საქმე№ას-1370-2022 28 მარტი, 2024 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატის
შემადგენლობა:
თეა ძიმისტარაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი
ამირან ძაბუნიძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი - ა.ა–ნი (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარეები - ა.ო–ნი, ა.ო–ნი, მ.ო–ნი, ა.ხ–ნი (მოპასუხეები)
გასაჩივრებული განჩინება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 13 ივნისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი - სამკვიდრო მოწმობის ნაწილობრივ ბათილად ცნობა, სამკვიდრო ქონების ფაქტობრივი მფლობელობით მიღების ფაქტის დადგენა, ნასყიდობის ხელშეკრულების ნაწილობრივ ბათილად ცნობა; უძრავი ქონების ხელშეშლის აღკვეთა და უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვა.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. ა.ა–ნმა სარჩელით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს, ა.ო–ნის, ა.ო–ნის, მ.ო–ნისა და ა.ხ–ნის წინააღმდეგ, უძრავი ქონების ხელშეშლის აღკვეთისა და უკანონო მფლობელობიდან უძრავი ქონების - მდებარე ქ. ბათუმი, ......, ს/კ: ........ გამოთხოვის შესახებ.
2. მოპასუხეთა შესაგებელი
2.1. მოპასუხე ა.ო–ნმა განმარტა, რომ მოსარჩელე ა.ა–ნს მიყიდა საცხოვრებელი ბინა, ხოლო სანაცვლოდ მყიდველისგან მიიღო 30 000 აშშ დოლარი.
2.2. მოპასუხეებმა - ა. და მ. ო–მა, ა.ხ–ნმა სარჩელი არ ცნეს.
3. შეგებებული სარჩელი
3.1. ა.ო–ნმა, სარჩელი აღძრა სასამართლოში ა.ა–ნის, ა.ო–ნისა და ნოტარიუს ნ.უ–ძის წინააღმდეგ, მოითხოვა:
3.1.1. ნოტარიუსის მიერ 2015 წლის 9 მარტს ა.ო–ნის სახელზე ა.ო–ის დანაშთ სამკვიდრო ქონებაზე გაცემული სამკვიდრო მოწმობის ½ ნაწილის ბათილად ცნობა;
3.1.2. ა.ა–სა და ა.ო–ნს შორის, 2017 წლის 2 თებერვალს დადებული უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა, ა.ო–ნის კუთვნილ ½ ნაწილში.
3.1.3. 2011 წლის 22 მაისს გარდაცვლილი დედის ა.ო–ის დანაშთი სამკვიდრო ქონების ½ ნაწილში ა.ო–ნის მიერ ფაქტობრივი ფლობით მიღების დადგენა და ამავე ქონების მესაკუთრედ ცნობა.
4. შეგებებული სარჩელის მოპასუხეების პოზიცია
4.1. შეგებებული სარჩელის მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს და მის უსაფუძვლობაზე მიუთითეს.
5. ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება
5.1. ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 30 მარტის გადაწყვეტილებით ა.ა–ნის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, ხოლო ა.ო–ნის სარჩელი დაკმაყოფილდა.
6. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს განჩინება და დასკვნები
6.1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 13 ივნისის განჩინებით ა.ა–ნის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული განჩინება დარჩა უცვლელი.
6.2. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია საქმისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტები:
6.2.1. ა.ო–ნი და ა.ო–ნი და-ძმა არიან, ხოლო ა.ა–ნი მათი დეიდაშვილია. მ.ო–ნი ა.ო–ნის შვილია, ხოლო ა.ხ–ნი - მეუღლე;
6.2.2. ა.ო–ნის და ა.ო–ნის აწ გარდაცვლილი დედის - ა.ო–ის სახელზე გარდაცვალებამდე და გარდაცვალების შემდეგაც საკუთრებაში ირიცხებოდა სადავო უძრავი ქონება. ა.ო–ი გარდაიცვალა 2011 წლის 22 მაისს;
6.2.3. სადავო არაა, რომ მოპასუხე ა.ო–ნი, დედის - ა.ო–ის გარდაცვალებამდე და გარდაცვალების შემდეგაც, ცხოვრობდა და დღემდე ცხოვრობს დედის მისამართზე (სადავო საცხოვრებელ სახლში);
6.2.4. ნოტარიუს ნ.უ–ძის მიერ 2015 წლის 9 მარტს გაცემული სამკვიდრო მოწმობის საფუძველზე, ა.ო–ნმა საკუთრებაში დაირეგისტრირა 2011 წლის 22 მაისს გარდაცვლილი დედის - ა.ო–ის სამკვიდრო ქონება (სადავო საცხოვრებელი სახლი);
6.2.5. ა.ო–ნმა სამკვიდროს მისაღებად განცხადებით მიმართა ნოტარიუსს 2017 წლის 14 მარტს, ა.ა–ნის მიერ გამოსახლების მოთხოვნით, სარჩელის აღძვრის (16.02.2017წ.) შემდეგ;
6.2.6. ა.ა–ნმა, ა.ო–ნისგან 2017 წლის 1 თებერვალს დადებული ნასყიდობის ხელშეკრულებით შეიძინა სადავო საცხოვრებელი სახლი. ნასყიდობის საფასური განისაზღვრა 30 000 აშშ დოლარით. სადავო ქონება არღიცხულია მოსარჩელის საკუთრების უფლება.
6.2.7. მ.ო–ნი, ა.ო–ნის შვილი, 2008 წლიდან დავის განხილვის მომენტისთვის, უწყვეტად ცხოვრობს სადავო სახლში. ასევე, დავის განხილვისას სადავო სახლში ცხოვრობს ა.ო–ნის მეუღლეც.
6.3. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, მხარეთა შორის სადავო იყო ა.ო–ის გარდაცვალების დღიდან - 2011 წლის 22 მაისიდან ა.ო–ნი ფაქტიური ფლობით დაეუფლა თუ არა სამკვიდრო ქონებას, ასევე ცხოვრობდა თუ არა მანამდე დედის მისამართზე (სადავო საცხოვრებელ სახლში), ოჯახთან ერთად. როდის გახდა ა.ო–ნისთვის ცნობილი, თავისი დის მიერ სადავო საცხოვრებელი სახლის (მთლიანი სამკვიდროს) მემკვიდრეობით მიღებისა და გასხვისების ფაქტი. ა.ო–ნი და თავისი მეუღლე მართლზომიერად ფლობენ თუ არა სადავო უძრავ ქონებას და ამ ქონების კეთილსინდისიერი შემძენია თუ არა ა.ა–ნი.
6.4. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით იმ ფაქტების მტკიცების ტვირთი, რომ ა.ო–ის სამკვიდრო, კანონით დადგენილ 6 თვიან ვადაში მიღებული აქვს ა.ო–ნს და რომ ა.ო–ნმა არასწორად განკარგა მისი საკუთრება, ხოლო მოპასუხე ა.ო–ნის და შემდგომ ა.ა–ნის საკუთრებაში უძრავი ქონების რეგისტრაციის თაობაზე ჩანაწერი და ამ ჩანაწერის საფუძველი სამკვიდრო მოწმობა და შემდეგ ნასყიდობის ხელშეკრულება ბათილია - მოსარჩელის დასამტკიცებელია;
6.5. დადგენილი იყო, სადავო უძრავი ქონების მესაკუთრე გარდაიცვალა 2011 წლის 22 მაისს, რომელსაც დარჩა ორი პირველი რიგის მემკვიდრე, რომლებიც წარმოადგენენ სადავო უძრავი ქონების თანაბარი წილის მემკვიდრეებს.
6.6. სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებულ მტკიცებულებებზე მიუთითა, რომლის მიხედვითაც მამკვიდრებლის, ა.ო–ის გარდაცვალებიდან 6 თვის ვადაში დედის კუთვნილი საცხოვრებელი სახლისა და მისი ქონებით სარგებლობის ფაქტის ანუ ფაქტობრივი ფლობით სამკვიდროს მიღების დასადასტურებლად, მოსარჩელე მხარემ წარმოადგინა: მამკვიდრებლის - ა.ო–ის სახელზე არსებული შემნახველი სალაროს წიგნაკი (იხ. ტ. 1. ს.ფ. 236-237); ასევე მოსარჩელემ დამატებით წარმოადგინა საქართველოს შსს სსიპ მომსახურეობის სააგენტოს ცნობა სახელმწიფო საზღვრის კვეთასთან დაკავშირებით (იხ. ტ. 1. ს.ფ. 174-176), საიდანაც დგინდება, რომ იგი, მამკვიდრებლის გარდაცვალებამდე და მისი გარდაცვალების შემდეგაც სისტემატურად ჩამოდიოდა საქართველოში 2006-2017 წლების მდგომარეობით. გარდა ამისა, პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოსარჩელის შუამდგომლობით მოწმის სახით დაკითხული მოწმე ვ.ს–ნი აჩვენებს, რომ არის ა.ო–ნის მეგობარი, მისი მეჯვარე, იცნობს ა.ო–ნს და აწგარდაცვლილ მამკვიდრებელსაც. ქორწინების შემდეგ, ა.ო–ნი საცხოვრებლად გადავიდა მეუღლესთან ა.ხ–ნთან ქ. ბათუმში, ..... ქუჩაზე, შემდეგში კი ეს ბინა გაყიდეს, იყიდეს ...... ქუჩაზე ბინა და იქ გააგრძელეს ცხოვრება. მოწმე მიუთითებს, რომ შემდეგში, ა.ო–ნმა და მისმა მეუღლემ .......... ქუჩაზე არსებული ბინა გაყიდეს, იყიდეს მიწის ნაკვეთი სომხეთში და იქ გადავიდნენ საცხოვრებლად, ხოლო დედის გარდაცვალებისას ჩამოვიდნენ ბათუმში და რამდენიმე ხნის შემდეგ წავიდნენ. ასევე აჩვენებს, რომ ზაფხულობით ოჯახთან ერთად ჩამოდიოდა ა.ო–ნი დასასვენებლად. რაც შეეხება ა.ო–ნის შვილს - მ.ო–ნს, ის 2008 წლიდან ცხოვრობს ა.ო–ნთან ერთად მისამართზე - ქ. ბათუმში, ........ (სამკვიდრო ქონებაში);
6.7. სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ დედის გარდაცვალებიდან 6 თვის ვადაში სამკვიდრო ქონებიდან მოსარჩელის მიერ 1/2 ნაწილის დაუფლებასთან დაკავშირებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად დაადგინა ფაქტობრივი გარემოებები. შესაბამისად, აპელანტის მსჯელობა, რომ ა.ო–ნს დედის სამკვიდრო არ მიუღია დაუსაბუთებელია. აპელანტის პოზიცია, რომ ა.ო–მა მოიპარა დედის შემნახველი სალაროს წიგნაკი - არ დასტურდება შესაბამისი მტკიცებულებებით. მხოლოდ სიტყვიერი მითითება ვერ გახდება სასამართლოს მიერ შესაბამისი დასკვნის გამოტანის საფუძველი. გარდა ამისა ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ ა.ო–ნის მტკიცებას სამკვიდროს ფაქტობრივი ფლობით მიღების შესახებ საფუძვლად არ უდევს მხოლოდ მითითებული წიგნაკი, არამედ მას როგორც აღინიშნა წარმოდგენილი აქვს მტკიცებულებათა ერთობლიობა, კერძოდ ცნობა საზღვრის კვეთის შესახებ და მოწმის ჩვენებაც. ამდენად, სასამართლოს დასკვნა ემყარება ურთიერთთავსებად და შეთანხმებულ მტკიცებულებებს, რომლებიც უტყუარად ადასტურებენ, რომ ა.ო–ნმა დედის ა.ო–ის გარდაცვალების შემდეგ ექვსი თვის ვადაში ფაქტობრივი ფლობით მიიღი სამკვიდრო;
6.8. სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ ნოტარიუს ნ.უ–ძის მიერ, 2015 წლის 9 მარტს ა.ო–ნის სახელზე, მთელს სამკვიდრო ქონებაზე გაცემული სამკვიდრო მოწმობით, ხოლო შემდეგ ამ უკანასკნელის მიერ ნასყიდობის ხელშეკრულების დადებით განიკარგა ა.ო–ნის საკუთრების უფლება სადავო ქონების ½ ნაწილზე.
6.9. აპელანტის პრეტენზიაზე, ა.ო–ნის მხრიდან ხანდაზმულობის ვადის დარღვევასთან დაკავშირებით სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ მემკვიდრის მიერ სადავო უძრავი ქონების ფაქტობრივი ფლობით მიღება აყენებს მას განსაკუთრებულ სამართლებრივ რეჟიმში. ექვსი თვის განმავლობაში სამკვიდროს გახსნის დღიდან სამკვიდროს ფაქტობრივი დაუფლებით (კონკლუდენტური მოქმედებებით) მემკვიდრე ხდება სამკვიდრო ქონების მესაკუთრე. სამკვიდროს მიღების ფაქტის არსებობის შემთხვევაში მემკვიდრეს უფლება აქვს, დაიცვას მიღებული სამკვიდრო სხვა დანარჩენი მემკვიდრეებისაგან, მათ შორის - იმ მემკვიდრეებისგანაც, რომლებმაც საკუთრების უფლება საჯარო რეესტრში დაირეგისტრირეს. ხანდაზმულობის საგანი არის ფარდობითი და არა აბსოლუტური უფლება, შესაბამისად, აბსოლუტურ უფლებაზე ხანდაზმულობა არ ვრცელდება. განსახილველ შემთხვევაში სხვა პირველი რიგის მემკვიდრის მიერ უკანონოდ იქნა მიღებული სამკვიდრო ქონების ის ნაწილი, რომელიც მოსარჩელეს ფაქტობრივი ფლობით ჰქონდა მიღებული და მის საკუთრებას წარმოადგენდა. შესაბამისად, მის მოთხოვნაზე ხანდაზმულობა არ ვრცელდება;
6.10. სააპელაციო სასამართლომ, ა.ო–ნსა და ა.ა–ნს შორის დადებულ ნასყიდობის ხელშეკრულებაზე გაამახვილა ყურადღება და განმარტა, რომ გამყიდველი ა.ო–ნი და მყიდველი ა.ა–ნი არიან დეიდაშვილები, შესაბამისად ეს უკანასკნელი არის ა.ო–ნის დეიდაშვილიც; დადგენილია და არც მხარეები უარყოფენ, რომ ა.ა–ნი ზაფხულობით ჩამოდიოდა დასასვენებლად სადავო ბინაში და მისთვის ცნობილი იყო და-ძმას (ა. და ა. ა–ბი) შორის არსებული ურთიერთობის და ა.ო–ნის უფლების შესახებ სადავო უძრავ ქონებასთან მიმართებით; ამდენად, პალატამ დადასტურებულად მიიჩნია, რომ ა.ა–ნმა იცოდა, რომ მთლიანად სადავო უძრავ ქონებაზე გამყიდველს, ა.ო–ნს საკუთრების უფლება ვერ წარმოეშობოდა, საჯარო რეესტრის ჩანაწერი ქონებაზე მისი საკუთრების თაობაზე არასწორი იყო, ხოლო ასეთ ვითარებაში გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულება, ადასტურებს ამ გარიგების მოჩვენებითობას და მხარეთა მიზანს, შემძენის კეთილსინდისიერებაზე მითითებით ხელი შეეშალათ ა.ო–ნისათვის კანონით მისთვის მინიჭებული მემკვიდრეობის უფლების განხორციელებაში; აღნიშნულის შესაბამისად ა.ა–ნი არ წარმოადგენს სადავო უძრავი ქონების კეთილსინდისიერ შემძენს.
6.11. სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ სადავო ნასყიდობის ხელშეკრულება ბათილი იყო, ამასთან, დასახელებული ნასყიდობის საფასურის გადახდის დამადასტურებელი სათანადო მტკიცებულებები სასამართლოსთვის ა.ა–ნს არ წარუდგენია.
6.12. სააპელაციო სასამართლომ აპელანტის სასარჩელოს მოთხოვნის შესახებ, მოპასუხეების უკანონო მფლობელობიდან გამოსახლების შესახებ განმარტა, რომ განსახილველ შემთხვევაში დადგენილი იყო, ქ. ბათუმში, ......., ს/კ ......... საჯარო რეესტრში ა.ა–ნის საკუთრების წარმოშობის საფუძველი ბათილია, რაც გამორიცხავს სსკ-ის 170-172-ე მუხლების შესაბამისად, მოპასუხეების უკანონო მფლობელობიდან ქონების გამოთხოვის თაობაზე სარჩელის დაკმაყოფილებას. შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილება, რომლითაც ა.ა–ნის აღნიშნული მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა დასაბუთებულია;
7. მოსარჩელის საკასაციო საჩივარი
7.1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 13 ივნისის განჩინებაზე საკასაციო საჩივარი წარადგინა მოსარჩელემ, მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება.
7.2. კასატორის განმარტებით გასაჩივრებული განჩინება დაუსაბუთებელია. ქვემდგომი ინსტნაციის სასამართლოებმა არასწორად დაადგინეს, რომ მხარეთა შორის დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების ფარგლებში მოსარჩელე არაკეთილსინდისიერად მოქმედებდა, რაც ამ ხელშეკრულების ბათილობის საფუძველი იყო.
7.3. სასამართლომ არასწორად დაადგინა ა.ო–ნის მიერ დედის სამკვიდრო ქონების ფაქტობრივად მიღების ფაქტი. ამასთან, არ გაითვალისწინა ა.ო–ნის არაერთი მითითება, რომ ა.ო–ნმა თავიდანვე იცოდა სამკვიდრო მოწმობის გაცემის ფაქტი, რომლის მიხედვითაც ა–ას სახელზე დარეგისტრირდა მთლიანი სამკვიდრო ქონება და ფაქტობრივი ფლობის დადასტურების მიზნით მოიპარა დედის შემნახველი სალაროს წიგნაკი.
7.4. კასატორის მტკიცებით, საკასაციო სასამართლომ ბათუმის საქალაქო სასამართლოდან უნდა გამოითხოვოს 2018 წლის 6 აპრილის დადგენილების ასლი,რომლითაც ა.ო–ნი ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევადაა ცნობილი ა.ო–ნის მიმართ ხულიგნობის გამო.
7.5. კასატორი ასევე უთითებდა შსს ბათუმის პოლიციის მე-2 სამმართველოს მასალებზე, რომლის მიხედვითაც ა.ო–ნმა მიმართა ა.ო–ნის წინააღმდეგ, დედის შემნახველი სალაროს წიგნაკის მოპარვის გამო.
7.6. კასატორმა აგრეთვე მოითხოვა ბათუმის საქალაქო სასამართლოდან 2018 წლის 6 აპრილის დადგენილების ასლის გამოთხოვა, რომლითაც ა.ო–ნი ცნობილ იქნა სამართალდამრღვევად, შსს ბათუმის პოლიციის სამმართველოს მე-2 განყოფილებიდან ა.ო–ნის განცხადებასთან დაკავშირებით მასალების გამოთხოვა, რომელიც გარდაცვლილი დედის შემნახველი სალაროს წიგნაკის მოპარვასა და ა.ო–ნისთვის ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენებას ეხება, ნოტარიუს ნ.უ–ძის უფლებამონაცვლედ საქართველოს ნოტარიუსთა პალატის ცნობის თაობაზე განჩინების გაუქმება;
8. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი
8.1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 24 ნოემბრის განჩინებით საკასაციო საჩივარი წარმოებაშია მიღებული, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის თანახმად, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, მტკიცებულებათა გაანალიზების, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც დაუშვებელია, შემდეგ გარემოებათა გამო:
9. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
10. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის დისპოზიციიდან გამომდინარე საკასაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას საკასაციო საჩივრის ფარგლებში. საკასაციო სასამართლოს არ შეუძლია თავისი ინიციატივით შეამოწმოს საპროცესო დარღვევები, გარდა 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტებისა.
11. სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება - დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია.
12. საკასაციო სასამართლო, წინამდებარე საქმეზე, გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილ, დავის გადაწყვეტისთვის მნიშვნელობის მქონე გარემოებებზე მიუთითებს:
12.1. ა.ო–ნი და ა.ო–ნი და-ძმა არიან, ხოლო ა.ა–ნი მათი დეიდაშვილია. მ.ო–ნი ა.ო–ნის შვილია, ხოლო ა.ხ–ნი - მეუღლე;
12.2. ა.ო–ნის და ა.ო–ნის აწ გარდაცვლილი დედის - ა.ო–ის სახელზე გარდაცვალებამდე და გარდაცვალების შემდეგაც საკუთრებაში ირიცხებოდა სადავო უძრავი ქონება. ა.ო–ი გარდაიცვალა 2011 წლის 22 მაისს;
12.3. სადავო არაა, რომ მოპასუხე ა.ო–ნი, დედის - ა.ო–ის გარდაცვალებამდე და გარდაცვალების შემდეგაც, ცხოვრობდა და დღემდე ცხოვრობს დედის მისამართზე (სადავო საცხოვრებელ სახლში);
12.4. ნოტარიუს ნ.უ–ძის მიერ 2015 წლის 9 მარტს გაცემული სამკვიდრო მოწმობის საფუძველზე, ა.ო–ნმა საკუთრებაში დაირეგისტრირა 2011 წლის 22 მაისს გარდაცვლილი დედის - ა.ო–ის სამკვიდრო ქონება (სადავო საცხოვრებელი სახლი);
12.5. ა.ო–ნმა სამკვიდროს მისაღებად განცხადებით მიმართა ნოტარიუსს 2017 წლის 14 მარტს, ა.ა–ნის მიერ გამოსახლების მოთხოვნით, სარჩელის აღძვრის (16.02.2017წ.) შემდეგ;
12.6. ა.ა–ნმა, ა.ო–ნისგან 2017 წლის 1 თებერვალს დადებული ნასყიდობის ხელშეკრულებით შეიძინა სადავო საცხოვრებელი სახლი. ნასყიდობის საფასური განისაზღვრა 30 000 აშშ დოლარით. სადავო ქონებაზე აღრიცხულია მოსარჩელის საკუთრების უფლება.
12.7. მ.ო–ნი, ა.ო–ნის შვილი, 2008 წლიდან დავის განხილვის მომენტისთვის, უწყვეტად ცხოვრობს სადავო სახლში. ასევე, დავის განხილვისას სადავო სახლში ცხოვრობს ა.ო–ნის მეუღლეც.
13. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მოცემულ შემთხვევაში კასატორის სასარჩელო მოთხოვნას უძრავი ქონებით სარგებლობის ხელშეშლის აღკვეთა და ამავე ქონების უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვა წარმოადგენს. ამავე მხარეებს შორის ცალკე აღძრული სარჩელით, ა.ო–ნმა სამკვიდრო მოწმობის ნაწილობრივ ბათილად ცნობა, სამკვიდრო ქონების ფაქტობრივი მფლობელობით მიღების ფაქტის დადგენა და ნასყიდობის ხელშეკრულების ნაწილობრივ ბათილად ცნობა მოითხოვა. ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 11 მაისის განჩინებით ა.ო–ნის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და ერთ წარმოებად გაერთიანდა ა.ა–ისა და ა.ო–ნის სარჩელები.
14. ამდენად, მოცემულ შემთხვევაში, ა.ა–ნის სასარჩელო მოთხოვნის განხორციელების წინაპირობას წარმოადგენს, შეგებებული სარჩელის პირობებში დადგინდეს, ა.ო–ნს მიღებული აქვს თუ არა დედის გარდაცვალებიდან კანონით დადგენილ 6 თვიან ვადაში სამკვიდრო, ა.ო–ის სამკვიდროზე გაცემული სამკვიდრო მოწმობით განიკარგა თუ არა ა.ო–ნის წილი სამკვიდრო ქონებაც და ა.ო–ნის მიერ ა.ა–ნისთვის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე გადაცემული სადავო უძრავი ქონების ნაწილი წარმოადგენს თუ არა ა.ო–ნის მიერ ფაქტობრივად დაუფლებულ სამკვიდრო ქონებას.
15. სამკვიდრო ქონების მესაკუთრედ ცნობის თაობაზე სასარჩელო მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველია სსკ-ის 1306.1 „გარდაცვლილი პირის (მამკვიდრებლის) ქონების გადასვლა სხვა პირებზე (მემკვიდრეებზე) ხორციელდება კანონით ან ანდერძით, ანდა ორივე საფუძვლით“, 1336.1 „კანონით მემკვიდრეობის დროს თანასწორი უფლებით მემკვიდრეებად ითვლებიან: პირველ რიგში – გარდაცვლილის შვილები, გარდაცვლილის შვილი, რომელიც მისი სიკვდილის შემდეგ დაიბადა, მეუღლე, მშობლები (მშვილებლები). ნაშვილები და მისი შთამომავლები, როგორც მშვილებლის ან მისი ნათესავების მემკვიდრეები, გათანაბრებული არიან მშვილებლის შვილებთან და მათ შთამომავლებთან“, 1421-ე „სამკვიდროს იღებს მემკვიდრე, იქნება იგი კანონით თუ ანდერძით მემკვიდრე. მემკვიდრის მიერ სამკვიდრო მიღებულად ითვლება, როდესაც იგი სანოტარო ორგანოში შეიტანს განცხადებას სამკვიდროს მიღების შესახებ ან ფაქტობრივად შეუდგება სამკვიდროს ფლობას ან მართვას, რაც უდავოდ მოწმობს, რომ მან სამკვიდრო მიიღო. თუ მემკვიდრე ფაქტობრივად შეუდგა სამკვიდროს ნაწილის ფლობას, ითვლება, რომ მან მთლიანად მიიღო სამკვიდრო, რაშიც უნდა გამოიხატებოდეს და სადაც უნდა იყოს იგი“, 1424-ე „სამკვიდრო მიღებულ უნდა იქნეს ექვსი თვის განმავლობაში სამკვიდროს გახსნის დღიდან“ და 1433-ე „მიღებული სამკვიდრო მემკვიდრის საკუთრებად ითვლება მემკვიდრეობის გახსნის დღიდან“ მუხლები.
16. საკასაციო სასამართლო მემკვიდრეთა მიერ სამკვიდროს ფაქტობრივი ფლობით დაუფლებასთან დაკავშირებით არაერთ გადაწყვეტილებაში (განჩინებაში) უთითებს, რომ სამკვიდრო ქონების ფაქტობრივად დაუფლების დროს განმსაზღვრელია იურიდიული მნიშვნელობის მქონე კომპონენტები - სამკვიდროს მართვა-დაუფლებისკენ მიმართული ნება და ამგვარი ნების მამკვიდრებლის გარდაცვალებიდან 6 თვეში გამოვლენა. ფაქტობრივი ფლობისკენ მიმართული ნებისმიერი მოქმედებიდან აშკარად უნდა იკვეთებოდეს მემკვიდრის მიერ სამკვიდროს მიღების სურვილი, მემკვიდრის ნება (სამკვიდროს მიღება ცალმხრივი გარიგებაა, რომლისთვისაც, ჩვეულებრივ, აუცილებელია ნების ნამდვილობა). მემკვიდრის ყველა ამგვარი მოქმედების შედეგს უნდა წარმოადგენდეს სამკვიდრო ქონების ფაქტობრივი ფლობა (მაგალითად: მამკვიდრებლის საცხოვრებელ სახლში ცხოვრება, მამკვიდრებლის ნივთების, როგორც საკუთარის მიღება და განკარგვაც, სამკვიდროს ფაქტობრივი მართვა, მოვლა და სხვა) (სუსგ-ებები: №ას-595-822-08, 04.11.2008წ; №ას-186-175-2017, 02.06.2017წ.; №ას-167-2021, 28.02.2023წ.).
17. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამემკვიდრეო-სამართლებრივი ურთიერთობების წარმოშობა და სამემკვიდრეო უფლებების განხორციელება უკავშირდება არა მარტო სამკვიდროს გახსნის მომენტს (სამკვიდრო იხსნება პირის გარდაცვალების ან სასამართლოს მიერ პირის გარდაცვლილად გამოცხადების შესახებ გადაწყვეტილების ძალაში შესვლის დღეს, სსკ-ის 1319-1320-ე მუხლები), არამედ მემკვიდრეთა მხრიდან გარკვეული იურიდიული მოქმედების შესრულებას. მართალია, კანონის თანახმად სამკვიდრო მემკვიდრის საკუთრება ხდება მისი გახსნის მომენტიდან (სსკ-ის 1433-ე მუხლი), მაგრამ როდესაც სამკვიდროს მიმღებ მემკვიდრეთა რიცხვი ერთზე მეტია, მაშინ აუცილებელია თითოეულმა მემკვიდრემ კანონით დადგენილ ექვსთვიან ვადაში (სსკ-ის 1424-ე მუხლი) შეასრულოს სამკვიდროს მიღებისათვის აუცილებელი მოქმედება. სამკვიდროს მიღების წესი დადგენილია სსკ-ის 1421-ე მუხლის მეორე ნაწილით, რომლის მიხედვითაც მემკვიდრის მიერ სამკვიდრო მიღებულად ითვლება, როდესაც იგი სამკვიდროს გახსნის ადგილის სანოტარო ორგანოში შეიტანს განცხადებას სამკვიდროს მიღების შესახებ ან ფაქტობრივად შეუდგება სამკვიდროს ფლობას ან მართვას, რაც უდავოდ მოწმობს, რომ მან სამკვიდრო მიიღო. თუ მემკვიდრე ფაქტობრივად შეუდგა სამკვიდროს ნაწილის ფლობას, ითვლება, რომ მან მთლიანად მიიღო სამკვიდრო, რაშიც უნდა გამოიხატებოდეს და სადაც უნდა იყოს იგი (შეად. სუსგ-ებს: N ას-670-637-2014, 04.05.2015 წ; N ას-18-15-2015, 26.10. 2015წ; N ას-283-268-2017, 07.07.2017წ;მ N ას-263-263-2018, 15.05.2018წ.). სამკვიდროს ფაქტობრივი ფლობის გზით დაუფლებისათვის მემკვიდრის ნებელობითი მოქმედება უნდა იყოს იმგვარი, რომ ცალსახად დგინდებოდეს მისი გადაწყვეტილება, თავისად მიიჩნიოს მამკვიდრებლის დანაშთი ქონება და დაეპატრონოს მას, როგორც საკუთარს. სამკვიდროს უფლების განხორციელება შეიძლება მოხდეს როგორც ნების პირდაპირი გამოვლენის საფუძველზე, როდესაც მემკვიდრე სანოტარო ორგანოში შეიტანს განცხადებას სამკვიდროს მიღების შესახებ, ისე კონკლუდენტური მოქმედებით, რაც ადასტურებს მემკვიდრის სურვილს სამკვიდროს მიღების თაობაზე. საკასაციო სასამართლოს განმარტებით, ფაქტობრივი ფლობისკენ მიმართული ნებისმიერი მოქმედებიდან აშკარად უნდა იკვეთებოდეს მემკვიდრის მიერ სამკვიდროს მიღების სურვილი, მემკვიდრის ნება მემკვიდრის ყველა ამგვარი მოქმედების შედეგს უნდა წარმოადგენდეს სამკვიდრო ქონების ფაქტობრივი ფლობა მაგალითად: მამკვიდრებლის საცხოვრებელ სახლში ცხოვრება, მამკვიდრებლის ნივთების, როგორც საკუთარის მართვა, მოვლა და სხვა (შეად. სუსგ-ები N ას-773-740-2016, 08.05. 2017 წ; პ.44-45; N ას-1172-1127-2016, 31.03.2017წ;). სამკვიდროს მიღება ფაქტობრივი ფლობით, რომელიც ამტკიცებს სამკვიდროს მიღების ფაქტს, გულისხმობს მემკვიდრის მიერ ნებისმიერ მოქმედებებს ამ ქონების მართვის, განკარგვისა და სარგებლობის შესახებ, მის სათანადო მდგომარეობაში შენარჩუნებას ან გადასახადების გადახდას, ბინის ქირავნობის ხელშეკრულების საფუძველზე სამემკვიდრეო სახლში მცხოვრები დამქირავებლისაგან ქირის ამოღებას, სამემკვიდრეო ქონების ხარჯზე სამკვიდრო ქონების დაცვისა და მართვისათვის საჭირო ხარჯების გადახდას ან მამკვიდრებლის ვალების დაფარვას და ა.შ. ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ მითითებული მოქმედებები შეიძლება შეასრულოს როგორც მემკვიდრემ, ასევე, მისი დავალებით, სხვა პირმა, სამკვიდროს მიღების კანონით განსაზღვრულ ვადაში. სამკვიდრო ქონების მართვა შეიძლება ასევე გამოიხატოს ამ ქონებასთან დაკავშირებით მემკვიდრის მიერ ფაქტობრივი და იურიდიული ხასიათის მოქმედებების განხორციელებაში, რომლებიც უზრუნველყოფენ ცალკეული ობიექტების (სახლის, აგარაკის თუ საბაღე ნაკვეთის, სამშენებლო ობიექტების და სხვ.) ნორმალურ ფუნქციონირებას და ეკონომიკურ მდგომარეობას, ასევე მოქმედებებში, რომლებიც მიმართულია მთლიანი სამკვიდროს მდგომარეობის მოწესრიგებისთვის (მამკვიდრებლის კუთვნილი ქონებრივი ფასეულობების გამოკვლევა, მოვალეების დადგენა და მათ მიერ ვალების დაფარვის პირობები და ა.შ.). სამკვიდრო ქონების მართვა თავისი შინაარსით, საკუთრების უფლების განხორციელების მოქმედებების ანალოგიურად განიხილება. სამკვიდროს მიღების აქტი უნივერსალურ ხასიათს ატარებს. იგი ვრცელდება მთელ სამკვიდრო ქონებაზე, რაშიც არ უნდა იყოს გამოხატული და სადაც არ უნდა იყოს. სამკვიდროს მიღებისას მემკვიდრეს შეიძლება სრული წარმოდგენა არც კი ჰქონდეს სამკვიდრო ქონების ზუსტ შემადგენლობაზე. ამიტომ, თუ მემკვიდრე ფაქტობრივად შეუდგა სამკვიდროს ნაწილის ფლობას, ითვლება, რომ მან მთლიანად მიიღო სამკვიდრო ქონება. სამკვიდროს მიღება შეიძლება განხორციელდეს წარმომადგენლის მეშვეობითაც, თუ მინდობილობაში არის სპეციალური დათქმა წარმომადგენლის მიერ სამკვიდროს მიღების შესაძლებლობაზე (იხ. რომან შენგელია, ეკატერინე შენგელია, საოჯახო და მემკვიდრეობის სამართალი, გამომცემლობა „მერიდიანი“, 2015, გვ.410; ასევე- სუსგ N ას-292-2021, 27.05.2021წ; პ. 64-65).
18. მოცემულ შემთხვევაში საქმის მასალებით დადგენილია, რომ ა.ო–ი გარდაიცვალა 2011 წლის 22 მაისს (იხ. ტ. 1, ს.ფ. 46). ა.ო–ის სახელზე გარდაცვალებამდე და გარდაცვალების შემდეგაც საკუთრებაში ირიცხებოდა უძრავი ქონება, მდებარე ქ. ბათუმი, ........, ს/კ .........;
19. მამკვიდრებლის გარდაცვალების შემდეგ, 2015 წლის 9 მარტს გაცემული სამკვიდრო მოწმობის საფუძველზე, ა.ო–ნმა, როგორც გარდაცვლილი მამკვიდრებლის პირველი რიგის მემკვიდრემ საკუთრებაში დაირეგისტრირა სადავო საცხოვრებელი სახლი.
20. გარდაცვლილი მამკვიდრებლის სამკვიდრო ქონების - საცხოვრებელი სახლისა და მამკვიდრებლის ქონებით სარგებლობის ფაქტობრივი ფლობით მიღების დასადასტურებლად მოსარჩელე ა.ო–ნმა სასამართლოს წარუდგინა მამკვიდრებლის - ა.ო–ის სახელზე არსებული შემნახველი სალაროს წიგნაკი (იხ. ტ. 1. ს.ფ. 236-237); ასევე მოსარჩელემ დამატებით წარადგინა საქართველოს შსს სსიპ მომსახურეობის სააგენტოს ცნობა სახელმწიფო საზღვრის კვეთასთან დაკავშირებით (იხ. ტ. 1. ს.ფ. 174-176), საიდანაც დგინდება, რომ იგი, მამკვიდრებლის გარდაცვალებამდე და მისი გარდაცვალების შემდეგაც სისტემატურად ჩამოდიოდა საქართველოში 2006-2017 წლების მდგომარეობით. გარდა ამისა, პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოსარჩელის შუამდგომლობით მოწმის სახით დაკითხული მოწმე ვ.ს–ნის ჩვენებით, ა.ო–ნი საცხოვრებლად გადავიდა მეუღლესთან ა.ხ–ნთან ქ. ბათუმში, ......... შემდეგში კი ეს ბინა გაყიდეს, იყიდეს .......... ქუჩაზე ბინა და იქ გააგრძელეს ცხოვრება. მოწმე მიუთითებს, რომ შემდეგში, ა.ო–ნმა და მისმა მეუღლემ .......... ქუჩაზე არსებული ბინა გაყიდეს, იყიდეს მიწის ნაკვეთი სომხეთში და იქ გადავიდნენ საცხოვრებლად, ხოლო დედის გარდაცვალებისას ჩამოვიდნენ ბათუმში და რამდენიმე ხნის შემდეგ წავიდნენ. ასევე აჩვენებს, რომ ზაფხულობით ოჯახთან ერთად ჩამოდიოდა ა.ო–ნი დასასვენებლად. რაც შეეხება ა.ო–ნის შვილს - მ.ო–ნს, ის 2008 წლიდან ცხოვრობს ა.ო–ნთან ერთად მისამართზე - ქ. ბათუმში, ......... (სადავო სამკვიდრო ქონება);
21. ამდენად, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ წინა პუნქტში დასახელებულ გარემოებათა და მტკიცებულებათა ერთობლიობა ქმნის პრეზუმციას, რომ კანონისმიერმა მემკვიდრემ (ა.ო–ნმა) სამკვიდრო ქონება ფაქტობრივი ფლობით მიიღო და დედის დანაშთი უძრავი ქონების ½ ნაწილის მესაკუთრე გახდა.
22. აღსანიშნავია, რომ მამკვიდრებლის შვილი ა.ო–ნი თავისი ძმის თანხმობის გარეშე, მთლიანი სამკვიდროს მესაკუთრედ დარეგისტრირდა საჯარო რეესტრში, ხოლო მოგვიანებით მესამე პირზე, მათივე დეიდაშვილზე გაასხვისა სადავო საცხოვრებელი სახლი. დასახელებულ შემთხვევაში, სწორედ ა.ო–ნს უნდა შეეტყობინებინა ნოტარიუსისთვის გარდაცვლილის იმავე რიგის მემკვიდრის არსებობის თაობაზე, ამასთან მასვე ევალებოდა მიეღო ზომები თავისი ძმის სამკვიდრო მისაღებად მოწვევისათვის (იხ. სსკ-ის 1478-ე მუხლი).
23. საკასაციო პალატა ასევე განმარტავს, რომ მესამე პირთა დაცვის გარანტიები მოცემულია სამოქალაქო კოდექსის 185-ე მუხლში, რომლის თანახმადაც, შემძენის ინტერესებიდან გამომდინარე, გამსხვისებელი ითვლება მესაკუთრედ, თუ იგი ასეთად არის რეგისტრირებული საჯარო რეესტრში, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა შემძენმა იცოდა, რომ გამსხვისებელი არ იყო მესაკუთრე. მოცემული ნორმა კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს საჯარო რეესტრის უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფციას, როგორც მესამე პირთა დაცვის საშუალებას, ამასთან, უშვებს საჯარო რეესტრში რეგისტრირებულ უფლებაში ხარვეზის შესაძლებლობას, თუმცა, მიუხედავად ამისა, იცავს ისეთ შემძენს, რომელიც ამ ფაქტის მიმართ კეთილსინდისიერია. შემძენის ინტერესების დაცვის გარანტიებს შეიცავს ასევე სამოქალაქო კოდექსის 312-ე მუხლი, რომლის მე-2 ნაწილის მიხედვით, იმ პირის სასარგებლოდ, რომელიც გარიგების საფუძველზე სხვა პირისაგან იძენს რომელიმე უფლებას და ეს უფლება გამსხვისებლის სახელზე იყო რეესტრში რეგისტრირებული, რეესტრის ჩანაწერი ითვლება სწორად, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ამ ჩანაწერის საწინააღმდეგოდ შეტანილია საჩივარი, ან შემძენმა იცოდა, რომ ჩანაწერი უზუსტოა (29 სექტემბერი 2022 წელი №ას-1188-2021).
24. კეთილსინდისიერების ზოგად სამართლებრივი პრინციპიდან გამომდინარე, საკუთრების და სხვა სანივთო უფლებების დაცვა უნდა განხორციელდეს იმდაგვარად, რომ თანაბრად იყოს დაცული სამოქალაქო ბრუნვის ყველა მონაწილის ინტერესი. სამოქალაქო ბრუნვის სტაბილურობის და საიმედოობის გარანტიების არარსებობის შემთხვევაში, კეთილსინდისიერი შემძენი, რომელმაც ხელშეკრულების დადებისას გამოიჩინა გონივრულობა და სიფრთხილე, ქონების არამართლზომიერი დაკარგვის რისკის მატარებელი გახდება. საჯარო რეესტრის მონაცემები მხოლოდ მაშინ შეიძლება მიჩნეულ იქნეს უსწოროდ, თუ ამ ჩანაწერების საწინააღმდეგოდ შეტანილია საჩივარი ან შემძენმა იცოდა, რომ ჩანაწერი უზუსტოა. ანუ პირველ შემთხვევაში საკმარისია, რომ უფლების შემძენმა იცოდეს, რომ ჩანაწერის საწინააღმდეგოდ შეტანილია საჩივარი ამ უფლების შეძენის გარიგების დადებამდე, ხოლო მეორე შემთხვევაში საკმარისია, რომ უფლების შეძენის შესახებ გარიგების დადებამდე მისთვის ცნობილი გახდა ისეთი გარემოებების შესახებ (საჩივრის გარდა), რის გამოც ეს ჩანაწერები უზუსტოა. მხოლოდ ამ გარემოებათა არსებობის შემთხვევაში უფლების შემძენი არ არის კეთილსინდისიერი. წინააღმდეგ შემთხვევაში, განსახილველი ნორმის მიხედვით, რეესტრის მონაცემების მიმართ მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, შესაბამისად, რეესტრის მონაცემები მესამე პირისათვის ყოველთვის ითვლება სწორად და არ არის აუცილებელი დამატებით ამ სისწორის დადასტურება. ერთადერთი, რაც რეესტრის უტყუარობის პრეზუმფციას არღვევს, სწორედ შემძენის არაკეთილსინდისიერებაა. ზემოთ დასახელებული ნორმები შეიცავს არაკეთილსინდისიერების იურიდიულ განმსაზღვრელ ელემენტს – შემძენმა იცის, რომ გამსხვისებელი არ იყო მესაკუთრე. ამდენად, შემძენის ინტერესების დამცავი ნორმის გამოყენებისას უნდა შემოწმდეს არა მარტო საჯარო რეესტრის მონაცემები, ასევე უტყუარად უნდა დადგინდეს, რომ შემძენმა ნივთის შეძენამდე არ იცოდა და არც შეიძლება სცოდნოდა საჯარო რეესტრის უზუსტობის თაობაზე.
25. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას სადავო ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილობის შესახებ, კერძოდ, გამყიდველი ა.ო–ნი და მყიდველი ა.ა–ნი არიან დეიდაშვილები, შესაბამისად ეს უკანასკნელი არის ა.ო–ნის დეიდაშვილიც. დადგენილია და არც მხარეები უარყოფენ, რომ ა.ა–ნი ზაფხულობით ჩამოდიოდა დასასვენებლად სადავო ბინაში და მისთვის ცნობილი იყო და-ძმას (ა. და ა. ა–ები) შორის არსებული ურთიერთობის და ა.ო–ნის უფლების შესახებ სადავო უძრავ ქონებასთან მიმართებით. ამდენად, ა.ა–ნმა იცოდა, რომ მთლიანად სადავო უძრავ ქონებაზე გამყიდველს, ა.ო–ნს საკუთრების უფლება ვერ წარმოეშობოდა, საჯარო რეესტრის ჩანაწერი ქონებაზე მისი საკუთრების თაობაზე არასწორი იყო, ხოლო ასეთ ვითარებაში გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულება, ადასტურებს ამ გარიგების მოჩვენებითობას და მხარეთა მიზანს, შემძენის კეთილსინდისიერებაზე მითითებით, ხელი შეეშალათ ა.ო–ნისათვის კანონით მისთვის მინიჭებული მემკვიდრეობის უფლების განხორციელებაში. აღნიშნულის შესაბამისად ა.ა–ნი არ წარმოადგენს სადავო უძრავი ქონების კეთილსინდისიერ შემძენს (შდრ. სუსგ. ას-1400-2020 29 აპრილი, 2022 წელი).
26. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ა.ა–ნსა და ა.ო–ნს შორის 2017 წლის 1 თებერვალს დადებული ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლითაც კასატორმა შეიძინა სადავო საცხოვრებელი სახლი და გადაიხადა ნასყიდობის საფასური - 30 000 აშშ დოლარი, ნაწილობრივ ბათილი გარიგებაა (54-ე მუხლი) და გამორიცხავს სადავო ქონების ½ ნაწილზე შემძენის საკუთრების უფლებას და შესაბამისად, მოსარჩელის ვინდიკაციური მოთხოვნის დაკმაყოფილებას მოწინააღმდეგე მხარის მიმართ.
27. საკასაციო სასამართლო აქვე განმარტავს, რომ ა.ო–ნის მიერ აღძრული შეგებებული სარჩელი, კასატორის წინააღმდეგ, სადავო ნასყიდობის ხელშეკრულების როგორც მოტყუებით და შეცდომით დადებული გარიგების, ბათილად ცნობის თაობაზე, მოსარჩელის შუამდგომლობის - სარჩელის გამოხმობის საფუძველზე, განუხილველადაა დატოვებული 2017 წლის 11 დეკემბრის მოსამზადებელ სხდომაზე, რაც მოცემულ ეტაპზე საკასაციო სასამართლოს მსჯელობის საგანი (ვერც დასახელებული სარჩელის პროცესუალური ნაწილი და ვერც მატერიალური ნაწილი - სადავო გარიგების მთლიანად ბათილად ცნობის თაობაზე) ვერ გახდება.
28. საკასაციო სასამართლო კასატორის პრეტენზიაზე გაამახვილებს ყურადღებას, კერძოდ იმ ფაქტზე, რომ სასამართლომ უგულებელყო ხანდაზმულობის შესახებ მითითება და განმარტავს, რომ საკუთრების უფლება კონსტიტუციით გარანტირებულ უფლებათა კატეგორიას განეკუთვნება და მესაკუთრის დარღვეული უფლების იძულებით დაცვის შესაძლებლობა კანონით განსაზღვრული რაიმე სპეციალური ვადით შეზღუდული არ არის. ამ მხრივ, მიზანშეწონილია ერთგვაროვანი სამოსამართლო პრაქტიკის მოხმობაც, სადაც საკუთრების უფლების დაცვასთან დაკავშირებულ სარჩელებთან დაკავშირებით, არაერთგზის განიმარტა, რომ ხანდაზმულობის საგანი არის ფარდობითი და არა აბსოლუტური უფლება, შესაბამისად, საკუთრების აბსოლუტურ უფლებაზე ხანდაზმულობა არ ვრცელდება (შდრ. სუსგ: საქმე Nას-146-140-2012, 12 ივლისი 2012 წელი, საქმე Nას-404-383-2012, 7 მაისი, 2012 წელი, საქმე Nას-1169-1124-2016, 10 მარტი, 2017 წელი).
29. საქართველოს უზენაესი სასამართლო განმარტავს: „სამოქალაქო კოდექსის 1433-ე მუხლით განსაზღვრული დანაწესის თანახმად, საკუთრების უფლება ჩნდება კანონის საფუძველზე. ამასთან ერთად გასათვალისწინებელია, რომ უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლება, როგორც რეგისტრაციასავალდებულო უფლება, მოითხოვს საჯარო რეესტრში რეგისტრაციას. შესაბამისად, მემკვიდრეს წარმოეშობა მიღებული უძრავი ნივთის საკუთრების უფლების რეგისტრაციის უფლება, მაგრამ ამ რეგისტრაციის განუხორციელებლობა არ ნიშნავს იმას, რომ მან არ მიიღო ეს ქონება. სამკვიდროს მიღების ფაქტის არსებობის შემთხვევაში, მას აქვს უფლება, დაიცვას მიღებული სამკვიდრო სხვა დანარჩენი მემკვიდრეებისაგან, მათ შორის, იმ მემკვიდრეებისაგან, რომლებმაც განახორციელეს საკუთრების უფლების რეგისტრაცია. ხანდაზმულობის საგანი არის ფარდობითი უფლება და არა აბსოლუტური უფლება, შესაბამისად, აბსოლუტურ უფლებაზე ხანდაზმულობა არ ვრცელდება“ (სუსგ №ას-146-140-2012, 12.07.2012წ.).
30. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მოქმედი სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა ითვალისწინებს მხარეთა მიერ მათი მოთხოვნების დასასაბუთებლად და მითითებული ფაქტების დასამტკიცებლად საჭირო მტკიცებულებების წარდგენის საკმაოდ მკაცრად გაწერილ პროცედურას, რომლის შესაბამისად, მხარეებს მტკიცებულებათა წარდგენა შეუძლიათ პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას შესაბამისი წესების დაცვით. საქმის მომზადების დასრულების შემდეგ, საქმის არსებითად განხილვის ეტაპზე მხარეები შეზღუდულნი არიან, ახსნა-განმარტებების მოსმენისას წარადგინონ ახალი მტკიცებულებები ან მიუთითონ ახალ გარემოებებზე, რომელთა შესახებაც არ ყოფილა მითითებული სარჩელსა თუ შესაგებელში ან საქმის მომზადების სტადიაზე, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მათ შესახებ თავის დროზე საპატიო მიზეზით არ იყო გაცხადებული. იგივე წესი მოქმედებს სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას, სადაც ახალი ფაქტების მითითება და ახალი მტკიცებულებების დაშვება მხოლოდ კანონით მკაცრად განსაზღვრული საპატიო გარემოებების არსებობის შემთხვევაშია შესაძლებელი (სსსკ-ის 380-ე მუხლი).
31. საქმეზე მტკიცებულებების დართვის ზემოაღნიშნული წესი დაკავშირებულია სამოქალაქო საპროცესო სამართალში მოქმედ შეჯიბრებითობის პრინციპთან (სსსკ-ის მე-4 მუხლი) და გულისხმობს იმას, რომ სასამართლო საქმის გადაწყვეტისას ხელმძღვანელობს მხოლოდ იმ მტკიცებულებებით, რომელიც საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით დაერთვება საქმეს. სხვა მტკიცებულებები მხედველობაში არ მიიღება, თუნდაც მას საქმის მართებულად გადაწყვეტისათვის არსებითი მნიშვნელობა ჰქონდეს.
32. განსახილველ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ, მტკიცებულებათა გამოთხოვის თაობაზე მხარის შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძვლად მიუთითა, რომ სადავო მტკიცებულებები, პირველი ინსტანციის ეტაპზე საქმის განხილვისას მხარეთათვის ცნობილი იყო, რაც იმავე ეტაპზე მხარეს არ წარუდგენია სასამართლოსთვის, არც მათი წარუდგენლობის დამაბრკოლებელ საპატიო მიზეზებზე მიუთითებია, რის გამოც, დაუსაბუთებელი იყო მხარის შუამდგომლობა (იხ. 16.05.2022 წლის სხდომის ოქმი, 11:25:28). ამდენად, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება მტკიცებულებათა გამოთხოვის თაობაზე დასაბუთებულია, ხოლო, მხარეს არ წარმოდგენია ვარგისი პრეტენზია, რაც აღნიშნული განჩინების გაუქმების საფუძველი იქნებოდა.
33. საკასაციო სასამართლო, კასატორის შუამდგომლობის თაობაზე, რომელიც გარდაცვლილი ნოტარიუსის ნ.უ–ძის ნაცვლად საქართველოს ნოტარიატთა პალატის ჩართვას ეხებოდა ნოტარიატის შესახებ საქართველოს კანონზე მიუთითებს განმარტავს, რომ დასახელებული სპეციალური კანონი არ ითვალისწინებს ნოტარიუსისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის შემთხვევაში მის უფლებამონაცვლეობას, ამდენად, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 2 მაისის განჩინება დასაბუთებულია, რაც კასატორმა ვერ გააქარწყლა საკასაციო საჩივარში მითითებული მოთხოვნით.
34. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
35. ზემოხსენებული მსჯელობიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლომ დაასკვნა, რომ კასატორს არ წარმოუდგენია არც ერთი არგუმენტი, დასაბუთებული შედავება, თუ რა საფუძვლით უნდა იქნეს ცნობილი დასაშვებად საკასაციო საჩივარი. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება დასაბუთებული და კანონიერია, შესაბამისად, არ არსებობს საკასაციო განაცხადის არსებითად განსახილველად დასაშვებად ცნობის სამართლებრივი საფუძველი.
36. სსსკ-ის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ა.ა–ნის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი დარჩეს განუხილველი;
2. ა.ა–ნს (....) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე ვ.ლ–ას (.......) მიერ გადახდილი (საგადახდო დავალება №1, გადახდის თარიღი 24/06/2022 და საგადახდო დავალება №0, გადახდის თარიღი 14/11/2022) 2 269 ლარის 70% - 1 588.3 ლარი;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე თეა ძიმისტარაშვილი
მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი
ამირან ძაბუნიძე