Facebook Twitter

28 მაისი 2024 წელი

№ას-1597-2023 თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ამირან ძაბუნიძე

თეა ძიმისტარაშვილი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი - ნ.ქ–ი

მოწინააღმდეგე მხარე - ს.ს. „ბ“

გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 22 ნოემბრის განჩინება

დავის საგანი - თანხის დაკისრება, იპოთეკის საგნის რეალიზაცია

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 28 ივნისის გადაწყვეტილებით ს.ს. ,,ბ’’-ს სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. მოპასუხე ნ.ქ–ს ს.ს. „ბ“-ს სასარგებლოდ დაეკისრა 2021 წლის 04 თებერვლის N670.1878928.001-001 საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე 32938,17 ა.შ.შ. დოლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა 28813,24 ა.შ.შ. დოლარი, პროცენტი - 2701,28 ა.შ.შ. დოლარი, პირგასამტეხლო - 1341.26 ა.შ.შ. დოლარი და დაზღვევა - 82,39 ა.შ.შ. დოლარი. დავალიანების დაფარვის მიზნით სარეალიზაციოდ მიექცა ს.ს. ,,ბ’’-ს სასარგებლოდ იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონება, მდებარე ქ. ბათუმი, ........, ს/კ ........, რომელზეც რეგისტრირებულია ნ.ქ–ის საკუთრების უფლება. ამავე გადაწყვეტილებით დადგინდა, რომ იმ შემთხვევაში, თუ იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების რეალიზაციის შედეგად სრულად არ დაკმაყოფილდება ს.ს. ,,ბ’’-ს მოთხოვნა, განხორციელდება ნ.ქ–ის საკუთრებაში არსებული სხვა უძრავი ქონების რეალიზაცია.

2. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა ნ.ქ–მა.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 26 ოქტომბრის განჩინებით, ნ.ქ–ის შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების თაობაზე არ დაკმაყოფილდა, სააპელაციო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი, რომლის შევსების მიზნითაც, აპელანტს განჩინების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში დაევალა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში დაზუსტებული სააპელაციო საჩივრის, მისი ელექტრონული ვერსიისა და სახელმწიფო ბაჟის - 32 938.17 ა.შ.შ. დოლარის ეკვივალენტი ლარის 4%-ის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედნის წარდგენა. ამავე განჩინებით განემარტა, რომ სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობა გამოიწვევდა სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვებას.

4. ზემოაღნიშნული განჩინება გაეგზავნა აპელანტის წარმომადგენელ გ.გ–ძეს (იხ. მინდობილობა, ტ.1, ს.ფ. 82-84) სააპელაციო საჩივარში მითითებულ მისამართზე და 2023 წლის 02 ნოემბერს პირადად ჩაბარდა.

5. დადგენილია, რომ აპელანტს (წარმომადგენელს) სასამართლოს განჩინებით განსაზღვრულ ვადაში სააპელაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზი არ შეუვსია და არც რაიმე შუამდგომლობით მიუმართავს სააპელაციო სასამართლოსთვის.

6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 22 ნოემბრის განჩინებით, სააპელაციო საჩივარი, ხარვეზის ვადაში შეუვსებლობის მოტივით, დატოვებულ იქნა განუხილველად.

7. განჩინება სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ გაეგზავნა აპელანტის წარმომადგენელ გ.გ–ძეს და ჩაბარდა მის მამას რ.გ–ძეს 2023 წლის 04 დეკემბერს.

8. ზემოაღნიშნული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა აპელანტის წარმომადგენელმა. კერძო საჩივრის ავტორი სადავოდ არ ხდის გასაჩივრებულ განჩინებაში მითითებულ ფაქტობრივ გარემოებებს, მათ შორის, დოკუმენტების ჩაბარების თარიღებსა და ვადებს, თუმცა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ სააპელაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟი არ იყო გადახდილი აპელანტის მატერიალური მდგომარეობის გამო. ვინაიდან, აპელანტს არ ჰქონდა სახელმწიფო ბაჟის გადახდის ფინანსური შესაძლებლობა წაერთვა სასამართლოსადმი მიმართვისა და გასაჩივრების უფლება, რაც აპელანტის წარმომადგენლის აზრით, სამოქალაქო სამართლის პრინციპების უხეშ დარღვევას წარმოადგენს. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კერძო საჩივრის ავტორის წარმომადგენელმა მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად სააპელაციო სასამართლოში დაბრუნება.

9. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 10 იანვრის განჩინებით, ნ.ქ–ის კერძო საჩივარი, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 414-416-ე მუხლების საფუძველზე, მიღებული იქნა განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო, კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, გასაჩივრებული განჩინება კი უნდა დარჩეს უცვლელად, შემდეგ გარემოებათა გამო:

10. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლით, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს/კერძო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

11. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას საკასაციო საჩივრის ფარგლებში. საკასაციო სასამართლოს არ შეუძლია თავისი ინიციატივით შეამოწმოს საპროცესო დარღვევები, გარდა 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ” ქვეპუნქტში მითითებული ფაქტებისა.

12. წინამდებარე კერძო საჩივრის ფარგლებში საკასაციო პალატის მსჯელობის საგანია სააპელაციო სასამართლოს განჩინების მართლზომიერების საკითხი, რომლითაც სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად იმ საფუძვლით, რომ აპელანტმა არ შეავსო სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ხარვეზი საამისოდ სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში.

13. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ ნორმის მოთხოვნებს, ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება და, იმავე კოდექსის 374-ე მუხლის პირველი ნაწილის გათვალისწინებით, დარჩება განუხილველად დაუშვებლობის გამო.

14. ამდენად, თუ სააპელაციო საჩივარი ხარვეზიანია, სასამართლო განსაზღვრავს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც ხარვეზის შევსების მიზნით უნდა განხორციელდეს და აპელანტს დაუნიშნავს ვადას, რომლის განმავლობაშიც ის ვალდებულია, შეასრულოს განჩინებაში მითითებული მოქმედებები. წინააღმდეგ შემთხვევაში, სააპელაციო საჩივარი დარჩება განუხილველად.

15. საკასაციო პალატა მიუთითებს საქმეში არსებულ მასალებზე, რომლითაც დასტურდება, რომ ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინება აპელანტის წარმომადგენელ გ.გ–ძეს გაეგზავნა საქმის მასალებში (შესაგებელში, სააპელაციო საჩივარსა და განცხადებებში) მის მიერ მითითებულ მისამართზე: ქ. თბილისი, ........ და პირადად ჩაბარდა მას 2023 წლის 02 ნოემბერს (იხ. ტ.1, ს.ფ. 125).

16. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის მერვე ნაწილის თანახმად, ფოსტის ან კურიერის მეშვეობით მოქალაქისათვის გაგზავნილი სასამართლო უწყება მას უნდა ჩაჰბარდეს პირადად, ხოლო მოქალაქის სამუშაო ადგილზე, ასევე ორგანიზაციისათვის გაგზავნილი უწყება უნდა ჩაჰბარდეს კანცელარიას ან ასეთივე დანიშნულების სტრუქტურულ ერთეულს ანდა პირს, ხოლო ასეთის არყოფნის შემთხვევაში - ორგანიზაციის შესაბამის უფლებამოსილ პირს, რომელიც უწყებას ადრესატს გადასცემს. მოქალაქეს ან ორგანიზაციას სასამართლო უწყება ასევე შესაძლოა გადაეცეს მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული ჩაბარების განსხვავებული წესით. ამ ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში უწყების ჩაბარება დასტურდება მის მეორე ეგზემპლარზე უწყების მიმღების ხელმოწერით.

17. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ვადაში, ხოლო თუ საპროცესო ვადა კანონით არ არის დადგენილი, მას განსაზღვრავს სასამართლო. საპროცესო ვადის ხანგრძლივობის განსაზღვრისას სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს იმ საპროცესო მოქმედების შესრულების შესაძლებლობა, რისთვისაც ეს ვადა დაინიშნა.

18. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი.

19. ამავე კოდექსის 61-ე-63-ე მუხლების მიხედვით კი, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება, შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ხოლო საჩივარი ან საბუთები, რომელიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველად დარჩება.

20. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 64-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს მიერ დანიშნული ვადა, თუ კანონით სხვა რამ არის დადგენილი, სასამართლომ შეიძლება გააგრძელოს მხარეთა თხოვნით ან თავისი ინიციატივით. ამავე კოდექსის 65-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულებისათვის განსაზღვრული ვადა, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, სასამართლომ შეიძლება აღადგინოს, თუ ცნობს, რომ საპროცესო მოქმედება საპატიო მიზეზით არ შესრულდა. საპატიო მიზეზად ჩაითვლება ამ კოდექსის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილში მითითებული გარემოებები.

21. მითითებული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ მხარე ვალდებულია, სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში შეასრულოს დავალებული საპროცესო მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში, იგი კარგავს შესაბამისი მოქმედების შესრულების უფლებას.

22. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ აპელანტისათვის ხარვეზის გამოსწორების 10 დღის ვადის ათვლა 2023 წლის 03 ნოემბრიდან (შეტყობინების ჩაბარების მეორე დღე) დაიწყო და მიმდინარეობდა 2023 წლის 12 ნოემბრის ჩათვლით. აპელანტს სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზი არ შეუვსია და არც შეუვსებლობის მიზეზების შესახებ უცნობებია სასამართლოსათვის.

23. პალატა ყურადღებას მიაპყრობს საქმის მასალებში არსებულ მინდობილობას, რომლითაც კერძო საჩივრის ავტორმა გ.გ–ძეს მიანიჭა საპროცესო წარმომადგენლობის უფლება სამოქალაქო საქმეებზე ყველა ინსტანციის სასამართლოში, სასამართლო აქტების გასაჩივრების უფლებამოსილების ჩათვლით (ტ.1, ს/ფ 82-84), ამრიგად, სასამართლო გზავნილი ჩაბარებულია უფლებამოსილი პირისათვის. აღნიშნულს არც კერძო საჩივრის ავტორი არ ხდის სადაოდ.

24. კერძო საჩივრის პრეტენზია მიემართება იმ გარემოებას, რომ სააპელაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის გადაუხდელობა აპელანტის ფინანსური პრობლემების შედეგია, ხოლო მისთვის გასაჩივრების უფლებაზე უარის თქმა და სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვება არაკანონიერია.

25. ვინაიდან, აპელანტი სააპელაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზის შეუვსებლობის მოტივად ფინანსური უზრუნველყოფის არქონას ასახელებს და ამავდროულად სააპელაციო საჩივრის წარდგენისას აპელანტი სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადებაზე შუამდგომლობდა, პალატას მიზანშეწონილად მიაჩნია იმსჯელოს აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით და მოიხმობს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 48-ე მუხლის პირველ ნაწილს, რომლის თანახმადაც, სასამართლოს, მხარეთა ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით, შეუძლია ერთ ან ორივე მხარეს გადაუვადოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდა ანდა შეამციროს მათი ოდენობა, თუ მხარე სასამართლოს უტყუარ მტკიცებულებებს წარუდგენს.

26. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი და მეორე წინადადების თანახმად, სასამართლოში საქმის განხილვისას შუამდგომლობა სასამართლოს წარედგინება წერილობითი ფორმით, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მხარე ახალი არსებითი გარემოების საფუძველზე შუამდგომლობას დააყენებს სასამართლო სხდომაზე. შუამდგომლობა უნდა იყოს დასაბუთებული, მასში კონკრეტულად უნდა მიეთითოს მოთხოვნა და მისი არგუმენტაცია, რომელიც უნდა შეეხებოდეს მხოლოდ იმ გარემოებებს, რომლებსაც უშუალო კავშირი აქვს შუამდგომლობაში დასმულ მოთხოვნასთან.

27. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს, ხოლო 103-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები.

28. ამრიგად, სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების ან მისი ოდენობის შემცირების შუამდგომლობა სასამართლოს წარედგინება წერილობითი ფორმით, ხოლო დასაბუთების საკმარისობას, შუამდგომლობაში მოხმობილ არგუმენტთა საფუძველზე და დართული მტკიცებულებების შემოწმების შედეგად სასამართლო აფასებს შუამდგომლობის შინაარსობრივი მხარის განხილვისას, მოტივირებული განჩინებით.

29. განსახილველ შემთხვევაში, 2023 წლის 31 ივლისს წარდგენილ სააპელაციო საჩივარს თან არ ერთვოდა სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი, სააპელაციო საჩვარში აპელანტი შუამდგომლობდა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების თაობაზე, თუმცა ყოველგვარი ახსნა-განმარტებისა და მტკიცებულების წარდგენის გარეშე.

30. სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის დადგენის შესახებ გამოტანილი განჩინების (განჩინებაში აპელანტს განემარტა, რომ შუამდგომლობა დაუსაბუთებელი იყო, სააპელაციო საჩივარს თან არ ახლდა აპელანტის მძიმე ქონებრივი მდგომარეობის დამადასტურებელი არანაირი მტკიცებულება, რომლის საფუძველზეც სასამართლო იმსჯელებდა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების თაობაზე) მიღების შემდეგ აპელანტს შეეძლო, სარწმუნო მტკიცებულებათა წარდგენის გზით დაესაბუთებინა აპელანტის მძიმე მატერიალური მდგომარეობა, ან სულ მცირე, რელევანტური მტკიცებულებების მოპოვებისათვის ეშუამდგომლა ხარვეზის შესავსებად დადგენილი ვადის გაგრძელება, ხოლო ვადის საპატიო მიზეზით გაშვების შემთხვევაში - საპროცესო მოქმედების შესასრულებლად განსაზღვრული ვადის აღდგენა. აღნიშნულის ნაცვლად, აპელანტმა აირჩია საპროცესო პასიურობის სტრატეგია, რაც მართებულად გახდა სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველი, ვინაიდან სასამართლო, შებოჭილია რა მხარეთა დისპოზიციურობისა და შეჯიბრებითობის პრინციპებით, საკუთარი ინციატივით ვერ შეასრულებს იმ საპროცესო მოქმედებას, რომლისთვისაც კანონმდებელი ადგენს მხარის აქტიურობის ვალდებულებას შუამდგომლობის სასამართლოში წარდგენის სახით.

31. უსაფუძვლოა კერძო საჩივრის ავტორის პრეტენზია იმასთან დაკავშირებით, რომ მას უკანონოდ წაერთვა სასამართლოსათვის მიმართვისა და გასაჩივრების უფლება, რადგან აპელანტმა არათუ წარმოადგინა მტკიცებულებები, არც კი მიუთითა, თუ რაში მდგომარეობდა მისი ფინანსური პრობლემები. არც პირველი ინსტანციის სასამართლოში განხილვისას, არც სააპელაციო ეტაპზე და არც კერძო საჩივარზე მხარეს არ წარმოუდგენია რაიმე მტკიცებულება, რაც აპელანტის მძიმე მატერიალური მდგომარეობას დაადასტურებდა.

32. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 48-ე მუხლის პირველი ნაწილი მოიცავს იმ ელემენტებს, რომელთა ერთობლიობა უზრუნველყოფს სასამართლოს ხელმისაწვდომობასა და მართლმსაჯულების სამართლიან განხორციელებას. პირის უფლების შეზღუდვა ამ უფლებასა და სახელმწიფო ინტერესებს შორის დასაშვებია სამართლიანი ბალანსის შემთხვევაში. ამგვარი ბალანსი საქართველოს კანონმდებლობით დაცულია, კერძოდ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსით, დაშვებულია რა კონკრეტული შეზღუდვა სამოქალაქო სამართლებრივი უფლებების სასამართლო წესით დაცვისას (სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულება), ასევე გათვალისწინებულია სამართლებრივი მექანიზმები ყველა კატეგორიის პირებისათვის სასამართლოსადმი მიმართვის უფლების უზრუნველსაყოფად. აღნიშნულს ადასტურებს სასამართლოს უფლება, ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯებისაგან გაათავისუფლოს მოქალაქე (სსკ 47-ე მუხლი), აგრეთვე, შუამდგომლობისა და ამ შუამდგომლობის უტყუარად დამადასტურებელი მტკიცებულებების არსებობის შემთხვევაში, მხარეს შეუმციროს ასეთი ხარჯები ან გადაუვადოს მისი გადახდა (სსკ 48-ე მუხლი). სასამართლოს ხელმისაწვდომობის უფლება არ არის სრული და შეიძლება ექვემდებარებოდეს შეზღუდვას, ვინაიდან ხელმისაწვდომობის უფლება თავისი მრავალფეროვანი ბუნებით მოითხოვს სახელმწიფოს მხრიდან რეგულირებას, ამავდროულად, სასამართლო დარწმუნებული უნდა იყოს, რომ ამ უფლების არსი არ იქნება გაუარესებული და რომ გამოსაყენებელი ფარგლები არ ზღუდავს და არ ამცირებს მხარის ხელმისაწვდომობის უფლებას. ამასთან, კანონმდებლობით დადგენილი და გათვალისწინებული გამონაკლისები (სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლება, მისი ოდენობის შემცირება ან გადახდის გადავადება) დასაშვებია მხოლოდ ქონებრივი მდგომარეობის უტყუარად დადასტურების შემთხვევაში, კერძოდ, შუამდგომლობის ავტორი მხარე ვალდებულია, სასამართლოს წინაშე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილი წესით, სათანადო მტკიცებულებების წარდგენის გზით დაადასტუროს მისი მძიმე ქონებრივი მდგომარეობა, რათა სასამართლოს გაუჩნდეს მყარი შინაგანი რწმენა, რომ მხარეს არ შეუძლია გადაიხადოს სახელმწიფო ბაჟი და სწორედ კანონით გათვალისწინებული შეღავათების გამოუყენებლობა გამოიწვევს სადავოდ მიჩნეული უფლების სასამართლოს წესით დაცვის რეალიზების შეზღუდვას მოდავე მხარის მიმართ (იხ. სუსგ. №ას-243-233-2013; №ას-1714-2018).

33. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ, როგორც საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი ნაწილით, ისე - „ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის“ კონვენციის მე-6 მუხლით გარანტირებული უფლების სასამართლო წესით დაცვის პრინციპი (რომელიც სამართლიანი სასამართლოს უფლების შინაარსიდან გამომდინარეობს) არ არის აბსოლუტური და ექვემდებარება შეზღუდვას. უფლებით დაცულ სფეროში ჩარევა გამართლებულია, თუკი იგი ლეგიტიმურ, კანონის მიზანს ემსახურება. განსახილველ შემთხვევაში, ჩარევის ლეგიტიმური საფუძველი სწორედ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლია, რომლის დარღვევის გამო სამართლებრივ შედეგს ამავე მუხლის მე-5 ნაწილი ითვალისწინებს. ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ „არ არსებობს უფლება უფასო სასამართლო პროცედურებზე“. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებით, “სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობის უფლება არ არის აბსოლუტური და იგი შეიძლება, დაექვემდებაროს შეზღუდვებს; აღნიშნული გამომდინარეობს იმ დასკვნიდან, რომ სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობის უფლება „თავისი ბუნებით ექვემდებარება სახელმწიფო რეგულირებას; რეგულაცია შეიძლება განსხვავდებოდეს დროისა და ადგილის მიხედვით, საზოგადოებისა და ინდივიდების რესურსებისა და საჭიროებების საფუძველზე’’ (იხ. Golder judgment, p. 19, para. 38, quoting the "Belgian Linguistic" judgment of 23 July 1968, Series A no. 6, p. 32, para. 5).

34. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ვინაიდან აპელანტს თავისი ქონებრივი მდგომარეობა უტყუარად არ დაუდასტურებია, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ მართებულად დატოვა სააპელაციო საჩივარი განუხილველად. სააპელაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზის შესავსებად აპელანტს სამართლებრივი მნიშვნელობის მოქმედებები არ განუხორციელებია, სახელმწიფო ბაჟთან მიმართებით არ წარუდგენია შუამდგომლობის დამადასტურებელი მტკიცებულებებები, არც რელევანტური მტკიცებულებების მოპოვებისათვის ხარვეზის შესავსებად დადგენილი ვადის გაგრძელება არ უშუამდგომლია. მხარის პასიურობამ საპროცესო უფლებათა ეფექტურად გამოყენების თვალსაზრისით შექმნა გონივრული ვარაუდი, რომ აპელანტმა დავის გაგრძელების ინტერესი დაკარგა.

35. მოცემულ შემთხვევაში, აპელანტს დაუდგინდა გონივრული ვადა სამართლიანი სასამართლოს უფლებით სარგებლობისათვის. თავის მხრივ, მან არ გამოასწორა სასამართლოს მიერ დადგენილი ხარვეზი შესაბამისად, ჩარევის ლეგიტიმურ საფუძველს სწორედ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მე-5 ნაწილი წარმოადგენდა. ამრიგად, საკასაციო პალატა იზიარებს გასაჩივრებული განჩინების შეფასებებსა და დასკვნებს და მიიჩნევს, რომ იგი საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის სწორ გამოყენება-განმარტებას ემყარება, რის წინააღმდეგაც კერძო საჩივრის ავტორს არ მიუთითებია ამავე კოდექსის 393-ე-394-ე მუხლებით გათვალისწინებული დასაბუთებული პრეტენზია, რაც ამ განჩინების გაუქმებაზე უარის თქმის საფუძველია.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ნ.ქ–ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 22 ნოემბრის განჩინება სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი

ამირან ძაბუნიძე

თეა ძიმისტარაშვილი