საქმე №ას-376-2024 14 ივნისი, 2024 წელი,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ზურაბ ძლიერიშვილი,
ნინო ბაქაქური
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი – ე.ლ–ის უფლებამონაცვლე მ.ლ–ი (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე - სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო (მოპასუხე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 30 იანვრის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი – საცხოვრებელი სადგომის უმკვიდროდ ცნობა და მოსარჩელისათვის საკუთრებაში უსასყიდლოდ გადაცემა
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 20 აპრილის გადაწყვეტილებით ე.ლ–ის უფლებამონაცვლის მ.ლ–ის (შემდეგში: მოსარჩელე, კასატორი) სარჩელი სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს (შემდეგში: მოპასუხე ან აპელანტი) მიმართ, დაკმაყოფილდა. უმკვიდროდ იქნა ცნობილი მისამართზე: ქ. თბილისი, …… მდებარე, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 22 იანვრის ცნობა-დახასიათებით დ.კ–ის სახელზე აღრიცხული უძრავი ნივთი და საკუთრებაში უსასყიდლოდ გადაეცა მოსარჩელეს.
2. აღნიშნული გადაწყვეტილება და ამავე სასამართლოს 2021 წლის 14 დეკემბრის საოქმო განჩინება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 30 იანვრის გადაწყვეტილებით გაუქმდა გასაჩივრებული გადაწყვეტილება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელი არ დაკმაყოფილდა, ასევე უცვლელი დარჩა გასაჩივრებული საოქმო განჩინება.
3. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია საქმის გადაწყვეტისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები:
3.1. დადგენილია, რომ ქ. თბილისში, …….. მდებარე უძრავი ნივთი (სადავო ქონება) ეკუთვნოდა დ.კ–ს.
3.2. დ.კ–ი გარდაიცვალა 1958 წლის 15 ივნისს. დადგენილია, რომ ერთიან ელექტრონული სამემკვიდრეო რეესტრში არ მოიძებნა ინფორმაცია 1958 წლის 15 ივნისს გარდაცვლილი დ.კ–ის სამკვიდრო ქონების თაობაზე. ანდერძების ერთიანი ელექტრონული რეესტრის ინფორმაციით დადგენილია, რომ რეესტრში არ მოიძებნა ჩანაწერი 1958 წლის 15 ივნისს გარდაცვლილი დ.კ–ის სახელით დამოწმებული ანდერძის თაობაზე.
3.3. მოსარჩელემ 2018 წლის 23 აპრილს სარჩელი აღძრა მოპასუხის მიმართ და მოითხოვა, „საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ” საქართველოს კანონის საფუძველზე სადავო ქონების უმკვიდროდ ცნობა და მისი საკუთრებაში უსასყიდლოდ გადაცემა.
3.4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 29 ივნისის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ზემოხსენებული სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
3.5. მოსარჩელემ 2021 წლის 18 ივნისს მოპასუხის მიმართ აღძრა სარჩელი შეცვლილი საფუძვლით, იმავე მოთხოვნით და იმავე დავის საგანზე. მოთხოვნის დასამტკიცებლად მოსარჩელემ სასამართლოს წარუდგინა საბუთის ასლი, რომლის ნამდვილობაც, პირველი ინსტანციის სასამართლოში მოპასუხემ საქმის მომზადების ეტაპზე სადავოდ გახადა.
3.6. დადგენილია, რომ სასამართლომ ერთხელ უკვე განიხილა დავა იმავე მხარეებს შორის, იმავე დავის საგანზე და ეს გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში. შესაბამისად, იმის გადასაწყვეტად, უფლებამოსილია თუ არა სასამართლო განიხილოს საქმე, ერთმანეთთან შესადარებელია ის საფუძვლები, რომლებზეც მოსარჩელე ადრინდელ და ახალ სარჩელებს აფუძნებდა. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, სარჩელის საფუძველი სამართლებრივი მნიშვნელობის მქონე ის ფაქტი ან ფაქტებია, საიდანაც მოსარჩელის მოთხოვნა გამომდინარეობს. მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი სარჩელის ასლით, სასამართლოს დადგენილებებითა და თავად მხარეთა განმარტებებით დგინდება, რომ თავდაპირველ სარჩელში მოსარჩელის მოთხოვნის საფუძველი მასსა და დ.კ–ს შორის დადებული საცხოვრებელი სადგომით სარგებლობის უფლების დათმობის შესახებ გარიგება იყო. განმეორებით აღძრულ სარჩელში კი მოსარჩელემ მიუთითა, რომ მან სადავო ქონებაზე უფლება მესაკუთრესთან სანოტარო ფორმის დაუცველად დადებული ნასყიდობის ხელშეკრულებით შეიძინა.
3.7. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა “საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ” საქართველოს კანონის მეორე მუხლის პირველ პუნქტზე და განმარტა, რომ მოსარგებლედ მისაჩნევად პირი საცხოვრებელ ადგილს უნდა დაუფლებოდა: ა) ან მესაკუთრესთან სანოტარო წესის დაუცველად დადებული წერილობითი ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე; ბ) ან საცხოვრებელი სადგომით სარგებლობის უფლების დათმობის შესახებ გარიგების საფუძველზე; გ) ან ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე. ამასთან, პირველ შემთხვევაში, გარიგება უნდა დადასტურდეს უშუალოდ ნასყიდობის ხელშეკრულებით; მეორე შემთხვევაში - სადავო საცხოვრებელ სადგომში რეგისტრაციით, კომუნალური გადასახადების გადახდით ან/და მესაკუთრისათვის გარკვეული საფასურის გადახდით (კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტი); ხოლო მესამე შემთხვევაში - ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. სააპელაციო სასამართლოს შეფასებით სპეციალური კანონის მე-2 მუხლის 1-ელი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში აღწერილი თითოეული შემთხვევა საცხოვრებელ სადგომზე მოსარგებლის უფლების მოპოვების დამოუკიდებელი საფუძველია და თითოეული ამ საფუძვლით მოსარგებლეს შესაბამისი სარჩელის აღძვრა ცალკე შეუძლია. სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, ზემოხსენებული კანონის მე-9 მუხლით გათვალისწინებულ უმკვიდრო ქონებასაც ეხება.
3.8. თავდაპირველად, მოსარჩელემ სადავო ქონებაზე უფლების მოპოვების საფუძვლად საცხოვრებელი სადგომით სარგებლობის უფლების დათმობის შესახებ გარიგება მიუთითა; მართალია, მისი სარჩელი არ დაკმაყოფილდა, მაგრამ მოსარჩელეს ეს ხელს არ უშლიდა იმავე ქონებაზე პრეტენზია უკვე სხვა საფუძვლით, როგორც მესაკუთრესთან სანოტარო წესის დაუცველად დადებული წერილობითი ნასყიდობის ხელშეკრულების მხარეს, შემძენს განეცხადებინა. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, უკვე განხილულ და განსახილველ საქმეებში სამართლებრივი მნიშვნელობის მქონე ფაქტი, ქონებაზე მოსარჩელის უფლების შეძენის საფუძველი ერთმანეთისაგან განსხვავდებოდა. ამის გამო, სააპელაციო სასამართლოს დასკვნით, საქალაქო სასამართლომ მოპასუხე სააგენტოს შუამდგომლობა, საქმის წარმოების შეწყვეტის თაობაზე, სავსებით მართებულად არ დააკმაყოფილა.
3.9. სააპელაციო სასამართლოს მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ-ი) 266-ე და 106-ე მუხლებზე და განმარტა, რომ სასამართლომ ერთხელ უკვე განიხილა დავა იმავე მხარეებს შორის და იმავე დავის საგანზე იმავე საფუძვლით, რომ მოსარჩელემ სადავო ქონება საცხოვრებელი სადგომით სარგებლობის უფლების დათმობის შესახებ გარიგებით მიიღო. აღნიშნული მოთხოვნა სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა ამიტომ ამ გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტები სადავო ვერ იქნება. შესაბამისად დადგენილია, რომ მოსარჩელეს სადავო ქონება საცხოვრებელი სადგომით სარგებლობის უფლების დათმობის შესახებ გარიგებით არ მიუღია.
3.10. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სააპელაციო სასამართლოს შეფასებით მოცემულ შემთხვევაში გამოსაკვლევია, მიიღო თუ არა მოსარჩელემ სადავო ქონებაზე უფლება მესაკუთრესთან სანოტარო წესის დაუცველად დადებული წერილობითი ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე.
3.11. მოთხოვნის დასადასტურებლად მოსარჩელემ სასამართლოს წარუდგინა შემდეგი შინაარსის საბუთის (სადავო საბუთი) ასლი: „1957 წლის 27 ნოემბერი აქტი საცხოვრებელი სახლის ნასყიდობის და თანხის გადაცემის შესახებ მე, დ.კ–მა მივყიდე ჩემი საცხოვრებელი სახლი, რომელიც მდებარეობს ქ. თბილისში ……… 83 ნომერში ე.ლ–ს. ე.ლ–მა გადამიხადა 3600 დოლარი სახლის ნასყიდობის. მე, დ.კ–ი ვიღებ ვალდებულებას ჩავწერო სახლში ე.ლ–ი. ე.ლ–ი დ.კ–ი 27//11/1957 წ.“. მოპასუხემ ამ საბუთის ნამდვილობა სადავოდ გახადა, კერძოდ, 2023 წლის 23 თებერვალს წარდგენილ შესაგებელში მან აღნიშნა: „წარმოდგენილი ხელწერილის ავთენტურობა არ დგინდება, რაც სრულიად უსაფუძვლოს ხდის სასარჩელო მოთხოვნას“.
3.12. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, საბუთის ასლისთვის მტკიცებულებითი მნიშვნელობის მინიჭება დამოკიდებულია: ა) მხარეთა პოზიციაზე, ბ) საბუთის მნიშვნელობაზე, გ)სხვა გარემოებებზე, რომლებიც მის შეფასებაზე გავლენას ახდენს.
3.13. საბუთის ნამდვილობაზე შედავების უფლება მხარეს საქმის წინასწარი სასამართლო განხილვისათვის მომზადების სტადიაზე გააჩნია. მოცემულ საქმეზე საქალაქო სასამართლოს პირველი სხდომა 2021 წლის 14 დეკებერს ჩატარდა. მართალია, თავად სხდომის ოქმში მის სტატუსად „სასამართლოს მთავარი სხდომის ოქმია“ მითითებული, თუმცა ოქმზე თანდართული „შენიშვნითა“ (ს.ფ. 82) და თავად სხდომის აუდიოჩანაწერით დგინდება, რომ სინამდვილეში, 2021 წლის 14 დეკემბერს სასამართლომ საქმეზე მოსამზადებელი სხდომა ჩაატარა. ამის შემდეგ, საქმეზე მოსამზადებელი სხდომები ჩატარდა 2022 წლის 14 აპრილს, 2023 წლის 16 თებერვალს და 2023 წლის 27 მარტს. ამ უკანასკნელ სხდომაზე სასამართლომ საქმის მომზადების ეტაპი დაასრულა და „მოსამზადებელი სხდომა გადაიზარდა მთავარ სხდომაში“ (ს.ფ. 264). აპელანტმა (მოპასუხემ) სადავო საბუთის არაავთენტურობის, ე.ი. არანამდვილობის თაობაზე 2023 წლის 23 თებერვალს საქმის წინასწარი სასამართლო განხილვისათვის მომზადების სტადიაზე განაცხადა. ამის გამო, ეს განცხადება პროცესუალურსამართლებრივად დასაშვებია.
3.14. სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, სადავო საბუთი საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოების, ნასყიდობის ხელშეკრულების დადების დამადასტურებელი ძირითადი, გადამწყვეტი და ერთადერთი მტკიცებულებაა. მართალია, საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 14 დეკემბრის სხდომაზე მოწმეები, ბ.მ–ი და დ.დ–ი დაიკითხნენ, თუმცა არც-ერთ მათგანს სადავო გარემოება-მოსარჩელის მოსარებლეობა არ დაუდასტურებია. ისინი ამ საკითხთან დაკავშირებით სასამართლოს ჩვენებას ვერც მისცემდნენ, რადგან ბ.მ–ი 1963 წლის 18 თებერვალს, ხოლო დ.დ–ი 1961 წელს დაიბადნენ. ამის შესაბამისად, ნათელია, რომ 1957 წლის 27 ნოემბერს მომხდარი მოვლენების თვითმხილველები მითითებული მოწმეები ვერანაირად ვერ იქნებოდნენ. საყურადღებოა, რომ აღნიშნული მოწმეებმა თავადაც დაადასტურეს: აპელანტის წარმომადგენლის შეკითხვას: „თქვენ თუ იცით, ზოგადად, ხელშეკრულების არსებობის შესახებ, ანუ მხარეთა შორის გაფორმდა ხელშეკრულება ფორმადაუცველი?“ - მოწმემ, ბ.მ–მა უპასუხა: „მე როგორ უნდა მცოდნოდა, მე დავიბადე სამოცდასამ წელში“ (14:27:20-14:27:55). მოწმემ, დ.დ–მა კი აღნიშნა, რომ საქმის გარემოებები გადმოცემით იცოდა (14:35:43-14:37:38). სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა სადავო საბუთის შინაარსზეც, რომელივ, როგორც აღინიშნა, 1957 წლის 27 ნოემბრითაა დათარიღებული (იხ. წინამდებარე განჩინების 3.11 ქვეპუნქტი). სააპელაციო სასამართლომ სადავო საბუთზე და მასში ასახულ გარემოებებზე მსჯელობისას მიუთითა, რომ ყოვლად არადამაჯერებელი და წარმოუდგენელია, სადავო საბუთის შედგენის დროს, როდესაც საბჭოთა კავშირი არსებობდა,მხარეებს გარიგების ფასი უცოხუ ვალუტაში - აშშ დოლარში შეეთანხმებინათ.
3.15. აღნიშნულიდან გამომდინარე სააპელაციო სასამართლომ სადავო საბუთს მტკიცებულებითი მნიშვნელობა არ მიანიჭა და 2024 წლის 30 იანვრის სხდომაზე მოსარჩელეს მისი დედნის წარდგენა მოსთხოვა. აღნიშნულის პასუხად მოსარჩელის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ საბუთის დედანი არ გააჩნდა და სასამართლოს ვერ წარუდგენდა (10:38:04-10:52:41). აქედან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ საოქმო განჩინებით სადავო საბუთს მტკიცებულებითი მნიშვნელობა არ მიანიჭა (2024 წლის 30 იანვრის სხდომის ოქმი - 10:53:15).
3.16. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სააპელაციო სასამართლოს დასკვნით მოსარჩელე არ წარმოადგენს სადავო ქონების მოსარგებლეს და მას ამ ქონების უმკვიდროდ ცნობის მოთხოვნის უფლება არ გააჩნია.
4. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილება.
5. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი:
5.1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 12 აპრილის განჩინებით მოსარჩელის საკასაციო საჩივარი მიღებული იქნა წარმოებაში საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ) 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად;
5.2. კასატორის პრეტენზიის თანახმად, სააპელაციო სასამართლომ გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში მიუთითა, რომ მოპასუხემ სანოტარო წესის დაუცველად დადებული წერილობითი ნასყიდობის ხელშეკრულება სადავოდ გახადა 2023 წლის 23 თებერვალს წარდგენილ შესაგებელში, სადაც აღნიშნა, რომ „წარმოდგენილი ხელწერილის ავთენტურობა არ დგინდება, რაც სრულიად უსაფუძვლოს ხდის სასარჩელო მოთხოვნა“. კასტორი არ ეთანხმება მითითებულ მსჯელობას, ვინაიდან მოპასუხემ შესაგებელი წარადგინა 2021 წლის 12 ივლისს, სადაც სადავოდ არ ხდის „ხელწერილის ავთენტურობას“. ახალი შესაგებელი კი წარადგინა 2023 წლის 23 თებერვალს, რომელიც საამართლომ არ მიიღო, ვინაიდან მოპასუხეს 2021 წლის 12 ივლისს უკვე წარდგენილი ჰქონდა შესაგებელი და საქმის განხილვის არც ერთ სტადიაზე არ წარუდგენია პრეტენზია სადავო ხელწერილის ავთენტურობასთან დაკავშირებით.
5.3. კასატორი არ იზიარებს სასამართლოს დასკვნას მოწმეთა ჩვენებებთან დაკავშირებით, რომლითაც მოწმეებმა სადავო გარემოებები ვერ დაადასტურეს. მოსარჩელის განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ არ გაითვალისწინა გარემოება, რომ ხელშეკრულების დადების დროს 1957 წელს, ცოცხალი სრულწლოვანი პირი 2023 წლისთვის მინიმუმ 1938 წელს უნდა დაბადებულიყო. გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ სარჩელის შეტანისას, მითითებული მოწმეები, რომელთაც უშუალოდ ჰქონდათ ინფორმაცია ხელშეკრულების შესახებ: შუშანა მეტრეველი ასაკის გამო დაუძლურებული იყო, ხოლო ვახტანგ კასპელაშვილი გარდაიცვალა.
5.4. კასატორი არ ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, სანოტარო ფორმის დაუცველად დადებული ხელშეკრულების ასლისთვის მტკიცებულებითი მნიშვნელობის მიუნიჭებლობის თაობაზე. საქმეში წარმოდგენილია დოდკუმენტის ასლი, ვინაიდან დედანი არ მოიძებნა. ამასთან, გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ ხელშეკრულება დაიდო 1957 წელს და გასულია 64 წელი და შეუძლებელია 64 წლის წინ დადებული ხელშეკრულების ყველა ეგზემპლარის დედნის მოძებნა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის არგუმენტების, საქმეში წარდგენილი მტკიცებულებებისა და სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების ფარგლებში საკასაციო განაცხადის დასაშვებობის შემოწმების შედეგად, მივიდა დასკვნამდე, რომ მოსარჩელის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნას დაუშვებლად.
6. სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
7. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
8. განსახილველ შემთხვევაში, სასამართლოს მსჯელობის საგანია მიიღო თუ არა მოსარჩელემ სადავო ქონებაზე უფლება მეასკუთრესთან სანოტარო წესის დაუცველად დადებული წერილობითი ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე.
9. დადგენილია, რომ მოსარჩელემ წარადგინა სადავო საბუთის ასლი: „1957 წლის 27 ნოემბერი აქტი საცხოვრებელი სახლის ნასყიდობის და თანხის გადაცემის შესახებ მე, დ.კ–მა მივყიდე ჩემი საცხოვრებელი სახლი, რომელიც მდებარეობს ქ. თბილისში ……..ქუჩის 83 ნომერში ე.ლ–ს. ე.ლ–მა გადამიხადა 3600 დოლარი სახლის ნასყიდობის. მე, დ.კ–ი ვიღებ ვალდებულებას ჩავწერო სახლში ე.ლ–ი. ე.ლ–ი დ.კ–ი 27//11/1957 წ.“. მოპასუხემ ამ საბუთის ნამდვილობა სადავოდ გახადა, კერძოდ, 2023 წლის 23 თებერვალს წარდგენილ შესაგებელში მან აღნიშნა: „წარმოდგენილი ხელწერილის ავთენტურობა არ დგინდება, რაც სრულიად უსაფუძვლოს ხდის სასარჩელო მოთხოვნას“.
10. კასატორის პრეტენზიის თანახმად, სასამართლოს არ უნდა გაეზიარებინა მოპასუხის 2023 წლის 23 თებერვალს წარდგენილ შესაგებელში წარმოდგენილი შედავება, ვინაიდან მოპასუხეს 2021 წლის 12 ივლისს უკვე წარდგენილი ჰქონდა შესაგებელი, სადაც მოპასუხეს შედავება არ ჰქონია. ამ შედავების პასუხად საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სარჩელის პასუხად წარდგენილი შესაგებლის წარმოებაში მიღების საპროცესოსამართლებრივ სტადიას არ ადგენს კანონი, შესაბამისად, სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში სარჩელის პასუხად წარდგენილი წერილობითი შესაგებლის შეტანის შემდეგ, მხარემ დაზუსტებული გარემოებებით წარადგინა შესაგებელი, რაც დასაშვებია საპროცესო კოდექსით მანამ, სანამ სასამართლო მთავარი სხდომის დანიშვნის შესახებ მიიღებს განჩინებას. შესაბამისად, პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმისწარმოების ეტაპზე მხარეები სარგებლობენ შესაძლებლობით, დააზუსტონ მოთხოვნები, თუ მოთხოვნის გამოსარიცხად წარდგენილი არგუმენტები სასამართლოს მიერ მთავარი სხდომის დანიშვნის თაობაზე განჩინების მიღებამდე. ასეთი განჩინების მიღება იმას ნიშნავს, რომ სასამართლომ მომზადებულად ჩათვალა საქმე და განსაზღვრა მთავარი (არსებითი განხილვის) თარიღი. მოცემულ შემთხვევაში ასევე დადგენილია, რომ სასამართლომ რამდენიმე მოსამზადებელი სხდომა ჩაატარა, ხოლო 2023 წლის 27 მარტის მოსამზადებელი სხდომა გადაზარდა მთავარ სხდომაში (იხ. წინამდებარე განჩინების 3.13. ქვეპუნქტი).
11. კასატორის პრეტენზიასთან დაკავშირებით საკასაციო სასამართლო მიუთითებს სსსკ-ის 137-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმადაც, მხარეს უფლება აქვს საქმის წინასწარი სასამართლო განხილვისთვის მომზადების სტადიაზე განაცხადოს, რო9მ წარდგენილი საბუთი ყალბია. ასეთი განცხადება მას შეუძლია გააკეთოს აგრეთვე საქმის სასამართლო სხდომაზე განხილვის დროსაც, თუ ეს საბუთი წარდგენილ იქნა ამ სასამართლო სხდომაზე, ან ადრე წარდგენილი საბუთის სიყალბე მითვის ცნობილი გახდა სასამართლო სხდომაზე. (იხ. სუსგ №ას-872-830-2013, 17.10.2014წ.).
12. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საბუთის ნამდვილობაზე შედავების უფლება მხარეს საქმის წინასწარი სასამართლო განხილვისთვის მომზადების სტადიაზე გააჩნია. განსახილველ შემთხვევაში, მე-11 პუნქტში მითითებული გარემოებების გათვალისწინებით, დადგენილია, რომ მოპასუხემ სადავო საბუთის არაავთენტურობის თაობაზე, 2023 წლის 23 თებერვალს საქმის წინასწარი სასამართლო განხილვის მომზადების სტადიაზე განაცხადა. აღნიშნულიდან გამომდინარე კი წარმოდგენილი განცხადება (შედავება) დასაშვებია.
13. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, რომ სადავო საბუთი საქმისთვის მნიშვნელობის მქონე გარემოების, ნასყიდობის ხელშეკრულების დადების დამადასტურებელი ძირითადი, გადამწყვეტი და ერთადერთი მტკიცებულებაა.
14. საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 14 დეკემბრის სხდომაზე დაიკითხნენ მოწმეები, ბ.მ–ი და დ.დ–ი, რომლებმაც სადავო გარემოება არ დაადასტურეს. ამასთან, ბ.მ–ი დაიბადა 1963 წლის 18 თებერვალს, ხოლო დ.დ–ი 1961 წელს, შესაბამისად ისინი ვერ იქნებოდნენ 1957 წლის 27 ნოემბერს მომხდარი მოვლენების თვითმხილველი მოწმეები, დასახელებულმა მოწმეებმა თვითონაც დაადასტურეს; მოპასუხის წარმომადგენლის შეკითხვას: „თქვენ თუ იცით, ზოგადად, ხელშეკრულების არსებობის შესახებ, ანუ მხარეთა შორის გაფორმდა ხელშეკრულება ფორმადაუცველი?“ - მოწმემ, ბ.მ–მა უპასუხა: „მე როგორ უნდა მცოდნოდა, მე დავიბადე სამოცდასამ წელში“ (14:27:20-14:27:55). მოწმემ, დ.დ–მა კი აღნიშნა, რომ საქმის გარემოებები გადმოცემით იცოდა (14:35:43-14:37:38).
15. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ, გარდა იმისა, რომ სადავო საბუთი დედნის სახით არ არის წარდგენილი, რაც სადავო გახადა მოპასუხემ შესაბამის საპროცესო ეტაპზე, ასევე მნიშვნელოვანია თვით საბუთის შინაარსი და სავსებით იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ არადამაჯერებელია საბჭოთა კავშირში, 1957 წლის 27 ნოემბერს მხარეების მიერ გარიგების ფასის უცხოურ ვალუტაში - დოლარში შეთანხმება. სააპელაციო სასამართლომ 2024 წლის 30 იანვრის სხდომაზე მოსარჩელეს დედნის წარდგენა მოსთხოვა, რაზედაც მოსარჩელემ განმარტა, რომ დედანი არ გააჩნდა და ვერ წარადგენდა (10:38:04-10:52:41). ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს საოქმო განჩინებას, რომლითაც სადავო საბუთს მტკიცებულებითი მნიშვნელობა არ მიენიჭა (2024 წლის 30 იანვრის სხდომის ოქმი - 10:53:15), რაც საპროცესოსამართლებრივ მოწესრიგებას ემყარება და დასაბუთებულია.
16. ერთ-ერთ საქმეზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდმა პალატამ განმარტა: „მოსარჩელის მიერ წარდგენილი საბუთის ასლი, მართალია, მტკიცებულების სახითაა წარმოდგენილი მხარის მიერ, მაგრამ არ არის დასაბუთებული, თუ რატომ ჩათვალა იგი სასამართლომ, როგორც უტყუარი და სარწმუნო. გარდა ამისა, საქმეში არ მოიპოვება სხვა ისეთი მტკიცებულებები, რომლებიც მის უტყუარობაზე მიუთითებენ და საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებას დაადასტურებდნენ. შესაბამისად, მოსარჩელის მოთხოვნა, რომელიც ემყარება მითითებულ საბუთის ასლს, არ უნდა დაკმაყოფილდეს“. (სუსგ. № ას-81-779-03, 21 ივლისი, 2003 წ.).
17. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ საქალაქო სასამართლომ მოსარჩელე სადავო ქონების სპეციალური კანონით მოსარგებლედ შეცდომით მიიჩნია, რის გამოც გაუქმდა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება მოპასუხის სააპელაციო საჩივრის დასაბუთებულად და კანონიერად მიჩნევის მოტივით.
18. სსსკ-ის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარემ სასამართლოს შეიძლება თავისი და არა სხვისი უფლების დასაცავად მიმართოს. განსახილველ შემთხვევაში რადგან მოსარჩელე სადავო ქონების მოსარგებლე არ არის, ამ ქონების უმკვიდროდ ცნობის მოთხოვნის უფლება არ გააჩნია.
19. მტკიცების ტვირთს აწესრიგებს სსსკ-ის 102-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომლის მიხედვითაც თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. მოსარჩელემ უნდა ამტკიცოს ის გარემოებები, რომლებზედაც დაფუძნებულია სასარჩელო მოთხოვნა, ხოლო მოპასუხემ გარემოებები, რომლებსაც მისი შესაგებელი ემყარება. მტკიცების ტვირთი არის სამოქალაქო სამართალწარმოებაში საქმის სწორედ გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი ფაქტების დამტკიცების მოვალეობის დაკისრება მხარეებზე, რომლის შესრულება უზრუნველყოფილია მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით არახელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანით იმ მხარის მიმართ, რომელმაც ეს მოვალეობა სათანადოდ არ (ვერ) შეასრულა. მხარეთა მტკიცებითი საქმიანობის საბოლოო მიზანი – ესაა სასამართლოს დარწმუნება საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობაში. სასამართლოს დაურწმუნებლობა კი, მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს იწვევს. მტკიცების ტვირთისაგან უნდა გაიმიჯნოს ფაქტების მითითების ტვირთი, როგორც მხარის ფაკულტატური მოვალეობა. მხარეები სსსკ-ის მე-4 მუხლის თანახმად სრულიად თავისუფალი არიან მიუთითონ ნებისმიერ ფაქტზე. ეს მათი უფლებაა, მაგრამ მათ მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასება, ე.ი. იმის დადგენა და გარკვევა, თუ რამდენად ასაბუთებენ ეს ფაქტები იურიდიულად მხარეთა მოთხოვნებს და შესაგებელს – ეს უკვე სასამართლოს პრეროგატივაა. ამასთან, საკმარისი არ არის, რომ მხარემ ზოგადად გამოთქვას მოსაზრება საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებაზე, მაგალითად, განაცხადოს, რომ იგი მთლიანად უარყოფს მეორე მხარის მიერ მოხსენებულ საქმის ფაქტობრივ გარემოებებს. მხარის მიერ წარმოდგენილი მოსაზრებები კონკრეტულად და დეტალურად უნდა ჩამოყალიბდეს და ეხებოდეს საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებას. მხარეთა მიერ წარმოდგენილი ახსნა-განმარტებები უნდა იყოს დასაბუთებული და ეხებოდეს იმ გარემოებებს, რომლებსაც უშუალო კავშირი აქვს დავასთან. მოსარჩელემ, როგორც წესი, უნდა დაამტკიცოს ყველა გარემოება, რომელიც წარმოადგენს მოთხოვნის წარმოშობის საფუძველს, ხოლო მოპასუხემ კი – ყველა გარემოება, რომელიც წარმოადგენს მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველს (იხ. ჰაინ ბიოლინგი, ლადო ჭანტურია, სამოქალაქო საქმეებზე გადაწყვეტილებათა მიღების მეთოდიკა, თბ., 2003, გვ.64) - იხ. შეად. სუსგ-ებს N ას-1298-2018; 22.03.2019წ; N ას-1329-2018, 22.02.2019წ; N ას-1610-2019, 07.02.2020წ; N ას- 1027-2020, 27.11.2020წ; N ას-634-2021, 4.11.2021წ; N ას-1363-2021, 5.04.2022წ; N ას-1183-2022, 23.12.2022წ; N ას-1572-2022, 5.05.2023წ.; Nას-1449-2023, 9.02.2024წ.).
20. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლომ დაასკვნა, რომ სააპელაციო სასამართლომ მართებულად შეაფასა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და სწორი სამართლებრივი კვალიფიკაცია მისცა მათ, განახორციელა ის საპროცესო მოქმედებები, რომლებიც, მხარეთა თანასწორუფლებიანობის პირობებში, საჭირო იყო საქმის გარემოებთა დადგენისა და, მხარეთათვის დაკისრებული მტკიცების ტვირთის შესაბამისად, მათ მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასებისათვის, რაც ცხადყოფს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
21. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას მოსარჩელის საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას არსებით განხილვაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 407.1-ე, 408.3-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ე.ლ–ის უფლებამონაცვლე მ.ლ–ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ნ. ბაქაქური