Facebook Twitter

ბს-1001-965(კ-08) 20 ნოემბერი, 2008 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: მარიამ ცისკაძე

ნინო ქადაგიძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თელავის რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექცია) საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 18 ივნისის განჩინების გაუქმების თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2005 წლის 13 ივლისს გ. ჯ-ემ სარჩელი აღძრა თელავის რაიონულ სასამართლოში მოპასუხე თელავის საგადასახადო ინსპექციის მიმართ და მოითხოვა საგადასახადო სამართალდარღვევის შესახებ თელავის საგადასახადო ინსპექციის 2005 წლის 8 ივლისის ¹0159 ოქმის ბათილად ცნობა. მოსარჩელემ აღნიშნა, რომ 2005 წლის 22 მარტს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსგან მიიღო ტოტალიზატორის გახსნის ნებართვა, ხოლო ზემოხსენებული, კანონმდებლობის დარღვევით შედგენილი ოქმით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 133-ე მუხლის მე-5 ნაწილის მიხედვით, დააჯარიმეს 1000 ლარით გადასახადის გადახდის ნიშნისა და დალუქვის გარეშე ობიექტის ფუნქციონირების გამო, რის გამოც იგი ბათილად უნდა ყოფილიყო ცნობილი. სათამაშო ბიზნესის გადასახადის შემოღება იყო ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს _ ქ. საგარეჯოს საკრებულოს პრეროგატივა, რომელსაც იგი არ შემოუღია. ამდენად, მოსარჩელე ვერ გადაიხდიდა იმ გადასახადს, რომელიც არ იყო შემოღებული და გადახდის დამადასტურებელ ნიშანსაც ვერ აიღებდა. მოსარჩელის ობიექტს გააჩნდა მხოლოდ ერთი სალარო და მისი დალუქვა შეუძლებელი იყო, რადგან დალუქვას ექვემდებარებოდა გამოუყენებელი სალაროები.

თელავის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 15 აგვისტოს გადაწყვეტილებით გ. ჯ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო.

თელავის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 15 აგვისტოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა გ. ჯ-ემ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 10 იანვრის სხდომაზე აპელანტის (მოსარჩელის) წარმომადგენელმა მოითხოვა ასევე საგადასახადო სამართალდარღვევის შესახებ თელავის საგადასახადო ინსპექციის 2005 წლის 22 აგვისტოს ¹0426 ოქმის ბათილად ცნობა, რომლითაც გ. ჯ-ე დაჯარიმდა 1000 ლარით.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 10 იანვრის განჩინებით გ. ჯ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა თელავის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 15 აგვისტოს გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 10 იანვრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა გ. ჯ-ემ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლა და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2006 წლის 11 სექტემბრის განჩინებით გ. ჯ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დაუშვებლად.

თელავის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 20 ოქტომბრის საოქმო განჩინებით მოსარჩელის წარმომადგენელს უარი ეთქვა საქმის არსებითი განხილვის დროს სასარჩელო მოთხოვნის გაზრდაზე.

თელავის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 20 ოქტომბრის გადაწყვეტილებით გ. ჯ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი საგადასახადო სამართალდარღვევის შესახებ თელავის საგადასახადო ინსპექციის 2005 წლის 8 ივლისის ¹0159 ოქმი.

საქალაქო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 2005 წლის 8 ივლისისათვის ქ. საგარეჯოს საკრებულოს, ამავე საკრებულოს (საქმეში არსებული) წერილის მიხედვით, არ ჰქონდა შემოღებული სათამაშო ბიზნესის გადასახადი, როგორც ადგილობრივი გადასახადი, ხოლო ი/მ “გ. ჯ-ის” ობიექტი მუშაობდა გადასახადის ნიშნების გარეშე, რადგან მოსარჩელე ვერ გადაიხდიდა იმ გადასახადს, რომელიც არ იყო შემოღებული.

თელავის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 20 ოქტომბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა თელავის საგადასახადო ინსპექციამ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 18 ივნისის განჩინებით თელავის საგადასახადო ინსპექციის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თელავის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 20 ოქტომბრის გადაწყვეტილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 18 ივნისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა თელავის საგადასახადო ინსპექციამ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა იმ საფუძვლით, რომ არასწორია სააპელაციო სასამართლოს მოტივაცია, რადგან ის გარემოება, რომ ქ. საგარეჯოს საკრებულოს მიერ შემოღებული არ იყო სათამაშო ბიზნესის გადასახადი, მოსარჩელე გ. ჯ-ეს არ აძლევდა იმის უფლებას, რომ ტოტალიზატორი ემუშავებინა გადასახადის გადახდის ნიშნის (ნებართვის) გარეშე და იგი ვალდებული იყო მიემართა საგადასახადო ორგანოსთვის გადასახადის გადახდის ნიშნის გაცემის მოთხოვნით, წინააღმდეგ შემთხვევაში კი _ შეეჩერებინა საქმიანობა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2008 წლის 3 ოქტომბრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თელავის რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექცია) საკასაციო საჩივარი; მხარეებს მიეცათ უფლება, 2008 წლის 3 ოქტომბრის განჩინების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში წარმოედგინათ მოსაზრება, თუ რამდენად იყო დასაშვები განსახილველად საკასაციო საჩივარი საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით; საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დასაშვებობის შემოწმება განისაზღვრა 2008 წლის 20 ნოემბრამდე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თელავის რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექცია) საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, როგორიცაა: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით და არსებობს ვარაუდი, რომ მას შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ამ კატეგორიის დავებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებულ პრაქტიკას.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თელავის რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექცია) საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 18 ივნისის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.