საქმე№ას-1433 -2023 5 აპრილი, 2024 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატის
შემადგენლობა:
თეა ძიმისტარაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი
ამირან ძაბუნიძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
პირველი კასატორი - შპს „ფ.ს–ი“ (მოპასუხე)
მეორე კასატორი - დ.მ–ი (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 29 სექტემბრის გადაწყვეტილება
პირველი კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
მეორე კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი - ბრძანებების ბათილად ცნობა, კომპენსაციისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურება, გამოუყენებელი შვებულების, ზეგანაკვეთური შრომისა და ზიანის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. დ.მ–მა სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს შპს „ფ.ს–ის“ წინააღმდეგ, მოითხოვა:
1.1.1. მოპასუხე კომპანიის დირექტორის, 2022 წლის 16 მარტის სასტიკი საყვედურის გამოცხადების თაობაზე ბრძანების ბათილად ცნობა;
1.1.2. მოპასუხე კომპანიის დირექტორის 2022 წლის 21 მარტის ბრძანების, დასაქმებულთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე, ბათილად ცნობა;
1.1.3. მოპასუხე კომპანიისთვის კომპენსაციის სახით 24 000 ლარის ანაზღაურება;
1.1.4. მოპასუხე კომპანიისთვის იძულებითი განაცდურის დაკისრება, ყოველთვიურად 4 000 ლარის ოდენობით, 2022 წლის 22 მარტიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე;
1.1.5. მოპასუხე კომპანიისთვის ფინანსური და მორალური ზიანის დაკისრება 3 702.69 ლარის ოდენობით;
1.1.6. მოპასუხე კომპანიისთვის მოსარჩელის სასარგებლოდ ზეგანაკვეთურად შესრულებული სამუშაოს სანაცვლოდ 2 6991.26 ლარის დაკისრება;
1.1.7. მოპასუხე კომპანიისთვის, დასაქმებული სასარგებლოდ შვებულების 24 სამუშაო დღის ანაზღაურების დაკისრება - 4 000 ლარის ოდენობით.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხემ წარდგენილი შესაგებლითა და სასამართლო სხდომაზე მიცემული ახსნა-განმარტებით სარჩელი არ ცნო.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება
3.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 2 ივნისის გადაწყვეტილებით დასაქმებულის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ:
3.1.1. ბათილად იქნა ცნობილი კომპანიის 2022 წლის 16 მარტის ბრძანება სასტიკი საყვედურის გამოცხადების თაობაზე;
3.1.2. ბათილად იქნა ცნობილი შპს „ფ.ს–ის“ 2022 წლის 21 მარტის ბრძანება, შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე;
3.1.3. კომპანიას მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა შრომითი ურთიერთობის უკანონოდ შეწყვეტის გამო კომპენსაცია 10 000 ლარის ოდენობით (ხელზე მისაღები ოდენობა);
3.1.4. კომპანიას მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა იძულებითი განაცდურის - 4 000 ლარის (ხელზე მისაღები) ანაზღაურება 2022 წლის 22 მარტიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე, არაუმეტეს - 2023 წლის 13 სექტემბრისა. (ხელშეკრულების მოქმედების პერიოდი);
3.1.5. კომპანიას მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა წარმომადგენლის მომსახურებისთვის გაწეული ხარჯის ანაზღაურება - 1 360 ლარის ოდენობით.
4. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება და დასკვნები
4.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 29 სექტემბრის გადაწყვეტილებით დასაქმებულის შეგებებული სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, კომპანიის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა საქალაქო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის 1.3, 2.1, და მე-3 პუნქტები და აღნიშნულ ნაწილში ახალი გადაწყვეტილების მიღებით:
4.1.1. კომპანიას მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა შრომითი ურთიერთობის უკანონოდ შეწყვეტის გამო 4 000 ლარის ოდენობით კომპენსაცია, ასევე მოსარჩელის მიერ წარმომადგენლის მომსახურებისთვის გაწეული ხარჯის ანაზღაურება 1 100 ლარი.
4.2. სააპელაციო სასამართლომ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგ გარემოებებზე მიუთითა:
4.2.1. დასაქმებული 2022 წლის 13 სექტემბრის შრომითი ხელშეკრულებით მუშაობდა კომპანიის ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და პროგრამული უზრუნველყოფის მენეჯერის თანამდებობაზე. ხელშეკრულების მოქმედების ვადად განსაზღვრული იყო 1 წელი, ხოლო შრომის ანაზღაურება შეადგენდა - 5 000 ლარს, კანონით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით.
4.2.2. დასაქმებულის უშუალო უფროსმა, 2022 წლის 7 მარტს, მოსარჩელეს შეატყობინა რომ მოპასუხე ვადაზე ადრე წყვეტდა მასთან შრომით ურთიერთობას. აღნიშნულთან დაკავშირებით, 2022 წლის 15 მარტს, მოსარჩელემ წერილობით მიმართა მის უშუალო უფროსს - ვ.ტ–ძეს და მოითხოვა დამსაქმებლის მიერ მიღებული გადაწყვეტილების წერილობითი განმარტება.
4.2.3. 2022 წლის 16 მარტს, კომპანიამ სასტიკი საყვედური გამოუცხადა დასაქმებულს სამსახურში არაერთგზის დაგვიანების გამო, რაც იმავე დღეს ჩაბარდა მოსარჩელეს. კომპანიის დირექტორის ზ.ს–ის 2022 წლის 21 მარტის ბრძანებით, დასაქმებული გათავისუფლდა სამსახურიდან საქართველოს შრომის კოდექსის 47-ე მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის საფუძველზე.
4.3. სააპელაციო სასამართლომ, შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის ბრძანების არამართლზომიერების შესახებ პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნა გაიზიარა.
4.4. სააპელაციო სასამართლომ, წარდგენილი მტკიცებულების შესაბამისად დაასკვნა, რომ მოსარჩელეს, იანვარ-მარტის თვეების განმავლობაში 18 დაგვიანება დაუფიქსირდა. აღსანიშნავი იყო, რომ კომპანია დასაქმებულს უქმე დღეების - 19 იანვრისა და 3 მარტის დღეებში დაგვიანებასაც ედავებოდა.
4.5. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, ბრძანებაში არ ყოფილა აღნიშნული თუ რომელი დაგვიანებების გამო მიიღო დამსაქმებელმა აღნიშნული გადაწყვეტილება, ამასთან, არც მოსარჩელის მიმართვის საფუძველზე მომხდარა მისი მხრიდან მიღებული დისციპლინური პასუხისმგებლობის წერილობითი განმარტება, მასალებში წარმოდგენილი არ არის რაიმე მტკიცებულება, რომლითაც დამსაქმებელი შეეცდებოდა გარკვეულიყო მოსარჩელის მხრიდან დაგვიანებების მიზეზში. ამასთან, ხსენებული დაგვიანებებიდან მხოლოდ 3-ჯერ დაგვიანება არის ხანგრძლივი დროით, ხოლო დაგვიანებების უმრავლესობა 1 წუთიდან - 9 წუთამდე მერყეობს. ამასთან, სასტიკი საყვედურის გამოცხადების შესახებ ბრძანება გამოცემულია 2022 წლის 16 მარტს, ხოლო გათავისუფლების შესახებ ბრძანება - 2022 წლის 21 მარტს.
4.6. სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლო შეფასება გასაჩივრებული ბრძანებების დაუსაბუთებლობისა და უსაფუძვლობის შესახებ. დამატებით აღნიშნა, რომ სამსახურიდან გათავისუფლების ბრძანება გამოცემულია სასტიკი საყვედურის გამოცხადებიდან 5 დღის შემდეგ, რაც არ იძლევა დამსაქმებლის მიერ დასაქმებულისთვის არსებული დარღვევების გამოსწორების გონივრულ ვადას. ამასთან, დამსაქმებელმა უგულებელყო 2022 წლის 21 მარტის დაგვიანების თაობაზე დასაქმებულის განმარტება. მოპასუხე ვერ ადასტურებს, სამსახურიდან გათავისუფლების გარდა, რატომ იყო შეუძლებელი უფრო მსუბუქი დისციპლინური სახდელის გამოყენება, ვინაიდან სამსახურიდან გათავისუფლება წარმოადგენს უკიდურეს ღონისძიებას, როდესაც დამსაქმებელსა და დასაქმებულს შორის შრომითი ურთიერთობის გამოსწორება სხვა მხრივ შეუძლებელია. დამსაქმებელი ვერ ადასტურებს, რომ დაგვიანებების გამო დამსაქმებელმა მიიღო ზიანი, ვინაიდან დაგვიანებების უმრავლესობა 1 წუთიდან - 9 წუთამდე მერყეობს.
4.7. სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოში მოპასუხე მხარის შუამდგომლობის საფუძველზე დაკითხულმა მოწმემ ყურადღება გაამახვილა არა დასაქმებულის მიერ სამსახურში დაგვიანებაზე, არამედ მოსარჩელის არაკვალიფიციურობაზე, თუმცა, შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის საფუძველი არ ყოფილა მოსარჩელის არაკვალიფიციურობა.
4.8. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით მოპასუხე კომპანიამ ვერ დაადასტურა სასტიკი საყვედურის გამოცხადების და აღნიშნულის გათვალისწინებით შრომის ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ ბრძანების მართლზომიერება. ამასთან, კომპანიას არ ჰქონდა წარდგენილი გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძვლების შესახებ დასაბუთებული პრეტენზია.
4.9. სააპელაციო სასამართლო პირველი ინსტანციის გადაწყვეტილებაზე მიუთითებს, რომლის მიხედვითაც მოპასუხე კომპანიას იძულებითი განაცდურის სახით 4 000 ლარის გადახდა დააკისრა, 2022 წლის 22 მარტიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე, არაუმეტეს 2023 წლის 13 სექტემბრისა.
4.10. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულება მოიცავდა 2022 წლის 13 სექტემბრიდან 1 წლიან პერიოდს. შესაბამისად, ვინაიდან ბათილია სამსახურიდან გათავისუფლების ბრძანება, მოპასუხეს უნდა დაკისრებოდა შრომითი განაცდურის ანაზღაურება ხელშეკრულების მოქმედების პერიოდისთვის.
4.11. სააპელაციო სასამართლოში აპელანტი მიუთითებდა, რომ შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 30 დეკემბრის ცნობით დასტურდებოდა, მოსარჩელის 2022 წლის მარტიდან დასაქმების ფაქტი სხვა კომპანიებში, სადაც ყოველთვიურად ერიცხებოდა იმაზე მეტი ხელფასი, ვიდრე ის მიიღებდა იმავე პერიოდში, მოპასუხე კომპანიაში მუშაობის შემთხვევაში. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნულის საპირისპიროდ გაიზიარა მოსარჩელის პოზიცია, რომ დასახელებული ცნობით გათვალისწინებული შემოსავლები წარმოადგენდა მომსახურების ანაზღაურებას და არა შრომითი ურთიერთობიდან მიღებულ სარგებელს. დამატებით სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ საქმეში წარდგენილი იყო შპს „ფ.თ.ი–ის“ აღმასრულებელი დირექტორის მიერ გაცემული ცნობა, რომლითაც განმარტავდა, რომ კომპანიის ბუღალტერმა მოსარჩელისთვის გადახდილ თანხებზე, ნაცვლად მომსახურების ანაზღაურებისა შეცდომით მიუთითა „ხელფასი“ ან „სხვა“, რაც თავისმხრივ დამატებით გამორიცხავდა ამ ნაწილში აპელანტი კომპანიის პრეტენზიის საფუძვლიანობას.
4.12. სააპელაციო სასამართლომ დამატებით მიუთითა, რომ დასახელებული შემოსავლები ფიქსირდებოდა 2022 წლის მარტიდან. ამდენად, უდავო იყო, რომ სხვა კომპანიებთან თანამშრომლობა არ ყოფილა დამაბრკოლებელი გარემოება მოსარჩელისთვის, შრომითი მოვალეობები შეესრულებინა მოპასუხე კომპანიისთვის და ყოველდღიურად გამოცხადებულიყო სამსახურში. ამდენად, დაუსაბუთებელი იყო, კომპანიის პრეტენზია, სხვა კომპანიაში მიღებული თანხების, იძულებითი განაცდურის გამოანგარიშების დროს გათვალისწინების თაობაზე.
4.13. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით მოპასუხემ, მოსარჩელის მუშაობის პერიოდის სრულად ამსახველი ამონაწერი ელექტრონული ტაბელიდან არ წარადგინა, მისივე განმარტებით არარსებობის გამო, თუმცა, 2022 წლის იანვარ-მარტის თვის ამონაწერის შეფასება საკმარისი იყო დადგენილიყო, რომ ზეგანაკვეთურად მუშაობის ფაქტის ან მისი ოდენობის განსაზღვრა შეუძლებელია, ვინაიდან, დამსაქმებლის მხრიდან ზეგანაკვეთური სამუშაოს შესრულებაზე შეტყობინება საქმეში წარმოდგენილი არ ყოფილა, არც ისეთი ობიექტური საჭიროება დასტურდებოდა, რომლითაც გაფრთხილება შეუძლებელი იქნებოდა.
4.14. მოსარჩელე ასევე ითხოვდა შვებულების ანაზღაურებას 24 სამუშაო დღისთვის 4 000 ლარის ოდენობით.
4.15. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელე მოპასუხე კომპანიაში მუშაობდა 2021 წლის 13 სექტემბრიდან 2022 წლის 21 მარტამდე, მისი მოთხოვნა კი ეხებოდა 2022 წლის გამოუყენებელი შვებულების ანაზღაურებას. სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობა, გამოუყენებელი შვებულების თანხის ანაზღაურების უსაფუძლობასთან დაკავშირებით და განმარტა, რომ მხარეთა შორის გაფორმებული იყო ვადიანი შრომითი ხელშეკრულება. სასამართლოს გადაწყვეტილებით მოსარჩელეს სამსახურიდან უკანონო გათავისუფლების გამო უნდა აუნაზღაურდეს იძულებითი განაცდური. მოპასუხეს ასევე უნდა დაეკისროს კომპენსაციის გადახდა. შესაბამისად, მოსარჩელე სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების შემთხვევაშიც ვერ მიიღებდა მეტ ფინანსურ სარგებელს, ვინაიდან იძულებითი მოცდენის პერიოდის შრომის ანაზღაურების სრულად დაკისრება გამორიცხავდა დამატებით გამოუყენებელი შვებულების კომპენსაციას. დაკისრებული თანხა უკვე მოიცავდა შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებულ სრულ ანაზღაურებას.
4.16. სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხე კომპანიის მოთხოვნა შეგებებული სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ და განმარტა, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებებით დასტურდებოდა კომპანიის სააპელაციო საჩივრის, მოსარჩელის წარმომადგენლის მიერ 2023 წლის 7 სექტემბერს ჩაბარების ფაქტი, ხოლო, შეგებებული საჩივარი წარდგენილი იყო კანონით დადგენილი 10 დღიანი ვადის დაცვით 15 სექტემბერს.
5. დამსაქმებლის საკასაციო საჩივარი
5.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 29 სექტემბრის გადაწყვეტილებაზე საკასაციო საჩივარი წარადგინა დამსაქმებელმა, ამ გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმებისა და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
5.2. დამსაქმებლის საკასაციო პრეტენზიის მიხედვით სააპელაციო სასამართლომ არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ მოსარჩელე სისტემატიურად აგვიანებდა სამსახურში, ჰქონდა უდიერი დამოკიდებულება.
5.3. მოსარჩელე დროულად ვერ ასრულებდა დაკისრებულ ვალდებულებებს. მისი ვალდებულება იყო, კომპანიის უზრუნველყოფა გამართული პროგრამით, რასაც ვერ ახერხებდა.
5.4. კასატორის განმარტებით, სასამართლომ არასწორად დააკისრა დამსაქმებელს კომპენსაცია მოსარჩელის სასარგებლოდ, ვინაიდან, სადავო პერიოდში, მოსარჩელე სხვა კომპანიაში დასაქმდა, სადაც უფრო მაღალი ანაზღაურება ჰქონდა, რაც იძულებითი განაცდურის ან კომპენსაციის მიზნით დაკისრებული თანხის გამოანგარიშებისას მხედველობაში იყო მისაღები.
6. დასაქმებულის საკასაციო საჩივარი
6.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 29 სექტემბრის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და თავდაპირველი სარჩელის დაკმაყოფილების მოთხოვნით.
6.2. კასატორმა, საკასაციო სასამართლოში საქმის მიმდინარეობისას დამატებით წარმოადგინა განცხადება მოთხოვნის დაზუსტების შესახებ და განმარტა, რომ სამსახურში აღდგენა არ წარმოადგენდა მის მოთხოვნას.
6.3. კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ, შეუსაბამოდ შეამცირა კომპენსაციის თანხა, ამასთან დაუსაბუთებლად არ დააკმაყოფილა დასაქმებულის სხვა სასარჩელო მოთხოვნები გამოუყენებელი შვებულებისა და ზეგანაკვეთურად შესრულებული სამუშაოს ანაზღაურების შესახებ.
7. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი
7.1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 4 დეკემბრის განჩინებით დამსაქმებლის, ხოლო, იმავე წლის 15 დეკემბრის განჩინებით მოსარჩელის საკასაციო საჩივარი წარმოებაშია მიღებული საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის თანახმად, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, მტკიცებულებათა გაანალიზების, საკასაციო საჩივრების დასაშვებობის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც დაუშვებელია, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოხსენებული საფუძვლით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას საკასაციო საჩივრის ფარგლებში. საკასაციო სასამართლოს არ შეუძლია თავისი ინიციატივით შეამოწმოს საპროცესო დარღვევები, გარდა 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ” ქვეპუნქტში მითითებული ფაქტებისა.
საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსთვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია (შედავება). დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. პალატა მიუთითებს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, ასევე მატერიალური ნორმების შეფარდებასთან დაკავშირებით, დასაბუთებულ შედავებას არ შეიცავს.
8. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მოცემულ შემთხვევაში, დამსაქმებლის საკასაციო მოთხოვნის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლოს სამართლებრივი შეფასების საგანს წარმოადგენს, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების ფაქტობრივსამართლებრივი დასაბუთებულობის შემოწმება სასტიკი საყვედურის გამოცხადების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობის, შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ ბრძანების ბათილად ცნობის, აგრეთვე კომპენსაციის დაკისრებისა და მისი ოდენობის განსაზღვრის, გამოუყენებელი შვებულებისა და ზეგანაკვეთურად შესრულებული სამუშაოს ანაზღაურების შესახებ. კერძოდ, მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის ფარგლებში საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანია დასაქმებულის მოთხოვნები თავდაპირველი სახით (სარჩელის მოთხოვნები შემდეგნაირად იყო ჩამოყალიბებული - კომპენსაციის დაკისრება დამსაქმებლისათვის 24 000 ლარი, ფინანსური და მორალური ზიანის ანაზღაურება - 3 702.69 ლარი, ზეგანაკვეთურად მუშაობის სანაცვლოდ - 26 991.26 ლარი, გამოუყენებელი შვებულების ანაზღაურება - 4 000 ლარი).
9. საკასაციო სასამართლო სასარჩელო მოთხოვნების სამართლებრივ საფუძვლებზე მიუთითებს, რომელიც საქართველოს შრომის კოდექსის (შემდეგში: სშკ) 48-ე მუხლის მე-8 „სასამართლოს მიერ შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ დამსაქმებლის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შემთხვევაში, სასამართლოს გადაწყვეტილებით, დამსაქმებელი ვალდებულია პირვანდელ სამუშაო ადგილზე აღადგინოს პირი, რომელსაც შრომითი ხელშეკრულება შეუწყდა, ან უზრუნველყოს ის ტოლფასი სამუშაოთი, ან გადაუხადოს მას კომპენსაცია სასამართლოს მიერ განსაზღვრული ოდენობით.“ (საკასაციო სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს სარჩელის მოთხოვნაზე და განმარტავს, რომ ვინაიდან მოსარჩელის მოთხოვნას სამსახურში აღდგენა არ წარმოადგენდა, დასახელებული ნორმის მხოლოდ კომპენსაციის მიკუთვნების ნაწილი უნდა ჩაითვალოს მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლად) და მე-9 „დასაქმებულს უფლება აქვს, ამ მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებულ პირვანდელ ან ტოლფას სამუშაო ადგილზე აღდგენის ან მის ნაცვლად დაკისრებული კომპენსაციის გადახდის გარდა, მოითხოვოს იძულებითი განაცდურის ანაზღაურება შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის თარიღიდან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ დამსაქმებლის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის თაობაზე სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების თარიღამდე. იძულებითი განაცდურის ანაზღაურების განსაზღვრისას სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს ამ მუხლის პირველი ან მე-2 პუნქტის შესაბამისად დამსაქმებლის მიერ დასაქმებულისთვის მიცემული კომპენსაცია.“, 27-ე მუხლის პირველი „ზეგანაკვეთური სამუშაო არის მხარეთა შეთანხმებით დასაქმებულის მიერ სამუშაოს შესრულება დროის იმ მონაკვეთში, რომლის ხანგრძლივობა აღემატება ნორმირებულ სამუშაო დროს. არასრულწლოვანის მიერ ზეგანაკვეთური სამუშაოს შესრულების დროის ხანგრძლივობა სამუშაო დღის განმავლობაში ჯამურად არ უნდა აღემატებოდეს 2 საათს, ხოლო სამუშაო კვირის განმავლობაში ჯამურად − 4 საათს.“ და მე-3 „მხარეები შეიძლება შეთანხმდნენ დასაქმებულისთვის ზეგანაკვეთური სამუშაოს ანაზღაურების სანაცვლოდ პროპორციული დამატებითი დასვენების დროის მიცემაზე. დასაქმებულს დამატებითი დასვენების დრო უნდა მიეცეს ზეგანაკვეთური სამუშაოს შესრულებიდან არაუგვიანეს 4 კვირისა, თუ მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული.“, 31-ე მუხლის პირველი ნაწილი „დასაქმებულს უფლება აქვს, ისარგებლოს ანაზღაურებადი შვებულებით – წელიწადში სულ მცირე 24 სამუშაო დღით.“ და მე-5 „შრომითი ხელშეკრულების დამსაქმებლის ინიციატივით შეწყვეტისას იგი ვალდებულია დასაქმებულს აუნაზღაუროს გამოუყენებელი შვებულება შრომითი ურთიერთობის ხანგრძლივობის პროპორციულად.“, 58-ე მუხლი „ინდივიდუალური შრომითი ურთიერთობისას მხარის მიერ მეორე მხარისთვის მიყენებული ზიანი ანაზღაურდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.“, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში: სსკ) 394-ე მუხლის პირველი „მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება. ეს წესი არ მოქმედებს მაშინ, როცა მოვალეს არ ეკისრება პასუხისმგებლობა ვალდებულების დარღვევისათვის.“, 408.1-ე მუხლი „იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება.“, 409-ე მუხლი „თუ ზიანის ანაზღაურება პირვანდელი მდგომარეობის აღდგენით შეუძლებელია ან ამისათვის საჭიროა არათანაზომიერად დიდი დანახარჯები, მაშინ კრედიტორს შეიძლება მიეცეს ფულადი ანაზღაურება.“, და 413.1-ე მუხლებიდან „არაქონებრივი ზიანისათვის ფულადი ანაზღაურება შეიძლება მოთხოვილ იქნეს მხოლოდ კანონით ზუსტად განსაზღვრულ შემთხვევებში გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების სახით.“, გამომდინარეობს.
10. საქართველოში შრომითი ურთიერთობების შეწყვეტა მოწესრიგებულია სშკ-ის 47-ე, 48-ე მუხლებით. რომელთაგან, პირველი მოიცავს შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლებს, ხოლო მეორე არეგულირებს შეწყვეტის პროცესუალურ მხარეს. აღნიშნული მუხლების კუმულაციური საფუძვლით, შეიძლება ითქვას, რომ შრომითი ურთიერთობის შეწყვეტისას დამსაქმებლის პოზიტიური ვალდებულებაა დაასრულოს დასაქმებულთან შრომითი ურთიერთობა მხოლოდ ლეგიტიმური გზებით, ხოლო ნეგატიურ ვალდებულებას წარმოადგენს ის, რომ დამსაქმებელს არ უნდა შეეძლოს დასაქმებულის სამსახურიდან გაშვება შესაბამისი და გამართლებული საფუძვლის გარეშე, ამიტომ შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის იმ რეგულაციებს, რომლებიც სშკ-ის 47-ე და 48-ე მუხლებშია მოცემული, ერთგვარი „შემაკავებელი ეფექტი“ აქვთ, რომლის საფუძველიც არის წინაპირობა შრომითი ურთიერთობის მხარეების თვითნებური, გაუმართლებელი გადაწყვეტილებების აღკვეთისთვის.
11. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტა არის უკიდურესი ღონისძიება, რომელიც გამოყენებული უნდა იქნეს გამონაკლის და მხოლოდ კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევაში, მყარი საფუძვლის არსებობისას (იხ. სუსგ N ას-619-2020, 2.12.2020წ). საქართველოში განხორციელებული შრომის კანონმდებლობის რეფორმის ერთ-ერთი მიზანი სწორედ დასაქმებულის უფლებების დაცვა იყო; მნიშვნელოვანია, რომ შრომის სამართალი დაკავშირებულია ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებასთან და თითოეული დასაქმებულის საქმის ინდივიდუალური შეფასებისას გამოყენებული უნდა იქნეს ე.წ. „favor prestatoris“ პრინციპი, რაც დასაქმებულთათვის სასარგებლო წესთა უპირატესობას ნიშნავს. აღნიშნული პრინციპის გამოყენებისას, საჭიროა დამსაქმებლის და დასაქმებულის მოთხოვნებისა და ინტერესების წონასწორობის დაცვა სამართლიანობის, კანონიერებისა და თითოეული მათგანის ქმედების კეთილსინდისიერების კონტექსტში“ (შეად.სუსგ Nას-941-891-2015, 29.01.2016წ. პ-48). აქედან გამომდინარეობს დასკვნა, რომ კონსტიტუციით გარანტირებული თავისუფალი შრომის უფლების შემადგენელი ნაწილია შრომითი ურთიერთობის სტაბილურობა (იხ. სუსგ Nას-792-2019, 18.02.2021წ.).
12. საკასაციო სასამართლომ არაერთხელ აღნიშნა და ამ შემთხვევაშიც, კასატორის ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ შრომითსამართლებრივი დავები მტკიცების ტვირთის განაწილების გარკვეული თავისებურებით ხასიათდება, რასაც, მტკიცებულებების წარმოდგენის თვალსაზრისით, დამსაქმებლისა და დასაქმებულის არათანაბარი შესაძლებლობები განაპირობებს. მტკიცების ტვირთის სპეციალური წესის მოქმედების პირობებში, სწორედ დამსაქმებელს ავალებს სადავო ფაქტობრივი გარემოებების მტკიცების ტვირთს, რადგან დამსაქმებელს მეტად ხელეწიფება, როგორც შრომითი ურთიერთობის არსებობის, ასევე მისი შეწყვეტის მართლზომიერების დამტკიცების შესაძლებლობა.
13. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განმარტებების თანახმად, უმნიშვნელოვანესი პრინციპი, რომელიც უნდა იყოს გათვალისწინებული აღნიშნული საფუძვლით შრომითი ხელშეკრულების კანონიერების შეფასებისას, არის პროპორციულობისა და გონივრული საფუძვლის პრინციპი. პროპორციულობის, იგივე თანაზომიერების პრინციპი ნიშნავს, რომ კანონის მიზნის მისაღწევად გამოყენებული ღონისძიება უნდა იყოს დასაშვები, აუცილებელი პროპორციული. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განმარტებით, შრომითი ურთიერთობის შეწყვეტა დამსაქმებლის მიერ დასაშვები უნდა იყოს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გაუმართლებელია ამ უკანასკნელის უფლების დაცვის სხვა საფუძვლების გამოყენება (იხ. სუსგ-ები: N ას-106-101-2014, 2.10.2014 წ.; N ას-1183-1125-2014, 13.02.2015 წ.).
14. განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლების საფუძველი გახდა დასაქმებულის მიერ მისთვის ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულებით ან კოლექტიური ხელშეკრულებით ან/და შრომის შინაგანაწესით დაკისრებული ვალდებულების დარღვევა, თუ მის მიმართ ბოლო 1 წლის განმავლობაში უკვე გამოყენებული იყო ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულებით ან კოლექტიური ხელშეკრულებით ან/და შრომის შინაგანაწესით გათვალისწინებული დისციპლინური პასუხისმგებლობის რომელიმე ზომა (იხ. სადავო ბრძანება, ტ.1,ს.ფ. 42).
15. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის საფუძვლად მითითებული ნორმის გათვალისწინებით, დამსაქმებლის მტკიცების ტვირთს წარმოადგენდა სარწმუნო და დამაჯერებელი მტკიცებულებებით დაედასტურებინა მოსარჩელის მიერ, მასზე დაკისრებული ვალდებულებების განმეორებითად დარღვევის ფაქტი, ამასთან უნდა ემტკიცებინა, რომ დარღვევები ერთგვაროვანი ხასიათის იყო. აღსანიშნავია, რომ შრომითი ურთიერთობის შეწყვეტამდე 5 დღით ადრე, 2022 წლის 16 მარტს კომპანიის დირექტორის ბრძანებით დისციპლინური პასუხისმგებლობის სახით დასაქმებულს სასტიკი საყვედური გამოეცხადა (იხ. ბრძანება საყვედურის გამოცხადების შესახებ ტ.1,ს.ფ. 36).
16. საკასაციო სასამართლო სადავო ბრძანებების სამართლებრივი შეფასების მიზნით, ყურადღებას მიაქცევს საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს. საქალაქო სასამართლოში მოპასუხის შუამდგომლობის საფუძველზე დაკითხულმა მოწმემ თ.მ–მა (დამსაქმებლის ფილიალების რეგიონალური განვითარებისა და ხარისხის მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი) განმარტა, რომ მოსარჩელე მას ექვემდებარებოდა, დავალებების (IT ინფრასტრუქტურის გამართვა) შესრულებას თავს არიდებდა, ვერ ახერხებდა სამუშაო ამოცანების შესრულებასა და იმ პროგრამული ხარვეზების აღმოფხვრას, რომლის გამოც დასაქმდა კომპანიაში, მიუხედავად სპეციალურ ტაბელზე დაფიქსირებისა, ფაქტობრივად ხშირად არ იმყოფებოდა სამსახურში. აღნიშნული გარემოებების გამო, მომხმარებლებს უწევდათ ლოდინი და კომპანიას ადგებოდა ზიანი. ამავე საკითხზე, მოსარჩელის შუამდგომლობის საფუძველზე დაკითხულმა მოწმემ თ.კ–ძემ (შესყიდვებისა და ლოჯისტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელი) განმარტა, რომ დაგვიანებაზე ფინანსური სანქციები იყო დაწესებული, ამასთან დაგვიანებას თანამშრომლები ზეგანაკვეთურად მუშაობით აკომპენსირებდნენ. ამავე მოწმის განმარტებით, პროგრამა ღამის საათებში იტვირთებოდა, შესაბამისად დასაქმებულს ღამის საათებში უწევდა მუშაობა, თუმცა პროგრამა იმგვარად იყო აწყობილი, რომ მოსარჩელის დაგვიანების ან სამუშაოზე არ ყოფნის გამო კომპანიის გამართულ საქმიანობას ხელი არ ეშლებოდა. ამასთან, მიუხედავად იმისა, რომ შაბათ-კვირა დამსაქმებლისთვის სამუშაო დღეებია, ხოლო მოსარჩელე ისვენებდა, კომპანიის ფუნქციონირებას ხელი არ ეშლებოდა, ასევე, გასათვალისწინებელი იყო, რომ მოსარჩელის გარდა სხვა თანამშრომლებსაც შეეძლოთ იმავე ფუნქციების განხორციელება (მაგ: ინვოისების მიმაგრება).
17. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მოპასუხე ძირითადად მოსარჩელის არაკვალიფიციურობაზე მიუთითებს (აღსანიშნავია, რომ დამსაქმებლის საკასაციო საჩივარიც ძირითადად მოსარჩელის არაკვალიფიციურობაზეა აგებული, მაშინ როდესაც, შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის საფუძვლად მითითებულია 2022 წლის 21 მარტს, ანალოგიური დარღვევის ჩადენის ფაქტი (სამსახურში დაგვიანებით გამოცხადება) და სასტიკი საყვედურის გამოცხადების შესახებ 2022 წლის 16 მარტის ბრძანება, რომელიც თავის მხრივ სამსახურში არაერთგზის დაგვიანების გამოა, მიღებული) ამდენად, საკასაციო სასამართლო სამართლებრივად არ შეაფასებს საქმეში არსებულ ისეთ მტკიცებულებებს, რომლის ფარგლებშიც დასაქმებულის კვალიფიკაციაზეა მითითება.
18. სადავო ბრძანება სასატიკი საყვედურის გამოცხადების შესახებ არ შეიცავს მითითებას, თუ რომელ დღეებში დაგვიანების გამო გამოეცხადა საყვედური დასაქმებულს. მოპასუხე მხარის მიერ წარმოდგენილი სამსახურებრივი ტაბელის მიხედვით ირკვევა, რომ მხარე შრომის კოდექსით გათვალისწინებულ უქმე დღეებში (19 იანვარსა და 3 მარტს) დაგვიანებაზეც ედავებოდა მოსარჩელეს, რაც ასევე არაა გასაზიარებელი პრეტენზია. საკასაციო სასამართლო დამატებით განმარტავს, რომ მხარემ ვერ დაადასტურა მოსარჩელის მიერ დაგვიანების ფაქტების ის შედეგები, რომელიც ამ საფუძვლით კომპანიის გამართულ მუშაობას აფერხებდა, რაც თავის მხრივ საზიანო იყო მოპასუხისთვის. აღნიშნულის საპირისპიროდ მოსარჩელის მიერ მითითებული გარემოებებიც ვერ გააქარწყლა დამსაქმებელმა, კერძოდ დასაქმებული განმარტავდა, რომ ღამის საათებში მუშაობდა ხშირად, უშუალო ხელმძღვანელთან შეთანხმებით, რასაც დილის საათებში დაგვიანებით აკომპენსირებდა და რაზეც პრეტენზია არასდროს გამოუთქვამს დამსაქმებელს.
19. დამსაქმებელმა წარმოადგინა 3 თვის ამონაწერი ელექტრონული ტაბელიდან, რომელზეც 18 დაგვიანებაა ასახული, რაზეც დამსაქმებელს რეაგირება არ ჰქონდა, შესაბამისად, საფუძვლიანია მოსარჩელის განმარტება, და მოწმის მიერ დადასტურებული გარემოება, რომ მოსარჩელე გვიან მუშაობდა, ხოლო, დილით აკომპენსირებდა ღამის საათებში ნამუშევარ დროს, რაც თავის მხრივ კომპანიის ხელმძღვანელობასთან იყო შეთანხმებული და იძლევა ზეგანაკვეთური სამუშაოს სანაცვლოდ დამატებითი დასვენების დროის მიცემის შესაძლებლობას (იხ. სშკ-ის 27.3 მუხლი).
20. ამდენად, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ ბრძანება, სასტიკი საყვედურის გამოცხადების შესახებ 2022 წლის 16 მარტის ბრძანებას ეყრდნობა, რომელიც ვერ დაასაბუთა დამსაქმებელმა, რაც თავის მხრივ გამორიცხავს შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ 2022 წლის 21 მარტის ბრძანების საფუძვლიანობას სშკ-ის 47.1-ე მუხლის „თ“ ქვეპუნქტის გათვალისწინებით.
21. საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში ასახულ ფაქტობრივ და სამართლებრივ მსჯელობას და დასკვნას, რომ დამსაქმებელმა არამართლზომიერად გაათავისუფლა მოსარჩელე სამსახურიდან, დამსაქმებელმა ვერ დაადასტურა მოსარჩელის გათავისუფლების შესახებ მიღებული გადაწყვეტილების მიზანშეწონილობა, ვერ წარმოადგინა სათანადო არგუმენტები, რომლითაც ის ხელმძღვანელობდა გადაწყვეტილების მიღებისას. საქმეში წარმოდგენილი არ არის მტკიცებულება, თუ რამდენად ობიექტურ და სამართლიან კრიტერიუმებს ემყარებოდა სამსახურიდან მოსარჩელის გათავისუფლების თაობაზე დამსაქმებლის გადაწყვეტილება.
22. სასამართლოს მიერ დასაქმებულთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ დამსაქმებლის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შემთხვევაში, სასამართლოს გადაწყვეტილებით, დამსაქმებელი ვალდებულია, პირვანდელ სამუშაო ადგილზე აღადგინოს პირი, რომელსაც შეუწყდა შრომითი ხელშეკრულება ან უზრუნველყოს ის ტოლფასი სამუშაოთი, ან გადაუხადოს მას კომპენსაცია სასამართლოს მიერ განსაზღვრული ოდენობით. ზემოაღნიშნულ ნორმაში მითითებულია დამსაქმებლის ვალდებულება, რომელიც რამდენიმე შესაძლებლობას მოიცავს, კერძოდ, სშკ დამსაქმებელს ავალდებულებს, პირვანდელ სამუშაო ადგილზე აღადგინოს პირი, რომელსაც შეუწყდა შრომითი ხელშეკრულება ან უზრუნველყოს ის ტოლფასი სამუშაოთი, ან გადაუხადოს მას კომპენსაცია სასამართლოს მიერ განსაზღვრული ოდენობით. მითითებული რეგულაციით დამსაქმებლისათვის დადგენილია უკანონოდ გათავისუფლებული დასაქმებულის პირვანდელ სამუშაოზე აღდგენა, ხოლო, თუკი შეუძლებელია, მაშინ მომდევნო რიგითობით დადგენილი ვალდებულებების შესრულება (სუსგ №ას-1135-2018, 31.05.2019წ.; სუსგ №ას-951-901-2015, 29.01.2016წ.).
23. საკასაციო სასამართლომ არაერთ გადაწყვეტილებაში განმარტა, რომ საქართველოს შრომის კოდექსი არ განსაზღვრავს კომპენსაციის გამოანგარიშების წესსა და კრიტერიუმებს. კომპენსაციის, როგორც დასაქმებულის უფლებრივი რესტიტუციის საშუალების დადგენა და მისი ოდენობის განსაზღვრა სასამართლოს დისკრეციაა, როდესაც გასათვალისწინებელია, რომ შრომითსამართლებრივი კომპენსაცია ერთდროულად ფარავს იმ მატერიალურ დანაკარგს, რაც მხარემ უკანონოდ დათხოვნით განიცადა და რასაც იგი საშუალოდ შესატყვისი სამსახურის მოძებნამდე განიცდის, ასევე, იმ მორალურ ზიანს, რაც მას უკანონოდ დათხოვნით მიადგა (იხ. სუსგ-ები საქმე №ას-792-2019, 18.12.2021წ., №ას-536-2021, 21.09.2021წ.). ამავდროულად, გასათვალისწინებელია, უკანონოდ დათხოვნილი სუბიექტის ასაკი, კომპეტენცია, სამსახურის შოვნის პერსპექტივა, ოჯახური, სოციალური ვითარება, დამსაქმებლის ფინანსური მდგომარეობა და ა.შ. (იხ. ,,საქართველოს შრომის სამართალი და საერთაშორისო შრომის სტანდარტები", გვ. 272, სუსგ: №ას-1623-2018, 29.01.2019 წ; N ას- 1772-2020, 12.03.2021წ.; N ას-808-2021, 10.06.2022წ; N ას-931-20222, 6.10.2022წ; N ას-862-2023, 29.09.2023წ.).
24. საქმეში არსებული მტკიცებულებების და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ განსაზღვრული კომპენსაცია შეესატყვისება კომპენსაციის გონივრულობის სტანდარტს. ამ ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილება სრულად შეესაბამება დადგენილ სასამართლო პრაქტიკას (სუსგ-ები: №ას-1079-2022, 24.02.2023წ., ას-230-2022, 08.04.2022წ. №ას-931-2022 6.10.2022წ.).
25. ვინაიდან, მოსარჩელესთან შრომითი ურთიერთობა შეწყდა არამართლზომიერად, საკასაციო პალატის მოსაზრებით, საქმის გარემოებებიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ მართებულად და გონივრული ოდენობით დააკისრა მოპასუხეს კომპენსაცია და მისი ოდენობის შეცვლის წინაპირობები არ არსებობს. საკასაციო სასამართლო იზიარებს ქვემდგომი ინსტანციის გადაწყვეტილებით დადგენილ გარემოებას, რომ მოპასუხე დასაქმებულის მუშაობის ხანგრძლივობის (აგრეთვე, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ მხარეთა შორის ვადიანი შრომითი ხელშეკრულება არსებობდა), სხვა კომპანიებში მიღებული შემოსავლის ოდენობის, დასაქმებულის ასაკის გათვალისწინებით, დაკისრებული კომპენსაცია გონივრულია, რაც მოსარჩელის სამსახურიდან უკანონოდ დათხოვნის შედეგად მიყენებული ზიანის კომპენსირების ადეკვატური საშუალება იქნება და რის გამოც ორივე კასატორის პრეტენზიები ამ ნაწილში დაუსაბუთებელია.
26. საკასაციო სასამართლო ეთანხმება გასაჩივრებული გადაწყვეტილების მსჯელობასა და დასკვნებს და აღნიშნავს, რომ დამსაქმებლის მიერ გამოყენებული ღონისძიება - შრომითი ურთიერთობის შეწყვეტა უკანონო იყო. შესაბამისად, კომპენსაციის ანაზღაურების თაობაზე სასარჩელო მოთხოვნა საფუძვლიანია და მართებულად დაკმაყოფილდა.
27. საკასაციო სასამართლო, დამსაქმებლის საკასაციო პრეტენზიებზე გაამახვილებს ყურადღებას და დამატებით განმარტავს, რომ პრეტენზიების ძირითადი ნაწილი ბრძანების საფუძვლების მართლზომიერებასა და დასაქმებულის მიერ შრომითსამართლებრივი ურთიერთობის ფარგლებში ვალდებულებათა არაჯეროვან შესრულებასა და უხეშ დარღვევას ეხებოდა, რაც მოცემულ შემთხვევაში საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანი არ არის, ვინაიდან, სადავო ბრძანების საფუძვლად მითითებულია არაერთგზის სამსახურში დაგვიანება და არა დასაქმებულის არაკვალიფიციურობა.
28. საკასაციო სასამართლო დასაქმებულის სასარჩელო მოთხოვნის პასუხად, რომლითაც შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის გამო მატერიალური და მორალური ზიანის 3 702.69 ლარის ანაზღაურებას ითხოვდა, განმარტავს, რომ სახელშეკრულებო ვალდებულების დარღვევით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების წინაპირობებია: მხარეთა შორის ნამდვილი ხელშეკრულების არსებობა, ვალდებულების ბრალეული დარღვევა, ზიანი, მიზეზობრივი კავშირი ვალდებულების დარღვევასა და ზიანს შორის. დასახელებული შემადგენლობიდან რომელიმე ელემენტის არარსებობა გამორიცხავს იმ სამართლებრივ შედეგს, რომლის მიღწევაც მოსარჩელეს სურს.
29. საკასაციო პალატა, მყარად დადგენილ პრაქტიკაზე მიუთითებს მსგავს დავებში, მტკიცების ტვირთის განაწილებასთან დაკავშირებით და განმარტავს, რომ როგორც ზიანის მიყენების ფაქტი, განცდილი ზიანის ოდენობის დამტკიცების ტვირთი აწევს დაზარალებულ მხარეს, ანუ კრედიტორს, რომელიც სასამართლო პროცესში წარმოადგენს მოსარჩელეს. ზიანის ანაზღაურების ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს რეალურად განცდილი დანაკარგების ჯამს. ზიანის ანაზღაურების ოდენობა ისე უნდა განისაზღვროს, რომ ამას არ მოჰყვეს რომელიმე მხრის უსაფუძვლო გამდიდრება. ზიანის ანაზღაურების უმნიშვნელოვანეს დათქმას უსაფუძვლო გამდიდრების აკრძალვა წარმოადგენს. ამ პრინციპის მიხედვით, მოვალემ უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელშიც კრედიტორი იქნებოდა, ვალდებულება რომ ჯეროვნად შესრულებულიყო. მოვალე არ არის ვალდებული, კრედიტორი იმაზე უკეთეს მდგომარეობაში ჩააყენოს, ვიდრე იგი ზიანის არარსებობის შემთხვევაში იქნებოდა.
30. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მოცემულ შემთხვევაში, გასაჩივრებული გადაწყვეტილებითა და საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით მხარეს დაკისრებული აქვს იძულებითი განაცდურისა და კომპენსაციის გადახდის ვალდებულება დასაქმებულისთვის, რაც ვალდებულების დარღვევით გამოწვეული ზიანის ანაზღაურებას წარმოადგენს, კერძოდ იმ ზიანის რაც მოსარჩელემ განიცადა სამსახურიდან უკანონო გათავისუფლებით, ხოლო, წარმოდგენილი მტკიცებულებებით მოპასუხე კომპანიისთვის დამატებითი მატერიალური ზიანის ანაზღაურების ვალდებულების დაკისრება არ იკვეთება. მოსარჩელის არგუმენტი, რომ ბანკში არსებულ ფინანსურ ვალდებულებას ვერ ასრულებს არაა დასაბუთებული და აღნიშნული ფინანსური ვალდებულება თავის მხრივ არ გამომდინარეობს უშუალოდ მოპასუხე კომპანიის ქმედებიდან.
31. მოსარჩელე, მორალურ ზიანზე მიუთითებს, რომელსაც, იმავე საბანკო ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ფინანსური ვალდებულების დარღვევის შედეგად, საცხოვრებელი სახლის შესაძლო დაკარგვით იყო გამოწვეული. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მორალური ზიანის არსებობისას, სასამართლომ უნდა დაადგინოს, პირის ინდივიდუალურ თავისებურებებთან დაკავშირებული ფიზიკური და სულიერი ტკივილის ხარისხი, ზიანის მიმყენებლის ბრალი (იმ შემთხვევებში, როცა ეს პასუხისმგებლობის აუცილებელი პირობაა) და სხვა გარემოებები. თავისი არსით არაქონებრივი, ანუ მორალური ზიანი არის ფიზიკური და ფსიქოლოგიური ტანჯვა, რომელსაც პირი განიცდის ამა თუ იმ სიკეთის, უმეტესწილად კი არამატერიალურ ფასეულობათა ხელყოფის გამო. სამოქალაქო კოდექსი განსაზღვრავს მორალური ზიანის ანაზღაურების ნორმატიულ საფუძვლებს, რომლის გათვალისწინებითაც მოსარჩელის მოთხოვნა ამ ნაწილში დაუსაბუთებელია და არაა გამყარებული რელევანტური მტკიცებულებებითა თუ არგუმენტებით.
32. საკასაციო საჩივრის ფარგლებში სადავოდ არის ქცეული დაუკმაყოფილებელი სასარჩელო მოთხოვნა გამოუყენებელი შვებულების დაკისრების ნაწილშიც, რასთან დაკავშირებითაც, საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ საქალაქო სასამართლო გადაწყვეტილებით, მოპასუხეს დაეკისრა მოსარჩელისთვის იძულებითი განაცდურის გადახდა, გადაწყვეტილების აღსრულებამდე, მაგრამ არაუმეტეს ხელშეკრულების ვადით, აღსანიშნავია, რომ ამ ნაწილში, კასატორი ეთანხმება პირველი ინსტანციის გადაწყვეტილებას, მათ შორის საკასაციო ინსტანციაში დამატებით წარმოდგენილი განცხადებითაც, ამდენად, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მოსარჩელეს მიეცემა იძულებითი განაცდურის სახით სრულად ის თანხა, რომელიც ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში მისთვის გასაცემ სრულ ანაზღაურებას მოიცავს, რაც გამორიცხავს დამატებით საშვებულებო ანაზღაურების დაკისრების ვალდებულებას მოპასუხე კომპანიაზე.
33. კასატორის პრეტენზია, ზეგანაკვეთურად მუშაობის გამო, მოპასუხე კომპანიისთვის 26 991.69 ლარის დაკისრების ნაწილში ასევე უსაფუძვლოა. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ზეგანაკვეთურ სამუშაოდ არ მიიჩნევა დასაქმებულის სამსახურში ყოფნა არასამუშაო დროს. მოცემულ შემთხვევაში არც ერთ მხარეს წარუდგენია ისეთი მტკიცებულება, რომელიც მოსარჩელის მიერ ზეგანაკვეთურად მუშაობის ფაქტის დადგენის შესაძლებლობას მისცემდა სასამართლოს. მოსარჩელის მტკიცება ღამის საათებში ზეგანაკვეთურად მუშაობის შესახებ, მისივე განმარტებით დაკომპენსირდა სამუშაო პერიოდში, დილის საათებში დაგვიანებით.
34. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, # 7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
35. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
36. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტების ფარგლებში, რაც სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის (სსსკ-ის 407-ე მუხლი), კასატორებმა ვერ შეძლეს დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიის წარმოდგენა, რითაც ვერ დაძლიეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების ფაქტობრივსამართლებრივი დასაბუთება და ვერ შეძლეს მისი გაბათილება სარწმუნო მტკიცებულებებით, რაც მხარეთა საკასაციო საჩივრების დაუშვებლად ცნობის საფუძველია.
37. საკასაციო სასამართლო, დასაქმებულის საკასაციო მოთხოვნის თაობაზე, მოწინააღმდეგე მხარისათვის, გაწეული იურიდიული მომსახურების ხარჯების, ჯამში - 9 500 ლარის ანაზღაურების შესახებ განმარტავს, რომ სსსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის ბოლო წინადადება (იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა) იმგვარად არის ფორმულირებული, რომ არ ადგენს გაწეული ხარჯის სანაცვლო ანაზღაურების ერთმნიშვნელოვან ოდენობას, არამედ ამ ოდენობის გონივრულად განსაზღვრის უფლებას უტოვებს სასამართლოებს. ნორმის ამგვარი შინაარსის მიზანია პროცესის მონაწილე მეორე მხარის უფლებების დაუსაბუთებელი შეზღუდვის თავიდან აცილება. დავის საგნის ღირებულების 4% წარმოადგენს ზედა ზღვარს (კანონით დადგენილ მაქსიმალურ ოდენობას), რომლის ფარგლებშიც ხდება ხარჯების ოდენობის სასამართლოსმიერი განსაზღვრა და ამ თვალსაზრისით, მხედველობაში მიიღება კონკრეტულად რა იურიდიული მნიშვნელობის მქონე ქმედებები განახორციელა ადვოკატმა, რა სახის ადამიანური რესურსი დაიხარჯა, საქმის წარმოების რომელ ეტაპზე პროცესის მონაწილე რომელმა მხარემ გასწია იგი და სხვა (იხ.: სუსგ №ას-1054-2019, 30.09.2019წ.; №ას-316-316-2018, 7.05.2018წ.; №ას-160-2021, 21.07.2022წ.). მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლოში დავის საგნის ღირებულებისა და იმის გათვალისწინებით, რომ დამსაქმებლის (მოპასუხის) სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა (შემცირდა მოსარჩელის სასარგებლოდ დასაკისრებელი თანხა) საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად შეამცირა წარმომადგენლის დახმარებისთვის გაწეული ხარჯი, კანონით განსაზღვრული ფარგლების გათვალისწინებით, გონივრულ ოდენობამდე, ხოლო, საკასაციო სასამართლოში, დამსაქმებლისთვის, მოსარჩელის მიერ გაწეული იურიდიული მომსახურების გაზრდილი ხარჯების დაკისრების საფუძველი სახეზე არ არის.
38. სსსკ-ის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შპს „ფ.ს–ის“ საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი დარჩეს განუხილველი;
2. დ.მ–ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი დარჩეს განუხილველი;
3. შპს „ფ.ს–ს“ (......) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი (საგადახდო დავალება №1699379926, გადახდის თარიღი 07/11/2023 და საგადახდო დავალება 1701172161, გადახდის თარითი 28/11/2023) 3 800 ლარის 70% - 2 660 ლარი;
4. პირველი და მეორე კასატორების მოთხოვნები, მათ მიერ ადვოკატის მომსახურებისთვის გაწეული ხარჯების მოწინააღმდეგე მხარისათვის დაკისრების თაობაზე არ დაკმაყოფილდეს;
5. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე თეა ძიმისტარაშვილი
მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი
ამირან ძაბუნიძე