Facebook Twitter

საქმე №ას-12-2024 04 აპრილი, 2024 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ამირან ძაბუნიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი,

თეა ძიმისტარაშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – შპს „ტ.მ.ი–სი“ (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ს.კ.რ..“ (მოპასუხე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 26 ოქტომბრის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და სარჩელის სრულად დაკმაყოფილება

დავის საგანი – თანხისა და პირგასამტეხლოს დაკისრება

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. შპს „ტ.მ.ი–სის“ წარმომადგენელმა (შემდეგში „მოსარჩელე“, „მოწინააღმდეგე მხარე“) სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს შპს „ს.კ.რ..“-ის (შემდეგში „მოპასუხე“, „კასატორი“) მიმართ თანხის - 1 000 848.16 ლარისა და პირგასამტეხლოს - 88 464.01 ლარის, დაკისრების მოთხოვნით.

2. სარჩელის საფუძვლები:

2.1. მხარეთა შორის, 2020 წლის 8 იანვარს, მომსახურების ხელშეკრულება გაფორმდა, რომელიც ითვალისწინებდა მოსარჩელის მიერ მოპასუხისათვის სატელევიზიო არხების ყურებადობის რეიტინგებისა და სატელევიზიო არხების მონიტორინგის შედეგების მიწოდებასთან დაკავშირებული მომსახურების გაწევას. ხელშეკრულება გაფორმდა 2 წლის ვადით, 2022 წლის 8 იანვრის ჩათვლით.

2.2. ხელშეკრულების თანახმად, მოპასუხეს მოსარჩელისათვის გაწეული მომსახურების სანაცვლოდ, ყოველთვიურად უნდა გადაეხადა 31 860 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარი, ყოველი თვის ბოლო დღისათვის საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ვალუტებს შორის დადგენილი ოფიციალური გაცვლითი კურსის შესაბამისად. ხელშეკრულების მიხედვით, მოპასუხის მიერ ანაზღაურება უნდა განხორციელებულიყო მოსარჩელის მიერ ყოველ საანგარიშო თვეში საგადასახადო ანგარიშფაქტურის გამოწერიდან 7 სამუშაო დღის ვადაში.

2.3. 2020 წლის 8 იანვრიდან 2022 წლის 7 იანვრის ჩათვლით პერიოდში, მოსარჩელემ მოპასუხეს ყოველდღიურად, სრულად და ჯეროვნად გაუწია ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურება, კერძოდ, უწყვეტად მიაწოდა ხელშეკრულების დანართი N2-ით (ტექნიკური სპეციფიკაციით) განსაზღვრული სატელევიზიო არხების ყურებადობისა და მონიტორინგის მონაცემები.

2.4. მოსარჩელის მიერ გაწეულმა მომსახურების ჯამურმა ღირებულებამ (მომსახურების ღირებულებისა და პირგასამტეხლოს ჩათვლით) შეადგინა 1 000 848.16 ლარი, რაც მოპასუხეს არ გადაუხდია.

3. მოპასუხის პოზიცია:

3.1. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ ხელშეკრულებით შეთანხმებული საფასურის გადახდა ხდებოდა დადგენილი წესითა და გრაფიკით, 2021 წლიდან მოსარჩელეს ჯეროვნად არ შეუსრულებია ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება, რის გამოც მოპასუხეს არ დაუდასტურებია ანგარიშფაქტურები და შესრულებაზე არც მიღება-ჩაბარების აქტები შემდგარა.

3.2. მოპასუხე, ასევე არ დაეთანხმა მოსარჩელის მიერ მომსახურების გადასახადის გამოთვლის წესს და დარიცხული პირგასამტეხლოს ოდენობას.

4. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

4.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 28 მარტის გადაწყვეტილებით, სარჩელი მოპასუხისთვის თანხისა და პირგასამტეხლოს დაკისრების თაობაზე არ დაკმაყოფილდა.

4.2. თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე შპს „ტ.მ.ი–სის“ წარმომადგენელმა წარადგინა სააპელაციო საჩივარი, რომლითაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით – სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.

5. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და საფუძველი:

5.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 26 ოქტომბრის გადაწყვეტილებით, სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 28 მარტის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც შპს „ტ.მ.ი–სის“ სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. მოპასუხე შპს „ს.კ.რ..“-ს მოსარჩელე შპს „ტ.მ.ი–სის“ სასარგებლოდ დაეკისრა 214 143 ლარის გადახდა. სხვა ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

5.2. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ აპელანტი მხარის მიერ შესრულებული იყო გარკვეული ვალდებულება, რასაც ეთანხმებოდა მოწინააღდეგე მხარეც და დასტურდებოდა საქმეში წარმოდგენილი საგადასახადო ანგარიშფაქტურებით. კერძოდ, პალატამ მიუთითა, რომ საქმის მასალებში წარმოდგენილი ანგარიშფაქტურების ნაწილი (ანგარიშფაქტურები, გამოწერის თარიღი - 2020 წლის 3 თებერვალი, 2020 წლის 10 მარტი, 2020 წლის 2 აპრილი, 2020 წლის 5 მაისი, 2020 წლის 9 ივნისი, 2020 წლის 1 ივლისი, 2020 წლის 31 ივლისი, 2020 წლის 1 სექტემბერი, 2020 წლის 30 სექტემბერი, 2020 წლის 2 ნოემბერი, 2020 წლის 30 ნოემბერი, 2021 წლის 4 იანვარი, 2021 წლის 1 თებერვალი, 2021 წლის 1 მარტი, 2021 წლის 1 აპრილი) დადასტურებული იყო მეორე მხარის მიერ, რაც პალატამ გაწეული მომსახურების მიღებად და გადასახდელი თანხის - 1 498 828 ლარის აღიარებად მიიჩნია.

5.3. სასამართლომ აღნიშნა, რომ სააპელაციო საჩივრით სადავო იყო მოწინააღმდეგე მხარის მიერ, 2020 წლის იანვრის თვიდან 2021 წლის მარტის თვის ჩათვლით პერიოდზე გაწეული მომსახურების ღირებულების - 1 434 685.86 ლარის ოდენობით ანაზღაურების ფაქტი. ასევე, სადავო იყო მოპასუხის მიერ მოსარჩელისათვის 2021 წლის სექტემბრის თვეში - 100 000 ლარის, ხოლო ოქტომბრის თვეში - 50 000 ლარის გადახდის ფაქტი. სააპელაციო პალატამ გაიზიარა აპელანტის მტკიცება მასზედ, რომ დასახელებული 1 434 685,86 ლარი მოიცავდა 2021 წლის სექტემბერში გადახდილ 100 000 ლარს და ოქტომბერში გადახდილ 50 000 ლარს. ასევე, მოპასუხე/მოწინააღმდეგე მხარემ განაცხადა, რომ 2021 წლის მარტის თვის ჩათვლით მომსახურების ღირებულის სახით გადახდილი ჰქონდათ 1 434 685 ლარი, საიდანაც 150 000 ლარი წარმოადგენდა 2021 წლის სექტემბერსა და ოქტომბერში ჩარიცხულ თანხას. შესაბამისად, პალატამ დაასკვნა, რომ 2021 წლის მარტის ჩათვლით გაწეული მომსახურებიდან მოპასუხეს ანაზღაურებული ჰქონდა 1 284 685 ლარი. იმის გათვალისწინებით, რომ დადასტურებული საგადასახადო ანგარიშფაქტურების ჯამური თანხა შეადგენდა 1 498 828 ლარს, ხოლო მოპასუხის მიერ დასტურდებოდა მხოლოდ 1 284 685 ლარის გადახდა, სააპელაციო პალატამ დაასკვნა, რომ აღნიშნული თანხების სხვაობის - 214 143 ლარის გადახდა მოწინააღმდეგე მხარეს უნდა დაკისრებოდა.

5.4. სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლო გადაწყვეტილებაში განვითარებული ის მსჯელობა, რომლის თანახმად, საქმეში წარმოდგენილი სხვა ანგარიშფაქტურები, რომლებიც მოპასუხის მიერ დადასტურებული არ იყო, ვერ მიიჩნეოდა მომსახურების გაწევის დამადასტურებელ სათანადო მტკიცებულებად და შესაბამისად, სარჩელის ამ ნაწილში დაკმაყოფილებას გამორიცხავდა.

5.5. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე საკასაციო საჩივარი წარადგინა შპს „ტ.მ.ი–სმა“, რომლითაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.

6. კასატორის მოთხოვნა და საფუძვლები:

6.1. კასატორი მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დაირღვა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტი, რადგან სასამართლომ დადგენილი პრაქტიკის საწინააღმეგოდ გაანაწილა მხარეთა შორის მტკიცების ტვირთი და თანხის გადახდის ფაქტის დადგენა დაუკავშირა არაგანკუთვნად მტკიცებულებებს. კერძოდ, სააპელაციო პალატამ არასწორად მიუთითა, რომ ნარდობის ხელშეკრულებით გაწეული სამუშაოს შესრულება ვერ დადასტურდება მოწმეთა ჩვენებებით ვინაიდან კანონი ნარდობის ხელშეკრულების ფარგლებში გაწეული მომსახურების დადასტურებისთვის რაიმე კონკრეტული მტკიცებულებების ფორმას არ განსაზღვრავს, ეს კი იმ პირობებში, როდესაც მოპასუხის შესაგებელი ვერ აქარწყლებდა სარჩელში მითითებულ ფაქტობრივ გარემოებებს, რადგან მოპასუხემ ვერ უზრუნველყო მოსარჩელის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების გამაბათილებელი დოკუმენტაციის წარდგენა. სახელდობრ, კასატორი ამტკიცებს, რომ 2021 წლის აპრილის, მაისის, ივნისის, ივლისის, აგვისტოს, ნოემბრისა და დეკემბრის თვეებში, ასევე, 2022 წლის იანვარში მოპასუხისთვის გაწეული მომსახურების ფაქტი დასტურდებოდა არა მხოლოდ მოწმეთა ჩვენებებით, არამედ საქმეზე დართული სხვა მტკიცებულებებითაც.

6.2. კასატორის მტკიცებით, სააპელაციო პალატამ საქმე განიხილა მნიშვნელოვანი მატერიალური დარღვევებით, რადგან შეფასების მიღმა დატოვა კასატორი კომპანიის თანამშრომლის - ა.ლ–ძის მიერ „ს.კ.რ..“-ის თანამშრომლებისთვის გაგზავნილი წერილი და მასზე დართული გადაცემა „პრაიმ ტაიმის“ ანგარიში, რომელიც ადასტურებს, რომ სადავო პერიოდში მოწინააღმდეგე მხარე ხელშეკრულებით შეთანხმებულ მომსახურებას იღებდა. კასატორი ამტკიცებს, რომ სააპელაციო პალატამ ასევე, არ შეაფასა მოსარჩელის მიერ მტკიცებულების სახით წარდგენილი მომსახურების ხარისხის შეფასების ანგარიში, რომელიც შეავსო მოპასუხე კომპანიაში დასაქებულმა პირმა და რომელზე გაცემული პასუხებითაც დასტურდება, რომ 2020-2021 წლებში მოწინააღმდეგე მხარე იღებდა ხელშეკრულებით შეთანხმებულ მომსახურებას. კასატორი მიიჩნევს, რომ მხარეთა შორის წარმოშობილი სპეციფიური ურთიერთობის გათვალისწინებით, რომელიც მოიცავდა მოწინააღმდეგე კომპანიისთვის სპეციალური ელექტრონული გასაღების მეშვეობით, ელექტრონულ პროგრამაში „სატელევიაზიო არხების ყურებადობის რეიტინგებისა და სატელევიზიო არხების მონიტორინგის შედეგებზე წვდომის მიწოდებას“, რელევანტურ მტკიცებულებებს წარმოადგენდა მოწმეთა ჩვენებები, მომსახურების ხარისხის შეფასების ანგარიში, მხარეთა მიმოწერა, პერიოდული ანალიტიკური დოკუმენტები, ასევე, მოსარჩელის მიერ აღნიშნული ინფორმაციის პროგრამაში განთავსებისა და განახლების აგრეთვე, მოპასუხის მიერ მისი მიღების, დამუშავებისა და გამოყენების ფაქტები.

6.3. კასატორი მოიხმობს საქმის მასალებში წარმოდგენილ მხარეთა მიმოწერას და აცხადებს, რომ სასამართლომ არასწორად შეაფასა ეს მტკიცებულება, როგორც სამუშაო ფორმატის კომუნიკაცია, რასაც შედეგად მოჰყვა არასწორად დადგენილი ფაქტობრივი გარემოება - თითქოს 2021 წლის აპრილის და დეკემბრის თვეში მოსარჩელეს არ გაუწევია შეთანხმებული მომსახურება.

6.4. კასატორი ამტკიცებს, რომ მხარეები სახელშეკრულებო თავისუფლების პრინციპის ფარგლებში შეთანხმდნენ გადახდის ვალდებულების წარმოშობის დადგენის პრინციპზე და ასეთად მიიჩნიეს კასატორი კომპანიის მხრიდან საგადასახადო ანგარიშფაქტურების გამოწერა და არა მათი მოპასუხის მიერ დადასტურება ან მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმება. მხარე მიიჩნევს, რომ სასამართლომ გამოწერილი ანგარიშფაქტურების მოპასუხის მხრიდან დაუდასტურებლობა, ასევე მიღება-ჩაბარების აქტის არარსებობა, ავტომატურად ჩათვალა მომსახურების მიუწოდებლობად, რაც კანონის არასწორი ინტერპრეტაციაა. ამასთან, მხარე მიიჩნევს, რომ თუ მეორე მხარე არაკეთილსინდისიერად არ ადასტურებს გამოწერილ ანგარიშფაქტურებს, მომსახურების გაწევის დადასტურება შესაძლებელი უნდა იყოს სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობით, მოცემულ საკითხზე სხვაგვარი განმარტება, კასატორის აზრით, სცილდება ობიექტური ჭეშმარიტების ფარგლებს.

6.5. კასატორი პრეტენზიას გამოთქვამს სააპელაციო პალატის მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებასთან დაკავშირებითაც, კერძოდ, აღნიშნავს, რომ სასამართლომ არასწორად დააგინა, თითქოს ხელშეკრულების ჯამურმა ღირებულებამ 2022 წლის 8 იანვრამდე პერიოდში (2019 წლის დეკემბრისა და 2020 წლის იანვარში გაწეული მომსახურების ჩათვლით) შეადგინა 2 435 534,02 ლარი, საიდანაც მოპასუხეს გადახდილი აქვს მხოლოდ 1 434 685, 86 ლარი. ასევე მიიჩნევს, რომ მოპასუხეს ოქტომბრის თვეში გადასახდელი ჰქონდა, მიღებული მომსახურების საფასური, 50 580,79 ლარი. კასატორი დასძენს, რომ სააპელაციო პალატამ უგულებელყო მოპასუხის მხრიდან ანაზღაურებული თანხების, საგადასახადო ანგარიშფაქტურების დადასტურების გარეშე გადახდის ფაქტიც. ასევე, კასატორის აზრით, სასამართლომ არასწორად არ დაადგინა ფაქტობრივი გარემოება მასზედ, რომ 2021 წლის თებერვალი-2022 წლის იანვრის თვეში (ჯამში 11 თვე) მოპასუხეს ერიცხებოდა დავალიანება - 1 000 848,16 ლარის ოდენობით.

6.6. კასატორის მტკიცებით, ძირითადი ვალდებულების გარდა, სააპელაციო პალატამ არასწორად თქვა უარი პირგასამტეხლოს დაკისრებაზეც, რომელიც ჯამურად შეადგენს 88 464,01 ლარს.

6.7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2024 წლის 22 იანვრის განჩინებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შპს „ტ.მ.ი–სის“ საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

7. საკასაციო სასამართლომ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:

8. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

9. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.

10. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება - დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.

11. საკასაციო პალატის განსჯით, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, კასატორს არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება), რის გამოც დადგენილად მიიჩნევა შემდეგი:

- 2020 წლის 8 იანვარს, ერთი მხრივ, შპს „ტ.მ.ი–სს“, როგორც „შემსრულებელს“ და მეორე მხრივ, შპს „ს.კ.რ..“-ს, როგორც „დამკვეთს“, შორის გაფორმდა მომსახურების ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც შემსრულებელმა აიღო ვალდებულება დამკვეთისათვის გაეწია სატელევიზიო არხების ყურებადობის რეიტინგებისა და სატელევიზიო არხების მონიტორინგის შედეგების მიწოდებასთან დაკავშირებული მომსახურება. ამავე ხელშეკრულებით შემსრულებელმა დამკვეთს მიანიჭა Instar Analytics პროგრამული უზრუნველყოფის გამოყენების უფლება;

- ხელშეკრულებით გაწეული მომსახურების სანაცვლო ღირებულება განისაზღვრა ყოველთვიურად 31 860 აშშ დოლარის ეკვივალენტით ეროვნულ ვალუტაში, დღგ-ს ჩათვლით. ანაზღაურება უნდა განხორციელებულიყო მხარეთა შორის ყოველ საანგარიშო თვეში გამოწერილი საგადასახადო ანგარიშფაქტურის გამოწერის შემდგომ 7 სამუშაო დღეში, ყოველი თვის ბოლო დღისათვის საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ვალუტებს შორის დადგენილი ოფიციალური გაცვლითი კურსის შესაბამისად;

- შპს „ს.კ.რ..“-ს შპს „ტ.მ.ი–სისთვის“ ანაზღაურებული აქვს 2020 წლის იანვრის თვიდან 2021 წლის მარტის თვის ჩათვლით პერიოდზე გაწეული მომსახურების ღირებულება 1 434 685.86 ლარის ოდენობით;

- მოპასუხეს მოსარჩელისათვის 2021 წლის სექტემბრის თვეში გადახდილი აქვს 100 000 ლარი, ხოლო, ოქტომბრის თვეში 50 000 ლარი;

- შპს „ს.კ.რ..“-ს არ აუნაზღაურებია შპს „ტ.მ.ი–სისთვის“ 2021 წლის აპრილის თვიდან 2022 წლის 7 იანვრის ჩათვლით პერიოდის მომსახურების ღირებულება.

12. განსახილველი დავის ფარგლებში საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანია კასატორი კომპანიის მიერ ვალდებულების სრულად შესრულების ფაქტის დადგენა, ხოლო ამ გარემოების გადაწყვეტის შემდეგ, იმის შეფასება, სწორად ეთქვა თუ არა უარი მხარეს მომსახურების ღირებულების ნაწილის ანაზღაურებაზე. იმ შედეგის გათვალისწინებით, რისი მიღწევაც მხარეს სურს დამფუძნებელ სამართლის ნორმაა სამოქალაქო კოდექსის 629-ე მუხლის პირველი ნაწილი (ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური) და ამავე კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილი (ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას).

13. საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის პირველ პრეტენზიას, რომელიც მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების განმავლობაში, მის მიერ ნაკისრი ვალდებულების ჯეროვნად შესრულების ფაქტს უკავშირდება და განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო სამართალში მოქმედი მტკიცების ტვირთის ობიექტურად განაწილების პრინციპიდან გამომდინარე (სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 და 102-ე მუხლები) განსახილველ დავაზე, სარჩელში მითითებული ფაქტების მტკიცების ტვირთი ეკისრებოდა მოსარჩელეს. პალატა მიუთითებს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. მოსარჩელემ უნდა ამტკიცოს ის გარემოებები, რომლებზედაც დაფუძნებულია სასარჩელო მოთხოვნა, ხოლო მოპასუხემ გარემოებები, რომლებსაც მისი შესაგებელი ემყარება. მტკიცების ტვირთი არის სამოქალაქო სამართალწარმოებაში საქმის სწორედ გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი ფაქტების დამტკიცების მოვალეობის დაკისრება მხარეებზე, რომლის შესრულება უზრუნველყოფილია მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით არახელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანით იმ მხარის მიმართ, რომელმაც ეს მოვალეობა სათანადოდ არ (ვერ) შეასრულა. მხარეთა მტკიცებითი საქმიანობის საბოლოო მიზანი – ესაა სასამართლოს დარწმუნება საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობაში. სასამართლოს დაურწმუნებლობა კი, მხარისათვის არასასურველ შედეგს იწვევს. მტკიცების ტვირთი დამოკიდებულია არა მხარის როლზე პროცესში, არამედ მოთხოვნის საფუძველზე (იხ. სუსგ. №ას-1298-2018; 22.03.2019წ; №ას-1329-2018, 22.02.2019წ; №ას-1610-2019, 07.02.2020წ; №ას-804-2019, 19.03.2021წ; №ას-1133-2019, 30.07.2021წ; №ას-754-2021, 02.12.2021წ).

14. ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების მიერ მომსახურების საფასურის სრულად ანაზღაურებაზე უარი, დაეფუძნა საქმეში არასაკმარისი მტკიცებულებების არსებობას, მით უფრო, იმ ფაქტს, რომ მოსარჩელის მიერ წარდგენილი ანგარიშფაქტურების ნაწილი მოპასუხის მიერ არ იყო დადასტურებული. კასატორი არ იზიარებს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების დასკვნას და მიიჩნევს, რომ ვინაიდან კანონმდებლობა მომსახურების გაწევის ფაქტის დასადგენად არ ითვალისწინებს რაიმე კონკრეტული მტკიცებულების ფორმის არსებობას, ამიტომ სასამართლოს არ უნდა ეხელმძღვანელა მხოლოდ დაუდასტურებელი ანგარიშფაქტურებით და მხედველობაში უნდა მიეღო მოსარჩელის მიერ წარდგენილი მთელი რიგი სხვა მტკიცებულებები, რომელთა ერთობლიობაც სარჩელის დაკმაყოფილების წინაპირობებს ქმნიდა.

15. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორი ქვემდგომი ინსტანცის სასამართლოს მიერ განვითარებული მსჯელობის არასწორ ინტერპრეტირებას ახდენს და უპირველესად ყურადღებას მიაპყრობს უშუალოდ ანგარიშფაქტურების მტკიცებულებით ძალას. საკასაციო სასამართლოს მიერ კარგად დამკვიდრებული ერთგვაროვანი პრაქტიკის შესაბამისად, დადასტურებული საგადასახადო ანგარიშფაქტურის მტკიცებულებითი ძალა დამოკიდებული არ არის იმ საქონლის/მომსახურების გვარეობით მახასიათებელზე, რომლის მიმართაც გამოწერილია იგი, ამდენად, საკასაციო პალატის ყველა ის განმარტება, რომლითაც მოპასუხის მიერ დადასტურებული ანგარიშფაქტურების არსებობა განხილულ იქნა ხელშეკრულების დადებისა და საქონლის მიწოდების ფაქტების დასტურად, სახელმძღვანელოა წინამდებარე საქმისთვისაც (იხ. სუსგ. №ას-1296-2019 08.06.2021წ; №ას-599-574-2016, 23.09.2016წ; №ას-825-2020, 02.12.2021წ; №ას-1296-2019 08.06.2021წ; №ას-514-514-2018 03.06.2021წ; №ას-514-514-2018, 03.08.2019 წ). დასახელებულ საქმეებში საკასაციო პალატა ელექტრონულად დადასტურებულ საგადასახადო ანგარიშფაქტურებს განიხილავს მყიდველის მიერ საქონლის მიღების ფაქტის დასტურად, რაც კვალიფიციური შედავების არარსებობის პირობებში, წარმოშობს საფასურის გადახდის ვალდებულებას. (იხ. სუსგ. №ას-381-381-2018, 01.05.2018 წ).

16. მოყვანილი მსჯელობიდან ცალსახაა, რომ არც საკასაციო პალატის მიერ დამკვიდრებული ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკა და არც ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება, ანგარიშფაქტურების დადასტურებას არ განიხილავს, როგორც ერთადერთ განკუთვნად და რელევანტურ მტკიცებულებას, არამედ, დავის ფაქტობრივი გარემოებების დადასტურებას უკავშირებს კვალიფიციურ შედავებას, ასეთის არარსებობის პირობებში კი, ანგარიშფაქტურების დადასტურება/დაუდასტურებლობა განიხილება, როგორც წონადი მტკიცებულება. პალატა დასძენს, რომ სასამართლოსათვის ამოსავალია ის კონკრეტული ფაქტები და მტკიცებულებები, რომლებზედაც მოსარჩელე ამყარებს თავის მოთხოვნას. ფაქტობრივი გარემოებებისა და მტკიცებულებების სამართლებრივი შეფასება კი უკვე სასამართლოს პრეროგატივაა (მრავალთა შორის იხ. სუსგ. №ას-1058-2021, 25.05.2022წ; №ას-984-929-2015, 20.11.2015წ). საკასაციო სასამართლო არაერთ გადაწყვეტილებაში/განჩინებაში უთითებს, რომ ყოველი კონკრეტული სამოქალაქო საქმის გადაწყვეტა სასამართლოში, დაკავშირებულია გარკვეული ფაქტების დადგენასთან. ფაქტების დადგენის აუცილებლობა განპირობებულია იმით, რომ სასამართლო იხილავს და წყვეტს მხარეთა შორის წარმოშობილ დავებს, რომლებიც სამართლით რეგულირებული ურთიერთობებიდან წარმოიშობიან. სამართლებრივი ურთიერთობა კი, როგორც ეს ცნობილია, შეიძლება აღმოცენდეს, განვითარდეს ან შეწყდეს მხოლოდ იურიდიული ფაქტების საფუძველზე. სწორედ მტკიცების ტვირთსა და მის სწორ განაწილებაზეა დამოკიდებული დასაბუთებული და კანონიერი გადაწყვეტილების მიღება (იხ. სუსგ. №ას-362-2021, 25.06.2021წ; №ას-661-2021, 20.04.2022წ).

17. განსახილველ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი დადასტურებული ანგარიშფაქტურებით განსაზღვრული თანხის ნაწილი მოპასუხე მხარეს გადახდილი ჰქონდა, ხოლო გადაუხდელი მომსახურების ღირებულება დაეკისრა გადასახდელად, ამ ნაწილში გადაწყვეტილება არ გასაჩივრებულა. რაც შეეხება საქმეში წარმოდგენილ ანგარიშფაქტურების იმ ნაწილს, რომლებიც მოწინააღმდეგე მხარის მიერ არ ყოფილა დადასტურებული, ამ ნაწილში პალატა მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მხრიდან მომსახურების მიწოდების ფაქტი პრეზუმირებული ვერ იქნება, როგორც ეს ანგარიშფაქტურების დადასტურების შემთხვევაშია, არამედ მტკიცების ტვირთი, რჩება მოსარჩელის მხარეზე და სწორედ მან უნდა დაადასტუროს მომსახურების გაწევის ფაქტი.

18. როგორც სარჩელისა და საკასაციო საჩივრიდან ირკვევა, მომსახურების გაწევის ფაქტის დასადასტურებლად კასატორი ეყრდნობა, მხარეთა შორის წარმოებულ მიმოწერას, მიმოწერაში მონაწილე პირთა ჩვენებებს, საქმიანობის ხარისხის მონიტორინგისა და შეფასების კვლევას, ასევე უთითებს ა.ლ–ძის მიერ „ს.კ.რ..“-ის თანამშრომლებისთვის გაგზავნილ წერილსა და მასზე დართულ გადაცემა „პრაიმ ტაიმის“ ანგარიშს. საკასაციო პალატა იზიარებს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების მიერ განვითარებულ იმ სამართლებრივ მსჯელობას, რომ მოხმობილი მტკიცებულებები, ანგარიშფაქტურების დაუდასტურებლობის პირობებში, სათანადო ხარისხით, ვერ ადასტურებს მოსარჩელის მიერ 2021 წლის აპრილის, მაისის, ივნისის, ივლისის, აგვისტოს, ნოემბრისა და დეკემბრის თვეებში, ასევე, 2022 წლის იანვარში ხელშეკრულებით შეთანხმებული მომსახურების უწყვეტად გაწევის ფაქტს. სახელდობრ, პალატა უთითებს, რომ სარჩელზე დართული მიმოწერა, ძირითადად დათარიღებულია 2021 წლის მარტისა და აპრილის პერიოდით. მაგალითად, 2021 წლის მარტის მიმოწერიდან ირკვევა, რომ მოპასუხეს გაეგზავნა შემდეგი ანგარიშები: რუსთავი 2-ის 2016-2020 წლების პროფილური ანგარიში, ღამის კურიერის პროფილური ანგარიში, Sales House-სთვის მომზადებული ანგარიში, ტრენინგზე განხილული ანგარიში, ამასთან, საქმის მასალებში წარმოდგენილი ანგარიშფაქტურით დგინდება, რომ მარტის თვის მომსახურებისთვის გამოწერილი დოკუმენტი დადასტურებულია მოწინააღმდეგე მხარის მიერ (ს.ფ. 53, 59-61, 79). რაც შეეხება ამავე წლის აპრილის თვის მიმოწერას, პალატის შეფასებით, იგი ნამდვილად ასახავს მხარეთა შორის სამუშაო ფორმატის ფარგლებში განხორციელებულ მიმოწერას, მაგალითად 2021 წლის 14 აპრილის წერილში, რომლის თემატიკადაც განსაზღვრულია TMI-Instar Trainings, ვკითხულობთ: „...ჩვენც ველოდებით ხვალინდელ შეხვედრას და დეტალურად გავიაროთ ქვედა და სხვა საკითხები...“, 15 და 28 აპრილის წერილებში ვკითხულობთ „...თქვენთან ასეთი კითხვა/თხოვნა მაქვს, კურიერის პრომოებს, რომ დროები დაეწეროს რამდენად არის შესაძლებელი?...“, თხოვნა მაქვს, დილის გადაცემა გვჭირდება, რომ იყოს ჩვეულებრივი დილა და უქმეების დილა ერთმანეთისგან გამიჯნული...“. რაც შეეხება მხარის მიერ წარმოდგენილ 2021 წლის დეკემბრის თვის მიმოწერას, იგი მხოლოდ მოსარჩელე კომპანიაში დასაქმებული პირის გამომშვიდობებას შეეხება, რაც, რა თქმა უნდა, ხელშეკრულებით შეთანხმებული მომსახურების მიწოდების სამტკიცებლად არარელევანტური მტკიცებულებაა. გარდა ამისა, საკასაციო პალატის განსჯით, 2021 წლის მარტის და 15 აპრილის კორესპონდენციას, თანდართული აქვს სხვადასხვა სახის ანგარიში, ასევე, მხარეთა შორის გაფორმებულ ხელშეკრულებაშიც, მითითებულია, რომ მოსარჩელემ მომსახურების მიწოდება უნდა უზრუნველყოს ტექნიკურ სპეციფიკაციაში მოცემული ფორმის მიხედვით (ს.ფ. 23, 44, 60), თუმცა მოსარჩელეს სადავო პერიოდში ამგვარი ანგარიშების უწყვეტად მიწოდების ფაქტი არ დაუდასტურებია. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან 2021 წლის აპრილის, მაისის, ივნისის, ივლისის, აგვისტოს, ნოემბრისა და დეკემბრის თვეებში, ასევე, 2022 წლის იანვარში მხარეთა შორის არც სამუშაო ფორმატის და არც ანგარიშების გაცვლის შემცველი კორესპონდენცია არ ყოფილა წარმართული, ამასთან, ვინაიდან 2021 წლის მარტის თვის ჩათვლით ანგარიშფაქტურები დადასტურებულია, ხოლო შემდგომი პერიოდისთვის - დაუდასტურებელი, საკასაციო პალატა მტკიცებულებათა ერთობლიობაში შეფასებით, იზიარებს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების მიერ განვითარებულ სამართლებრივ შეფასებას და მიიჩნეს, რომ მოსარჩელემ სადავო პერიოდში მოპასუხისთვის მომსახურების მიწოდების ფაქტი ვერ დაადასტურა, რაც მართებულად გახდა სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი.

19. რაც შეეხება კასატორის პრეტენზიას ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს მიერ მოწმეთა ჩვენებების გაზიარებაზე უარის თქმის შესახებ, პალატა განმეორებით განმარტავს, რომ სასამართლოსათვის ამოსავალია ის კონკრეტული ფაქტები და მტკიცებულებები, რომლებზედაც მოსარჩელე ამყარებს თავის მოთხოვნას. ფაქტობრივი გარემოებებისა და მტკიცებულებების სამართლებრივი შეფასება კი უკვე სასამართლოს პრეროგატივაა (მრავალთა შორის იხ. სუსგ. №ას-1058-2021, 25.05.2022წ; №ას-984-929-2015, 20.11.2015წ). ხაზგასასმელია, რომ საქმის განხილვასა და მტკიცებულებათა გამოკვლევასთან მიმართებით სასამართლოს აქვს აბსოლუტური შესაძლებლობა, განსაზღვროს მტკიცებულებათა შესაბამისობა-განკუთვნადობის საკითხი, როგორც პროცესუალური, ისე მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით და სწორედ ამ საკითხის გადაწყვეტით გამოარკვიოს, თუ რამდენად მართებულად და დასაბუთებულად აყენებს მხარე ამა თუ იმ მოთხოვნას (საქმე №ას-1098-2023 04 დეკემბერი, 2023 წელი). მოხმობილი მსჯელობიდან და საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებათა ერთობლიობიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა იზიარებს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების დასკვნას, რომ მხოლოდ მოწმეთა ჩვვენებები, რომლებიც არ არიან ხელშეკრულების მხარეები (ხელმომწერები), არ იციან რა სახის ვალდებულებები იკისრეს მხარეებმა ხელშეკრულებით და დავის განხილვის ეტაპზე აღარ წარმოადგენენ მოპასუხე კომპანიის თანამშრომლებს, სხვა რელევანტური და განკუთვნადი მტკიცებულებების არარსებობიოს პირობებში, ვერ იქნება შეფასებული მომსახურების გაწევის დასადასტურებლად საკმარის და ობიექტურ მტკიცებულებად.

20. საკასაციო პალატა დაუსაბუთებლად მიიჩნევს კასატორის პოზიციას პირგასამტეხლოს დაკისრებასთან დაკავშირებითაც. სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო – მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა – მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ვინაიდან არ დადგინდა სადავო პერიოდში მომსახურების გაწევის ფაქტი, ამიტომ არ არსებობს მხარისათვის ვალდებულულების არაჯეროვანი შესრულებისთვის პირგასამტეხლოს საფუძველი.

21. საკასაციო პალატა მიუთითებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს საქმეზე - ლობჟანიძე და ფერაძე საქართველოს წინააღმდეგ - საჩივარი N21447/11, N35839/11 2020 წლის 27 თებერვალი, და განმარტავს, რომ კონვენციის მე-6 მუხლის 1-ლი პუნქტი ეროვნულ სასამართლოებს ავალდებულებს, ნათლად მიუთითონ საფუძვლები, რომლებსაც დაეყრდნენ გადაწყვეტილების მიღებისას (იხ. Taxquet v. Belgium [დიდი პალატა], no. 926/05, § 91, ECHR 2010, და Nikolay Genov v. Bulgaria, no. 7202/09, § 27, 13 ივლისი 2017). ვალდებულების ფარგლები შეიძლება განსხვავდებოდეს სადავო გადაწყვეტილების ბუნებიდან გამომდინარე და ის უნდა განისაზღვროს თითოეული საქმის გარემოებების გათვალისწინებით (იხ. Ruiz Torija v. Spain, 9 დეკემბერი 1994, § 29, Series A no. 303-A; García Ruiz v. Spain [დიდი პალატა], no. 30544/96, § 26, ECHR 1999-I; და Moreira Ferreira v. Portugal (no.2) [დიდი პალატა] (no. 19867/12, § 84, 11 ივლისი 2017). ზემოაღნიშნული ვალებულება არ მოითხოვს მომჩივნების მიერ წარმოდგენილ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას (იხ. Fomin v. Moldova, no. 36755/06, § 31, 11 ოქტომბერი 2011), არამედ ის გულისხმობს, რომ სამართალწარმოების მხარეები უნდა ელოდნენ კონკრეტულ და მკაფიო პასუხებს იმ არგუმენტებზე, რომლებიც გადამწყვეტია სამართალწარმოების შედეგებისთვის (იხ. Moreira Ferreira, § 84; Tchankotadze v. Georgia, no. 15256/05, § 103, 21 ივნისი 2016; და Deryan v. Turkey, no. 41721/04, § 33, 21 ივლისი 2015). გადაწყვეტილებიდან ნათლად უნდა ჩანდეს, რომ განხილულ იქნა საქმის არსებითი საკითხები (იხ. Boldea v. Romania, no. 19997/02, § 30, 15 თებერვალი 2007, და Uche v. Switzerland, no. 12211/09, § 37, 17 აპრილი 2018) (იხ. ასევე ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, # 7932/03). საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ საკასაციო საჩივარში მითითებული არაერთი უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება, არარელევანტურია იმ საკითხის მიმართ, რომელზეც პალატა განსახილველი დავის ფარგლებში მსჯელობს (ნარდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მომსახურების გაწევის ფაქტი), შესაბამისად, სასამართლო არ მიიჩნევს საჭიროდ კასატორის ამ პრეტენზიას ამომწურავად უპასუხოს.

22. ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი ვერ მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

23. კასატორმა ვერ დაასაბუთა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს ეწინააღმდეგება.

24. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.

25. ამავდროულად, გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან, ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

26. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

შპს „ტ.მ.ი–სის“ საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად; შპს „ტ.მ.ი–სს“ სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს კ.გ–ას მიერ 07.12.2023წ. №7902 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან - 8000 ლარის 70% – 5600 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150; საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ამირან ძაბუნიძე

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი

თეა ძიმისტარაშვილი