Facebook Twitter

20 მარტი 2024 წელი

საქმე №ას-1591-2023 თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლეები: გიორგი მიქაუტაძე (თავმჯდომარე)

ლაშა ქოჩიაშვილი (მომხსენებელი)

ამირან ძაბუნიძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორები - ჟ.ჯ–ია, მ.შ–ია

მოწინააღმდეგე მხარეები - ნ.კ–ძე, მ.კ–ძე, ლ.ს–ძე

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 03 ოქტომბრის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორების მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად სააპელაციო სასამართლოში დაბრუნება

დავის საგანი - უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვა (ძირითად სარჩელში), ნასყიდობის ხელშეკრულებების ბათილად ცნობა, უძრავი ქონების მესაკუთრედ ცნობა (შეგებებულ სარჩელში)

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 22 მარტის გადაწყვეტილებით, უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვის თაობაზე ლ.ს–ძის სარჩელი დაკმაყოფილდა. მოპასუხეების: მ.შ–იას და ჟ.ჯ–იას უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილი იქნა უძრავი ქონება, რომლის მისამართია: ქ. თბილისი, ......, ბინა N20, ფართი: 47.00 კვ.მ. ს/კ N.......და აღნიშნული უძრავი ნივთი თავისუფალ მდგომარეობაში გადაეცა მოსარჩელეს. გადაწყვეტილება მიექცა დაუყოვნებლივ აღსასრულებლად. ჟ.ჯ–იას შეგებებული სარჩელი ზემოაღნიშნულ უძრავ ქონებაზე (ს/კ N.........) 2020 წლის 19 ივნისს ერთი მხრივ ჟ.ჯ–იას როგორც „გამყიდველსა“ და მეორე მხრივ მ.კ–ძეს, როგორც „მყიდველს“ შორის გაფორმებული გამოსყიდვის უფლებით უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულებისა და ამავე უძრავ ქონებაზე 2022 წლის 17 თებერვალს, ერთი მხრივ, მ.კ–ძეს, როგორც „გამყიდველს“ და მეორე მხრივ, ლ.ს–ძეს, როგორც „მყიდველს“ შორის დადებული უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის, აგრეთვე, უძრავი ქონების მესაკუთრედ ცნობის თაობაზე, არ დაკმაყოფილდა. გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 14 ნოემბრის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც დავის საბოლოო გადაწყვეტამდე მოსარჩელე ლ.ს–ძეს აეკრძალა საკუთრებაში არსებული სადავო უძრავი ნივთის გასხვისება და უფლებრივად დატვირთვა.

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 22 მარტის გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრეს ჟ.ჯ–იამ და მ.შ–იამ.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 03 ოქტომბრის განჩინებით მ.შ–იასა და ჟ.ჯ–იას სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად, შემდეგი დასაბუთებით:

3.1. სააპელაციო პალატის 2023 წლის 02 აგვისტოს განჩინებით აპელანტების სააპელაციო საჩივრის განხილვა დაინიშნა სასამართლოს მთავარ სხდომაზე 2023 წლის 03 ოქტომბერს, 15:00 საათზე, მე-6 სხდომის დარბაზში. აღნიშნულის თაობაზე მხარეებს ეცნობათ კანონით დადგენილი წესით (სატელეფონო აქტით) და განემარტათ გამოუცხადებლობის სამართლებრივი შედეგებიც, თუმცა აპელანტები სხდომაზე არ გამოცხადებულან და არც გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზი უცნობებიათ სასამართლოსთვის.

3.2. 2023 წლის 03 ოქტომბერს, სასამართლოს მთავარი სხდომის დაწყებამდე სპეციალური ტექნიკური მოწყობილობით ორჯერ გამოცხადდა მხარეების სასამართლო დარბაზში გამოცხადების შესახებ. სხდომა გაიხსნა 15:16 საათზე, სხდომაზე გამოცხადებულმა (დისტანციურად ჩართულმა) მოწინააღმდეგე მხარეების წარმომადგენელმა, აპელანტების გამოუცხადებლობის გამო სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე იშუამდგომლა.

3.3. სააპელაციო პალატის დასკვნით, ვინაიდან აპელანტები სხდომის თაობაზე ინფორმირებული იყვნენ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე-78-ე მუხლებით დადგენილი წესით, დანიშნულ სხდომაზე ისინი არ გამოცხადებულან და არც გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზები უცნობებიათ სასამართლოსთვის, არ ვლინდებოდა სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ მოწინააღმდეგე მხარეების შუამდგომლობის უარყოფისა და სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების დამაბრკოლებელი გარემოებები.

4. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე კერძო საჩივარი წარადგინეს ჟ.ჯ–იამ და მ.შ–იამ, მოითხოვეს მისი გაუქმება და საქმის სააპელაციო სასამართლოსთვის ხელახლა განსახილველად დაბრუნება, შემდეგ საფუძვლებზე მითითებით:

4.1. 2023 წლის 03 ოქტომბერს აპელანტი მ.შ–ია წარმომადგენელთან ერთად გამოცხადდა სააპელაციო სასამართლოში, უშუალოდ სხდომის დარბაზში გამოუცხადებლობა კი, გაუგებრობამ განაპირობა. კერძოდ, მ.შ–ია სასამართლოს შენობაში შევიდა 14:21 საათზე, ხოლო მისი წარმომადგენელი - 14:43 საათზე. ისინი ამ დროიდან იმყოფებოდნენ მე-6 დარბაზთან და ელოდებოდნენ 15:00 საათზე დანიშნული სასამართლო სხდომის დაწყებას. 15:00 საათის შესრულებისთანავე, აპელანტის წარმომადგენელმა შეიხედა მე-6 დარბაზში და დარწმუნდა, რომ იქ მყოფი სასამართლოს შემადგენლობა იხილავდა სხვა საქმეს, ამ დროს აპელანტთა წარმომადგენელს სასამართლოს მანდატურმა მიუთითა, რომ სხდომის დარბაზის კარი საკუთარი ინიციატივით არ გაეღო, დალოდებოდა მოწვევას და ამის შემდგომ შესულიყო დარბაზში. დაახლოებით 15:30 საათზე, აპელანტთა წარმომადგენელი შეეცადა შიდა ტელეფონის საშუალებით მოსამართლის თანაშემწეს დაკავშირებოდა, თუმცა უშედეგოდ, ამასთან, სასამართლოს ჰოლში არსებულ მონიტორზე აპელანტების საქმის სტატუსად მითითებული იყო - „არ დაწყებულა“. აპელანტი და მისი წარმომადგენელი მე-6 დარბაზთან იმყოფებოდნენ 17:00 საათამდე, რის შემდგომაც, წარმომადგენელმა შეძლო დაკავშირებოდა თანაშემწეს, რომელმაც აცნობა, რომ სააპელაციო საჩივარი აპელანტთა გამოუცხადებლობის გამო განუხილველად იქნა დატოვებული. ამ ინფორმაციის შეტყობისთანავე, წარმომადგენელმა მომხდარის შესახებ წერილობით მიმართა საქმის განმხილველ მოსამართლეს და სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარეს.

4.2. სააპელაციო სასამართლოს მანდატურის უფროსის მიერ 2023 წლის 11 ოქტომბერს გაცემული №2/15969 და 2/15941 ცნობებით ცალსახად დგინდება, რომ აპელანტი მხარე სააპელაციო სასამართლოს მე-6 დარბაზთან ნამდვილად იმყოფებოდა 2023 წლის 03 ოქტომბრის 14:22 წუთიდან 16:57 წუთამდე. გასაჩივრებული განჩინების სამართლებრივ საფუძვლად მითითებული ნორმები გარკვეულწილად ასანქცირებს პროცესის მონაწილე მხარეს სასამართლოში გამოუცხადებლობისთვის, გულგრილობის, უპატივცემულობის, დაუდევრობისა და სხვა სუბიექტურ მიზეზთა გამო, რასაც მოცემულ შემთხვევაში, აპელანტთა მხრიდან ადგილი არ ჰქონია. ეს უკანასკნელები დაინტერესებული არიან საქმის არსებითი განხილვით, რაც დასტურდება იმ გარემოებით, რომ მ.შ–ია წარმომადგენელთან ერთად ნამდვილად გამოცხადდა სააპელაციო სასამართლოში დანიშნულ დროს, მე-6 დარბაზთან.

5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ კერძო საჩივარი საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 414-ე-416-ე მუხლების საფუძველზე, მიღებული იქნა განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო, კერძო საჩივრის საფუძვლებისა და საქმის მასალების შესწავლის, აგრეთვე, გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად, მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, გასაჩივრებული განჩინება უნდა გაუქმდეს, ხოლო საქმე სააპელაციო საჩივრის ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას, შემდეგ გარემოებათა გამო:

6. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 412-ე მუხლით, საკასაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს ხელახლა განსახილველად აბრუნებს სააპელაციო სასამართლოში, თუ: ა) საქმის გარემოებები საპროცესო ნორმების ისეთი დარღვევითაა დადგენილი, რომ ამ დარღვევების შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი და საჭიროა მტკიცებულებათა დამატებითი გამოკვლევა; ბ) არსებობს ამ კოდექსის 394-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, გარდა აღნიშნული მუხლის „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებისა. მითითებული მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, პირველი ნაწილით გათვალისწინებულ გადაწყვეტილებას საკასაციო სასამართლომ საფუძვლად უნდა დაუდოს სამართლებრივი შეფასება, რომელიც სავალდებულოა სააპელაციო სასამართლოსათვის. საქმე ხელახლა განსახილველად შეიძლება დაუბრუნდეს სააპელაციო სასამართლოს იმავე ან სხვა შემადგენლობას.

7. წინამდებარე კერძო საჩივრის ფარგლებში საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანია, სააპელაციო სასამართლოს მიერ სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ განჩინების მართლზომიერების საკითხი.

8. სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 03 ოქტომბრის განჩინებით, სააპელაციო საჩივარი განუხილველად დარჩა აპელანტების სხდომაზე გამოუცხადებლობის გამო. საკასაციო სასამართლო იზიარებს კერძო საჩივრის ავტორთა პოზიციას, რომ განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველი, არ ვლინდებოდა, სახელდობრ:

8.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 387-ე მუხლის პირველი და მესამე ნაწილების თანახმად, თუ სააპელაციო საჩივრის აღმძვრელი პირი არ გამოცხადდება საქმის ზეპირ განხილვაზე, მოწინააღმდეგე მხარის თხოვნით სააპელაციო სასამართლო გამოიტანს დაუსწრებელ გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. ყველა სხვა შემთხვევაში, გამოიყენება ამ კოდექსში ჩამოყალიბებული ნორმები პირველი ინსტანციის სასამართლოში დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შესახებ. ამავე კოდექსის 275-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტის მიხედვით კი, სასამართლო, მხარის განცხადებით ან თავისი ინიციატივით, განუხილველად დატოვებს სარჩელს, თუ სასამართლო სხდომაზე მოსარჩელე (განმცხადებელი) არ გამოცხადებულა, ხოლო მოპასუხე თანახმაა, სარჩელი (განცხადება) განუხილველად იქნეს დატოვებული.

8.2. დასახელებული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ სააპელაციო სასამართლო უფლებამოსილია, განუხილველად დატოვოს სააპელაციო საჩივარი, თუ აპელანტი, რომელსაც საქმის განხილვის შესახებ სასამართლო უწყება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით ჩაბარდა, სასამართლო სხდომაზე არასაპატიო მიზეზით არ გამოცხადდა, ხოლო მოწინააღმდეგე მხარე იშუამდგომლებს ან თანხმობას გამოთქვამს სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვებასთან დაკავშირებით.

8.3. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ განჩინება უნდა გადაისინჯოს და საქმე განახლდეს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია დაუსწრებელი გადაწყვეტილების გადასინჯვის მიმართ (შდრ. სუსგ-ებები: Nას-1274-2019, 31.07.2020წ., Nას-1265-2019, 27.12.2019წ. საქმე №ას-579-2024 21 მაისი, 2024წ.).

8.4. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 241-ე მუხლით, დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს, თუ არსებობს 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, ან თუ მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო სხვა საპატიო მიზეზით, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსათვის.

8.5. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლის პირველ ნაწილში მოცემულია იმ შემთხვევების ჩამონათვალი, რომელთა არსებობის დროს დაუშვებელია დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა, კერძოდ, აღნიშნული ნორმის მიხედვით, მხარის გამოუცხადებლობის შემთხვევაში სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა დაუშვებელია, თუ: ა) გამოუცხადებელი მხარე მოწვეული არ იყო ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით; ბ) სასამართლოსათვის ცნობილი გახდა, რომ ადგილი ჰქონდა დაუძლეველ ძალას ან სხვა მოვლენებს, რომელსაც (რომლებსაც) შეეძლო ხელი შეეშალა სასამართლოში მხარის დროულად გამოცხადებისათვის; გ) გამოუცხადებელ მხარეს დროულად არ ეცნობა საქმის ფაქტობრივი გარემოებები; დ) არ არსებობს სარჩელის აღძვრის წინაპირობები.

8.6. პალატა მიუთითებს, რომ გამოუცხადებელ მხარეს, რომლის წინააღმდეგაც გამოტანილია დაუსწრებელი გადაწყვეტილება/განჩინება, შეუძლია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლის პირველ ნაწილში მოცემული ჩამონათვალის გარდა მიუთითოს სხვა გარემოებებზეც, რაც სასამართლო სხდომაზე მისი გამოუცხადებლობის მიზეზი გახდა. ამასთან, კანონმდებელი ავალდებულებს მხარეს, წინასწარ აცნობოს სასამართლოს სხდომაზე მისი გამოცხადების შეუძლებლობის და მიზეზის შესახებ, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ასეთი შეტყობინება სხდომამდე შეუძლებელია. იმ გარემოებათა დამტკიცების ტვირთი, რომლებზეც მიუთითებს მხარე თავის საჩივარში/კერძო საჩივარში, როგორც გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზზე, ეკისრება მომჩივანს, ხოლო ამ გარემოებათა შეფასება იმ თვალსაზრისით, თუ რამდენად საპატიოა მხარის გამოუცხადებლობა – სასამართლოს უფლებამოსილებაა (ს.უ.ს.გ. №ას-1410-1330-2017, 30.01.2018წ.).

8.7. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს იმ გარემოებათა ჩამონათვალს, რომლებიც შეიძლება მიჩნეულ იქნეს სასამართლო პროცესზე მხარის გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზად. აღნიშნული ნორმის თანახმად, ამ კანონის მიზნებისათვის, საპატიო მიზეზად ჩაითვლება ავადმყოფობა, ახლო ნათესავის გარდაცვალება ან სხვა განსაკუთრებული ობიექტური გარემოება, რომელიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის სასამართლო პროცესზე გამოცხადებას.

8.8. დასახელებული ნორმის დეფინიციიდან გამომდინარე, იმისათვის, რომ სასამართლომ პროცესზე მხარის გამოუცხადებლობა ან სასამართლოსთვის შუამდგომლობისა და განცხადების წარუდგენლობა საპატიოდ მიიჩნიოს, უნდა არსებობდეს ორი წინაპირობა: 1. გამოუცხადებლობა გამოწვეული უნდა იყოს განსაკუთრებული ობიექტური გარემოებით; და 2. აღნიშნული განსაკუთრებული ობიექტური გარემოება მხარისაგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს უნდა ხდიდეს მხარის პროცესზე გამოცხადებას ან/და გამოცხადების შეუძლებლობის შესახებ სასამართლოსთვის შეტყობინებას. იმისათვის, რომ სასამართლომ მხარის მიერ მითითებული მიზეზი გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზად მიიჩნიოს, მას უნდა შეექმნას მხარის გამოცხადების ობიექტური შეუძლებლობის მყარი შინაგანი რწმენა. ასეთ შემთხვევაში, ისევე როგორც, ზოგადად, სამოქალაქო სამართალწარმოებისას, მხარეს ეკისრება სადავო გარემოების მტკიცების ტვირთი. ამასთან, სასამართლო სხდომაზე მხარის გამოუცხადებლობის ყოველი კონკრეტული შემთხვევა უნდა შეფასდეს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის შესაბამისად, ინდივიდუალურად, საქმეში არსებული მტკიცებულებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე (ს.უ.ს.გ. Nას-1782-2018, 25.01.2022წ.).

8.9. განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 02 აგვისტოს განჩინებით სააპელაციო საჩივრის განხილვა დაინიშნა 2023 წლის 03 ოქტომბერს, 15:00 საათზე, მე-6 დარბაზში. დადგენილია და კერძო საჩივრით შედავებული არ არის ის გარემოება, რომ აპელანტების წარმომადგენელს დანიშნული სხდომის თარიღისა და დროის შესახებ ეცნობა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე-78-ე მუხლებით დადგენილი წესით (იხ. 2023 წლის 02 აგვისტოს სატელეფონო შეტყობინების აქტი, ს.ფ. 352).

8.10. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ იმ გარემოებათა დამტკიცების ტვირთი, რომლებზეც მიუთითებს მხარე თავის საჩივარში, როგორც გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზზე, ეკისრება საჩივრის ავტორს, ხოლო ამ გარემოებათა შეფასება იმ თვალსაზრისით, თუ რამდენად საპატიოა მხარის გამოუცხადებლობა – სასამართლოს უფლებამოსილებაა“ (იხ. ს.უ.ს.გ. N ას-1542-1445-2012, 02.05.2013).

8.11. განსახილველ შემთხვევაში, კერძო საჩივარს თანდართული აქვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს მანდატურის სამსახურის უფროსის 2023 წლის 11 ოქტომბრის №2/15941 და N 2/15969 ცნობები, რომლითაც დასტურდება, რომ სააპელაციო სასამართლოს შენობაში სამეთვალყურეო ვიდეოკამერების ვიდეოჩანაწერის გადამოწმების შედეგად, 2023 წლის 03 ოქტომბერს აპელანტთა წარმომადგენელი სასამართლო შენობაში შევიდა 14:43 საათზე და 14:44-16:50 საათამდე დროის მონაკვეთში იმყოფებოდა №6 დარბაზთან, ხოლო თავად აპელანტი - მ.შ–ია სასამართლოს შენობაში შევიდა 14:21 საათზე და 14:22 -16:57 საათამდე დროის მონაკვეთში იმყოფებოდა ასევე №6 დარბაზთან (ს.ფ. 392-393).

8.12. საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზეც, რომ საქმეში განთავსებული №2/15930 განცხადებით დასტურდება, რომ აპელანტების წარმომადგენელმა დანიშნული სხდომის დღესვე, 03.10.2023 წელს, 17:26 საათზე წერილობით მიმართა სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარეს და მომხდარის გამო ვიდეოჩანაწერების საფუძველზე მხარეთა სასამართლოში ყოფნის ფაქტის დადასტურება იშუამდგომლა. საქმეში არსებული №2/15941 განცხადებით კი, ირკვევა, რომ თავად აპელანტმა - მ.შ–იამ სხდომის მომდევნო დღეს - 04.10.2023 წელს ასევე მიმართა სააპელაციო სასამართლოს თავმდჯომარეს იმავე შინაარსის შუამდგომლობით (ს.ფ. 389-390).

8.13. საქმეში აგრეთვე წარმოდგენილია მობილური ტელეფონით გადაღებული ფოტოსურათის ე.წ. „სქრინშოთი“, რომელზეც აღბეჭდილია 2023 წლის 03 ოქტომბრის სხდომების განრიგი. ამ ფოტოსურათზე გადაღების დროდ დაფიქსირებულია 16:53 სთ, აპელანტების 15:00 საათზე №6 დარბაზში დანიშნული სხდომის სტატუსად კი, მითითებულია : „არ დაწყებულა“ (ს.ფ. 391).

8.14. ზემოაღნიშნულ მტკიცებულებებზე დაყრდნობით, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ იკვეთება აპელანტების სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზი. იმ პირობებში, როდესაც, კერძო საჩივრის ავტორთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად დასტურდება, რომ აპელანტი და აპელანტების წარმომადგენელი სასამართლო შენობაში გამოცხადდნენ განსაზღვრულ დროზე ადრე (15:00 სთ) და გამოცხადებიდან რამდენიმე საათი (16:57 საათამდე) ფაქტობრივად უწყვეტად იმყოფებოდნენ სააპელაციო სასამართლოს №6 სხდომის დარბაზთან, ასევე, გამომდინარე იქიდან, რომ აპელანტების წარმომადგენელმა სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ ინფორმაციის შეტყობისთანავე მიმართა სასამართლოს თავმჯდომარეს, რათა ვიდეჩანაწერების საფუძველზე დაედასტურებინა აპელანტი მხარის სასამართლოში გამოცხადების ფაქტი, წარმოდგენილ ფოტოსურათზე აღბეჭდილი ინფორმაციის თანახმად კი, სასამართლოს ჰოლში არსებულ მონიტორზე 16:53 საათზე კონკრეტული სხდომის სტატუსად კვლავაც მითითებული იყო - „არ დაწყებულა“, იქმნება იმ ობიექტურ გარემოებათა ერთობლიობა, რაც სასამართლო სხდომის დარბაზში მხარის გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზზე მიუთითებს. ამრიგად, გასაჩივრებული განჩინება უნდა გაუქმდეს და საქმე ხელახლა განსახილველად უნდა დაბრუნდეს იმავე სასამართლოს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ჟ.ჯ–იას და მ.შ–იას კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს.

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 03 ოქტომბრის განჩინება სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლეები: გიორგი მიქაუტაძე

ლაშა ქოჩიაშვილი

ამირან ძაბუნიძე