Facebook Twitter

20 დეკემბერი 2023 წელი

№ას-1553-2022 თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ამირან ძაბუნიძე

თეა ძიმისტარაშვილი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი _ შ.პ.ს. „T. G.“

მოწინააღმდეგე მხარეები _ შ.პ.ს. ,,Z.G.“; შ.პ.ს. „ე.კ–ი“

გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 11 ოქტომბრის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად იმავე სასამართლოში დაბრუნება

დავის საგანი _ განვადებით ნასყიდობის ხელშეკრულებიდან გასვლა, ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა, ქონების დაბრუნება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. შ.პ.ს. ,,T. G.“-მ სარჩელით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოპასუხეების: შ.პ.ს. „Z.G.“-ს და შ.პ.ს. „ე.კ“-ს მიმართ, შემდეგი მოთხოვნებით:

1.1. 2016 წლის 09 თებერვალს მოსარჩელესა და შ.პ.ს. „Z.G.“-ს შორის გაფორმებული ხელშეკრულების მოშლა მოძრავი ქონების განვადებით ნასყიდობის ნაწილში.

1.2. შ.პ.ს. „ე.კ”-სა და შ.პ.ს. „Z.G.”-ს შორის გაფორმებული მოძრავი ქონების ნასყიდობის შესახებ ხელშეკრულების ბათილად ცნობა.

1.3. შ.პ.ს. „ე.კ–იისაგან“ ნასყიდობის საგნების (თურქული კომპანიის T. M-ს მიერ წარმოებული მეორეული (გამოყენებული) ქვის სამტვრევი, სკრინინგისა და სარეცხი ობიექტი, რომელიც შემოიფარგლება შემდეგი ნაწილებით: - 1 ერთეული TVI 900/3 ვერტიკალური გამანადგურებელი; - 2 ერთეული HY 750/2 სპირალური სარეცხი; - 2 სახის ST 20-60/3 საცერის კორპუსი; - 1 სახის ელექტროგაყვანილობების კონტროლის კაბინეტი; - 1 ერთეული 200 KW დენის ძრავი; - 2 ერთეული 2000X6000 საცერის წინა ღარის კოლექტორი; - 1 ერთეული 25მ3 ბუნკერის ქვედა ძაბრი; - 8 ერთეული საცერის შასის ნაწილები) გამოთხოვა და მოსარჩელისათვის დაბრუნება.

2. მოპასუხეებმა წარმოდგენილი შესაგებლებით სარჩელი არ ცნეს.

3. ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 31 დეკემბრის გადაწყვეტილებით - სარჩელი დაკმაყოფილდა. მოშლილად იქნა აღიარებული 2016 წლის 09 თებერვალს მოსარჩელესა და მოპასუხე შ.პ.ს. „Z.G.“-ს შორის გაფორმებული ხელშეკრულება მოძრავი ქონების განვადებით ნასყიდობის ნაწილში. ბათილად იქნა ცნობილი 2016 წლის 18 აპრილს მოპასუხეებს შორის გაფორმებული მოძრავი ქონების ნასყიდობის შესახებ ხელშეკრულება. მოპასუხე შ.პ.ს. „ე.კ”-ს დაევალა გადაეცა მოსარჩელისათვის შემდეგი მოძრავი ქონება: თურქული კომპანიის T.M-ს მიერ წარმოებული მეორეული (გამოყენებული) ქვის სამტვრევი, სკრინინგისა და სარეცხი ობიექტი, რომელიც შემოიფარგლება შემდეგი ნაწილებით: - 1 ერთეული TVI 900/3 ვერტიკალური გამანადგურებელი; - 2 ერთეული HY 750/2 სპირალური სარეცხი; - 2 სახის ST 20-60/3 საცერის კორპუსი; - 1 სახის ელექტროგაყვანილობების კონტროლის კაბინეტი; - 1 ერთეული 200 KW დენის ძრავი; - 2 ერთეული 2000X6000 საცერის წინა ღარის კოლექტორი; - 1 ერთეული 25მ3 ბუნკერის ქვედა ძაბრი; - 8 ერთეული საცერის შასის ნაწილები. საქმეზე ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 02 აგვისტოს განჩინებით გამოყენებული უზრუნველყოფა დარჩა უცვლელი. გადაწყვეტილება მიექცა დაუყონებლივ აღსასრულებლად.

4. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრეს მოპასუხეებმა, მოითხოვეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილებით, განვადებით ნასყიდობის ხელშეკრულებიდან გასვლისა და მოძრავ ქონებაზე ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის ნაწილში სარჩელის განუხილველად დატოვება; მოძრავი ქონების გამოთხოვის (ვინდიკაცია) ნაწილში სარჩელზე წარმოების შეწყვეტა.

5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 11 ოქტომბრის გადაწყვეტილებით - სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 31 დეკემბრის გადაწყვეტილება; სასარჩელო მოთხოვნა მოსარჩელესა და შ.პ.ს. „Z.G.“-ს შორის დადებული 2016 წლის 09 თებერვლის ხელშეკრულების განვადებით ნასყიდობის ნაწილში მოშლილად აღიარებისა და მოძრავ ქონებაზე შ.პ.ს. „Z.G.“-ს და შ.პ.ს. „ე.კ”-ს შორის 2016 წლის 18 აპრილის ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის თაობაზე დარჩა განუხილველად. სასარჩელო მოთხოვნა შ.პ.ს. „ე.კ–ისაგან” მოძრავი ქონების დაბრუნების (ვინდიკაცია) ნაწილში არ დაკმაყოფილდა. გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 02 აგვისტოს განჩინებით (საქმე N 300-უზრ/2016წ.) გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება და ყადაღისაგან გათავისუფლდა ამ განჩინების საფუძველზე ქ. ბათუმში, დაბა ხელვაჩაურში, ..... მდებარე, შ.პ.ს. „ე.კ–ი”-ს (ს/კ .....) კუთვნილ მიწის ნაკვეთზე (უძრავი ქონების ს/კ ......) განთავსებული შემდეგი მოძრავი ნივთები: თურქული კომპანიის T. M-ს მიერ წარმოებული მეორეული (გამოყენებული) ქვის სამტვრევი, სკრინინგი და სარეცხი ობიექტი, კერძოდ: 1 ერთეული TVI 900/3 ვერტიკალურ გამანადგურებელიი; 2 ერთეული HY 750/2 სპირალური სარეცხი; 2 სახის ST 20-60/3 საცერის კორპუსის; 1 სახის ელექტროგაყვანილობების კონტროლის კაბინეტი; 1 ერთეული 200 KW დენის ძრავა; 2 ერთეული 2000X6000 საცერის წინა ღარის კოლექტორი; 1 ერთეული 25მ3 ბუნკერის ქვედა ძაბრი; 8 ერთეული საცერის შასის ნაწილები. გადაწყვეტილება დაეფუძნა შემდეგ ფაქტობრივსამართლებრივ დასაბუთებას:

5.1. 2016 წლის 09 თებერვალს მოსარჩელესა და შ.პ.ს. „Z.G.“-ს შორის დაიდო ნასყიდობისა და ვალის აღიარების შესახებ №20012016 ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე, მოსარჩელემ შ.პ.ს. „Z.G.“-ს განვადებით მიჰყიდა საკუთრებაში არსებული თურქული კომპანიის T.M-ს მიერ წარმოებული მეორეული (გამოყენებული) ქვის სამტვრევი, სკრინინგისა და სარეცხი ობიექტი. მხარეთა შეთანხმებით ნასყიდობის ფასი - 175 000 აშშ დოლარი უნდა გადახდილიყო ეტაპობრივად: 2016 წლის 01 ივლისს - 100 000 აშშ დოლარი; 2016 წლის 01 დეკემბერს -100 000 აშშ დოლარი; 2017 წლის 01 ივნისს - 106 339 აშშ დოლარი.

5.2. ნასყიდობისა და ვალის აღიარების შესახებ №20012016 ხელშეკრულების გაფორმებამდე მოძრავი ნივთები (დასაქუცმაცებელი მანქანა, თურქული კომპანიის T.M-ს მიერ წარმოებული მეორეული (გამოყენებული) ქვის სამტვრევი, სკრინინგისა და სარეცხი ობიექტი) გირავნობის უფლებით დატვირთული იყო ს.ს. „ბ.ქ–უს“ სასარგებლოდ მოსარჩელის ვალდებულების უზრუნველსაყოფად.

5.3. 2016 წლის 18 აპრილს შ.პ.ს. „Z.G.“-მ მოსარჩელისგან შეძენილი მოძრავი ნივთები მიჰყიდა შ.პ.ს. „ე.კ“-ს.

5.4. 2019 წლის 10 აპრილს გირავნობით დატვირთული მოძრავი ნივთები გაიყიდა იძულებით აუქციონზე, სადაც აღნიშნული ნივთების შემძენი გახდა ს.ს. „ბ.ქ–უ“, რომელიც დღევანდელი მდგომარეობით წარმოადგენს სადავო ნივთების მესაკუთრეს.

5.5. კანონიერ ძალაში შესული ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 10 თებერვლის განჩინებით მოსარჩელეს უარი ეთქვა მის უფლებამონაცვლედ ს.ს. „ბ.ქ–უს“ დაშვებაზე ვინდიკაციური მოთხოვნის ფარგლებში.

5.6. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ სადავო მოძრავ ნივთებზე 2016 წლის 9 თებერვალს მოსარჩელესა და შ.პ.ს. „Z.G.“-ს შორის გაფორმებული განვადებით ნასყიდობის ხელშეკრულების მოშლილად აღიარებისა და მოპასუხეებს შორის 2016 წლის 18 აპრილს დადებული გარიგების ბათილად ცნობის სასარჩელო მოთხოვნები თავისი ბუნებით აღიარებითია, რომლის მიმართაც მოსარჩელის იურიდიულ ინტერესს წარმოადგენდა ვინდიკაციური მოთხოვნის დაკმაყოფილება და გადაცემული ნივთების მისთვის, როგორც მესაკუთრისათვის დაბრუნება. აღიარებითი სარჩელის სამართლებრივი ბუნების შესახებ საკასაციო სასამართლომ არაერთ გადაწყვეტილებაში/განჩინებაში განმარტა, რომ აღიარებითი სარჩელის დასაშვებობის ისევე, როგორც მისი დასაბუთებულობის საკითხის შემოწმება სამართლის საკითხია და აქედან გამომდინარე, სასამართლომ პროცესის მონაწილე მხარის პრეტენზიის არარსებობის პირობებშიც, საკუთარი ინიციატივით უნდა შეამოწმოს სარჩელის დასაშვებობა საქმისწარმოების ნებისმიერ ეტაპზე. კანონის დანაწესიდან გამომდინარე, აღიარებითი მოთხოვნა დასაშვებია, თუ იკვეთება მოსარჩელის იურიდიული ინტერესი, რომ ასეთი აღიარება სასამართლოს გადაწყვეტილებით მოხდეს. ამიტომაც, ამ ტიპის სარჩელებს „უფლების დამდგენ“ სარჩელებსაც უწოდებენ. მიკუთვნებითი სარჩელებისგან განსხვავებით, აღიარებითი სარჩელის დავის საგანია თვით მატერიალურ სამართლებრივი ურთიერთობა, რომელიც სუბსიდიურია და იურიდიული ინტერესის არსებობა გამორიხულია, თუ შესაძლებელია მოპასუხის მიმართ მიკუთვნებითი, მავალდებულებელი, აღსასრულებელი მოთხოვნების წარდგენა.

5.7. როდესაც სადავო მოძრავი ნივთები ს.ს. „ქ.ბ“-ს საკუთრებაშია გადასული, მოსარჩელეს სასურველი იურიდიული შედეგი - მოპასუხეთაგან გამოთხოვილი იქნეს ეს ნივთები და გადაეცეს მას ვერ მიიღწევა და ვერ აღსრულდება. როგორც უკვე აღინიშნა, სამართალწარმოების მიზანი პირის დარღვეული უფლების დაცვა და აღდგენაა, რაც მოიცავს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების პროცესს. გადაწყვეტილება აღსრულებადი უნდა იყოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, მხარისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილებითაც კი ვერ დაკმაყოფილდება მისი სამართლებრივი ინტერესი. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ როგორი სწრაფიც არ უნდა იყოს მართლმსაჯულება, როგორი სამართლიანი და კანონიერიც არ უნდა იყოს სასამართლო გადაწყვეტილება, მართლმსაჯულების მიზნები და ამოცანები განუხორციელებელი რჩება, თუ არ მოხდება გადაწყვეტილების აღსრულება.

5.8. ვინაიდან, სადავო მოძრავ ნივთებზე, 2016 წლის 9 თებერვალს, მოსარჩელესა და შ.პ.ს. „Z.G.“-ს შორის გაფორმებული განვადებით ნასყიდობის ხელშეკრულების მოშლილად აღიარებისა და შ.პ.ს. „Z.G.“-ს და შ.პ.ს. „ე.კ“-ს შორის 2016 წლის 18 აპრილს დადებული გარიგების ბათილად ბათილად ცნობის თაობაზე, სასარჩელო მოთხოვნის იურიდიული ინტერესი ამ ნივთების დაბრუნება წარმოადგენდა, რომლის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველიც აღარ არსებობს, პალატამ მიიჩნია, რომ აღიარებითი მოთხოვნების ნაწილში სარჩელი განუხილველად უნდა დარჩენილიყო.

6. სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, მოითხოვა მისი გაუქმება და საქმის სააპელაციო სასამართლოსთვის ხელახლა განსახილველად დაბრუნება, შემდეგი საფუძვლებით:

6.1. კასატორის მტკიცებით, არ ვლინდებოდა პირველი ორი სასარჩელო მოთხოვნის ნაწილში სარჩელის განუხილველად დატოვების საფუძველი. მცდარია ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს დასკვნა, რომ მოსარჩელეს ამ მოთხოვნების მიმართ არ გააჩნდა იურიდიული ინტერესი. ყურადსაღებია, რომ იმ შემთხვევაში, თუკი პირველი ორი სასარჩელო მოთხოვნა იურიდიული ინტერესის არარსებობის გამო, განუხილველი დარჩება, მიიჩნევა, რომ მოპასუხე შ.პ.ს. „ე.კ–ი“ იყო სადავო ქონების კანონიერი მესაკუთრე, რაც სამოქალაქო კოდექსის 292-ე, 56-ე, 976-ე და 991-ე მუხლების საფუძველზე, მისცემს შესაძლებლობას მოსთხოვოს მოსარჩელეს ნასყიდობის საგნის საბაზრო ღირებულების ანაზღაურება. გარდა ამისა, მოსარჩელეს იურიდიული ინტერესი პირველი ორი სასარჩელო მოთხოვნების მიმართ გააჩნია იმის გამოც, რომ მოსარჩელესა და მოპასუხე შ.პ.ს. „Z.G.”-ს შორის გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე შემოსავლების სამსახურმა მოსარჩელეს დააკისრა დ.ღ.გ - 66 400 ლარი და ჯარიმა - 33200 ლარი. მოსარჩელესა და შ.პ.ს. „Z.G.”-ს შორის გაფორმებული ხელშეკრულების ნასყიდობის ნაწილში მოშლისა და მოპასუხეებს შორის დადებული ხელშეკრულების ბათილად ცნობის შემთხვევაში კი, დარიცხული დღგ და ჯარიმები გაუქმდება.

6.2. გაუგებარია გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნა, რომ სადავო მოძრავი ნივთების ს.ს. „ბ.ქ“-ს საკუთრებაში გადასვლის გამო, პირველი ორი სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების შემთხვევაში, გადაწყვეტილება ვერ აღსრულდება.

6.3. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-2 და 180-ე მუხლებსა და საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლს.

6.4. მიუხედავად იმისა, რომ პირველი ორი სასარჩელო მოთხოვნა განუხილველად იქნა დატოვებული საქმეზე მიღებული შემაჯამებელი გადაწყვეტილებით, რომელიც საკასაციო საჩივრით საჩივრდება, სააპელაციო სასამართლომ მიუთითა გადაწყვეტილებაში, რომ სარჩელის განუხილველად დატოვების ნაწილში გადაწყვეტილება საჩივრდება კერძო საჩივრით, რაც ეწინააღმდეგება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 414-ე მუხლს.

7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია:

8. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.

9. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.

10. კასატორის პრეტენზია მდგომარეობს იმაში, რომ არ არსებობდა იურიდიული ინტერესის არარსებობის გამო პირველი ორი სასარჩელო მოთხოვნის განუხილველად დატოვების წინაპირობა.

11. პირველ რიგში, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საკასაციო საჩივარში ასახული საკასაციო პრეტენზიები მიმართულია სააპელაციო პალატის მიერ პირველი ორი სასარჩელო მოთხოვნის განუხილველად დატოვების უსაფუძვლობაზე, რაც კერძო საჩივრის ფარგლებში განსახილველი საკითხია და პალატა მათზე წინამდებარე განჩინების ფარგლებში ვერ იმსჯელებს.

12. საკასაციო სასამართლო ეთანხმება ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს დასკვნას სავინდიკაციო მოთხოვნის უსაფუძვლობაზე, შემდეგ გარემოებათა გამო:

გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილად იქნა მიჩნეული და არც საკასაციო საჩივრით არის სადავოდ გამხდარი, რომ სადავო მოძრავი ნივთები, რომლებიც ს.ს. „ბ.ქ“-ს სასარგებლოდ მოსარჩელის მიერ იყო გირავნობის უფლებით დატვირთული, 2019 წლის 10 აპრილს გაიყიდა იძულებით აუქციონზე, სადაც აღნიშნული ნივთების შემძენი და მესაკუთრე გახდა ს.ს. „ბ.ქ–უ“.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, ვინდიკაციურ სარჩელში უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლი. აღნიშნული მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება. ეს ნორმა ითვალისწინებს მესაკუთრის უფლების დაცვის შესაძლებლობას ვინდიკაციური სარჩელის მეშვეობით იმ შემთხვევაში, როცა შელახულია ნივთზე მესაკუთრის მფლობელობა, კერძოდ, როცა მესაკუთრის ქონება უკანონო მფლობელის ხელთაა.

ვინდიკაციური სარჩელის დაკმაყოფილებისათვის სავალდებულოა, რომ არსებობდეს შემდეგი წინაპირობები: ა) მოსარჩელე უნდა იყოს ნივთის მესაკუთრე; ბ) მოპასუხე უნდა იყოს ნივთის მფლობელი; გ) მოპასუხეს არ უნდა ჰქონდეს ნივთის ფლობის უფლება. პირველი წინაპირობის არარსებობა თავშივე გამორიცხავს ვინდიკაციური სარჩელის დაკმაყოფილების შესაძლებლობას. შესაბამისად, მოსარჩელემ უპირველესად ის გარემოება უნდა ამტკიცოს, რომ იგი სადავო ნივთის მესაკუთრეს წარმოადგენს (იხ. სუსგ საქმე №ას-1081-1032-2013, 31 მარტი, 2016 წელი).

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სარჩელის თანახმად, მოსარჩელის ვინდიკაციური მოთხოვნის დაკმაყოფილების წინაპირობას აღიარებითი სასარჩელო მოთხოვნების დაკმაყოფილების საფუძველზე მოსარჩელის საკუთრების უფლების აღდგენა წარმოადგენს.

მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან, სადავო მოძრავ ნივთებს ჰყავს ახალი მესაკუთრე - ს.ს. „ბ.ქ–უ“, მოსარჩელის საკუთრების უფლება მათზე აღიარებითი სარჩელის დაკმაყოფილების პირობებშიც ვერ აღდგება, რაც საკასაციო პალატის განსჯით, გამორიცხავს ვინდიკაციური სარჩელის საფუძვლიანობას.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პლატას მიაჩნია, რომ არ ვლინდებოდა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე, 172-ე მუხლების საფუძველზე სადავო მოძრავი ნივთების მოპასუხის მფლობელობიდან გამოთხოვის თაობაზე სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების ფაქტობრივსამართლებრივი საფუძველი.

13. როგორც უკვე აღინიშნა, საკასაციო პალატა საკასაციო საჩივრის ფარგლებში არ იმსჯელებს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს მიერ აღიარებითი სარჩელის განუხილველად დატოვების მართებულობაზე, ვინაიდან აღნიშნულ საკითხზე საკასაციო პალატამ უკვე იმსჯელა მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი კერძო საჩივრის განხილვისას.

14. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტების ფარგლებში, რაც სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის (საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლი), კასატორმა ვერ შეძლო დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიის წარმოდგენა, რითაც ვერ დაძლია გასაჩივრებული გადაწყვეტილების ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება და ვერ შეძლო მისი გაბათილება სარწმუნო მტკიცებულებებით. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. ასეთ საფუძველზე ვერც კასატორი მიუთითებს. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

15. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობები არ არსებობს, რაც მისი არსებითად განსახილველად დაუშვებლად ცნობის სამართლებრივი საფუძველია.

16. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401.4 მუხლის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. შესაბამისად, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70% – 210 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. შ.პ.ს. ,,T. G.“-ს საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად.

2. შ.პ.ს. ,,T. G.“-ს (ს/ნ .....) დაუბრუნდეს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის – 300 ლარის (საგადასახადო დავალება №6017, გადახდის თარიღი: 20.01.2023წ, გადამხდელის ბანკი: ს.ს. „თიბისი ბანკი“) 70% – 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლეები : ლაშა ქოჩიაშვილი

ამირან ძაბუნიძე

თეა ძიმისტარაშვილი