საქმე №ას-175-2022 28 ივნისი, 2024 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ლევან მიქაბერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მირანდა ერემაძე, ვლადიმერ კაკაბაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
I კასატორი - შპს „თ.ჯ.ო.ს–ი“ (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე - მ.გ–ი, გ.გ–ძე (მოსარჩელე)
II კასატორი - მ.გ–ი, გ.გ–ძე (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე - შპს „თ.ჯ.ო.ს–ი“ (მოპასუხე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 13 დეკემბრის გადაწყვეტილება
I კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
II კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის სრულად დაკმაყოფილება
დავის საგანი - ბრძანების ბათილად ცნობა, სამსახურში აღდგენა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. მ.გ–მა (შემდგომ - პირველი მოსარჩელე) და გ.გ–ძემ (შემდგომ - მეორე მოსარჩელე, ასევე, ერთობლივად აპელანტი, მეორე კასატორი) სარჩელი აღძრეს სასამართლოში შპს „თ.ჯ.ო.ს–ის“ (შემდგომ - დამსაქმებელი, მოპასუხე, პირველი კასატორი) მიმართ ბრძანების ბათილად ცნობის, სამსახურში აღდგენისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების მოთხოვნით.
სარჩელის საფუძვლები
2. მოსარჩელეთა განმარტებით, ისინი უვადო შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე დასაქმებული იყვნენ მოპასუხე კომპანიაში სხვადასხვა თანამდებობაზე. პირველი მოსარჩელე 2011 წლიდან 2020 წლის 24 იანვრამდე მუშაობდა ოპერაციების მენეჯერად. გათავისუფლებამდე მისი სახელფასო ანაზღაურება 5 357 ლარი (ხელზე ასაღები) იყო. 2018 წლის 1 ივნისიდან - 2020 წლის 24 იანვრამდე ტურიზმის გაყიდვების აგენტად მუშაობდა მეორე მოსარჩელე, რომლის ყოველთვიური ხელზე ასაღები ხელფასი - 700 ლარს შეადგენდა.
3. მიუხედავად მოსარჩელეთა მიერ კომპანიისთვის მომგებიანი მუშაობისა, 2020 წლის 20 იანვარს მოულოდნელად გახდა ცნობილი მათი სამსახურიდან გათავისუფლების თაობაზე. გათავისუფლების შესახებ შეტყობინებაში და კომპანიის მიერ გაგზავნილ დასაბუთებაში მოსარჩელეებთან უვადო შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლად მითითებულია საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „ო“ ქვეპუნქტი - სხვა ობიექტური გარემოება. მოპასუხე კომპანიამ მოსარჩელეებს 2020 წლის 30 იანვრის წერილით აცნობა, რომ მოსარჩელეებთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის საფუძველი მოსარჩელეთა „უკანონო“ საქმიანობაა, თითქოსდა მოპასუხე კომპანიის გვერდის ავლითა და რესურსების გამოყენებით, მოსარჩელეები ეწეოდნენ ბიზნესსაქმიანობას, რაც არ შეესაბამება სიმართლეს.
მოპასუხის შესაგებელი
4. 2011 წლიდან კომპანიის CIP სივრცის (განცალკევებული სივრცე აეროპორტების ტერიტორიაზე, სადაც ცალკეულ მგზავრებს დამატებითი საზღაურის გადახდის სანაცვლოდ გაფრენამდე შეუძლიათ დაისვენონ და სხვადასხვა მომსახურება მიიღონ) მენეჯერი და გადაწყვეტილების მიმღები პირი იყო პირველი მოსარჩელე. 2017 წლის 1 ნოემბერს, პირველმა მოსარჩელემ საკუთარ შვილთან, ნ.ღ–ძესთან, გააფორმა შრომის ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც ეს უკანასკნელი უვადოდ დასაქმდა ტურიზმის გაყიდვების აღმასრულებლის თანამდებობაზე. 2018 წლის 1 ივნისს, პირველმა მოსარჩელემ მოპასუხის სახელით, თავის მეორე შვილთან - მეორე მოსარჩელესთანაც დადო უვადო შრომითი ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც ეს უკანასკნელი დასაქმდა ტურიზმის აგენტის თანამდებობაზე. პირველი მოსარჩელე და მისი შვილები 5 წლის განმავლობაში, 2015 წლის 20 მარტიდან - 2020 წლის 20 იანვრამდე მონაწილეობდნენ უკანონო ფინანსურ სქემაში, რაც გულისხმობდა მოპასუხე კომპანიის კუთვნილი თანხების მითვისებას სხვა კომპანიის, შპს „ე.ჯ–ის“ მიერ, რომლითაც მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენეს მოპასუხეს. ფინანსური სქემის არსი შემდეგი იყო: მოპასუხე მომხმარებლებს (სტუმრებსა და კორპორაციულ კლიენტებს) აეროპორტის ტერიტორიაზე ემსახურებოდა (CIP მომსახურება, CIP სივრცეში სარეკლამო და ტურისტულ მომსახურება), თუმცა მომსახურების სანაცვლოდ ინვოისებს გასცემდა და, შესაბამისად, შემოსავალს იღებდა სხვა კომპანია, შპს „ე.ჯ–ა“. ამ უკანასკნელი კომპანიის დირექტორად კომპანიის დაფუძნების დღიდან დაინიშნა მეორე მოსარჩელე, ხოლო კომპანიის იურიდიულ მისამართად განისაზღვრა პირველი მოსარჩელის კუთვნილი უძრავი ქონება.
5. მოპასუხის დაკვეთით სერტიფიცირებული აუდიტორული კომპანიის - შპს „პ.ა–ის“ 2015 – 2019 წლების ფინანსური ოპერაციების აუდიტით დადგინდა, რომ 2015 წლის 20 მარტიდან - 2019 წლის 31 დეკემბრამდე, შპს „ე.ჯ–ამ“ მოპასუხე კომპანიის ნაცვლად, სულ მიიღო 710,845.18 ლარი, 28,320 აშშ დოლარი და 10,609.38 ევრო.
6. მიუხედავად იმისა, რომ პირველი მოსარჩელე იყო მოპასუხის ოპერაციების მენეჯერი და ევალებოდა, ემოქმედა კომპანიის ინტერესებისათვის, უშუალოდ დებდა მოპასუხის ინტერესების საწინააღმდეგო გარიგებებს, იღებდა დამოუკიდებელ გადაწყვეტილებებს მოპასუხე კომპანიის სახელით, მართავდა კომპანიის ფულად სახსრებს, გასცემდა უკანონო ინსტრუქციებს თანამშრომლების მიმართ, მათ შორის, მოპასუხე კომპანიის კორპორაციული კლიენტებისთვის მომსახურების გაწევის პირობებისა და ანგარიშფაქტურების გამოწერაზე.
7. შპს „ე.ჯ–ის“ მიერ მოპასუხის კუთვნილი შემოსავლების მითვისება 5 წლის განმავლობაში გრძელდებოდა და მხოლოდ 2020 წლის იანვარში გამოვლინდა. ამის მიზეზი იყო ის, რომ მოპასუხის მინდობილი პირები (პირველი მოსარჩელე და ჯ.დ–ი, რომელიც, თავის მხრივ, შპს „ე.ჯ–ის“ 100%-იანი წილის მფლობელი იყო) ფინანსური ოპერაციების უშუალო მონაწილე იყვნენ და მათი ინტერესი იყო ფინანსური სქემის გაუმჟღავნებლობა.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
8. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 8 ივნისის გადაწყვეტილებით - სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
9. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით მოსარჩელეებმა გაასაჩივრეს.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივსამართლებრივი დასაბუთება:
10. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 13 დეკემბრის გადაწყვეტილებით - სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 8 ივნისის გადაწყვეტილება მოპასუხის 2020 წლის 20 იანვრის ბრძანებების ძალაში დატოვების ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ - ბათილად იქნა ცნობილი დამსაქმებლის მეორე მოსარჩელესთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე 20.01.2020 წლის გადაწყვეტილება; დამსაქმებელს, პირვანდელ სამუშაო ადგილზე აღდგენის ნაცვლად, დაეკისრა კომპენსაციის ანაზღაურება - 8 400 ლარი (ყოველგვარი დაქვითვის გარეშე) მეორე მოსარჩელის სასარგებლოდ; ბათილად იქნა ცნობილი მოპასუხის პირველ მოსარჩელესთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე 20.01.2020 წლის გადაწყვეტილება; მოპასუხეს პირველი მოსარჩელის პირვანდელ სამუშაო ადგილზე აღდგენის ნაცვლად, დაეკისრა კომპენსაციის ანაზღაურება - 64 000 ლარი (ყოველგვარი დაქვითვის გარეშე). სარჩელი სხვა ნაწილში არ დაკმაყოფილდა.
11. პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ პირველი მოსარჩელის ძირითადი მოვალეობა იყო თბილისისა და ბათუმის აეროპორტში ე.წ. „ვი აი პი“ (VIP) და „სი აი პი“ (CIP) მგზავრებისათვის მოპასუხე კომპანიის სახელით მომსახურების გაწევა, ე.წ. „ვი აი პი“ მგზავრის დახმარება აეროპორტში გასასვლელი ყველა პროცედურის გავლაში, ე.წ. „სი აი პი“ დარბაზების კონტროლი, კვება, სასმელი, ბარგი და სხვა. იგი პირადად იღებდა მონაწილეობას და ორგანიზებას უწევდა მგზავრებისთვის საპასპორტო, საბაჟო და სხვა სახის კონტროლის გავლის პროცესს. ამასთან, უდავოდაა დადგენილი, რომ დამსაქმებლის მიერ 2015 წლის 28 იანვარს გაცემული რწმუნებულებით საზოგადოებამ მოსარჩელეს მიანიჭა შემდეგი უფლებამოსილება: ყოველგვარი სპეციალური ნებართვის გარეშე დამოუკიდებლად წარმოადგინოს საზოგადოება საქართველოს სახელმწიფო უწყებებში საგადასახადო ორგანოების ჩათვლით; წარადგინოს და მიიღოს საგადასახადო ფაქტურები და ყველა სხვა დოკუმენტი, საზოგადოების სახელით ხელი მოაწეროს შესაბამის დოკუმენტებს, შეუზღუდავად წარმოადგინოს დამსაქმებელი სახელმწიფო უწყებებში (რწმუნებულება გაიცა განუსაზღვრელი ვადით).
12. 2020 წლის 24 იანვარს მოსარჩელეებმა განცხადებით მიმართეს დამსაქმებელს შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის დასაბუთების მოთხოვნით. აღნიშნული განცხადების პასუხად 2020 წლის 30 იანვრის წერილით მოსარჩელეებს ეცნობათ, რომ კომპანიის ხელმძღვანელობასა და პარტნიორებს დაკარგული აქვთ მათი პროფესიონალიზმისა თუ კეთილსინდისიერების მიმართ ყოველგვარი ნდობა, რის შედეგადაც შეუძლებლად მიაჩნიათ ამ პირებთან მომავალში შრომითი ურთიერთობების გაგრძელება. სააპელაციო საჩივარში აღნიშნულია, რომ აპელანტებს არ შეუსრულებიათ არცერთი უკანონო მითითება. ისინი ასრულებდნენ იმ მითითებებს, რომელიც უფლებამოსილი პირისგან იყო და მითითებები არ ეწინააღმდეგებოდა საქართველოს კანონმდებლობას. ამასთან, დასაქმებულებს ჰქონდათ ინფორმაცია, რომ ეს მითითებები და საქმიანობა მოწონებული და მიღებული იყო სხვა ხელმძღვანელი პირების მიერაც. საყურადღებოა, რომ წლების განმავლობაში დამსაქმებელი კომპანიის მესვეურებს ჰქონდათ ყველა სახის ინფორმაცია, მაგრამ მათ არცერთხელ არ გამოუთქვამთ რაიმე სახის პრეტენზია.
13. პალატამ გაიზიარა აპელანტის პოზიცია, რომ დამსაქმებლის ინტერესია, აკონტროლოს დასაქმებული და მისცეს შესაბამისი მითითებები/ გაფრთხილება/საყვედური, თუ დასაქმებული არასწორად მოქმედებს. ამ ფუნქციის შეუსრულებლობა წლების განმავლობაში დამსაქმებლის მხრიდან და შემდეგ აპელირება იმაზე, რომ არ იცოდა, რას აკეთებდა ერთი კონკრეტული დასაქმებული, რომელსაც იერარქიით რამდენიმე ზემდგომი პირი ჰყავდა, არ არის დასაბუთებული. ამასთან, მოცემულ საქმეზე, დამსაქმებელი კომპანია მიუთითებდა თანხების მითვისებასა და უკანონო ფინანსურ საქმიანობაზე, რაც სისხლის სამართლის დანაშაულია, მაშინ, როდესაც, არ არის დადგენილი შესაბამისი სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენით. ამდენად, პალატამ კანონდარღვევისა და დანაშაულებრივი სქემის შესახებ მოწინააღმდეგე მხარის (მოპასუხის) მითითება არ გაიზიარა.
14. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მოსარჩელეებს შრომითი ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება არ დაურღვევიათ, რადგან ამ გარემოებათა დამადასტურებელი მტკიცებულება საქმეში წარმოდგენილი არ იყო. ამასთან, წარმოდგენილი მასალებით არ დასტურდებოდა ხელშეკრულებათა გაფორმებაში მოსარჩელეთა ბრალეულობა, რადგან მოპასუხე კომპანიის მმართველი ჯ.დ–ი ამავე დროს შპს „ე.ჯ–ას“ 100% წილის მფლობელი იყო.
15. მხარეთა შორის ურთიერთობის გართულების, დასაქმებულების პროფესიონალიზმისა და კეთილსინდისიერების მიმართ დაკარგული ნდობის გამო, პალატამ დასაქმებულების სამსახურში აღდგენა მიზანშეუწონლად მიიჩნია. კომპანიას პირვანდელ სამუშაო ადგილზე აღდგენის ნაცვლად, კომპენსაცია - 64 000 ლარი (ყოველგვარი დაქვითვის გარეშე) დაეკისრა პირველი მოსარჩელის სასარგებლოდ, ხოლო - 8400 ლარი (ყოველგვარი დაქვითვის გარეშე) მეორე მოსარჩელის სასარგებლოდ.
პირველი კასატორის მოთხოვნა და საფუძვლები:
16. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება მოპასუხემ საკასაციო წესით გაასაჩივრა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის უარყოფა მოითხოვა.
17. პირველი კასატორის მითითებით, სასამართლო ავითარებს იმ მოსაზრებას, რომ კომპანიის ხელმძღვანელობამ ყველაფერი იცოდა და ჩუმად იყო, რაც არ შეესაბამება სიმართლეს და არც სასამართლოში წარმოდგენილი მასალებით არ დგინდება. პირველ რიგში, პირველ ინსტანციაში აპელანტების მიერ წარმოდგენილი არცერთი კომუნიკაცია და წერილობითი მტკიცებულება არ შეიცავს არანაირ პირდაპირ ან ირიბ მითითებას, რომ მოპასუხე კომპანიისათვის ან მისი დამფუძნებელი კომპანიისათვის ცნობილი იყო მოსარჩელეთა უკანონო საქმიანობის შესახებ ან რამენაირად ეთანხმებოდნენ აპელანტების ქმედებებს. პირველი მოსარჩელე შეიძლება აწვდიდა გარკვეულ ინფორმაციას ზემდგომ პირებს, მაგრამ აღნიშნული ინფორმაცია ნამდვილად არ მოიცავდა იმ უკანონო ფინანსური სქემის შესახებ მონაცემებს, რომლის ფარგლებშიც მოქმედებდნენ აპელანტები. არც სააპელაციო სასამართლოში წარმოდგენილი ბუღალტრის ჩვენება არ გამოდგება იმის დასტურად, რომ ხელმძღვანელობას ყველა ფინანსურ ოპერაციაზე ჰქონდა ინფორმაცია. მოწმე აღნიშნავს მოპასუხის ფინანსური ოპერაციების სტამბოლის ოფისიდან დადასტურებას, თუმცა არაფერია ნათქვამი, შპს „ე.ჯ–ის“ ანგარიშზე ჩარიცხვები თუ ეცნობებოდათ თურქეთში.
18. როდესაც ფაქტობრივად დირექტორის უფლებამოსილებებს საქართველოში ასრულებდა პირველი მოსარჩელე, რომელიც თავად იყო ჩართული ფინანსურ სქემაში, ბუნებრივია, ერთობლივად მოქმედი პირები ყველანაირად ეცდებოდნენ კომპანიაში არსებული რეალური სურათი არ მისულიყო ხელმძღვანელობამდე. შესაბამისად, ალოგიკურია გაფრთხილებისა და საყვედურის მიცემაზე საუბარი მაშინ, როდესაც დარღვევების შესახებ ხელმძღვანელობისთვის 2020 წლის იანვრამდე არ იყო ცნობილი. ამასთან, უფრო ადრე თუ გამჟღავნდებოდა დასაქმებულთა მოქმედება, არც იმ შემთხვევაში დაექვემდებარებოდა მხოლოდ მითითებას ან საყვედურს, რადგან მოსარჩელეთა მიერ ჩადენილი ქმედება იყო საკმარისი სიმძიმის იმისათვის, რომ მათთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის გადაწყვეტილება მიღებულიყო პირდაპირ, ყოველგვარი უფრო მსუბუქი ზომების გამოყენების გარეშე.
19. აპელანტებიც თავს იცავენ არა იმ არგუმენტით, რომ მათი ქმედება კანონიერი და კომპანიის ინტერესების შესაბამისი იყო, არამედ იმით, რომ მათ უკანონო და კომპანიისათვის საზიანო ქმედებები კომპანიისათვის ცნობილი იყო. ბუღალტრის ჩვენებები/განმარტებები არ უარყოფს მოსარჩელეთა მონაწილეობას ფინანსურ სქემაში, არამედ იმის დასაბუთებას ცდილობს, რომ მათი მოქმედებები შეთანხმებული იყო ჯ.დ–თან, რაც მოსარჩელეებს პასუხისმგებლობისგან არ ათავისუფლებს. პირველმა მოსარჩელემ საკუთარ შვილთან, რომელიც იყო შპს „ე.ჯ–ი“ დირექტორი, ყოველგვარი შესაბამისი უფლებამოსილების გარეშე გააფორმა ხელშეკრულება. ამ ხელშეკრულების საფუძველზე სრულდებოდა უკანონო მოქმედება – შპს „ე.ჯ–ა“, თითქოსდა, იხდიდა მიზერულ ქირას სარეკლამო სივრცისთვის, რეალურად კი, მოპასუხის მიერ კლიენტებისთვის გაწეულ სარეკლამო მომსახურების საფასურს ითვისებდა. გაუგებარია, რატომაა არაუფლებამოსილი პირის მიერ ხელშეკრულების გაფორმება ამ გარემოებებში კანონშესაბამისი. ამ შემთხვევაშიც სასამართლო არ აფასებს მოსარჩელეთა მოქმედებას, არამედ ხაზს უსვამს ისევ იმ საკითხს, რომ ჯ.დ–ი იყო ორივე კომპანიაში მმართველ თანამდებობაზე.
20. ამდენად, არასწორია მსჯელობა, რომ, მართალია, მოსარჩელეები უკანონოდ მოქმედებდნენ და ამით კომპანიას მიადგა ზიანი, მაგრამ, რაკი კომპანიაში ზემდგომი პირი ამ უკანონობის შესახებ ინფორმაციას ფლობდა და პროტესტს არ გამოხატავდა, ამით უკანონობამ შეიძინა კანონიერი სახე. ამასთან, ამ სამოქალაქო დავის სწორად გადაწყვეტისთვის არიან თუ არა დასაქმებულები მიცემული სისხლის სამართლის პასუხისგებაში, გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს. საქმეში წარმოდგენილია საკმარისი მტკიცებულებები, რომლებიც დამსაქმებლის საზიანოდ დასაქმებულთა ფინანსურ სქემაში მონაწილეობას ადასტურებს. შესაბამისად, სასამართლოს კონკრეტული ქმედებები უნდა შეეფასებინა იმისგან დამოუკიდებლად, სისხლისსამართლებრივად დაკვალიფიცირებულია თუ არა ისინი დანაშაულად.
მეორე კასატორის მოთხოვნა და საფუძვლები:
21. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება მოსარჩელეებმაც გაასაჩივრეს, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის სრულად დაკმაყოფილების მოთხოვნით.
22. შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის ბათილად ცნობა იწვევს შეწყვეტამდე არსებული მდგომარეობის აღდგენასა და იმ ზიანის ანაზღაურებას, რომელიც არამართლზომიერი გათავისუფლების შედეგად დასაქმებულებს მიადგათ. შესაბამისად, სასამართლოს ყველა ღონე უნდა ეხმარა მოსარჩელეთა პირვანდელ სამუშაოზე აღსადგენად.
23. წინააღმდეგობრივია სასამართლოს მსჯელობა, რომ დამსაქმებელს დაკარგული აქვს ნდობა დასაქმებულთა კეთილსინდისიერებისა და პროფესიონალიზმის მიმართ. თუკი სასამართლომ დაადგინა, რომ დასაქმებულები არ იმსახურებდნენ გათავისუფლებას, რადგან არ გამოიკვეთა მათი ბრალეულობა და არაკეთილსინდისიერი ქმედება, ცხადია, დამსაქმებელს მათ მიმართ ნდობა უსაფუძვლოდ დაუკარგავს. ამასთან, თუ სასამართლომ მიიჩნია, რომ მოპასუხემ დასაქმებულის გათავისუფლების მართლზომიერების დადასტურება ვერ შეძლო, გამოდის, რომ მოსარჩელემ ვერც მათი პროფესიონალიზმისა და კეთილსინდისიერების მიმართ ნდობის დაკარგვის დადასტურება ვერ შეძლო.
24. გარდა ზემოაღნიშნულისა, სასამართლოს მიერ მოსარჩელეთათვის მიკუთვნებული კომპენსაციაც მცირეა და არ შეესაბამება იმ ზიანს, რომელიც მოსარჩელეებმა მიიღეს. კომპენსაცია უნდა მოიცავდეს არა მარტო მიუღებელ შემოსავალს, არამედ სამომავლო კომპენსაციასაც იმისათვის, რომ დასაქმებული არ აღდგა პირვანდელ სამუშაო ადგილზე. მოცემულ შემთხვევაში კი, სასამართლომ მოპასუხეს კომპენსაცია დააკისრა იძულებით მოცდენის თანხაზე ნაკლები, რაც ცალსახად ვერ ანაზღაურებს მოსარჩელეთათვის მიყენებულ ზიანს.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
25. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრების საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საჩივრები დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
26. სსსკ-ის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება - დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით არ წარმოუდგენიათ დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
27. სამართლებრივი შედეგი, რისი მიღწევაც მოსარჩელეებს სურთ, სადავო ბრძანებათა ბათილად ცნობა, სამუშაოზე აღდგენა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურება საქართველოს შრომის კოდექსის (შემდეგში - სშკ, წინამდებარე გადაწყვეტილებაში მითითებულია და შეფასებულია სშკ-ის ნორმები დასაქმებულის გათავისუფლების მომენტში მოქმედი რედაქციით) 38.8 მუხლს (სასამართლოს მიერ დასაქმებულთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ დამსაქმებლის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შემთხვევაში, სასამართლოს გადაწყვეტილებით, დამსაქმებელი ვალდებულია, პირვანდელ სამუშაო ადგილზე აღადგინოს პირი, რომელსაც შეუწყდა შრომითი ხელშეკრულება ან უზრუნველყოს ის ტოლფასი სამუშაოთი, ან გადაუხადოს მას კომპენსაცია სასამართლოს მიერ განსაზღვრული ოდენობით), 44-ე (შრომითი ურთიერთობისას მხარის მიერ მეორე მხარისათვის მიყენებული ზიანი ანაზღაურდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით), სსკ-ის 394.1 მუხლსა (მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება) და ამავე კოდექსის 408.1 (იმ პირმა, რომელიც ვალდებულია, აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება) მუხლებიდან გამომდინარეობს.
28. სამუშაოდან გათავისუფლების თაობაზე შრომითი დავის განხილვისას, პირველ რიგში, სასამართლო ამოწმებს, რამდენად მართლზომიერად მოქმედებდა დამსაქმებელი დასაქმებულის სამუშაოდან გათავისუფლებისას. ამ საკითხის გამორკვევა კი, შესაძლებელია მხოლოდ შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე მიღებულ გადაწყვეტილებაში მითითებული გათავისუფლების საფუძვლის კვლევის შედეგად (იხ.: სუსგ №ას-151-147-2016, 19.04.2016წ.; №ას-235-2021, 18.06.2021წ.; №ას-877-2023, 20.10.2023წ.; №ას-928-2023, 16.11.2023წ.; №ას-1651-2023, 31.01.2024წ.; №ას-1494-2022, 31.01.2024წ.). დამსაქმებლის სადავო ბრძანების მიხედვით, 2020 წლის 20 იანვარს მოსარჩელესთან შრომითი ხელშეკრულება შეწყდა ობიექტური გარემოების გამო. ამ საფუძვლით ხელშეკრულების შეწყვეტას სშკ-ის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „ო“ ქვეპუქტი (სხვა ობიექტური გარემოება, რომელიც ამართლებს შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტას) ითვალისწინებს.
29. პალატა განმარტავს, რომ სშკ-ის 37-ე (ამჟამად მოქმედი შრომის კოდექსის 47-ე) მუხლის პირველ ნაწილის „ო“ ქვეპუნქტით შრომითი ხელშეკრულების მოშლისათვის, პირველ რიგში, აუცილებელია, რომ შრომითი ხელშეკრულების მოშლის საფუძველი იყოს განსხვავებული ამავე მუხლში მითითებული სხვა საფუძვლებისაგან. დამსაქმებელი კი, სწორედ დასაქმებულის მიერ დაკისრებული მოვალეობების დარღვევაზე უთითებს. ამასთან, შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის დასაბუთებაში თავად დამსაქმებლის მიერ გათავისუფლების საფუძვლად მითითებულია, რომ „კომპანიის ხელმძღვანელობასა და პარტნიორებს, დაკარგული აქვთ მათი პროფესიონალიზმისა თუ კეთილსინდისიერების მიმართ ყოველგვარი ნდობა, რის შედეგადაც შეუძლებლად მიაჩნიათ ამ პირებთან მომავალში შრომითი ურთიერთობების გაგრძელება. წერილში აღნიშნულია, რომ 2015 წლის 20 მარტს, მეწარმეთა და არასამეწარმეო იურდიულ პირთა რეესტრში დარეგისტრირდა იურდიული პირი, შპს „ფეარპორტი“. ამონაწერის თანახმად, რომლის დამფუძნებელი და 100% წილის მესაკუთრე ჯ.დ–ია, ხოლო დირექტორი გ.გ–ძე, კომპანიის იურიდიული მისამართია, ........ (მ.გ–ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების მისამართი). 2017 წლის 24 თებერვალს კომპანიამ შეიცვალა სახელწოდება და დღეს მისი საფირმო სახელწოდება არის – შპს „ე.ჯ–ა“. მოცემული კომპანია, მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, სტაბილურად თანამშრომლობდა კონკრეტულ პარტნიორებთან და იღებდა მათგან თანხებს თბილისის საერთაშორისო აეროპორტის, ე.წ. CIP მომსახურებისათვის, CIP დარბაზში რეკლამების განთავსებისა და არა ბილეთების რეალიზაციისათვის. რეალურად კი, ამ მომსახურებას მოპასუხე კომპანია ეწეოდათავისი რესურსების გამოყენებით, თუმცა შემოსავალს, იღებდა შპს „ე.ჯ–ა“. ამგვარი ქმედებით, შპს „ე.ჯ–ა“ წლების განმავლობაში მნიშვნელოვან ზიანს აყენებდა „თ.ჯ.ო.ს–ს“. ამის შესახებ ცნობილი იყო მოსარჩელეებისათვის და თანამდებობრივი მდგომარეობის გამოყენებით არაერთ შემთხვევაში მონაწილეობდნენ აღნიშნულ მოქმედებში, მათ შორის, გასცემდნენ მითითებებს თანხებისა და საანგარიშსწორებო დოკუმენტების მოძრაობის შესახებ და სხვა“. შესაბამისად, ხელშეკრულების მოშლის საფუძველი ვალდებულების დარღვევა გახდა. აქედან გამომდინარე, პალატა განმარტავს, რომ მოსარჩელესთან შრომის ხელშეკრულება არ შეწყვეტილა სშკ-ის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „ო“ ქვეპუნქტის საფუძველზე. ასეც რომ არ იყოს, მოპასუხემ ვერ შეძლო, მიეთითებინა და დაემტკიცებინა მოსარჩელეთა მიერ ვალდებულების უხეში დარღვევა, რასაც სშკ-ის 37-ე მუხლის პირველ ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტი (დასაქმებულის მიერ მისთვის ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულებით ან კოლექტიური ხელშეკრულებით ან/და შრომის შინაგანაწესით დაკისრებული ვალდებულების უხეში დარღვევა) ითვალისწინებს. მითითებული საფუძვლით შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტისას უნდა დადგინდეს, ვლინდებოდა თუ არა შრომითი ვალდებულების უხეშად დარღვევის გამო მოსარჩელის გათავისუფლების საფუძველი.
30. ამდენად, მოპასუხის მტკიცებით, მოსარჩელეთა სამსახურიდან გათავისუფლების საფუძველი გახდა ფაქტი, რომ იგი 2015 წლის 20 მარტიდან - 2020 წლის 20 იანვრამდე მონაწილეობდა უკანონო ფინანსურ სქემაში, რაც გულისხმობდა მოპასუხე კომპანიის კუთვნილი თანხების მითვისებას სხვა კომპანიის მიერ, რომლითაც მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენეს მოპასუხეს. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ ხელშეკრულების შეწყვეტის დარღვევასთან თანაზომიერება ხელშეკრულებითა და შინაგანაწესით დასაქმებულზე დაკისრებული ვალდებულების შინაარსის გათვალისწინებით მოწმდება (იხ.: სუსგ №ას-1103-1060-2016, 6.07.2018წ.).
31. დადგენილია, რომ პირველი მოსარჩელე მოპასუხე კომპანიაში დასაქმებული იყო სხვადასხვა თანამდებობაზე: 2007 წლის 8 მარტიდან, ჯერ მენეჯერის ასისტენტის თანამდებობაზე, ხოლო 2011 წლიდან, უვადო შრომის ხელშეკრულების საფუძველზე – ოპერაციების მენეჯერად. ამასთან, დადგენილია, რომ პირველი მოსარჩელის ძირითად მოვალეობას წარმოადგენდა თბილისისა და ბათუმის აეროპორტში ე.წ. „ვი აი პი“ (VIP) და „სი აი პი“ (CIP) მგზავრებისათვის მოპასუხე კომპანიის სახელით მომსახურების გაწევა, ე.წ. „ვი აი პი“ მგზავრის დახმარება აეროპორტში გასასვლელი ყველა პროცედურის გავლაში, ე.წ. „სი აი პი“ დარბაზების კონტროლი, კვება, სასმელი, ბარგი და სხვა უზრუნველყოფა, მათ შორის – თბილისში 4 დარბაზის (სიპ დარბაზები) და ბათუმში 1 დარბაზის საშუალებით მომსახურების გაწევა. მოსარჩელის ვალდებულებას წარმოადგენდა იმ მგზავრების მომსახურება, რომლებიც უხდიდნენ მომსახურების საფასურს მოპასუხე კომპანიას იმისთვის, რომ კომპანიას გამოეყო სპეციალური წარმომადგენელი (მგზავრებისთვის) გაფრენა-ჩამოფრენასთან დაკავშირებული აეროპორტის ყველა ფორმალური პროცედურების მოგვარებისთვის. პირველი მოსარჩელე პირადად იღებდა მონაწილეობას და აორგანიზებდა მსგავსი ტიპის მგზავრებისთვის საპასპორტო, საბაჟო და სხვა სახის კონტროლის გავლის პროცესს. მეორე მოსარჩელე მოპასუხე კომპანიაში ტურიზმის აგენტის თანამდებობაზე იყო დასაქმებული. ასევე დადგენილია, რომ მოპასუხე კომპანიას სადავო პერიოდში, ხელმძღვალობა/წარმომადგენლობაზე უფლებამოსილ პირებად სამეწარმეო რეესტრში რეგისტრირებული იყვნენ - დირექტორი ა. ბ.ი–ნი და პროკურისტი ს.ჯ–ი. 2017 წელს გაცემული მინდობილობით დგინდება, რომ ჯ.დ–ს მიენიჭა მოპასუხის სახელით საზოგადოების საქმიანობის უფლებამოსილება. საშტატო განრიგის მიხედვითაც, ჯ.დ–ი მოპასუხე საწარმოში დანიშნული იყო მთავარ საოპერაციო დირექტორად. თანამდებობა, რომელზეც დასაქმებული იყო პირველი მოსარჩელე, იერარქიულად შედიოდა ჯ.დ–ის ქვემდებარე რგოლში. ამასთან, გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილია და მოპასუხის საკასაციო საჩივრით დასაბუთებული პრეტენზია არ არის წარმოდგენილი, რომ მოპასუხეთა ნებისმიერი ქმედება და ნაბიჯი შეთანხმებული იყო ჯ.დ–თან, რომელიც, როგორც აღინიშნა, მინდობილობის საფუძველზე მართავდა და ხელმძღვანელობდა კომპანიას. საქმეში მოსარჩელე მხარის მიერ წარმოდგენილია სატელეფონო მიმოწერა, რომლითაც დასტურდება ჯ.დ–ის მითითებები და დავალებები სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით; ასევე დაკითხული იქნენ მოწმეები, მათ შორის, ბუღალტერი, რომელთა ჩვენებითაც დგინდება, რომ ნებისმიერი ფინანსური ოპერაცია თანხმდებოდა ჯ.დ–თან. ამასთან, აუდიტის დასკვნით გათვალისწინებული თანხები მიღებული აქვს კომპანიას, რომლის 100%-იანი წილის მფლობელიც ჯ.დ–ია. შესაბამისად, მოსარჩელეთა მითითება მასზე, რომ საზოგადოების სახელით მიღებული გადაწყვეტილებები მოსარჩელეთა მიერ შეთანხმებული იყო ხელმძღვანელ პირთან, დასაბუთებულია. ამ ფაქტს ადასტურებს ისიც, რომ მოპასუხე მოსარჩელეთა მიერ ხელმძღვანელისათვის ცრუ ინფორმაციის მიწოდებაზე ან რაიმე ინფორმაციის დამალვაზე არ მიუთითებს. შესაბამისად, ამ ქმედებების შესახებ დამსაქმებლისათვის იმთავითვე ცნობილი იყო და აუდიტის დასკვნით არ გამხდარა ცნობილი, რის გამოც დარღვევები მოსარჩელეს ბრალად ვერ შეერაცხება.
32. დამსაქმებელმა ვერ დაადასტურა, რომ მოსარჩელეებს შრომითი მოვალეობებიდან გამომდინარე ჰქონდა შესაძლებლობა ერთპიროვნულად და ფარულად განეკარგათ მოპასუხის კუთვნილი ფულადი სახსრები. აღსანიშნავია ისიც, რომ მოსარჩელეთათვის დამსაქმებელს წერილობითი ახსნა-განმარტება არ ჩამოურთმევია და არც რაიმე სახის გაფრთხილება არ მიუცია. სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს იმ გარემოებაზეც, რომ შრომითი ურთიერთობის შეწყვეტამდე დამსაქმებელს დასაქმებულის მიმართ რაიმე სახის დისციპლინური ღონისძიება არ გამოუყენებია.
33. მოსარჩელეთა პოზიციის მიხედვით, მათ არ შეუსრულებიათ არცერთი უკანონო მითითება. ისინი ასრულებდნენ იმ მითითებებს, რომელიც უფლებამოსილი პირისგან იყო და, ამასთან, არ ეწინააღმდეგებოდა საქართველოს კანონმდებლობას.
34. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოპასუხე კომპანიისათვის მიყენებულ ზიანზე პასუხისმგებელ პირად მოსარჩელეთა მიჩნევა არასწორია. საქმის მასალების მიხედვით, ისინი არ იყვნენ ამ გადაწყვეტილებების მიმღები პირები. რაც შეეხება ფაქტს, რომ მოქმედებები უკანონო იყო, რამდენადაც კომპანიას ადგებოდა ზიანი, საკასაციო პალატა განამარტავს, რომ კომპანიის წინაშე ერთგულებისა და ზრუნვის მოვალეობა დირექტორს ეკისრება, სწორედ ის განსაზღვრავს რა შეიძლება იყოს კომპანიისათვის მომგებიანი თუ ზიანის მომტანი. აღნიშნული განპირობებულია საკორპორაციო სამართლის სპეციფიკით, რამდენადაც საწარმოს ხელმძღვანელობის თაობაზე ორმხრივი შეთანხმება დამყარებულია განსაკუთრებულ ნდობაზე და უფლებით აღჭურვილ პირს, ფიდუციური ვალდებულების ფარგლებში, აძლევს დამოუკიდებლობას, იურიდიული პირის სახელითა და ხარჯზე განახორციელოს საწარმოსათვის ხელსაყრელი მოქმედებები. შესაბამისად, ისეთი ტიპის გადაწყვეტილებებზე, რომელსაც დამსაქმებელი სადავოდ ხდის, სწორედ დირექტორია პასუხისმგებელი და არა დასაქმებული, რომელიც დირექტორის მიერ განსაზღვრულ საქმიანობას ასრულებს. საგულისხმოა ისიც, რომ დასაქმებულებს ჰქონდათ ინფორმაცია, აღნიშნული მითითებები და საქმიანობა მოწონებული და მიღებული იყო სხვა ხელმძღვანელი პირების მიერაც (მაგალითად, ამ ფაქტს ადასტურებს ბუღალტრის განმარტება, რომ ყველა განხორციელებულ ფინანსურ და საბანკო საქმიანობასთან დაკავშირებით დეტალურად, ელფოსტით მიეწოდებოდა რეპორტი სტამბოლის ოფისში, მთავარ ფინანსისტ თ.უ–სა და და კომერციულ მენეჯერ ჯ.დ–ს, როდესაც ყველა სახის ფინანსურ ოპერაციას საბოლოოდ ხსნებული პირები ადასტურებდნენ, ვინაიდან მხოლოდ მათ ჰქონდათ საბანკო კოდები (ე.წ.დიჯიპასი). მოსარჩელეთა ამ მტკიცებას სარწმუნოს ხდის თავად მოპასუხის მიერ მითითებული ფაქტი, რომ საწარმოს კუთვნილი შემოსავლების მითვისება 5 წლის განმავლობაში გრძელდებოდა. შესაბამისად, საქმის მასალების მიხედვით, კომპანიის დირექტორებს ჰქონდათ ინფორმაცია, ანდა საწარმოს სათანადო მართვის პირობებში, უნდა ჰქონოდათ ინფორმაცია კომპანიის საქმიანობის და, შესაბამისად, ამ ქმედებათა შესახებ, რამდენადაც ეს მათ პირდაპირ მოვალეობას წარმოადგენდა. მათ კი, როგორც აღინიშნა, ამ წლების განმავლობაში, არც ერთხელ არ გამოუთქვამთ რაიმე სახის შენიშვნა და პრეტენზია.
35. ამ მიმართებით საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, რომ დამსაქმებლის ინტერესია, აკონტროლოს დასაქმებული და მისცეს შესაბამისი მითითებები/გაფრთხილება/საყვედური, თუ დასაქმებული რაიმეს არასწორად აკეთებს. ამ ფუნქციის შეუსრულებლობა წლების განმავლობაში დამსაქმებლის მხრიდან და მერე აპელირება იმაზე, რომ არ იცოდა, რას აკეთებდა დასაქმებული, რომელსაც იერარქიით კომპანიაში რამოდენიმე ზემდგომი პირი ჰყავდა, არასწორია. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ დამსაქმებელი დასაქმებულის სამსახურიდან დათხოვნის კანონიერი საფუძვლის შესაქმნელად გადაცდომებს კი არ უნდა „აგროვებდეს”, არამედ მასზე უნდა „რეაგირებდეს”. სწორედ უშედეგო „რეაგირებაა” დასაქმებულთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის კანონიერი საფუძველი (შდრ. ქ. მესხიშვილი, საქართველოს შრომის სამართალი და საერთაშორისო სტანდარტები, 2017, გვ. 249-250).
36. ამრიგად, რაკი მოპასუხე საწარმოს დირექტორის უფლებამოსილებას ფაქტობრივად ჯ.დ–ი ასრულებდა, რომელიც იღებდა სადავო ქმედებების შესახებ გადაწყვეტილებას, რომელთა შესახებაც, თავის მხრივ, ინფორმირებული იყვნენ კომპანიის დირექტორებიც, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ დამსაქმებელმა ვერ დაადასტურა დირექტორებთან ერთად მოსარჩელეთა თანაბრალეულობის ის ხარისხი, რაც სასამართლოს შეუქმნიდა რწმენას, რომ მათ მიმართ ყველაზე მკაცრი დისციპლინური პასუხისმგებლობის ფორმის გამოყენება ადეკვატური და თანაზომიერი სახდელი იყო.
37. ამ კუთხით, მნიშვნელოვანია დასაქმებულის უფლების დაცვის საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტი - შრომითი ურთიერთობის შენარჩუნების პრინციპი, რომლის შესაბამისადაც, შრომითსამართლებრივი ურთიერთობის შენარჩუნება უპირატესია მის შეწყვეტასთან შედარებით. აღნიშნული მოიაზრებს იმას, რომ ყველაზე მძიმე სანქცია - დასაქმებულის სამსახურიდან გათავისუფლება, დამსაქმებელმა მაშინ უნდა გამოიყენოს, როდესაც დარღვევა იმდენად მნიშვნელოვანი, არსებითი და მძიმეა, რომ შრომითი ურთიერთობის გაგრძელება შეუძლებელია. საქართველოს უზენაესმა სასამართლომ არაერთ საქმეზე განმარტა, რომ: დამსაქმებლის მხრიდან განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება შრომის სამართალში მოქმედ Ultima Ratio-ს პრინციპის დაცვას, რაც იმას ნიშნავს, რომ დასაქმებულის გათავისუფლება გამოყენებულ უნდა იქნეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც დასაქმებულის მიმართ, მისი ჩადენილი გადაცდომის ხასიათიდან გამომდინარე, უფრო მსუბუქი სანქციის შეფარდებას აზრი აქვს დაკარგული. დასაქმებულის ყოველი დარღვევა უნდა შეფასდეს მისი სიხშირის, სიმძიმისა და, რაც მთავარია, შედეგობრივი თვალსაზრისით (იხ.: სუსგ №ას-1276-1216-2014, 18.03. 2015წ.; №ას-787-736-2017, 10.11.2017წ.; №ას-559-559-2018, 2011.2020წ.; №ას-318-2020, 30.06.2022წ.; №ას-1284-2023, 26.12.2023წ.).
38. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ არის საკმარისად დასაბუთებული, დამსაქმებელმა მოსარჩელის გათავისუფლების საფუძვლად არსებული გარემოების მტკიცება, შრომით დავებში არსებული სტანდარტით, ვერ უზრუნველყო. შრომითსამართლებრივ დავებთან დაკავშირებულ არაერთ საქმეში საქართველოს უზენაესმა სასამართლომ განმარტა, რომ ასეთი დავები მტკიცების ტვირთის განაწილების გარკვეული თავისებურებით ხასიათდება, რასაც, მტკიცებულებების წარმოდგენის თვალსაზრისით, დამსაქმებლისა და დასაქმებულის არათანაბარი შესაძლებლობები განაპირობებს. მოსარჩელე, დასაქმებული, რომელიც სამსახურიდან უკანონოდ დათხოვნის თაობაზე აპელირებს, ვერ დაადასტურებს სამსახურიდან დათხოვნის უკანონობას. შესაბამისად, მოსარჩელის მითითება, რომ იგი უკანონოდ გაათავისუფლეს სამსახურიდან, მტკიცების ტვირთს აბრუნებს და დამსაქმებელს დასაქმებულის სამსახურიდან მართლზომიერად გათავისუფლების მტკიცების ვალდებულებას აკისრებს (იხ.: სუსგ №ას-1276-1216-2014, 18.03.2015წ.; №ას-922-884-2014, 16 04.2015წ.; №ას-517-2022, 13.10.2022წ.; №ას-37-2024, 30.04.2023წ.). ).
39. პალატა მიიჩნევს, კასატორის მხოლოდ ზეპირი მითითება, რომ დარღვევებზე პასუხისმგებელი პირი სწორედ მოსარჩელეები არიან, არასაკმარისი მტკიცებულებაა დასაქმებული ბრალეულობის დადგენისათვის და ვერ აბათილებს საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებს, რომლებიც საწინააღმდეგოს ადასტურებს. ამასთან, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ გარკვეული დარღვევები მოსარჩელეს, შესაძლოა, ჰქონდა, რაც უფრო მსუბუქი სახის სანქციის შეფარდებას გაამართლებდა, თუმცა, რაკი დასაქმებულის მიერ მითითებული დარღვევები მოსარჩელეს ბრალად ვერ შეერაცხება, დასაქმებულის სამსახურიდან გათავისუფლება ადეკვატურ და პროპორციულ ღონისძიებად ვერ მიიჩნევა. ამდენად, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ დამსაქმებლის საკასაციო საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
40. სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილობის იურიდიული შედეგის სამართლებრივი რეგულირება მოცემულია სშკ-ის 38-ე მუხლის მე-8 ნაწილში, რომლის დანაწესით, სასამართლოს გადაწყვეტილებით, დამსაქმებელი ვალდებულია, პირვანდელ სამუშაო ადგილზე აღადგინოს პირი, რომელსაც შეუწყდა შრომითი ხელშეკრულება ან უზრუნველყოს იგი ტოლფასი სამუშაოთი, ან გადაუხადოს მას კომპენსაცია სასამართლოს მიერ განსაზღვრული ოდენობით. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ დასაქმებული უკანონოდ გათავისუფლდნენ დაკავებული თანამდებობებიდან, შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ დამსაქმებლის ბრძანებები ბათილად ცნო და მოსარჩელეთა უფლებრივი რესტიტუციის საუკეთესო გზად კომპენსაცია მიიჩნია, რის წინააღმდეგაც, საკასაციო პალატის განსჯით, დასაქმებულებს დასაბუთებული პრეტენზია არ წარმოუდგენიათ.
41. მართალია, კანონმდებელი კომპენსაციასთან მიმართებით უპირატესობას, უკანონოდ დათხოვნილი დასაქმებულის პირვანდელ სამუშაო ადგილზე აღდგენას ანიჭებს, თუმცა აღდგენა გარკვეულ წინაპირობებზეა დამოკიდებული, რომელიც ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ინდივიდუალურად უნდა შემოწმდეს. ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, მიზანშეწონილია, რომ კომპენსაციის მიცემას წინ უძღოდეს აღდგენის შეუძლებლობა ან მიზანშეუწონლობა. ერთ-ერთ საქმეზე, სადაც ბათილად იქნა ცნობილი სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანება, საკასაციო სასამართლომ იმსჯელა დასაქმებულის დარღვეული უფლების აღდგენის საკითხთან მიმართებით. საკასაციო სასამართლოს განმარტებით, როდესაც უკანონოდ დათხოვნილი დასაქმებული შრომითი ხელშეკრულების ბათილად ცნობისა და უფლებების აღდგენას ითხოვს, სასამართლომ თავად უნდა შეაფასოს მოსარჩელის უფლებრივი რესტიტუციის საუკეთესო გზა შემდეგი პრიორიტეტული თანმიმდევრობით, კერძოდ, თუ მოსარჩელის ინტერესი პირვანდელ სამუშაო ადგილზე აღდგენაა, სასამართლომ დასაქმებულისა და დამსაქმებლის ორმხრივი პატივსადები ინტერესების დაცვით უნდა შეამოწმოს მოთხოვნის საფუძვლიანობა და დაკმაყოფილების მიზანშეწონილობა. პირვანდელ სამუშაო ადგილზე აღდგენის მოთხოვნა საფუძვლიანია, თუ ხელშეკრულების შეწყვეტა უკანონოა, თუმცა აღნიშნული ავტომატურად არ იწვევს დასაქმებულის პირვანდელ მდგომარეობის აღდგენას, ვინაიდან, აღნიშნული მოთხოვნის დაკმაყოფილება დამოკიდებულია მისი აღსრულების შესაძლებლობასა და მხარეთა კანონიერი ინტერესების გათვალისწინებით, მისი აღსრულების შესაძლებლობასა და ეფექტიანობაზე (იხ.: სუსგ №ას-792-2019, 18.02.2021წ). საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ დამსაქმებლის პატივსადები ინტერესი გათავისუფლებულ დასაქმებულთან სამსახურებრივი ურთიერთობის გაგრძელების შეუძლებლობაც შეიძლება იყოს (იხ.: სუსგ №ას-729-2022, 9.02.2024წ.), რაც, პირველ რიგში, პიროვნული ფაქტორებით შეიძლება იყოს განპირობებული. ერთ-ერთ საქმეზე, საქართველოს უზენაესმა სასამართლომ მიუთითა, რომ „ზოგადად, კანონმდებელი და სასამართლო პრაქტიკა, ასევე, საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილება სასამართლოს მიერ დამსაქმებლის გადაწყვეტილების უკანონოდ ცნობის შემთხვევაში, მხარს უჭერს სრულ უფლებრივ რესტიტუციას, თუმცა, როდესაც პირვანდელ სამუშაოზე აღდგენას შესაძლოა უკავშირდებოდეს გარკვეული დაძაბულობა, დისკომფორტი სამუშაო ადგილზე დამსაქმებელსა და დასაქმებულს შორის, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ დასაქმებულს უნდა მიეკუთვნოს კომპენსაცია“ (იხ.: სუსგ №ას-222-2023, 27.07.2023წ.).
42. განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მხარეთა შორის ურთიერთობა იმდენად დაძაბულია, რომ მოსარჩელეთა წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. ასეთ შემთხვევაში პალატა მიიჩნევს, რომ უკანონოდ დათხოვნილთა პირვანდელ სამუშაოზე აღდგენა მიზანშეწონილი არ არის და კომპენსაციას უპირატესობა უნდა მიენიჭოს.
43. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატის განსჯით, მართებულია სააპელაციო სასამართლოს დასკვნა, რომ არ არსებობს მოსარჩელეთა სამსახურში აღდგენის წინაპირობა. გასაჩივრებული გადაწყვეტილება სამუშაოზე აღდგენაზე უარის თქმის ნაწილში კანონიერია და მისი გაუქმების საფუძველი არ არსებობს (სსსკ-ის 410-ე მუხლი).
44. რაც შეეხება კომპენსაციის განსაზღვრის საკითხს, პალატა განმარტავს, რომ სშკ-ის 38-ე მუხლის მე-8 პუნქტით არ ადგენს კომპენსაციის გამოანგარიშების წესსა და კრიტერიუმებს. კომპენსაციის, როგორც დასაქმებულის უფლებრივი რესტიტუციის საშუალების, დადგენა და მისი ოდენობის განსაზღვრა სასამართლოს დისკრეციაა, როდესაც გათვალისწინებულ უნდა იქნეს, რომ შრომითსამართლებრივი კომპენსაცია ერთდროულად ფარავს იმ მატერიალურ დანაკარგს, რაც მხარემ უკანონოდ დათხოვნით განიცადა და რასაც იგი საშუალოდ შესატყვისი სამსახურის მოძებნამდე განიცდის, ასევე - იმ მორალურ ზიანს, რაც მას უკანონოდ დათხოვნით მიადგა. ამავდროულად, გასათვალისწინებელია უკანონოდ დათხოვნილი სუბიექტის ასაკი, კომპეტენცია, სამსახურის შოვნის პერსპექტივა, ოჯახური მდგომარეობა, სოციალური მდგომარეობა, ასევე, დამსაქმებლის ფინანსური მდგომარეობა, კომპანიის ლიკვიდურობა, გადახდისუნარიანობა და ა.შ. (იხ.: სუსგ №ას-1540-2019, 30.09.2020წ.).
45. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ კომპენსაცია შეძლებისდაგვარად უნდა უზრუნველყოფდეს სამართლიანი ბალანსის აღდგენას გათავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობის შემთხვევაში. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ: მხარეებს ხანგრძლივი შრომითი ურთიერთობა აკავშირებდათ, შრომითი ხელშეკრულება დადებული იყო განუსაზღვრელი ვადით და ამ კონტექსტით – მოსარჩელის თანამდებობიდან გათავისუფლებით მიღებული მორალური წნეხის სიმძიმეს, მოსარჩელეების გათავისუფლებიდან დავის საბოლოო გადაწყვეტამდე განვლილ პერიოდს, საქართველოში შრომის ბაზარზე არსებულ გამოწვევებს და, რადგანაც შეუძლებელია დასაქმებულთა აღდგენა, მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ დაკისრებული თანხა 64 000 ლარი (ყოველგვარი დაქვითვის გარეშე) პირველი მოსარჩელის სასარგებლოდ, ხოლო - 8400 ლარი (ყოველგვარი დაქვითვის გარეშე) მეორე მოსარჩელის სასარგებლოდ, კომპენსაციის სამართლიანი და გონივრული ოდენობაა და წარმოადგენს დარღვეული უფლებრივი ბალანსის მეტ-ნაკლებად აღდგენის გზას (იხ.: სუსგ №ას-1339-1259-2017, 30.07.2018წ.; №ას-1540-2019, 30.09.2019წ.; №ას-1540-2019, 30.09.2020წ.; №ას-1370-2021, 29.09.2022წ.).
46. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლის მიხედვით, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო არ აკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ განჩინებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მ.გ–ისა და გ.გ–ძის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. შპს „თ.ჯ.ო.ს–ის“ საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 13 დეკემბრის გადაწყვეტილება დარჩეს უცვლელად;
4. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე
მირანდა ერემაძე
ვლადიმერ კაკაბაძე