Facebook Twitter

საქმე №ას-1287-2023 28 ივნისი, 2024 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ლევან მიქაბერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მირანდა ერემაძე, ვლადიმერ კაკაბაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – უცხოური საწარმოს ფილიალი შეზღუდული პასუხისმგებლობის ამხანაგობა „მ.კ.ს–ო“ (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ჩ.ბ–ი“ (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 10 ივლისის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და გადაწყვეტილებაში დაშვებული შეცდომის გასწორება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. სენაკის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 30 სექტემბრის გადაწყვეტილებით, შპს „ჩ.ბ–ის“ (შემდგომ - მოსარჩელე, პირველი აპელანტი, მოწინააღმდეგე მხარე) სარჩელი უცხოური საწარმოს ფილიალი შეზღუდული პასუხისმგებლობის ამხანაგობა „მ.კ.ს–ოს“ (შემდგომ - მოპასუხე, მეორე აპელანტი, კერძო საჩივრის ავტორი) მიმართ ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ 60 174 ლარი დაეკისრა, რაც ორივე მხარემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა.

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 2 ივნისის გადაწყვეტილებით, მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; მოპასუხის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; გაუქმდა სენაკის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 30 სექტემბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, მოსარჩელის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ 47 418.93 ლარის გადახდა დაეკისრა.

3. მოპასუხემ 2023 წლის 7 ივლისს განცხადებით მიმართა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს და იმაზე მითითებით, რომ მხარეებს შორის მიღება-ჩაბარებისა და წარდგენილი დოკუმენტებით შესრულებული/შეთანხმებული სამუშაოების ღირებულება 365 260.46 ლარია, მათ მიერ გადახდილი თანხა კი - 334 971 ლარი, სხვაობა შესრულებულ სამუშაოების ღირებულებასა და გადახდილ თანხებს შორის შეადგენს 30 289 ლარს და არა მისთვის დაკისრებულ 47 418.93 ლარს, რისი გათვალისწინებითაც, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომ - სსსკ) 260-ე მუხლის საფუძველზე დაშვებული უსწორობა უნდა გასწორდეს.

4. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 10 ივლისის განჩინებით, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 2 ივლისის გადაწყვეტილებაში უსწორობათა და აშკარა არითმეტიკული შეცდომების გასწორების შესახებ მოპასუხის განცხადება არ დაკმაყოფილდა.

5. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, ვინაიდან მოსარჩელის სასარგებლოდ დაკისრებული თანხის - 47418.93 ლარის შესახებ მოტივაცია გამომდინარეობს ქუთაისის საააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 2 ივლისის გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილიდან, ამასთან, სადავოა შესრულებული სამუშაოების ღირებულება, დაშვებული უსწორობის სსსკ-ის 260-ე მუხლის საფუძველზე გასწორება შეუძლებელია და იგი შეიძლება წარმოადგენდეს საკასაციო საჩივრის საგანს.

6. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოპასუხემ კერძო საჩივარი წარადგინა და გასაჩივრებული განჩინების გაუქმება მოითხოვა.

7. კერძო საჩივრის ავტორის მითითებით, სააპელაციო სასამართლომ 2023 წლის 2 ივნისის გადაწყვეტილებით დადასტურებულად მიიჩნია, რომ მოსარჩელემ 2020 წლის დეკემბერში შესრულებული სამუშაოების შესაბამისად, მოპასუხეს გაუგზავნა ელექტრონული საგადასახადო ანგარიშფაქტურები, რომელთა ღირებულების ჯამი 365 260.46 ლარია. ასევე, სასამართლომ დაადგინა, რომ შესრულებული სამუშაოებისათვის მოპასუხემ მოსარჩელეს ჩაურიცხა 334 971 ლარი. მოპასუხის მიერ დარჩენილი ასანაზღაურებელი თანხა სასამართლომ შეცომით 2020 წლის 25 ივნისს დადებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული 382 389.93 ლარიდან (ეს ხელშეკრულება შემდგომში შეიცვალა და შესასრულებელი სამუშაოების ღირებულება განისაზღვრა 368 421 ლარით) გამოიანგარიშა, რამაც გამოიწვია ის, რომ მოპასუხეს დაკისრებული 30289.46 ლარის ნაცვლად შეცდომით - 47418.93 ლარი დაეკისრა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

8. საკასაციო პალატა კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებული განჩინება დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:

9. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ განსახილველ შემთხვევაში, კერძო საჩივრის ფარგლებში საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანია სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების მართებულობა, რაც უსწორობის გასწორებაზე უარის თქმის კანონიერებას უკავშირდება.

10. სსსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს შეუძლია, მხარეთა თხოვნით ან თავისი ინიციატივით გაასწოროს გადაწყვეტილებაში დაშვებული უსწორობანი ან აშკარა არითმეტიკული შეცდომები. თუ სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია, შესწორებათა შეტანის საკითხი შეიძლება, გადაწყდეს სასამართლო სხდომაზე. მხარეებს ეცნობებათ სხდომის დრო და ადგილი, მაგრამ მათი გამოუცხადებლობა არ წარმოადგენს დაბრკოლებას გადაწყვეტილებაში შესწორების შეტანის საკითხის განხილვისათვის.

11. ხსენებული მუხლის ნორმატიული შინაარსი ცხადყოფს, რომ მასში საუბარია განჩინებით დაშვებული უსწორობების ან აშკარა არითმეტიკული შეცდომების გასწორებაზე. დაუშვებელია გადაწყვეტილებაში ისეთი შესწორების შეტანა, რომელიც არსებითად ცვლის გადაწყვეტილებას, მის აზრსა და შინაარსს (იხ.: თ. ლილუაშვილი, სამოქალაქო საპროცესო სამართალი, მეორე გამოცემა, თბილისი, 2005 წ, გვ. 371). დასაშვებია მხოლოდ ისეთი შესწორებებისა და დაზუსტებების შეტანა, როგორიცაა, მაგალითად, მხარეთა გვარი, სახელი, თუ მხარე იურიდიული პირია - მისი სახელწოდების აღნიშვნა, ასევე, არითმეტიკული შეცდომები, რომლებმაც გამოიწვია გადასახდევინებელი თანხის ოდენობის აშკარად შემცირება ან გადიდება, მაგალითად, ციფრის დაკლება, რაც ისე ცვლის თანხის ოდენობას, რომ, საქმის მასალებიდან გამომდინარე, აშკარად არ შეესაბამება მოთხოვნის ოდენობას (იხ.: სუსგ №ას-636-597-2011, 24.06.2011წ; №ას-1489-2018, 31.01.2019წ.; №ას-1435-2023, 20.03.2024წ.). სსსკ-ის 260-ე მუხლის დისპოზიციიდან გამომდინარე, უსწორობის გასწორების ობიექტი არის მხოლოდ მცირე მნიშვნელობის მქონე ტექნიკური ხასიათის იმგვარი უზუსტობები, რომელთა გასწორებაც გავლენას ვერ ახდენს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილით დადგენილ დავის მატერიალურ-სამართლებრივ შედეგზე (იხ.: სუსგ №ას-1489-2018, 31.01.2019წ.).

12. საკასაციო პალატის განმარტებით, მოცემულ შემთხვევაში, კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 30 სექტემბრის გადაწყვეტილებაში დაშვებული შეცდომის გასწორების შესახებ მოკლებულია დაკმაყოფილების ფაქტობრივსამართლებრივ საფუძველს.

13. პალატა მიუთითებს, რომ ვინაიდან მხარეთა შორის არსებული ნარდობის სამართლებრივი ურთიერთობიდან გამომდინარე სადავოა მოპასუხისათვის თანხის დაკისრება და მოპასუხისათვის დაკისრებული თანხის - 47418.93 ლარის შესახებ დასკვნა გამომდინარეობს ქუთაისის საააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 2 ივლისის გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილიდან (სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების 9.7 პუნქტი, რომლის თანახმად, საქმეში წარმოდგენილი და მხარეთა მიერ ხელმოწერილი მიღება-ჩაბარების აქტით დასტურდებოდა, რომ ხობის მუნიციპალიტეტის ხამისკურის ადმინისტრაციულ ერთეულში შიდა სასოფლო გზის მოწყობის სამუშაოების ფარგლებში, შემსრულებელი (მოსარჩელე) ვალდებული იყო, შეესრულებინა 368 421 ლარის ღირებულების სამუშაოები და ასეც მოხდა, მოპასუხეს კი გადახდილი აქვს 334 971 ლარი. ვინაიდან დადგენილია, რომ შეთანხმებული 382 389.93 თანხიდან მენარდეს აუნაზღაურდა მხოლოდ 334 971 ლარი, გადასახდელი დარჩა 47418.93 (382 389.93-334 971) ლარი, რომლის ანაზღაურების ვალდებულებაც უნდა დაეკისროს მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ), ანუ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი გამომდინარეობს სამოტივაციო ნაწილში დაფიქსირებული მსჯელობიდან, კერძო საჩივრის ავტორის პრეტენზიები ვერ მიიჩნევა ტექნიკური (მექანიკური) უსწორობის საფუძვლად და მხარეთა შორის სადავო შესრულებულ სამუშაოთა ღირებულება, უსწორობის გასწორების შესახებ განჩინებაზე შეტანილი კერძო საჩივრის ფარგლებში განხილული ვერ იქნება, რისი გათვალისწინებითაც, დაშვებული ფაქტობრივი უსწორობის სსსკ-ის 260-ე მუხლის საფუძველზე გასწორება შეუძლებელია.

14. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ გასაჩივრებული განჩინებით მართებულად არ დაკმაყოფილდა შუამდგომლობა განჩინებაში უსწორობის გასწორების შესახებ. კერძო საჩივრის ავტორი ფაქტობრივად ითხოვს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის შეცვლას სადავო თანხის ნაწილში, რაც საკასაციო საჩივრის საფუძველს წარმოადგენს და არა განჩინებაში უსწორობის გასწორების წინაპირობას. საგულისხმოა ისიც, რომ კერძო საჩივრის ავტორს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო საჩივრით გასაჩივრებული აღნიშნულ ნაწილში.

15. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ კერძო საჩივრის ავტორის მიერ მითითებული გარემოებები არ წარმოადგენს გადაწყვეტილების უსწორობის გასწორების საფუძველს, ვინაიდან მოთხოვნის დაკმაყოფილება გამოიწვევს სასამართლოს გადაწყვეტილების შეცვლას, მათ შორის, საპროცესო ხარჯების დაკისრების ნაწილში. შეცდომის გასწორების ფარგლებში ვერ მოხდება დავის ხელახლა განხილვა და ამის შედეგად დადგენილი იურიდიული შედეგის შეცვლა (იხ.: სუსგ №ას-828-779-2015, 12.11.2015წ.; №ას-100-2020, 04.03.2020წ.).

16. სსსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის მიხედვით კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

17. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ მართებულად არ დააკმაყოფილა შუამდგომლობა განჩინებაში უსწორობის გასწორების შესახებ. გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს და წარმოდგენილ კერძო საჩივარს უარი უნდა ეთქვას დაკმაყოფილებაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. უცხოური საწარმოს ფილიალი შეზღუდული პასუხისმგებლობის ამნახაგობა „მ.კ.ს–ოს“ კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 10 ივლისის განჩინება დარჩეს უცვლელად;

3. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე

მირანდა ერემაძე

ვლადიმერ კაკაბაძე