20 მარტი 2024 წელი №ას-74-2024 თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლეები: გიორგი მიქაუტაძე (თავმჯდომარე)
ლაშა ქოჩიაშვილი (მომხსენებელი)
ამირან ძაბუნიძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
მოწინააღმდეგე მხარე - ს.ს. „ს.კ.ე.ჯ–ია“
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 15 ნოემბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება
დავის საგანი - პირგასამტეხლოს დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას, მოპასუხე - ს.ს. „ს.კ.ე.ჯ“-ს მიმართ, პირგასამტეხლოს - 9300 ლარის დაკისრების შესახებ.
2. მოპასუხემ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 08 ივნისის გადაწყვეტილებით - სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ, პირგასამტეხლოს - 1000 ლარის ანაზღაურება დაეკისრა.
4. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა მოსარჩელემ, მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 15 ნოემბრის განჩინებით - სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად. განჩინება დაეფუძნა შემდეგს:
5.1. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, მხარეთა შორის ვალდებულებითსამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის საფუძველია მოსარჩელესა (შემსყიდველი) და მოპასუხეს (მიმწოდებელი) შორის 2019 წლის 31 მაისს გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვის შესახებ №419 ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც, მოპასუხე ორგანიზაციამ აიღო ვალდებულება, მოსარჩელისათვის გაეწია შემსყიდველი ორგანიზაციის ბალანსზე არსებული სატრანსპორტო საშუალებების დაზღვევის (თანდართული დაზღვევის პირობების - №1 დანართისა და ავტოსატრანსპორტო საშუალებების ჩამონათვალის №2 დანართის შესაბამისად) მომსახურება, ს.ს.ი.პ. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებ–გვერდზე გამოქვეყნებული CON190000322 სატენდერო დოკუმენტაციით, მიმწოდებლის სატენდერო წინადადებითა და ტარიფებით.
5.2. ხელშეკრულების №1 დანართის (დაზღვევის პირობები), მე-2 ნაწილის მე-2 მუხლის, მე-7 პუნქტის მიხედვით, მომხდარი შემთხვევის განხილვის მიზნით, მზღვეველი ვალდებული იყო, სადაზღვევო შემთხვევის დამადასტურებელი დოკუმენტების მიღებიდან 2 სამუშაო დღეში, ეღიარებინა სადაზღვევო შემთხვევა ან დასაბუთებული უარი განეცხადებინა აღიარებაზე, რის შესახებაც წერილობით უნდა ეცნობებინა დამზღვევისათვის; ამავე დანართის მე-2 ნაწილის მე-2 მუხლის, მე-8 პუნქტის მიხედვით, სადაზღვევო შემთხვევის აღიარების შემდეგ, არაუგვიანეს 5 სამუშაო დღის ვადაში, ხოლო ძრავის დაზიანების შემთხვევაში - არაუგვიანეს 10 სამუშაო დღის ვადაში, დამზღვევისა და მზღვევლის წარმომადგენელთა თანდასწრებით უნდა შემდგარიყო შესაბამისი დეფექტური აქტი დაზიანებული სატრანსპორტო საშუალების ან მისი ნაწილის აღდგენის ან შეცვლისთვის საჭირო თანხების მითითებით, ხოლო 2.9 პუნქტის თანახმად, დეფექტური აქტის გამოცემიდან არაუგვიანეს 3 სამუშაო დღის ვადაში მზღვეველი ვალდებული იყო, შეედგინა ზარალის რეგულირების აქტი, რომელიც დამოწმებული უნდა ყოფილიყო მზღვეველისა და დამზღვევის ხელმოწერებით.
5.3. ხელშეკრულების №1 დანართის (დაზღვევის პირობები), მე-2 ნაწილის მე-2 მუხლის, მე-10 პუნქტის მიხედვით, სადაზღვევო შემთხვევის აქტის ხელმოწერიდან არაუგვიანეს 20 კალენდარული დღის ვადაში, ხოლო დეფიციტური ნაწილის შემთხვევაში - არაუგვიანეს 4 კალენდარული დღის ვადაში, უნდა განხორციელებულიყო დაზიანებული სატრანსპორტო საშუალების შეკეთება/აღდგენა.
5.4. ხელშეკრულების 11.5. მუხლის მიხედვით, 5 წლის წლოვანების სატრანსპორტო საშუალებების ტექნიკური მომსახურების (მათ შორის - წუნის გამოსწორების) ვადის გადაცილებისთვის, მიმწოდებელს ეკისრებოდა პირგასამტეხლოს გადახდა, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 50 ლარის ოდენობით.
5.5. საქმეზე დადგენილი უდავო ფაქტობრივი გარემოებებია, რომ: 2019 წლის 10 დეკემბერს დაზიანდა მოსარჩელის ბალანსზე რიცხული ავტომანქანა „TOYOTA COROLLA“, სახ. ნომრით .......; შემთხვევა დარეგულირდა და 2019 წლის 23 დეკემბერს ხელი მოეწერა დარეგულირების აქტს. ავტომანქანა სერვის ცენტრში აღსადგენად მივიდა 2020 წლის 09 ივლისს, ხოლო აღდგენა დასრულდა 2020 წლის 16 ივლისს.
5.6. 2021 წლის 24 მარტს მოსარჩელემ წერილობით მიმართა მოპასუხეს და განუმარტა, რომ ვინაიდან დარღვეულია მომსახურების გაწევის ვადა და მომსახურება ნაცვლად 2020 წლის 12 იანვრისა დასრულდა 2020 წლის 16 ივლისს, 186 კალენდარული დღის დაგვიანებით, ხელშეკრულების მე-11 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, ეკისრებოდა პირგასამტეხლო, დღეში - 50 ლარი.
5.7. მზღვეველმა არ უარყო, რომ კოვიდპანდემიასთან დაკავშირებული შეზღუდვების გამო, 51 - დღიანი ვადაგადაცილებით განახორციელა ნაკისრი ვალდებულებების შესრულება და დაზიანებული ავტომანქანის შეკეთების მიზნით სერვისცენტრთან ანგარიშსწორება, თუმცა იგი მიიჩნევს რომ მომდევნო (51 დღის შემდგომ) პერიოდზე ვადის გადაცილება არ უნდა შერაცხოდა ბრალად სადაზღვევო კომპანიას, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ დამზღვევის ფაქტობრივ მფლობელობაში დარჩენილი ავტომობილის სერვისცენტრამდე მიყვანის ვალდებულება ხელშეკრულების თანახმად (N1 დანართის, დაზღვევის პირობების, პირველი ნაწილის მე-3 მუხლის მე-6 პუნქტიდან გამომდინარე - თუ შემთხვევის შემდეგ სატრანსპორტო საშუალება გადაადგილდება და ამავდროულად გადაადგილება არ გამოიწვევს რაიმე სახის ზიანს, დაზღვეული მზღვეველთან შეთანხმებით უფლებამოსილია გააგრძელოს სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაცია, ხოლო თუ სატრანსპორტო საშუალება ვერ გადაადგილდება ან მისი გადაადგილება გამოიწვევს რაიმე სახის ზიანს, მზღვეველი ვალდებულია, უზრუნველყოს სატრანსპორტო საშუალების გადაყვანა სერვის-ცენტრში ან/და საჯარიმო სადგომზე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მზღვეველი უარს აცხადებს შემთხვევის აღიარებაზე/დადასტურებაზე) შემსყიდველს გააჩნდა.
5.8. სააპელაციო პალატის მითითებით, დავის ფარგლებში პირგასამტეხლოს თაობაზე წერილობითი შეთანხმების არსებობა სადავო გარემოებას არ წარმოადგენდა, რაც შეეხება სახელშეკრულებო ვალდებულების - ავტომობილის შეთანხმებულ სერვისცენტრში აღდგენის სამუშაოების 186 დღიანი ვადაგადაცილებით შესრულების ფაქტს, პალატამ მხარეთა მიერ მითითებულ სახელშეკრულებო დათქმათა ჭრილში (ხელშეკრულების N1 დანართის (დაზღვევის პირობების) მე-2 ნაწილის მე-2 მუხლის მე-12 პუნქტი, ამავე N1 დანართის (დაზღვევის პირობების) პირველი ნაწილის მე-3 მუხლის მე-6 პუნქტი) შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებები და მათი ურთიერთშეჯერების საფუძველზე დაასკვნა, რომ ექსპლუატაციაში მყოფი ავტომანქანის სერვის ცენტრში აღსადგენად მიყვანა წარმოადგენდა არა სადაზღვევო კომპანიის, არამედ - შემსყიდველის ნებაზე დამოკიდებულ ქმედებას. შესაბამისად, მართებული იყო მოწინააღმდეგე მხარის (მოპასუხის) პოზიცია, სადაზღვევო კომპანიის მხრიდან ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების 51 დღით ვადაგადაცილების თაობაზე. პალატამ აქვე განმარტა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377.1 მუხლის დანაწესი და აღნიშნა, რომ სააპელაციო სასამართლო შებოჭილია სააპელაციო საჩივარში ჩამოყალიბებული აპელანტის მოთხოვნის ფარგლებით, რაც იმას ნიშნავს, რომ საუარესოდ შებრუნება, ე.ი. გადაწყვეტილების გაუქმება ან შეცვლა იმ ნაწილში, რომელიც აპელანტს არ უთხოვია, ან ისეთნაირად, როგორიც მას არ წამოუყენებია - დაუშვებელია. საუარესოდ შებრუნების დაუშვებლობა (non reformatio in pejus) პირდაპირ გამომდინარეობს კანონის დანაწესიდან, რომლის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას მხოლოდ საჩივრის ფარგლებში და, რომ სასამართლო უფლებამოსილია შეცვალოს გადაწყვეტილება მხოლოდ იმ ფარგლებში, რასაც მხარეები მოითხოვენ (სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 384-ე მუხლი). არ არის გამორიცხული, გადაწყვეტილების შემოწმებისას სააპელაციო სასამართლო მივიდეს დასკვნამდე, რომ გადაწყვეტილება დაუსაბუთებელია იმ ნაწილში, რომელიც არაა გასაჩივრებული და რომელიც აპელანტის სასარგებლოდაა გამოტანილი, თუმცა მიუხედავად ამისა, სააპელაციო სასამართლო ვერ გააუქმებს და ვერ შეცვლის გადაწყვეტილებას, სწორედ საუარესოდ შებრუნების აკრძალვის პრინციპის გათვალისწინებით. შესაბამისად, იმ პირობებში, როდესაც, თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება გასაჩივრებულია მხოლოდ მოსარჩელის მიერ, აღნიშნული გადაწყვეტილებით კი, სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ და მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაკისრებული აქვს პირგასამტეხლო - 1000 ლარი, მოწინააღმდეგე მხარეს კი, გადაწყვეტილება არ გაუსაჩივრებია (სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 365-ე მუხლის თანახმად, პროცესუალურად მხარე მოკლებულია პირველი ინსტანციის გადაწყვეტილების გასაჩივრების შესაძლებლობას), სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 264-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ამ ნაწილში, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში და საუარესოდ შემობრუნების დაუშვებლობის პრინციპის გათვალისწინებით, პალატა ვერ იმსჯელებდა და ვერ შეცვლიდა სადავო ნაწილში პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებას.
5.9. სააპელაციო სასამართლომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლზე მითითებით აღნიშნა, რომ მოპასუხემ პირველი ინსტანციის სასამართლოში წარდგენილი შესაგებლით იმთავითვე და შემდგომ სააპელაციო შესაგებლით სადავოდ გახადა, როგორც პირგასამტეხლოს დაკისრების საფუძვლიანობა (51 დღის შემდგომ ვადაგადაცილებაზე) ასევე, დაკისრებული პირგასამტეხლოს (9300 ლარის) ოდენობა ზიანის ასანაზღაურებელ ოდენობასთან (770 ლართან) მიმართებით.
5.10. სააპელაციო პალატამ მოპასუხისათვის დაკისრებული პირგასამტეხლო - 50 ლარი ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე (ჯამურად - 9300 ლარი) მხარეთა სახელშეკრულებო თავისუფლების ფარგლებში დათქმული პირობის მიუხედავად არაგონივრულ ოდენობად მიიჩნია და აღნიშნა, რომ მოსარჩელის მიერ ხელშეკრულების პირობების დარღვევის ხასიათისა და ხარისხის გათვალისწინებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად შეამცირა იგი 1000 ლარამდე. პალატის მოსაზრებით, აღნიშნული თანხა სრულად უზრუნველყოფდა შესასრულებელი ვალდებულების დარღვევისათვის გონივრული, პროპორციული და სამართლიანი პირგასამტეხლოს ფუნქციის შესრულებას.
6. სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის სრულად დაკმაყოფილება, შემდეგი საფუძვლებით:
6.1. მხოლოდ ის გარემოება, რომ ავტომობილის შესაკეთებლად საჭირო თანხა გადაირიცხა შემკეთებელი სერვისცენტრის ანგარიშზე, არ წარმოადგენს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების ჯეროვნად შესრულებას, რადგან მოპასუხე ვალდებული იყო, მხარეთა შორის არსებული შეთანხმების თანახმად, დაეცვა ავტომობილის შეკეთებისათვის განსაზღვრული ვადა. მოპასუხემ დაზიანებული ავტომანქანა შეაკეთა 2020 წლის 12 იანვრის ნაცვლად 2020 წლის 16 ივლისს, შესაბამისად, ვადაგადაცილებული დღეების რაოდენობა 186 დღეა. ვინაიდან სწორედ მზღვეველის ვალდებულება იყო, ავტომობილის პირვანდელი მდგომარეობის აღდგენა და ამავდროულად, შეთანხმებით დადგენილი ვადების დაცვა, მასვე უნდა უზრუნველეყო ავტომობილის დადგენილი ვადის დაცვით სერვისცენტრში მიყვანა.
6.2. ამასთან, არ არსებობდა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს შემცირების საფუძველი. ამ მხრივ ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებს უნდა გაეთვალისწინებინათ, რომ ხელშეკრულების მხარეს წარმოადგენს მეწარმე სუბიექტი, რომელიც თავისუფალი და გაცნობიერებული ნების გამოვლენის საფუძველზე დათანხმდა პირგასამტეხლოს ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 50 ლარის ოდენობით. მეწარმე სუბიექტს, მისი სტატუსიდან გამომდინარე, ფიზიკური პირისგან განსხვავებული პასუხისმგებლობითა და სტანდარტით აკისრია ვალდებულების დარღვევის სამართლებრივ შედეგებზე პასუხისმგებლობა.
7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:
8. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
9. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.
10. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
11. იმ სამართლებრივი შედეგის გათვალისწინებით, რისი მიღწევას მოსარჩელეს, სურს, კერძოდ, პირგასამტეხლოს დაკისრების მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლი (პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის).
12. კასატორის პრეტენზია ეფუძნება იმ გარემოებას, რომ მოპასუხემ ვალდებულება შეასრულა არა 51 დღის, არამედ - 186 დღის ვადაგადაცილებით. ამასთან, ხელშეკრულებით განსაზღვრული და სარჩელით მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობა არ იყო შეუსაბამოდ მაღალი, შესაბამისად, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების მხრიდან მისი შემცირება, არამართლზომიერია.
13. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლით, პირგასამტეხლო – მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა – მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. პირგასამტეხლო პირობით ვალდებულებას წარმოადგენს. პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლების განხორციელება დამოკიდებულია გარკვეული პირობის დადგომაზე - მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევაზე (იხ:ირაკლი რობაქიძე, სახელშეკრულებო სამართალი /ზურაბ ძლიერიშვილი, გიორგი ცერცვაძე, ირაკლი რობაქიძე, გიორგი სვანაძე, ლაშა ცერცვაძე, ლევან ჯანაშია/ გამომცემლობა „მერიდიანი“, 2014წ., გვ. 590). პალატა მიუთითებს, რომ პირგასამტეხლოს ერთ-ერთ ფუნქცია განცდილი ზიანის მარტივად და სწრაფად ანაზღაურებაში მდგომარეობს. იგი ერთგვარ სანქციასაც წარმოადგენს. ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, სანქციად ქცეული პირგასამტეხლო ვალდებულ პირს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა კრედიტორმა ზიანი ამ დარღვევის შედეგად (იხ. ს.უ.ს.გ. Nას-1053-993-2015, 08.04.2016წ.; Nას-1158-1104-2014, 06.05.2015წ.). აღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე, პირგასამტეხლოს დაკისრების წინაპირობას წარმოადგენს ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარის მიერ ნაკისრი ვალდებულების დარღვევა.
14. განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ 2019 წლის 31 მაისს მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის დაიდო სახელმწიფო შესყიდვის შესახებ №419 ხელშეკრულება, რომლის საგანი იყო, მიმწოდებლის მიერ, შემსყიდველი ორგანიზაციის ბალანსზე არსებული სატრანსპორტო საშუალებების დაზღვევის მომსახურების გაწევა. ხელშეკრულების 11.5. მუხლის მიხედვით, 5 წლის წლოვანების სატრანსპორტო საშუალებების ტექნიკური მომსახურების (მათ შორის - წუნის გამოსწორების) ვადის გადაცილებისთვის, მიმწოდებელს ეკისრებოდა პირგასამტეხლოს გადახდა, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 50 ლარის ოდენობით. ხელშეკრულების თანახმად, თუ შემთხვევის შემდგომ, სატრანსპორტო საშუალება გადაადგილდება და ამავდროულად გადაადგილება არ გამოიწვევს რაიმე სახის ზიანს, დაზღვეული მზღვეველთან შეთანხმებით უფლებამოსილია, გააგრძელოს სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაცია, ხოლო თუ სატრანსპორტო საშუალება ვერ გადაადგილდება ან მისი გადაადგილება გამოიწვევს რაიმე სახის ზიანს, მზღვეველი ვალდებულია, უზრუნველყოს სატრანსპორტო საშუალების გადაყვანა სერვისცენტრში ან/და საჯარიმო სადგომზე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მზღვეველი უარს აცხადებს შემთხვევის აღიარებაზე/დადასტურებაზე.
15. უდავოა, რომ 2019 წლის 10 დეკემბერს დაზიანდა მოპასუხის ბალანსზე რიცხული ავტომანქანა („TOYOTA COROLLA“, სახ. ნომრით .......), შემთხვევა დარეგულირდა და ხელი მოეწერა დარეგულირების აქტს - 2019 წლის 23 დეკემბერს, ავტომანქანა სერვისცენტრში აღსადგენად მიყვანილი იქნა 2020 წლის 09 ივლისს, ხოლო აღდგენა დასრულდა 2020 წლის 16 ივლისს. დადგენილია, რომ დაზღვეული ავტომანქანა, მისი დაზიანების ხასიათიდან გამომდინარე, ვარგისი იყო ექსპლუატაციისათვის და მისი სერვისცენტრში აღსადგენად მიყვანა წარმოდგენდა არა სადაზღვევო კომპანიის ვალდებულებას, არამედ - შემსყიდველის ნებაზე დამოკიდებულ ქმედებას. საქმეში წარმოდგენილი საგადახდო დავალების თანახმად, მოპასუხემ დაზიანებული ავტომანქანის აღსადგენად საჭირო თანხა (770 ლარი) სერვისცენტრს 2020 წლის 05 მარტს გადაურიცხა. უდავოა, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალებულება მოპასუხემ 51 დღის ვადაგადაცილებით შეასრულა, რაც ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს დარიცხვის საფუძველია.
16. ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, ვინაიდან დაზიანებული დაზღვეული ავტომობილის სერვისცენტრში აღსადგენად მიყვანა წარმოდგენდა არა სადაზღვევო კომპანიის ვალდებულებას, არამედ - შემსყიდველის ნებაზე დამოკიდებულ ქმედებას; მოპასუხემ დაზიანებული ავტომანქანის აღსადგენად საჭირო თანხა (770 ლარი) სერვისცენტრს 2020 წლის 05 მარტს გადაურიცხა; მოსარჩელემ ავტომობილი სერვისცენტრში 2020 წლის 09 ივლისს მიიყვანა, ავტომანქანის აღდგენა კი, 2020 წლის 16 ივლისს დასრულდა, საკასაციო პალატა იზიარებს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას მასზე, რომ მოპასუხეს ბრალად მხოლოდ ვალდებულების შესრულების 51 დღით (2020 წლის 12 იანვრიდან 2020 წლის 05 მარტამდე) ვადაგადაცილება უნდა შეერაცხოს.
17. საკასაციო სასამართლომ მსგავსი კატეგორიის საქმეებზე არაერთხელ განმარტა, რომ პირგასამტეხლო, უპირველესად, კრედიტორის ინტერესების უზრუნველმყოფი საკანონმდებლო მექანიზმია, რომელიც კრედიტორის სახელშეკრულებო რისკებს ამცირებს, თუმცა იმისთვის, რომ თავიდან იქნეს აცილებული კრედიტორის მხრიდან ამ ინსტიტუტის ფარგლებში უფლების ბოროტად გამოყენება, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, შესაფასებელი და ამავდროულად დასაცავი ღირებულებაა სახელშეკრულებო წონასწორობა/ბალანსი, ერთი მხრივ, პირგასამტეხლოს, როგორც სახელშეკრულებო თავისუფლების გამოხატულებას და, მეორე მხრივ, მოვალის დაცვას, როგორც ამ თავისუფლების ლეგიტიმურ შეზღუდვას შორის. ამდენად, პირგასამტეხლოს იურიდიული ძალა მხოლოდ მაშინ აქვს, თუ ის, ამავდროულად, უზრუნველყოფს მოვალის გონივრული ფარგლებით დაცვას (ს.უ.ს.გ. Nას-1928-2018, 31.10.2019წ.). პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას ზიანის ანაზღაურება. პირგასამტეხლოს ოდენობაზე მსჯელობისას გასათვალისწინებელია მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა (ს.უ.ს.გ. Nას-1511-2018, 26.03.2019წ.; Nას-848-814-2016, 28.12.2016წ.).
სასამართლოს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის საფუძველზე, უფლება აქვს, შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო, რაც შეფასებითი კატეგორიაა და, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, საქმის გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად წყდება. მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული, მაგალითად, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან; პირგასამტეხლოს თანხის მნიშვნელოვანი გადაჭარბება ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეულ შესაძლო ზიანზე, ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა და სხვა (ს.უ.ს.გ. №ას-1511-2018, 26.03.2019წ.; ს.უ.ს.გ. №ას-535-2021, 29.10.2021წ.). პირგასამტეხლოს შემცირება არ გულისხმობს მის გაუქმებას. პირგასამტეხლოს შემცირების საფუძველია, ერთი მხრივ, ის რომ კრედიტორი პირგასამტეხლოს მიღებით არ გამდიდრდეს და მოვალეს არ დააწვეს მძიმე ტვირთად პირგასამტეხლოს გადახდა (შესაბამისად, პირგასამტეხლო არ იქცეს ერთგვარ სადამსჯელო ღონისძიებად), ხოლო მეორე მხრივ კი – პირგასამტეხლო იყოს ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი, საპირწონე და გონივრული. აღნიშნულში მოიაზრება სახელშეკრულებო თანასწორობისა და სამართლიანობის პრინციპის დაცვით პირგასამტეხლოს გონივრულ ოდენობამდე შემცირება (ს.უ.ს.გ. №ას-186-2021, 25.03.2021წ.; №ას-535-2021, 29.10.2021წ).
კონკრეტულ შემთხვევაში, საკასაციო პალატას ვალდებულების დარღვევის ხასიათიდან და მოცულობიდან გამომდინარე, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოთა მიერ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლით გათვალისწინებული დისკრეციის ფარგლებში განსაზღვრული პირგასამტეხლო სამართლიან და გონივრულ ოდენობად მიაჩნია, შესაბამისად, არ ვლინდება მისი მეტად გაზრდის ფაქტობრივსამართლებრივი წინამძღვარი.
18. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტების ფარგლებში, რაც სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის (სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლი), კასატორმა ვერ შეძლო დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიის წარმოდგენა, რითაც ვერ დაძლია გასაჩივრებული განჩინების ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება და ვერ შეძლო მისი გაბათილება სარწმუნო მტკიცებულებებით. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. ასეთ საფუძველზე ვერც კასატორი მიუთითებს.
19. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობები არ არსებობს, რაც მისი არსებითად განსახილველად დაუშვებლად ცნობის სამართლებრივი საფუძველია.
20. კასატორი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან სახელმწიფო ბაჟის შესახებ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი ნაწილის „უ“ ქვეპუნქტის საფუძველზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად.
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლეები: გიორგი მიქაუტაძე
ლაშა ქოჩიაშვილი
ამირან ძაბუნიძე