საქმე Nას-602-2022
03 ნოემბერი 2022 წელი ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
თეა ძიმისტარაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი
ამირან ძაბუნიძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი – შპს „ა.ტ.ს–ი“ (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე - სს „პ.ბ–ი“ (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 02 მარტის განჩინება
კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
დავის საგანი - ხელშეკრულების შეწყვეტა, თანხის დაკისრება, იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაცია
საკითხი, რომელზეც მიღებულია განჩინება – საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1.სასარჩელო მოთხოვნა:
1.1 შეწყდეს სს პ.ბ–სა და შპს „ა-ტ.ს“-ს შორის 25.03.2019წ. გაფორმებული N1.1682 გენერალური ხელშეკრულება;
1.2 დაეკისროთ მსესხებელსა და სოლიდარულ მოვალეებს მოსარჩელის სასარგებლოდ 50212.62 აშშ დოლარი;
1.3 თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში, განხორციელდეს იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონებების მდებარე: 1) ქ. თბილისი, ........, მესაკუთრე ი.პ–ვი პ/ნ ....... საკადასტრო კოდი: ...... რეალიზაცია და ამონაგები თანხიდან მოსარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილება; (N670720215-0222 იპოთეკის ხელშეკრულება); 2) ქ. თბილისი, ........; მესაკუთრე ი.პ–ვი პ/ნ ......... საკადასტრო კოდი: ....... - რეალიზაცია და ამონაგები თანხიდან მოსარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილება; (N670720215-02223 იპოთეკის ხელშეკრულება);
1.4 თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში განხორციელდეს სოლიდარული მოვალეების საკუთრებაში არსებული უძრავ-მოძრავი ქონების რეალიზაცია და ბანკის მოთხოვნის დაკმაყოფილება.
1.5 სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.
2. სარჩელის საფუძვლები:
25.03.2019 წელს სს „პ.ბ–სა” და შპს „ა-ტ.ს“-ს შორის დადებული იქნა N1.1682 გენერალური საკრედიტო ხელშეკრულება, იმავე დღეს გაფორმდა N1.9047 შემადგენელი საკრედიტო ხელშეკრულება ხაზით მომსახურებაზე, რომლის საფუძველზე მოპასუხემ მიიღო 75 000 (სამოცდათხუთმეტი ათასი) აშშ დოლარის ოდენობით, 12 თვის ვადით წლიური 8.5% დარიცხვით. N1.1682 გენერალური საკრედიტო ხელშეკრულება უზრუნველყოფილია: 1) სს „პ.ბ–სა” და ი.პ–ს შორის გაფორმებული N670720215-0222 იპოთეკის ხელშეკრულებით; 2) სს „პ.ბ–ს“ და ი.პ–ვის შორის გაფორმებული N670720215-02223 იპოთეკის ხელშეკრულებით; 3) სს ,„პ.ბ–სა“ და რ.ქ–ს შორის გაფორმებული N120011585-044444 ხელშეკრულებებით სოლიდარული ვალდებულების შესახებ. მოპასუხეებს გადასახდელი აქვთ 50212.62 აშშ დოლარი; საიდანაც 49253.43 აშშ დოლარი შეადგენს კაპიტალს, 959.19 აშშ დოლარი წარმოადგენს პროცენტს ვადის ბოლომდე. მოპასუხეებს გაეგზავნათ შეტყობინებები დავალიანების დროულად დაფარვის მოთხოვნით. სესხი ვადაგადაცილებაშია 30.11.2019 წლიდან.
3. მოპასუხეების პოზიცია:
მოპასუხე რ.ქ–მა, წარმოდგენილი შესაგებლით, სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ არ არის ინფორმირებული და არ აქვს უტყუარი მტკიცებულება იმისა, რომ შპს "ა.ტ.ს–"-მა დაარღვია ხელშეკრულების პირობები. ეს ასეც რომ იყოს ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობების დარღვევა გამოწვეული იქნებოდა ქვეყანაში არსებული პანდემიის გამო გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობით, რამაც ბიზნესის სრული პარალიზება გამოიწვია და მოსახლეობა გახადა გადახდისუუნარო. ასეთ შემთხვევაში, ფორს-მაჟორული სიტუაციის გამო მხარეები თავისუფლდებიან ვალდებულების შესრულებისაგან.
მოპასუხე შპს „ა.ტ.ს–მა“ და ი.პ–ვმა შესაგებელი არ წარმოადგინეს. სასამართლო სხდომაზე სარჩელი არ ცნეს.
4.პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 30 ივნისის გადაწყვეტილებით სს „პ.ბ–ის“ სარჩელი დაკმაყოფილდა.
4.1 შეწყდა სს ,,პ.ბ–ს“ და შპს „ა-ტ.ს“ შორის 2019 წლის 25 მარტს გაფორმებული N1.1682 გენერალური ხელშეკრულება.
4.2 მოპასუხეებს შპს „ა-ტ.სს“ და რ.ქ–ს - სს „პ.ბ–ის“ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრა 50212,62 აშშ დოლარის გადახდა.
4.3 დაკისრებული თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში, დავალიანების დაფარვის მიზნით, სარეალიზაციოდ მიექცა ი.პ–ვის (პ/ნ ....) საკუთრებაში არსებული იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონება, მდებარე: 1) ქ. თბილისი, ......., საკადასტრო კოდი: ........ 2) უძრავი ქონება, მდებარე: ქ. თბილისი, ........., საკადასტრო კოდი: ......... თანხის ნებაყოფლობით გადაუხდელობის შემთხვევაში განხორციელდეს მოპასუხეების საკუთრებაში არსებული უძრავ-მოძრავი ქონების რეალიზაცია.
4.4 მოპასუხეებს შპს „ა-ტ.ს“ და რ.ქ–ს - სს „პ.ბ–ის“ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 4807,75 ლარის გადახდა, მოსარჩელის მიერ წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ.
4.5 ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 30 ივნისის გადაწყვეტილება მიექცევა დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.
4.6 ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება გაასაჩივრა შპს „ა.ტ.ს–მა“, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
5. სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:
5.1 ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 02 მარტის განჩინებით შპს ,,ა -ტ.სი“-ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 30 ივნისის გადაწყვეტილება.
5.2 სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ მხარეთა შორის დავა გამომდინარეობს საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან, რომლის სამართლებრივი განმარტებაც მოცემულია სსკ-ის 867-ე მუხლში. აპელანტის მოთხოვნიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მსჯელობის საგანს წარმოადგენს საკითხი, 2019 წლის 25 მარტს, სს ,,პ.ბ–ს’’ და სს ,,ა.ტ.ს–ს’’ შორის გაფორმებული საკრედიტო ხაზით მომსახურების ხელშეკრულების ფარგლებში დაირღვა, თუ არა მსესხებლის მიერ ნაკისრი ვალდებულება. ასევე, სადავოა მოპასუხისათვის გზავნილის ჩაბარების ნამდვილობა და შესაგებლის წარუდგენლობის მიზეზები.
5.3 სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
5.4 2019 წლის 25 მარტს, სს ,,პ.ბ–ს“ და შპს ა-ტ.ს შორის დაიდო გენერალური ხელშეკრულება, რომლის თანახმად საკრედიტო ლიმიტი განისაზღვრა 500 000 აშშ დოლარი, მოქმედების ვადა - 360 თვე, წლიური სარგებელი 36%. ხელშეკრულების საფუძველზე, იმავე დღეს მხარეებს შორის გაფორმდა შემადგენელი საკრედიტო ხაზით მომსახურების ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე, შპს ა-ტ.სზე გაცემული იქნა სესხი 75 000 აშშ დოლარის ოდენობით, 2019 წლის 25 მარტიდან -2020 წლის 25 მარტამდე. წლიური საპროცენტო სარგებელი განისაზღვრა 8.5 %-ით.
5.5 საკრედიტო ხაზით მომსახურების შესახებ ხელშეკრულების უზრუნველყოფის მიზნით, 2019 წლის 22 მარტს, იპოთეკით დაიტვირთა ი.პ–ვის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებები მდებარე: 1. ქ. თბილისი, .......... (ს/კ ......); 2. ქ. თბილისი, ....... (ს/კ .........).
5.6 საკრედიტო ხელშეკრულების უზრუნველყოფის მიზნით, 2019 წლის 30 მარტს, სს „პ.ბ–ს“ და რ.ქ–ს შორის გაფორმდა სოლიდარული ვალდებულების ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც, რ.ქ–მა იკისრა ვალდებულება, ხელშეკრულებების საფუძველზე ნაკისრი ვალდებულებები შეასრულოს სოლიდარულად ისე,რომ მან მიიღოს მონაწილეობა მსესხებელთან ერთად მთლიანი ვალდებულების შესრულებაში.
5.7 მოსარჩელე მხარის მიერ წარმოდგენილი წერილობითი მტკიცებულებით დასტურდება, რომ მოპასუხის დავალიანება მოსარჩელის მიმართ შეადგენს 50212,62 აშშ დოლარს, საიდანაც სესხის ძირი თანხაა - 49253,43 აშშ დოლარი, პროცენტი - 959,19 აშშ დოლარი.
5.8 დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასებისას, სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-317-ე, 327-ე, 623-ე, 625-ე, 868-ე, 400, 361-ე, 463-464-ე, 286-ე, 301-ე მუხლებზე და განმარტა, რომ მხარეთა შორის არსებობდა საბანკო კრედიტის ხელშეკრულება, რომლის ფარგლებში მსესხებელზე 12 თვის ვადით, წლიური 8,5 % საპროცენტო განაკვეთით გაიცა სესხი 75 000 აშშ დოლარი, ხოლო აღნიშნული სესხი უზრუნველყოფილი იქნა იპოთეკით და სოლიდარული თავდებობით. ვინაიდან, მოპასუხეებმა დაარღვიეს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება, რომელთა დავალიანებამაც სარჩელის წარმოდგენის დროისათვის შეადგინა 50212,62 აშშ დოლარი (49253,43 აშშ დოლარი ძირითადი თანხა, 959,19 აშშ დოლარი საპროცენტო სარგებელი), სკ-ის 463-464-ე, მუხლებიდან გამომდინარე, ძირითად მსესხებელთან სოლიდარულად, რ.ქ–ისათვის ამ თანხის დაკისრების თაობაზე სასარჩელო მოთხოვნა საფუძვლიანად ჩაითვალა და დაკმაყოფილდა.
5.9 სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტის მსჯელობა იმის თაობაზე, რომ სასამართლო გზავნილი-სარჩელი თანდართული მტკიცებულებებით, კანონით დადგენილი წესით არ ჩაბარებია, რამაც განაპირობა მისი უფლების დარღვევა წარედგინა შესაგებელი და შეგებებული სარჩელი.
5.10 პალატამ განმარტა - საქმეში არსებული საფოსტო უკუგზავნილის შეფასების საფუძველზე დასტურდება, რომ ი.პ–ვს, როგორც შპს ,,ა.ტ.ს–ის“ დირექტორს (წარმომადგენელს) გზავნილი გაეგზავნა მისსავე საკუთრებაში რეგისტრირებულ საცხოვრებელ მისამართზე-ქ. თბილისი, ........, რომელიც იმავდროულად წარმოადგენდა მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან ამონაწერში შპს ,,ა.ტ.ს–ის“ რეგისტრირებულ იურიდიულ მისამართს, სადაც ჩაიბარა ფიზიკურმა პირმა ვ.კ–ძემ, რომელმაც ადრესატთან-შპს ,,ა.ტ.ს–ის“ დირექტორთან, ი.პ–ვთან დამოკიდებულება დააფიქსირა, როგორც დედამთილი. პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე გამოცხადებულმა შპს ,,ა.ტ.ს–ის“ დირექტორმა ი.პ–ვმა დაადასტურა მისთვის სარჩელის ჩაბარების ფაქტი.
5.11 ამდენად, სააპელაციო პალატამ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე და 131-ე მუხლებზე დაყრდნობით, დადასტურებულად მიიჩნია ფაქტი იმის შესახებ, რომ ი.პ–ვს, როგორც შპს ,,ა.ტ.ს–ის“ დირექტორს და იმავდროულად იპოთეკის საგნის მესაკუთრეს, სსკ-ის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით ჩაბარდა სს ,,პ.ბ–ის’’ სარჩელი.
5.12 მხარეთა შორის სადავოა, ვალდებულების შეუსრულებლობის მიზეზები და დავალიანების ოდენობა. აღნიშნული საკითხის კვლევის მიზნით პალატამ ყურადღება გაამახვილა შეჯიბრებითობის პრინციპზე, რომლის მიხედვითაც ერთ-ერთი გამოხატულება არის სარჩელზე შესაგებლის წარდგენის სავალდებულოობა. მოსარჩელე სწორედ შესაგებლით არკვევს სარჩელში მითითებულ რომელ ფაქტებს ხდის სადავოდ მოპასუხე და რომელი გარემოებების მტკიცება მოუწევს მას. თუ სარჩელში მითითებულ ამა თუ იმ ფაქტს მოპასუხე არ ედავება, ეს ფაქტი მიიჩნევა უდავოდ, ანუ დადასტურებულად და ამ უკანასკნელს ერთმევა უფლება, შეასრულოს ასეთი მოქმედება საქმის არსებითად განხილვის დროს. ამასთან, თუ ეს გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას, სასამართლოს გამოაქვს დაუსწრებელი გადაწყვეტილება, ხოლო თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ სარჩელს არა აქვს სამართლებრივი საფუძველი, იგი ნიშნავს სხდომას, მაგრამ სხდომაზეც მოპასუხეს არა აქვს სარჩელში მითითებული ფაქტების შედავების უფლება.
5.13 საქმის მასალებით ირკვევა, რომ მოვალეს-შპს ,,ა.ტ.ს–ს“ და ი.პ–ვს, როგორც იპოთეკის საგნის მესაკუთრეს შესაგებელი არ წარუდგენიათ, ხოლო სოლიდარულმა მოვალემ - რ.ქ–მა, მარტივი წერილობითი შესაგებელი წარადგინა, სადაც დააფიქსირა, რომ არ ეთანხმებოდა სარჩელს, თუმცა არ მიუთითებია, რატომ არ ეთანხმებოდა. იმისათვის, რომ შეფასდეს არსებითია, თუ არა ზემოაღნიშნული შედავება, უნდა შეფასდეს, მიუთითებს, თუ არა შესაგებელი სარჩელის გამომრიცხავ ან შემაფერხებელ გარემოებებზე.
5.14 მოპასუხე რ.ქ–ის მარტივი შედავება „არ ვეთანხმები“, „არ ვარ ინფორმირებული“, ,,ჩემთან მიმართებაში გაფრთხილება მე არ მიმიღია“ ,,აღნიშნულ მსჯელობას არ ვეთანხმები, ვინაიდან არ აქვს უტყუარი მტკიცებულება რომ შპს ,,ა–მა დაარღვია ხელშეკრულების პირობები “ - არ არის საკმარისი სარჩელის უარყოფისთვის.
5.15 ამდენად, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მოპასუხემ, შეჯიბრებითობის პრინციპიდან გამომდინარე, თავისი საპროცესო უფლება არ გამოიყენა, სარჩელში დაფიქსირებული ფაქტების უარსაყოფად და გასაქარწყლებლად არც რაიმე გარემოებებზე მიუთითებია და არც მათი დამადასტურებელი მტკიცებულებები წარმოუდგენია, რის გამოც, დადასტურებულად ჩათვალა სარჩელში დაფიქსირებული შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: 1) მოპასუხეებმა დაარღვიეს 2019 წლის 25 მარტის, ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულება; 2) ვალდებულების დარღვევისა და მისი შესრულებისათვის დამატებითი ვადის განსაზღვრის თაობაზე შეტყობინება შპს ,,ა.ტ.ს–ს“ და სოლიდარულ მოვალეს-რ.ქ–ს სს პ.ბ–ის მიერ გაეგზავნათ და ჩაბარდათ; 3) სარჩელის წარმოდგენის დროისათვის მათი დავალიანება შეადგენდა 50212,62 აშშ დოლარს (49253,43 აშშ დოლარი ძირითადი თანხა, 959,19 აშშ დოლარი საპროცენტო სარგებელი).
5.16 პალატამ მიუთითა - წინამდებარე შემთხვევაში უდავოდაა დადგენილი, რომ მხარეები წინასწარ იყვნენ წერილობით შეთანხმებულნი, თუ მსესხებლის სასესხო ანგარიშზე ყოველთვიურად ბრუნვა არ შეადგენს გაცემული თანხის 50%-ს, ბანკი უფლებამოსილი იყო შეეწყვიტა ხელშეკრულება და მოეთხოვა კრედიტის მთლიანი თანხის, მასზე დარიცხული პროცენტის და პირგასამტეხლოს გადახდა. ამასთან, იპოთეკის საგნის გარდა, მოთხოვნა დაკმაყოფილებული იქნებოდა მსესხებლის/სოლიდარული მოვალის სხვა ქონებითაც. ვინაიდან, მსესხებელმა დაარღვია სესხის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება და ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში სესხის თანხა და შეთანხმებული პროცენტი არ გადაიხადა, ამასთან სესხი უზრუნველყოფილია რ.ქ–ის სოლიდარული ვალდებულებით (სოლიდარული მოვალე) და ი.პ–ვის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებებით, მოსარჩელის მოთხოვნა, თუკი იპოთეკის საგნის რეალიზაციით ამონაგები თანხა არასაკმარისი იქნება, დავალიანების სრულად დაფარვის მიზნით განხორციელდეს მოვალის და სოლიდარული მოვალის საკუთრებაში არსებული ყველა სხვა ქონებების რეალიზაციით-საფუძვლიანია.
6. კასატორის მოთხოვნა და საფუძვლები:
6.1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 02 მარტის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა შპს „ა.ტ.ს–მა“ და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და შესაგებლის წარდგენის ეტაპიდან საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება.
6.2. კასატორი განმარტავს, რომ მოპასუხე მხარეს არ მიეცა შესაგებლის და მტკიცებულებების წარდგენის შესაძლებლობა. მოსარჩელის მიერ გაგზავნილი სარჩელი, როგორც შპს „ა-ტ.სის“, ისე ი.პ–ვის სახელზე ჩაბარდა არაუფლებამოსილ პირს, რომელსაც რაიმე ტიპის შემხებლობა სესხთან თუ შპს ა-ტ–სთან არ ჰქონია. სარჩელის არაუფლებამოსილი პირისთვის ჩაბარებამ გამოიწვია შესაგებლისა და შეგებებული სარჩელის წარდგენის უფლების ჩამორთმევა. მოპასუხეს ჰქონდა უფლება კვალიფიციური შედავება განეხორციელებინა შესაგებლის და მტკიცებულებების წარდგენის გზით, რისი უზრუნველყოფაც შესაძლებელი იყო სარჩელის სათანადო წესით ჩაბარებით. მხოლოდ სასამართლო სხდომაზე დასწრება შესაგებლის გარეშე, მოპასუხეს ართმევს უფლებას სამართლიან სასამართლოზე. შესაბამისად, ის ფაქტი რომ მოპასუხეს სათანადო წესით არ ჩაბარდა სარჩელი და არ მიეცა შესაგებლის წარდგენის უფლება, ნიშნავს, რომ სასამართლომ განიხილა საქმე მხარის დაუსწრებლად, რომელსაც არ მიუღია შეტყობინება კანონით დადგენილი წესით, რაც გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტური საფუძველია. მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ წარმოადგენდნენ კვალიფიციურ შესაგებელს, რაც უარყოფილ იქნა სასამართლოს მიერ იმის გამო, რომ გასული იყო შესაგებლის წარდგენის ვადა.
6.3. გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში სოლიდარული თავდების მიერ წარდგენილი შესაგებლის შეფასებისას, სასამართლო თავადვე უსვამს ხაზს კვალიფიციური შესაგებლის წარდგენის მნიშვნელობას და აღნიშნავს, რომ მხოლოდ "მარტივი შედავება" "არ არის საკმარისი სარჩელის უარყოფისთვის." ამ პირობებში კიდევ უფრო ნათლად ჩანს, თუ რა მნიშვნელობა ჰქონდა შპს „ა-ტ.სისთვის“ შესაგებლის წარდგენას და კვალიფიციურ შედავებას. მოპასუხე აფიქსირებდა პოზიციას, რომ მოსარჩელის მიმართ ჰქონდა შეგებებული მოთხოვნები, ერთის მხრივ ხელშეკრულების არამართლზომიერად შეწყვეტის აღიარებასთან და მეორეს მხრივ, ზიანის ანაზღაურებასთან დაკავშირებით, რომელიც გამოიწვია კრედიტორის ბრალეულობამ, არ გაეცა მსესხებლისთვის დამტკიცებული თანხა.
6.4. კასატორი აღნიშნავს, რომ სესხის თანხის გაუცემლობამ მოპასუხეს მიაყენა ზიანი, რაც გამოიხატა საიმპორტე პროდუქტის (შაქრის) შეძენის და მის ტრანსპორტირების შეუძლებლობაში. იმის გამო, რომ მოპასუხემ ვერ შეძლო საკუთარი თანხების მიღება, შეუძლებელი გახდა ტვირთის ტრანსპორტირება, რამაც გამოიწვია მოპასუხის დაჯარიმება უკრაინის სახელმწიფოს მიერ, ამასთან, მოპასუხემ ვერ შეასრულა ვალდებულება საკუთარ კონტრაჰენტთან და მოპასუხე ამჟამად სხვა დავის მოლოდინშია, რადგან მის მიმართ მოთხოვნის უფლება გაუჩნდა სხვა კრედიტორსაც. ეს კი ხდება მხოლოდ და მხოლოდ იმის გამო, რომ კრედიტორმა, სრულიად გაუგებარი მიზეზების გამო, მსესხებელს შეუზღუდა თანხების განაღდება საკუთარი ანგარიშიდან. მას შემდეგ, რაც თანხის მიღება ვერ შეძლო მოპასუხემ, შპს ა-ტ.ს–ის ხელმძღვანელი დაუკავშირდა კრედიტორ ბანკს და აცნობა პრობლემის შესახებ, რომ ვერ ახერხებდა თანხის განაღდებას. ბანკის წარმომადგენელი აცხადებდა, რომ ადგილი ჰქონდა ტექნიკურ ხარვეზს, რაც დროულად აღმოიფხვრებოდა და მსესხებელი შეძლებდა დამტკიცებული თანხის ათვისებას.
6.5. კასატორის მითითებით, 4.13 პუნქტში სასამართლოს სარჩელის სათანადო წესით ჩაბარების ერთ-ერთ არგუმენტად მოჰყავს ის ფაქტი, რომ იმ მისამართზე, სადაც ორივე სარჩელი ჩაბარდა ვ.კ–ძეს, ი.პ–ვის საკუთრებაა. საპროცესო კანონმდებლობა ამგვარ დათქმას არ იცნობს, რადგან ფიზიკურ პირს შეიძლება რამდენიმე საკუთრება გააჩნდეს, მაგრამ ყველა არ იყოს მისი ფაქტობრივი ადგილსამყოფელი, ქონება იყოს განკარგული და ა.შ. ამასთან, ი.პ–ვის სახელზე სარჩელი გაიგზავნა შპს-ს იურიდიულ მისამართზე და არა თავად ი.პ–ვის იურიდიულ მისამართზე, რომელიც იმავდროულად მისი ძირითადი მისამართია და სწორედ ამიტომ დააფიქსირა ხელშეკრულებაში იგი.
6.6. სასამართლო გვერდს უვლის იმ ფაქტს, რომ ი.პ–ვის და შპს „ა.ტ.ს–ისთვის“ სარჩელი გაიგზავნა ერთ მისამართზე, ქ. თბილისი ......, რომელიც, მართალია არის შპს „ა-ტ.სი“ იურიდიული მისამართი, მაგრამ არ იყო ი.პ–ვის იურიდიული მისამართი და ძირითადი ადგილსამყოფელი. ამავე ორგანიზაციის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა შეტყობინება მოდიოდა ი.პ–ვის მისამართზე, რომელიც ცნობილია ბანკისთვის, თბილისი ....... სასამართლომ გააიგივა იურიდიული პირისთვის და ფიზიკური პირისთვის სარჩელის ჩაბარების წესი, რაც ეწინააღმდეგება საპროცესო კანონმდებლობას.
6.7. კასატორი არ ეთანხმება განჩინების 4.6 პუნქტში სასამართლოს მსჯელობას, რომ მსესხებლის მიერ ვალდებულების დარღვევის გამო, მსესხებელს გაეგზავნა შეტყობინება დავალიანების დაფარვის მოთხოვნით. კასატორი მიუთითებს, რომ სასამართლო განჩინებაში აღნიშნულია, (პუნქტი 4.16) რომ მოპასუხემ ვერ წარმოადგინა ფაქტები და მტკიცებულებები მოსარჩელის პოზიციის გასაქარწყლებლად. თუმცა შეფასების მიღმა ტოვებს იმ ფაქტს, რომ ამის საწყისი გახლავთ სარჩელის ჩაბარება არაუფლებამოსილი პირისადმი.
6.8. კასატორი არ იზიარებს გასაჩივრებული განჩინების 4.16 პუნქტში მითითებულ პოზიციას იმ გარემოებების მიმართ, რის გამოც, დადასტურებულად ჩაითვალა სარჩელში დაფიქსირებული შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები. აღნიშნულთან დაკავშირებით კასატორი განმარტავს, რომ მსესხებელზე სრულად არ გაცემულა საკრედიტო თანხა. მოვალემ საბოლოოდ სესხის პროცენტის გადახდა მხოლოდ იმიტომ ვეღარ შეძლო, რომ მიადგა ზიანი, კერძოდ: ვერ განახორციელა პროდუქტის იმპორტთან დაკავშირებული პროცედურები, ფინანსების არარსებობის გამო. დაჯარიმდა უკრაინის სახელმწიფოს მიერ ტვირთის პორტში დაყოვნების გამო, საკუთარ კონტრაჰენტთან ვერ შეასრულა პროდუქტის მიწოდების ვალდებულება, რითაც კონტრაჰენტს გაუჩნდა სახელშეკრულებო ზიანის მოთხოვნები. სესხის თანხის გაცემის დაყოვნება გამოწვეულია კრედიტორის ბრალეულობით, რამაც განაპირობა მსესხებლისთვის ფინანსური ზარალის მიყენება, ვერ განახორციელა პროდუქტის ტრანსპორტირება, რეალიზაცია და მისაღები შემოსავლის გარეშე, ვერ გადაიხადა სესხზე პროცენტი და ძირითადი თანხა.
6.9. მსესხებელს განესაზღვრა დამატებითი ვადა არა ძირითადი ვალდებულების შესრულებაზე, არამედ ყოველთვიური პროცენტის გადახდის შესახებ, რაც დასტურდება 31.12.2019 წლის ბანკის შეტყობინებით. სააპელაციო სასამართლოში კრედიტორის მიერ წარმოდგენილი ამონაწერით დასტურდება, რომ 17.01.2020 წელს, მსესხებლის მიერ შესრულდა კრედიტორის მითითება.
6.10. პირველი სასარჩელო მოთხოვნის, ხელშეკრულების შეწყვეტის დასაბუთებაში მოსარჩელე მიუთითებდა ხელშეკრულების პუნქტებზე, რომელიც ასევე არ იყო ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლები. სესხის ხელშეკრულების 5.1.3 პუნქტი მიუთითებს შემთხვევაზე, როდესაც მსესხებლის ან თავდების ფინანსური მდგომარეობა გაუარესდა და ისინი ვერ წარმოადგენენ დამატებით უზრუნველყოფის საშუალებებს. კრედიტორს მოვალისთვის არც ერთ ეტაპზე მსგავსი ცნობა არ გაუგზავნია. შესაბამისად,კასატორის მოსაზრებით, პირველი სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლად მითითებული სესხის ხელშეკრულების პუნქტების დარღვევის შესახებ მოსარჩელეს სასამართლოსთვის რაიმე მტკიცებულება არ წარუდგენია.
6.11. კასატორის პოზიცია ცალსახაა და გამომდინარეობს ფაქტობრივი გარემოებებიდან და მტკიცებულებებიდან, რომ ვალდებულების დარღვევა მოვალის ბრალეულობით არ მომხდარა. არამედ სახეზეა მიზეზშედეგობრივი კავშირი - კრედიტორმა მსესხებელს არ გადასცა კუთვნილი თანხა - მსესხებელმა თავის მხრივ ვერ მოახდინა ტვირთის ტრანსპორტირება, რეალიზაცია და თანხის მიღება- ზემოაღნიშნულმა კი განაპირობა ის გარემოება, რომ მსესხებელმა კრედიტორის ანგარიშზე ვეღარ შეიტანა ის თანხა, რაც ტვირთის რეალიზაციიდან უნდა მიეღო.
6.12. კასატორი აღნიშნავს, რომ გასაჩივრებული განჩინების, 4.4 პუნქტში სააპელაციო სასამართლომ საკუთარი ინიციატივით მიუთითა ხელშეკრულების შეწყვეტის ის საფუძველი, რაც მანამდე მოსარჩელეს არ მიუთითებია, რითაც დაირღვა შეჯიბრებითობის პრინციპი.
7. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი:
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 17 ივნისის განჩინებით, შპს „ა.ტ.ს–ის“ საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის თანახმად, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
8.1. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, მტკიცებულებათა გაანალიზების, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული, შემდეგ გარემოებათა გამო:
8.2. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
8.3. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოხსენებული საფუძვლით.
საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის დისპოზიციიდან გამომდინარე საკასაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას საკასაციო საჩივრის ფარგლებში. საკასაციო სასამართლოს არ შეუძლია თავისი ინიციატივით შეამოწმოს საპროცესო დარღვევები, გარდა 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტებისა.
8.4. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსთვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია (შედავება). დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.
8.5. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ კასატორს არ წარმოუდგენია დასაბუთებული პრეტენზია (შედავება), რაც საშუალებას მისცემდა სასამართლოს, არსებითად განსახილველად დაეშვა საკასაციო განაცხადი.
8.6. პირველ რიგში, კასატორის პრეტენზიის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლომ უნდა შეაფასოს პროცესუალური საკითხი, ჰქონდა თუ არა ადგილი სარჩელის არაუფლებამოსილი პირისთვის ჩაბარებას, რამაც გამოიწვია მოპასუხისათვის შესაგებლის წარდგენის უფლების შეზღუდვა. ამასთან, საკასაციო პალატა ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ იგი მსჯელობს მხოლოდ შპს „ა.ს–ის“ მიერ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის ფარგლებში, რაც შეეხება ამ საკასაციო საჩივარში მითითებულ პრეტენზიებს მოპასუხე ი.პ–თვის გზავნილის არა საცხოვრებელ მისამართზე გაგზავნასთან დაკავშირებით, საკასაციო პალატა მოკლებულია საფუძველს იმსჯელოს მის შესახებ, ვინაიდან უფლებამოსილ პირს არ აქვს საკასაციო შედავება წარმოდგენილი.
8.7. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა ითვალისწინებს სარჩელისაგან მოპასუხის თავდაცვის ისეთ ეფექტურ საშუალებას, როგორიცაა შესაგებელი. შესაგებელი, როგორც მოპასუხის საპროცესო თავდაცვის საშუალება მნიშვნელოვანი ინსტიტუტია სამოქალაქო სამართალწარმოებაში, მასში ვლინდება წერილობითი შეჯიბრებითობის პრინციპი. იგი ასევე ერთგვარი გამოხატულებაა დისპოზიციურობის (სსსკ-ის მე-3 მუხლი) პრინციპისა, რომელიც უზრუნველყოფს მხარეთა საპროცესო უფლებების ავტონომიურად განკარგვის შესაძლებლობას. საპროცესო ავტონომიის ფარგლებში მოპასუხის გადასაწყვეტია ცნობს თუ არა სარჩელს, დაასრულებს თუ არა საქმეს მორიგებით, ან რა სახის საპროცესო თავდაცვის საშუალებას გამოიყენებს, რაც გარკვეულწილად დავაში შესვლას და სარჩელში მითითებულ გარემოებებზე პასუხის გაცემას გულისხმობს. შესაბამისად, სარჩელის წარმატება იმაზე იქნება დამოკიდებული, თუ რამდენად კვალიფიციურად დაიცავს თავს მოპასუხე სარჩელისაგან.
8.8. საკასაციო პალატა ასევე განმარტავს, რომ ვიდრე საქმის არსებითად განხილვა დაიწყება სასამართლოში, მოსამართლემ უნდა უზრუნველყოს საქმის მომზადება, რომელიც მათ შორის მხარეთა წერილობითი პოზიციების გაცვლას მოიცავს. სწორედ ამ მიზანს ემსახურება, ერთი მხრივ სარჩელისა და თანდართული დოკუმენტების ასლების მოპასუხისათვის, ხოლო მეორე მხრივ, შესაგებლისა და თანდართული დოკუმენტების ასლების მოსარჩელისთვის ჩაბარება. სასამართლომ მკაცრად უნდა გააკონტროლოს ამ კონტექსტში მხარეთა საპროცესო უფლებების დაცვა (წერილობითი დოკუმენტაციის სრულყოფილად მიღება და პასუხის გასაცემად გონივრული ვადის დადგენა), წინააღმდეგ შემთხვევაში სახეზე იქნება ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის 6.1 მუხლით გარანტირებული სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევა. მოპასუხეს მისთვის გზავნილის (სარჩელისა და თანდართული დოკუმენტების ასლები) ჩაბარების შემდეგ წარმოეშობა შესაგებლის წარდგენის ვალდებულება. შესაგებელი, ისევე როგორც სარჩელი, ყველა შემთხვევაში წერილობითი ფორმით (როგორც წესი ნაბეჭდი სახით) უნდა იყოს შედგენილი.
8.9. მოპასუხის მიერ პასუხის (შესაგებლის) წარდგენა სავალდებულო ხასიათს ატარებს რაც იმაში გამოიხატება, რომ აღნიშნული საპროცესო ვალდებულების შეუსრულებლობა მხარისათვის უარყოფით საპროცესოსამართლებრივ შედეგებს იწვევს. კერძოდ, სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები ითვლება შეუდავებლად და, შესაბამისად, დამტკიცებულად. სსსკ-ის 201-ე მუხლის მე-7 ნაწილით გათვალისწინებული შესაგებლის წარუდგენლობის ფაქტი თავისთავად განსაზღვრავს მტკიცების საგანს, რადგანაც მოსარჩელე თავისუფლდება სარჩელში მითითებული ფაქტების მტკიცებისაგან. აღნიშნული გარემოება დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის წინაპირობაცაა. საპროცესო კანონმდებლობით დადგენილია მოპასუხის მიერ კონკრეტული შესაგებლის წარდგენის ვალდებულება, კერძოდ, სსსკ-ის 201-ე მუხლის მე-4 ნაწილის შინაარსიდან გამომდინარე, დგინდება, რომ მოპასუხე უნდა შეედავოს მოსარჩელის გამართულ, დასაბუთებულ მოთხოვნას ანუ დავის გადაწყვეტისათვის სამართლებრივად მნიშვნელოვან ფაქტობრივ გარემოებებს, წინააღმდეგ შემთხვევაში, მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტები (და არა მისი სამართლებრივი შეხედულებები) დამტკიცებულად ითვლება“.შესაბამისად, მოპასუხეს მხოლოდ სამართლებრივი შედავების უფლება რჩება.
8.10. საკასაციო პალატა, ასევე მიუთითებს, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს, ხოლო ჩაბარების განსხვავებულ, გონივრულ წესზე მხარეთა შეთანხმების არსებობის შემთხვევაში − ამ შეთანხმებით გათვალისწინებული წესით. ამავე კოდექსის 73-ე მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებულია ორგანიზაციისათვის შეტყობინების ჩაბარების წესი. კერძოდ, ორგანიზაციისათვის გაგზავნილი უწყება უნდა ჩაბარდეს კანცელარიას ან ასეთივე დანიშნულების სტრუქტურულ ერთეულს ანდა პირს, ხოლო ასეთის არყოფნის შემთხვევაში - ორგანიზაციის შესაბამის უფლებამოსილ პირს, რომელიც უწყებას ადრესატს გადასცემს.
8.11. დასახელებული ნორმების შინაარსიდან გამომდინარე, უდავოა, რომ ორგანიზაციისათვის სასამართლო შეტყობინების გაგზავნისას, როდესაც შეტყობინება უშუალოდ ორგანიზაციას ეგზავნება, შეტყობინება უნდა ჩაბარდეს: ა) კანცელარიას, ბ) ასეთი დანიშნულების სტრუქტურულ ერთეულს ან პირს, გ) ორგანიზაციის შესაბამის უფლებამოსილ პირს, რომელიც შეტყობინებას ადრესატს გადასცემს, დ) მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული წესის შესაბამისად. კანონით განსაზღვრული სუბიექტებიდან ერთ-ერთისათვის სასამართლო შეტყობინების გადაცემას, კანონი მის ნამდვილობას უკავშირებს, რასაც შესაბამისი იურიდიული შედეგები მოჰყვება. სასამართლო უწყება ადრესატს ბარდება მხარის მიერ მითითებული ძირითადი მისამართის (ფაქტობრივი ადგილსამყოფლის), ალტერნატიული მისამართის, სამუშაო ადგილის, სასამართლოსთვის ცნობილი სხვა მისამართის ან მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული ჩაბარების განსხვავებული წესის მიხედვით (სუსგ. №ას-1678-1574-2012, 21.01.2013წ.).
8.12. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია სასამართლო გზავნილის საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებული სუბიექტებისთვის ჩაბარებას და არც მხარეები ყოფილან შეთანხმებული ჩაბარების განსხვავებულ წესზე, თუმცა განსახილველ საქმეში ადგილი აქვს დამატებით გარემოებებს, რომლებიც მიუთითებს გზავნილის კანონით დადგენილი წესით ჩაბარებაზე (შედ. სუსგ. Nას-1072-992-2017, 07.12.2017წ.).
8.13. მოქმედი „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-10 პუნქტის თანახმად, მეწარმის იურიდიული მისამართი არის მისი ფიზიკური მისამართი. 2021 წლის 2 აგვისტომდე მოქმედი “მეწარმეთა შესახებ” საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-4 პუნქტის მიხედვით, მეწარმე სუბიექტი რეგისტრირდება მის მიერ გაცხადებული მისამართის მიხედვით. დაინტერესებულმა პირმა იურიდიულ მისამართად უნდა მიუთითოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით განსაზღვრული მისამართი, რომელზედაც შესაძლებელი იქნება წერილობითი შეტყობინებაში(კორესპონდენციის)გაგზავნა. რეგისტრირებულ მისამართზე გაგზავნის შემდეგ წერილობითი შეტყობინება (კორესპონდენცია) ითვლება ოფიციალურად გაგზავნილ შეტყობინებად(კორესპონდენციად).
8.14. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2021 წლის 31 დეკემბრის №797 ბრძანებით დამტკიცებული „მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა რეგისტრაციის შესახებ“ ინსტრუქციის მე-12 მუხლის თანახმად, იურიდიული მისამართი არის მეწარმის ფიზიკური მისამართი საქართველოს ტერიტორიაზე; იურიდიულ მისამართად სუბიექტმა უნდა მიუთითოს ის ფიზიკური მისამართი, რომელზეც შესაძლებელია საზოგადოების დოკუმენტაციის გაცნობა და რომელზე მისული შეტყობინებაც ჩაბარებულად ჩაითვლება; მეწარმის იურიდიული მისამართის განსაზღვრისთვის სავალდებულოა ადგილსამყოფლის მესაკუთრის სათანადო წესით დადასტურებული თანხმობის ან ადგილსამყოფლით სარგებლობის თაობაზე დადგენილი წესით გაფორმებული შესაბამისი ხელშეკრულების სააგენტოში წარდგენა.
8.15. საქმის მასალებში წარმოდგენილია ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, რითაც დასტურდება, რომ ........ პირველ სართულზე მდებარე 27,59 კვ.მ და 46,38 კვ.მ ფართი საზოგადოების დირექტორის ა.პ–ის საკუთრებაა. ასევე, საქმის მასალებში არსებული მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან ამონაწერით დგინდება, რომ მოპასუხე კომპანიის ხელმძღვანელობაზე/წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირია დირექტორი ა.პ–ი, ხოლო კომპანიის იურიდიული მისამართია ........ (იხ. ტ. 1, ს.ფ. 39) ზემოაღნიშნული გარემოებები მიუთითებს, რომ მოცემულ შემთხვევაში მოპასუხე კომპანია დარეგისტრირებულია კომპანიის ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის - დირექტორის საცხოვრებელ ბინაში.
როგორც უკვე აღინიშნა, მოპასუხე კომპანიის ხელმძღვანელობაზე/ წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირია დირექტორი ა.პ–ი და შესაბამისად, იგი უფლებამოსილია ჩაიბაროს გზავნილი.
8.16. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 74-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ სასამართლო უწყების ჩამბარებელმა სასამართლოში გამოსაძახებელი პირი ვერ ნახა მხარის მიერ მითითებულ მისამართზე, იგი უწყებას აბარებს მასთან მცხოვრებ ოჯახის რომელიმე ქმედუნარიან წევრს.
8.17. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სასამართლო უწყების ჩაბარება განხორციელდა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული წესების სრული დაცვით. კერძოდ, საქმის მასალებით დასტურდება, რომ სარჩელი და თანდართული მასალები შპს "ა–ს" და ფიზიკურ პირს ა.პ–ს (რომელიც ამავდროულად, შპს ა–ის" დირექტორია) გაეგზავნა საზოგადოების რეგისტრაციის მისამართზე - ქ. თბილისი, ა. ........ და შეტყობინების ბარათით დასტურდება, რომ გზავნილი ჩაიბარა ვ.კ–ძემ (დედამთილი), რომელმაც ადრესატთან - შპს ,,ა–ის“ დირექტორთან, ი.პ–ვთან დამოკიდებულება დააფიქსირა, როგორც დედამთილი. ამასთან, პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე გამოცხადებულმა შპს ,,ა.ტ.ს–ის“ დირექტორმა ი.პ–ვმა დაადასტურა მისთვის სარჩელის ჩაბარების ფაქტი. ამრიგად, იმის გათვალისწინებით, რომ კომპანიის იურიდიული მისამართი წარმოადგენს დირექტორის საცხოვრებელი ბინის მისამართს, ხოლო დირექტორმა ვერ წარმოადგინა იმის დამადასტურებელი მტკიცებულება, რომ აღნიშნულ მისამართზე არსებობს კოდექსის 73-ე მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებული, გზავნილის ჩაბარებაზე უფლებამოსილი რომელიმე სხვა სუბიექტი, დირექტორის ოჯახის წევრისთვის გზავნილის ჩაბარება, მოცემულ შემთხვევაში უნდა ჩაითვალოს მოპასუხე კომპანიის დირექტორის მიერ ჩაბარებად.
8.18. კასატორი, ასევე არ ეთანხმება, 2019 წლის 25 მარტს, სს 8.6. ,,პ.ბ–ს’’ და სს ,,ა.ტ.ს–ს’’ შორის გაფორმებული საკრედიტო ხაზით მომსახურების ხელშეკრულების ფარგლებში მსესხებლის მიერ ნაკისრი ვალდებულების დარღვევის შესახებ სააპელაციო სასამართლოს სამართლებრივი დასკვნას.
8.19. განსახილველ დავაში, მოსარჩელის მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველია სსკ-ის 867-ე (საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა, მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით), 623-ე (სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს, დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი), 625.1 (მხარეთა შეთანხმებით სესხისათვის შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი. იპოთეკით უზრუნველყოფილი სესხის ხელშეკრულებაში უნდა მიეთითოს მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული ყოველთვიური საპროცენტო განაკვეთი), 417-ე-418-ე (პირგასამტეხლო – მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა – მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის; ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ, თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს, გარდა ამ კოდექსის 625-ე მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა; შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას) მუხლები.
8.20. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სსკ-ის 873-ე მუხლის მიხედვით კრედიტის გამცემს შეუძლია შეწყვიტოს საკრედიტო ურთიერთობა, თუ გათვალისწინებულია კრედიტის დაბრუნება ნაწილ-ნაწილ და კრედიტის ამღებმა გადააცილა ზედიზედ, სულ ცოტა, ორ ვადას და ორკვირიანი დამატებითი ვადის მიცემის შემდეგაც კი, არ მოხდება გადახდა. ნორმის დანაწესი მიუთითებს მსესხებელს, რომ მოწოდებული უნდა იყოს ვალდებულების ჯეროვნად შესრულებისკენ, ხოლო კრედიტორის დისკრეციული უფლებამოსილებაა („შეუძლია“), შეწყვიტოს ან არ შეწყვიტოს სამართალურთიერთობა. მითითებული ნორმა ეხება საბანკო-საკრედიტო ურთიერთობის შეწყვეტას კრედიტის არა მიმღების, არამედ გამცემის მიერ და ეს შესაძლებელია კანონიერი საფუძვლის არსებობისას. ასეთ საფუძვლად კი, მიჩნეულია კრედიტის ამღების მხრიდან კრედიტის ნაწილის, სულ ცოტა, ორი ვადით გადახდის გადაცილება მაშინ, როცა ხელშეკრულებით გათვალისწინებულია კრედიტის ნაწილ-ნაწილ დაბრუნება განსაზღვრულ დროში (იხ. სუსგ-ები: Nას-1351-2019, 8.05.2020; Nას-66-2020; 21.07.2020; №ას-910-972-2014, 04.03.2015წ.). ხელშეკრულების დადება, ისევე, როგორც შეწყვეტის უფლება, თავისუფალი კონტრაჰირების ერთ-ერთი გამოვლინებაა, რაც იმას ნიშნავს, რომ კრედიტორი თავად წყვეტს, მიუხედავად კონტრაჰენტის მიერ ვალდებულებების დარღვევისა, დარჩეს სახელშეკრულებო ურთიერთობაში თუ შეწყვიტოს იგი. ხელშეკრულების შეწყვეტის უფლება წარმოადგენს კრედიტის გამცემის უფლებას და არა მის ვალდებულებას (იხ. სუსგ. საქმე №ას-68-2020, 03.06.2020 წ.).
8.21. საკასაციო სასამართლო არაერთ გადაწყვეტილებაში/განჩინებაში უთითებს, რომ ყოველი კონკრეტული სამოქალაქო საქმის გადაწყვეტა სასამართლოში, დაკავშირებულია გარკვეული ფაქტების დადგენასთან. ფაქტების დადგენის აუცილებლობა განპირობებულია იმით, რომ სასამართლო იხილავს და წყვეტს მხარეთა შორის წარმოშობილ დავებს, რომლებიც სამართლით რეგულირებული ურთიერთობებიდან წარმოიშობიან. სამართლებრივი ურთიერთობა კი, როგორც ეს ცნობილია, შეიძლება აღმოცენდეს, განვითარდეს ან შეწყდეს მხოლოდ იურიდიული ფაქტების საფუძველზე. სწორედ მტკიცების ტვირთსა და მის სწორ განაწილებაზეა დამოკიდებული დასაბუთებული და კანონიერი გადაწყვეტილების მიღება.
8.22. საკასაციო პალატა ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს სამართლებრივ დასკვნას, რომ კასატორმა არ გამოიყენა მისი, როგორც მოპასუხის საპროცესო უფლება სარჩელში მითითებული ფაქტების უარსაყოფად და გასაქარწყლებლად, რის გამოც დადასტურებულად ჩაითვალა მოპასუხეების მხრიდან 2019 წლის 25 მარტის ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებების დარღვევა და ვალდებულების დარღვევისა და მისი შესრულებისათვის დამატებითი ვადის განსაზღვრის თაობაზე შეტყობინების მოპასუხისათვის გაგზავნა-ჩაბარება. კერძოდ, საკასაციო პალატა მიუთითებს 2019 წლის 31 დეკემბრის გამაფრთხილებელი შეტყობინებაზე(ს.ფ. 42 ტომი პირველი), რომელშიც აღნიშნულია, რომ, ვინაიდან დარღვეულია საკრედიტო ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხის გადახდის პირობები, წერილის ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში სრულად უნდა მოხდეს გადახდის დღისათვის ბანკის წინაშე არსებული დავალიანების გადახდა, წინააღმდეგ შემთხვევაში, ბანკი მიმართავს სასამართლოს კრედიტის მთლიანი თანხის, მასზე ვადის ბოლომდე დარიცხული პროცენტის, პირგასამტეხლოს და ამ პროცესთან დაკავშირებული ყველა თანმდევი ხარჯის დაკისრების მოთხოვნით.
8.23. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 868.1 მუხლის შესაბამისად, მხარეთა შეთანხმებით კრედიტორისათვის შეიძლება განისაზღვროს მყარი ან ცვალებადი საპროცენტო განაკვეთი. განსახილველ შემთხვევაში, სადავო არ არის, რომ მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე, ბანკმა მსესხებელზე გასცა კრედიტი 75000 აშშ დოლარის ოდენობით, კრედიტის ვადა განისაზღვრა 12 თვის ვადით, წლიური საპროცენტო განაკვეთი - 8,5% სარგებლით.
8.24. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო კოდექსი აღიარებს და ეფუძნება „pacta sunt servanda-ს“ (ხელშეკრულება უნდა შესრულდეს) პრინციპს, რომლის თანახმად ხელშეკრულების მხარემ, რომელმაც იკისრა ვალდებულება, უნდა შეასრულოს ხელშეკრულებით მისივე ნებით შეთანხმებული უფლება-მოვალეობები. სსკ-ის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. ამ მოთხოვნათა შეუსრულებლობა ვალდებულების დარღვევაა. სამოქალაქო კანონმდებლობა ვალდებულების დარღვევის პრევენციისათვის ითვალისწინებს მოთხოვნის უზრუნველყოფის სანივთო და ვალდებულებით სამართლებრივ საშუალებებს, რომლებიც ვალდებულების შესრულებას ემსახურებიან და რომელთა შერჩევა მხარეთა ნებაზეა დამოკიდებული.
8.25. ერთ-ერთ საქმეში საკასაციო სასამართლოს მიერ განმარტებულია: „სასამართლო მხედველობაში იღებს შემდეგ გარემოებებს: საბანკო კრედიტის ხელშეკრულება, სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის თანახმად, ყოველთვის სარგებლიან სესხს წარმოადგენს, რომლის ფარგლებშიც კრედიტორი, ვალდებულების ჯეროვანი შესრულების შემთხვევაში, იბრუნებს როგორც სესხად გაცემული თანხის ძირს, ისე ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პროცენტს“ (სუსგ-ებს: №ას-226-2019, 24.04. 2020; Nას-725-693-2014; Nას-914-864-2015; Nას-932-882-2015).
8.26. საქმის მასალებით ასევე დადგენილია, რომ სარჩელის წარდგენის დროისთვის დავალიანება შეადგენდა 50 212,62 აშშ დოლარს (49 253,43 აშშ დოლარის ოდენობით ძირი თანხა, 959,19 აშშ დოლარი საპროცენტო სარგებელი).
8.27. საქმის მასალებით დასტურდება, რომ მხარეები წინასწარ იყვნენ წერილობით შეთანხმებულნი მასზედ, რომ თუ მსესხებლის სასესხო ანგარიშზე ყოველთვიურად ბრუნვა არ შეადგენს გაცემული თანხის 50%-ს, ბანკი უფლებამოსილი იყო შეეწყვიტა ხელშეკრულება და მოეთხოვა კრედიტის მთლიანი თანხის, მასზე დარიცხული პროცენტის და პირგასამტეხლოს გადახდა. ამასთან, იპოთეკის საგნის გარდა, მოთხოვნა დაკმაყოფილებული იქნებოდა მსესხებლის/სოლიდარული მოვალის სხვა ქონებითაც. ვინაიდან, მსესხებელმა დაარღვია სესხის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება და ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში სესხის თანხა და შეთანხმებული პროცენტი არ გადაიხადა, ამასთან სესხი უზრუნველყოფილია რ.ქ–ის სოლიდარული ვალდებულებით (სოლიდარული მოვალე) და ი.პ–ვის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებებით, საკასაციო პალატის მოსაზრებით, დასაბუთებულია მოსარჩელის მოთხოვნა, თუკი იპოთეკის საგნის რეალიზაციით ამონაგები თანხა არასაკმარისი იქნება, დავალიანების სრულად დაფარვის მიზნით განხორციელდეს მოვალის და სოლიდარული მოვალის საკუთრებაში არსებული ყველა სხვა ქონებების რეალიზაციით.
8.28 ამდენად, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორმა მიუთითა რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც, საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.
8.29. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
9. პროცესის ხარჯები:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებელია, ხოლო კასატორს, შპს „ა.ტ.ს–ს“ გადახდილი აქვთ საკასაციო სამართალწარმოებისათვის განსაზღვრული სახელმწიფო ბაჟი, ი.პ–ვს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 2236 ლარის 70% - 1565,2 ლარი;
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, ასევე 408.3-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შპს „ა.ტ.ს–ის“ საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. კასატორს, შპს „ა.ტ.ს–ს“ (ს/ნ .........) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს ი.პ–ვის მიერ, სს „საქართველოს ბანკში“, საკასაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის სახით, 2022 წლის 14 ივნისს, №13582956053 საგადახდო დავალებით გადახდილი 2236 ლარის 70% - 1565,2 ლარი;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე თეა ძიმისტარაშვილი
მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი
ამირან ძაბუნიძე