Facebook Twitter

№ას-1370-2022 28 მარტი, 2024 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატის

შემადგენლობა:

თეა ძიმისტარაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი

ამირან ძაბუნიძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი - ა.ო–ნი (შეგებებული სარჩელით - მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე - ა.ო–ნი (შეგებებული სარჩელით - მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 13 მაისის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი - სამკვიდრო მოწმობის ნაწილობრივ ბათილად ცნობა, სამკვიდრო ქონების ფაქტობრივი მფლობელობით მიღების ფაქტის დადგენა, ნასყიდობის ხელშეკრულების ნაწილობრივ ბათილად ცნობა; უძრავი ქონების ხელშეშლის აღკვეთა და უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვა.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 30 მარტის გადაწყვეტილებით ა.ა–ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. ა.ო–ნის სარჩელი დაკმაყოფილდა. ბათილად იქნა ცნობილი ქ. ბათუმის ნოტარიუს ნ.უ–ძის მიერ 2015 წლის 9 მარტს მოპასუხე ა.ო–ნის სახელზე გაცემული სამკვიდრო მოწმობა, ქ. ბათუმში, ........, ბინა 25-ში, ა.ო–ის სამკვიდრო ქონებაზე ½ ნაწილში, ს/კ: ....... ბათილად იქნა ცნობილი ა.ა–სა და ა.ო–ნს შორის 2017 წლის 2 თებერვლის უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება ½ ნაწილში, უძრავ ქონებაზე, ქ. ბათუმში, ......... ა.ო–ნს დაუდგინდა იურიდიული მნიშვნელობის ფაქტი, კერძოდ, დადგინდა, რომ მან ფლობასა და სარგებლობაში მიიღო 2011 წლის 22 მაისს გარდაცვლილი დედის - ა.ო–ის სამკვიდრო, მასში შემავალი აქტივებით და პასივებით.

2. ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 30 მარტის გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი წარადგინა როგორც ა.ა–მა, აგრეთვე, ა.ო–ნმა.

3. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 13 მაისის განჩინებით ა.ო–ნის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი.

4. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 12 აპრილის განჩინებით, სააპელაციო საჩივარზე აპელანტს დაუდგინდა ხარვეზი, რომლის გამოსასწორებლადაც განესაზღვრა 10 დღის ვადა.

5. დასახელებული განჩინება გაეგზავნა და ჩაბარდა ადრესატს 2021 წლის 20 აპრილს პირადად.

6. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, აპელანტს ხარვეზი არ გამოუსწორებია, ამასთან, 2021 წლის 27 აპრილს განცხადება წარადგინა, სადაც უარს აცხადებდა სააპელაციო საჩივარზე და ითხოვდა საქმის წარმოების შეწყვეტას.

7. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 13 მაისის განჩინებაზე წარმოდგენილი კერძო საჩივრით, გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელაციო საჩივრის განხილვა მოითხოვა ავტორმა.

8. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 31 ოქტომბრის განჩინებით კერძო საჩივარი წარმოებაშია მიღებული.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კი დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:

9. სსსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

10. განსახილველ შემთხვევაში უდავოა, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 12 აპრილის განჩინებით, კერძო საჩივრის ავტორს, სააპელაციო საჩივარზე დაუდგინდა ხარვეზი, რომლის აღმოსაფხვრელადაც განესაზღვრა 10 დღე. აღნიშნული განჩინება გაეგზავნა და ადრესატს ჩაბარდა 2021 წლის 20 აპრილს (ტ.2,ს.ფ.9). აღსანიშნავია, რომ დადგენილ ვადაში აპელანტს სააპელაციო სასამართლოსთვის რაიმე შუამდგომლობით აღარ მიუმართავს.

11. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის პრეტენზიას მიაქცევს ყურადღებას, რომლის მიხედვითაც კერძო საჩივრის ავტორი განმარტავს, რომ მას არ დაუწერია განცხადება სააპელაციო საჩივარზე უარის თქმის შესახებ, ამასთან არ მიუღია ხარვეზის შესახებ განჩინება.

12. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლით განმტკიცებული დისპოზიციურობის პრინციპი ორიენტირებულია უფლების მქონე სუბიექტის თავისუფალ ნებაზე, მხოლოდ საკუთარი შეხედულებისამებრ განკარგოს თავისი მატერიალური თუ საპროცესო უფლებები, სარჩელზე ან სააპელაციო საჩივარზე უარის თქმა მოსარჩელის/აპელანტის საპროცესო უფლებაა, რომლის რეალიზებაც არ არის დამოკიდებული მოწინააღმდეგე მხარის თანხმობაზე.

13. საქმის მასალებით დადგენილია, რომ 2021 წლის 27 აპრილს, ფოსტის მეშვეობით წარადგინა განცხადება აპელანტმა, რომლის მიხედვითაც უარს ამბობს სააპელაციო საჩივარზე. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქმის მასალებით დადგენილია, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 12 აპრილის განჩინება ხარვეზის დადგენის თაობაზე გაეგზავნა კერძო საჩივრის ავტორს მის მიერ მითითებულ მისამართზე - ქ. ბათუმი, ....... აღსანიშნავია, რომ აღნიშნული მისამართი აქვს მითითებული კერძო საჩივარშიც. საფოსტო უკუგზავნილით დასტურდება ხარვეზის თაობაზე განჩინების მიღება ადრესატის მიერ. 2021 წლის 27 აპრილს, კერძო საჩივრის ავტორის მიერ ხელმოწერილი განცხადებაა წარდგენილი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში სააპელაციო საჩივარზე უარის თქმის შესახებ, რომელსაც ახლავს იმავე პირის პირადობის მოწმობის ასლი.

14. დასახელებული გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კერძო საჩივრის ავტორის პოზიციას რომ ხარვეზის თაობაზე განცხადება არ მიუღია, ხოლო, სააპელაციო საჩივარზე უარის თქმის შესახებ განცხადებით არ მიუმართავს სასამართლოსთვის. აღსანიშნავია, რომ კერძო საჩივრის ავტორს, მისი პრეტენზიების დამადასტურებელ, საქმეში არსებულ რაიმე მტკიცებულებაზე არ მიუთითებია, ამასთან არც დამატებით წარმოუდგენია სასამართლოსთვის ისეთი მტკიცებულება, რომელიც გამორიცხავდა ხარვეზის შესახებ არსებული განჩინების მისთვის ჩაბარებისა და მის მიერ სააპელაციო საჩივარზე უარის თქმის შესახებ განცხადების წარდგენის ფაქტებს.

15. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ მართებულად დატოვა განუხილველად სააპელაციო საჩივარი. ამგვარად, კერძო საჩივარი დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების საფუძველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 401-ე, 420-ე, 419-ე, 410-ე მუხლებით, და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ა.ო–ნის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 13 მაისის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე თეა ძიმისტარაშვილი

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი

ამირან ძაბუნიძე