28 მაისი 2024 წელი
№ას-326-2024 თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ამირან ძაბუნიძე
თეა ძიმისტარაშვილი
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური
მოწინააღმდეგე მხარე - ს.ს. „ს.კ.ე.ჯ–ია“
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 20 დეკემბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება
დავის საგანი - პირგასამტეხლოს დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას, მოპასუხე - ს.ს. „ს.კ.ე.ჯ–ია“-ს მიმართ პირგასამტეხლოს - 56 300 ლარის დაკისრების შესახებ.
2. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 02 დეკემბრის გადაწყვეტილებით - სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ, პირგასამტეხლოს - 13 770 ლარის ანაზღაურება დაეკისრა.
4. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა მოსარჩელემ, მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 20 დეკემბრის განჩინებით - სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად. განჩინება დაეფუძნა შემდეგს:
5.1. 2019 წლის 28 ივნისს მოსარჩელესა (შემსყიდველი) და მოპასუხეს (მიმწოდებელს) შორის დაიდო სახელმწიფო შესყიდვის შესახებ №176 ხელშეკრულება, რომლის 2.1 პუნქტის თანახმად, ხელშეკრულების (შესყიდვის) ობიექტი იყო მიმწოდებლის მიერ შემსყიდველი ორგანიზაციის ბალანსზე არსებული სატრანსპორტო საშუალებების დაზღვევის (თანდართული დაზღვევის პირობების დანართი 1-ისა და სატრანსპორტო საშუალებების ჩამონათვლის - დანართი 2-ის შესაბამისად) მომსახურების გაწევა, ს.ს.ი.პ. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნებული სატენდერო დოკუმენტაციით, მიმწოდებლის სატენდერო წინადადებებითა და ტარიფებით.
5.2. ხელშეკრულების 2.6 პუნქტის თანახმად, ხელშეკრულება ძალაში იყო მისი გაფორმებიდან 2020 წლის 31 მარტის ჩათვლით. ხელშეკრულების 5.1 პუნქტის მიხედვით, მომსახურების გაწევის ადგილად განისაზღვრა საქართველოს მთელი ტერიტორია. ამავე ხელშეკრულების 5.2 პუნქტის შესაბამისად, სადაზღვევო პერიოდი მოიცავდა დროს - 2019 წლის 01 ივლისის 00:00 საათიდან 2019 წლის 31 დეკემბრის 24:00 საათამდე. ხელშეკრულების 6.1.1. პუნქტით, მიმწოდებელი ვალდებული იყო, სადაზღვევო მომსახურება გაეწია შემსყიდველი ორგანიზაციებისათვის კონსოლიდირებული ტენდერით განსაზღვრული პირობებითა და ფასით.
5.3. ხელშეკრულების 11.4 პუნქტის თანახმად, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების (მათ შორის - წუნის გამოსწორების) ვადის გადაცილებისთვის, მიმწოდებელს დაეკისრებოდა პირგასამტეხლოს გადახდა, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე - 100 ლარი. ხელშეკრულების 11.5 პუნქტის შესაბამისად, 5 წლის სატრანსპორტო საშუალებების ტექნიკური მომსახურების (მათ შორის - წუნის გამოსწორების) ვადის გადაცილებითვის, მიმწოდებელს დაეკისრებოდა პირგასამტეხლოს გადახდა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე - 50 ლარი.
5.4. ხელშეკრულების №1 დანართის დაზღვევის პირობების პირველი ნაწილით განისაზღვრა სადაზღვევო რისკები, მათ შორის - საგზაოსატრანსპორტო შემთხვევა და დაუდგენელი მიზეზით სატრანსპორტო საშუალების დაზიანება. ხელშეკრულების №1 დანართის დაზღვევის პირობების მე-2 ნაწილის 2.1. პუნქტის მიხედვით, სადაზღვევო შემთხვევის შედეგად სატრანსპორტო საშუალების ნაწილობრივი დაზიანების ან/და მისი ნაწილების დაკარგვის/დაზიანების შემთხვევაში, მზღვეველი ვალდებული იყო, უზრუნველეყო სატრანსპორტო საშუალების სადაზღვევო შემთხვევის დადგომამდე არსებულ მდგომარეობაში დაბრუნება.
5.5. ხელშეკრულების №1 დანართის დაზღვევის პირობების მე-2 ნაწილის 2.10 პუნქტის თანახმად, ავტომანქანის ან მისი ნაწილების შეკეთება/აღდგენის ვადა განისაზღვრა ზარალის დარეგულირების აქტის ხელმოწერიდან არაუგვიანეს 20 კალენდარული დღით, ხოლო დეფიციტური ნაწილების შემთხვევაში - არაუგვიანეს 45 კალენდარული დღით.
5.6. ხელშეკრულების №1 დანართის დაზღვევის პირობების მე-2 ნაწილის 2.12 პუნქტით, სადაზღვევო კომპანიამ იკისრა ვალდებულება, სერვისცენტრში სატრანსპორტო საშუალების შეკეთების ხარისხსა და ვადებზე, ვადების დარღვევის ან/და არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში, მოპასუხეს დაეკისრებოდა ხელშეკრულებით გათვალისწინებული საჯარიმო სანქციები.
5.7. 2019 წლის 13 დეკემბერს, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, დაზიანდა მოსარჩელის ბალანსზე რიცხული ავტოსატრანსპორტო საშუალება, რომლის რეკვიზიტებია: მარკა/მოდელი “TOYOTA PRADO”, სახელმწიფო ნომერი - “SS-....”, გამოშვების წელი - 2011. ზარალის რეგულირების აქტი მხარეთა შორის გაფორმდა 2019 წლის 31 დეკემბერს. ასანაზღაურებელი ზიანის თანხა განისაზღვრა 4050 ლარით. ავტოსატრანსპორტო საშუალებისთვის მიყენებული ზიანი მოპასუხემ აანაზღაურა 2020 წლის 6 აპრილს.
5.8. მოსარჩელის 2020 წლის 16 აპრილის მიმართვით, 2019 წლის 28 ივნისის ხელშეკრულების საფუძველზე დაზღვეული ავტოსატრანსპორტო საშუალების, რომლის მონაცემებია: მარკა/მოდელი “TOYOTA PRADO”, სახელმწიფო ნომერი - “....”, გამოშვების წელი - 2011, შეკეთება/აღდგენის ვადის 76 - დღიანი გადაცილებისთვის, მოპასუხეს ხელშეკრულების 11.4 პუნქტის შესაბამისად დაეკისრა პირგასამტეხლო - 7 600 ლარი (თითოეულ ვადაგადაცილებულ დღეზე - 100 ლარი).
5.9. 2019 წლის 26 დეკემბერს დაზიანდა მოსარჩელის ბალანსზე რიცხული ავტოსატრანსპორტო საშუალება, რომლის მონაცემებია: მარკა/მოდელი - “MITSUBISHI L 200”, სახელმწიფო ნომრით - “.....”, გამოშვების წელი - 2015. ამ ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე, ზარალის რეგულირების აქტი შედგა 2020 წლის 24 იანვარს. ზარალის ასანაზღაურებელი თანხის ოდენობა განისაზღვრა - 1 770 ლარით, რომლის ჩარიცხვა განხორციელდა 2020 წლის 06 მარტს, ავტოსატრანსპორტო საშუალების შეკეთება/აღდგენა კი - 2020 წლის 11 მარტს.
5.10. 2020 წლის 05 მაისის მიმართვით, 2019 წლის 28 ივნისის ხელშეკრულების საფუძველზე დაზღვეული ავტოსატრანსპორტო საშუალების, რომლის რეკვიზიტებია: მარკა/მოდელი - “MITSUBISHI L 200”, სახელმწიფო ნომრით - “........” გამოშვების წელი - 2015, შეკეთება/აღდგენის ვადის 27 - დღიანი გადაცილებისთვის, მოპასუხეს ხელშეკრულების 11.5 პუნქტის შესაბამისად დაეკისრა პირგასამტეხლო - 1 350 ლარი (თითოეულ ვადაგადაცილებულ დღეზე - 50 ლარი).
5.11. 2019 წლის 26 დეკემბერს დაზიანდა მოსარჩელის ბალანსზე რიცხული ავტოსატრანსპორტო საშუალება, რომლის მონაცემებია: მარკა/მოდელი - “TOYOTA LC 76”, სახელმწიფო ნომრით - “....”, გამოშვების წელი - 2011. ზარალის რეგულირების აქტი შედგა 2020 წლის 27 იანვარს, ასანაზღაურებელი ზიანის ოდენობა განისაზღვრა 3 375 ლარით, რომელიც ჩაირიცხა 2020 წლის 10 მარტს. ავტოსატრანსპორტო საშუალების შეკეთება/აღდგენა, ნაცვლად 2020 წლის 15 თებერვლისა, განხორციელდა 2020 წლის 21 მაისს.
5.12. მოსარჩელის 2020 წლის 28 ოქტომბრის მიმართვით, 2019 წლის 28 ივნისის ხელშეკრულების საფუძველზე დაზღვეული ავტოსატრანსპორტო საშუალების -მარკა/მოდელი - “TOYOTA LC 76”, სახელმწიფო ნორმით - “.......”, გამოშვების წელი - 2011, შეკეთება/აღდგენის ვადის 95 - დღიანი გადაცილებისთვის (2020 წლის 16 თებერვლიდან 2020 წლის 21 მაისის ჩათვლით) მოპასუხეს ხელშეკრულების 11.5 პუნქტის შესაბამისად დაეკისრა პირგასამტეხლო - 4 750 ლარი (თითოეულ დღეზე - 50 ლარი).
5.13. 2019 წლის 26 დეკემბერს დაზიანდა მოსარჩელის ბალანსზე რიცხული ავტოსატრანსპორტო საშუალება, მარკა/მოდელი -“TOYOTA HILUX”, სახელმწიფო ნომრით - “.......”, გამოშვების წელი - 2015. ზარალის რეგულირების აქტი შედგა 2020 წლის 27 იანვარს, ზიანის ასანაზღაურებელი ოდენობა განისაზღვრა 2 796 ლარით, რომელიც სერვისცენტრს ჩაერიცხა 2020 წლის 10 მარტს. ავტოსატრანსპორტო საშუალების შეკეთება/აღდგენა უნდა მომხდარიყო 2020 წლის 15 თებერვლის ჩათვლით, თუმცა განხორციელდა 2020 წლის 28 მაისს.
5.14. მოსარჩელის 2020 წლის 28 ოქტომბრის მიმართვით, 2019 წლის 28 ივნისის ხელშეკრულების საფუძველზე დაზღვეული ავტოსატრანსპორტო საშუალების - მარკა/მოდელი - “TOYOTA HILUX”, სახელმწიფო ნომრით - “.....”, გამოშვების წელი - 2015 წელი, შეკეთება/აღდგენის ვადის 102 - დღიანი გადაცილებისთვის (2020 წლის 16 თებერვლიდან 2020 წლის 28 მაისის ჩათვლით) მოპასუხეს ხელშეკრულების 11.4 პუნქტის შესაბამისად დაეკისრა პირგასამტეხლო - 10 200 ლარი (თითოეულ დღეზე - 100 ლარი).
5.15. 2019 წლის 11 ნოემბერს, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, დაზიანდა მოსარჩელის ბალანსზე რიცხული ავტოსატრანსპორტო საშუალება, რომლის რეკვიზიტებია: მარკა/მოდელი - “MITSUBISHI L 200”, სახელმწიფო ნომრით - “SS-........”, გამოშვების წელი - 2015. ზარალის რეგულირების აქტი შედგა 2020 წლის 10 იანვარს, ზიანის ასანაზღაურებელი ოდენობა განისაზღვრა 1 970 ლარით, რომელიც მოპასუხემ აანაზღაურა 2020 წლის 06 მარტს. ავტომანქანა 2020 წლის 11 მარტს ხელახლა დაზიანდა, რაზეც 2020 წლის 1-ელ მაისს გაფორმდა ზარალის რეგულირების აქტი და ზიანის ასანაზღაურებელი ოდენობა განისაზღვრა 4 618 ლარით. მოპასუხემ შესაბამისი ავტოსატრანსპორტო საშუალების შეკეთება/აღდგენა უზრუნველყო 2020 წლის 11 ივლისს.
5.16. მოსარჩელის 2020 წლის 28 ოქტომბრის მიმართვით, 2019 წლის 28 ივნისის ხელშეკრულების საფუძველზე დაზღვეული ავტოსატრანსპორტო საშუალების, რომლის მონაცემებია: მარკა/მოდელი - “MITSUBISHI L 200”, სახელმწიფო ნომრით - “.....”, გამოშვების წელი - 2015, შეკეთება/აღდგენის ვადის გადაცილებისთვის, მოპასუხეს ხელშეკრულების 11.4 პუნქტის შესაბამისად 2020 წლის 30 იანვრიდან 2020 წლის 11 ივლისის ჩათვლით დაეკისრა პირგასამტეხლო - 16 300 ლარი, ხოლო 2020 წლის 01 მაისიდან 2020 წლის 11 ივლისის ჩათვლით პერიოდზე - 5 100 ლარი, ჯამურად - 21 400 ლარი (თითოეულ ვადაგადაცილებულ დღეზე - 100 ლარი).
5.17. 2019 წლის 13 ნოემბერს, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, დაზიანდა მოსარჩელის ბალანსზე რიცხული ავტოსატრანსპორტო საშუალება, მარკა/მოდელი - “MITSUBISHI L 200”, სახელმწიფო ნომრით - “.......”, გამოშვების წელი 2015. ზარალის რეგულირების აქტი შედგა 2020 წლის 14 იანვარს, ასანაზღაურებელი ზიანის ოდენობა განისაზღვრა 5 150 ლარით, რომლის ჩარიცხვა სერვისცენტრისთვის განხორციელდა 2020 წლის 05 მარტს. ავტოსატრანსპორტო საშუალების შეკეთება/აღდგენა ნაცვლად 2020 წლის 03 თებერვლისა, განხორციელდა 2020 წლის 20 ივნისს.
5.18. მოსარჩელის 2020 წლის 28 ოქტომბრის მიმართვით, 2019 წლის 28 ივნისის ხელშეკრულების საფუძველზე დაზღვეული ავტოსატრანსპორტო საშუალების - მარკა/მოდელი - “MITSUBISHI L 200”, სახელმწიფო ნომრით - “......”, გამოშვების წელი - 2015, შეკეთება/აღდგენის ვადის 138 - დღიანი გადაცილებისთვის (2020 წლის 03 თებერვლიდან 2020 წლის 20 ივნისის ჩათვლით) მოპასუხეს ხელშეკრულების 11.5 პუნქტის შესაბამისად დაეკისრა პირგასამტეხლო - 6900 ლარი, თითოეულ ვადაგადაცილებულ დღეზე - 50 ლარი.
5.19. 2019 წლის 23 ნოემბერს მომხადარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, დაზიანდა მოსარჩელის ბალანსზე რიცხული ავტოსატრანსპორტო საშუალება, მარკა/მოდელი - “MITSUBISHI L 200”, სახელმწიფო ნომრით - “......”, გამოშვების წელი - 2015. ზარალის რეგულირების აქტი შედგა 2020 წლის 27 ოქტომბერს, ასანაზღაურებელი ზიანის ოდენობა განისაზღვრა 7 396.18 ლარით, რომლის ჩარიცხვა სერვისცენტრისთვის განხორციელდა 2020 წლის 10 ნოემბერს, დამატებით ასანაზღაურებელი თანხის - 2021 წლის 05 იანვარს. ავტოსატრანსპორტო საშუალების შეკეთება/აღდგენა უნდა მომხდარიყო 2020 წლის 16 ნოემბრამდე, თუმცა განხორციელდა 2021 წლის 05 თებერვალს.
5.20. მოსარჩელის 2021 წლის 22 თებერვლის მიმართვით, 2019 წლის 28 ივნისის ხელშეკრულების საფუძველზე დაზღვეული ავტოსატრანსპორტო საშუალების - მარკა/მოდელი - “MITSUBISHI L 200”, სახელმწიფო ნომრით - “......”, გამოშვების წელი - 2015, შეკეთება/აღდგენის ვადის 82 - დღიანი გადაცილებისთვის (2020 წლის 16 ნოემბრიდან 2021 წლის 05 თებერვლის ჩათვლით) მოპასუხეს ხელშეკრულების 11.5 პუნქტის შესაბამისად დაეკისრა პირგასამტეხლო - 4 100 ლარი (თითოეულ დღეზე - 50 ლარი).
5.21. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, მოპასუხემ დაარღვია მოსარჩელის ბალანსზე რიცხული ავტოსატრანსპორტო საშუალებების (სახელმწიფო ნომრები - “.....”; “.......”; “.......”; “.......”; “.....”; “......”; “.....”) ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადის დაცვით შეკეთება/აღდგენის შესახებ 2019 წლის 28 ივნისის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება, რამაც ხელშეკრულების 11.4 და 11.5 პუნქტებით განსაზღვრული პირგასამტეხლოს დაკისრება განაპირობა.
5.22. სააპელაციო პალატამ გაითვალისწინა რა საქმის კონკრეტული გარემოებები, შესრულების ღირებულება, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან, ამასთან, პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციის, მოპასუხის მიერ ხელშეკრულების პირობების დარღვევის ხასიათის, ხარისხისა და ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობის გათვალისწინებით, მიიჩნია, რომ დაანგარიშებული პირგასამტეხლო, როგორც შეუსაბამოდ მაღალი, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის საფუძველზე, 13 770 ლარამდე მართებულად შემცირდა.
6. სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის სრულად დაკმაყოფილება. კასატორის მტკიცებით, არ ვლინდებოდა ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს შემცირების საფუძველი. პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება უნდა მიექცეს პირგასამტეხლოს ფუნქციას, დარღვევის სიმძიმეს, მოცულობასა და ვალდებულების დამრღვევის ბრალეულობას. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის დანიშნულება სუსტი მხარის ინტერესების დაცვაა, რომელიც ხელშეკრულებაზე ხელმოწერისას ვერ აცნობიერებს პირგასამტეხლოს შინაარსსა და ეკონომიკურ შედეგებს. გასათვალისწინებელი იყო, რომ კონკრეტულ შემთხვევაში, ხელშეკრულების მხარეს წარმოადგენს მეწარმე სუბიექტი, რომელიც თავისუფალი და გაცნობიერებული ნების გამოვლენის საფუძველზე დათანხმდა ხელშეკრულებით განსაზღვრული პირგასამტეხლოს ოდენობას. მეწარმე სუბიექტს, მისი სტატუსიდან გამომდინარე, ფიზიკური პირისგან განსხვავებული პასუხისმგებლობითა და სტანდარტით აკისრია ვალდებულების დარღვევის სამართლებრივ შედეგებზე პასუხისმგებლობა.
7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ საკასაციო საჩივარი მიღებული იქნა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:
8. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
9. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.
10. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
11. იმ სამართლებრივი შედეგის გათვალისწინებით, რისი მიღწევას მოსარჩელეს, სურს, კერძოდ, პირგასამტეხლოს დაკისრების მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლი (პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის).
12. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლით, პირგასამტეხლო – მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა – მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. პირგასამტეხლო პირობით ვალდებულებას წარმოადგენს. პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლების განხორციელება დამოკიდებულია გარკვეული პირობის დადგომაზე - მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევაზე (იხ:ირაკლი რობაქიძე, სახელშეკრულებო სამართალი /ზურაბ ძლიერიშვილი, გიორგი ცერცვაძე, ირაკლი რობაქიძე, გიორგი სვანაძე, ლაშა ცერცვაძე, ლევან ჯანაშია/ გამომცემლობა „მერიდიანი“, 2014წ., გვ. 590). პალატა მიუთითებს, რომ პირგასამტეხლოს ერთ-ერთ ფუნქცია განცდილი ზიანის მარტივად და სწრაფად ანაზღაურებაა. იგი ერთგვარ სანქციასაც წარმოადგენს. ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, სანქციად ქცეული პირგასამტეხლო ვალდებულ პირს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა კრედიტორმა ზიანი ამ დარღვევის შედეგად (იხ. ს.უ.ს.გ. Nას-1053-993-2015, 08.04.2016წ.; Nას-1158-1104-2014, 06.05.2015წ.). აღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე, პირგასამტეხლოს დაკისრების წინაპირობას წარმოადგენს ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარის მიერ ნაკისრი ვალდებულების დარღვევა.
13. განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის 2019 წლის 28 ივნისს დაიდო სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე, მიმწოდებელს უნდა გაეწია შემსყიდველი ორგანიზაციის ბალანსზე არსებული სატრანსპორტო საშუალებების დაზღვევის მომსახურება, სადაზღვევო კომპანიამ იკისრა ასევე ვალდებულება, სერვისცენტრში სატრანსპორტო საშუალების შეკეთების ხარისხსა და ვადებზე, ვადების დარღვევის ან/და არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში, მოპასუხეს დაეკისრებოდა ხელშეკრულებით გათვალისწინებული საჯარიმო სანქციები.
ხელშეკრულების 11.4 პუნქტის მიხედვით, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების ვადის გადაცილებისთვის, მიმწოდებელს ეკისრებოდა პირგასამტეხლო, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე - 100 ლარი. 11.5 პუნქტით კი, 5 წლის სატრანსპორტო საშუალებების ტექნიკური მომსახურების ვადის გადაცილებისთვის, გათვალისწინებული იქნა მიმწოდებლისათვის ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, პირგასამტეხლოს - 50 ლარის დაკისრება. ხელშეკრულების №1 დანართით ავტომანქანის ან მისი ნაწილების შეკეთება/აღდგენის ვადა განისაზღვრა ზარალის დარეგულირების აქტის ხელმოწერიდან არაუგვიანეს 20 კალენდარული დღით, ხოლო დეფიციტური ნაწილების შემთხვევაში - არაუგვიანეს 45 კალენდარული დღით. ამავე დანართის თანახმად, სადაზღვევო კომპანიამ იკისრა ვალდებულება სერვისცენტრში სატრანსპორტო საშუალების შეკეთების ხარისხსა და ვადებზე. ვადების დარღვევის ან/და არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში, სადაზღვევო კომპანიას ეკისრებოდა ხელშეკრულებით გათვალისწინებული საჯარიმო სანქციები.
უდავოა, რომ 2019 წლის ნოემბერსა და დეკემბერში (2019 წლის 11 ნოემბერს, 2019 წლის 13 ნოემბერს, 2019 წლის 23 ნოემბერს, 2019 წლის 13 დეკემბერსა და 2019 წლის 26 დეკემბერს) დაზიანდა მოსარჩელის ბალანსზე რიცხული ავტოსატრანსპორტო საშუალებები (სახელმწიფო ნომრებით: ,,......’’; ,,.....’’; ,,.....’’; ,,.....’’; ,,.....’’; ,,.......’’; ,,....’’), რომელთა თაობაზე მხარეებმა ხელი მოაწერეს ზარალის დარეგულირების აქტებს და განსაზღვრეს თითოეული დაზღვეული ავტომანქანისათვის მიყენებული ზიანის ასანაზღაურებელი თანხები.
14. გასაჩივრებული განჩინებით დადგენილია, რომ მოპასუხემ დაარღვია ნაკისრი ვალდებულება, კერძოდ, ხელშეკრულებით განსაზღვრული ვადის დაცვით არ განხორციელდა დაზღვეული ავტომანქანების შეკეთება/აღდგენა, რაც ხელშეკრულების 11.4 და 11.5 პუნქტებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს დარიცხვის საფუძველია. პირგასამტეხლოს არაგონივრულობაზე მოპასუხის შედავების პირობებში, სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლით მინიჭებული დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა მოპასუხეს დააკისრეს გონივრულ ოდენობამდე შემცირებული პირგასამტეხლოს გადახდა. კასატორის პრეტენზია ისაა, რომ ხელშეკრულებით განსაზღვრული და სარჩელით მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობა არ იყო შეუსაბამოდ მაღალი, შესაბამისად, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების მხრიდან მისი შემცირება, არამართლზომიერია.
15. საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის აღნიშნულ პრეტენზიას შემდეგ გარემოებათა გამო:
15.1. საკასაციო სასამართლომ მსგავსი კატეგორიის საქმეებზე არაერთხელ განმარტა, რომ პირგასამტეხლო, უპირველესად, კრედიტორის ინტერესების უზრუნველმყოფი საკანონმდებლო მექანიზმია, რომელიც კრედიტორის სახელშეკრულებო რისკებს ამცირებს, თუმცა იმისთვის, რომ თავიდან იქნეს აცილებული კრედიტორის მხრიდან ამ ინსტიტუტის ფარგლებში უფლების ბოროტად გამოყენება, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, შესაფასებელი და, ამავდროულად, დასაცავი ღირებულებაა სახელშეკრულებო წონასწორობა/ბალანსი, ერთი მხრივ, პირგასამტეხლოს, როგორც სახელშეკრულებო თავისუფლების გამოხატულებას და, მეორე მხრივ, მოვალის დაცვას, როგორც ამ თავისუფლების ლეგიტიმურ შეზღუდვას შორის. ამდენად, პირგასამტეხლოს იურიდიული ძალა მხოლოდ მაშინ აქვს, თუ ის, ამავდროულად, უზრუნველყოფს მოვალის გონივრული ფარგლებით დაცვას (ს.უ.ს.გ. Nას-1928-2018, 31.10.2019წ.). პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას ზიანის ანაზღაურება. პირგასამტეხლოს ოდენობაზე მსჯელობისას გასათვალისწინებელია მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა (ს.უ.ს.გ. Nას-1511-2018, 26.03.2019წ.; Nას-848-814-2016, 28.12.2016წ.).
15.2. სასამართლოს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის საფუძველზე, უფლება აქვს, შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო, რაც შეფასებითი კატეგორიაა და, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, საქმის გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად წყდება. მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული, მაგალითად, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან; პირგასამტეხლოს თანხის მნიშვნელოვანი გადაჭარბება ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეულ შესაძლო ზიანზე, ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა და სხვა (ს.უ.ს.გ. №ას-1511-2018, 26.03.2019წ.; ს.უ.ს.გ. №ას-535-2021, 29.10.2021წ.). პირგასამტეხლოს შემცირება არ გულისხმობს მის გაუქმებას. პირგასამტეხლოს შემცირების საფუძველია, ერთი მხრივ, ის რომ კრედიტორი პირგასამტეხლოს მიღებით არ გამდიდრდეს და მოვალეს არ დააწვეს მძიმე ტვირთად პირგასამტეხლოს გადახდა (შესაბამისად, პირგასამტეხლო არ იქცეს ერთგვარ სადამსჯელო ღონისძიებად), ხოლო მეორე მხრივ კი – პირგასამტეხლო იყოს ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი, საპირწონე და გონივრული. აღნიშნულში მოიაზრება სახელშეკრულებო თანასწორობისა და სამართლიანობის პრინციპის დაცვით პირგასამტეხლოს გონივრულ ოდენობამდე შემცირება (ს.უ.ს.გ. №ას-186-2021, 25.03.2021წ.; №ას-535-2021, 29.10.2021წ).
15.3. კვალიფიციური შედავების გარეშე შეუძლებელია, დადგინდეს რამდენად არაგონივრული, შეუსაბამოა პირგასამტეხლოს ოდენობა სახელშეკრულებო ინტერესის ხელყოფის მასშტაბთან. ამდენად, როგორც ვალდებულების დარღვევის მნიშვნელობა, სახელშეკრულებო ინტერესის შინაარსისა და ფარგლების განმარტება და დადგენილ პირგასამტეხლოს ოდენობასთან მისი ადეკვატურობა (კრედიტორის მტკიცების ტვირთი), ისე ვალდებულების დარღვევის ხარისხის შეუსაბამობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან (მოვალის მტკიცების ტვირთი), არის უმნიშვნელოვანესი შეფასებითი კატეგორიები, რომელზეც თავად მხარეებმა უნდა შეუქმნან მოსამართლეს დასაბუთებული წარმოდგენა და მიანიჭონ მას მხარეთა ნების განმარტების შესაძლებლობა (ნ. ჩიტაშვილი. პირგასამტეხლოსა და ზიანის მოთხოვნათა სახელშეკრულებო ინტერესის უზრუნველმყოფი ფუნქცია. შედარებითი სამართლის ჟურნალი 2/2020, გვ.17; ასევე იხ.: ს.უ.ს.გ. №ას-827-2021, 03.12.2021წ.). ამდენად, რადგან მოვალეს ენიჭება პირგასამტეხლოს ოდენობის კვალიფიციური შეცილების უფლება, ხოლო სასამართლოს მისი შემცირების უფლებამოსილება - მნიშვნელოვანია კრედიტორის ვალდებულების დარღვევის ნაწილში წარმოდგენილი შეფასება დარღვევის მნიშვნელობასთან, ხანგრძლივობასა და დარღვეულ სახელშეკრულებო ინტერესთან მიმართებით, რაც კრედიტორს მისცემს კვალიფიციურ შესაძლებლობას, შეამციროს სასამართლოს მიერ პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირების პერსპექტივა. სასამართლოს ხელშეკრულების განმარტების პროცესში სახელმძღვანელოდ ექნება არა მხოლოდ პირგასამტეხლოს ოდენობის არაგონივრულობის შესახებ მოვალის კვალიფიციური შეცილება, არამედ კრედიტორის პერსპექტივიდან წარმოჩენილი მისივე სახელშეკრულებო ინტერესის რღვევის ხარისხი (ნ. ჩიტაშვილი. პირგასამტეხლოსა და ზიანის მოთხოვნათა სახელშეკრულებო ინტერესის უზრუნველმყოფი ფუნქცია. შედარებითი სამართლის ჟურნალი 2/2020, გვ.17).
15.4. პირგასამტეხლოს შემცირების საფუძველია, ერთი მხრივ ის, რომ კრედიტორი პირგასამტეხლოს მიღებით არ გამდიდრდეს და მოვალეს არ დააწვეს მძიმე ტვირთად პირგასამტეხლოს გადახდა (შესაბამისად, პირგასამტეხლო არ იქცეს ერთგვარ სადამსჯელო ღონისძიებად), ხოლო მეორე მხრივ კი – პირგასამტეხლო იყოს ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი, საპირწონე და გონივრული. აღნიშნულში მოიაზრება სახელშეკრულებო თანასწორობისა და სამართლიანობის პრინციპის დაცვით პირგასამტეხლოს გონივრულ ოდენობამდე შემცირება (ს.უ.ს.გ. №ას-186-2021, 25.03.2021წ.; სუსგ №ას-535-2021, 29.10.2021წ).
15.5. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს პირგასამტეხლოს გონივრული ოდენობის თაობაზე ქვემდგომი სასამართლოების მსჯელობას და მიაჩნია, რომ კრედიტორისა და მოვალის მტკიცების ფარგლების, არაჯეროვანი შესრულებისა და შესრულებული სამუშაოს მთლიანი მოცულობის თანაფარდობის, მოპასუხის მიერ სახელშეკრულებო ვალდებულებებისადმი დამოკიდებულებისა და ვალდებულების არაჯეროვნად შესრულებით გამოწვეული სამართლებრივი შედეგების გათვალისწინებით, ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლით გათვალისწინებული დისკრეციის ფარგლებში განსაზღვრული პირგასამტეხლოს ოდენობა, ჯამურად - 13 770 ლარი, სამართლიანი და გონივრულია, რის გამოც არ ვლინდება მისი მეტად გაზრდის ფაქტობრივსამართლებრივი წინამძღვარი.
16. ამასთან, მიუხედავად იმისა, რომ პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება ზიანის მიყენების ფაქტის მტკიცებისაგან დამოუკიდებელია, საკასაციო პალატა ითვალისწინებს იმ გარემოებასაც, რომ ვალდებულების შეუსრულებლობით დამდგარი ზიანის არსებობა, განსახილველ შემთხვევაში, არ გამოვლენილა.
17. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. „ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ“, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
18. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტების ფარგლებში, რაც სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის (სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლი), კასატორმა ვერ შეძლო დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიის წარმოდგენა, რითაც ვერ დაძლია გასაჩივრებული განჩინების ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება და ვერ შეძლო მისი გაბათილება სარწმუნო მტკიცებულებებით. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. ასეთ საფუძველზე ვერც კასატორი მიუთითებს.
19. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობები არ არსებობს, რაც მისი არსებითად განსახილველად დაუშვებლად ცნობის სამართლებრივი საფუძველია.
20. კასატორი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან სახელმწიფო ბაჟის შესახებ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი ნაწილის „უ“ ქვეპუნქტის საფუძველზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად.
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი
ამირან ძაბუნიძე
თეა ძიმისტარაშვილი