Facebook Twitter

15 ნოემბერი 2023 წელი

№ას-61-2023 ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ამირან ძაბუნიძე

თეა ძიმისტარაშვილი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი _ ა.ა.ი.პ. თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო

მოწინააღმდეგე მხარე _ შ.პ.ს. „B.T.“

გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 29 ნოემბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი _ თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. შ.პ.ს. „B.T“-მ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას, მოპასუხე - ა.ა.ი.პ. თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს მიმართ და მოითხოვა:

1.1. 2019 წლის 03 იანვრის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, 213 636,54 ლარის მოპასუხისათვის დაკისრება.

1.2. 2018 წლის 25 დეკემბრის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, 262 595,48 ლარის მოპასუხისათვის დაკისრება.

1.3. 2018 წლის 20 დეკემბრის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, 98 580.76 ლარის მოპასუხისათვის დაკისრება.

1.4. ანგარიშსწორების ვადაგადაცილებისათვის, პირგასამტეხლოს, 9 656,98 ლარის, მოპასუხისათვის დაკისრება.

2. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 15 აპრილის გადაწყვეტილებით - სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა: 2019 წლის 03 იანვრის ხელშეკრულებიდან გამომდინარე - 65 528.72 ლარის, 2018 წლის 25 დეკემბრის ხელშეკრულებიდან გამომდინარე - 151630.46 ლარის, ხოლო 2018 წლის 20 დეკემბრის ხელშეკრულებიდან გამომდინარე - 47192.65 ლარის ანაზღაურება. მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა იურიდიული მომსახურების ხარჯის - 2000 ლარის გადახდაც. დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა. გადაწყვეტილება დაეფუძნა შემდეგ ფაქტობრივსამართლებრივ დასაბუთებას:

3.1. 2019 წლის 03 იანვარს მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის დაიდო სახელმწიფო შესყიდვის შესახებ N1 ხელშეკრულება, რომლის 2.1 მუხლის თანახმად, მოსარჩელემ აიღო ვალდებულება, შეესრულებინა, ქ. თბილისში, ...... (ს/კ ......) 260-ადგილიანი საბავშვო ბაგა-ბაღის მშენებლობის სამუშაოები. ხელშეკრულების 2.4 მუხლის მიხედვით, ხელშეკრულების საერთო ღირებულებამ შეადგინა 2 815 449 ლარი, ყველა გადასახადის ჩათვლით. ხელშეკრულების 3.1 მუხლის თანახმად, მოსარჩელე ვალდებული იყო, კალენდარული გეგმა-გრაფიკის შესაბამისად, 2019 წლის 15 ნოემბრის ჩათვლით დაესრულებინა სამუშაოები (ექსპერტიზის მომსახურების ვადის გათვალისწინებით).

სამუშაოს შესრულების საბოლოო ვადის დარღვევისათვის, ხელშეკრულების 9.6 მუხლი ითვალისწინებდა მიმწოდებლისათვის პირგასამტეხლოს დაკისრებას, ხელშეკრულების ღირებულების 0.07%, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.

მოსარჩელის მიერ შესრულებული სამუშაოების ღირებულებამ შეადგინა 2 764 025,61 ლარი დ.ღ.გ-ს ჩათვლით, თუმცა მოპასუხემ მოსარჩელეს აუნაზღაურა მხოლოდ 2 547 870.37 ლარი, ხოლო არ აუნაზღაურებია 216 155.24 ლარი. სამუშაოს შესრულების ვადის გადაცილებისთვის დარიცხულმა პირგასამტეხლოს ოდენობამ შეადგინა 210 876.67 ლარი.

სააგენტომ 2020 წლის 03 დეკემბერს წერილი გაუგზავნა მოსარჩელეს და აცნობა, რომ 2019 წლის 3 იანვარს გაფორმებული N1 ხელშეკრულების საფუძველზე, ბაგა-ბაღის სამშენებლო სამუშაოების დასრულების ვადად განსაზღვრული იყო 2019 წლის 15 ნოემბერი. ქვეყანაში გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობისა და პანდემიის გამო მშენებლობა მიმდინარეობდა შეფერხებით. მოპასუხის ტექნიკური ზედამხედველობის განყოფილების 2020 წლის 27 ნოემბრის N66-01203323061 წერილისა და მასზე დართული დოკუმენტების თანახმად, 2019 წლის 16 ნოემბრიდან 2020 წლის 29 თებერვლის ჩათვლით პერიოდი (2 თვე და 45 დღე) კომპანიას ჩაეთვალა საპატიოდ. სამუშაოების დასრულების ვადის გადაცილება აითვლებოდა 2020 წლის 1-ლი მარტიდან 2020 წლის 15 ივნისის ჩათვლით, 107 კალენდარული დღით.

2019 წლის 3 იანვარს გაფორმებული N1 ხელშეკრულების მე-9 მუხლის 9.6. პუნქტის შესაბამისად, მოსარჩელეს ეკისრებოდა პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ხელშეკრულების ღირებულების (2 815 449.00 ლარი) 0,07%. ერთი დღის პირგასამტეხლო შეადგენდა 1 970.81 ლარს, ჯამურად (107 დღე) - 210 876.67 ლარს. მოპასუხემ მოითხოვა მოსარჩელისაგან პირსაგამტეხლოს, 210876.67 ლარის, გადარიცხვა ხაზინის შესაბამის ანგარიშზე და მოპასუხისათვის ფინანსური აღრიცხვისა და დაგეგმარების განყოფილებაში ჯარიმის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის წარდგენა.

3.2. 2018 წლის 25 დეკემბერს, მხარეებს შორის დაიდო სახელმწიფო შესყიდვის შესახებ N90-18 ხელშეკრულება, რომლის 2.1 მუხლის თანახმად, მოსარჩელემ იკისრა ვალდებულება, შეესრულებინა თბილისში, ...... (ს/კ .....) საბავშვო ბაგა-ბაღის მშენებლობის სამუშაოები.

ხელშეკრულების 2.4 მუხლის მიხედვით, ხელშეკრულების საერთო ღირებულებამ შეადგინა 2 384 447,34 ლარი, ყველა გადასახადის ჩათვლით.

სამუშაოს შესრულების საბოლოო ვადის დარღვევისათვის, ხელშეკრულების 9.6 მუხლი ითვალისწინებდა მიმწოდებლისათვის პირგასამტეხლოს დაკისრებას ხელშეკრულების ღირებულების 0.07%, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.

ხელშეკრულების 2.6 მუხლის თანახმად ხელშეკრულება ძალაში იყო 2020 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.

2018 წლის 25 დეკემბერის ხელშეკრულებიდან გამომდინარე შემსყიდველმა ჩაიბარა: 2385706.27 ლარის ღირებულების სამუშაოები, ხელშეკრულების ფარგლებში, შემსყიდველმა მოსარჩელეს გადაუხადა ჯამურად 2110748,43 ლარი. შესაბამისად, სააგენტოს მოსარჩელისათვის ასანაზღაურებელი დარჩა მიღებული სამუშაოების ღირებულება, ჯამურად 274957.84 ლარი. სამუშაოს შესრულების ვადის გადაცილებისთვის დარიცხულმა პირგასამტეხლომ შეადგინა 215 315.19 ლარი.

2020 წლის 03 დეკემბერს სააგენტომ წერილი გაუგზავნა მოსარჩელეს და აცნობა, რომ 2018 წლის 25 დეკემბერს გაფორმებული N90-18 ხელშეკრულების საფუძველზე, ბაღის სამშენებლო სამუშაოების დასრულების ვადა განსაზღვრული იყო 2019 წლის 10 ნოემბრით. ქვეყანაში გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობისა და პანდემიის გამო, მშენებლობა მიმდინარეობდა შეფერხებით. მოპასუხის ტექნიკური ზედამხედველობის განყოფილების 2020 წლის 21 დეკემბრის N66-0120336606 წერილისა და მასზე დართული დოკუმენტების თანახმად, 2019 წლის 10 ნოემბრიდან 2020 წლის 10 მაისის ჩათვლით (6 თვე) მოსარჩელეს ჩაეთვალა საპატიოდ. სამუშაოების დასრულების ვადის გადაცილება აითვლებოდა 2020 წლის 11 მაისიდან 2020 წლის 16 სექტემბრის ჩათვლით, 129 კალენდარული დღე. 2018 წლის 25 დეკემბერს გაფორმებული N90-18 ხელშეკრულების მე-9 მუხლის 9.6. პუნქტის შესაბამისად, მოსარჩელეს ეკისრებოდა პირგასამტეხლო, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ხელშეკრულების ღირებულების 0,07%. ერთი დღის პირგასამტეხლო შეადგენდა 1669.11 ლარს, ხოლო მთლიანად (129 დღე) 215 315.19 ლარს.

3.3. 2018 წლის 20 დეკემბერს, მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის დაიდო სახელმწიფო შესყიდვის შესახებ N82-18 ხელშეკრულება, რომლის 2.1 მუხლის თანახმად, მოსარჩელემ აიღო ვალდებულება, შეესრულებინა, თბილისში, ავლაბარში, ........ ქუჩაზე (ს/კ ......) საბავშვო ბაგა-ბაღის მშენებლობის სამუშაოები. ხელშეკრულების 2.4 მუხლის მიხედვით, ხელშეკრულების საერთო ღირებულებამ შეადგინა 2 222 114,98 ლარი, ყველა გადასახადის ჩათვლით. ხელშეკრულების 3.1 მუხლის თანახმად, მოსარჩელეს ეკისრებოდა ვალდებულება, სამუშაოები ეწარმოებინა კალენდარული გეგმა-გრაფიკის შესაბამისად, 2020 წლის 15 ივლისის ჩათვლით (ექსპერტიზის მომსახურების ვადის გათვალისწინებით).

სამუშაოს შესრულების საბოლოო ვადის დარღვევისათვის, ხელშეკრულების 9.6 მუხლი ითვალისწინებდა მიმწოდებლისათვის პირგასამტეხლოს დაკისრებას, ხელშეკრულების ღირებულების 0.07%-ის ოდენობით, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.

ხელშეკრულების ფარგლებში, ჯამურად, შემსყიდველმა ჩაიბარა 1 704 917,7 ლარის ღირებულების სამუშაოები. შემსყიდველმა მოსარჩელეს გადაუხადა სულ 1 601 061,50 ლარი. შესაბამისად, სააგენტოს მოსარჩელისათვის ასანაზღაურებელი დარჩა მიღებული სამუშაოების ღირებულება - 103 856,2 ლარი.

სამუშაოს შესრულების ვადის გადაცილებისთვის დარიცხულმა პირგასამტეხლოს ოდენობამ შეადგინა 172 658. 28 ლარი.

მოპასუხემ 2021 წლის 20 აპრილს მოსარჩელეს აცნობა, რომ სამშენებლო სამუშაოების მიმდინარეობისას რამდენჯერმე გახდა საჭირო საპროექტო და სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის კორექტირება, რის გამოც, სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობდა შეფერხებით, პროექტის საბოლოო კორექტირებული დოკუმენტაცია საპროექტო და სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის ავტორისგან ი/მ გიორგი კობალაძისგან სააგენტომ მიიღო 2020 წლის 19 ოქტომბერს, რომელიც გადაეგზავნა მოსარჩელეს. 2020 წლის 17 დეკემბერს ზემოხსენებული დოკუმენტაციის საფუძველზე სამშენებლო კომპანიის მიერ წარდგენილ იქნა სააგენტოსთვის კორექტირებული ხარჯთაღრიცხვა და ახალი პოზიციების ფასებზე შესაბამისი ექსპერტიზის დასკვნა, წარდგენილი ხარჯთაღრიცხვის ღირებულება სცდებოდა ხელშეკრულების ღირებულების 10 პროცენტს, რის გამოც, მხარეებს შორის ვერ გაფორმდა ურთიერთშეთანხმების აქტი. სააგენტოს შესაბამისმა სამსახურმა ხარჯთაღრიცხვა გამიჯნა, ტექნიკური დოკუმენტაციის მომზადების გამო მხარეებს შორის N8 შეთანხმება გაფორმდა 2021 წლის 01 მარტს.

2019 წლის 03 იანვრის ხელშეკრულებიდან გამომდინარე სამუშაოების დასრულების ვადა განსაზღვრული იყო 2019 წლის 15 ნოემბერს, ქვეყანაში გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობისა და პანდემიის გამო, მშენებლობა მიმდინარეობდა შეფერხებით, მოპასუხის ტექნიკური ზედამხედველობის განყოფილების 2020 წლის 27 ნოემბრის N66-01203323061 წერილისა და მასზე დართული დოკუმენტების თანახმად, დრო – 2019 წლის 16 ნოემბრიდან 2020 წლის 29 თებერვლის ჩათვლით (2 თვე და 45 დღე) კომპანიისთვის მიიჩნიეს საპატიოდ. სამუშაოების დასრულების ვადის გადაცილება აითვალა 2020 წლის 1-ელი მარტიდან 2020 წლის 15 ივნისის ჩათვლით 107 კალენდარული დღით.

3.4. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელემ ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოები შეასრულა ვადაგადაცილებით, შესაბამისად, ვლინდებოდა მისთვის პირგასამტეხლოს დაკისრების წინაპირობა.

3.5. სასამართლომ აღნიშნა, რომ მოსარჩელე 2019 წლის 03 იანვრის ხელშეკრულებიდან და 2018 წლის 25 დეკემბრის ხელშეკრულებიდან გამომდინარე სადავოდ არ ხდიდა ვადაგადაცილებული დღეების ოდენობას, სადავო იყო მხოლოდ პირგასამტეხლოს ოდენობა. 2018 წლის 20 დეკემბრის ხელშეკრულების თანახმად კი, მოსარჩელემ სადავოდ გახადა როგორც ვადაგადაცილებული დღეების, ისე - პირგასამტეხლოს ოდენობა.

3.6. სასამართლომ მიიჩნია, რომ 2018 წლის 20 დეკემბრის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვადაგადაცილება უნდა ათვლილიყო N8 შეთანხმებიდან. საქმეში წარმოდგენილი საგენტოს წერილიდან ნათლად ირკვეოდა, რომ სამშენებლო სამუშაოების მიმდინარეობისას რამდენჯერმე გახდა საჭირო საპროექტო და სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის კორექტირება, რის გამოც, სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობდა შეფერხებით, საპროექტო და სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის ავტორისგან, ინდმეწარმე გიორგი კობალაძისგან, 2020 წლის 19 ოქტომბერს სააგენტომ მიიღო პროექტის საბოლოო კორექტირებული დოკუმენტაცია, რომელიც გადაეგზავნა მოსარჩელე კომპანიას.

2020 წლის 17 დეკემბერს ხსენებული დოკუმენტაციის საფუძველზე სამშენებლო კომპანიამ წარმოადგინა კორექტირებული ხარჯთაღრიცხვა და ახალი პოზიციების ფასებზე შესაბამისი ექსპერტიზის დასკვნა, წარდგენილი ხარჯთაღრიცხვის ღირებულება სცდებოდა ხელშეკრულების ღირებულების 10 (ათ) პროცენტს, რის გამოც მხარეებს შორის ვერ გაფორმდა ურთიერთშეთანხმების აქტი. სააგენტოს შესაბამისმა სამსახურმა ხარჯთაღრიცხვა გამიჯნა, ტექნიკური დოკუმენტაციის მომზადების გამო მხარეებს შორის შეთანხმება N8 გაფორმდა 2021 წლის 01 მარტს, შესაბამისად, სწორედ ამ პერიოდიდან უნდა აითვალოს პირგასამტეხლოს დარიცხვა.

3.7. სასამართლომ ყურადღება მიაქცია იმ გარემოებას, რომ კორონავირუსით გამოწვეული შეფერხების გამო, ორი ხელშეკრულების ფარგლებში მოსარჩელეს საპატიოდ ჩაეთვალა 6 თვე, ხოლო ერთი ხელშეკრულების ფარგლებში – 2 თვე და 45 დღე. აღნიშნული ფაქტი დასტური იყო იმისა, რომ მოპასუხე ლოგიკურად აფასებდა შექმნილ სიტუაციას და მეწარმე სუბიექტს მნიშვნელოვნად უწყობდა ხელს ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაში.

3.8. სასამართლომ მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელისათვის დაკისრებული პირგასამტეხლო იყო შეუსაბამოდ მაღალი და უნდა შემცირებულიყო შემდეგ ოდენობამდე:

2019 წლის 3 იანვარს გაფორმებული ხელშეკრულებიდან გამომდინარე პირგასამტეხლო უნდა განსაზღვრულიყო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ხელშეკრულების ღირებულების (2 815 449.00 ლარი) 0,05%. ერთი დღის პირგასამტეხლო - 1407.72 ლარი, ჯამურად (107 დღეზე) 150626.52 ლარი.

2018 წლის 25 დეკემბერს გაფორმებული ხელშეკრულებიდან გამომდინარე პირგასამტეხლო უნდა განსაზღვრულიყო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ხელშეკრულების ღირებულების (2 384 447,34 ლარი) 0,05%. ერთი დღის პირგასამტეხლო - 1192.22 ლარი, მთლიანად (129 დღე) 153796.85 ლარი.

2018 წლის 20 დეკემბერს გაფორმებული ხელშეკრულებიდან გამომდინარე პირგასამტეხლო უნდა განსაზღვრულიყო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ხელშეკრულების ღირებულების (2222114.98 ლარი) 0,05 %. ერთი დღის პირგასამტეხლო 1111.05 ლარი, ჯამურად 51 დღეზე - 56663.55 ლარი.

3.9. სასამართლომ სამოქალაქო კოდექსის 442-ე მუხლზე მიუთითა და აღნიშნა, რომ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად, მოპასუხეს მოსარჩელისათვის გადასახდელი ჰქონდა შესრულებული სამუშაოების ღირებულების ასანაზღაურებლად 2019 წლის 03 იანვრის ხელშეკრულებიდან გამომდინარე - 216 155.24 ლარი. მოსარჩელეს მოპასუხის მიმართ, სამუშაოების შესრულების ვადების გადაცილებისათვის ეკისრებოდა პირგასამტეხლოს - 150 626.52 ლარის გადახდის ვალდებულება. შესაბამისად, ამ ნაწილში ურთიერთმოთხოვნათა გაქვითვით მოპასუხის ვალდებულება მოსარჩელის წინაშე შეწყვეტილი იყო, ხოლო 65528.72 ლარის ნაწილში მოპასუხეს შესრულებული სამუშაოს ღირებულება არ ჰქონდა ანაზღაურებული.

სასამართლომ დაადგინა, რომ მოპასუხეს მოსარჩელისათვის გადასახდელი ჰქონდა შესრულებული სამუშაოების ღირებულების ასანაზღაურებლად 2018 წლის 25 დეკემბრის ხელშეკრულებიდან გამომდინარე – 274 957.84 ლარი. მოსარჩელეს მოპასუხის მიმართ, სამუშაოების შესრულების ვადების გადაცილებისათვის ეკისრებოდა პირგასამტეხლოს - 123327.38 ლარის გადახდის ვალდებულება. შესაბამისად, ამ ნაწილში ურთიერთმოთხოვნათა გაქვითვით მოპასუხის ვალდებულება მოსარჩელის წინაშე შეწყვეტილი იყო, ხოლო 151 630.46 ლარის ნაწილში მოპასუხეს შესრულებული სამუშაოს ღირებულება არ ჰქონდა გადახდილი.

სასამართლომ დაადგინა, რომ მოპასუხეს მოსარჩელისათვის უნდა გადაეხადა შესრულებული სამუშაოების ღირებულების ასანაზღაურებლად 2018 წლის 20 დეკემბრის ხელშეკრულებიდან გამომდინარე 103 856.2 ლარი. მოსარჩელეს მოპასუხის მიმართ, სამუშაოების შესრულების ვადების გადაცილებისათვის ეკისრებოდა პირგასამტეხლოს - 56663.55 ლარის გადახდის ვალდებულება. შესაბამისად, ამ ნაწილში ურთიერთმოთხოვნათა გაქვითვით მოპასუხის ვალდებულება მოსარჩელის წინაშე შეწყვეტილი იყო, ხოლო 47192.65 ლარის ნაწილში მოპასუხეს შესრულებული სამუშაოს ღირებულება არ ჰქონდა ანაზღაურებული.

3.10. სასამართლოს განმარტებით, შემცირებული პირგასამტეხლოს გათვალისწინებით, მოსარჩელისთვის ასანაზღაურებელი თანხის ოდენობა შეადგენდა 2019 წლის 03 იანვრის ხელშეკრულებიდან გამომდინარე - 65 528.72 ლარს, 2018 წლის 25 დეკემბრის ხელშეკრულებიდან გამომდინარე - 151 630.46 ლარს, ხოლო 2018 წლის 20 დეკემბრის ხელშეკრულებიდან გამომდინარე - 47192.65 ლარს.

3.11. სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელის პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რომ პირგასამტეხლო უნდა ათვლილიყო შეუსრულებელი სამუშაოს ღირებულებიდან და აღნიშნა, რომ, ერთი მხრივ, მხარეებს შორის გაფორმებულ ხელშეკრულებაში განსაზღვრულია პირგასამტეხლო ხელშეკრულების საერთო ღირებულების 0.07% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, ხოლო მეორე მხრივ - იკვეთება მნიშვნელოვანი საჯარო ინტერესი, რომელიც დაცულია ხელშეკრულების შესაბამისი პუნქტებით. სასამართლოს მიერ ჩარევა ამგვარ ურთიერთობებში უნდა იყოს ფრთხილი, გონივრული და ზომიერი. საქმეში არსებული ფაქტებიდან გამომდინარე, სასამართლომ მიზანშეწონილად მიიჩნია, შეემცირებინა და განესაზღვრა სამივე ხელშეკრულებიდან გამომდინარე პირგასამტეხლო ხელშეკრულების ღირებულების 0,05%-ით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.

4. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა მოპასუხემ, მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 29 ნოემბრის განჩინებით - სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად. პალატამ გაიზიარა გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები, მათი სამართლებრივი შეფასება და, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის საფუძველზე, გონივრულად მიიჩნია პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ განსაზღვრული პირგასამტეხლოს ოდენობა.

6. სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა. კასატორს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, არ ვლინდებოდა პირგასამტეხლოს შემცირების ფაქტობრივსამართლებრივი საფუძველი, ვინაიდან მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობა სრულად შეესატყვისება ვალდებულების დარღვევის ხარისხსა და ამით გამოწვეული ზიანს. კასატორს დაუსაბუთებლად მიაჩნია მისთვის იურიდიული მომსახურების ხარჯის, 2000 ლარის, დაკისრებაც.

7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია:

8. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.

9. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.

10. წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის ფარგლებში, საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანია ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების მიერ პირგასამტეხლოს შემცირების კანონიერება.

11. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლით, პირგასამტეხლო – მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა – მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. პირგასამტეხლო პირობით ვალდებულებას წარმოადგენს. პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლების განხორციელება დამოკიდებულია გარკვეული პირობის დადგომაზე - მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევაზე (იხ:ირაკლი რობაქიძე, სახელშეკრულებო სამართალი /ზურაბ ძლიერიშვილი, გიორგი ცერცვაძე, ირაკლი რობაქიძე, გიორგი სვანაძე, ლაშა ცერცვაძე, ლევან ჯანაშია/ გამომცემლობა „მერიდიანი“, 2014წ., გვ. 590). პალატა განმარტავს, რომ პირგასამტეხლოს ერთ-ერთ ფუნქცია განცდილი ზიანის მარტივად და სწრაფად ანაზღაურებაში მდგომარეობს. იგი ერთგვარ სანქციასაც წარმოადგენს. ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, სანქციად ქცეული პირგასამტეხლო ვალდებულ პირს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა კრედიტორმა ზიანი ამ დარღვევის შედეგად (იხ. ს.უ.ს.გ. Nას-1053-993-2015, 08.04.2016წ.; Nას-1158-1104-2014, 06.05.2015წ.). აღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე, პირგასამტეხლოს დაკისრების წინაპირობას წარმოადგენს ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარის მიერ ნაკისრი ვალდებულების დარღვევა.

12. პირგასამტეხლო, უპირველესად, კრედიტორის ინტერესების უზრუნველმყოფი საკანონმდებლო მექანიზმია, რომელიც კრედიტორის სახელშეკრულებო რისკებს ამცირებს, თუმცა იმისთვის, რომ თავიდან იქნეს აცილებული კრედიტორის მხრიდან ამ ინსტიტუტის ფარგლებში უფლების ბოროტად გამოყენება, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში შესაფასებელი და ამავდროულად დასაცავი ღირებულებაა სახელშეკრულებო წონასწორობა/ბალანსი, ერთი მხრივ, პირგასამტეხლოს, როგორც სახელშეკრულებო თავისუფლების გამოხატულებას და, მეორე მხრივ, მოვალის დაცვას, როგორც ამ თავისუფლების ლეგიტიმურ შეზღუდვას შორის. ამდენად, პირგასამტეხლოს იურიდიული ძალა მხოლოდ მაშინ აქვს, თუ ის, ამავდროულად, უზრუნველყოფს მოვალის გონივრული ფარგლებით დაცვას (ს.უ.ს.გ. Nას-1928-2018, 31.10.2019წ.). პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას ზიანის ანაზღაურება. პირგასამტეხლოს ოდენობაზე მსჯელობისას გასათვალისწინებელია მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა (ს.უ.ს.გ. Nას-1511-2018, 26.03.2019წ.; Nას-848-814-2016, 28.12.2016წ.).

13. სასამართლოს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის საფუძველზე, უფლება აქვს, შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო, რაც შეფასებითი კატეგორიაა და, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, საქმის გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად წყდება. მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული, მაგალითად, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან; პირგასამტეხლოს თანხის მნიშვნელოვანი გადაჭარბება ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეულ შესაძლო ზიანზე, ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა და სხვა (ს.უ.ს.გ. №ას-1511-2018, 26.03.2019წ.; ს.უ.ს.გ. №ას-535-2021, 29.10.2021წ.). პირგასამტეხლოს შემცირება არ გულისხმობს მის გაუქმებას. პირგასამტეხლოს შემცირების საფუძველია, ერთი მხრივ, ის რომ კრედიტორი პირგასამტეხლოს მიღებით არ გამდიდრდეს და მოვალეს არ დააწვეს მძიმე ტვირთად პირგასამტეხლოს გადახდა (შესაბამისად, პირგასამტეხლო არ იქცეს ერთგვარ სადამსჯელო ღონისძიებად), ხოლო მეორე მხრივ კი – პირგასამტეხლო იყოს ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი, საპირწონე და გონივრული. აღნიშნულში მოიაზრება სახელშეკრულებო თანასწორობისა და სამართლიანობის პრინციპის დაცვით პირგასამტეხლოს გონივრულ ოდენობამდე შემცირება (ს.უ.ს.გ. №ას-186-2021, 25.03.2021წ.; №ას-535-2021, 29.10.2021წ).

14. განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მხარეებს შორის გაფორმდა სამი დამოუკიდებელი სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულება, რომელთა საფუძველზე, მოსარჩელეს უნდა აეშენებინა საბავშვო-ბაგა ბაღები. დადგენილია, რომ მოსარჩელისათვის პირგასამტეხლოს დარიცხვას საფუძვლად დაედო ნარდობის ხელშეკრულებებით გათვალისწინებული სამუშაოების ვადის დარღვევით შესრულება, კერძოდ: 2019 წლის 03 იანვრის ხელშეკრულებიდან გამომდინარე სამუშაოების დასრულების ვადაგადაცილებამ შეადგინა 107 კალენდარული დღე. 2018 წლის 20 დეკემბრის ხელშეკრულებიდან გამომდინარე სამუშაოების დასრულების ვადაგადაცილებამ შეადგინა 51 კალენდარული დღე. ხოლო 2018 წლის 25 დეკემბრის ხელშეკრულებიდან გამომდინარე სამუშაოების დასრულების ვადაგადაცილებამ შეადგინა 129 კალენდარული დღე. აღნიშნულის გამო, მოპასუხემ მოსარჩელეს დააკისრა პირგასამტეხლო, ხელშეკრულებების საერთო ღირებულების 0.07%, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. დადგენილია, რომ დაკისრებული პირგასამტეხლო მოპასუხემ მოსარჩელეს დაუქვითა შესრულებული სამუშაოებისათვის ასანაზღაურებელი თანხებიდან. უდავოა, რომ მოპასუხეს შესრულების ხარისხის მიმართ პრეტენზია არ გამოუთქვამს.

ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებებისა და მოხმობილი სამართლებრივი ნორმების საფუძველზე, საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს ქვემდგომი სასამართლოების მსჯელობას პირგასამტეხლოს გონივრული ოდენობის თაობაზე და მიაჩნია, რომ სასამართლომ სწორად შეამცირა ხელშეკრულების საერთო ღირებულებიდან დაანგარიშებული პირგასამტეხლო, როგორც შეუსაბამოდ მაღალი. სასამართლომ კრედიტორისა და მოვალის მტკიცების ფარგლების, არაჯეროვანი შესრულების და ამით გამოწვეული სამართლებრივი შედეგების გათვალისწინებით, პირგასამტეხლო განსაზღვრა გონივრული და სამართლიანი ოდენობით და აღნიშნულის გათვალისწინებით მართებულად დააკისრა მოპასუხეს ნარდობის ხელშეკრულების ფარგლებში გადაუხდელ საზღაურსა და შემცირებულ პირგასამტეხლოს შორის სხვაობის ანაზღაურება.

15. ამასთან, მიუხედავად იმისა, რომ პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება ზიანის მიყენების ფაქტის მტკიცებისაგან დამოუკიდებელია, საკასაციო პალატა ითვალისწინებს იმ გარემოებასაც, რომ ვალდებულების შეუსრულებლობით დამდგარი ზიანის არსებობა, განსახილველ შემთხვევაში, არ გამოვლენილა.

16. რაც შეეხება კასატორის პრენტეზიას, იურიდიული მომსახურების ხარჯის დაკისრების უსაფუძვლობის თაობაზე, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მეხუთე თავით გათვალისწნებულია პროცესის ხარჯები. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, პროცესის ხარჯებს შეადგენს სასამართლო ხარჯები და სასამართლოსგარეშე ხარჯები. იმავე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით განმარტებულია, თუ რას შეადგენს თითოეული მათგანი, კერძოდ, სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები, ხოლო სასამართლოსგარეშე ხარჯებს წარმოადგენს ადვოკატისათვის გაწეული ხარჯები, დაკარგული ხელფასი (განაცდური), მტკიცებულებათა უზრუნველსაყოფად გაწეული ხარჯები, აგრეთვე, მხარეთა სხვა აუცილებელი ხარჯები.

პალატა განმარტავს, რომ ადვოკატის მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის მეორე მხარისათვის დაკისრების საკითხის გადაწყვეტის წესი მოცემულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლში. ნორმის პირველი ნაწილის დანაწესით, იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4%-ისა. ნორმის დისპოზიცია იმგვარად არის ფორმულირებული, რომ არ ადგენს გაწეული ხარჯის სანაცვლო ანაზღაურების ერთმნიშვნელოვნ ოდენობას, არამედ ამ ოდენობის გონივრულად განსაზღვრის უფლებას უტოვებს სასამართლოებს. კანონდებლის ამგვარი მიდგომა განპირობებულია იმ მოსაზრებით, რომ ადვოკატის მომსახურებაში გადახდილი ხარჯების სანაცვლო ანაზღაურებამ დაუსაბუთებლად არ უნდა შეზღუდოს პროცესის მონაწილე მხარის უფლება და არ უნდა შექმნას წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯების ოდენობის ხელოვნურად გაზრდის პროცესუალური საფუძველი; ნორმის ამგვარი შინაარსის მიზანია პროცესის მონაწილე მეორე მხარის უფლებების დაუსაბუთებელი შეზღუდვის თავიდან აცილება. გონივრულეობის კრიტერიუმად კი, კანონმდებელი მიიჩნევს დავის საგნის ღირებულების არაუმეტეს 4%-ს. აღსანიშნავია, რომ დავის საგნის ღირებულების 4% წარმოადგენს ზედა ზღვარს (კანონით დადგენილ მაქსიმალურ ოდენობას), რომლის ფარგლებშიც ხდება წარმომადგენლის ხარჯების ოდენობის სასამართლოსმიერი განსაზღვრა და ამ თვალსაზრისით, მხედველობაში მიიღება კონკრეტულად რა იურიდიული მნიშვნელობის მქონე ქმედებები იქნა განხორციელებული ადვოკატის მიერ, რა სახის ადამიანური რესურსი დაიხარჯა, საქმის წარმოების რომელ ეტაპზე პროცესის მონაწილე რომელმა მხარემ გასწია იგი და სხვ. (შდრ: ს.უ.ს.გ. №ას-818-784-2016, 02 ნოემბერი, 2016 წელი). გაწეული საადვოკატო ხარჯის დაკისრებისას სასამართლო ხელმძღვანელობს საქმის სირთულით, სასამართლო სხდომებში მონაწილეობისათვის დახარჯული დროის, წარმოდგენილი მოსაზრებებისა თუ მტკიცებულებების სიმრავლით და სხვა ამგვარი გარემოებებით, რაც მეორე მხარისათვის დასაკისრებელი საადვოკატო ხარჯის გონივრულობას განაპირობებს (შდრ: ს.უ.ს.გ. №ას-1125-2019, 31 ოქტომბერი, 2019).

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ შემთხვევაში, ვლინდებოდა მოპასუხისათვის მოსარჩელის მიერ იურიდიული მომსახურებისთვის გაწეული ხარჯის დაკისრების წინაპირობები. ამასთან, სარჩელის ფასისა და დაკმაყოფილებული მოთხოვნის ოდენობის გათვალისწინებით, პალატას მიაჩნია, რომ მოპასუხისათვის დაკისრებული იურიდიული მომსახურების ხარჯი - 2000 ლარი, განსაზღვრულია კანონის ზემოაღნიშნული დანაწესების გათვალისწინებით.

17. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტების ფარგლებში, რაც სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის (სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლი), კასატორმა ვერ შეძლო დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიის წარმოდგენა, რითაც ვერ დაძლია გასაჩივრებული განჩინების ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება და ვერ შეძლო მისი გაბათილება სარწმუნო მტკიცებულებებით. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. ასეთ საფუძველზე ვერც კასატორი მიუთითებს.

18. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობები არ არსებობს, რაც მისი არსებითად განსახილველად დაუშვებლად ცნობის სამართლებრივი საფუძველია.

19. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401.4 მუხლის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. შესაბამისად, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70% – 5600 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ა.ა.ი.პ. თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად.

2. ა.ა.ი.პ. თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს (ს/ნ .....) დაუბრუნდეს ქ. თბილისის № 102 საბავშვო ბაგა-ბაღის (ს/ნ .....) მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის – 8000 ლარის (საგადახდო დავალება № 230306101730438) გადახდის თარიღი: 06.03.2023წ, გადამხდელის ბანკი: ს.ს. „ლიბერთი ბანკი“) 70% – 5600 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი

ამირან ძაბუნიძე

თეა ძიმისტარაშვილი