენილ ნორმათა რეგულირების სფეროს.
სსსკ-ის 275-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის მიხედვით, სასამართლო მხარეთა განცხადებით ან თავისი ინიციატივით, განუხილველად დატოვებს სარჩელს, თუ სასამართლო სხდომაზე მოსარჩელე (განმცხადებელი) არ გამოცხადებულა, ხოლო მოპასუხე თანახმაა, სარჩელი (განცხადება) განუხილველად იქნეს დატოვებული.
12. სსსკ-ის 387-ე მუხლის პირველი და მესამე ნაწილების თანახმად, თუ სააპელაციო საჩივრის აღმძვრელი პირი არ გამოცხადდება საქმის ზეპირ განხილვაზე, მოწინააღმდეგე მხარის თხოვნით სააპელაციო სასამართლო გამოიტანს დაუსწრებელ გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.
ყველა სხვა შემთხვევაში, გამოიყენება ამ კოდექსში ჩამოყალიბებული ნორმები პირველი ინსტანციის სასამართლოში გადაწყვეტილების გამოტანის შესახებ (სსსკ-ის 229-242 მუხლები). შესაბამისად, აპელანტის გამოუცხადებლობის შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია, სსსკ-ის 229-ე მუხლის პირობების დაცვით გამოიტანოს არა მარტო დაუსწრებელი გადაწყვეტილება, არამედ დატოვოს სააპელაციო საჩივარი განუხილველად, რასაც უკავშირდება სსსკ-ის 276-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
13. დასახელებული ნორმებიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლო უფლებამოსილია, განუხილველად დატოვოს სააპელაციო საჩივარი, თუ აპელანტი, რომელსაც საქმის განხილვის შესახებ სასამართლო უწყება სსსკ-ის 70-ე-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით ჩაბარდა, სასამართლო სხდომაზე არასაპატიო მიზეზით არ გამოცხადდა, ხოლო მოწინააღმდეგე მხარე იშუამდგომლებს ან თანხმობას გამოთქვამს სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვებასთან დაკავშირებით.
14. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ, სასამართლო სხდომაზე აპელანტის გამოუცხადებლობის გამო, სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ განჩინება უნდა გადაისინჯოს და საქმე განახლდეს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია დაუსწრებელი გადაწყვეტილების გადასინჯვის მიმართ.
15. სსსკ-ის 241-ე მუხლის თანახმად, დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს, თუ არსებობს 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები ან, თუ მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო სხვა საპატიო მიზეზით, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსათვის.
აღნიშნული მუხლი განსაზღვრავს იმ გარემოებათა წრეს, რომელთა არსებობის შემთხვევაში დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს. ეს გარემოებები მითითებულია 233-ე მუხლის პირველ ნაწილში, მაგრამ ამ მუხლის ჩამონათვალი არაა ამომწურავი.
გამოუცხადებელ მხარეს, რომლის წინააღმდეგაც გამოტანილია დაუსწრებელი გადაწყვეტილება, შეუძლია, მიუთითოს სხვა გარემოებებზეც, რაც სასამართლო სხდომაზე მისი გამოუცხადებლობის მიზეზი გახდა და რომლის შესახებაც მას არ შეეძლო დროულად ეცნობებინა სასამართლოსათვის.
ამასთან, კანონმდებელი ავალდებულებს მხარეს, წინასწარ აცნობოს სასამართლოს სხდომაზე მისი გამოცხადების შეუძლებლობისა და მიზეზის შესახებ, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ასეთი შეტყობინების გაგზავნა სხდომამდე შეუძლებელია. იმ გარემოებათა დამტკიცების ტვირთი, რომლებზეც მიუთითებს მხარე თავის საჩივარში, როგორც გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზზე, ეკისრება მომჩივანს, ხოლო ამ გარემოებათა შეფასება იმ თვალსაზრისით, თუ რამდენად საპატიოა მხარის გამოუცხადებლობა – სასამართლოს უფლებამოსილებაა.
16. სსსკ-ის 215.3 მუხლი განსაზღვრავს იმ გარემოებათა ჩამონათვალს, რომლებიც შეიძლება მიჩნეულ იქნეს სასამართლო პროცესზე მხარის გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზად.
აღნიშნული ნორმის თანახმად, ამ კანონის მიზნებისათვის, საპატიო მიზეზად ჩაითვლება მხარის მიერ შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენის შეუძლებლობა, რაც გამოწვეულია ავადმყოფობით, ახლო ნათესავის გარდაცვალებით ან სხვა განსაკუთრებული ობიექტური გარემოებით, რომელიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის სასამართლო პროცესზე გამოცხადებას ან/და შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენას.
ავადმყოფობა დადასტურებული უნდა იყოს სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით, რომელიც პირდაპირ მიუთითებს სასამართლო პროცესზე გამოცხადების შეუძლებლობაზე.
17. ამდენად, მართალია, სსსკ-ის 215-ე მუხლით ავადმყოფობა მიჩნეულია სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზად, მაგრამ ამავე მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილია, რომ ავადმყოფობა დადასტურებული უნდა იყოს სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით, რომელიც პირდაპირ მიუთითებს სასამართლო პროცესზე გამოცხადების შეუძლებლობაზე.
მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოში წარდგენილ იქნა აპელანტის ჯანმრთელობის ამსახველი #02/2006 ცნობა (სამედიცინო დოკუმენტაცია ფორმა IV-100/ა) საიდანაც დასტურდება, რომ 2024 წლის 04 მარტს კერძო საჩივრის ავტორმა რეალურად მიმართა სამედიცინო დაწესებულებას.
ამავდროულად დოკუმენტის გრაფა #17, რომელიც გაწეულ სამკურნალო და შრომით რეკომენდაციებს ასახავს არ შეიცავს მითითებას რ.ფ–ვასთვის სტაციონარული მკურნალობის დანიშვნის და/ან გადაადგილების აკრძალვის დაწესების შესახებ. საყურადღებოა, რომ მას სამედიცინო დაწესებულებაში ვიზიტისას არავითარი სახის მკურნალობა არ დანიშვნია და არ ჩატარებია (მიიღო მხოლოდ კარდიოლოგის კონსულტაცია). ამრიგად, სამედიცინო დოკუმენტი არ ადასტურებს საქმის განხილვის დღეს - 2024 წლის 6 მარტს, აპელანტის ისეთი ხარისხის ავადმყოფობის ფაქტს, რომელიც მხარეს თავისი საპროცესო მოვალეობის შესრულებაში შეუშლიდა ხელს.
18. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის ავტორის იმ პრეტენზიასთან დაკავშირებით, რომელიც სამართლიანი სასამართლოთი სარგებლობის უფლებას შეეხება, აღნიშნავს, რომ საქმისადმი დაინტერესება, უპირველესად, სასამართლო სხდომაზე გამოცხადებაში გამოიხატება. მოცემულ შემთხვევაში, აპელანტი სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადებულა.
ამასთან, საქმის მასალებით დასტურდება, რომ აპელანტების შუამდგომლობით, ჯანმრთელობის მდგომარეობაზე მითითებით სასამართლო სხდომები რამდენჯერმე უკვე იყო გადადებული, შესაბამისად, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის მსჯელობას, რომ კიდევ ერთხელ სხდომის გადადების მოთხოვნით წარდგენილი განცხადება ატარებდა სასამართლო განხილვის გაჭიანურების მცდელობის ხასიათს.
სასამართლო საქმეს საპროცესო კოდექსით დადგენილი წესების მიხედვით იხილავს, რომელთა მოქმედება ვრცელდება, როგორც სასამართლოზე, ისე - მხარეებზე. ამასთან, საპროცესო კანონმდებლობა მხარეთა თანაბარი მოპყრობისა და კანონის წინაშე თანასწორობის პრინციპს ემყარება. განსახილველ შემთხვევაში მხოლოდ იმის აღნიშვნა შეიძლება, რომ მოსარჩელემ თავად არ ისარგებლა სასამართლო განხილვის უფლებით, საქმის მასალებით კი დასტურდება, რომ მისი ეს უფლება არ შეზღუდულა.
19. სსსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება დასაბუთებულია და ამიტომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 419-420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. რ.ფ–ვას კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 6 მარტის განჩინება;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები : ვლადიმერ კაკაბაძე
გიორგი მიქაუტაძე
ლევან მიქაბერიძე