საქმე№ას-491-2023
02 თებერვალი 2024 წელი ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატის
შემადგენლობა:
თეა ძიმისტარაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი
ამირან ძაბუნიძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე - ლ.ო–ი (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 17 იანვრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი - ზიანის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. სასარჩელო მოთხოვნა:
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა (შემდეგში ტექსტში წოდებული, როგორც „მოსარჩელე“, „აპელანტი,“ „კასატორი“), სარჩელი აღძრა თელავის რაიონულ სასამართლოში, მოპასუხე - ლ.ო–ის (შემდეგში ტექსტში წოდებული, როგორც „მოპასუხე", მოწინააღმდეგე მხარე“) მიმართ და მოითხოვა მოპასუხისათვის 21 064.31 ლარის დაკისრება.
2. მოპასუხის პოზიცია:
მოპასუხემ წარმოდგენილი შესაგებლით მიუთითა სარჩელის ხანდაზმულობაზე.
3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
3.1 თელავის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 29 მარტის გადაწყვეტილებით, სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
3.2 აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სააპელაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
4. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:
4.1 თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 17 იანვრის განჩინებით, სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
4.2 სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია საქმისათვის მნიშვნელობის მქონე იურიდიულ ფაქტები, კერძოდ:
4.2.1 მოპასუხემ, მოსარჩელის ბალანსზე მყოფი ავტომანქანით, ,,ვოლკსვაგენ-პასატით“, სახელმწიფო ნომერი ......., ოზურგეთის რაიონის სოფელ ......., გამავალ სენაკი-ფოთი-სარფის საავტომობილო გზის 55-ე კილომეტრზე, დაარღვია საგზაო მოძრაობის წესები, გადავიდა მოძრაობის საპირისპირო ზოლში და შეეჯახა შემხვედრი მიმართულებით მოძრავ ავტომანქანას, რის შედეგადაც დაზიანდა მოსარჩელის ბალანსზე მყოფი ავტომანქანა
4.2.2 შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის 2008 წლის 28 ნოემბრის დადგენილებით, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის მე-10 პუნქტით გათვალისწინებული სამართალდარღვევისათვის, მოპასუხეს დაეკისრა ჯარიმა 200 ლარი.
4.2.3 შსს გენერალური ინსპექციის 2008 წლის 29 დეკემბრის დასკვნის მიხედვით, მოსარჩელის ბალანსზე მყოფი ავტომანქანის დაზიანებაზე ბრალეულ პირად ცნობილ იქნა შსს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის პირველი სამმართველოს დეტექტივ-გამომძიებელი, პოლიციის ლეიტენანტი - ლ.ო–ი.
4.2.4 შსს ეკონომიკური დეპარტამენტის 2018 წლის 9 ოქტომბრის წერილით, ირკვევა, რომ დაზიანებისას, მოსარჩელის ბალანსზე მყოფი ავტომანქანის საბალანსო ღირებულება იყო 21 064.31 ლარი.
4.3 მოპასუხე არ ედავება იმ გარემოებას, რომ მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედებით ზიანი მიაყენა მოსარჩელეს. არც ზიანის ოდენობას ხდის სადავოს. მოპასუხე შესაგებელს აფუძნებს სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობაზე.
4.4 სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა მოპასუხის მოსაზრება სარჩელის ხანდაზმულობის თაობაზე და განმარტა - რომ მოსარჩელის მოთხოვნა დელიქტური სამართლის ნორმას ეფუძნება, შესაბამისად, ამ მოთხოვნის განხორციელების დამაბრკოლებელი გარემოების არსებობა სსკ-ის 1008-ე მუხლით (დელიქტით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლების ხანდაზმულობის ვადა არის სამი წელი იმ მომენტიდან, როცა დაზარალებულმა შეიტყო ზიანის ან ზიანის ანაზღაურებაზე ვალდებული პირის შესახებ) დადგენილი წესით მოწმდება.
4.5 პალატის განმარტებით, ხანდაზმულობის სამწლიანი ვადის დენა, 2008 წლის 28 ნოემბრიდან უნდა დაიწყოს, ვინაიდან ავტომანქანის დაზიანებაში ბრალეული პირის შესახებ, მოსარჩელემ, სწორედ ამ დროს შეიტყო. მოსარჩელემ კი, სასამართლოში სარჩელი წარადგინა 2018 წლის 25 ოქტომბერს, ანუ თითქმის 10 წლის შემდეგ.
4.6 სააპელაციო პალატის დასკვნით, სარჩელი ხანდაზმულია.
5 . კასატორის მოთხოვნა და საფუძვლები:
5.1 სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
5.2 კასატორი საკასაციო საჩივარს მხოლოდ ფაქტობრივ გარემოებებზე აფუძნებს და მიუთითებს ზიანის ანაღზაურების წინაპირობების არსებობაზე. მისი მხრიდან შედავებული არ არის სასამართლოს შეფასება სარჩელის ხანდაზმულობის შესახებ.
6. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი:
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 28 აპრილის განჩინებით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი, მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
7. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, მტკიცებულებათა გაანალიზების, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული, შემდეგ გარემოებათა გამო:
8. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
9. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოხსენებული საფუძვლით.
10. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის დისპოზიციიდან გამომდინარე (საკასაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას საკასაციო საჩივრის ფარგლებში. საკასაციო სასამართლოს არ შეუძლია თავისი ინიციატივით შეამოწმოს საპროცესო დარღვევები, გარდა 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტებისა).
11. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსთვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია (შედავება). დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. პალატის მოსაზრებით, წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, დასაბუთებულ შედავებას არ შეიცავს.
12. მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია და საკასაციო სასამართლოსთვის სავალდებულო ძალის მქონეა წინამდებარე განჩინების 4.2.1-4.2.4 პუნქტებში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.
13. საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს მოპასუხის მიერ წარმოდგენილ მოთხოვნის განხორციელების შემაფერხებელ შესაგებელზე (ხანდაზმულობაზე).
14. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მოთხოვნის განხორციელების შემაფერხებელი შესაგებლის წარდგენისას, მოპასუხე შესაძლოა ეთანხმებოდეს სარჩელში გაჟღერებულ მხარეთა შორის წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობას (სადავოდ არ ხდიდეს სარჩელში მითითებულ ფაქტობრივ გარემოებებს), თუმცა, უარს აცხადებდეს მის შესრულებაზე, რადგან მოთხოვნა სსკ-ის 144.1 მუხლის (ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ ვალდებული პირი უფლებამოსილია უარი თქვას მოქმედების შესრულებაზე) თანახმად, ხანდაზმულად მიაჩნდეს.
15. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ხანდაზმულობის ვადების გათვალისწინება სასამართლოს მიერ ხორციელდება არა საკუთარი ინიციატივით, არამედ მხოლოდ საქმის განხილვაში მონაწილე მხარეების (მხარის) მიერ აღნიშნულზე მითითების შემთხვევაში. მოთხოვნის განხორციელების შემაფერხებელი შესაგებლების შემოწმება მიმდინარეობს მოპასუხის შედავების შემოწმების ეტაპზე. (იხ.სუსგ. Nას-679-2021, 18.01.2022წ).
16. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ სსკ-ის 128-ე მუხლის პირველი ნაწილის დანაწესის შესაბამისად, ხანდაზმულობის ვადა ვრცელდება სხვა პირისაგან რაიმე მოქმედების შესრულების ან მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნის უფლებაზე. ხანდაზმულობის ვადების დაწესებით, კანონმდებლის მიზანია გამორიცხოს კრედიტორის უფლების განხორციელების არათანაზომიერად ან ბოროტად გამოყენების საფრთხე. გარდა ამისა: ა) ხანდაზმულობის ვადა სასამართლოს უმსუბუქებს ფაქტების დადგენისა და შესწავლის პროცესს და ამ გზით, ხელს უწყობს დასაბუთებული გადაწყვეტილების გამოტანას; ბ) ხელს უწყობს სამოქალაქო ბრუნვის სტაბილიზაციას; გ) აძლიერებს სამოქალაქო სამართლებრივი ურთიერთობის სუბიექტების ურთიერთკონტროლსა და იძლევა დარღვეული უფლების დაუყოვნებლივ აღდგენის სტიმულიზაციას (იხ.სუსგ. Nას-360-2021 16.12.2022წ.).
17. სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა გულისხმობს დროის გარკვეულ მონაკვეთს, რომლის განმავლობაშიც პირს, რომლის უფლებაც დაირღვა, შესაძლებლობა აქვს, მოითხოვოს საკუთარი უფლებების სამართლებრივი გზით (იძულებით) განხორციელება ან დაცვა. ამ ვადის გაცდენა კი გულისხმობს ამ პირთა მიერ ასეთი შესაძლებლობის გამოყენების უფლების მოსპობას, გაქარწყლებას. მხარეთა სასარჩელო შესაძლებლობები ხშირად არის ვადით შეზღუდული. სამოქალაქო სამართალში სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ პირი კარგავს უფლების სასამართლო გზით დაცვის შესაძლებლობას (იხ.სუსგ. Nას-1322-2018, 04.04.2019წ).
18. აღსანიშნავია, რომ ხანდაზმულობის ვადის გასვლით ისპობა სასამართლოს ან სხვა ორგანოს მეშვეობით პირის მოთხოვნის იძულებით განხორციელების შესაძლებლობა, მაგრამ არა სასამართლოსათვის ან სხვა ორგანოსათვის მიმართვის უფლება. ხანდაზმულობის ვადა სპობს უფლების იძულებით განხორციელების შესაძლებლობას მატერიალური და არა პროცესუალური თვალსაზრისით.
19. სასარჩელო ხანდაზმულობის ვადები, ასევე მიიჩნევა საქმის სწორად გადაწყვეტის ერთ–ერთ ეფექტურ გარანტიად. კერძოდ, გადაწყვეტილება ეფუძნება მხარეთა მიერ წარდგენილ მტკიცებულებებს, შესაბამისად, მტკიცებულებათა უტყუარობა, მათი ვარგისიანობის, ნამდვილობის უტყუარად დადგენის შესაძლებლობა უმნიშვნელოვანესია სწორი და ობიექტური გადაწყვეტილების მისაღებად. სამართალწარმოებაში შეცდომის თავიდან აცილება უპირველესი მიზანია. ამასთან, ხანგრძლივი დროის გასვლამ შეიძლება გამოიწვიოს მტკიცებულებების შეცვლა ან მათი მოპოვების უკიდურესად გართულება, ზოგჯერ კი – განადგურება, რაც, საბოლოო ჯამში, გაართულებს სადავოდ გამხდარი მტკიცებულებების საიმედოობის დადგენას. როდესაც ხანგრძლივი დროა გასული იმ მოვლენიდან, რომელმაც სადავო გარემოებები წარმოშვა, მაღალია ალბათობა, რომ მტკიცებულებები, რომლებიც ადრე არსებობდა, შეიძლება დაკარგული ან სახეშეცვლილი იყოს, ასევე გაფერმკრთალდება მოწმეთა მეხსიერება, რომელთა ჩვენებებს სასამართლო დავის გადაწყვეტისას უნდა დაეყრდნოს, გაიზრდება სავარაუდო, არასანდო მტკიცებულებათა რიცხვი. შედეგად, მეტი ალბათობით შეიქმნება ნიადაგი საქმის ფაქტობრივი გარემოებების არაობიექტური შეფასებისათვის. ხანდაზმულობის ვადა წარმოადგენს მცდელობას, დაიცვას მხარეები ასეთი საფრთხეებისაგან (იხ.სუსგ. №ას-801-2021 15.10. 2021წ.).
20. სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის სწორი გამოთვლისათვის არსებითია, ზუსტად დადგინდეს მოთხოვნის წარმოშობის დრო. სსკ-ის 130-ე მუხლი ხანდაზმულობის დაწყებას მოთხოვნის წარმოშობის მომენტს უკავშირებს, ხოლო მოთხოვნის წარმოშობის მომენტად მიიჩნევა დრო, როდესაც პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ. ამდენად, ხანდაზმულობის ვადის სწორად გამოთვლისათვის უმნიშვნელოვანესია მისი დენის დაწყების მომენტის განსაზღვრა. ხანდაზმულობის ვადის დასაწყისი შეესაბამება დღეს, როდესაც წარმოიშვა მოთხოვნის უფლება, გარდა კანონით პირდაპირ გათვალისწინებული შემთხვევებისა, როდესაც მოთხოვნის წარმოშობის ვადის განსაზღვრა ზოგადი წესისაგან განსხვავებულადაა რეგულირებული, მისი წარმოშობა დაკავშირებულია მომენტთან, როდესაც პირმა გაიგო ან უნდა გაეგო უფლების დარღვევის თაობაზე.
21. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ როგორც წესი, ივარაუდება, რომ პირი უფლების დარღვევის ფაქტს მისი დადგომისთანავე შეიტყობს ან საშუალო გულისხმიერების გამოჩენის შემთხვევაში შეეძლო შეეტყო ამ ფაქტის თაობაზე. აღნიშნულის საწინააღმდეგოს, ანუ უფლების დარღვევის დაგვიანებით შეტყობის მტკიცების ტვირთი კი უფლებადარღვეულ პირს ეკისრება. თუ დადგინდება, რომ პირმა თავისი დაუდევრობის გამო ვერ გაიგო უფლების დარღვევის შესახებ, მაშინ ხანდაზმულობის ვადის დენა დაიწყება იმ მომენტიდან, როცა საქმის გარემოებების მიხედვით, პირს უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ.
22. ვინაიდან სასამართლო, მოთხოვნის ხანდაზმულობას მხოლოდ მოპასუხის მითითების საფუძველზე იკვლევს, მოთხოვნის ვადაში წარდგენა მოსარჩელის მტკიცების ტვირთს წარმოადგენს. „თუ ხანდაზმულობის წარმოშობის მომენტის დადგენა ობიექტურად შეუძლებელია, ყურადღება უნდა მიექცეს სუბიექტურ მომენტს.
23. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ დელიქტური ნორმების გამოყენებისას, მოთხოვნის განხორციელების გამომრიცხავ გარემოებას, მოპასუხის ვარგისი შედავების საფუძველზე, სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობასთან დაკავშირებით სსკ-ის 1008-ე მუხლი (დელიქტით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლების ხანდაზმულობის ვადა არის სამი წელი იმ მომენტიდან, როცა დაზარალებულმა შეიტყო ზიანის ან ზიანის ანაზღაურებაზე ვალდებული პირის შესახებ) წარმოადგენს.
24. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს განჩინების მე-14-მე-15 პუნქტებში მითითებულ სააპელაციო პალატის მსჯელობას და განმარტავს, რომ ხანდაზმულობის სამწლიანი ვადის დენა, უნდა დაიწყოს 2008 წლის 28 ნოემბრიდან, ვინაიდან ავტომანქანის დაზიანებაში ბრალეული პირის შესახებ მოსარჩელემ სწორედ ამ დროს შეიტყო (შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის 2008 წლის 28 ნოემბრის დადგენილებით, მოპასუხე ცნობილ იქნა ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად, ავტოსაგზაო წესების დარღვევის გამო) სასამართლოში კი სარჩელი 2018 წლის 25 ოქტომბერს, ანუ თითქმის 10 წლის შემდეგ წარადგინა. შესაბამისად, პალატა ასკვნის, რომ სააპელაციო პალატამ სწორად იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1008-ე მუხლით, რომლის საფუძველზეც სარჩელი მიიჩნია ხანდაზმულად.
25. ამდენად, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორმა მიუთითა რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც, საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.
26. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
7. პროცესის ხარჯები:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, კასატორი, „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის, I ნაწილის „კ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე თეა ძიმისტარაშვილი
მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი
ამირან ძაბუნიძე