Facebook Twitter

საქმე №ას-1301-2023

5 აპრილი 2024 წელი ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატის

შემადგენლობა:

თეა ძიმისტარაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი

ამირან ძაბუნიძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი - სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე - მ.ი–ი (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 10 ივლისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი - შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, ტოლფას სამუშაო ადგილზე აღდგენა, იძულებითი განაცდურის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. სასარჩელო მოთხოვნა

1.1. მ.ი–მა (შემდეგში: მოსარჩელე, პირველი აპელანტი, დასაქმებული) სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს მოპასუხე სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს (შემდეგში: მოპასუხე, სააგენტო, მეორე აპელანტი, დამსაქმებელი ან კასატორი) წინააღმდეგ, მოითხოვა

1.1.1. სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ სააგენტოს 2020 წლის 7 სექტემბრის №კ/1-1123 ბრძანების ბათილად ცნობა, სააგენტოს სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის ტექნოლოგიური განვითარების სამსახურის უფროსის ან მომსახურების ხარისხის განვითარების სამსახურის უფროსის ან მსგავსი ტიპის პოზიციაზე აღდგენა და შრომის ანაზღაურება 2 800 ლარის ოდენობით;

1.1.2. მოპასუხისთვის იძულებითი განაცდურის სახით ყოველთვიურად 2 800 ლარის გადახდის დაკისრება, 2020 წლის 7 სექტემბრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე.

2. მოპასუხის შესაგებელი

2.1. მოპასუხემ წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება

3.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 20 იანვრის გადაწყვეტილებით დასაქმებულის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ბათილად იქნა ცნობილი სადავო გადაწყვეტილება შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ; სააგენტოს დასაქმებულის სასარგებლოდ კომპენსაციის სახით დაეკისრა 40 000 ლარის (დარიცხული) გადახდა; სასარჩელო მოთხოვნები ტოლფას სამუშაო ადგილზე აღდგენისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების შესახებ არ დაკმაყოფილდა.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს განჩინება და დასკვნები

4.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 10 ივლისის განჩინებით მხარეთა სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა.

4.2. სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებებზე:

4.2.1. სააგენტოს 2015 წლის 1 მაისის Nკ/1-465 ბრძანებით, მოსარჩელე დაინიშნა სააგენტოს სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის სერვისებისა და პროცედურების განვითარების სამსახურის უფროსის თანამდებობაზე. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2020 წლის 28 იანვრის Nკ/1-116 ბრძანებით, აღნიშნულ პოზიციაზე მოსარჩელის შრომის ყოველთვიური ანაზღაურება განისაზღვრა 2 800 ლარით (დარიცხული).

4.2.2. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის შესახებ 2020 წლის 29 მაისის საქართველოს კანონით, განხორციელდა სსიპ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოსთან შერწყმა მასთან მიერთებით.

4.2.3. სააგენტოს 2020 წლის 12 ივნისის Nკ/1-520 ბრძანებით განისაზღვრა, რომ „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ 2020 წლის 29 მაისის N5989-IIს საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სააგენტოში რეორგანიზაცია უნდა განხორციელებულიყო 2020 წლის 9 სექტემბრამდე.

4.2.4. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2020 წლის 11 აგვისტოს Nკ/1-886 ბრძანებით რეორგანიზაციის პროცესში შეიქმნა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სარეკომენდაციო კომისია შემდეგი შემადგენლობით: ა) სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე, მოადგილეები; ბ) სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს რესურსების მართვის სამსახურის წარმომადგენელი; გ)ფსიქოლოგი; დ)შესაბამისი დარგის/სფეროს/ მიმართულების სპეციალისტი (სპეციალისტები/ ექსპერტები). ამავე ბრძანების მე-2 პუნქტის თანახმად, კომისია რეკომენდაციას იძლევა თანამშრომელთა კომპეტენციებისა და უნარების შესახებ; მე-5 პუნქტის თანახმად, თანამშრომლის სარეიტინგო ქულა გამოითვლება საშუალო არითმეტიკულით. მე-6 პუნქტის თანახმად, კომისია უფლებამოსილია გადაწყვეტილების მიღებისას გამოიყენოს თანამშრომლის მიერ წარდგენილი ანგარიში ან/და ზეპირი/წერითი დავალების მეთოდი და გასაუბრების შედეგები; მე-7 პუნქტის თანახმად, თითოეული სხდომის შემდეგ ფორმდება ოქმი, რომელსაც ხელს აწერენ კომისიის დამსწრე წევრები. ოქმში სავალდებულოა ჩაიწეროს: ა) კომისიის მიერ გამოყენებული გადაწყვეტილების მიღების მეთოდი; ბ) კომისიის წინაშე წარდგენილი თანამშრომელთა ჩამონათვალი; გ) თითოეული თანამშრომლის სარეიტინგო ქულა.

4.2.5. დასაქმებულმა 2020 წლის 18 აგვისტოს სარეკომენდაციო კომისიის წინაშე გასაუბრება გაიარა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის ტექნოლოგიური განვითარების სამსახურის უფროსის პოზიციის დასაკავებლად. კომისიის წევრების მიერ გაკეთებული შეფასებების შედეგად, დასაქმებულის მიერ მიღებულმა ჯამურმა სარეიტინგო ქულამ შეადგინა - 35,25, ხოლო ამავე პოზიციაზე მისი კონკურენტის მიერ მიღებულმა სარეიტინგო ქულამ კი შეადგინა - 45,75. იმავე დღეს მოსარჩელემ სარეკომენდაციო კომისიის წინაშე გასაუბრება გაიარა სააგენტოს სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის მომსახურების ხარისხის მართვის სამსახურის უფროსის პოზიციის დასაკავებლად. გასაუბრების შედეგად, მიღებულმა ჯამურმა სარეიტინგო ქულამ შეადგინა - 38,25, ხოლო ამავე პოზიციაზე მისი ერთ-ერთი კონკურენტის მიერ მიღებულმა სარეიტინგო ქულამ შეადგინა - 41,25, ხოლო მეორე კონკურენტის მიერ მიღებულმა სარეიტინგო ქულამ კი - 35,5. ორივე შემთხვევაში, სარეკომენდაციო კომისიის სხდომას ესწრებოდნენ: სააგენტოს თავმჯდომარის მრჩეველი, სააგენტოს ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის უფროსი, მოწვეული სპეციალისტი და ფსიქოლოგი.

4.2.6. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2020 წლის 2 სექტემბრის #18/48303 წერილით, დასაქმებულს ეცნობა, რომ მიღებული იყო გადაწყვეტილება 2020 წლის 8 სექტემბრიდან მისი გათავისუფლების თაობაზე და საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის და 38-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, მიეცემოდა კომპენსაცია ორი თვის შრომის ანაზღაურების ოდენობით.

4.2.7. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2020 წლის 7 სექტემბრის Nკ/1-1123 ბრძანებით, დასაქმებული, 2020 წლის 8 სექტემბრიდან, გათავისუფლდა სააგენტოს სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის სერვისებისა და პროცედურების განვითარების სამსახურის უფროსის თანამდებობიდან.

4.3. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, მოცემულ შემთხვევაში სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის 2020 წლის 12 ივნისის Nკ/1-520 ბრძანების საფუძველზე განისაზღვრა, „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის შესახებ 2020 წლის 29 მაისის N5989-II ს საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოში რეორგანიზაციის განხორცილების აუცილებლობა 2020 წლის 9 სექტემბრამდე. საქმეში წარდგენილი სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 17 სექტემბრის №391 დადგენილების (12.02.2019-07.08.2020.წ) თანახმად (ტ.1, ს.ფ. 287-299), სააგენტო თავის უფლებამოსილებებს ახორციელებდა სტრუქტურული ქვედანაყოფისა და სტრუქტურული ერთეულების მეშვეობით.

4.4. სააგენტოს სტრუქტურულ ქვედანაყოფს წარმოადგენდა: ა) სახელმწიფო ქონების პრივატიზების დეპარტამენტი; ბ) სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და მონიტორინგის დეპარტამენტი; გ) იურიდიული დეპარტამენტი; დ) სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტი; ე) ანალიტიკური დეპარტამენტი; ვ) რთული შემთხვევების მართვის დეპარტამენტი; ზ) მომსახურების მხარდაჭერის დეპარტამენტი. სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტი შედგებოდა შემდეგი სტრუქტურული ერთეულებისაგან: ა) დაგეგმვისა და კონტროლის სამსახური; ბ) სერვისებისა და პროცედურების განვითარების სამსახური; გ) მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური; დ) საინფორმაციო და დისტანციური მომსახურების სამსახური. სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 17 სექტემბრის N391 დადგენილების (რეორგანიზაციის შემდეგ მოქმედი რედაქცია, ტომი 1, ს.ფ. 300-318) თანახმად, სააგენტო თავის უფლებამოსილებებს ახორციელებს სტრუქტურული ქვედანაყოფების მეშვეობით, მათ შორისაა: სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტი. რეორგანიზაციის შემდგომ სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტში გაუქმდა სერვისებისა და პროცედურების განვითარების სამსახური და მისი ფუნქციები გადანაწილდა ამავე დეპარტამენტის ტექნოლოგიური განვითარების სამსახურსა და მომსახურების ხარისხის მართვის სამსახურზე.

4.5. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლომ განამრტა, რომ მოპასუხე სააგენტოში განხორციელდა რეორგანიზაცია, რასაც მოჰყვა როგორც ახალი სტრუქტურული ქვედანაყოფების შექმნა, ასევე სტრუქტურული ქვედანაყოფების სტრუქტურული ერთეულების - მათ შორის სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის დაგეგმვისა და კონტროლის სამსახურის გაუქმება. აღნიშნულმა ცვლილებებმა გამოიწვია მთელი რიგი საშტატო ერთეულების გაუქმება და ფუნქცია-მოვალეობების სხვადასხვა პოზიციაზე გადანაწილება. უდავოა, რომ მოსარჩელეს რეორგანიზაციამდე დაკავებული ჰქონდა სააგენტოს სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის სერვისებისა და პროცედურების განვითარების სამსახურის უფროსის თანამდებობა, რომელიც ასევე გაუქმდა რეორგანიზაციის შემდგომ, რასაც მოჰყვა დამსაქმებლის მიერ მასთან დადებული შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტა.

4.6. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, მიუხედავად სააგენტოში ჩატარებული რეორგანიზაციული ცვლილებებისა, მოპასუხეს უნდა დაედასტურებინა, კონკრეტულად მოსარჩელის გათავისუფლების საფუძვლის მართლზომიერება. ამ მიზნით, სააგენტოს უნდა დაესაბუთებინა და დაედასტურებინა რა ღონისძიებები გაატარა დასაქმებულთან შრომითი ურთიერთობის შენარჩუნების მიზნით, როგორ შეარჩია კადრები, რა კრიტერიუმებით იხელმძღვანელა და კონკრეტულად რა კრიტერიუმები ვერ დააკმაყოფილა მოსარჩელემ, ამასთან, რა გარემოებების გამო მიენიჭა უპირატესობა სხვა თანამშრომელს.

4.7. სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობა, რომ არ ყოფილა დადგენილი და კომისიას არ შეუფასებია კანდიდატების პასუხები კონკრეტული კრიტერიუმების გათვალისწინებით. წარმოდგენილი გასაუბრების ოქმები არ შეიცავს იმგვარ მონაცემებს, რომელთა დაყრდნობითაც შესაძლოა გამართლებულად მიჩნეულიყო დასაქმებულის სამსახურიდან გათავისუფლება. წარმოდგენილი ოქმების შინაარსის საფუძველზე ბუნდოვანია, თუ რა კრიტერიუმები ვერ დააკმაყოფილა მოსარჩელე მხარემ. კომისიის მიერ დასმული ზოგადი ხასიათის შეკითხვებით, რთულია განისაზღვროს კანდიდატის ვაკანტურ თანამდებობასთან შესაბამისობა, მითუმეტეს, რომ წარმოდგენილი ოქმები, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის 2020 წლის 11 აგვისტოს №კ/1-886 ბრძანების მოთხოვნის შესაბამისად, არ შეიცავს მითითებას - კომისიის მიერ გამოყენებული გადაწყვეტილების მიღების მეთოდთან დაკავშირებით და მასში ასახულია მხოლოდ კანდიდატის სარეიტინგო ქულა. მოპასუხე მხარემ ვერ წარადგინა დამაჯერებელი განმარტება იმასთან დაკავშირებით, თუ რა ობიექტური მეთოდით იხელმძღვანელეს კომისიის წევრებმა წინასწარ განსაზღვრული კრიტერიუმების მიხედვით კანდიდატების შეფასებისას. ამდენად, მართალია, ზემოთ მითითებული ბრძანებით განისაზღვრა ვაკანტურ პოზიციაზე დასანიშნი პირის შერჩევის კრიტერიუმები, თუმცა ბუნდოვანი რჩება ის მეთოდები, თუ ინსტრუმენტები, რომლებიც კომისიის წევრებმა ცალკეული კანდიდატისთვის კონკრეტული ქულის მინიჭებისას გამოიყენეს. ამ პირობებში კი, შეუძლებელია დასკვნის გაკეთება იმასთან დაკავშირებით, რომ მთლიანობაში შერჩევის პროცესი ობიექტურად და სამართლიანად განხორციელდა.

4.8. სააპელაციო სასამართლომ პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნაზე მიუთითა, კერძოდ გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილი იყო, მოსარჩელის აღდგენა პირვანდელ სამუშაო ადგილზე შეუძლებელი იყო, რასაც არ იზიარებდა დასაქმებული. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, ტოლფასი თანამდებობის არსებობის მტკიცების ტვირთი მოსარჩელის მხარეზე იყო. მას უნდა წარედგინა შესაბამისი მტკიცებულებები, რაც სამსახურში აღდგენის შესაძლებლობას დაადასტურებდა.

4.9. სააპელაციო სასამართლომ პირველი აპელანტის საპასუხოდ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობა და დასკვნები დასაქმებულის პირვანდელ ან ტოლფას სამუშაო ადგილზე აღდგენის შეუძლებლობის შესახებ და მოსარჩელეს დასაქმებულის სასარგებლოდ კომპენსაციის სახით 40 000 ლარის გადახდა დაავალა.

4.10. სააპელაციო სასამართლომ დამატებით განმარტა, რომ კომპენსაციასთან ერთად, იძულებითი განაცდურის ანაზღაურება შეუძლებელი იყო, ვინაიდან, მხარეთა შორის შრომითსამართლებრივი ურთიერთობა შეწყდა შრომის კოდექსის ახალი რედაქციის ამოქმედებამდე, რაც გამორიცხავდა მანამდე შეწყვეტილი ურთიერთობის ფარგლებში ახალი კოდექსით გათვალისწინებული წესით უფლებრივი რესტიტუციის საკითხის განხილვასა და გადაწყვეტას.

5. სააგენტოს საკასაციო საჩივარი

5.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 10 ივლისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სააგენტომ, გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

6. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი

6.1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 20 ოქტომბრის განჩინებით წარმოებაშია მიღებული საკასაციო საჩივარი, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის თანახმად, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, მტკიცებულებათა გაანალიზების, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ დამსაქმებლის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც დაუშვებელია, შემდეგი არგუმენტაციით:

7. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

8. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოხსენებული საფუძვლით.

9. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივარი დასაშვებიც რომ ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა შემდეგ გარემოებათა გამო:

ა) განსახილველ შემთხვევაში, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით დადგენილი საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობაც, რომლის მიხედვითაც, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

ბ) სსსკ-ის 407.2-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილად ცნობილ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით კასატორს ასეთი დასაბუთებული პრეტენზია არ წარმოუდგენია.

10. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს საქმის გადასაწყვეტად სამართლებრივად მნიშვნელოვანი ყველა გარემოება აქვს გამოკვლეული.

11. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი შედეგის - შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ დამსაქმებლის 2020 წლის 7 სექტემბრის ბრძანების ბათილად ცნობა, სამუშაოზე აღდგენა (უფლებრივი რესტიტუცია) და იძულებითი განაცდურის ანაზღაურება - სამართლებრივი საფუძველია სშკ-ის 38.8 (იხ. შრომის კოდექსის მოქმედი რედაქციის 48.8 მუხლი) „სასამართლოს მიერ დასაქმებულთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ დამსაქმებლის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შემთხვევაში, სასამართლოს გადაწყვეტილებით, დამსაქმებელი ვალდებულია, პირვანდელ სამუშაო ადგილზე აღადგინოს პირი, რომელსაც შეუწყდა შრომითი ხელშეკრულება“ (დამატ. იხ. სშკ-ის 2.1, 2.2 მუხლი), 44-ე (იხ. შრომის კოდექსის მოქმედი რედაქციის 58-ე მუხლი) „შრომითი ურთიერთობისას მხარის მიერ მეორე მხარისათვის მიყენებული ზიანი ანაზღაურდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით“, ასევე, სსკ-ის 394.1 „მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება“, 408.1-ე „იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება“ და 409-ე „თუ ზიანის ანაზღაურება პირვანდელი მდგომარეობის აღდგენით შეუძლებელია ან ამისათვის საჭიროა არათანაზომიერად დიდი დანახარჯები, მაშინ კრედიტორს შეიძლება, მიეცეს ფულადი ანაზღაურება“ მუხლები.

12. სამუშაოდან გათავისუფლების თაობაზე შრომითი დავის განხილვისას, სასამართლო პირველ რიგში ამოწმებს, რამდენად მართლზომიერად მოქმედებდა დამსაქმებელი დასაქმებულის სამუშაოდან გათავისუფლებისას. აღნიშნული საკითხის გამორკვევა კი, შესაძლებელია მხოლოდ შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე მიღებულ გადაწყვეტილებაში მითითებული გათავისუფლების საფუძვლის კვლევის შედეგად (შდრ. სუსგ №ას-151-147-2016, 19.04.2016წ.; Nას-1001-2018, 05.03.2021წ.; Nას-861-861-2018, 25.09.2018წ.; Nას-45-2019, 05.04.2019წ.; Nას-640-2019, 05.07.2019წ. №ას-151-147-2016, 19.04.2016). სასამართლო ზედამხედველობის ფარგლებში ყოველთვის უნდა შეფასდეს ის სუბიექტური და ობიექტური ფაქტორები, რომლებზე დაყრდნობითაც განისაზღვრება დამსაქმებლის მიერ ხელშეკრულების მოშლის შესახებ გამოვლენილი ცალმხრივი ნების კანონიერების, თანაზომიერების საკითხი (სუსგ №ას-887-854-2016, 08.02.2019წ.). განსახილველ შემთხვევაში მხარეთა შორის შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის საფუძველია სშკ-ის 37-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი „ეკონომიკური გარემოებები, ტექნოლოგიური ან ორგანიზაციული ცვლილებები, რომლებიც აუცილებელს ხდის სამუშაო ძალების შემცირებას“.

13. საქართველოში შრომითი ურთიერთობების შეწყვეტა მოწესრიგებულია საქართველოს სშკ-ის 37-ე და 38-ე მუხლებით (შენიშვნა: იხ. მოქმედი რედაქციის 47-ე-48-ე მუხლები). რომელთაგან, პირველი მოიცავს შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლებს, ხოლო მეორე არეგულირებს შეწყვეტის პროცესუალურ მხარეს. აღნიშნული მუხლების კუმულაციური საფუძვლით შეგვიძლია ვთქვათ, რომ შრომითი ურთიერთობის შეწყვეტისას დამსაქმებლის პოზიტიური ვალდებულებაა დაასრულოს დასაქმებულთან შრომითი ურთიერთობა მხოლოდ ლეგიტიმური გზებით, ხოლო ნეგატიური ვალდებულება წარმოადგენს იმას, რომ დამსაქმებელს არ უნდა შეეძლოს დასაქმებულის სამსახურიდან გაშვება შესაბამისი და გამართლებული საფუძვლის გარეშე, ამიტომ შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის იმ რეგულაციებს, რომლებიც სშკ-ის 37-ე და 38-ე მუხლებშია მოცემული, აქვთ ერთგვარი ,,შემაკავებელი ეფექტი“, რომლის საფუძველიც არის წინაპირობა შრომის ურთიერთობათა მხარეების თვითნებური, გაუმართლებელი გადაწყვეტილებების აღკვეთისთვის. სამოქალაქო კოდექსის 115-ე მუხლი წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენების აღკვეთის საკანონმდებლო იმპერატივს, რომლის მიხედვითაც, აკრძალულია უფლების ბოროტად გამოყენება მარტოოდენ იმ მიზნით, რომ ზიანი მიადგეს სხვას. აღნიშნული ნორმაცია სშკ-ის შესაბამის ნორმებთან ერთად ქმნის საკანონმდებლო რეგულირების იმ ბადეს, რომელიც ერთის მხრივ იცავს დასაქმებულს - გაუმართლებლად არ მოხდეს მისი გათავისუფლება და მეორე მხრივ - დამსაქმებელს - შრომითი ურთიერთობის დარღვევისათვის დაითხოვოს თანამშრომელი. ასე, რომ აღნიშნული ნორმები ქმნიან მოქმედების იმ ჩარჩოს, რომლის ფარგლებშიც შესაძლებელია გამართლებული იყოს როგორც პირის სამსახურიდან დათხოვნა, ისე სამსახურში აღდგენა, თუმცა აღნიშნული შედეგების რეალიზებისთვის აუცილებელია ყურადღება გამახვილდეს მტკიცების ტვირთზე, რადგან სამოქალაქო სამართლებრივი მტკიცების კლასიკური ტვირთი შრომის დავებში სპეციფიკურადაა წარმოჩენილი და ხშირ შემთხვევაში მიმართულია ერთგვარად ,,სუსტი მხარის“ ანუ დასაქმებულის პროცესუალური თანადგომისაკენ, თუმცა, ეს არ უნდა მივიჩნიოთ შეჯიბრებითობისა და პროცესუალური თანასწორობის კონსტიტუციური უფლების დარღვევად, რადგან ასეთი ტიპის დავებში სწორედ რომ უთანასწორო დამოკიდებულებაში მყოფი სუბიექტების ერთგვარი პროცესუალური გათანაბრება ხდება მის ოპონენტთან. აქედან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის ფარგლებში, სშკ-ის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის ფაქტობრივი გარემოების არსებობის მტკიცების ტვირთი გადადის არა დასაქმებულზე არამედ დამსაქმებელზე, რომელმაც უნდა შეძლოს რეორგანიზაციაში არსებული ცვლილებებისა და მოსარჩელის სამსახურიდან გაშვებას შორის არსებული მიზეზობრივი კავშირის დადგენა და საკუთარი გადაწყვეტილების (ხელშეკრულების შეწყვეტის) ლეგიტიმურობის დასაბუთება (შეადრ: სუსგ 2015 წლის 29 ივნისი, საქმე Nას-414-391-2014, რომლის მიხედვით, იმისათვის, რომ დასაქმებულის გათავისუფლება ლეგიტიმურად ჩაითვალოს, სშკ-ის 37(1) ,,ა“ ქვეპუნქტის შემთხვევის დასადგომად, დამსაქმებელმა აუცილებლად უნდა დაიცვას კუმულაციურად ორი მოთხოვნა მაინც: 1) უნდა არსებობდეს ეკონომიკური გარემოებები, ტექნოლოგიური ან ორგანიზაციული ცვლილებები და 2) აღნიშნულის შედეგად აუცილებელი უნდა იყოს სამუშაო ძალის შემცირება. ამასთან, პირველი ელემენტი შესაძლოა დამოუკიდებლად არსებობდეს, თუმცა იმისთვის, რომ შრომის ხელშეკრულების შეწყვეტა მოხდეს, აუცილებელია მეორე ელემენტის არსებობა) (იხ. სუსგ: №ას-1513-2019, 16.12.2019).

14. საკასაციო სასამართლოს არაერთ განჩინებასა თუ გადაწყვეტილებაში აქვს განმარტებული, რომ რეორგანიზაცია შრომის ხელშეკრულების შეწყვეტის ფორმალურსამართლებრივი საფუძველი ვერ გახდება, „ვინაიდან რეორგანიზაცია მუშაკთან ხელშეკრულების შეწყვეტის ფორმალური საფუძველი არ არის და ორგანიზაციაში მიმდინარე სტრუქტურული, ორგანიზაციული ცვლილებები არ უნდა იქცეს უმართებულო გადაწყვეტილების, რაც პირდაპირ ეწინააღმდეგება დასაქმებულთა უფლებებს, მიღების კანონისმიერ საფუძვლად. დასაქმებულის სამუშაო ადგილიდან დათხოვნისას, სშკ-ის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული წინაპირობების განხორციელების შემთხვევაშიც, უნდა არსებობდეს გათავისუფლების გონივრული საფუძველი. საკასაციო სასამართლომ არაერთ საქმეში განმარტა, რომ დასაქმებულთა სამუშაოდან გათავისუფლების საფუძველი შეიძლება გახდეს საწარმოში განხორციელებული არა ყოველგვარი, არამედ ისეთი რეორგანიზაცია, რომელსაც თან სდევს შტატების შემცირება ან ახალი საშტატო ნუსხით გათვალისწინებული თანამდებობებისათვის დაწესებული ისეთი ფუნქციები, რომლებიც არსებითად განსხვავდება რეორგანიზაციამდე არსებული შესაბამისი თანამდებობებისათვის დაწესებული ფუნქციებისგან“ (იხ. სუსგ. №ას-665-636-2016, 9.12.2016)“.

15. საკასაციო სასამართლომ არაერთ საქმეზე განმარტა: „საქართველოში განხორციელებული შრომის კანონმდებლობის რეფორმის ერთ-ერთი მიზანი სწორედ დასაქმებულის უფლებების დაცვა იყო, ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ შრომის სამართალი დაკავშირებულია ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებასთან და თითოეული დასაქმებულის საქმის ინდივიდუალური შეფასებისას გამოყენებული უნდა იქნეს ე.წ. „favor prestatoris“ პრინციპი, რაც დასაქმებულთათვის სასარგებლო წესთა უპირატესობას ნიშნავს. სწორედ აღნიშნული პრინციპის გამოყენებისას, საჭიროა დამსაქმებლისა და დასაქმებულის მოთხოვნებისა და ინტერესების წონასწორობის დაცვა სამართლიანობის, კანონიერებისა და თითოეული მათგანის ქმედების კეთილსინდისიერების კონტექსტში“ (იხ. სუსგ # ას-941-891-2015, 29.01.2016წ.).

16. განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, მოსარჩელე მუშაობდა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სტრატეგიული განვითარების სამსახურის უფროსის თანამდებობაზე. განხორციელებული ცვლილებების მიხედვით, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიუერთდა სსიპ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო. ამავე ცვლილებების გათვალისწინებით, სააგენტოს ბრძანებით განისაზღვრა რეორგანიზაციის ჩატარების საფუძვლები და მიზნები, რომელიც 2020 წლის 9 სექტემბრამდე უნდა განხორციელებულიყო. რეორგანიზაციის განხორციელების მიზნით შეიქმნა სარეკომენდაციო კომისია, რომლის წინაშეც 2020 წლის 18 აგვისტოს გაიარა გასაუბრება მოსარჩელემ - სააგენტოს სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის ტექნოლოგიური განვითარების სამსახურის უფროსის პოზიციაზე დასაკავებლად. კომისიის წევრების მიერ გაკეთებული შეფასებების შედეგად, მ.ი–ის მიერ მიღებულმა ჯამურმა სარეიტინგო ქულამ შეადგინა - 35,25, ხოლო ამავე პოზიციაზე მისი კონკურენტის მიერ მიღებულმა სარეიტინგო ქულამ კი შეადგინა - 45,75. იმავე დღეს მ.ი–მა სარეკომენდაციო კომისიის წინაშე გასაუბრება გაიარა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის მომსახურების ხარისხის მართვის სამსახურის უფროსის პოზიციის დასაკავებლად. გასაუბრების შედეგად, მ.ი–ის მიერ მიღებულმა ჯამურმა სარეიტინგო ქულამ შეადგინა - 38,25, ხოლო ამავე პოზიციაზე მისი ერთ-ერთი კონკურენტის მიერ მიღებულმა სარეიტინგო ქულამ შეადგინა - 41,25, ხოლო მეორე კონკურენტის მიერ მიღებულმა სარეიტინგო ქულამ კი - 35,5. ორივე შემთხვევაში, სარეკომენდაციო კომისიის სხდომას ესწრებოდნენ: სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის მრჩეველი, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის უფროსი, მოწვეული სპეციალისტი და ფსიქოლოგი.

17. საქმის მასალების თანახმად, რეორგანიზაციის პროცესი გამოწვეულ იქნა საკანონმდებლო დანაწესის საფუძველზე. საკასაციო პალატის მოსაზრებით, მართებულია სააპელაციო სასამართლოს დასკვნა, რეორგანიზაციის ჩატარების კანონიერებასთან მიმართებით. კერძოდ, კანონში განხორციელებული ცვლილების საფუძველზე დაადგინდა სააგენტოების შერწყმის ვალდებულება. ამავე საკანონმდებლო რეგულაციით განისაზღვრა რეორგანიზაციის აუცილებლობა. თუმცა, საკასაციო სასამართლოს მყარად დადგენილი პრაქტიკის გათვალისწინებით, დამსაქმებელს უნდა დაედასტურებინა, თუნდაც მართლზომიერად ჩატარებული რეორგანიზაციის ფარგლებში, კონკრეტულად მოსარჩელის ინტერესების საპირისპიროდ მიღებული გადაწყვეტილების მართლზომიერი და დასაბუთებული საფუძვლები.

18. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2021 წლის 22 ოქტომბრის განჩინებაში, (სუსგ N ას-268-2021) საკასაციო პალატამ განმარტა, რომ „გასაუბრების“, რომელმაც უნდა დაადგინოს დასაქმებულთა კვალიფიკაციისა და პროფესიული უნარ-ჩვევების შეუსაბამობა დაკავებულ თანამდებობასთან და რომელსაც შესაძლოა, შრომითი ხელშეკრულების მოშლა მოჰყვეს, ერთ-ერთი მთავარი პრინციპი ობიექტურობაა. პრინციპი, რომლის მიხედვითაც, კონკურსის პროცედურები უნდა იყოს არადისკრიმინაციული და მაქსიმალურად გამორიცხავდეს სუბიექტური გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობას. ცხადია, კომისიამ თანამშრომლებთან „შეფასება/გასაუბრების“ გამართვისას უნდა გამოიყენოს იმგვარი პროცედურები, მეთოდები და შეფასების კრიტერიუმები, რომ ქმნიდეს თითოეული თანამშრომლის კვალიფიკაციისა თუ პროფესიული უნარ-ჩვევების შესახებ რეალურ სურათს.

19. მოცემულ შემთხვევაში საქმის მასალებით, ასევე კანდიდატების გასაუბრების გაანალიზების მიხედვით არ ირკვევა კონკრეტული კრეტერიუმები, რის საფუძველზე შეაფასეს კომისიის წევრებმა მოსარჩელე და სხვა დასაქმებულები. გასაუბრების ოქმები არ შეიცავს იმგვარ მონაცემებს, რომელთა დაყრდნობითაც შესაძლოა გამართლებულად მიჩნეულიყო დასაქმებულის სამსახურიდან გათავისუფლება. ოქმების შინაარსის საფუძველზე ბუნდოვანია, თუ რა კრიტერიუმები ვერ დააკმაყოფილა მოსარჩელე მხარემ. კომისიის მიერ დასმული ზოგადი ხასიათის შეკითხვებით, რთულია განისაზღვროს კანდიდატის ვაკანტურ თანამდებობასთან შესაბამისობა, მითუმეტეს, რომ წარმოდგენილი ოქმები, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის 2020 წლის 11 აგვისტოს №კ/1-886 ბრძანების მოთხოვნის შესაბამისად, არ შეიცავს მითითებას - კომისიის მიერ გამოყენებული გადაწყვეტილების მიღების მეთოდთან დაკავშირებით და მასში ასახულია მხოლოდ კანდიდატის სარეიტინგო ქულა.

20. ამდენად, მოპასუხე სააგენტომ თავი ვერ გაართვა მტკიცების იმ ტვირთს, რომლითაც დაადასტურებდა მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლების მართლზომიერებას, საპირისპიროდ კი მოსარჩელემ დაადასტურა კვალიფიციურობა ხანგრძლივი სამუშაო გამოცდილებით, მათ შორის უშუალოდ სააგენტოში მუშაობით. აღსანიშნავია, რომ მთელი სამუშაო პერიოდის განმავლობაში მის მიერ ნაკისრი ვალდებულებების არაჯეროვანი შესრულების ან მის მიმართ დისციპლინური ღონისძიების გამოყენების ფაქტი არ დადგენილა.

21. საკასაციო სასამართლო, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ დამსაქმებელმა ვერ დაასაბუთა შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ ბრძანების მართლზომიერება, საქართველოს შრომის კოდექსის 38-ე მუხლის მე-8 პუნქტს მოიხმობს (იხ. შრომის კოდექსის მოქმედი რედაქციის 48.8 მუხლი), სასამართლოს მიერ დასაქმებულთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ დამსაქმებლის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შემთხვევაში, სასამართლოს გადაწყვეტილებით, დამსაქმებელი ვალდებულია, პირვანდელ სამუშაო ადგილზე აღადგინოს პირი, რომელსაც შეუწყდა შრომითი ხელშეკრულება ან უზრუნველყოს ის ტოლფასი სამუშაოთი, ან გადაუხადოს მას კომპენსაცია სასამართლოს მიერ განსაზღვრული ოდენობით. მითითებული ნორმის გამოყენების საკითხზე საქართველოს უზენაესმა სასამართლომ სხვა საქმეზე განმარტა შემდეგი: „დასაქმებულის სამუშაოდან გათავისუფლების ბრძანების უკანონოდ (ბათილად) ცნობის შემთხვევაში, დასახელებულ ნორმაში მითითებულია დამსაქმებლის ვალდებულება, რომელიც რამდენიმე შესაძლებლობას მოიცავს, თუმცა კანონმდებლის მიერ დადგენილი წესი არ შეიძლება იმგვარად განიმარტოს, რომ სასამართლოს, დისკრეციული უფლებამოსილებით, შეუძლია მოხმობილი ნორმის დანაწესის საკუთარი შეხედულებისამებრ გამოყენება. სშკ დამსაქმებელს ავალდებულებს „პირვანდელ სამუშაო ადგილზე აღადგინოს პირი, რომელსაც შეუწყდა შრომითი ხელშეკრულება ან უზრუნველყოს ის ტოლფასი სამუშაოთი, ან გადაუხადოს მას კომპენსაცია სასამართლოს მიერ განსაზღვრული ოდენობით“. მითითებული რეგულაციით დამსაქმებლისათვის დადგენილია უკანონოდ გათავისუფლებული დასაქმებულის პირვანდელ სამუშაოზე აღდგენა, ხოლო, თუკი აღნიშნული შეუძლებელია, მაშინ მომდევნო რიგითობით დადგენილი ვალდებულებების შესრულება (შდრ. სუსგ Nას-951-901-2015, 29.01.2016წ.; N ას-931-881-2015., 29.01.2015წ). ამავე ნორმის მიხედვით, სშკ-ის 38-ე მუხლის მე-8 ნაწილის მიზნებისთვის ტოლფასი სამუშაო ნიშნავს, როგორც ფუნქციური დატვირთვით, ისე შრომის ანაზღაურების მხრივ მსგავს თანამდებობას.

22. ამდენად, ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ვინაიდან, განსახილველ შემთხვევაში, გაუქმებულია მოსარჩელის მიერ დაკავებული თანამდებობა, ასევე არ დასტურდება სხვა ტოლფასი თანამდებობის არსებობა, გათავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობის პირობებში, არსებული საკანონმდებლო რეგულაციის გათვალისწინებით, სასამართლოს დასაქმებულისთვის მხოლოდ კომპენსაციის მიცემის საშუალებას უტოვებდა, რაც მართებულად გამოიყენა ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა (შდრ. სუსგ. ას-637-637-2018, 2018 წლის 29 აგვისტო).

23. საკასაციო სასამართლო კომპენსაციის ოდენობისა და მისი გამოთვლის თაობაზე განმარტავს, რომ კანონმდებლობით, რაიმე მიდგომა, რაც წინასწარ განჭვრეტადს გახდის, საქმეზე, სამომავლოდ მისაცემი კომპენსაციის, ოდენობას, არ არის დადგენილი, არც რაიმე მეთოდია შემუშავებული, თუ რა გარემოებებისას, რა სახით უნდა მოხდეს გასაცემი კომპენსაციის გამოთვლა.

24. არც მოქმედი შრომის კოდექსი და არც კერძოსამართლებრივი ურთიერთობის მარეგულირებელი სხვა ნორმატიული აქტი არ განსაზღვრავს კომპენსაციის ოდენობას და/ან მისი გამოანგარიშების წესს. საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკის თანახმად, კომპენსაცია შეძლებისდაგვარად უნდა უზრუნველყოფდეს იმ ზიანის ანაზღაურებას, რომელიც გათავისუფლების შესახებ ბათილი ბრძანების შედეგად წარმოეშვა დასაქმებულს, ამავდროულად, მისი ოდენობა უნდა იყოს გონივრული და არ უნდა ქმნიდეს არც ერთი მხარისათვის უსაფუძვლო გამდიდრების ობიექტურ წინაპირობებს, (შდრ: სუსგ №ას-787-736-2017, 10.11.2017წ.; სუსგ. №ას-632-2019, 21.06.2019წ.). სასამართლო პრაქტიკის განზოგადება ასევე იძლევა კომპენსაციის გამოთვლის შესაძლებლობას შემდეგი კრიტერიუმებით: კომპანიის ლიკვიდურობა; პირის შანსები შრომის ბაზარზე; პირის სოციალური მდგომარეობა; დამსაქმებლის ფინანსური მდგომარეობა; პირი სხვაგან დასაქმდა თუ არა დავის პერიოდში; სამუშაო სტაჟი; დამსაქმებლის საწარმოუნარიანობა; პირის მუშაობის ხანგრძლივობა დამსაქმებელთან (ი.ხ. №ას-1300-2020, 24.11.2021).

25. საკასაციო პალატის მოსაზრებით, საქმის გარემოებებიდან გამომდინარე, მოსარჩელისთვის მიკუთვნებული კომპენსაცია, არის გონივრული. კერძოდ, იმ გარემოებების მხედველობაში მიღებით, რომ შრომითი ურთიერთობა დასაქმებულთან არამართლზომიერად შეწყდა, დასაქმებულის მუშაობის ხანგრძლივობის, ასაკისა და დასაქმების პერსპექტივის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა გონივრულად და სამართლიანად გამოიანგარიშეს კომპენსაცია.

26. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო საჩივარი არ ქმნის საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლში მითითებულ წინაპირობებს, რის გამოც დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე თეა ძიმისტარაშვილი

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი

ამირან ძაბუნიძე