საქმე№ას-667-2024
16 ივლისი, 2024 წელი ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატის
მოსამართლე - თეა ძიმისტარაშვილი
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – ი.ტ–ი (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – სს „ბ–ი“(მოსარჩელე)
დავის საგანი – თანხის დაკისრება, იპოთეკის საგნის რეალიზაცია
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 19 თებერვლის განჩინება
კერძო საჩივრის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
აღწერილობითი ნაწილი:
სს „ბ–მა“ 2021 წლის 21 ოქტომბერს სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოში მოპასუხეების ი.ტ–ის და შპს „გ. ? მ–გან“ მიმართ და მოითხოვა: 1.1. მოსარჩელე სს „ბ–ის“ სასარგებლოდ მოპასუხე ი.ტ–ს დაეკისროს - ბანკის მიმართ არსებული დავალიანების: 1) 56 905.09 აშშ დოლარის გადახდა, საიდანაც 49 202.38 აშშ დოლარი არის ძირი თანხა, 4 957.08 აშშ დოლარი - სარგებელი, 2 624.46 აშშ დოლარი - დარიცხული პირგასამტეხლო, 121.17 აშშ დოლარი - დაზღვევის თანხა. 2) 96 859.69 ლარის გადახდა, საიდანაც 75 012.78 ლარი არის ძირი თანხა, 11 716.43 ლარი - სარგებელი, 9 941.70 ლარი - პირგასამტეხლო, 188.78 ლარი - დაზღვევის თანხა. 1.2. დავალიანების დაფარვის მიზნით იძულებით სარეალიზაციოდ მიექცეს: ა) სს „ბ–ის“ სასარგებლოდ, 2019 წლის 08 ნოემბრის N 601.01.670.1774861.002/01 იპოთეკის ხელშეკრულების საფუძველზე დატვირთული უძრავი ქონება, ს.კ.-ით .........; ბ) 2018 წლის 24 ნოემბრის N 670.01.670.1774861.001/01 იპოთეკის ხელშეკრულების საფუძველზე დატვირთული უძრავი ქონება, ს.კ.-ით ....... იმ შემთხვევაში, თუ იპოთეკის საგნების რეალიზაციის შედეგად ამონაგები თანხით სრულად ვერ დაკმაყოფილდება მოსარჩელის მოთხოვნა, მოხდეს მოპასუხე ი.ტ–ის სხვა ქონებათა რეალიზაცია.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 25 მაისის განჩინებით, სს „ბ–ის“ სარჩელი ი.ტ–ისა და შპს „გ. ? მ–გან“ მიმართ თანხის დაკისრებისა და იპოთეკის საგნის რეალიზაციის შესახებ დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. სს „ბ–ს“ უარი ეთქვა პირგასამტეხლოს მოთხოვნის ნაწილში სარჩელის სრულად დაკმაყოფილებაზე. ი.ტ–ს სს „ბ–ის“ სასარგებლოდ დაეკისრა 2021 წლის 20 იანვრის N 670.1774861.001-002 საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების - 56,905.09 აშშ დოლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირია - 49,202.38 აშშ დოლარი, სესხის პროცენტი - 4,957.08 აშშ დოლარი, პირგასამტეხლო - 2,624.46 აშშ დოლარი, სადაზღვევო თანხა - 121.17 აშშ დოლარი. ი.ტ–ს სს „ბ–ის“ სასარგებლოდ დაეკისროს 2021 წლის 20 იანვრის N 670.1774861.001-003 საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების - 91,888.84 ლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირია - 75,012.78 ლარი, სესხის პროცენტი - 11, 716.43 ლარი, პირგასამტეხლო - 4,970.85 ლარი, სადაზღვევო თანხა - 188.78 ლარი. ი.ტ–ს სს „ბ–ის“ სასარგებლოდ დაეკისრა 366.87 ლარის გადახდა მოსარჩელის მიერ წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ. აღნიშნული თანხის გადახდევინება მოხდა იპოთეკით დატვირთული, მოპასუხე შპს „გ.? მ–გან“ საკუთრებაში რიცხული შემდეგი უძრავი ქონების აუქციონზე რეალიზაციით: ა) ქონება მდებარე - ქ. ბათუმი, ........, N 6, ფართი (მშენებარე), სართული 8, ბინა N 801, ფართი 80.70 კვმ, ს.კ 20 ........ ბ) ქონება მდებარე - ქ. ბათუმი, ........, N 6, ფართი (მშენებარე), სართული 5, ბინა N 502, ფართი 35.60 კვმ, ს.კ. ........... სს „ბ–ს“ უარი ეთქვა თანხის ამოღების მიზნით მოპასუხის სხვა ქონების რეალიზაციის მოთხოვნის ნაწილში.
ზემოაღნიშნულ გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი წარადგინა ი.ტ–ის და შპს „გ. ? მ–გან“ წარმომადგენელმა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 19 თებერვლის განჩინებით, შპს „გ. ? მ–გან“ და ი.ტ–ის სააპელაციო საჩივარი, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 25 მაისის გადაწყვეტილებაზე დარჩა განუხილველად;
აღნიშნულ განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა ი.ტ–ის წარმომადგენელმა გ.გ–ძემ.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 03 ივნისის განჩინებით კერძო საჩივრის ავტორს დაუდგინდა ხარვეზი კერძო საჩივარზე და დაევალა 7 დღის ვადაში, საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინა 50 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის დედანი. კერძო საჩივრის ავტორს განემარტა, რომ ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში, მისი კერძო საჩივარი განუხილველი დარჩებოდა.
კერძო საჩივარზე ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინების ასლი, კერძო საჩივრის ავტორის წარმომადგენელს - გ.გ–ძეს ჩაბარდა 2024 წლის 01 ივლისს. გზავნილი ჩაიბარა მამამ-რ.გ–ძემ.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ) 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამდენად, კერძო საჩივრის დასაშვებობის საკითხის გადაწყვეტისას გამოყენებულ უნდა იქნეს საპროცესო ნორმები საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შესახებ
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. მითითებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ კერძო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისთვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა კერძო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.
საკასაციო პალატა ყურადღებას სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე მუხლზე, რომლის თანახმადაც, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც ეს თავი შეიცავს. აღნიშნული ნორმით განსაზღვრულია საკასაციო პალატის უფლებამოსილება, იხელმძღვანელოს ქვემდგომ სასამართლოში დადგენილი სამართალწარმოების მარეგულირებელი იმ ნორმებით, რომლებიც არ ეწინააღმდეგება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მეცხრე კარით განსაზღვრულ საკასაციო სამართალწარმოების თავისებურებებს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59.2 მუხლის თანახმად, თუ საპროცესო ვადა კანონით არ არის დადგენილი, მას განსაზღვრავს სასამართლო. საპროცესო ვადის ხანგრძლივობის განსაზღვრისას სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს იმ საპროცესო მოქმედების შესრულების შესაძლებლობა, რისთვისაც ეს ვადა დაინიშნა. ამავე კოდექსის 60-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების ვადა განისაზღვრება ზუსტი კალენდარული თარიღით, იმ გარემოებაზე მითითებით, რომელიც აუცილებლად უნდა დადგეს, ან დროის მონაკვეთით. უკანასკნელ შემთხვევაში მოქმედება შეიძლება შესრულდეს დროის მთელი მონაკვეთის განმავლობაში. წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. ამავე კოდექსის 61-ე მუხლის თანახმად, წლებით გამოსათვლელი ვადა დამთავრდება ვადის უკანასკნელი წლის შესაბამის თვესა და რიცხვში. თვეებით გამოსათვლელი ვადა გასულად ჩაითვლება ვადის უკანასკნელი თვის შესაბამის თვესა და რიცხვში. თუ თვეებით გამოსათვლელი ვადის უკანასკნელ თვეს სათანადო რიცხვი არა აქვს, მაშინ ვადა დამთავრებულად ჩაითვლება ამ თვის უკანასკნელ დღეს. თუ ვადის უკანასკნელი დღე ემთხვევა უქმე და დასვენების დღეს, ვადის დამთავრების დღედ ჩაითვლება მისი მომდევნო პირველი სამუშაო დღე. საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ საჩივარი, საბუთები ან ფულადი თანხა ფოსტას ან ტელეგრაფს ჩაჰბარდა ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ვადა გასულად არ ჩაითვლება.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაჰბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს, ხოლო ჩაბარების განსხვავებულ, გონივრულ წესზე მხარეთა შეთანხმების არსებობის შემთხვევაში − ამ შეთანხმებით გათვალისწინებული წესით. წარმომადგენელი ვალდებულია უწყების ჩაბარების შესახებ აცნობოს მხარეს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 74-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ სასამართლო უწყების ჩამბარებელმა სასამართლოში გამოსაძახებელი პირი ვერ ნახა მხარის მიერ მითითებულ მისამართზე, იგი უწყებას აბარებს მასთან მცხოვრებ ოჯახის რომელიმე ქმედუნარიან წევრს, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ისინი განსახილველ საქმეში მონაწილეობენ, როგორც მოწინააღმდეგე მხარეები. უწყების მიმღები ვალდებულია უწყების მეორე ეგზემპლარზე აღნიშნოს თავისი სახელი და გვარი, ადრესატთან დამოკიდებულება და დაკავებული თანამდებობა. უწყების მიმღები ასევე ვალდებულია უწყება დაუყოვნებლივ ჩააბაროს ადრესატს. უწყების ამ ნაწილით გათვალისწინებული პირისათვის ჩაბარება ჩაითვლება უწყების ადრესატისათვის ჩაბარებად, რაც დასტურდება უწყების მეორე ეგზემპლარზე უწყების მიმღების ხელმოწერით.
განსახილველ შემთხვევაში, როგორც უკვე აღინიშნა, კერძო საჩივარზე ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინება, კერძო საჩივრის ავტორის წარმომადგენელს გ.გ–ძეს, (იხ.რწმუნებულება-ს.ფ.118-119;) ჩაბარდა 2024 წლის 01 ივლისს. განჩინება ჩაბარდა გ.გ–ძის მამას რ.გ–ძეს (ს.ფ.225). რაც იმას ნიშნავს, რომ კერძო საჩივრის ავტორს შეეძლო შეევსო ხარვეზი 2024 წლის 08 ივლისის ოცდაოთხ საათამდე, რაც მისი მხრიდან არ განხორციელებულა. სასამართლო მიუთითებს, რომ ადრესატს ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინება ჩაბარდა კანონმდებლობის შესაბამისად და მოცემულ შემთხვევაში, ხარვეზის შევსების ბოლო ვადა იყო 2024 წლის 08 ივლისი.
აღსანიშნავია, რომ წარმოდგენილი კერძო საჩივრით, კერძო საჩივრის ავტორს არ მოუთხოვია სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან განთავისუფლება ან გადავადება.
საქმის მასალებით ასევე ირკვევა, რომ კერძო საჩივრის ავტორს, საქართველოს უზენაეს სასამართლოში არ წარმოუდგენია 50 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის დედანი და არც სახელმწიფო ბაჟზე დადგენილი ხარვეზის შევსებისათვის ვადის გაგრძელების შუამდგომლობით მოუმართავს. ამიტომ, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სასამართლოს მიერ განსაზღვრული ვადის განმავლობაში კერძო საჩივრის ავტორის მიერ ხარვეზი არ გამოსწორებულა, რაც წარმოდგენილი კერძო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.
ზემოაღნიშნული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ მხარე ვალდებულია სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში შეასრულოს მისთვის დავალებული საპროცესო მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში იგი კარგავს შესაბამისი საპროცესო მოქმედების შესრულების უფლებას.
ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლით დაცულია სამართლიანი სასამართლოს უფლება. ის განამტკიცებს კანონის უზენაესობის პრინციპს, რომელსაც ემყარება დემოკრატიული საზოგადოება და სასამართლოების უზენაესი როლი, განახორციელონ მართლმსაჯულება. კონვენციის მე-6 მუხლი უზრუნველყოფს ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან უფლებას - უფლებას სასამართლოს ხელმისაწვდომობაზე. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ სახელმწიფო ბაჟთან დაკავშირებით შექმნილი პრეცედენტული სამართლიდან შესაძლებელია შემდეგი დასკვნის გაკეთება: „უფლება სასამართლოზე“ არ არის აბსოლუტური უფლება, იგი შეიძლება სახელმწიფოს მიერ შეიზღუდოს. თუ საქმე არა ერთმა, არამედ ორმა ინსტანციამ არსებითად განიხილა, ხოლო საკასაციო ინსტანციის სასამართლომ იგი დასაშვებობის პირობების დაუკმაყოფილებლობის გამო განუხილველად დატოვა, აღნიშნული არ შეიძლება ჩაითვალოს ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სასამართლო ხელმისაწვდომობის უფლების ხელყოფად.
საკასაციო პალატა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკაზე დაყრდნობით განმარტავს, რომ სასამართლო ხელმისაწვდომობაზე ბაჟის სახით გონივრული შეზღუდვის დაწესება სახელმწიფოს ლეგიტიმური უფლებაა, რა დროსაც, დაცული უნდა იყოს ბალანსი კერძო და საჯარო ინტერესს შორის. ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, ინდივიდუალური საქმის ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული მხარის ქონებრივი მდგომარეობა, იმ მტკიცებულებებზე დაყრდნობით, რასაც მხარე თავად წარმოადგენს. ამდენად, მართალია, სახელმწიფოს მხრიდან დაწესებულია სასამართლო ხელმისაწვდომობის შეზღუდვის გარკვეული სტანდარტი, თუმცა, კანონმდებლობა შეზღუდვიდან გამონაკლისს უშვებს, ხოლო გამონაკლისით სარგებლობის უფლება მხარის განსაკუთრებული უფლებაა, რომლის გამოყენება მას მის მიერვე წარმოდგენილ მტკიცებულებებზე დაყრდნობით შეუძლია. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საპროცესო კოდექსით დადგენილი მოწესრიგება, რომელიც იმპერატიულად ადგენს ფორმალურ წესებსა და ვადებს, სავალდებულოა არა მხოლოდ მხარეებისათვის, არამედ სასამართლოსათვისაც და ამ რეგულაციების შეცვლა ან განსხვავებული ინტერპრეტაცია მხარეთა ნებაზე დამოკიდებული ვერ იქნება (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2018 წლის 9 ოქტომბრის განჩინება Nას-1220-2018).
პალატა ასევე მიუთითებს, რომ კერძო საჩივარს ასევე არ ერთვის რაიმე მტკიცებულება, რაც დაასაბუთებდა კერძო საჩივრის ავტორისათვის, დადგენილი ხარვეზის, სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში შევსების შეუძლებლობას მძიმე მატერიალური მდგომარეობის ან სხვა ობიექტური გარემოების გამო.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში, კერძო საჩივრის ავტორის მიერ ხარვეზი არ გამოსწორებულა, რაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის თანახმად, ი.ტ–ის კერძო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე, 399-ე, 396-ე მუხლის მესამე ნაწილით, 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ი.ტ–ის კერძო საჩივარი დარჩეს განუხილველად.
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლე თეა ძიმისტარაშვილი