¹ბს-1002-956(კ-06) 30 მაისი, 2007წ.
თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის
საქმეთა პალატამ
შემადგენლობით:
ლალი ლაზარაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე ზეპირი განხილვის გარეშე განიხილა დ. ბ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 11 ოქტომბრის გადაწყვეტილებაზე
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2003 წლის 29 აგვისტოს თეთრიწყაროს რაიონულ სასამართლოს განცხადებით მიმართა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ მოპასუხე დ. ბ-ის მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა დ. ბ-თვის 978.51 ლარის დაკისრების შესახებ გადახდის ბრძანების გაცემა, შემდეგი საფუძვლებით:
2002 წლის 2 აგვისტოს საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და დ. ბ-ს შორის გაფორმდა ხელშეკრულება სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ. თავდაცვის სამინისტროს კადრების მთავარი სამმართველოს უფროსის 2002 წლის 15 აგვისტოს ¹2020 ბრძანებით კაპრალი დ. ბ-ი ჩაირიცხა მსუბუქ ქვეით ბატალიონ “ ........” პირველი მსუბუქი ქვეითი ასეულის მსუბუქი ქვეითი ოცეულის მსუბუქი ქვეითი ათეულის მეთაურად. თავდაცვის სამინისტროს კადრების მთავარი სამმართველოს უფროსის 2003 წლის 7 თებერვლის ¹289 ბრძანების თანახმად, დ. ბ-ს შეუწყდა კონტრაქტი და გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან, იგი დათხოვნილ იქნა შეიარაღებული ძალების რიგებიდან “სამხედრო სამსახურის სტატუსის შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 თავის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის “თ” ქვეპუნქტის (ხელშეკრულების პირობების დარღვევის გამო) თანახმად და ჩაირიცხა რეზერვში. კონტრაქტის თანახმად, დ. ბ-ი ვალდებული იყო, რომ სწავლების პერიოდში მასზე დახარჯული თანხა აენაზღაურებინა თავდაცვის სამინისტროსთვის, რაც არ შეუსრულებია (ს.ფ. 2-3).
თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს 2003 წლის 30 აგვისტოს გადახდის ბრძანებით დ. ბ-ს დაეკისრა 978.51 ლარის გადახდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სასარგებლოდ (ს.ფ. 4).
2003 წლის 9 სექტემბერს დ. ბ-მა თეთრიწყაროს რაიონულ სასამართლოში შესაგებელი წარადგინა, რომლითაც მოითხოვა თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს 2003 წლის 30 აგვისტოს გადახდის ბრძანების გაუქმება (ს.ფ. 8).
2003 წლის 2 დეკემბერს, თეთრიწყაროს რაიონულ სასამართლოში საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სარჩელის განხილვისას, შეგებებული სარჩელი წარადგინა დ. ბ-მა, რომელმაც მოითხოვა საქართველოს თავდაცვის სამინისტროსათვის მის მიმართ არსებული სახელფასო დავალიანების 4890.30 ლარის ანაზღაურება და სათანადო ჩანაწერებით შრომის წიგნაკის დაბრუნება (ს.ფ. 13-14).
თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს 2004 წლის 25 თებერვლის გადაწყვეტილებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, მოპასუხე დ. ბ-ს დაეკისრა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სასარგებლოდ სწავლების პერიოდში მასზე დახარჯული 820.51 ლარის ანაზღაურება (ს.ფ. 64-65).
რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა დ. ბ-მა, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღებით სამუშაოზე აღდგენა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურება (ს.ფ. 69-71).
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 11 ოქტომბრის გადაწყვეტილებით დ. ბ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს 2004 წლის 25 თებერვლის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, საქართველოს თავადაცვის სამინისტროს სარჩელი და დ. ბ-ის შეგებებული სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, დ. ბ-ს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სასარგებლოდ დაეკისრა 177.5 ლარის გადახდა.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების მოტივები მდგომარეობს შემდეგში:
სააპელაციო სასამართლომ საქმეზე დადგენილად მიიჩნია, რომ დ. ბ-ი, როგორც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლი, სარგებლობდა სახელფასო შეღავათებით, კერძოდ, 1997 წლის საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ბ” პუნქტის თანახმად, მისი შემოსავალი 3000 ლარამდე არ იბეგრებოდა, თავდაცვის სამინისტრომ კი დ. ბ-ს დაუქვითა 5 თვის მანძილზე 152.88 ლარი. აღნიშნულიდან გამომდინარე, რაიონულმა სასამართლომ მართებულად მიუთითა, რომ ხსენებული თანხა უნდა გამოკლებოდა თავდაცვის სამინისტროს სასარჩელო მოთხოვნას. ამასთან, რაიონულმა სასამართლომ არანაირი შეფასება არ მისცა იმ გარემოებას, რომ დ. ბ-ი შეგებებული სარჩელით სხვა მოთხოვნებთან ერთად ითხოვდა ასევე ბოლო თვის _ 2003 წლის იანვრის გაუცემელი ხელფასის _ 403 ლარის ოდენობით ანაზღაურებას. აღნიშნული დავალიანების არსებობა სადავოდ არ გაუხდია თავდაცვის სამინისტროს. შესაბამისად, მითითებული თანხაც უნდა გამოკლებოდა თავდაცვის სამინისტროს სასარჩელო მოთხოვნას.
სააპელაციო სასამართლომ ასევე დადგენილად მიიჩნია, რომ თავდაცვის სამინისტრომ დროულად არ დაუბრუნა შრომის წიგნაკი დ. ბ-ს. აღნიშნული განხორციელდა მხოლოდ რაიონული სასამართლოს მოსამართლეთა უშუალო ჩარევის შედეგად სასამართლო სხდომაზე 2004 წლის 25 თებერვალს. სადავო სამართალურთიერთობის დროს მოქმედი საქართველოს შრომის კანონთა კოდექსის 41.5-ე მუხლის თანახმად, სამუშაოდან დათხოვნისას მუშაკს შრომის წიგნაკს აძლევენ დათხოვნის დღეს. დ. ბ-თან შრომის ხელშეკრულება შეწყდა 2003 წლის 7 თებერვალს ანუ 1 წლით ადრე. შესაბამისად, მას მიადგა ზიანი, რადგან შრომის წიგნაკის გარეშე იგი ვერ დაიწყებდა სხვაგან მუშაობას. სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლის თანახმად, ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისათვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მოცემულ შემთხვევაში სწორედ ამ უკანასკნელს ჰქონდა ადგილი, რადგან დ. ბ-ს შეეძლო სხვაგან დაეწყო მუშაობა თუ იგი დროულად მიიღებდა შრომის წიგნაკს. სააპელაციო სასამართლოში საქმის ზეპირი განხილვის დროს აპელანტის წარმომადგენელმა დააზუსტა მოთხოვნა და მიუღებელი შემოსავლის გამო მოითხოვა თავდაცვის სამინისტროს დ. ბ-ის სასარგებლოდ დაკისრებოდა მხოლოდ სამი თვის ხელფასის ოდენობის თანხის გადახდა. საქმეზე დადგენილი იყო, რომ აპელანტმა მუშაობა დაიწყო 2004 წლის 19 მაისს შინაგან ჯარებში რიგითად, რომლის ხელფასიც შეადგენდა 80 ლარს. შესაბამისად, მიუღებელი შემოსავლის ათვლაც აღნიშნული ხელფასიდან უნდა მომხდარიყო და არა იმ ხელფასიდან, რომელსაც აპელანტი იღებდა თავდაცვის სამინისტროსგან. ამ შემთხვევაში მიუღებელი შემოსავალი უნდა განსაზღვრულიყო დ. ბ-ის შინაგან ჯარებში მუშაობის 3 თვის ხელფასის ოდენობის თანხით, რაც შეადგენდა 240 ლარს. აღნიშნული თანხაც უნდა გამოკლებოდა თავდაცვის სამინისტროს სასარჩელო მოთხოვნას (ს.ფ. 171-176).
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა დ. ბ-მა, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სასარგებლოდ 177.5 ლარის გადახდისაგან მისი გათავისუფლება (ს.ფ. 181-182).
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ დ. ბ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:
ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ პირობებს, როგორიცაა: ა. საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის შედეგზე.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემომითითებული საფუძვლით.
კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას საპროცესო დარღვევით, რამაც არსებითად იმოქმედა საქმის შედეგზე და განაპირობა არასწორი გადაწყვეტილების გამოტანა. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს, ამ თვალსაზრისით არა აქვს წარმოდგენილი დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, დ. ბ-ის საკასაციო საჩივარი არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დ. ბ-ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 11 ოქტომბრის გადაწყვეტილებაზე მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.