10 ივნისი 2024 წელი
№ას-1642-2023 თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ამირან ძაბუნიძე
თეა ძიმისტარაშვილი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი - ნ.პ–ი
მოწინააღმდეგე მხარე - ი.ქ–ძე
გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 22 ნოემბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი - თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. ი.ქ–ძემ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას მოპასუხე - ნ.პ–ის მიმართ, მოპასუხისათვის მოსარჩელის სასარგებლოდ სესხის ძირითადი თანხიდან 4 000 ა.შ.შ. დოლარის დაკისრების მოთხოვნით.
2. მოპასუხემ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 10 ნოემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი თანხის დაკისრების თაობაზე დაკმაყოფილდა. მოსარჩელეს მოპასუხის სასარგებლოდ დაეკისრა 4 000 ა.შ.შ. დოლარის ეკვივალენტის ლარში გადახდა.
4. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა მოპასუხემ, მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 22 ნოემბრის განჩინებით, სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება, შემდეგ ფაქტობრივსამართლებრივ საფუძვლებზე მითითებით:
5.1. 2018 წლის 11 ოქტომბერს შედგენილი ხელწერილის თანახმად, ნ.პ–მა, ი.ქ–ძისგან სესხის სახით მიიღო თანხა 20 000 ა.შ.შ. დოლარი, თვეში 5%-იანი სარგებლით და იკისრა ვალდებულება, რომ გადაიხდიდა ყოველთვიურ საპროცენტო სარგებელს ძირითადი თანხის სრულად დაფარვამდე. ხელწერილს ხელს აწერს მოპასუხე ნ.პ–ი (იხ. 2018 წლის 11 ოქტომბრის ხელწერილი ს.ფ. 16).
5.2. განსახილველ სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენს სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე თანხის დაკისრება. მოსარჩელის განმარტებით, მოპასუხეს გადასახდელი აქვს სესხის ძირითადი თანხა 4000 ა.შ.შ. დოლარის ოდენობით.
5.3. მოპასუხემ წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და აღნიშნა, რომ მართალია მოსარჩელესთან ნამდვილად დაიდო სესხის ხელშეკრულება, თუმცა მას თანხა არ გადასცემია.
5.4. სააპელაციო საჩივრით აპელანტს სადავოდ არ გაუხდია ხელწერილის ნამდვილობა, თუმცა მიუთითა, რომ ხელწერილით გათვალისწინებული თანხა არ გადასცემია. გარდა ამისა, იგი უთითებდა, რომ თანხა ფაქტობრივად მიიღო დედამ, რის თაობაზეც დავა მიმდინარეობდა სასამართლოში და მოთხოვნა დაკმაყოფილდა სასარჩელო მოთხოვნაში აღნიშნულ თანხაზე 4 000 ა.შ.შ. დოლარით ნაკლები ოდენობით. შესაბამისად, აპელანტმა ერთის მხრივ მიუთითა, რომ არ გადასცემია სესხის თანხა, ხოლო მეორეს მხრივ აღნიშნა, რომ მან აიღო ვალდებულება დედასთან ერთად გადაეხადა სესხის თანხა, ვინაიდან აღნიშნული თანხა ფაქტობრივად იყო მისი დედის - დ.ო–ძის მიერ სესხის სახით მიღებული თანხა.
5.5. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო სამართალში მოქმედი შეჯიბრებითობის პრინციპზე დაყრდნობით სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მოცემული კატეგორიის დავის სამართლიანი და ობიექტური გადაწყვეტის მიზნებისათვის გამოყენებულ უნდა ყოფილიყო მტკიცების ტვირთის განაწილების სამოქალაქო საპროცესო კოდექსში მოქმედი სტანდარტი, რომლის მიხედვითაც, მოსარჩელემ უნდა დაადასტუროს გარემოებები, რომლებზედაც იგი ამყარებს სასარჩელო მოთხოვნას, ხოლო მოპასუხემ კი ის გარემოებები, რომლებსაც შესაგებელი ეფუძნება.
5.6. პალატამ არ გაიზიარა აპელანტის მითითება, რომ მას თანხა არ გადასცემია, ვინაიდან ხელწერილში აღნიშნულია, რომ ნ.პ–მა თანხა ჩაიბარა ამერიკულ დოლარში. აღნიშნულის საწინააღმდეგო კი თავად მოპასუხეს უნდა დაედასტურებინა. შესაბამისად, იმ პირობებში როდესაც მოპასუხე სადავოდ არ ხდის ხელწერილის ნამდვილობას, რომელშიც აღნიშნულია, რომ ნ.პ–მა, ი.ქ–ძისგან ისესხა 20000 ა.შ.შ. დოლარი, ასევე მიუთითა თანხის მიღების შესახებ („... თანხა ჩავიბარე ამერიკულ დოლარებში...“) მოსარჩელის მოთხოვნიდან გამომდინარე, რომ მოპასუხეს დასაბრუნებელი აქვს სესხის დარჩენილი ნაწილი 4 000 ა.შ.შ. დოლარის ოდენობით, სწორედ მოპასუხეს ეკისრებოდა დაედასტურებინა სადავო გარემოება - ვალდებულების სრულად შესრულების შესახებ. აღნიშნულის დამადასტურებელი მტკიცებულებები მოპასუხის მიერ საქმეზე წარმოდგენილი არ ყოფილა. რაც შეეხება, მითითებას, რომ სესხი ფაქტობრივად მიიღო მისმა დედამ და მასთან ერთად აიღო გადახდის ვალდებულებაც, პალატის შეფასებით მოკლებული იყო ყოველგვარ დასაბუთებას და გაზიარებული ვერ იქნებოდა.
5.7. სააპელაციო პალატამ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 327-ე, 623-ე, 624-ე, 361, მე-400 და 429-ე მუხლებზე მითითებით და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, აღნიშნა შემდეგი: დადგენილია, რომ მოცემულ შემთხვევაში 2018 წლის 11 ოქტომბრის სესხის ხელშეკრულების საფუძველზე, მოსარჩელე ი.ქ–ძემ, მოპასუხე ნ.პ–ს სესხის სახით გადასცა თანხა 20 000 ა.შ.შ. დოლარის ოდენობით და მოვალეს (მოპასუხე) აღნიშნული თანხა კრედიტორისათვის (მოსარჩელე) არ დაუბრუნებია. ვინაიდან აპელანტმა ვერ უზრუნველყო შესაბამისი მტკიცებულებების წარმოდგენა სასამართლოსათვის, რომლითაც დადასტურდებოდა მის მიერ სააპელაციო საჩივარში მითითებულ გარემოებებს, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ, ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების ფარგლებში, პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად დააკისრა სარჩელით მოთხოვნილი თანხა 4 000 ა.შ.შ. დოლარის ოდენობით.
6. სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა. კასატორი არ ეთანხმება სააპელაციო პალატის შეფასებას, რომ ხელშეკრულება დაიდო ნ.პ–სა და ი.ქ–ძეს შორის და განმარტავს, რომ აღნიშნული თანხა ფაქტობრივად მიიღო თავისმა დედამ დ.ო–ძემ, რის თაობაზეც დავა მიმდინარეობდა თბილისის საქალაქო სასამართლოში და ი.ქ–ძის მოთხოვნა ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. სასამართლო პროცესზე კასატორმა დაადასტურა ხელწერილის გაფორმების, მაგრამ არა თანხის მიღების ფაქტი. მისივე განმარტებით, მან რეალურად აიღო ვალდებულება, რომ დედასთან ერთად გადაიხდიდა აღნიშნულ თანხას, თუმცა მოსარჩელისაგან თანხა არ მიუღია, რაც მოსარჩელემაც დაადასტურა სასამართლო სხდომაზე. იმ პირობებში კი როცა კასატორის დედას სასამართლოს წარმოებაში არსებული ერთი საქმით უკვე დაეკისრა აღნიშნული თანხის გადახდა, არასწორია სასამართლოს მსჯელობა ვალის არსებობის თაობაზე მხოლოდ იმ მიზეზით, რომ კასატორი არ უარყოფს ხელწერილის დადების ფაქტს და ვალდებულების არსებობაც სწორედ აქედან დასტურდება. სასამართლოს დადასტურებულად უნდა მიეჩნია, რომ კასატორს არ გააჩნდა დავალიანება მოსარჩელის მიმართ.
7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია:
8. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.
9. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
10. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანია ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების მიერ მოპასუხისათვის სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე თანხის - 4000 ა.შ.შ. დოლარის დაკისრების მართლზომიერება.
11. კასატორის მტიცებით, ხელშეკრულება დაიდო მოსარჩელესა და მოპასუხის დედას შორის და თანხა ფაქტობრივად მიიღო მისმა დედამ. კასატორმა რეალურად აიღო ვალდებულება, რომ დედასთან ერთად გადაიხდიდა აღნიშნულ თანხას, თუმცა მოსარჩელისაგან თანხა არ მიუღია. იმ პირობებში კი როცა კასატორის დედას სასამართლოს წარმოებაში არსებული ერთი საქმით უკვე დაეკისრა აღნიშნული თანხის გადახდა, არასწორია სასამართლოს მსჯელობა ვალის არსებობის თაობაზე მხოლოდ იმ მიზეზით, რომ კასატორი არ უარყოფს ხელწერილის დადების ფაქტს.
12. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლით გათვალისწინებული სესხის ხელშეკრულება ცალმხრივი და რეალური ხელშეკრულებაა, რაც იმას ნიშნავს, რომ სესხის ხელშეკრულება დადებულად ითვლება და მხარეთა უფლება-მოვალეობები წარმოიშობა მხოლოდ გამსესხებლის მიერ მსესხებლისათვის ფულის ან სხვა გვაროვნული ნივთის საკუთრებაში გადაცემის მომენტიდან (იხ. სუსგ საქმეზე #ას-361-343-2015, 14.12.2015).
13. სესხი, როგორც რეალური ხელშეკრულება, გულისხმობს ფულის ან სხვა გვაროვნული ნივთის მსესხებლისათვის ფიზიკურ გადაცემას, როგორც ხელშეკრულების ნამდვილობისა და იურიდიული ძალის პირობას, ანუ გამსესხებლის მიერ მსესხებელზე ფულის ან სხვა გვაროვნული ნივთის საკუთრებაში გადაცემა წარმოადგენს არა გამსესხებლის სახელშეკრულებო ვალდებულებას, არამედ ხელშეკრულების დადებულად მიჩნევის წინაპირობას. ამრიგად, სესხის ხელშეკრულების ნადვილობისათვის, სესხის საგანზე შეთანხმებასთან ერთად, აუცილებელია, ამ საგნის მსესხებლისათვის გადაცემაც.
14. განსახილველ შემთხვევაში, ვინაიდან კასატორი სადავოდ ხდის სესხის ხელშეკრულებაში მითითებული თანხის მისთვის გადაცემის ფაქტს, საკასაციო პალატა, უპირველესად, ყურადღებას მიაქცევს სასესხო ურთიერთობებიდან წარმოშობილ დავებში მტკიცების ტვირთის განაწილებისა და ფაქტების დადასტურების წესის თავისებურებაზე.
15. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, სესხის გაცემის მტკიცების ტვირთი აწევს გამსესხებელს. სესხის ხელშეკრულების დადების ფაქტის დადასტურება გამსესხებლის მოვალეობას წარმოადგენს, ასევე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102.1 მუხლის მიხედვითაც. (იხ. სუსგ საქმეზე #ას-839-890-2011, 08.11.2011; სუსგ საქმეზე #ას-361-343-2015, 14.12.2015). სესხის დაბრუნების მტკიცების ტვირთი კი, აწევს მსესხებელს (იხ. სუსგ საქმეზე #ას-41-38-2015, 23.03.2015).
16. მართალია, სესხი ფორმასავალდებულო გარიგებას არ წარმოადგენს, თუმცა, ფორმის არჩევა მტკიცების ტვირთზე პირდაპირ და უშუალო გავლენას ახდენს (იხ. სუსგ საქმეზე #ას-361-343-2015, 14.12.2015). მაგალითად, სსკ-ის 624-ე მუხლის მიხედვით, სესხის ზეპირი ხელშეკრულების დროს მისი ნამდვილობა არ შეიძლება დადგინდეს მხოლოდ მოწმეთა ჩვენებებით. ამ დროს, მოწმეთა ჩვენებებთან ერთად, საჭიროა, ასევე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული სხვა მტკიცებულებებიც, მაგალითად, სავალო ხელწერილის, პირადი მიმოწერის ან რაიმე წერილობითი დოკუმენტის წარდგენა, რომლითაც დადასტურდება სესხის არსებობა.
17. იმ შემთხვევაში, თუ მხარეებმა სესხის ხელშეკრულების დასადებად წერილობითი ფორმა შეარჩიეს, მაშინ ამ ხელშეკრულების შინაარსიდან უნდა ჩანდეს როგორც მხარეთა შეთანხმება სესხის საგანზე, ასევე, ამ საგნის მსესხებლისათვის გადაცემაც. ერთ-ერთ საქმეზე საკასაციო სასამართლომ განმარტა, რომ წერილობითი მტკიცებულება, რომლითაც უნდა დადასტურდეს სესხის ხელშეკრულების დადების ფაქტი, უნდა შეიცავდეს ინფორმაციას სესხის არსებითი პირობების შესახებ. დოკუმენტი ასეთად რომ შეფასდეს, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე და 624-ე მუხლების მიხედვით, მასში, აუცილებლად, უნდა ჩანდეს მხარეთა მიერ შეთანხმებული პირობები, რამაც სესხის კონკრეტული ხელშეკრულების დადება განაპირობა (იხ. სუსგ საქმეზე #ას-1705-1689-2011, 04.06.2012). ცხადია, თუ წერილობით დადებული ხელშეკრულება არ შეიცავს მითითებას სესხის საგანზე ან მსესხებლისათვის მის გადაცემაზე, იგი დადებულად ვერ ჩაითვლება.
18. ამდენად, საკასაციო პალატის მოსაზრებით, სესხის წერილობითი ხელშეკრულება დადებულად უნდა მივიჩნიოთ, თუ ამ ხელშეკრულებაში ასახულია მხარეთა შეთანხმება სესხის საგანზე და მსესხებლისათვის მის გადაცემაზე.
19. მოვალეს, ცხადია, შეუძლია შეედავოს კრედიტორს და უარი თქვას სესხის დაბრუნებაზე, თუ, რა თქმა უნდა, დაამტკიცებს, რომ სესხის წერილობით ხელშეკრულებაში მითითებული თანხა მას არ მიუღია. საკასაციო პალატა სამოქალაქო საპროცესო სამართლში მოქმედ მტკიცების ტვირთზე მითითებით აღნიშნავს, რომ თითოეული მხარე ვალდებულია, ამტკიცოს ის გარემოება, რომელზედაც იგი აფუძნებს საკუთარ სარჩელსა თუ შესაგებელს (საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილი). ხსენებული საპროცესო პრინციპის შესაბამისად, რამდენადაც მოვალის შესაგებელი ეყრდნობა იმ გარემოებას, რომ ვალდებულება არ არსებობს, სწორედ მას მართებს ამავე გარემოების დამტკიცება ამავე მუხლის მეორე ნაწილით დაშვებული მტკიცებულებებით _ მხარის (მესამე პირის) ახსნა-განმარტების, მოწმის ჩვენების, ექსპერტიზის დასკვნის, წერილობითი ან ნივთიერი მტკიცებულებისა თუ ფაქტების კონსტატაციის მასალებით.
20. ამავე სამართლებრივ ლოგიკას ეფუძნება შესრულების გზით ვალდებულების შეწყვეტის მარეგულირებელი ნორმები - საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 427-ე მუხლის თანახმად, ვალდებულებითი ურთიერთობა წყდება კრედიტორის სასარგებლოდ ვალდებულების შესრულებით (შესრულება). ამავე კოდექსის 429-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კრედიტორმა მოვალის მოთხოვნით შესრულების მთლიანად ან ნაწილობრივ მიღების შესახებ უნდა გასცეს ამის დამადასტურებელი დოკუმენტი. ამრიგად, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 429-ე მუხლი ადგენს ვალდებულების შესრულების მიღების წესს, რაც იმაში მდგომარეობს, რომ შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტის ფლობა აუცილებლობას წარმოადგენს მოვალისათვის, რადგან საპროცესო-სამართლებრივი თვალსაზრისით, ფულადი ვალდებულების შესრულების მტკიცების ტვირთი სწორედ მას ეკისრება (იხ. სუსგ. №ას-1241-2022, 18.01.2023წ).
21. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო პალატა ყურადღებას მიაქცევს საქმეში წარმოდგენილ ხელწერილს, რომელშიც აღნიშნულია, რომ კასატორმა თანხა ჩაიბარა ამერიკულ დოლარში. ამდენად თანხის გადაცემის ფაქტი, და შესაბამისად ვალდებულების არსებობა ერთმნიშვნელოვნად დადგენილია. ამასთან, მოპასუხეს აღნიშნული ხელწერილის ნამდვილობა სადავოდ არ გაუხდია. შესაბამისად, იმ პირობებში, როცა მოპასუხე სადავოდ არ ხდის ხელწერილის ნამდვილობას და თანხის გადაცემის ფაქტის გაქარწყლებას მხოლოდ ზეპირსიტყვიერი ახსნა-განმარტებებით ცდილობს, ბუნებრივია კასატორის მხოლოდ ზეპირსიტყვიერი ახსნა-განმარტება ვერ იქნება საკმარისი მტკიცებულება მისი პრეტენზიის გასაზიარებლად, რომ თანხის გადაცემა არ მომხდარა. აღნიშნული მტკიცების თვალსაზრისით, არათანაბარ მდგომარეობაში აყენებს ხელშეკრულების მხარეებს. ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ხელწერილით დადგენილი სესხის გადაცემის ფაქტის გაქარწყლება, შესაძლებელი იქნებოდა, ზეპირსიტყვიერ ახსნა-განმარტებებთან ერთად საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული სხვა მტკიცებულებებით, რომლებიც ერთობლიობაში, მაღალი ალბათობით, დაადასტურებდა სადავო ფაქტს. რაც შეეხება კასატორის მითითებას, რომ სესხი ფაქტობრივად მისმა დედამ მიიღო, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ იმ პირობებში, როცა სასარჩელო მოთხოვნის საფუძველს წარმოადგენს მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის დადებული ხელწერილი, კასატორის ზემოაღნიშნული მითითება, საკასაციო პალატის შეფასებით ყოველგვარ საფუძველსაა მოკლებული და აღნიშნული ვერ იქნება გაზიარებული.
22. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ ვალდებულების არარსებობისა თუ მისი შესრულების მტკიცების ტვირთი მოპასუხის მხარეს იყო, რისი დადასტურებაც სათანადო მტკიცებულებების წარდგენით ვერ შეძლო. ამდენად როცა დადგენილია, რომ ხელწერილით ნაკისრი ვალდებულება არ შესრულებულა, საწინააღმდეგო მტკიცებულების არარსებობის პირობებში, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ მოპასუხე მოსარჩელის სასარგებლოდ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების ფარგლებში პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად დააკისრა სარჩელით მოთხოვნილი თანხა 4000 ა.შ.შ. დოლარის ოდენობით. შესაბამისად, საკასაციო პალატას უსაფუძვლოდ მიაჩნია კასატორის პრეტენზიები, რომ მას ვალდებულება არ გააჩნია.
23. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო კოდექსი აღიარებს და ეფუძნება „pacta sunt servanda“-ს (ხელშეკრულება უნდა შესრულდეს) პრინციპს, რომლის თანახმად, ხელშეკრულების მხარემ, რომელმაც იკისრა ვალდებულება, უნდა შეასრულოს ხელშეკრულებით მისივე ნებით შეთანხმებული უფლება-მოვალეობები. შესრულების ვალდებულება, პირველ რიგში, ხელშეკრულებით გათვალისწინებული შედეგის დადგომას გულისხმობს. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას (შდრ. სუსგ №ას-902-2019, 30.09.2019წ.).
24. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტების ფარგლებში, რაც სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის (სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლი), კასატორმა ვერ შეძლო დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიის წარმოდგენა, რითაც ვერ დაძლია გასაჩივრებული განჩინების ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება და ვერ შეძლო მისი გაბათილება სარწმუნო მტკიცებულებებით. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. ასეთ საფუძველზე ვერც კასატორი მიუთითებს. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით. გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობები არ არსებობს, რაც მისი არსებითად განსახილველად დაუშვებლად ცნობის სამართლებრივი საფუძველია.
25. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401.4 მუხლის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. შესაბამისად, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70% – 372.29 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ნ.პ–ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად.
2. ნ.პ–ს (პ/ნ ......) დაუბრუნდეს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის – 531.84 ლარის (საგადასახადო დავალება № 7673, გადახდის თარიღი: 08.02.2024წ, გადამხდელის ბანკი: ს.ს. „თიბისი ბანკი“) 70% – 372.29 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლეები : ლაშა ქოჩიაშვილი
ამირან ძაბუნიძე
თეა ძიმისტარაშვილი