Facebook Twitter

საქმე №ას-1465-2022 24 მარტი, 2023 წელი, თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

ამირან ძაბუნიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი,

თეა ძიმისტარაშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – რ.დ–ძე (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – ნ.ხ–ძე (მოსარჩელე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 14 ივლისის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება

დავის საგანი – თანხისა და ალიმენტის დაკისრება, ნივთების გაყოფა და უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვა

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. რ.დ–ძე ასაჩივრებს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 14 ივლისის განჩინებას, რომლითაც ნ.ხ–ძის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. რ.დ–ძის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 29 ნოემბრის გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც მოპასუხე რ.დ–ძეს დაეკისრა მოსარჩელე ნ.ხ–ძის სასარგებლოდ წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 2116 ლარის ანაზღაურება (მე-2 პ.) და რომლითაც დაევალა მოპასუხე რ.დ–ძეს, მოსარჩელე ნ.ხ–ძეს დაუბრუნოს ნაჩუქარი ძვირფასეულობა, კერძოდ: 1. (6) ოქროს ცეპი ან მისი ღირებულება 2950 ლარი; 2. (7) ოქროს ბრასლეტი ან მისი ღირებულება 2065 ლარი; 3. (9) ოქროს დიდი ბეჭედი ვარდის ფორმის ან მისი ღირებულება 1770 ლარი; 4. (10) ოქროს ბეჭედი ბრილიანტის თვლებით ან მისი ღირებულება 2065 ლარი; 5. (11) ოქროს დიდი ბეჭედი დეკორატიული ან მისი ღირებულება 885 ლარი; 6. (12) ოქროს ბეჭედი მცირე ზომის ბრილიანტის თვლებით ,,შანელის’’ ლოგოს ფორმის ან მისი ღირებულება 885 ლარი; 7. (13) ოქროს ბეჭედი ან მისი ღირებულება 590 ლარი; 8. (14) ოქროს ბეჭედი ბრილიანტის თვლებით ან მისი ღირებულება 590 ლარი; 9. (15) ოქროს ბეჭედი ბრილიანტის თვლით ან მისი ღირებულება 850 ლარი; 10. (16) ოქროს ბეჭედი ან მისი ღირებულება 590 ლარი; 11. (17) ოქროს ცეპი ან მისი ღირებულება 2950 ლარი; 12. (18) ოქროს კულონი ღვთისმშობლის გამოსახულებით ან მისი ღირებულება 1770 ლარი; 13. (19) ქორწინებამდე შეძენილი მოსარჩელის კუთვნილი ოქროს ცეპი ჯვრით, ან მისი ღირებულება 737 ლარი; 14. (20) ოქროს ცეპი ან მისი ღირებულება 150 ლარი; 15. (21) ოქროს საყურეები ფოთლის ფორმის ან მისი ღირებულება 442 ლარი. საერთო ჯამში 19289 ლარის ღირებულების 15 ნივთები. დანარჩენ ნაწილში ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 29 ნოემბრის გადაწყვეტილება დარჩა უცვლელი;

1.1. ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 29 ნოემბრის გადაწყვეტილებით, ნ.ხ–ძის სასარჩელო მოთხოვნები დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. 1. რ.დ–ძეს დაეკისრა არასრულწლოვანი შვილის, რ.დ–ძის სასარგებლოდ ალიმენტის გადახდა ყოველთვიურად 300 ლარის ოდენობით სარჩელის აღძვრის დღიდან, 2019 წლის 29 ოქტომბრიდან რ.დ–ძის სრულწლოვანებამდე. 2. ნ.ხ–ძეს უარი ეთქვა გასული პერიოდის ალიმენტის დაკისრებაზე და დამატებითი ხარჯების ანაზღაურებაზე. 3. მოპასუხე რ.დ–ძეს დაევალა, მოსარჩელე ნ.ხ–ძეს დაუბრუნოს ნაჩუქარი ძვირფასეულობა, კერძოდ: 1) ოქროს საყურეები ბრილიანტის თვლებით ან მისი ღირებულება 8850 ლარი; 2) ოქროს ბეჭედი ბრილიანტის თვლებით ან მისი ღირებულება 2835 ლარი; 3) ოქროს მსხვილი ჯაჭვი ან მისი ღირებულება 11 800 ლარი; 4) ბაქლავის ფორმის დიდი ბეჭედი ბრილიანტის თვლებით ან მისი ღირებულება 7375 ლარი; 5) რგოლის მაგვარი ბეჭედი ბაჯაღლო ,,ჩალმა’’ ან მისი ღირებულება 2065 ლარი; 6) ოქროს ცეპი ან მისი ღირებულება 2950 ლარი; 7) ოქროს ბრასლეტი ან მისი ღირებულება 2065 ლარი; 8) დიდი ოქროს ბრასლეტი ან მისი ღირებულება 5900 ლარი; 9) ოქროს დიდი ბეჭედი ვარდის ფორმის ან მისი ღირებულება 1770 ლარი; 10) ოქროს ბეჭედი ბრილიანტის თვლებით ან მისი ღირებულება 2065 ლარი; 11) ოქროს დიდი ბეჭედი დეკორატიული ან მისი ღირებულება 885 ლარი; 12) ოქროს ბეჭედი მცირე ზომის ბრილიანტის თვლებით ,,შანელის’’ ლოგოს ფორმის ან მისი ღირებულება 885 ლარი; 13) ოქროს ბეჭედი ან მისი ღირებულება 590 ლარი; 14) ოქროს ბეჭედი ბრილიანტის თვლებით ან მისი ღირებულება 590 ლარი; 15) ოქროს ბეჭედი ბრილიანტის თვლით ან მისი ღირებულება 850 ლარი; 16) ოქროს ბეჭედი ან მისი ღირებულება 590 ლარი; 17) ოქროს ცეპი ან მისი ღირებულება 2950 ლარი; 18) ოქროს კულონი ღვთისმშობლის გამოსახულებით ან მისი ღირებულება 1770 ლარი; 19) ქორწინებამდე შეძენილი მოსარჩელის კუთვნილი ოქროს ცეპი ჯვრით, ან მისი ღირებულება 737 ლარი; 20) ოქროს ცეპი ან მისი ღირებულება 150 ლარი; 21) ოქროს საყურეები ფოთლის ფორმის ან მისი ღირებულება 442 ლარი. საერთო ჯამში 58149 ლარის ღირებულების ნივთები. 4. მოპასუხე რ.დ–ძეს დაევალა, მოსარჩელე ნ.ხ–ძეს დაუბრუნოს მარგალიტის ყელსაბამი, ღირებულებით 1800 ლარი. 5. რ.დ–ძე ასევე, დაევალა ნ.ხ–ძეს დაუბრუნოს 2015 წელს დედის მიერ ნაჩუქარი ავეჯის კომპლექტი საწოლი, დიდი კარადა და 2 ტუმბო ან მისი ღირებულება 3000 ლარი, ლატუნის ჭაღი ან მისი ღირებულება 600 ლარი. ნოუთბუქი ან მისი ღირებულება 1500 ლარი, სერვიზი ან მისი ღირებულება 300 ლარი, ბავშვის საწოლი ან მისი ღირებულება 300 ლარი, ბავშვის მანეჟი, ღირებულება 100 ლარი და ბავშვის ეტლი, მისი ღირებულება 100 ლარი. ასევე, ნატო დავითაძის კუთვნილი ტანსაცმელები და ფეხსაცმელები, წიგნები და განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი. 6. ნ.ხ–ძეს უარი ეთქვა კონდიციონერის მიკუთვნებაზე, ასევე, უარი ეთქვა რ.დ–ძეზე 800 ლარის დაკისრების ნაწილში.

2. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე მოპასუხემ შეიტანა საკასაციო საჩივარი და მოითხოვა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების ნაწილობრივ (მოსარჩელისათვის გასაჩივრებული გადაწყვეტილების 1, ოქროს საყურეები ბრილიანტის თვლებით ან მისი ღირებულება 8850 ლარი; 2. ოქროს ბეჭედი ბრილიანტის თლებით ან მისი ღირებულება 2835 ლარი; 3. ოქროს მსხვილი ჯაჭვი ან მისი ღირებულება 11 800 ლარი. 4. ბაქლავის ფორმის დიდი ბეჭედი ბრილიანტის თვლებით ან მისი ღირებულება 2065 ლარი; 6. დიდი ოქროს ბრასლეტი ან მისი ღირებულება 5900 ლარი; მითითებული ოქროს სამკაულების დაბრუნების ან მისი ღირებულებების გადახდის ნაწილში, რომელთა საბოლოო ღირებულება შეადგენს 40 625 ლარს. ასევე, ალიმენტის თანხის 50 ლარით შემცირებას; კერძოდ, მოპასუხეს 2019 წლის 29 ოქტომბრიდან რ.დ–ძეს დაეკისროს ყოველთვიურად 250 ლარის გადახდა. რაც შეეხება მოსარჩელის მშობლების მიერ ნაჩუქარი ავეჯის, ბავშვის საწოლის, მანეჟის და ტანსაცმლის დაბრუნებას, ამ ნაწილში გადაწყვეტილებას არ ასაჩივრებს) გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა. კასატორის განმარტებით, სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა და გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა.

2.1. კასატორის მტკიცებით, სასამართლომ უსაფუძვლოდ მიაკუთვნა მოსარჩელეს გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში მითითებული ნივთები. ამასთან, სასამართლომ არ გაიზიარა ის ფაქტი, რომ მოპასუხეს მეორე ქორწინებიდან შეძენილი შვილის რჩენისთვისაც მნიშვნელოვანი ხარჯი გააჩნდა, მათ შორის საბანკო ვალდებულებები.

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 28 დეკემბრის განჩინებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში დასაშვებობის შემოწმების მიზნით.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია:

4. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

5. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა, სახელდობრ:

5.1. სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

6. საკასაციო სასამართლო, საქმეზე უდავოდ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასების საფუძველზე, ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას და მიიჩნევს, რომ მოპასუხის მატერიალური მდგომარეობა არ წარმოშობს მისთვის ალიმენტის, ყოველთვიურად - 250 ლარის დაკისრების საფუძველს. მოცემულ შემთხვევაში, ალიმენტის დაკისრების მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველია სსკ-ის 1212-ე (შობლები მოვალენი არიან, არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები, აგრეთვე, შრომისუუნარო შვილები, რომლებიც დახმარებას საჭიროებენ), 1214-ე (თუ მშობლები ვერ შეთანხმდებიან ალიმენტის ოდენობაზე, მაშინ დავას გადაწყვეტს სასამართლო. ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე შვილის ნორმალური რჩენა -აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს როგორც მშობლის, ისე შვილის რეალურ მატერიალურ მდგომარეობას), 1198.2-ე (მშობლებს აქვთ ბავშვის რჩენის ვალდებულება) და 1202-ე (მშობლებს თანაბრად აქვთ ყველა უფლება და მოვალეობა თავიანთი შვილების მიმართ, მიუხედავად იმისა, რომ ისინი განქორწინებული არიან ან ცალ-ცალკე ცხოვრობენ), სსკ-ის 1109-ე მუხლის მესამე ნაწილს (ნიშნობასთან დაკავშირებული საჩუქრები დაუქორწინებლობის შემთხვევაში, მხარეებს უკან უბრუნდებათ) მუხლები.

7. საკასაციო პალატა, სადავო საკითხის მართებულად შეფასებისთვის, მიზანშეწონილად მიიჩნევს, ყურადღება გაამახვილოს სამართლებრივ დანაწესებზე, კერძოდ, „ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის“ მე-8 მუხლით დაცული ოჯახური ცხოვრების პატივისცემა გულისხმობს ოჯახის წევრებს შორის კონტაქტისა და ურთიერთობების დაცვას. სასამართლოსათვის ამოსავალი პრინციპია, ბავშვის არა დაცვის ობიექტად მიჩნევა, არამედ მისი, როგორც სუბიექტის უფლებების აღიარება და დაცვა. აღნიშნული საკითხი განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს ბავშვის უფლებასთან და საუკეთესო ინტერესთან დაკავშირებული თითოეული საქმის განხილვისა და ინდივიდუალური შეფასებისას, რათა ეროვნული სასამართლოს გადაწყვეტილებებში, იქ, სადაც საქმე ეხება ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-8 მუხლით გათვალისწინებული მშობლისა და ბავშვის უფლებებს, უპირატესობა უნდა მიენიჭოს ბავშვის უფლებებს. იმ შემთხვევაშიც კი, თუ საჭიროა ინტერესთა დაბალანსება, პრიორიტეტულია ბავშვის საუკეთესო ინტერესის კვლევა და მისი შესატყვისი გადაწყვეტილების მიღება.

8. „ბავშვის უფლებათა კონვენციის“ მონაწილე სახელმწიფოებიც აღიარებენ, რომ ბავშვებს აქვთ განსაკუთრებული ზრუნვისა და დახმარების უფლება. კონვენციის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ბავშვების მიმართ ყველა მოქმედებაში იმის მიუხედავად, მიმართავენ მას სოციალური უზრუნველყოფის საკითხებზე მომუშავე სახელმწიფო თუ კერძო დაწესებულებები, სასამართლოები, ადმინისტრაციული თუ საკანონმდებლო ორგანოები, უპირველესი ყურადღება ეთმობა ბავშვის საუკეთესო ინტერესების უზრუნველყოფას. იმავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად კი, მონაწილე სახელმწიფოები ვალდებულებას კისრულობენ, უზრუნველყონ ბავშვი ისეთი დაცვითა და ზრუნვით, როგორიც საჭიროა მისი კეთილდღეობისათვის, ამასთან, ითვალისწინებენ მისი მშობლების, მეურვეების ან კანონით მისთვის პასუხისმგებელი სხვა პირების უფლებებსა და მოვალეობებს და ამ მიზნით მიმართავენ ყველა შესაბამის საკანონმდებლო და ადმინისტრაციულ ზომას (იხ. ბავშვის უფლებების ევროპული სამართლის სახელმძღვანელო, ლაშა ლურსმნაშვილის თარგმანი, თბილისი, 2020, გვერდი 11.). „ბავშვის უფლებათა კონვენციის“ 27.2. მუხლი განსაზღვრავს, რომ მშობელს (მშობლებს) ან ბავშვის აღმზრდელ სხვა პირებს აკისრიათ ძირითადი პასუხისმგებლობა იმისათვის, რომ თავიანთი შესაძლებლობებისა და ფინანსური საშუალებების ფარგლებში უზრუნველყონ ბავშვის განვითარებისათვის საჭირო ცხოვრების პირობები (შდრ. სუსგ №ას-1141-1061-2017, 10 ოქტომბერი, 2017 წ.; №ას-1347-2022, 08 ივნისი, 2023 წ.).

9. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ ალიმენტის დაკისრების საკითხის განხილვის დროს ამოსავალი წერტილია ბავშვის საუკეთესო ინტერესის დაცვის უზრუნველყოფა და ალიმენტის ოდენობის განსაზღვრის დროს გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნებს, აგრეთვე, მშობლებისა და შვილების რეალურ მატერიალურ მდგომარეობას. ალიმენტის დაკისრებას არ უნდა ჰქონდეს მხოლოდ ფორმალური ხასიათი, ის უნდა იყოს ეფექტური და ქმედითი ღონისძიება, რომელიც რეალურად უზრუნველყოფს ბავშვის განვითარებისთვის საჭირო და აუცილებელი პირობების შექმნას. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას უპირატესია ბავშვის უფლება, მიიღოს ნორმალური განვითარებისათვის აუცილებელი მატერიალური სახსრები. ალიმენტის გადახდევინება მიზნად ისახავს ბავშვის ინტერესების დაცვას, მისთვის ძირითადი საარსებო პირობების შექმნას და თუ ეს შესაძლებელია, ცხოვრების იმ დონის შენარჩუნებასაც, რომელიც მას ექნებოდა მშობლების ნორმალური ურთიერთობის პირობებში. ალიმენტის ოდენობა განისაზღვრება გონივრული და სამართლიანი შეფასების საფუძველზე. იმის გამო, რომ შრომისუნარიან მშობელს არ გააჩნია სტაბილური მატერიალური შემოსავალი, იგი არ შეიძლება გათავისუფლდეს შვილის რჩენის ვალდებულებისაგან. სასამართლოს მიერ ალიმენტის დაკისრება არ უნდა ატარებდეს ფორმალურ ხასიათს და ალიმენტი რეალურად უნდა უზრუნველყოფდეს სარჩენი პირისათვის ნორმალური საცხოვრებელი პირობების შექმნას (იხ. სუსგ №ას-341-2022, 14 ივნისი, 2022წ.; №ას-1141-1061-2017, 17 ოქტომბერი, 2017 წ.). ალიმენტის ოდენობა განისაზღვრება ალიმენტის მიმღები პირის აუცილებლობისა და ალიმენტვალდებული პირის შესაძლებლობის გათვალისწინებით, რაც იმას ნიშნავს, რომ სარჩო, რომლის მიღების უფლებაც არასრულწლოვანს მშობლისგან აქვს, უნდა წარმოადგენდეს სარჩენი პირის მოთხოვნილებათა მინიმალური დაკმაყოფილების საფუძველს მაინც. ამდენად, კანონმდებელი არასრულწლოვანის რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელი ხარჯების ზღვრულ ოდენობას არ ითვალისწინებს და შესაძლებლობას აძლევს სასამართლოს, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, ალიმენტის მოცულობა დაადგინოს გონივრული და სამართლიანი ოდენობით, ისეთი გარემოებების ობიექტურად და სამართლიანად შეფასების შედეგად, როგორიცაა მშობლების რეალური ფინანსური შესაძლებლობები, სარჩენი ბავშვის ასაკი, ჯანმრთელობის მდგომარეობა, მისი საჭიროებანი, თითოეული მშობლის კმაყოფაზე მყოფ პირთა რიცხვი და სხვა. (იხ. სუსგ-ები: №ას-58-49-2011, 27 ივნისი, 2011 წ.; № ას-1610-1511-2012, 04 თებერვალი, 2013 წ.; №ას-1128-1075-2013, 10 თებერვალი 2014 წ.; №ას-675-641-2013, 10 თებერვალი, 2015 წ.; №ას-298-283-2016, 26 სექტემბერი 2016 წ.; №ას-1194-1154-2016, 31 მარტი, 2017 წ.; № ას-319-319-2018, 15 მაისი, 2018 წ.; №ას-332-2019, 02 აგვისტო, 2019 წ.; №ას-463-463-2018, 14 იანვარი, 2020 წ.; №ას-148-2020, 20 მაისი, 2020 წ.; №ას-46-2023, 29 მარტი, 2023 წ., №ას-1347-2022, 08 ივნისი, 2023 წ.).

10. არასრულწლოვანს აქვს მიმდინარე საჭიროებანი, განპირობებული ბავშვის აღზრდა-განვითარებით, ჯანმრთელობით და ა.შ. ამასთანავე, ალიმენტვალდებულ პირს გააჩნია შემოსავალი (რ.დ–ძე მუშაობს საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში და მისი ყოველთვიური დარიცხული ხელფასი შეადგენს 1610 ლარს). ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, გასაზიარებელია სააპელაციო სასამართლოს დასკვნა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მოპასუხისათვის არასრულწლოვანი შვილის სასასრგებლოდ გადასახდელად განსაზღვრული ალიმენტის ოდენობა - 300 ლარი, არის ის გონივრული ოდენობა, რაც აუცილებელია არასრულწლოვანი ბავშვისათვის ნორმალური საცხოვრებელი პირობების შესაქმნელად და განვითარებისთვის.

11. შესაბამისად, საკასაციო პალატის მიერ გაზიარებული ვერ იქნება კასატორის პრეტენზია იმ გარემოებასთან დაკავშირებით, რომ ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა ალიმენტის ოდენობა, სამართლიანობის პრინციპის უგულებელყოფის შედეგად განსაზღვრეს. საკასაციო საჩივარი არ შეიცავს დასაბუთებულ შედავებას სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივი გარემოებების წინააღმდეგ (შდრ: სუსგ-ები: №ას- 341-2022, 14 ივნისი, 2022 წ.; №ას-1339-2018, 02 ნოემბერი, 2018 წ.).

12. საკასაციო პალატა ეთანხმება გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნას სადავო ნივთების მოსარჩელისათვის საჩუქრად გადაცემის თაობაზე და მიიჩნევს, რომ, სამოქალაქო კოდექსის 1161-ე მუხლით მოწესრიგებულ ფარგლებში, მოსარჩელე ნიშნობასა და ქორწილის დროს საჩუქრად მიღებული იმ ოქროს ნივთების მესაკუთრეა, რომელთა მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვაც დაკმაყოფილდა.

13. პალატა მიუთითებს სამოქალაქო კოდექსის სსკ-ის 1109-ე მუხლის მესამე ნაწილზე (ნიშნობასთან დაკავშირებული საჩუქრები დაუქორწინებლობის შემთხვევაში, მხარეებს უკან უბრუნდებათ), 170-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმადაც მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას. ამავე კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილით კი განსაზღვრულია, რომ მესაკუთრეს შეუძლია მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება.

14. საკასაციო პალატა იზიარებს გასაჩივრებული გადაწყვეტილების მსჯელობას ვინდიკაციური სარჩელის სამართლებრივი საფუძვლების თაობაზე და თვლის, რომ სააპელაციო პალატამ კანონის არსებითად სწორი ინტერპრეტაციის გზით მართებულად აღნიშნა, რომ ვინდიკაციური სარჩელის აღძვრისას უნდა არსებობდეს შემდეგი წინაპირობები: მოსარჩელე უნდა იყოს ნივთის მესაკუთრე; მოპასუხე უნდა იყოს მოსარჩელის კუთვნილი ნივთის მფლობელი და მას არ უნდა გააჩნდეს ამ ნივთის ფლობის უფლება, თუმცა საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის განაწილების წესზე და აღნიშნავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს, ხოლო ამავე კოდექსის 103-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები.

15. საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს ასევე სადავო ოქროს ნივთების ფიზიკურ მახასიათებლებზე. სააპელაციო პალატამ საქმეში არსებული მტკიცებულებებით დადასტურებულად მიიჩნია, რომ სადავო ნივთები ხარისხისა და ღირებულების გათვალისწინებით შეესაბამებოდა სარჩელში არსებულ ჩამონათვალს. შესაბამისად, მოსარჩელის მიერ მითითებული და მოპასუხის მიერ არაკვალიფიციურად შედავებული გარემოება, სამართლებრივად ქმნის იმის პრეზუმფციას, რომ სადავო ნივთების ღირებულება სწორია, აღნიშნული პრეზუმირებული გარემოებების დამაჯერებლად და სარწმუნოდ გაქარწყლება კი, სწორედ მოპასუხის ვალდებულებაა და მისი მტკიცების ტვირთის ფარგლებში უნდა დაიძლიოს. მოპასუხემ/კასატორმა ვერ შეძლო დაკისრებული მტკიცების ტვირთის წარმატებული რეალიზება და მოსარჩელის მიერ წარდგენილ მტკიცებულებას (გარდა ზეპირსიტყვიერი განმარტებისა) გამაქარწყლებელი მტკიცებულება ვერ დაუპირისპირა.

16. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 253-ე მუხლის თანახმად, ქონების ნატურით მიკუთვნების დროს სასამართლო გადაწყვეტილებაში მიუთითებს ამ ქონების ღირებულებაზე, რომელიც უნდა დაეკისროს მოპასუხეს, თუ გადაწყვეტილების აღსრულებისას ნივთები მას არ აღმოაჩნდება. დასახელებული ნორმა ემსახურება სამართლიანი სასამართლო პრინციპის განმტკიცებას და ორიენტირებულია მხარეთა შორის არსებული დავის გადაწყვეტის საბოლოო ხასიათზე. მართლმსაჯულების ამოცანას წარმოადგენს არა მხოლოდ დარღვეული სადავოდ ქცეული უფლების დაცვა, არამედ ამ დაცვისათვის ქმედითი, ეფექტური წინაპირობების შექმნა, რათა მხარისათვის შესაძლებელი იყოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილით დადგენილი მართლწესრიგის დაცვა, წინააღმდეგ შემთხვევაში, სამართალწარმოება უმოქმედოა (შდრ. სუსგ. #ას-168-168-2018, 11.05.2018წ). ადამიანის უფლებათა ევროსასამართლომ არაერთ საქმეზე განმარტა, რომ გადაწყვეტილების აღსრულება მხარისათვის გარანტირებული სამართლიანი სასამართლოს განუყოფელი ნაწილია, ნებისმიერი სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების აღსრულება „სასამართლო პროცესის“ განუყოფელ ნაწილად უნდა განიხილებოდეს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის მიზნებიდან გამომდინარე (იხ. მაგ: Apostol v. Georgia; §37; Hornsby v.Greece, §40; IZA Ltd and Makrakhidze v. Georgia, §42; Burdov v. Russia, §34).

17. საკასაციო სასამართლომ დაასკვნა, რომ საკასაციო საჩივარი არ შეიცავს დასაბუთებულ შედავებას სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და სამართლებრივ მოტივაციასთან დაკავშირებით, რაც მისი დაუშვებლად ცნობისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების საფუძველია.

18. სსსკ-ის 401.4-ე მუხლის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. რ.დ–ძის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. რ.დ–ძეს (ს/კ .......) სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს მის მიერ 22/12/2022წ. №3746 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან - 1000 ლარის 70% – 700 ლარი და 21/12/2022წ. №9646 გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან - 1100 ლარიდან ზედმეტად გადახდილი 38.75 ლარი და დარჩენილი 1061.25 ლარის 70% – 742.87 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ამირან ძაბუნიძე

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი

თეა ძიმისტარაშვილი