28 მარტი 2024 წელი
№ას-869-2023 თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ამირან ძაბუნიძე
თეა ძიმისტარაშვილი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
I კასატორი _ შ.პ.ს. „ი.ჯ–ი“
მოწინააღმდეგე მხარე _ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - სპეციალური პენიტენციური სამსახური
II კასატორი _ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - სპეციალური პენიტენციური სამსახური
მოწინააღმდეგე მხარე _ შ.პ.ს. „ი.ჯ–ი“
გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 02 თებერვლის გადაწყვეტილება
I კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის სრულად დაკმაყოფილება
II კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი _ პირგასამტეხლოს გაუქმება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. შ.პ.ს. „ი.ჯ–მა“ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას, მოპასუხე - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიმართ და მოითხოვა მოპასუხის მიერ მოსარჩელეზე დაკისრებული პირგასამტეხლოს გაუქმება, რაც ჯამში 65 769.74 ლარს შეადგენს.
2. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 22 სექტემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა. გაუქმდა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის 2021 წლის 30 მარტის #74055/01 და #74049/01 წერილით მოსარჩელისათვის დაკისრებული პირგასამტეხლო - ჯამში 65 769.74 ლარი.
4. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა მოპასუხემ, მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 02 თებერვლის გადაწყვეტილებით, სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 22 სექტემბრის გადაწყვეტილების შეცვლით სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება. სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის 2021 წლის 30 მარტის #74049/01 და #74055/01 წერილებით მოსარჩელისათვის დაკისრებული პირგასამტეხლო, ჯამში 65 769.74 ლარი, გაუქმდა 62 769.74 ლარის ნაწილში. გადაწყვეტილება დაეფუძნა შემდეგ ფაქტობრივ-სამართლებრივ საფუძვლებს:
5.1. 2019 წლის 27 ნოემბერს მოსარჩელეს, როგორც მიმწოდებელს და მოპასუხეს, როგორც შემსყიდველს შორის დაიდო სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება #11/66.
5.2. ხელშეკრულების საგანს წარმოადგენდა სპეციალური პენიტენციური სამსახურის პენიტენციურ დაწესებულებებში მოთავსებულ ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა, პენიტენციური დეპარტამენტის ესკორტირებისა და სპეციალურ ღონისძიებათა მთავარი სამმართველოს მოსამსახურეთა, პენიტენციური დეპარტამენტის გარე დაცვისა და ინფორმაციულტექნიკური უსაფრთხოების მთავარი სამმართველოს სავალდებულო სამხედრო მომსახურეთა და პენიტენციური დაწესებულებების მოსამსახურეთა კვებითი მომსახურების შესყიდვა წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად.
ხელშეკრულების 5.1 პუნქტის თანახმად, ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურება უწყვეტად უნდა განხორციელებულიყო ყოველდღიურად, 2019 წლის 01 დეკემბრიდან 2022 წლის 21 დეკემბრის ჩათვლით.
ხელშეკრულების 3.7 პუნქტის მიხედვით, ხელშეკრულების საერთო სავარაუდო ღირებულება შეადგენდა 73 077 497.50 ლარს.
5.3. ხელშეკრულების 4.1-4.2 პუნქტების თანახმად, მიმწოდებელმა აიღო პასუხისმგებლობა, რომ შესყიდვის ობიექტის (მომსახურების) და მის მიერ მიწოდებული ყველა პროდუქტის ხარისხი უპასუხებდა ხელშეკრულების პირობებს და დააკმაყოფილებდა საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებს. მიმწოდებელი ვალდებული იყო, კვებითი მომსახურების გაწევისას გამოეყენებინა მაღალი ხარისხის საკვები პროდუქტი, ხოლო წარმოებული პროდუქციის უვნებლობა და ხარისხი შესაბამისობაში უნდა ყოფილიყო როგორც საქართველოში მოქმედი კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებთან და მოქმედ სტანდარტებთან, ისე დანართი #1-ით გათვალისწინებული ტექნიკურ და ხარისხობრივ მაჩვენებლებთან.
5.4. ხელშეკრულების 8.1.4 პუნქტის შესაბამისად, მიმწოდებელი ვალდებული იყო უზრუნველეყო ბრალდებულის/მსჯავრდებულის კვება სამოქალაქო სექტორის საავადმყოფოში ან/და სასამართლოში გადაყვანისას, რაც უნდა განეხორციელებინა საკვების ტრანსპორტირებისათვის განკუთვნილი საჭირო ტემპერატურული რეჟიმის დაცვისა და საკვების საგემოვნო თვისებების შენარჩუნების ფუნქციის მქონე სპეციალური კონტეინერებით.
5.5. ხელშეკრულების 8.1.11 პუნქტის თანახმად, მიმწოდებელი ვალდებული იყო უზრუნველეყო მომსახურების გაწევა ამისთვის საჭირო რაოდენობის აუცილებელი წვრილმანი ინვენტარით (დანები, კოვზები, ჩამჩები, ჯამები, პატარა ქვაბები და პენიტენციურ დაწესებულებები ნებადართული ინვენტარი), გაფრთხილებოდა მიღება-ჩაბარების აქტით გადაცემულ უძრავ-მოძრავ ქონებას, დაეცვა ინვენტარის სწორი ექსპლუატაციის და უსაფრთხო მოპყრობის წესები. არ გამოეყენებინა მოძველებული, გაცვეთილი, დაზიანებული ან სხვა რაიმე არსებითი მიზეზის გამო უხარისხო ინვენტარი.
5.6. ხელშეკრულების 9.1 პუნქტის მიხედვით, მხარეთა მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობა გამოიწვევდა პასუხისმგებლობას თითოეული დარღვევისათვის ცალ-ცალკე, წინამდებარე ხელშეკრულებით და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
ამავე ხელშეკრულების 9.13 პუნქტის შესაბამისად, იმ შემთხვევაში, თუ მიმწოდებლის მიერ არ შესრულდებოდა/არაჯეროვნად შესრულდებოდა ხელშეკრულებითა და სატენდერო წინადადებით გათვალისწინებული რომელიმე ვალდებულება და აღნიშნული ვალდებულებების შეუსრულებლობის/არაჯეროვნად შესრულებისთვის არ იყო გათვალისწინებული პირგასამტეხლო ამ ხელშეკრულების მე-9 მუხლით, შემსყიდველს უფლება ჰქონდა, მოეთხოვა მიმწოდებლისათვის პირგასამტეხლოს გადახდა, ხელშეკრულების საერთო ღირებულების 0.03%-ის ოდენობით.
5.7. ხელშეკრულების 13.1 პუნქტის თანახმად, შემსყიდველი უფლებამოსილი იყო, შესყიდვის ობიექტის (მომსახურების) მიწოდების პარალელურად განეხორციელებინა შემოწმება, რომლის მიზანი იყო შესყიდვის ობიექტის (მომსახურების) შესაბამისობის დადგენა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირობებთან. შეემოწმებინა კვების პროდუქტების ხარისხი და წარმომავლობა, ჩაეტარებინა ლაბორატორიული კვლევა მიწოდებულ პროდუქციაზე.
5.8. მოპასუხის 2021 წლის 30 მარტის #74055/01 წერილით, ხელშეკრულების 8.1.4 პუნქტის დარღვევის გამო, მოსარჩელეს დაეკისრა პირგასამტეხლო 21 923.18 ლარის ოდენობით და გადასახდელად განესაზღვრა ორი სამუშაო დღე. აღნიშნული წერილის თანახმად, მოპასუხისთვის პირგასამტეხლოს დაკისრების საფუძველი გახდა ის გარემოება, რომ 2021 წლის 17 მარტს #14 პენიტენციური დაწესებულების სასადილოში ჩატარებული ინსპექტირებისას არ იყო საკვების ტრანსპორტირებისთვის განკუთვნილი სპეციალური კონტეინერი.
5.9. მოპასუხის 2021 წლის 30 მარტის #74049/01 წერილით მოსარჩელეს 2019 წლის 27 ნოემბრის ხელშეკრულების დანართი #1-ის და 8.1.11 პუნქტის დარღვევის გამო, დაეკისრა პირგასამტეხლო ჯამში 43 846.36 ლარის ოდენობით და გადასახდელად განესაზღვრა ორი სამუშაო დღე. აღნიშნული წერილის თანახმად, მოპასუხისთვის პირგასამტეხლოს დაკისრების საფუძველი გახდა 2021 წლის 11 მარტს #16 პენიტენციური დაწესებულების სასადილოში ჩატარებული ინსპექტირებისას გამოვლენილი შემდეგი დარღვევები: 1) საქონლის ხორცი ინახებოდა მაცივარში ქაღალდში გახვეული და არა კონტეინერში, რითაც დარღვეული იყო ხელშეკრულების დანართი #1-ის პირველი პუნქტით განსაზღვრული ერთ-ერთი პირობა, რომლის თანახმად, საქონლის ხორცი უნდა ყოფილიყო შეფუთული და სათანადოდ ეტიკეტირებული სასაკლაოში (ეტიკეტირება შესაბამისობაში უნდა ყოფილიყო საქართველოს მთავრობის 2016 წლის 09 მარტის N118 დადგენილების ტექნიკურ რეგლამენტთან „საქონლის ხორცისა და საქონლის ხორცის პროდუქტების ეტიკეტირების წესის დამტკიცების შესახებ“ და ა.შ.). 2) შესაცვლელი იყო ხორცისა და თევზის დასამუშავებელი მაგიდები და დასაჭრელი დაფები, რითაც დარღვეული იყო ხელშეკრულების 8.1.11 პუნქტით განსაზღვრული პირობა.
5.10. მოსარჩელეს 2021 წლის 30 მარტის #74049/01 და #74055/01 წერილებით დაკისრებული პირგასამტეხლო - ჯამში 65 769.54 ლარის ოდენობით არ აუნაზღაურებია.
5.11. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ მოპასუხის პრეტენზია ეფუძნებოდა მისი უფლებამოსილი წარმომადგენლების მიერ #14 და #16 პენიტენციური დაწესებულებების სასადილოებში შედგენილ ინსპექტირების აქტებს, რომელთა საფუძველზეც მოსარჩელეს დამოუკიდებლად დაეკისრა პირგასამტეხლოს გადახდა თითოეულ შემთხვევაზე 21 923.18 ლარის ოდენობით, რამაც ჯამში 65 769.54 ლარი შეადგინა. აღნიშნული დარღვევები მდგომარეობდა შემდეგში: 1) #14 პენიტენციური დაწესებულების სასადილოში არ იყო საკვების ტრანსპორტირებისთვის განკუთვნილი სპეციალური კონტეინერი; 2) #16 პენიტენციური დაწესებულების სასადილოში საქონლის ხორცი ინახებოდა მაცივარში ქაღალდში გახვეული და არა კონტეინერში; 3) ამავე სასადილოში შესაცვლელი იყო ხორცისა და თევზის დასამუშავებელი მაგიდები და დასაჭრელი დაფები.
შესაბამისად, მოპასუხე მიუთითებდა ხელშეკრულების დანართი #1-ის პირველი პუნქტის და ამავე ხელშეკრულების 8.1.11 და 8.1.4 პუნქტების დარღვევაზე.
5.12. მოპასუხის პრეტენზია (ინსპექტირების აქტისა და 2021 წლის 30 მარტის #74049/01 წერილის შინაარსიდან გამომდინარე) ეფუძნებოდა იმ გარემოებას, რომ ხორცი ინახებოდა ქაღალდში გახვეული და არა კონტეინერში. აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატამ დაადგინა, რომ მოპასუხეს წარმოეშვა იმ გარემოების მტკიცების ტვირთი, თუ რა ტექნიკურ მოთხოვნებს არ აკმაყოფილებდა ხორცის ქაღალდში გახვეული სახით შენახვა მაცივარში, თუმცა მოპასუხემ ასეთ გარემოებებზე ვერ მიუთითა. მოპასუხემ ვერ დაასაბუთა მტკიცების საგანში შემავალი ის არსებითი გარემოება, რომ საქონლის ხორცთან შემხებლობაში მყოფი მასალა (ქაღალდი) იყო დაბინძურების წყარო, ან საქონლის ხორცის ამგვარი შეფუთვა სხვაგვარად არ აკმაყოფილებდა საქართველოს მთავრობის 2010 წლის 25 ივნისის #173 დადგენილებით დამტკიცებული წესის დანართი #1-ის მე-11 მუხლით ან საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ სხვა მოთხოვნებს. ამასთან, პალატის მითითებით, საქმეზე სადავო არ იყო ის გარემოება, რომ ქაღალდში გახვეული საქონლის ხორცი იყო გამოსაყენებლად ვარგისი, რაც დასტურდება საქმეში წარმოდგენილი ვეტერინალური მოწმობებით (ტ.1, ს.ფ. 197-201).
პალატის მოსაზრებით, მხოლოდ ის გარემოება, რომ ხორცი არ იყო შენახული კონტეინერით, არ ადასტურებდა მოსარჩელის მხრიდან ვალდებულების დარღვევას და არც, მათ შორის, მოპასუხის მიერ მითითებული ხელშეკრულების პუნქტის დარღვევას.
5.13. ეტიკეტირების წესის დარღვევაზე აპელანტის მითითებაზე, პალატამ აღნიშნა, რომ 2021 წლის 11 მარტის ინსპექტირების აქტის და შესაბამისად, პირგასამტეხლოს დაკისრების ფაქტობრივ-სამართლებრივ საფუძველს ეტიკეტირების წესის დარღვევა არ წარმოადგენს, შესაბამისად, ეტიკეტირების საკითხი მოცემული დავის ფარგლებში განსახილველ საკითხთა წრეს არ განეკუთვნება.
5.14. პალატამ არ გაიზიარა არც კონტეინერებთან დაკაშირებით აპელანტის პრეტენზია და მიუთითა რომ იმისათვის, რომ ხელშეკრულების 8.1.4 მუხლით გათვალისწინებული დარღვევა დადგენილიყო, საჭირო იყო მიმწოდებლის მიერ საკვების ტრანსპორტირების განხორციელება არასპეციალური კონტეინერით. მოცემულ შემთხვევაში კი, ასეთ ფაქტს ადგილი არ ჰქონია. მოპასუხე არ მიუთითებდა იმ გარემოებაზე, რომ საკვების ტრანსპორტირება ხდებოდა ჩვეულებრივი კონტეინერებით. პალატის მოსაზრებით, მხოლოდ ის გარემოება, რომ შემოწმების მომენტში სამზარეულოში არ იყო სპეციალური კონტეინერი, არ ქმნიდა ხელშეკრულების 8.1.4 მუხლის წინაპირობას, რამეთუ ასეთი კონტეინერი შეიძლება ყოფილიყო მანქანაში ან სხვაგან.
5.15. პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობა, რომ ინსპექტირების აქტში მითითებული ფაქტები, მხარეთა შორის მოქმედი ხელშეკრულების ბუნებიდან გამომდინარე, წარმოადგენდა მიმდინარე, აქტიურ სამუშაო პროცესში გამოვლენილ/აღმოჩენილ ფაქტებს და ხელშეკრულების მიზნიდან გამომდინარე ვერ განიხილებოდა მოსარჩელის მიერ ვალდებულების დარღვევად. გასათვალისწინებელია მხარეთა შორის არსებული ურთიერთობის სპეციფიკა, რომლის ფარგლებშიც მოსარჩელე უწევს მოპასუხეს ყოველდღიურ, თანაც არაერთჯერად მომსახურებას. იმ პირობებში, როდესაც მოცემული დავის ფარგლებში მოპასუხე არ დავობს ხელშეკრულების საგნის (პატიმართა კვება) ხარისხზე, სამუშაო პროცესში გამოვლენილი ფაქტები, რაც შესაძლოა არ იყო მისაღები მოპასუხისთვის, ვერ აქცედა მოსარჩელის მიერ შესრულებულ ვალდებულებას არაჯეროვანდ და არ ქმნიდა მისთვის ამ საფუძვლიდან გამომდინარე პირგასამტეხლოს დაკისრების წინაპირობას. ამასთან, მოპასუხის გადაწყვეტილება მოსარჩელისათვის პირგასამტეხლოს დაკისრების შესახებ მიმართული იყო არა ვალდებულების შესრულებისაკენ, არამედ ხელშემკვრელი მხარისათვის არაგონივრული პირგასამტეხლოს დაკისრებისაკენ, რაც აზიანებდა არსებულ სახელშეკრულებო ურთიერთობას. აღნიშნული კი სამოქალაქო სამართალში მოქმედი პრინციპებიდან გამომდინარე, არცერთი მხარის მიზანს არ უნდა წარმოადგენდეს.
5.16. სააპელაციო პალატამ გაიზიარა აპელანტის პრეტენზია და საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე დადგენილად მიაჩნია ხელშეკრულების 8.1.11 პუნქტით ნაკისრი ვალდებულების დარღვევა (მიმწოდებელი ვალდებული იყო არ გამოიყენებინა მოძველებული, გაცვეთილი, დაზიანებული ან სხვა რაიმე არსებითი მიზეზის გამო უხარისხო ინვენტარი). კერძოდ, საქმეში წარმოდგენილი ფოტო მასალით (ტ.1, ს.ფ. 108-108, ტ.2, ს.ფ. 104- 105) დადგენილი იყო გარემოება, რომ დაფები და მაგიდა, რომლებსაც მოსარჩელე იყენებდა სამზარეულოში, დაზიანებული იყო. იმ გარემოების მტკიცების ტვირთი, რომ დაფები და მაგიდა, მიუხედავად მათი ზედაპირების დაზიანებებისა, იყო ხარისხიანი, ეკისრებოდა მოსარჩელეს (მაგ., შესაბამისი დასკვნის წარმოდგენით), რომლის განხორციელებაც მან ვერ უზრუნველყო.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატამ მიაჩნია, რომ ამ დარღვევისთვის არსებობდა პირგასამტეხლოს დაკისრების ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძველი, რაც ხელშეკრულების 9.13 პუნქტის თანახმად, 21 923.18 ლარს შეადგენდა.
5.17. ნაკისრი ვალდებულების ხასიათის, ხელშეკრულების ჯეროვნად შესრულებისადმი მოსარჩელის ინტერესის, ასევე, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ ვალდებულების დარღვევით მოპასუხეს რაიმე სახის ზიანი არ მიუღია (მოპასუხე არ მიუთითებს ასეთ გარემოებაზე), პალატამ მიიჩნია, რომ ხელშეკრულებით შეთანხმებული პირგასამტეხლო - 21 923.18 ლარი (ხელშეკრულების საერთო ღირებულების - 73 077 497.50 ლარის 0,03%), არაგონივრული იყო და სცდებოდა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 8.3-ე მუხლით დადგენილ ქცევის სტანდარტს (სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილენი ვალდებული არიან კეთილსინდისიერად განახორციელონ თავიანთი უფლებები და მოვალეობები).
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სახეზე იყო შეთანხმებული პირგასამტეხლოს, როგორც შეუსაბამოდ მაღალი ოდენობის, შემცირების ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძველი.
5.18. განსახილველი შემთხვევიდან გამომდინარე, ვინაიდან ხელშეკრულების საგანი იყო კვებითი უზრუნველყოფა და ვალდებულების ჯეროვნად შესრულების მიმართ კრედიტორის მხრიდან არსებობდა მაღალი საჯარო ინტერესი (საკითხი ეხებოდა პენიტენციურ დაწესებულებებში მოთავსებულ ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა და პენიტენციური დაწესებულების მოსამსახურეთა სათანადო ხარისხის საკვებით უზრუნველყოფას), პალატამ მიიჩნია, რომ კონკრეტულ შემთხვევაში, 3000 ლარის ოდენობით პირგასამტეხლო უზრუნველყოფდა შესასრულებელი ვალდებულების დარღვევისათვის გონივრული, პროპორციული და სამართლიანი პირგასამტეხლოს ფუნქციის შესრულებას და შეესაბამებოდა მოპასუხის მიერ ხელშეკრულების დარღვევისათვის პასუხისმგებლობის სახით დაწესებულ საზღაურს.
შესაბამისად, პალატამ გადაწყვიტა, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის 2021 წლის 30 მარტის #74049/01 და #74055/01 წერილებით მოსარჩელისათვის დაკისრებული პირგასამტეხლო, ჯამში 65 769.74 ლარი, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლიდან გამომდინარე, უნდა გაუქმებულიყო 62 769.74 ლარის ნაწილში.
6. სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს მხარეებმა. მოსარჩელემ მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის სრულად დაკმაყოფილება, ხოლო მოპასუხემ - სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
6.1. მოსარჩელის (პირველი კასატორი) მტკიცებით, განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხე ითხოვს პირგასამტეხლოს დაკისრებას, ისეთი შემთხვევისთვის, რაც არ წარმოადგენს ხელშეკრულების დარღვევას. მოსარჩელემ დაფების ვარგისიანობის თაობაზე დასკვნა დაამყარა მხოლოდ შემოწმების ოქმის შემდგენი პირების მოსაზრებას, რომელთაც არ აქვთ სპეციალური ცოდნა. ვინაიდან მოპასუხეს არ წარმოუდგენია ექსპერტიზის დასკვნა, რომ საკვების დასამუშავებლად დაფების ამ მდგომარეობაში გამოყენება არ შეიძლებოდა, მხოლოდ სპეციალური პენიტენციური სამსახურის თანამშრომლების მოსაზრება აღნიშნულის დასამტკიცებლად არ იყო უტყუარი და შესაბამისად საკმარისი მტკიცებულება. ხელშეკრულებაში არსად არ არის მითითებული, როდის უნდა გამოიცვალოს დაფები. იმ პირობებში, როცა დაფების გამოყენება ინტენსიურად ხდება, და ის ზიანდება პირველივე გამოყენებისას, არაგონივრულია მოპასუხის მოთხოვნა, რომ დაფებს არანაირი ნაკაწრი არ ჰქონდეს და ფაქტობრივად ყოველი გამოყენების შემდეგ შეიცვალოს. ამასთან, მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ პენიტენციური სამსახური დავობს ფორმალურ დარღვევაზე, ოქმში მითითებულია მხოლოდ დაფების მექანიკურ დაზიანებაზე და არა იმაზე, რომ სამზარეულოში ანტისანიტარია იყო, რამაც გამოიწვია ან შეეძლო გამოეწვია უარყოფითი შედეგი. შესაბამისად, ხელშეკრულების 8.1.11 პუნქტის იმგვარად განმარტება, რომ დაფის შეცვლა ყოველი გამოყენების შემდეგ უნდა მოხდეს არაგონივრულია. სწორი განმარტების გაკეთება კი აქტუალურია, რადგან მხარეებს შორის კვლავ არსებობს იგივე შინაარსის ხელშეკრულება.
6.2. კასატორის პრეტენზია მიემართება სასამართლოს მიერ მტკიცების ტვირთის განაწილების სკითხსაც. მისი მოსაზრებით, სასამართლომ არასწორად დააკისრა მოსარჩელეს იმ გარემოების მტკიცების ტვირთი, რომ დაფები ვარგისი იყო. კასატორმა შემდეგ გარემოებებს გაუსვა ხაზი: 2021 წლის 11 მარტს შედგა შემოწმების/დარღვევის ოქმი #3. ვინაიდან მოსარჩელემ მიიღო შენიშვნა, იმის მიუხედავად, რომ არ ეთანხმებოდა აღნიშნულს, მან გამოცვალა დაფები და მაგიდები, რათა თავიდან აეცილებინა პირგასამტეხლოს დარიცხვა და შემდგომ სასამართლოში დავა. 2021 წლის 30 მარტს, როცა დაფები უკვე გადაყრილი იყო (შესაბამისად მათ ექსპერტიზა ვერ ჩაუტარდებოდა), მოსარჩელემ მიიღო წერილი რომლითაც შეიტყო, რომ მოპასუხე ითხოვდა პირგასამტეხლოს გადახდას. აღნიშნულიდან გამომდინარეობს, რომ ამ პერიოდში მოსარჩელე მოკლებული იყო შესაძლებლობას ჩაეტარებინა ექსპერტიზა და დაედასტურებინა დაფებისა და მაგიდების ვარგისიანობა.
აქვე კასატორი ხაზს უსვამს იმ გარემოებასაც, რომ შემოწმების/დარღვევის ოქმის შედგენა არ ნიშნავდა იმას, რომ მოპასუხე პირგასამტეხლოს გადახდას მოითხოვდა, ვინაიდან ყველა შემთხვევაში ასე არ ხდებოდა. აღნიშნულს კი ადასტურებს საქმეში წარმოდგენილი 2021 წლის 17 მარტის შემოწმების/ დარღვევის ოქმი #6. ამ შემთხვევაში მოპასუხეს ოქმში მითითებული ყველა გარემოებისთვის არ მოუთხოვია პირგასამტეხლო.
6.3. კასატორის მითითებით, იმ შემთხვევაშიც კი თუ დარღვევას დადგენილად მივიჩნევთ, სასამართლოს არ უნდა დაეკისრებინა პირგასამტეხლო 3000 ლარის ოდენობით. მხარეთა შორის არსებული სახელშეკრულებო ურთიერთობიდან გამომდინარე, როცა სასადილო მდებარეობს პენიტენციური სამსახურის ტერიტორიაზე და მისი თანამშრომლები ყოველდღიურად აკვირდებიან მოსარჩელის საქმიანობას, თუკი მათ პრეტეზია ჰქონდათ შეეძლოთ გამოეთქვათ აღნიშნული, გაეფრთხილებინათ, რაც არ გაუკეთებიათ. შესაბამისად, დარღვევა, მისი დადასტურების შემთხვევაშიც კი, იმდენად უმნიშვნელოა, რომ კეთილსინდისიერების პრინციპიდან გამომდინარე, არ უნდა იქნას გამოყენებული პირგასამტეხლო, ხოლო უკიდურეს შემთხვევაში, კიდევ უნდა შემცირდეს.
6.4. მეორე კასატორის (მოპასუხის) მტკიცებით, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა არასწორად იმსჯელეს, როცა ხელშეკრულების დარღვევად არ მიიჩნიეს, ის ფაქტი, რომ ხორცი სასადილოს მაცივარში ქაღალდში იყო გახვეული და ეტიკეტირებული არ იყო, რადგან ხორცის ვარგისიანობა დადასტურდა შესაბამისი ექსპერტიზის დასკვნებით. კასატორი მიუთითებს, რომ ექსპერტიზის დასკვნები არ შეესაბამებოდა სინამდვილეს, რადგან არცერთი მათგანი ხორცის ვარგისიანობაზე არ იყო, არამედ ყველა მათგანი ეკუთვნოდა მომსახურების ღირებულების გაზრდას. ამასთან, გამომდინარე იქიდან, რომ მოსარჩელემ იცოდა ინსპექტირების დროს აღმოჩენილი ხორცი შესაბამისობაში არ იყო ხელშეკრულებით განსაზღვრულ პირობასთან, განაცხადა, რომ ის დაწესებულებას არ ეკუთვნოდა, არამედ თანამშრომლის იყო. აღნიშნულს კასატორი გამორიცხავს, რადგან პენიტენციურ დაწესებულებაში არსებული შემოწმების პირობები გამორიცხავს თანამშრომლის მიერ დაწესებულებაში რაიმეს შეტანას.
6.5. ეტიკეტირების წესთან დაკავშირებით სასამართლოს მსჯელობას რომ მოცემული საკითხი ამ დავის ფარგლებში განსახილველ საკითხთა წრეს არ განეკუთვნება, კასატორი არ ეთანხმება, რადგან აღნიშნულით დაირღვა ხელშეკრულების დანართი #1-ის პირველი პუნქტი, რომელიც მოიცავს ეტიკეტირებას. შესაბამისად, პირგასამტეხლოს მოთხოვნის საფუძველი მოსარჩელისათვის ცნობილი იყო. აღნიშნული კი გადაწყვეტილების ამ ნაწილში გაუქმების უდავო საფუძველია.
6.6. კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო პალატამ არასწორად განმარტა ხელშეკრულების 8.1.4. მუხლიც. შემოწმებისას დაწესებულებაში სპეციალური კონტეინერის არქონა, როცა იმ კონკრეტულ დღეს პატიმარი არ არის გაყვანილი დაწესებულებიდან და ამას დამატებული, კომისიის წევრებისათვის ერთჯერადი/ჩვეულებრივი კონტეინერის ჩვენება, და ყოველივე ამის მიუხედავად სასამართლოს განმარტება, რომ სპეციალური კონტეინერი შესაძლოა ყოფილიყო მანქანაში ან სხვაგან, საფუძველსაა მოკლებული. კასატორი ყურადღებას ამახვილებს ასევე იმ გარემოებაზეც, რომ მოსარჩელემ ვერანაირი მტკიცებულება ვერ წარადგინა იმის დასადასტურებლად, რომ შეძენილი ჰქონდა სპეციალური კონტეინერები. აქვე კასატორი უთითებს, რომ მსგავსი შინაარსის დავებზე, რომლებიც შეეხებოდა სხვა დაწესებულებებში სპეციალური კონტეინერების არქონას, სასამართლოს მიერ მოსარჩელეს ყველა შემთხვევაში დაეკისრა პირგასამტეხლოს გადახდა. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, უსაფუძვლოა სასამართლოს განმარტება, რომ მოსარჩელეს ხელშეკრულების მითითებული პუნქტი არ დაურღვევია.
6.7. ხელშეკრულების 8.1.11 პუნქტთან მიმართებით სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია დარღვევა, თუმცა უსაფუძვლოდ შეამცირა პირგასამტეხლოს ოდენობა, რასაც არ ეთანხმება მეორე კასატორი. მისი მითითებით, ვინაიდან მოსარჩელე იურიდიული პირია და სამეწარმეო ურთიერთობების გამოცდილება აქვს, მისთვის ცნობილი იყო სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების პირობები და მას გაცნობიერებული ჰქონდა პირგასამტეხლოს შინაარსი ხელშეკრულებაზე ხელმოწერამდე. უფრო მეტიც, მხარეთა შორის პირველად 2017 წელს დაიდო ხელშეკრულება და მოსარჩელისათვის ცნობილი იყო ყველა პირობა და ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობების დარღვევისათვის პირგასამტეხლოს ოდენობა. მან ხელშეკრულებაზე ხელმოწერით დაადასტურა, რომ ხელშეკრულების ყველა პირობას ეთანხმებოდა და მზაობა განაცხადა, ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობების შეუსრულებლობის ან/და არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში გადაეხადა პირგასამტეხლო ხელშეკრულებით განსაზღვრული ოდენობით. მეორე კასატორის მითითებით, როდესაც სახეზე იყო დარღვევა, რის შესახებაც იცოდა მოსარჩელემ და არა თუ ცდილობდა მის გამოსწორებასა და ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობების შესრულებას, არამედ აგრძელებდა იგივე დარღვევებს სხვა დაწესებულებებში, არ არსებობს პირგასამტეხლოს გაუქმების ან შემცირების საფუძვლები. აქვე მეორე კასატორმა ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რომ მოსარჩელე კვებით მომსახურებას უწევს სპეციალური პენიტენციური სამსახურის პენიტენციურ დაწესებულებებში მოთავსებულ ბრალდებულებს/მსჯავრდებულებს და ის ვალდებულია, ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად შეასრულოს კვებითი მომსახურება, რადგან ბრალდებულებს/მსჯავრდებულებს არა აქვთ არჩევანის საშუალება და ისინი ვალდებული არიან, რასაც მიაწოდებს მოსარჩელე, ის მიიღონ, მიუხედავად იმისა, ხარისხი არის თუ არა ხელშეკრულების პირობებთან შესაბამისი. აღნიშნულიდან გამომდინარე, პირგასამტეხლო არ უნდა შემცირდეს ისე, რომ კომპანიისათვის დაკისრებული პირგასამტეხლო ისეთი უმნიშვნელო იყოს, რომ მან იმავე სახის დარღვევა გაიმეოროს არაერთხელ.
7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ საკასაციო საჩივრები მიღებულ იქნა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ისინი დაუშვებელია:
8. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.
9. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორებს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენიათ დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
10. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელის (პირველი კასატორის) საკასაციო პრეტენზია მდგომარეობს იმაში, რომ პირგასამტეხლოს დაკისრების წინაპირობები არ არსებობდა, ვინაიდან ხელშეკრულება არ დარღვეულა, ხოლო მოპასუხის (მეორე კასატორის) პრეტენზია ეფუძნება იმ გარემოებას, რომ სასამართლომ არასწორად იმსჯელა ხელშეკრულების პირობებზე, ერთ შემთხვევაში უსაფუძვლოდ გააუქმა, ხოლო მეორე შემთხვევაში უსაფუძვლოდ შეამცირა დაკისრებული პირგასამტეხლო.
11. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლოს მიერ შესაფასებელია თუ რამდენად არსებობდა ხელშეკრულების დარღვევის გამო, მოსარჩელისათვის პირგასამტეხლოს დაკისრების ფაქტობრივ-სამართლებრივი წინამძღვრები, ამასთან, გონივრულია თუ არა სააპელაციო პალატის მიერ განსაზღვრული პირგასამტეხლოს ოდენობა და ვლინდებოდა თუ არა მისი შემცირების საფუძველი.
12. პირველ რიგში, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ კასატორებს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენიათ დასაბუთებული/კვალიფიციური შედავება. ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილია დავის გადაწყვეტისთვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები და მართებულია მათი სამართლებრივი შეფასებაც.
13. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლით, პირგასამტეხლო – მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა – მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. პირგასამტეხლო პირობით ვალდებულებას წარმოადგენს. პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლების განხორციელება დამოკიდებულია გარკვეული პირობის დადგომაზე - მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევაზე. პირგასამტეხლოს ერთ-ერთ ფუნქცია განცდილი ზიანის მარტივად და სწრაფად ანაზღაურებაში მდგომარეობს. იგი ერთგვარ სანქციასაც წარმოადგენს. ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, სანქციად ქცეული პირგასამტეხლო ვალდებულ პირს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა კრედიტორმა ზიანი ამ დარღვევის შედეგად (იხ. სუსგ Nას-1053-993-2015, 08.04.2016წ.; სუსგ Nას-1158-1104-2014, 06.05.2015წ.). აღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე, პირგასამტეხლოს დაკისრების წინაპირობას წარმოადგენს ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარის მიერ ნაკისრი ვალდებულების დარღვევა.
14. პირგასამტეხლო, უპირველესად, კრედიტორის ინტერესების უზრუნველმყოფი საკანონმდებლო მექანიზმია, რომელიც კრედიტორის სახელშეკრულებო რისკებს ამცირებს, თუმცა იმისთვის, რომ თავიდან იქნეს აცილებული კრედიტორის მხრიდან ამ ინსტიტუტის ფარგლებში უფლების ბოროტად გამოყენება, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში შესაფასებელი და ამავდროულად დასაცავი ღირებულებაა სახელშეკრულებო წონასწორობა/ბალანსი, ერთი მხრივ, პირგასამტეხლოს, როგორც სახელშეკრულებო თავისუფლების გამოხატულებას და, მეორე მხრივ, მოვალის დაცვას, როგორც ამ თავისუფლების ლეგიტიმურ შეზღუდვას შორის. ამდენად, პირგასამტეხლოს იურიდიული ძალა მხოლოდ მაშინ აქვს, თუ ის, ამავდროულად, უზრუნველყოფს მოვალის გონივრული ფარგლებით დაცვას (სუსგ Nას-1928-2018, 31.10.2019წ.). პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას ზიანის ანაზღაურება. პირგასამტეხლოს ოდენობაზე მსჯელობისას გასათვალისწინებელია მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა (სუსგ Nას-1511-2018, 26.03.2019წ.; Nას-848-814-2016, 28.12.2016წ.).
15. განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მხარეთა შორის არსებობდა კვებითი მომსახურების შესახებ სახელშეკრულებო ურთიერთობა, რომლის საგანი, პენიტენციურ დაწესებულებებში მოთავსებულ ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა, პენიტენციური დეპარტამენტის ესკორტირებისა და სპეციალურ ღონისძიებათა მთავარი სამმართველოს მოსამსახურეთა, პენიტენციური დეპარტამენტის გარე დაცვისა და ინფორმაციულ-ტექნიკური უსაფრთხოების მთავარი სამმართველოს სავალდებულო სამხედრო მოსამსახურეთა და პენიტენციური დაწესებულებების მოსამსახურეთა კვებითი მომსახურება იყო, რაც იმას ნიშნავს, რომ მხარეთა შორის საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 629-ე მუხლით გათვალისწინებული ნარდობის ხელშეკრულება დაიდო, რომელიც სინალაგმატურ ხელშეკრულებათა რიგს განეკუთვნება, რომლის მონაწილეებიც სამართლებრივ ურთიერთობაში ერთმანეთის მიმართ გამოდიან როგორც ურთიერთკრედიტორები, ისე - ურთიერთმოვალეები. სახელშეკრულებო ვალდებულება კი, მაშინ მიიჩნევა შესრულებულად, როდესაც თითოეული მხარე შეასრულებს თავის წილ ვალდებულებას. მხარეები ხსენებული ხელშეკრულების 8.1.11 პუნქტით შეთანხმდნენ, რომ მიმწოდებელი ვალდებული იყო არ გამოეყენებინა მოძველებული, გაცვეთილი, დაზიანებული ან სხვა რაიმე არსებითი მიზეზის გამო უხარისხო ინვენტარი. საკასაციო პალატა, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, სრულად იზიარებს სააპელაციო პალატის მსჯელობასა და დასკვნებს, რომ დაფები და მაგიდა რომლებსაც მოსარჩელე იყენებდა სამზარეულოში, დაზიანებული იყო. იმ გარემოების მტკიცების ტვირთი კი, რომ დაფები და მაგიდა მიუხედავად მათი ზედაპირების დაზიანებისა იყო ხარისხიანი, ეკისრებოდა მოსარჩელეს (მაგ. შესაბამისი დასკვნის წარმოდგენით), რომლის განხორციელებაც მან ვერ შეძლო.
16. საკასაციო პალატა არ იზიარებს პირველი კასატორის პრეტენზიას, რომ მოპასუხემ ინვენტარის ვარგისიანობის თაობაზე დასკვნა დაამყარა მხოლოდ შემოწმების ოქმის შემდგენი პირების მოსაზრებას, რომელთაც არ აქვთ სპეციალური ცოდნა და ვინაიდან მას არ წარმოუდგენია ექსპერტიზის დასკვნა, ეს უკანასკნელი ვერ მიიჩნეოდა უტყუარ მტკიცებულებად. ამ შემთხვევაში საკასაციო პალატა ეთანხმება სააპელაციო პალატის დასკვნას მტკიცების ტვირთთან დაკავშირებით და აღნიშნავს, რომ მოსარჩელის მტკიცების საგანს წარმოადგენდა მოპასუხის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების (შემოწმების ოქმი) გაქარწყლება, აღნიშნული კი მხოლოდ ზეპირსიტყვიერად გამომრიცხველ/დამაბრკოლებელ მიზეზებზე მითითებით ვერ მიიღწეოდა. ის გარემოება, რომ დაფები მას უკვე გადაყრილი ჰქონდა და შესაბამისად ვერ შეაფასებდა ექსპერტიზა, ვერ მიიჩნევა საპატიო გარემოებად, მითუფრო იმ პირობებში, როცა პირგასამტეხლოს დაკისრების შესახებ წერილის მიღებამდე მოსარჩელეს შენიშვნა უკვე მიღებული ჰქონდა. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს, ხელშეკრულების ამ ნაწილში დარღვევის გამო, პირგასამტეხლოს დაკისრების თაობაზე სასარჩელო მოთხოვნა საფუძვლიანად მიაჩნია.
17. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის საფუძველზე, სასამართლოს უფლება აქვს, შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო, რაც შეფასებითი კატეგორიაა და, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, საქმის გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად წყდება. მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული, მაგალითად, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან; პირგასამტეხლოს თანხის მნიშვნელოვანი გადაჭარბება ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეულ შესაძლო ზიანზე, ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა და სხვა (სუსგ №ას-1511-2018, 26.03.2019წ.; სუსგ №ას-535-2021, 29.10.2021წ.).
18. პირგასამტეხლოს შემცირება არ გულისხმობს მის გაუქმებას. პირგასამტეხლოს შემცირების საფუძველია, ერთი მხრივ, ის რომ კრედიტორი პირგასამტეხლოს მიღებით არ გამდიდრდეს და მოვალეს არ დააწვეს მძიმე ტვირთად პირგასამტეხლოს გადახდა (შესაბამისად, პირგასამტეხლო არ იქცეს ერთგვარ სადამსჯელო ღონისძიებად), ხოლო მეორე მხრივ კი – პირგასამტეხლო იყოს ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი, საპირწონე და გონივრული. აღნიშნულში მოიაზრება სახელშეკრულებო თანასწორობისა და სამართლიანობის პრინციპის დაცვით პირგასამტეხლოს გონივრულ ოდენობამდე შემცირება (სუსგ. №ას-186-2021, 25.03.2021წ.; №ას-535-2021, 29.10.2021წ).
19. კვალიფიციური შედავების გარეშე შეუძლებელია დადგინდეს რამდენად არაგონივრული, შეუსაბამოა პირგასამტეხლოს ოდენობა სახელშეკრულებო ინტერესის ხელყოფის მასშტაბთან. ამდენად, როგორც ვალდებულების დარღვევის მნიშვნელობა, სახელშეკრულებო ინტერესის შინაარსისა და ფარგლების განმარტება და დადგენილ პირგასამტეხლოს ოდენობასთან მისი ადეკვატურობა (კრედიტორის მტკიცების ტვირთი), ისე ვალდებულების დარღვევის ხარისხის შეუსაბამობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან (მოვალის მტკიცების ტვირთი), არის უმნიშვნელოვანესი შეფასებითი კატეგორიები, რომელზეც თავად მხარეებმა უნდა შეუქმნან მოსამართლეს დასაბუთებული წარმოდგენა და მიანიჭონ მას მხარეთა ნების განმარტების შესაძლებლობა. რადგან მოვალეს ენიჭება პირგასამტეხლოს ოდენობის კვალიფიციური შეცილების უფლება, ხოლო სასამართლოს მისი შემცირების უფლებამოსილება - მნიშვნელოვანია კრედიტორის ვალდებულების დარღვევის ნაწილში წარმოდგენილი შეფასება დარღვევის მნიშვნელობასთან, ხანგრძლივობასთან და დარღვეულ სახელშეკრულებო ინტერესთან მიმართებით, რაც კრედიტორს მისცემს კვალიფიციურ შესაძლებლობას, შეამციროს სასამართლოს მიერ პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირების პერსპექტივა. სასამართლოს ხელშეკრულების განმარტების პროცესში სახელმძღვანელოდ ექნება არა მხოლოდ მოვალის კვალიფიციური შეცილება პირგასამტეხლოს ოდენობის არაგონივრულობის შესახებ, არამედ კრედიტორის პერსპექტივიდან წარმოჩენილი მისივე სახელშეკრულებო ინტერესის რღვევის ხარისხი (ნათია ჩიტაშვილი. პირგასამტეხლოსა და ზიანის მოთხოვნათა სახელშეკრულებო ინტერესის უზრუნველმყოფი ფუნქცია. შედარებითი სამართლის ჟურნალი 2/2020, გვ.17; ასევე იხ.: სუსგ №ას-827-2021, 03.12.2021წ.).
20. განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულების 9.11 პუნქტის თანახმად თუ მიმწოდებელი არ შეასრულებდა ხელშეკრულების 8.1.11 პუნქტით გათვალისწინებულ პირობას, მიმწოდებელს დაეკისრებოდა პირგასამტეხლო ხელშეკრულების საერთო ღირებულების 0.03%-ის ოდენობით, რაც განსახილველ შემთხვევაში 21 923.18 ლარს შეადგენდა. დადგენილია, რომ მიმწოდებელმა დაარღვია ხელშეკრულების ზემოაღნიშნული პუნქტი, რაც ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლების წარმოშობას ნიშნავს. თუმცა ნაკისრი ვალდებულების ხასიათის, ხელშეკრულების ჯეროვნად შესრულებისადმი მოსარჩელის ინტერესის, ასევე იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ ვალდებულების დარღვევით მოპასუხეს რაიმე სახის ზიანი არ მიუღია (მოპასუხე არ მიუთითებს ასეთ გარემოებაზე), პალატა მიიჩნევს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის საფუძველზე, სასამართლომ მართებულად შეამცირა მოპასუხის მიერ დაანგარიშებული პირგასამტეხლო, როგორც შეუსაბამოდ მაღალი. საკასაციო პალატა ითვალისწინებს რა, კრედიტორისა და მოვალის მტკიცების ფარგლებს, ვალდებულების დარღვევის ხარისხსა და ამით გამოწვეულ სამართლებრივი შედეგებს, მიაჩნია, რომ სასამართლოს მიერ განსაზღვრული პირგასამტეხლო - 3000 ლარი, გონივრული და სამართლიანია და შესაბამისად პალატა არ იზიარებს პირველი კასატორის პრეტენზიას პირგასამტეხლოს ოდენობასთან დაკავშირებით.
21. მოპასუხის (მეორე კასატორი) პრეტენზიაზე, ხორცის შენახვის წესთან დაკავშირებით საკასაციო პალატა სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ ამ შემთხვევაში სახეზე არ გვაქვს ხელშეკრულების დარღვევა. ინსპექტირების აქტში მითითებული ფაქტიდან გამომდინარე, მოპასუხე დავობს არა ხორცის ხარისხზე, არამედ ფაქტზე, რომ ხორცი ინახებოდა ქაღალდში გახვეული და არა კონტეინერში. იმ პირობებში, როცა საქმეში წარმოდგენილი ვეტერინალური მოწმობებით (ტ.1, ს.ფ. 197-201) დადგენილია გარემოება, რომ ქაღალდში გახვეული ხორცი გამოსაყენებლად ვარგისი იყო, არ მიუთითებს მოსარჩელის მხრიდან ხელშეკრულების დარღვევაზე.
22. პალატა არც კონტეინერებთან დაკავშირებით მეორე კასატორის პრეტენზიას არ იზიარებს. დადგენილია, რომ მოსარჩელეს დარღვევა დაუდგინდა და პირგასამტეხლო დაეკისრა იმის გამო, რომ დაწესებულებაში ჩატარებული ინსპექტირებისას საკვების ტრანსპორტირებისთვის განკუთვნილი კონტეინერები სასადილოში არ იყო. მოსარჩელის განმარტებით, კონტეინერები გატანილი იყო საჭიროებისამებრ გამოყენების მიზნით. პალატა განმარტავს, რომ ხელშეკრულებით განსაზღვრული არ ყოფილა მოსარჩელის ვალდებულება იმის შესახებ, რომ დაწესებულებაში მას მუდმივად ჰქონოდა სპეციალური კონტეინერები. ხელშეკრულების ამ ნაწილში დარღვევის დასადგენად საჭირო იყო, რომ მიმწოდებლის მიერ საკვების ტრანსპორტირება განხორციელებულიყო არასპეციალური კონტეინერით. განსახილველ შემთხვევაში, შემოწმება განხორციელდა სამზარეულოში და არა საკვების ტრანსპორტირებისას. მოპასუხე არსად მიუთითებს კონკრეტულ ტრანსპორტირებაზე, შესაბამისად, დარღევის ოქმში და არც სხვა რაიმე მტკიცებულებაში მოსარჩელის მხრიდან დარღვევის ფაქტი არ გამოვლენილა. კომისიის წევრებისათვის ერთჯერადი კონტეინერების ჩვენებაც ვერ გამოდგება საფუძვლიან არგუმენტად, რადგან არც ამ შემთხვევაში არ შემოწმებულა კონტეინერები ტრანსპორტირებისას.
23. აქვე პალატა ეთანხმება ქვემდგომი ინსტანციების მსჯელობას, რომ ინსპექტირების აქტში მითითებული ფაქტები მხარეთა შორის მოქმედი ხელშეკრულების ბუნებიდან გამომდინარე წარმოადგენს მიმდინარე სამუშაო პროცესში გამოვლენილ ფაქტებს და ხელშეკრულების მიზნიდან გამომდინარე ვერ განიხილება მოსარჩელის მიერ ვალდებულების დარღვევად. მოპასუხის გადაწყვეტილება პირგასამტეხლოს დაკისრების თაობაზე, მხარეთა შორის არსებული სახელშეკრულებო ურთიერთობის ფარგლებში, მიმართული იყო არა ვალდებულების შესრულებისაკენ, არამედ მხარისათვის არაგონივრული პირგასამტეხლოს დაკისრებისაკენ, რაც სამოქალაქო სამართალში მოქმედ პრინციპებს ეწინააღმდეგება და აზიანებს სახელშეკრულებო ურთიერთობას.
24. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო პალატის დასკვნებს მეორე კასატორის პრეტენზიებთან დაკავშირებით და მიუთითებს, რომ სააპელაციო პალატამ სწორად დაადგინა, რომ ხელშეკრულების დარღვევას, ხორცის შეფუთვისა და მისი ტრანსპორტირების შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია, შესაბამისად, სწორად მოხდა მოსარჩელისათვის აღნიშნული მიზეზით დაკისრებული პირგასამტეხლოს გაუქმება.
25. რაც შეეხება დაზიანებული დაფებისა და მაგიდების გამოყენების გამო ხელშეკრულების დარღვევას და ამის გამო დაკისრებული პირგასამტეხლოს ოდენობას, პალატამ აღნიშნულის კანონიერებასთან დაკავშირებით ზემოთ უკვე იმსჯელა.
26. ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. “ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ’’, N 7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81); Boldea v. Romania, par. 30) (იხ. სუსგ, საქმე N182-182-2018).
27. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტების ფარგლებში, რაც სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის (სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლი), კასატორებმა ვერ შეძლეს დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიის წარმოდგენა, რითაც ვერ დაძლიეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება და ვერ შეძლეს მისი გაბათილება სარწმუნო მტკიცებულებებით. საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. ასეთ საფუძველზე ვერც კასატორები მიუთითებენ.
28. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივრების დასაშვებობის წინაპირობები არ არსებობს, რაც მათი არსებითად განსახილველად დაუშვებლად ცნობის სამართლებრივი საფუძველია.
29. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401.4 მუხლით, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.
30. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - სპეციალური პენიტენციური გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. რაც შეეხება შ.პ.ს. „ი.ჯ–ს", კასატორს უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის ანგარიშში გადახდილი 300 ლარის 70% - 210 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შ.პ.ს. „ი.ჯ“-ს და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - სპეციალური პენიტენციური სამსახურის საკასაციო საჩივრები, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად.
2. შ.პ.ს. „ი.ჯ–ს" (ს/ნ ....) დაუბრუნდეს ბ.ნ–ძის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის _ 300 ლარის (საგადახდო დავალება № 18073065902, გადახდის თარიღი: 03.08.2023, ს.ს. „საქართველოს ბანკი“) 70% – 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი: TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი: 300773150.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი
ამირან ძაბუნიძე
თეა ძიმისტარაშვილი