Facebook Twitter

საქმე №ას-1115-2023 11 დეკემბერი, 2023 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ამირან ძაბუნიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი,

თეა ძიმისტარაშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – ო.შ–ძე (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – ლ.კ–ი (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 6 აპრილის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი - უკანონო ხელშეშლის აღკვეთა, შენობის დემონტაჟი

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება – კერძო საჩივრის უარყოფა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. ზ.კ–მა სარჩელი აღძრა სასამართლოში ლ.კ–ის (შემდეგში - „მოპასუხე“) მიმართ უკანონო ხელშეშლის აღკვეთისა და შენობის დემონტაჟის მოთხოვნით.

2. გორის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 20 ნოემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა: 1. უკანონო ხელშეშლისა და შენობის დემონტაჟის შესახებ მოსარჩელე ზ.კ–ის სარჩელი დაკმაყოფილდა; 2. მოპასუხე ლ.კ–ს დაევალა კასპის რაიონის სოფელ ..... მდებარე ზ.კ–ის კუთვნილ მიწის ნაკვეთზე (მიწის ნაკვეთის საკადასტრო კოდი: .......) არსებული შენობა-ნაგებობის (ლომონათის ცეხი) დემონტაჟი და ნარჩენი მასალის გატანა; 3. მოპასუხე ლ.კ–ს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისრა 120 ლარის გადახდა.

3. ზემოაღნიშნულ გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი წარადგინა მოპასუხემ.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 23 ივნისის განჩინებით – ზ.კ–ის უფლებამონაცვლედ ცნობილ იქნა ო.შ–ძე (შემდეგში - „კერძო საჩივრის ავტორი“) .

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 6 აპრილის განჩინებით წინამდებარე საქმისწარმოება შეჩერდა გორის რაიონული სასამართლოს წარმოებაში არსებულ №2/473-23 სამოქალაქო საქმეზე და №3/240-21 ადმინისტრაციულ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე.

6. აღნიშნულ განჩინებაზე მოსარჩელემ კერძო საჩივარი წარადგინა და მისი გაუქმება მოთხოვა შემდეგ გარემოებებზე მიუთითა:

6.1. კერძო საჩივრის ავტორის მტკიცებით, საქმისწარმოების შეჩერების საფუძველი აღარ არსებობს, ვინაიდან საქმე N3/240-21 კანონიერ ძალაშია შესული. საქმისწარმოების შეჩერება საქმის გაჭინურებას ემსახურება, რითაც მოსარჩელეს ხელი ეშლება საკუთრების უფლების განხორციელებაში.

7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 21 სექტემბრის განჩინებით, კერძო საჩივარი, სსსკ-ის 414-ე-416-ე მუხლების საფუძველზე, მიღებულ იქნა განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

8. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების ანალიზის, საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

9. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. იმავე კოდექსის 410-ე მუხლის მიხედვით, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

10. განსახილველ შემთხვევაში საკასაციო სასამართლოს მსჯელობის საგანია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 279-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სააპელაციო საჩივარზე საქმის წარმოების შეჩერების მართლზომიერება.

11. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 279-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლო ვალდებულია შეაჩეროს საქმის წარმოება, თუ საქმის განხილვა შეუძლებელია სხვა საქმის გადაწყვეტამდე, რომელიც განხილულ უნდა იქნეს სამოქალაქო სამართლის ან ადმინისტრაციული წესით.

12. დასახელებულ ნორმაში არსებული ნორმატიული დათქმა - საქმის განხილვის შეუძლებლობა სხვა საქმის გადაწყვეტამდე, გამომდინარეობს სასამართლო დავის განხილვის სამართლებრივი ბუნების ლოგიკიდან, კერძოდ, ყოველი კონკრეტული საქმის გადაწყვეტა სასამართლოში დაკავშირებულია გარკვეული ფაქტების დადგენასთან. ფაქტების დადგენის აუცილებლობა განპირობებულია იმით, რომ სასამართლო იხილავს და წყვეტს მხარეთა შორის წარმოქმნილ დავებს, რომლებიც სამართლით რეგულირებული ურთიერთობებიდან წარმოიშობიან. სამართლებრივი ურთიერთობა კი, შეიძლება აღმოცენდეს, განვითარდეს ან შეწყდეს მხოლოდ იურიდიული ფაქტების საფუძველზე. ე.ი ისეთი ფაქტების საფუძველზე, რომლებსაც სამართლის ნორმა უკავშირებს გარკვეულ იურიდიულ შედეგს.

13. მითითებული საფუძვლით საქმის წარმოების შეჩერების ვალდებულება პირდაპირ უკავშირდება ისეთ საპროცესო ინსტიტუტს, როგორიც არის, მტკიცების ტვირთი და ემსახურება ფაქტების დამტკიცების ვალდებულებისაგან მხარეთა გათავისუფლების მიზანს, სამართალწარმოების ერთ-ერთი პრინციპის - საპროცესო ეკონომიის, რეალიზაციის უზრუნველყოფას, რაც, თავის მხრივ, ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელების წინაპირობაა. სხვა სამართალწარმოებით (წარმოებით) საქმის განხილვისას, სასამართლოს მიერ ფაქტობრივი გარემოებების დადგენა, ბევრჯერ შეუძლებელს ხდის კონკრეტული საქმის განხილვას, რამდენადაც ფაქტები, რომლებიც უნდა დადგინდეს სამოქალაქო ან ადმინისტრაციული წესით განხილვისას, ვერ იქნება გამორკვეული, შეფასებული და დადგენილი კონკრეტული საქმის წარმოებისას, ამავდროულად, ამ ფაქტების დადგენამდე შეუძლებელი უნდა იყოს მოცემული საქმის განხილვა (იხ. სუსგ საქმე №ას-429-406-2014, 06 ივნისი, 2014 წელი).

14. ამდენად, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 279-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლით საქმის წარმოების შეჩერების საკითხის გადაწყვეტისას უნდა დადგინდეს, არსებობს თუ არა საქმეთა შორის ისეთი აუცილებელი კავშირი, რაც შეჩერების ღონისძიების გამოუყენებლობის პირობებში ობიექტურად შეუძლებელს გახდის სასამართლოს წარმოებაში არსებული საქმის განხილვას. სხვაგვარად თუ ვიტყვით, საქმის წარმოების შეჩერება დასაშვებია მხოლოდ იმ პირობით, თუ სხვა საქმეზე გამოტანილ გადაწყვეტილებას შეიძლება მიეცეს პრეიუდიციული მნიშვნელობა სასამართლოს განხილვაში არსებული საქმის გადაწყვეტისას. შესაბამისად, საქმის წარმოების შეჩერებამდე სასამართლომ ზუსტად უნდა განსაზღვროს, რა კავშირი არსებობს მის მიერ განსახილველ საქმესა და იმ საქმეს შორის, რომელიც სხვა სასამართლოს მიერ განიხილება, კერძოდ, გამომდინარეობენ თუ არა ისინი ერთი და იგივე ფაქტობრივი საფუძვლებიდან და სამართლებრივი ურთიერთობიდან (იხ. სუსგ საქმე №ას-551-519-2012, 11 ივნისი, 2012 წელი; №ას-624-591-2015, 22 ივლისი, 2015 წელი).

15. მოცემულ შემთხვევაში, განსახილველი სარჩელის დავის საგანს წარმოადგენს უკანონო ხელშეშლის აღკვეთა და შენობის დემონტაჟი. გორის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 20 ნოემბრის გადაწყვეტილებით: სარჩელი უკანონო ხელშეშლისა და შენობის დემონტაჟის შესახებ, დაკმაყოფილდა. მოპასუხეს დაევალა კასპის რაიონის სოფელი ......... მდებარე ზ.კ–ის კუთვნილ მიწის ნაკვეთზე (მიწის ნაკვეთის საკადასტრო კოდი: ........) არსებული შენობა-ნაგებობის (ლომონათის ცეხი) დემონტაჟი და ნარჩენი მასალის გატანა. წინამდებარე სამოქალაქო საქმეზე ლ.კ–ის მიერ სააპელაციო წესით გასაჩივრებულია გორის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 20 ნოემბრის გადაწყვეტილება. შესაბამისად, მოსარჩელის მოთხოვნის, უკანონო ხელშეშლის აღკვეთის თაობაზე სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლიანობა სსკ-ის 172.2. (თუ საკუთრების ხელყოფა ან სხვაგვარი ხელშეშლა ხდება ნივთის ამოღების ან მისი ჩამორთმევის გარეშე, მაშინ მესაკუთრეს შეუძლია ხელის შემშლელს მოსთხოვოს ამ მოქმედების აღკვეთა. თუ ამგვარი ხელშეშლა კვლავ გაგრძელდება, მესაკუთრეს შეუძლია მოითხოვოს მოქმედების აღკვეთა სასამართლოში სარჩელის შეტანის გზით) მუხლის დანაწესიდან გამომდინარეობს. „სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ნივთის ამოღების ან მისი ჩამორთმევის გარეშე საკუთრების ხელყოფის ან სხვაგვარი ხელშეშლის აღკვეთის მოთხოვნა წარმოადგენს ნეგატორულ სარჩელს, რომელიც, მესაკუთრის დაცვის მიზნით, მიმართულია უფლების დამრღვევი პირის წინააღმდეგ. სასამართლო ამ ტიპის სარჩელის განხილვისას ადგენს არა რაიმე ახალ უფლებას (აწესებს, ცვლის, წყვეტს და სხვა), არამედ მოდავე სუბიექტთა უფლებრივი მდგომარეობის შეუცვლელად ახდენს სამოქალაქო უფლების სწორი რეალიზაციის წესის განსაზღვრას. აღნიშნული ტიპის სარჩელი დაკმაყოფილდება ისეთ შემთხვევაში, როდესაც არსებობს ნივთის მესაკუთრე, რომლის საკუთრების ხელყოფა ან საკუთრების გამოყენებაში სხვაგვარი ხელშეშლა ხორციელდება სხვა პირის უკანონო მოქმედებით“ (იხ. სუსგ ას-1041-998-2014, 12.02.2016; ას-843-809-2016, 26.10.2016).

16. მოპასუხის/აპელანტის შედავებას წარმოადგენს ის გარემოება, რომ ის მიწის ნაკვეთი, რომელზედაც მდებარეობს მისივე პრივატიზებული ლიმონათის ცეხი, მისი საკუთრებაა და არასწორად იყო დარეგისტრირებული მოსარჩელის, ახლა კი უკვე მოსარჩელის უფლებამონაცვლის – ო.შ–ძის სახელზე. ლ.კ–ის მიერ ადმინისტრაციული სარჩელი, სადაც მოსარჩელე ლ.კ–ია, მოპასუხეები კი – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის რეგიონული რეგისტრაციის მართვის სამსახური და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, აღძრულია გორის რაიონულ სასამართლოში 15.09.2021 წელს (სარჩელის რეგისტრაციის ნომერი 3/240-21). დავის საგანია ინდივიდუალური ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა და ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტის გამოცემის დავალდებულება. სასარჩელო მოთხოვნებია როგორც სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის ცენტრალიზებული რეგისტრაციის სამსახურის 2021 წლის 2 ივნისის N882021280147-09 გადაწყვეტილების, ასევე – ზ.კ–ისა და ო.შ–ძის სახელზე საკუთრების უფლების რეგისტრაციაზე სარეგისტრაციო გადაწყვეტილებების ბათილად ცნობა. დადგენილია, რომ აღნიშნული ადმინისტარციული სარჩელი გორის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 13 ოქტომბრის გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 15 მარტის განჩინებითაც დარჩა უცვლელად, ხოლო ლ.კ–ის საკასაციო საჩივარი საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ 2023 წლის 5 მაისის განჩინებით მიჩნეულ იქნა დაუშვებლად.

17. საქმის მასალებითვე დადგენილია, რომ ლ.კ–ის მიერ აღძრულია სამოქალაქო სარჩელი გორის რაიონულ სასამართლოში: მოსარჩელე - ლ.კ–ი, მოპასუხეები - მ.მ–ი, ზ.კ–ი, ო.შ–ძე. სარჩელი შეტანილია გორის რაიონულ სასამართლოში 07.03.2023 წელს (სარჩელის რეგისტრაციის ნომერი 2/473-23); დავის საგანია უძრავი ნივთის ნასყიდობისა და ჩუქების ხელშეკრულებების ნაწილობრივ ბათილად ცნობა, უძრავი ნივთის სადავო (ინსტრუქციით განსაზღვრულ ზედდებაში მყოფ) ნაწილზე მოსარჩელის მესაკუთრედ ცნობა, კერძოდ: 1. ბათილად იქნეს ცნობილი მ.მ–სა და ზ.კ–ს შორის 2016 წლის 11 იანვარს გაფორმებული უძრავი ნივთის (ს/კ .......) ნასყიდობის ხელშეკრულება ლ.კ–ის კუთვნილ უძრავ ნივთთან (პრივატიზებულ ლიმონათის საამქროსთან) ზედდების ნაწილში; 2. ბათილად იქნეს ცნობილი ზ. ზ.კ–ისა და ო.შ–ძეს შორის 2018 წლის 12 ოქტომბერს გაფორმებული უძრავი ნივთის (ს/კ ......) ჩუქების ხელშეკრულება ლ.კ–ის კუთვნილ უძრავ ნივთთან (პრივატიზებულ ლომონათის საამქროსთან) ზედდების ნაწილში; 3. ლ.კ–ი ცნობილ იქნეს მოპასუხე ო.შ–ძის სახელზე, N....... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის საკადასტრო მონაცემებსა და თავად ლ.კ–ის კუთვნილი უძრავი ნივთის (ლიმონათის საამქროს) მონაცემებს შორის ზედდებაში მყოფი მიწის ნაკვეთისა და შენობა-ნაგებობის მესაკუთრედ.

18. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მოქმედი კანონმდებლობით დადგენილია სასამართლო გადაწყვეტილების მატერიალური კანონიერი ძალა, რომელიც უზრუნველყოფს გადაწყვეტილების საბოლოო ხასიათს არა მარტო კონკრეტული პროცესისათვის, არამედ მის ფარგლებს გარეთაც. კერძოდ, სსსკ-ის 266-ე მუხლის შესაბამისად, გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ მხარეებს, აგრეთვე მათ უფლებამონაცვლეებს არ შეუძლიათ ხელახლა განაცხადონ სასამართლოში იგივე სასარჩელო მოთხოვნები იმავე საფუძველზე, აგრეთვე, სადავო გახადონ სხვა პროცესში გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტები და სამართლებრივი ურთიერთობანი. აღნიშნული ნორმის დანაწესიდან გამომდინარე, გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ იძენს უდავოობისა და სავალდებულოობის თვისებას და მხარეებს, აგრეთვე მათ უფლებამონაცვლეებს, არ აქვთ უფლება სადავო გახადონ აღნიშნული გადაწყვეტილებით უკვე დადგენილი ფაქტები (სუსგ №ას-324-309-2016, 10.01.2017წ.). ამდენად, გადაწყვეტილების პრეიუდიციულობა ორმხრივ სავალდებულო აკრძალვას გულისხმობს, რომელიც კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილებით დადგენილი და დადასტურებული ფაქტების სხვაგვარად შეფასებას უკრძალავს სასამართლოს, ხოლო საქმეში მონაწილე პირებს - ამავე გადაწყვეტილებით დადგენილ ფაქტებთან და სამართლებრივ ურთიერთობასთან შედავებას, თუ სხვა საქმეში იგივე პირები ან მათი უფლებამონაცვლეები მონაწილეობენ (იხ. პ. ქათამაძე, სსსკ-ის კომენტარი (რჩეული მუხლები), თბილისი, 2020, მუხ. 266, გვ.994).

19. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სამოქალაქო სამართალწარმოების წესით საკითხის გადაწყვეტა პირდაპირ და უშუალო გავლენას იქონიებს განსახილველ საქმეზე. სამოქალაქო საქმის (ადმინისტრაციულ საქმეზე გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში) ლ.კ–ის სასარგებლოდ დასრულების შემთხვევაში არსებითად შეიცვლება წინამდებარე სამოქალაქო საქმის ფაქტობრივი გარემოებები, კერძოდ, უკანონო ხელშეშლის აღკვეთის მატერიალურ-სამართლებრივ მოთხოვნას შესაძლოა, გამოეცალოს საფუძველი, თუ საბოლოოდ დადგინდება, რომ სადავო მიწის ნაკვეთის მესაკუთრეს მოსარჩელის უფლებამონაცვლე ო.შ–ძე აღარ წარმოადგენს. კერძოდ, თუ გაუქმდება ამჟამად ო.შ–ძის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის საკადასტრო მონაცემები ლ.კ–ის კუთვნილ მიწის ნაკვეთთან ზედდების ნაწილში, მიწის ნაკვეთის სადავო ნაწილი თავისთავად აღარ მიიჩნევა ლ.კ–ის უკანონო მფლობელობაში არსებულ ნაწილად (ზედდებაში არსებულ ნაწილზე განთავსებულია ლ.კ–ის პრივატიზებული შენობა-ნაგებობა), რაც, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, გამორიცხავს სარჩელის დაკმაყოფილებას.

20. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სააპელაციო საჩივარზე საქმისწარმოება მართებულად შეაჩერა. შესაბამისად, კერძო საჩივარი დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების საფუძველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ო.შ–ძის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 6.04.2023 წლის განჩინება;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ამირან ძაბუნიძე

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი

თეა ძიმისტარაშვილი