Facebook Twitter

№ას-989-2023

30 მაისი, 2024 წელი

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

გიორგი მიქაუტაძე (თავმჯდომარე),

რევაზ ნადარაია (მომხსენებელი), თ. ზამბახიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – ა.კ–ი

მოწინააღმდეგე მხარე – გ.კ–ი (განცმხადებელი)

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 25 აპრილის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით გ.კ–ის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტის დადგენა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. გ.კ–მა (შემდეგში - განმცხადებელი, მოწინააღმდეგე მხარე) იურიდიული მნიშვნელობის ფაქტის დადგენის მიზნით, განცხადებით მიმართა გალი-გულრიფშისა და ოჩამჩირე ტყვარჩელის რაიონულ სასამართლოს და მოითხოვა გ.კ–სა და გარდაცვლილ ნ.ლ–ს შორის ნათესაური კავშირის დადგენა.

1.1. განცხადება ეფუძნება შემდეგ გარემოებებს:

1.1.1. 2021 წლის 16 აგვისტოს, გ.კ–მა განცხადებით მიმართა ნოტარიუს ს.მ–ძეს და აცნობა, რომ 2021 წლის 26 იანვარს, გარდაიცვალა მისი მამიდაშვილი - ნ.ლ–ი (პ/ნ: .......), რომლის მეხუთე რიგის კანონიერ მემკვიდრედ ითვლება და მოითხოვა გარდაცვლილის სამკვიდრო ქონებაზე სამკვიდრო მოწმობის გაცემა.

1.1.2. ნოტარიუსმა ს.მ–ძემ, უარი უთხრა გ.კ–ს სამკვიდრო მოწმობის გაცემაზე იმ მოტივით, რომ არ დგინდებოდა ნათესაური კავშირი მასსა და 2021 წლის 26 იანვარს გარდაცვლილ ნ.ლ–ის შორის; შესაბამისად, არ ირკვეოდა, რომ იგი წარმოადგენდა მემკვიდრეს მეხუთე რიგის მემკვიდრეთა წრიდან.

1.1.3. განმცხადებლის განმარტებით, იგი არის მამკვიდრებლის მეხუთე რიგის კანონისმიერი მემკვიდრე - ბიძაშვილი და ვინაიდან სხვა წესით შეუძლებელია აღნიშნულის დადასტურება, ამიტომ მიმართა სასამართლოს იურიდიული მნიშვნელობის ფაქტის - გ.კ–სა და გარდაცვლილ ნ.ლ–ს შორის ნათესაური კავშირის არსებობის - დადგენის შესახებ.

1.1.4. განმცხადებლის იურიდიული ინტერესი მდგომარეობს იმაში, რომ გაიცეს სამკვიდრო მოწმობა მამკვიდრებლის ნ.ლ–ის (პ/ნ: .....), დანაშთი ქონების ნახევარზე.

2. გალი-გულრიფშისა და ოჩამჩირე ტყვარჩელის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 25 ივლისის გადაწყვეტილებით, გ.კ–ის განცხადება დაკმაყოფილდა და დადგენილად იქნა ცნობილი იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტი მასზედ, რომ გ.კ–ი (პ/ნ ......) არის გარდაცვლილი ნ.ლ–ის (გარდაცვალების თარიღი: 26.01.2021წ., გარდაცვალების მოწმობა №01217020539, გაცემული 21.05.2021წ. სსგს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის მიერ) მამიდაშვილი, ხოლო გარდაცვლილი ნ.ლ–ი არის გ.კ–ის (პ/ნ .....) ბიძაშვილი.

3. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ა.კ–მა, რომელმაც გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

4. გასაჩივრებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილი:

4.1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 25 აპრილის განჩინებით, ა.კ–ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა გალი-გულრიფშისა და ოჩამჩირე ტყვარჩელის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 25 ივლისის გადაწყვეტილება.

5. სააპელაციო სასამართლოს განჩინების ფაქტობრივ–სამართლებრივი დასაბუთება:

5.1. სააპელაციო პალატამ სრულად გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და დამატებით, დადგენილად მიიჩნია და მიუთითა საქმის გადაწყვეტისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე:

5.1.1. სანოტარო მოქმედების შესრულებაზე უარის თქმის თაობაზე ნოტარიუს ს.მ–ძის 2021 წლის 16 აგვისტოს დადგენილებით, გ.კ–ს უარი ეთქვა 2021 წლის 26 იანვარს გარდაცვლილი ნ.ლ–ის (პ/ნ .......) სამკვიდრო ქონებაზე სამკვიდრო მოწმობის გაცემაზე, ვინაიდან არ დგინდება, რომ იგი არის მემკვიდრე მეხუთე რიგის მემკვიდრეთა წრიდან, კერძოდ - მამიდაშვილი.

5.1.2. სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 2022 წლის 14 თებერვლის გადაწყვეტილებით, გ.კ–ის წარმომადგენელს უარი ეთქვა ნ.ლ–ის დაბადების განმეორებითი მოწმობის გაცემაზე.

5.1.3. გალი-გულრიფშისა და ოჩამჩირე-ტყვარჩელის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 08 აპრილის განჩინებით, სსგს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამოქალაქო რეესტრის სამსახურიდან გამოთხოვილ იქნა აწ გარდაცვლილი ნ.ლ–ის დაბადების მოწმობა.

5.1.4. სასამართლოს დავალების საფუძველზე, სსგს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამოქალაქო რეესტრის სამსახურიდან წარმოდგენილი დაბადების აქტის ჩანაწერის მიხედვით, ნ.ლ–ის მშობლები არიან: მამა - დ.ლ–ი, დედა - თ.ბ. ასული კ–ი.

5.1.5. გ.კ–ის მშობლები არიან: მამა - ვ. კ–ი, დედა - დ.ხ–ია.

5.1.6. თ.ა კ–ის მშობლები არიან: მამა - ბ. კ–ი, დედა - ნ. კ–ი.

5.1.7. ვ. კ–ის მშობლები არიან: მამა - ბ. კ–ი, დედა -ნ. კ–ი.

5.1.8. საქმეზე წარმოდგენილი N01217020539 გარდაცვალების მოწმობით დადგენილია, რომ ნ.ლ–ი გარდაიცვალა 26.01.2021 წელს.

5.1.9. საქმეზე წარმოდგენილი N01217055442 გარდაცვალების მოწმობით დადგენილია, რომ თ.ა კ–ი გარდაიცვალა 1978 წელს.

5.1.10. საქმეზე წარმოდგენილი N01217054691 გარდაცვალების მოწმობით დადგენილია, ვ. კ–ი გარდაიცვალა 08.07.1974 წელს.

5.1.11. 2022 წლის 25 ივლისის სასამართლოს მთავარ სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა პირებმა - ს.ა–ამ და ც.ც–ძემ დაადასტურეს, რომ გ.კ–ი და ნ.ლ–ი არიან მამიდაშვილ-ბიძაშვილები.

5.2.სამართლებრივი დასაბუთების თვალსაზრისით, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სამართლებრივად სწორად შეაფასა საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 310-ე და 312-ე მუხლებზე მითითებით, მართებულად დაასკვნა, რომ მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში, არსებობდა იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტის დადგენის წინაპირობები.

5.3.სააპელაციო პალატამ მიუთითა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 312-ე მუხლის მე-2 ნაწილის მუხლის „ა“ პუნქტზე, ამავე კანონის 313-ე და 315-ე მუხლებზე და განმარტა, რომ ნათესაური კავშირის დადგენის შესახებ სასამართლოში შეტანილი განცხადება უნდა აკმაყოფილდეს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის იმ მუხლების მოთხოვნებს, რომლითაც განსაზღვრულია სასამართლოს იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტების დადგენის მოთხოვნით აღძრული განცხადების წამოებაში მიღების რამდენიმე წინაპირობა.

კერძოდ, განცხადების ავტორმა უნდა წარადგინოს მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებენ განმცხადებლის მიერ სათანადო დოკუმენტის მიღების ან აღდგენის შეუძლებლობას. ეს ის შემთხვევაა, როდესაც სასამართლოს მიერ იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტის დადგენის გარდა, განმცხადებლის მიერ მიზნის მიღწევა სხვა საშუალებით შეუძლებელია. ამასთან, პალატის განმარტებით, სასამართლო ადგენს ფაქტებს არა ზოგადად, არამედ ფაქტებს, რომლებსაც იურიდიული მნიშვნელობა აქვს, ანუ რომელთა დადგენის მიმართაც დაინტერესებულ პირს გარკვეული ინტერესი გააჩნია და რომლებიც დაკავშირებულია დაინტერესებული პირის პირადი ან ქონებრივი უფლების წარმოშობასთან. გარდა აღნიშნულისა, პირთა შორის ნათესაური კავშირის დადგენის შესახებ განცხადების განხილვისას, აუცილებელია იმ პირთა ზუსტი იდენტიფიკაცია, რომელთა შორისაც სასამართლო დაადგენს ნათესაური კავშირის არსებობას, რაც გულისხმობს ამ პირთა სახელის, გვარის, მამის სახელის, დაბადების და/ან გარდაცვალების წლების მითითებას.

5.4. სააპელაციო პალატის განმარტებით, გ.კ–ის მიერ მოთხოვნილი ფაქტის დადგენა იურიდიული მნიშვნელობის იყო, რადგან კანონი ამ ფაქტს მისი ქონებრივი უფლების წარმოშობას უკავშირებდა; კერძოდ, განმცხადებელი ითხოვდა, მასსა და გარდაცვლილ ნ.ლ–ს შორის ნათესაური კავშირის დადგენას იმ მიზნით, რომ მომავალში მიეღო სამკვიდრო მოწმობა მამკვიდრებლის - ნ.ლ–ის დანაშთი ქონების ნახევარზე. აღნიშნული მოთხოვნის საფუძვლად, განმცხადებელმა წარადგინა სამკვიდროს სხვა წესით მიღების შეუძლებლობის დამადასტურებელი მტკიცებულება - ნოტარიუსის დადგენილება სამკვიდროს მიღებაზე უარის თქმის შესახებ, რაც განცხადების დასაშვებობის ერთ-ერთ წინაპირობას წარმოადგენდა. აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა აპელანტის პრეტენზია მასზედ, რომ ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს მოცემული საკითხის გადაწყვეტისას არ უნდა გამოეყენებინა სსსკ-ის 312-ე მუხლი, რადგან წარმოდგენილი არ იყო ის მტკიცებულებები, რომლებიც უდავოდ ადასტურებენ იურიდიული ფაქტის სასამართლოს გარეშე დადგენის შეუძლებლობას.

5.5. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ გ.კ–ის განცხადების დაკმაყოფილებით არსებითად სწორი და დასაბუთებული გადაწყვეტილება მიიღო, რაც სსსკ-ის 386-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების საფუძველს წარმოადგენდა.

6. სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ა.კ–მა, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით გ.კ–ის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 30 ნოემბრის განჩინებით, ა.კ–ის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.

7. კასატორის მოთხოვნის ფაქტობრივ–სამართლებრივი დასაბუთება:

7.1. კასატორის განმარტებით, განმცხადებელს არც ერთი სასამართლოსთვის არ წარუდგენია მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა სასამართლოსთვის მიმართვის აუცილებლობას. კასატორის მითითებით, განმცხადებელს არ მიუმართავს იმ ორგანოსთვის, რომელსაც შეეძლო ემსჯელა და შესაბამისი გადაწყვეტილება მიეღო სწორედ სასამართლოს მიერ სამსჯელოდ გამხდარ გარემოებაზე, თუმცა, არც პირველი ინსტანციის და არც სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს არ გასჩენია შეკითხვა, თუ რა იყო პირდაპირ სასამართლოში განმცხადებლის მიმართვის საფუძველი, მაშინ, როცა კასატორმა, რომელსაც იგივე დანაშთი ქონების მიღებაზე აქვს პრეტენზია, სწორედ სამოქალაქო რეესტრის უფლებამოსილების ფარგლებში, ადმინისტრაციული წარმოების წესით დაადგინა თავისი ნათესავური კავშირი მამკვიდრებელთან და სასამართლოსთვის აღნიშნულის შესახებ ცნობილი იყო.

7.2. გარდა ამისა, კასატორისათვის გაუგებარია ქობულეთში, სასამართლოსთან მცხოვრები განმცხადებლის მხრიდან, გალი-გულრიფშისა და ოჩამჩირე-ტყვარჩელის რაიონული სასამართლოსთვის მიმართვის მოტივი; ამასთან, კასატორი მოწმეებთან დაკავშირებითაც აცხადებს პრეტენზიას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

8. საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:

9. სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული ნორმის დანაწესით, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

10. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.

11. სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.

12. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლო გადაწყვეტილებას ამოწმებს საკასაციო საჩივრის ფარგლებში, ხოლო, ამავე კოდექსის 407-ე მუხლის პირველი ნაწილით, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლო გადაწყვეტილებებსა და სხდომის ოქმებში. გარდა ამისა, გასათვალისწინებელია ამ კოდექსის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტები. შესაბამისად, წინამდებარე განჩინებით, საკასაციო პალატის შეფასების საგანი იქნება კასატორის შედავების საფუძვლიანობა.

13. პალატა პირველ რიგში აღნიშნავს, რომ კასატორს დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიის წარდგენის გზით, სადავოდ არ გაუხდია ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები, რომლებიც ასახულია ამ განჩინების 5.1.1-5.1.10 პუნქტებში. შესაბამისად, მითითებულ ფაქტობრივ გარემოებებს, სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, საკასაციო სასამართლოსთვის სავალდებულო ძალა აქვთ.

14. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო პალატის მსჯელობის საგანია, თუ რამდენად არსებობდა სასამართლოს მიერ, იურიდიული მნიშვნელობის ფაქტის (გ.კ–სა (პ/ნ ......) და გარდაცვლილ ნ.ლ–ს (პ/ნ .....) შორის ნათესაური კავშირის არსებობის) დადგენის წინაპირობები.

15. სადავო საკითხთან მიმართებით, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სასამართლო ადგენს იურიდიული მნიშვნელობის ფაქტებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ:

1. მისი დადგენა განმცხადებლისათვის გარკვეული სამართლებრივი შედეგის მომტანია (სსსკ-ის 312 -ე მუხლის პირველი ნაწილი);

2. აღნიშნული ფაქტების დამადასტურებელი საბუთის სხვა გზით მიღება ან აღდგენა შეუძლებელია, რაც დადასტურებული უნდა იყოს შესაბამისი მტკიცებულებებით (სსსკ-ის 313 -ე მუხლის პირველი ნაწილი);

3. არ ეხება დავას უფლებაზე, ანუ არ არის დაკავშირებული ისეთ საკითხთან, რისი განხილვაც სასამართლოს უწყებრივად ექვემდებარება.

16. ამასთან, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 315-ე მუხლი განსაზღვრავს ზოგად მოთხოვნებს, რაც პირის მიერ შესაბამისი იურიდიული ფაქტის დადგენის მოთხოვნით სასამართლოში წარმოდგენილ განცხადებას ეხება. კერძოდ, განცხადებაში უნდა აღინიშნოს, რა მიზნისათვის სჭირდება განმცხადებელს ამ ფაქტის დადგენა, აგრეთვე წარმოდგენილი უნდა იყოს მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებს განმცხადებლის მიერ სათანადო საბუთების მიღების ან დაკარგული საბუთების აღდგენის შეუძლებლობას. შესაბამისად, სასამართლო განცხადების წარმოებაში მიღების ეტაპზე ადგენს არის თუ არა შესაბამისი ფაქტის დადგენაზე დამოკიდებული პირადი ან ქონებრივი უფლებების წარმოშობა და არსებობს თუ არა მტკიცებულებები, რომლებიც დაადასტურებს განმცხადებლის მიერ სათანადო საბუთის მიღების ან დაკარგული საბუთის აღდგენის შეუძლებლობას.

17. განსახილველ შემთხვევაში, კასატორი სადავოდ არ ხდის იმ გარემოებას, რომ განმცხადებლის მიერ მოთხოვნილი იურიდიული მნიშვნელობის ფაქტის დადგენა განმცხადებლისათვის შესაბამისი სამართლებრივი შედეგის მომტანია (დაკავშირებულია ქონებრივი უფლების წარმოშობასთან მამკვიდრებლის დანაშთი ქონების ნახევარზე); კასატორი არც იმ გარემოებას ხდის სადავოდ, რომ განმცხადებლის მოთხოვნა არ ეხება დავას უფლებაზე, ანუ არ არის დაკავშირებული ისეთ საკითხთან, რისი განხილვაც სასამართლოს უწყებრივად ექვემდებარება; საკასაციო შედავება მხოლოდ იმ პროცესუალურ-სამართლებრივ საკითხს შეეხება, რომ საქმის მასალებით არ დასტურდება დასახელებული იურიდიული მნიშვნელობის ფაქტის სხვა საშუალებით, სასამართლოს გარეშე დადგენის შეუძლებლობა (სსსკ-ის 313-ე მუხლის პირველი ნაწილი) და მიიჩნევს, რომ ამ მიზნით, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში საქმის საწარმოებლად, შესაბამისი უფლებამოსილების არმქონე პირი იყო წარდგენილი.

18. ზემოაღნიშნულ საკასაციო პრეტენზიასთან მიმართებით, საკასაციო პალატა ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ საქმეში წარმოდგენილია სანოტარო მოქმედების შესრულებაზე უარის თქმის შესახებ ნოტარიუს ს.მ–ძის 2021 წლის 16 აგვისტოს დადგენილება, რომლითაც გ.კ–ს უარი ეთქვა 2021 წლის 26 იანვარს გარდაცვლილი ნ.ლ–ის (პ/ნ .........) სამკვიდრო ქონებაზე სამკვიდრო მოწმობის გაცემაზე იმ მოტივით, რომ არ დგინდებოდა ფაქტი მასზედ, რომ იგი იყო ნ.ლ–ის მემკვიდრე მეხუთე რიგის მემკვიდრეთა წრიდან (ს.ფ.12); ამასთან, საქმეში წარმოდგენილია სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 2022 წლის 14 თებერვლის გადაწყვეტილება, რომლითაც გ.კ–ის წარმომადგენელს უარი ეთქვა ნ.ლ–ის დაბადების განმეორებითი მოწმობის გაცემაზე (ს.ფ. 26-27). ამავე გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილის თანახმად, განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძვლად განმცხადებელს განემარტა, რომ „სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის წესის დამტკიცების შესახებ“ იუსტიციის მინისტრის 2012 წლის 31 იანვრის №18 ბრძანების მე-10 მუხლის შესაბამისად, სამოქალაქო აქტის რეგისტრაციის მოწმობა გაიცემა პირზე, რომლის მიმართ რეგისტრირებულია შესაბამისი სამოქალაქო აქტის ჩანაწერი. აღნიშნული პირის გარდაცვალების შემთხვევაში მოწმობა შეიძლება გაიცეს მის მემკვიდრეებზე (მე-4 პუნქტი). მოცემულ შემთხვევაში, იმ პირობებში, როდესაც განმცხადებელმა წარადგინა სამკვიდროს მიღების შეუძლებლობის დამადასტურებელი მტკიცებულება (ნოტარიუსის დადგენილება სამკვიდროს მიღებაზე უარის თქმის შესახებ) და განმცხადებლის მიერ მოთხოვნილი იურიდიული მნიშვნელობის ფაქტის დადგენა სწორედ იმ მიზანს ემსახურება, რომ მომავალში გაიცეს სამკვიდრო მოწმობა, ცხადია, რომ განმცხადებელს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში საქმის საწარმოებლად, არ ექნებოდა შესაბამისი უფლებამოსილება და სწორედ ამან განაპირობა სასამართლოსთვის მომართვის აუცილებლობა. შესაბამისად, კასატორის მოსაზრების საწინააღმდეგოდ, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ განსახილველი იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტის დადგენისათვის, სხვა შესაძლო რესურსი განმცხადებლის მხრიდან ამოწურულია; ამასთან, არც კასატორი მიუთითებს, თუ რა ზომების მიღება შეეძლო დამატებით განმცხადებელს განსახილველი იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტის სხვა წესით დადგენის მიზნებისათვის.

19. გარდა ზემოაღნიშნულისა, საკასაციო პალატა მიზაშეწონილად მიიჩნევს დამატებით მოიხმოს იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტის დადგენის თაობაზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკაც, რომლის მიხედვით, უდავო წარმოების წესით განსახილველი საქმეების იურიდიული ბუნებიდან გამომდინარე, ყველა იურიდიული ფაქტის დადგენის აუცილებელ წინაპირობას წარმოადგენს განმცხადებლის მიზნისა და ფაქტის იურიდიული მნიშვნელობის დადგენა. ამასთან, განმცხადებლის იურიდიული ფაქტის დადგენის მიზანს უმეტესწილად უკავშირდება დაინტერესებული პირის არსებობა, რომელიც არ არის იდენტური მოდავე პირისა. მიუხედავად იმისა, რომ უდავო წარმოებაში არ გვყავს ურთიერთდაპირისპირებული მხარეები და არ არსებობს დავა უფლებაზე, უდავო წარმოება შეიძლება მივიჩნიოთ უდავოდ მხოლოდ იმ მხრივ, რომ მასში არა გვაქვს უფლების შესახებ დავა, რომელიც დამახასიათებელია სასარჩელო წარმოებისთვის. უდავო წარმოების წესით განსახილველ საქმეში დადგენილია ფაქტები და არა ამ ფაქტების სამართლებრივი შედეგები, ე.ი, თუ რა შედეგს უკავშირებს კანონი უდავო წარმოების წესით დადგენილ ფაქტს. უდავო წარმოებაში დაინტერესებული პირის არსებობა და ამ პირის მიერ გამოთქმული უარყოფითი მოსაზრება დასადგენ იურიდიულ ფაქტთან მიმართებით, ცალსახად არ ნიშნავს ამ პირის უფლების დარღვევას. სსსკ-ის 311-ე მუხლზე დაყრდნობით, უფლების შესახებ მაშინ დავობენ, როდესაც კონკრეტული განმცხადებლისათვის დადგენილი იურიდიული მნიშვნელობის ფაქტი იჭრება დაინტერესებული პირის უფლებაში და ართმევს მას შესაძლებლობას, სრულად და თავისუფლად გამოიყენოს ეს უფლება. იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტების დადგენის შესახებ საქმეების განხილვისას, დაინტერესებულ პირებს წარმოადგენენ პროცესის ის მონაწილენი, რომელთა უფლებებზეც შეიძლება გავლენა მოახდინოს ამ კონკრეტულ საქმეზე გამოტანილმა სასამართლო გადაწყვეტილებამ. პროცესის ეს მონაწილეები ამიტომაც დაინტერესებული არიან საქმის სწორად გადაწყვეტით (იხ. სუსგ-ები საქმეებზე: №ას-442-756-09, 22/07/2009 წ.; ას-1332-1172-2010, 14/02/2011წ.).

20. მოცემულ შემთხვევაში, კასატორს არ მიუთითებია განსახილველი იურიდიული ფაქტის დადგენით თავისი მატერიალური უფლების დარღვევის თაობაზე, რაც სასარჩელო წარმოებაში მოდავე მხარის სტატუსისათვის აუცილებელ წინაპირობას წარმოადგენს. უფრო მეტიც, კასატორი სადავოდ არ ხდის დადგენილ იურიდიული მნიშვნელობის ფაქტს გ.კ–სა (პ/ნ ........) და გარდაცვლილ ნ.ლ–ს (პ/ნ .......) შორის ნათესაური კავშირის არსებობის თაობაზე. ასეთ ვითარებაში კი, გასაჩივრებული განჩინების მიმართ, კასატორის მხრიდან პრეტენზიის გაცხადება, ვერ გახდება საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველი (ანალოგიურ განმარტებებს შეიცავს სუსგ-ები საქმეებზე: №ას-442-756-09, 22/07/2009 წ.; ას-1332-1172-2010, 14/02/2011წ.).

21. რაც შეეხება კასატორის შედავებას მასზედ, რომ მისთვის გაუგებარია განმცხადებლის მხრიდან, გალი-გულრიფშისა და ოჩამჩირე-ტყვარჩელის რაიონული სასამართლოსათვის მიმართვის მოტივი, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს ტერიტორიული განსჯადობის შემოწმების შესაძლებლობა გათვალისწინებულია როგორც სააპელაციო (სსსკ-ის 377.5 მუხლი), ისე საკასაციო წესით (სსსკ-ის 404.3 მუხლი), თუმცა აღნიშნულისათვის, მხარეს ეკისრება ვალდებულება, რომ შედავება განსჯადობის შესახებ სწორ საპროცესო ეტაპზე განახორციელოს. სამოქალაქო საპროცესო კოდექსი ითვალისწინებს საკასაციო სასამართლოს მიერ პირველი ინსტანციის სასამართლოს ტერიტორიული განსჯადობის შემოწმებას იმ დათქმით, რომ პრეტენზია პირველი ინსტანციის სასამართლოს განსჯადობის შესახებ სააპელაციო ეტაპზეც უნდა იყოს გაცხადებული, ან უნდა არსებობდეს საპატიო მიზეზი, რის გამოც ასეთი მოთხოვნა ვერ იქნა წინა ინსტანციაში წამოყენებული. განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას, მოსარჩელეს პირველი ინსტანციის სასამართლოს ტერიტორიული განსჯადობის მიმართ პრეტენზია არ გამოუთქვამს და აღნიშნულზე, პირველად მხოლოდ საკასაციო საჩივარში გაცხადდა პრეტენზია ისე, რომ კასატორს მოთხოვნის სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში წაყენების დამაბრკოლებელი საპატიო მიზეზის არსებობის შესახებ, არც კი მიუთითებია. ამდენად, მართალია, საკასაციო სასამართლოს წინაშე დაისვა ტერიტორიული განსჯადობის პრეტენზია, მაგრამ იგი ვერ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილ დასაშვებობის კრიტერიუმს.

22. იმ შემთხვევაშიც, თუ ტერიტორიულ განსჯადობასთან მიმართებით კასატორის პრეტენზია დასაშვებად იქნებოდა ცნობილი, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საქმეში წარმოდგენილია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მიერ გაცემული №A004279 მოწმობა (ს.ფ.31), რომელიც ადასტურებს, რომ გ.კ–ი არის იძულებით გადაადგილებული პირი, ხოლო, კასატორი, ამ გარემოების საწინააღმდეგოდ, ვერ მიუთითებს სარწმუნო არგუმენტებსა და რაიმე რელევანტურ მტკიცებულებებზე. განმცხადებლის სტატუსის (იძულებით გაადადგილებული პირის) საწინააღმდეგოდ მარტოოდენ კასატორის სუბიექტურ აღქმებზე დამყარებული ეჭვი კი, ვერ გახდება განმცხადებლის სტატუსის სისწორეში ეჭვის შეტანის საფუძველი. შესაბამისად, განმცხადებელმა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 439-ე მუხლიდან (აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში საქართველოს იურისდიქციის სრულად აღდგენამდე იძულებით გადაადგილებულ პირთა დარღვეული და სადავო უფლებების, აგრეთვე კანონმდებლობით გათვალისწინებული ინტერესების დაცვას ახორციელებენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სასამართლოები მათი სამოქმედო ტერიტორიების მიხედვით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის III თავის მოთხოვნათა დაცვით, თუ მოპასუხეც იძულებით გადაადგილებული პირია) გამომდინარე, მართებულად მიმართა გალი-გულრიფშისა და ოჩამჩირე ტყვარჩელის რაიონული სასამართლოს, მით უფრო იმ გარემოების მხედველობაში მიღებით, რომ კასატორიც იძულებით გადაადგილებული პირია, როგორც ამას თავადვე მიუთითებს წარმოდგენილ საკასაციო საჩივარში. ასეც რომ არ იყოს, აღსანიშნავია, რომ განსახილველი დავა უდავო წარმოების წესით იქნა განხილული, ხოლო, კასატორმა, როგორც უკვე აღინიშნა, ვერ მიუთითა განსახილველი იურიდიული ფაქტის დადგენით თავისი მატერიალური უფლების დარღვევის თაობაზე, რაც სასარჩელო წარმოებაში მოდავე მხარის სტატუსისათვის აუცილებელ წინაპირობას წარმოადგენს.

23. საკასაციო პალატას მხედველობის მიღმა არ რჩება ის გარემოება, რომ წარმოდგენილ საკასაციო საჩივარში კასატორი მოწმეებთან დაკავშირებითაც აცხადებს პრეტენზიას, თუმცა, რამდენადაც საკასაციო საჩივარში ამ მიმართებით პრეტენზია მხოლოდ ფორმალურადაა გაცხადებული და არ არის გადმოცემული დასაბუთებული შედავება, შესაბამისი პოზიცია და არგუმენტები, პალატა მოკლებულია შესაძლებლობას, აღნიშნულ ნაწილში შეაფასოს საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა.

24. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ქვემდგომი ინსტანციის სასამართლომ გამოიკვლია და შეაფასა საქმისათვის სამართლებრივად მნიშვნელოვანი ყველა გარემოება და დადგენილ ფაქტებს მართებული იურიდიული კვალიფიკაცია მისცა, ხოლო კასატორს არ წარუდგენია არც ერთი არგუმენტი და დასაბუთებული შედავება, თუ რა საფუძვლით უნდა იქნეს არსებითად განსახილველად დასაშვებად ცნობილი წარმოდგენილი საკასაციო განაცხადი.

25. ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

26. კასატორმა ვერ დაასაბუთა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული განჩინება წინააღმდეგობაში მოდის მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან ან/და მის დამატებით ოქმთან/ოქმებთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან.

27. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.

28. ამავდროულად, გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან, რომელთა ნაწილიც ასახულია წინამდებარე განჩინებაში.

29. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

30. სსსკ-ის 401-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. შესაბამისად, ა.კ–ს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მ.მ–ის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 150 ლარის 70% – 105 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 264.3-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ა.კ–ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველი დაუშვებლობის გამო.

2. ა.კ–ს (.......) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მ.მ–ის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 150 ლარის (საგადახდო დავალება N18980799135, გადახდის თარიღი 16.10.2023) 70% – 105 ლარი;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე გიორგი მიქაუტაძე

მოსამართლეები: რევაზ ნადარაია

თ. ზამბახიძე