20 დეკემბერი 2023 წელი
№ას-1553-2022 თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ამირან ძაბუნიძე
თეა ძიმისტარაშვილი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი _ შ.პ.ს. „T. G.“
მოწინააღმდეგე მხარეები _ შ.პ.ს. „Z.G.“, შ.პ.ს. „ე.კ–ი“
გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 11 ოქტომბრის გადაწყვეტილება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად იმავე სასამართლოსათვის დაბრუნება
დავის საგანი _ განვადებით ნასყიდობის ხელშეკრულებიდან გასვლა, ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა, ქონების დაბრუნება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. შ.პ.ს. „T. G.“-მ სარჩელით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს, მოპასუხეების: შ.პ.ს. „Z.G.“-ს და შ.პ.ს. „ე.კ–ი“-ს მიმართ, შემდეგი მოთხოვნებით:
1.1. 2016 წლის 09 თებერვალს მოსარჩელესა და შ.პ.ს. „Z.G.“-ს შორის გაფორმებული ხელშეკრულების მოშლა მოძრავი ქონების განვადებით ნასყიდობის ნაწილში.
1.2. შ.პ.ს. „ე.კ“-სა და შ.პ.ს. „Z.G.“-ს შორის გაფორმებული მოძრავი ქონების ნასყიდობის შესახებ ხელშეკრულების ბათილად ცნობა.
1.3. შ.პ.ს. „ე.კ–იისაგან” ნასყიდობის საგნების (თურქული კომპანიის T.M-ს მიერ წარმოებული მეორეული (გამოყენებული) ქვის სამტვრევი, სკრინინგისა და სარეცხი ობიექტი, რომელიც შემოიფარგლება შემდეგი ნაწილებით: - 1 ერთეული TVI 900/3 ვერტიკალური გამანადგურებელი; - 2 ერთეული HY 750/2 სპირალური სარეცხი; - 2 სახის ST 20-60/3 საცერის კორპუსი; - 1 სახის ელექტროგაყვანილობების კონტროლის კაბინეტი; - 1 ერთეული 200 KW დენის ძრავი; - 2 ერთეული 2000X6000 საცერის წინა ღარის კოლექტორი; - 1 ერთეული 25მ3 ბუნკერის ქვედა ძაბრი; - 8 ერთეული საცერის შასის ნაწილები) გამოთხოვა და მოსარჩელისათვის დაბრუნება.
2. მოპასუხეებმა წარმოდგენილი შესაგებლებით სარჩელი არ ცნეს.
3. ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 31 დეკემბრის გადაწყვეტილებით - სარჩელი დაკმაყოფილდა. მოშლილად იქნა აღიარებული 2016 წლის 09 თებერვალს მოსარჩელესა და მოპასუხე შ.პ.ს. „Z.G.”-ს შორის გაფორმებული ხელშეკრულება მოძრავი ქონების განვადებით ნასყიდობის ნაწილში. ბათილად იქნა ცნობილი 2016 წლის 18 აპრილს მოპასუხეებს შორის გაფორმებული მოძრავი ქონების ნასყიდობის შესახებ ხელშეკრულება. მოპასუხე შ.პ.ს. „ე.კ“-ს დაევალა გადაეცა მოსარჩელისათვის შემდეგი მოძრავი ქონება: თურქული კომპანიის ,,T. M"-ს მიერ წარმოებული მეორეული (გამოყენებული) ქვის სამტვრევი, სკრინინგისა და სარეცხი ობიექტი, რომელიც შემოიფარგლება შემდეგი ნაწილებით: - 1 ერთეული TVI 900/3 ვერტიკალური გამანადგურებელი; - 2 ერთეული HY 750/2 სპირალური სარეცხი; - 2 სახის ST 20-60/3 საცერის კორპუსი; - 1 სახის ელექტროგაყვანილობების კონტროლის კაბინეტი; - 1 ერთეული 200 KW დენის ძრავი; - 2 ერთეული 2000X6000 საცერის წინა ღარის კოლექტორი; - 1 ერთეული 25მ3 ბუნკერის ქვედა ძაბრი; - 8 ერთეული საცერის შასის ნაწილები. საქმეზე ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 02 აგვისტოს განჩინებით გამოყენებული უზრუნველყოფა დარჩა უცვლელი. გადაწყვეტილება მიექცა დაუყონებლივ აღსასრულებლად.
4. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრეს მოპასუხეებმა, მოითხოვეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილებით, განვადებით ნასყიდობის ხელშეკრულებიდან გასვლისა და მოძრავ ქონებაზე ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის ნაწილში სარჩელის განუხილველად დატოვება; მოძრავი ქონების გამოთხოვის (ვინდიკაცია) ნაწილში სარჩელზე წარმოების შეწყვეტა.
5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 11 ოქტომბრის გადაწყვეტილებით - სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 31 დეკემბრის გადაწყვეტილება; სასარჩელო მოთხოვნა მოსარჩელესა და შ.პ.ს. „Z.G.“-ს შორის დადებული 2016 წლის 09 თებერვლის ხელშეკრულების განვადებით ნასყიდობის ნაწილში მოშლილად აღიარებისა და მოძრავ ქონებაზე შ.პ.ს. „Z.G.“-ს და შ.პ.ს. „ე.კ–ი”-ს შორის 2016 წლის 18 აპრილის ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის თაობაზე დარჩა განუხილველად. სასარჩელო მოთხოვნა შ.პ.ს. „ე.კ–ისაგან” მოძრავი ქონების დაბრუნების (ვინდიკაცია) ნაწილში არ დაკმაყოფილდა. გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 02 აგვისტოს განჩინებით (საქმე N 300-უზრ/2016წ.) გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება და ყადაღისაგან გათავისუფლდა ამ განჩინების საფუძველზე ქ. ბათუმში, .......... მდებარე, შ.პ.ს. „ე.კ”-ს (ს/კ .......) კუთვნილ მიწის ნაკვეთზე (უძრავი ქონების ს/კ ......) განთავსებული შემდეგი მოძრავი ნივთები: თურქული კომპანიის T. M-ს მიერ წარმოებული მეორეული (გამოყენებული) ქვის სამტვრევი, სკრინინგი და სარეცხი ობიექტი, კერძოდ: 1 ერთეული TVI 900/3 ვერტიკალურ გამანადგურებელი; 2 ერთეული HY 750/2 სპირალური სარეცხი; 2 სახის ST 20-60/3 საცერის კორპუსის; 1 სახის ელექტროგაყვანილობების კონტროლის კაბინეტი; 1 ერთეული 200 KW დენის ძრავა; 2 ერთეული 2000X6000 საცერის წინა ღარის კოლექტორი; 1 ერთეული 25მ3 ბუნკერის ქვედა ძაბრი; 8 ერთეული საცერის შასის ნაწილები. გადაწყვეტილება დაეფუძნა შემდეგ ფაქტობრივსამართლებრივ დასაბუთებას:
5.1. 2016 წლის 09 თებერვალს მოსარჩელესა და შ.პ.ს. „Z.G.“-ს შორის დაიდო ნასყიდობისა და ვალის აღიარების შესახებ №20012016 ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე, მოსარჩელემ შ.პ.ს. „Z.G.“-ს განვადებით მიჰყიდა საკუთრებაში არსებული თურქული კომპანიის ,,T.M"-ს მიერ წარმოებული მეორეული (გამოყენებული) ქვის სამტვრევი, სკრინინგისა და სარეცხი ობიექტი. მხარეთა შეთანხმებით ნასყიდობის ფასი - 175 000 აშშ დოლარი უნდა გადახდილიყო ეტაპობრივად: 2016 წლის 01 ივლისს - 100 000 აშშ დოლარი; 2016 წლის 01 დეკემბერს -100 000 აშშ დოლარი; 2017 წლის 01 ივნისს - 106 339 აშშ დოლარი.
5.2. ნასყიდობისა და ვალის აღიარების შესახებ №20012016 ხელშეკრულების გაფორმებამდე მოძრავი ნივთები (დასაქუცმაცებელი მანქანა, თურქული კომპანიის T. M-ს მიერ წარმოებული მეორეული (გამოყენებული) ქვის სამტვრევი, სკრინინგისა და სარეცხი ობიექტი) გირავნობის უფლებით დატვირთული იყო ს.ს. „ბ.ქ–ს“ სასარგებლოდ მოსარჩელის ვალდებულების უზრუნველსაყოფად.
5.3. 2016 წლის 18 აპრილს შ.პ.ს. „Z.G.“-მ მოსარჩელისგან შეძენილი მოძრავი ნივთები მიჰყიდა შ.პ.ს. „ე.კ–ი“-ს.
5.4. 2019 წლის 10 აპრილს გირავნობით დატვირთული მოძრავი ნივთები გაიყიდა იძულებით აუქციონზე, სადაც აღნიშნული ნივთების შემძენი გახდა ს.ს. „ბ.ქ–“, რომელიც დღევანდელი მდგომარეობით წარმოადგენს სადავო ნივთების მესაკუთრეს.
5.5. კანონიერ ძალაში შესული ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 10 თებერვლის განჩინებით მოსარჩელეს უარი ეთქვა მის უფლებამონაცვლედ ს.ს. „ბ.ქ–ს“ დაშვებაზე ვინდიკაციური მოთხოვნის ფარგლებში.
5.6. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ სადავო მოძრავ ნივთებზე 2016 წლის 9 თებერვალს მოსარჩელესა და შ.პ.ს. „Z.G.“-ს შორის გაფორმებული განვადებით ნასყიდობის ხელშეკრულების მოშლილად აღიარებისა და მოპასუხეებს შორის 2016 წლის 18 აპრილს დადებული გარიგების ბათილად ცნობის სასარჩელო მოთხოვნები თავისი ბუნებით აღიარებითია, რომლის მიმართაც მოსარჩელის იურიდიულ ინტერესს წარმოადგენდა ვინდიკაციური მოთხოვნის დაკმაყოფილება და გადაცემული ნივთების მისთვის, როგორც მესაკუთრისათვის დაბრუნება. აღიარებითი სარჩელის სამართლებრივი ბუნების შესახებ საკასაციო სასამართლომ არაერთ გადაწყვეტილებაში/განჩინებაში განმარტა, რომ აღიარებითი სარჩელის დასაშვებობის ისევე, როგორც მისი დასაბუთებულობის საკითხის შემოწმება სამართლის საკითხია და აქედან გამომდინარე, სასამართლომ პროცესის მონაწილე მხარის პრეტენზიის არარსებობის პირობებშიც, საკუთარი ინიციატივით უნდა შეამოწმოს სარჩელის დასაშვებობა საქმისწარმოების ნებისმიერ ეტაპზე. კანონის დანაწესიდან გამომდინარე, აღიარებითი მოთხოვნა დასაშვებია, თუ იკვეთება მოსარჩელის იურიდიული ინტერესი, რომ ასეთი აღიარება სასამართლოს გადაწყვეტილებით მოხდეს. ამიტომაც, ამ ტიპის სარჩელებს „უფლების დამდგენ“ სარჩელებსაც უწოდებენ. მიკუთვნებითი სარჩელებისგან განსხვავებით, აღიარებითი სარჩელის დავის საგანია თვით მატერიალურ სამართლებრივი ურთიერთობა, რომელიც სუბსიდიურია და იურიდიული ინტერესის არსებობა გამორიხულია, თუ შესაძლებელია მოპასუხის მიმართ მიკუთვნებითი, მავალდებულებელი, აღსასრულებელი მოთხოვნების წარდგენა.
5.7. მართლმსაჯულების ეფექტიანობა მის საპროცესო ეკონომიაშიც გამოიხატება. სწორედ, ამ პრინციპიდან გამომდინარე, განსახილველ შემთხვევაში, სასამართლომ მოსარჩელეს შეკითხვების მეშვეობით მისცა სასარჩელო მოთხოვნის დაკონკრეტების (დაზუსტების) შესაძლებლობა (სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 83-ე მუხლის მეოთხე ნაწილი), რადგანაც ამ შემთხვევაში გარიგების ბათილობა და ხელშეკრულების მოშლილად აღიარება იმის წინაპირობას წარმოადგენდა, რისი მიღწევაც სურდა მოსარჩელეს კერძოდ, დაებრუნებინა გარიგების საგანი - მოძრავი ნივთები. ამასთან, სარჩელის დაზუსტება, მოთხოვნის გამართულად ჩამოყალიბება არ წარმოადგენს იმ შემთხვევას, რომელიც დადგენილია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 381-ე მუხლით და დაუშვებლად მიიჩნევს სააპელაციო სამართალწარმოების ეტაპზე დავის საგნის შეცვლას ან გადიდებას.
5.8. მოცემული დავის სააპელაციო სასამართლოში განხილვისას, მოსარჩელემ სასამართლოს მითითების მიუხედავად, განმარტა, რომ ასეთი მოთხოვნების დამოუკიდებლად განხილვა შესაძლებელია. მიუხედავად იმისა, რომ სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას სადავო მოძრავი ნივთების მესაკუთრეს მოსარჩელე აღარ წარმოადგენდა, ამ მოძრავი ნივთების გამოთხოვის ნაცვლად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 83.4 მუხლის შესაბამისად, მოსარჩელეს მისი ღირებულების ანაზღაურება არ მოუთხოვია (იხ. სააპ. სასამართლოს 2022წ. 29 ივნისის სხდომის ოქმი ტ.6.).
5.9. როდესაც სადავო მოძრავი ნივთები ს.ს. „ქ.ბ“-ს საკუთრებაშია გადასული, მოსარჩელეს სასურველი იურიდიული შედეგი - მოპასუხეთაგან გამოთხოვილი იქნეს ეს ნივთები და გადაეცეს მას ვერ მიიღწევა და ვერ აღსრულდება. როგორც უკვე აღინიშნა, სამართალწარმოების მიზანი პირის დარღვეული უფლების დაცვა და აღდგენაა, რაც მოიცავს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების პროცესს. გადაწყვეტილება აღსრულებადი უნდა იყოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, მხარისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილებითაც კი ვერ დაკმაყოფილდება მისი სამართლებრივი ინტერესი. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ როგორი სწრაფიც არ უნდა იყოს მართლმსაჯულება, როგორი სამართლიანი და კანონიერიც არ უნდა იყოს სასამართლო გადაწყვეტილება, მართლმსაჯულების მიზნები და ამოცანები განუხორციელებელი რჩება, თუ არ მოხდება გადაწყვეტილების აღსრულება.
5.10. ვინაიდან, სადავო მოძრავ ნივთებზე, 2016 წლის 9 თებერვალს, მოსარჩელესა და შ.პ.ს. „Z.G.“-ს შორის გაფორმებული განვადებით ნასყიდობის ხელშეკრულების მოშლილად აღიარებისა და შ.პ.ს. „Z.G.“-ს და შ.პ.ს. „ე.კ–ი“-ს შორის 2016 წლის 18 აპრილს დადებული გარიგების ბათილად ბათილად ცნობის თაობაზე, სასარჩელო მოთხოვნის იურიდიული ინტერესი ამ ნივთების დაბრუნება წარმოადგენდა, რომლის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველიც აღარ არსებობს, პალატამ მიიჩნია, რომ აღიარებითი მოთხოვნების ნაწილში სარჩელი განუხილველად უნდა დარჩენილიყო.
6. სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება პირველი ორი სასარჩელო მოთხოვნის განუხილველად დატოვების ნაწილში, კერძო საჩივრით გაასაჩივრა მოსარჩელემ, მოითხოვა მისი გაუქმება და საქმის სააპელაციო სასამართლოსთვის ხელახლა განსახილველად დაბრუნება, შემდეგი საფუძვლებით:
6.1. კერძო საჩივრის ავტორის მტკიცებით, არ ვლინდებოდა პირველი ორი სასარჩელო მოთხოვნის ნაწილში სარჩელის განუხილველად დატოვების საფუძველი. მცდარია ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს დასკვნა, რომ მოსარჩელეს ამ მოთხოვნების მიმართ არ გააჩნდა იურიდიული ინტერესი. ყურადსაღებია, რომ იმ შემთხვევაში, თუკი პირველი ორი სასარჩელო მოთხოვნა იურიდიული ინტერესის არარსებობის გამო, განუხილველი დარჩება, მიიჩნევა, რომ მოპასუხე შ.პ.ს. „ე.კ–ი“ იყო სადავო ქონების კანონიერი მესაკუთრე, რაც სამოქალაქო კოდექსის 292-ე, 56-ე, 976-ე და 991-ე მუხლების საფუძველზე, მისცემს შესაძლებლობას მოსთხოვოს მოსარჩელეს ნასყიდობის საგნის საბაზრო ღირებულების ანაზღაურება. გარდა ამისა, მოსარჩელეს იურიდიული ინტერესი პირველი ორი სასარჩელო მოთხოვნების მიმართ გააჩნია იმის გამოც, რომ მოსარჩელესა და მოპასუხე შ.პ.ს. „Z.G.”-ს შორის გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე შემოსავლების სამსახურმა მოსარჩელეს დააკისრა დღგ - 66 400 ლარი და ჯარიმა - 33200 ლარი. მოსარჩელესა და შ.პ.ს. „Z.G.“-ს შორის გაფორმებული ხელშეკრულების ნასყიდობის ნაწილში მოშლისა და მოპასუხეებს შორის დადებული ხელშეკრულების ბათილად ცნობის შემთხვევაში კი, დარიცხული დღგ და ჯარიმები გაუქმდება.
6.2. გაუგებარია გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნა, რომ სადავო მოძრავი ნივთების ს.ს. „ბ.ქ–“-ს საკუთრებაში გადასვლის გამო, პირველი ორი სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების შემთხვევაში, გადაწყვეტილება ვერ აღსრულდება.
6.3. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-2 და 180-ე მუხლებსა და საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლს.
7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ კერძო საჩივარი, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 414-416-ე მუხლების საფუძველზე, მიღებული იქნა განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და სარჩელის განუხილველად დატოვების შესახებ გადაწყვეტილების(განჩინების) იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება კი უნდა დარჩეს უცვლელად, შემდეგ გარემოებათა გამო:
8. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
9. წინამდებარე კერძო საჩივრის ფარგლებში საკასაციო პალატის მსჯელობის საგანია სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებული ნაწილის მართლზომიერების საკითხი, რომლითაც სარჩელი დარჩა განუხილველად იმ საფუძვლით, რომ მოსარჩელემ ვერ დაადასტურა მის მიერ აღძრული აღიარებითი სასარჩელო მოთხოვნების იურიდიული ინტერესი, რაც საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 180-ე მუხლის (სარჩელი შეიძლება აღიძრას უფლებისა თუ სამართლებრივი ურთიერთობების არსებობა-არარსებობის დადგენის, დოკუმენტების ნამდვილობის აღიარების ან დოკუმენტების სიყალბის დადგენის შესახებ, თუ მოსარჩელეს აქვს იმის იურიდიული ინტერესი, რომ ასეთი აღიარება სასამართლოს გადაწყვეტილებით მოხდეს) თანახმად, სარჩელის დასაშვებობის ერთ-ერთი წინაპირობაა.
10. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის დასაბუთებას აღიარებითი სარჩელის განხილვისას იურიდიული ინტერესის არსებობის შემოწმებასთან დაკავშირებით და განმარტავს, რომ აღიარებითი სარჩელის დასაშვებობის საკითხის შემოწმება სამართლის საკითხია და, აქედან გამომდინარე, სასამართლომ პროცესის მონაწილე მხარის პრეტენზიის არარსებობის პირობებშიც, საკუთარი ინიციატივით უნდა შეამოწმოს სარჩელის დასაშვებობა საქმისწარმოების ნებისმიერ ეტაპზე (ს.უ.ს.გ. №ას-1920-2018, 31.05.2019წ.). საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 180-ე მუხლის დანაწესის მიხედვით, აღიარებითი სარჩელის იურიდიული ინტერესი განისაზღვრება შემდეგი კრიტერიუმებით: ა) მოსარჩელეს უნდა ედავებოდნენ უფლებაში; ბ) დავის არსებობა უნდა ქმნიდეს მოსარჩელის უფლების მომავალში დარღვევის რეალურ საშიშროებას; გ) აღიარებითი სარჩელის გადაწყვეტა დავის გადაწყვეტის საუკეთესო საშუალება უნდა იყოს, კერძოდ, გადაწყვეტილების შედეგად სრულად გარკვეული შედეგი უნდა მიიღებოდეს მხარისათვის, აღიარებითი სარჩელის დაკმაყოფილება უნდა ქმნიდეს იმ უფლებისა თუ ურთიერთობის განსაზღვრულობას, რაც მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის წარმოშობილი დავის გამო ირღვევა (ს.უ.ს.გ. №ას-1525-2019, 16.12.2019წ.). კანონის დანაწესიდან გამომდინარე, აღიარებითი მოთხოვნა დასაშვებია, თუ იკვეთება მოსარჩელის იურიდიული ინტერესი, რომ ასეთი აღიარება სასამართლოს გადაწყვეტილებით მოხდეს, მაგალითად, მამად ცნობა, მამობის დადგენა, ქორწინების ბათილად ცნობა, ლიტერატურული ნაწარმოების ავტორად აღიარება და ა.შ.. ამ სახის სარჩელების მიზანია არა სუბიექტური უფლების მიკუთვნება, არამედ უფლების სადავოობის აღმოფხვრა. ამ დროს სულაც არ არის აუცილებელი, რომ პირის უფლება დარღვეული იყოს, მაგრამ, ვარაუდი იმისა, რომ მომავალში შეიძლება, დაირღვეს, წარმოადგენს პირის იურიდიულ ინტერესს, ამიტომაც, ამ ტიპის სარჩელებს „უფლების დამდგენ“ სარჩელებსაც უწოდებენ. მიკუთვნებითი სარჩელებისგან განსხვავებით, აღიარებითი სარჩელის დავის საგანია თვით მატერიალურ-სამართლებრივი ურთიერთობა, რომელიც სუბსიდიურია და იურიდიული ინტერესის არსებობა გამორიცხულია, თუ შესაძლებელია მოპასუხის მიმართ მიკუთვნებითი მოთხოვნის წარდგენა (საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის გადაწყვეტილება საქმეზე №ას-664-635-2016, 02.03.2017წ; ს.უ.ს.გ. №ას-1235-1155-2017, 30.04.2018წ; №ას-995-2018, 27.09.2018წ.).
11. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სარჩელის სახეებად დაყოფა (მიკუთვნებითი, გარდაქმნითი და აღიარებითი) პრაქტიკული მნიშვნელობისაა და უზრუნველყოფს პირის კანონით დაცული უფლებისა და ინტერესების სასამართლო წესით დაცვას. როგორც წესი, მოსარჩელის ინტერესი განსაზღვრული სამართლებრივი შედეგის მიღწევას უკავშირდება (მაგ. ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულება, ქონების დაბრუნება, პირვანდელი მდგომარეობის აღდგენა, ზიანის ანაზღაურება და ა.შ), რომელიც მხოლოდ მიკუთვნებითი სარჩელით მიიღწევა და ასეთ შემთხვევაში, აღიარებითი სარჩელის აღძვრა დაუშვებელია, რადგანაც, პროცესის ეკონომიის პრინციპიდან გამომდინარე, დარღვეული უფლების აღდგენასა და სამართლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესებას პირმა ერთი და არა რამდენიმე სარჩელის აღძვრის გზით უნდა მიაღწიოს, სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, აღიარებითი სარჩელის დაკმაყოფილებას მოსარჩელისათვის მისთვის სასარგებლო შედეგი უნდა მოჰქონდეს და მიკუთვნებითი სარჩელის აღძვრის საჭიროება აღარ უნდა არსებობდეს (ს.უ.ს.გ. №ას-1389-2018, 30.11.2018წ; №ას-1920-2018, 31.05.2019წ.). სარჩელის დაკმაყოფილების აუცილებელ წინაპირობას წარმოადგენს იმ იურიდიული შედეგების მიღწევადობა, რისი დადგომაც სურს მოსარჩელეს ამგვარი აღიარებით. აღსანიშნავია, რომ სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული იურიდიული ინტერესი მნიშვნელოვანი სამართლებრივი მოვლენაა. ასეთი ინტერესის არსებობა ყოველთვის გულისხმობს, რომ მხარე გარკვეულ მნიშვნელობას ანიჭებს ინტერესის ობიექტს. თუმცა, გასათვალისწინებელია, რომ იურიდიული ინტერესი არ განისაზღვრება მხოლოდ პირის სუბიექტური დამოკიდებულებით, ანუ მხოლოდ მისი სურვილით, არამედ - აუცილებელია მისი ობიექტური მხარეც. ობიექტური თვალსაზრისით, ინტერესი მოიცავს შედეგებს, რომელიც კონკრეტული მოთხოვნის დაკმაყოფილების შედეგად ობიეტურად მიღწევადი უნდა იყოს (ს.უ.ს.გ. №ას-1059-2019, 20.09.2019წ., პ.27).
12. განსახილველ შემთხვევაში, სარჩელის საგანია მოსარჩელესა და მოპასუხე შ.პ.ს. „Z.G.“-ს შორის 2016 წლის 09 თებერვალს გაფორმებული ხელშეკრულების მოძრავი ქონების განვადებით ნასყიდობის ნაწილში მოშლა, შ.პ.ს. „ე.კ–ი“-სა და შ.პ.ს. „Z.G.“-ს შორის გაფორმებული მოძრავი ქონების ნასყიდობის შესახებ ხელშეკრულების ბათილად ცნობა და, ასევე, შ.პ.ს. „ე.კ–იისაგან“ სადავო ნასყიდობის საგნების (მოძრავი ნივთების) გამოთხოვა და მოსარჩელისათვის დაბრუნება (იხ. წინამდებარე განჩინების 1-ლი პუნქტი).
გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილად იქნა მიჩნეული და არც კერძო საჩივრით/საკასაციო საჩივრით არ არის სადავოდ გამხდარი, რომ სადავო მოძრავი ნივთები, რომლებიც ს.ს. „ბ.ქ“-ს სასარგებლოდ მოსარჩელის მიერ იყო გირავნობის უფლებით დატვირთული, 2019 წლის 10 აპრილს გაიყიდა იძულებით აუქციონზე, სადაც აღნიშნული ნივთების შემძენი და მესაკუთრე გახდა ს.ს. „ბ.ქ.“.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა იზიარებს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს დასკვნას, რომ სადავო მოძრავი ნივთების მოსარჩელის მფლობელობაში დაბრუნება აღიარებითი სასარჩელო მოთხოვნების დაკმაყოფილების შემთხვევაშიც ვერ მოხდება, რადგან ამ ნივთების ახალი მესაკუთრეა - ს.ს. „ბ.ქ.“.
საკასაციო პალატის შეფასებით, ვინაიდან, სადავო მოძრავი ნივთების მესაკუთრეს ამჟამად ს.ს. „ქ. ბ.“ წარმოადგენს, მოსარჩელის გაცხადებული იურიდიული ინტერესი - დაიბრუნოს ნასყიდობის საგანი აღიარებითი სარჩელით ვერ მიიღწევა, რადგან მისი დაკმაყოფილება მოსარჩელის საკუთრების უფლების აღდგენას არ განაპირობებს.
13. კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ სადავო უძრავი ნივთების მესაკუთრე გახდა მესამე პირი, მას კვლავ რჩება იურიდიული ინტერესი აღძრული აღიარებითი სარჩელის მიმართ, კერძოდ, ხელშეკრულების ბათილად ცნობის შემთხვევაში, შ.პ.ს. „ე.კ“-ს არ მიეცემა შესაძლებლობა მოსთხოვოს მოსარჩელეს ნასყიდობის საგნის საბაზრო ღირებულების ანაზღაურება. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ კერძო საჩივრის ავტორის მიერ მითითებული გარემოება არ არის ნამდვილი იურიდიული ინტერესი აღძრული აღიარებითი სარჩელის მიმართ, რადგან საქმეში წარმოდგენილი შ.პ.ს. „Z.G.“-ს და შ.პ.ს. „ე.კ“-ს შორის გაფორმებული 2016 წლის 18 აპრილის ნასყიდობის ხელშეკრულების მე-4 და მე-5 პუნქტების მიხედვით, ნასყიდობის საგანზე ბანკის გირავნობის მოხსნის ვალდებულება და პასუხისმგებლობა ეკისრებოდა შ.პ.ს. „Z.G.“-ს. შ.პ.ს. „ე.კ“-ს მხრიდან მოსარჩელის მიმართ შედავების შემთხვევაშიც კი, ხელშეკრულების ნამდვილობა შესაგებლის ფარგლებში ექვემდებარება შემოწმებას, რომელიც, თავის მხრივ, საპროცესო თავდაცვის ეფექტიანი და მიზნის მიღწევის თანაზომიერი, ლეგიტიმური საშუალებაა.
14. კერძო საჩივრის ავტორის მიერ, საქმის სააპელაციო წესით განხილვის ეტაპზე მითითებული იქნა ასევე ახალი ფაქტობრივი გარემოება შ.პ.ს. „Z.G.“-სთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე შემოსავლების სამსახურის მიერ დარიცხული დღგ-სა და ჯარიმის თანხების შესახებ. ხელშეკრულების მოშლილად აღიარების და ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის კიდევ ერთ იურიდიულ ინტერესად კერძო საჩივრის ავტორმა მიუთითა შემოსავლების სამსახურის მიერ დარიცხული თანხებისგან გათავისუფლება. აღნიშნულთან დაკავშირებით საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს საქმეში წარმოდგენილ საგადასახადო შემოწმების აქტის ასლზე (ტომი 5, ს.ფ. 211-216), რომელიც დათარიღებულია 2017 წლის 27 ნოემბრით და ეს ფაქტობრივი გარემოება კასატორისათვის ცნობილი იყო ჯერ კიდევ საქმის პირველი ინსტანციით განხილვის დროს, მაგრამ შესაბამის ეტაპზე მოსარჩელეს არ მიუთითებია აღნიშნულთან დაკავშირებით და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის ნაწილის თანახმად, არ წარუდგენია მტკიცებულება. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ აღიარებითი სარჩელის იურიდიული შედეგის განსაზღვრისათვის არსებითი მნიშვნელობისაა საქმის მომზადების ეტაპის ეფექტური გამოყენება, რაც მეტწილად დამოკიდებულია მხარეთა საპროცესო-სამართლებრივ აქტიურობაზე, სწორედ ამ ეტაპზეა შესაძლებელი გამოირიცხოს სარჩელის საფუძვლიანობა ფორმალური თუ შინაარსობრივი თვალსაზრისით. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 219-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მხარეები შეზღუდული არიან ახსნა-განმარტების მოსმენისას წარადგინონ ახალი მტკიცებულებები ან მიუთითონ ახალ გარემოებებზე, რომელთა შესახებაც არ ყოფილა მითითებული სარჩელსა თუ შესაგებელში ან საქმის მომზადების სტადიაზე, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მათ შესახებ თავის დროზე საპატიო მიზეზით არ იყო გაცხადებული. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო მსჯელობს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლოთა გადაწყვეტილებებში ან სხდომათა ოქმებში. საკასაციო სასამართლო, კერძო საჩივრის ავტორის მიერ მითითებულ გარემოებებზე, შემოსავლების სამსახურის მიერ დარიცხული დღგ-სა და ჯარიმის თანხების შესახებ, როგორც ახალ ფაქტობრივ გარემოებაზე, საკასაციო სამართალწარმოების ეტაპზე ვერ იმსჯელებს. სარჩელის მიხედვით, აღიარებითი სასარჩელო მოთხოვნების მიმართ მოსარჩელის მიერ გაცხადებულ იურიდიულ ინტერესს ვინდიკაციური მოთხოვნის დაკმაყოფილება და გადაცემული ნივთების მის მფლობელობაში დაბრუნება წარმოადგენდა. სხვა იურიდიულ ინტერესზე მოსარჩელეს სარჩელში არ მიუთითებია, რისი ვალდებულებაც მას საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 178.1 მუხლის „ლ“ ქვეპუნქტის საფუძველზე გააჩნდა. ახალი გარემოების წარმოშობის - სადავო მოძრავი ნივთების მესამე პირის საკუთრებაში გადასვლის შემდეგ, სააპელაციო სასამართლომ მოსარჩელეს მისცა მიკუთვნებითი სასარჩელო მოთხოვნის დაკონკრეტების (დაზუსტების) შესაძლებლობა, მაგრამ მოსარჩელემ მოთხოვნის დაზუსტებაზე უარი განაცხადა და ნასყიდობის საგნების გამოთხოვის ნაცვლად მათი ღირებულების ანაზღაურება არ მოითხოვა, მიუთითა, რომ არსებობდა აღიარებითი მოთხოვნების დამოუკიდებლად დაკმაყოფილების წინაპირობები. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოსარჩელეს აღიარებითი მოთხოვნების მიმართ ნამდვილი იურიდიული ინტერესი არ გააჩნია და ამ ნაწილში სარჩელი სააპელაციო სასამართლოს მიერ მართებულად იქნა განუხილველად დატოვებული.
15. ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-6 მუხლით რეგულირებულია სამართლიანი სასამართლოს პრინციპი. კონვენციის აღნიშნული დათქმა, ევროსასამართლოს პრეცედენტული პრაქტიკის თანახმად, ექვემდებარება ფართო განმარტებას და არა მხოლოდ საქმის მიუკერძოებელ განხილვას, არამედ სამართლიან გადაწყვეტასაც მოიცავს, რაც თავისთავად მიანიშნებს იმაზე, რომ მართლმსაჯულების განხორციელება არ უნდა იყოს ფორმალური, არამედ, სამართალწარმოების მიზანი დარღვეული უფლების ეფექტურ და რეალურ დაცვაზეა ორიენტირებული, რაც ეროვნული სასამართლოს მიერ საკითხის ამომწურავ გადაწყვეტაზე მიანიშნებს და არა ფორმალური ხასიათის სამართალწარმოებაზე, რომელსაც დავის აღმოფხვრა შედეგად არ მოჰყვება (სუსგ №ას-847-2019, 26.12.2019წ; №ას-302-285-2017, 16.06.2017წ; №ას-995-2018, 27.09.2018წ.). საკასაციო სასამართლო ეთანხმება გასაჩივრებული განჩინების სამართლებრივ დასაბუთებას, რომ არსებობდა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილითა და 186-ე მუხლის პირველი ნაწილის „თ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული (სარჩელი არ პასუხობდა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 178-ე მუხლის პირველი ნაწილის „ლ“ ქვეპუნქტის მოთხოვნას) სარჩელის განუხილველად დატოვების საფუძველი. ამრიგად, არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებული ნაწილის გაუქმების ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძველი და წარმოდგენილ კერძო საჩივარს უარი უნდა ეთქვას დაკმაყოფილებაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შ.პ.ს. „T. G.“-ს კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 11 ოქტომბრის გადაწყვეტილება.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი
ამირან ძაბუნიძე
თეა ძიმისტარაშვილი