საქმე №ას-1437-2022 29 ნოემბერი, 2023 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთ პალატა
შემადგენლობა:
ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ზურაბ ძლიერიშვილი, ეკატერინე გასიტაშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – მ.მ–ი (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – თ.მ–ძე (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 13 სექტემბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად სააპელაციო სასამართლოში დაბრუნება
დავის საგანი – დამატებითი ხარჯების ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 13 სექტემბრის განჩინებით მ.მ–ის (შემდგომში - „მოსარჩელე“, „დედა“ ან „კასატორი“) სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 17 თებერვლის გადაწყვეტილება, რომლითაც მოსარჩელის სარჩელი (სარჩელით მოთხოვნილი იყო მოპასუხისათვის არასრულწლოვანი შვილის სასარგებლოდ მკურნალობისათვის გაწეული დამატებითი ხარჯის - 20 000 აშშ დოლარისა და 363,075 ლარის გადახდის დაკისრება) თ.მ–ძის (შემდგომში - „მოპასუხე“ ან „მამა“) მიმართ დამატებითი ხარჯების ანაზღაურების თაობაზე დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და მოპასუხეს არასრულწლოვანი შვილის, 2010 წლის 08 ნოემბერს დაბადებული ზ.მ–ძის (შემდგომში - „არასრულწლოვანი“ ან „ბავშვი“) სასარგებლოდ დაეკისრა ერთჯერადად დამატებითი ხარჯის - 363,075 ლარის გადახდა.
2. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
2.1. მოსარჩელე და მოპასუხე 2010 წლის 17 აპრილიდან იმყოფებოდნენ რეგისტრირებულ ქორწინებაში. თანაცხოვრების პერიოდში - 2010 წლის 08 ნოემბერს შეეძინათ შვილი.
2.2. მხარეები ცხოვრობენ ცალ-ცალკე. არასრულწლოვანი ბავშვი ცხოვრობს დედასთან ერთად.
2.3. არასრულწლოვანს 2013 წელს დაუდგინდა დიაგნოზი Ewing sarcoma - მეტასტაზირებული; ბიოფსია გაკეთდა საქართველოში; ოჯახი ჩავიდა ისრაელში სამკურნალოდ; არასრულწლოვანმა გაირა ქიმიოთერაპიის კურსი, გაუკეთდა პირველადი წარმონაქმნის, მარჯვენა თირკმლის და მე-5 ნეკნში მეტასტაზის მოკვეთის ოპერაცია; გაუკეთდა ძვლის ტვინის გადანერგვა; წარმოიშვა კოჭლობა მარცხენა ფეხზე; რამდენიმე კვირა განაგრძო მეტრონომულ ანტიანგიოგენური მკურნალობა, შემდეგ ქიმიოთერაპიული მკურნალობა; გაუკეთდა წარმონაქმნის მარცხენა თირკმელთან ერთად მოკვეთის ოპერაცია; 2014 წელს გაუკეთდა ძვლის ტვინის გადანერგვა; ორი წლის განმავლობაში გადიოდა მეტრონომულ ანტიანგიოგენურ ქიმიოთერაპიულ მკურნალობას; გამოვლინდა თირკმლის ქრონიკული დაზიანება; გადის წამლებით მკურნალობას; აწუხებს კოჭლობა, ორჯერ გაუკეთდა ორთოპედიული ოპერაცია; გაიარა ბიფოსფონატების ორი კურსი; განაგრძობს ონკოლოგის მეთვალყურეობის ქვეშ ყოფნას და კვლევებს.
2.4. არასრულწლოვნის მკურნალობის მიზნით ანალიზებისა და გამოკვლებისთვის გადახდილია შემდეგი თანხები: 29.07.2019 წელს - 33,75 ლარი, 26.08.2019 წელს - 79 ლარი, 28.06.2020 წელს - 77 ლარი, 28.06.2020 წელს - 115,90 ლარი, 28.06.2020 წელს - 200 ლარი და 21.08.2020 წელს - 220,50, ლარი, სულ გადახდილია - 726,15 ლარი.
2.5. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 08 მაისის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და მოპასუხეს არასრულწლოვანი შვილის სასარგებლოდ დაეკისრა ალიმენტის გადახდა თვეში 300 ლარის ოდენობით სარჩელის აღძვრის დღიდან - 2019 წლის 27 მარტიდან ბავშვის სრულწლოვანებამდე.
2.6. აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს წარმოებაშია თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე 24.05.2019 წელს გაცემული N2/6396-19 სააღსრულებო ფურცელი. სააღსრულებო წარმოების დაწყებიდან 21.10.2019 წლამდე გადახდილი თანხა საერთო ჯამში შეადგენს - 1067,80 ლარს, ბოლო გადახდა განხორციელებულია 2019 წლის 25 სექტემბერს.
2.7. სსიპ შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებზე დაყრდნობით, მოპასუხე 2018 წლის იანვრიდან - 2019 წლის სექტემბრის ჩათვლით დასაქმებული იყო მუზეუმების გაერთიანებაში და მისი დასაბეგრი შემოსავალი 2018 წლის იანვრიდან 2018 წლის ნოემბრის ჩათვლით იყო 1250 ლარი, საიდანაც დაკავებული გადასახადი იყო - 250 ლარი; 2018 წლის დეკემბერში - 2236 ლარი, ხოლო დაკავებული გადასახადი - 447,2 ლარი; 2019 წლის იანვრიდან 2019 წლის მაისის ჩათვლით დასაბეგრი შემოსავალი შეადგენდა - 1400 ლარს, საიდანაც დაკავებული გადასახადი იყო - 274,4 ლარი; 2019 წლის ივნისში დასაბეგრი შემოსავალი შეადგენდა - 2800 ლარს, საიდანაც დაკავებული გადასახადი იყო - 548,8 ლარი; 2019 წლის ივლისში დასაბეგრი შემოსავალი შეადგენდა - 3000 ლარს, საიდანაც დაკავებული გადასახადი იყო - 588 ლარი; 2019 წლის აგვისტოში დასაბეგრი შემოსავალი შეადგენდა - 135 ლარს, საიდანაც დაკავებული გადასახადი იყო - 26,46 ლარი; ხოლო, 2019 წლის სექტემბერში დასაბეგრი შემოსავალი შეადგენდა - 1070 ლარს, საიდანაც დაკავებული გადასახადი იყო - 209,72 ლარი.
3. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ მოსარჩელის განმარტებით, არასრულწლოვნისთვის ჩატარებულ სამედიცინო მომსახურებაზე გაღებული ხარჯების დაფარვის მიზნით, მან 2019 წელს ისესხა 40 000 აშშ დოლარი, რომლის ნახევარიც ბავშვის მამას უნდა დაეკისროს სსკ-ის 1215-ე მუხლიდან გამომდინარე. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების დასადასტურებლად მოსარჩელემ სასამართლოს წარუდგინა ისრაელის სახელმწიფოს ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს თელ-ავივის უნივერსიტეტის საკლერის სახელობის სამედიცინო სკოლასთან არსებული ხაიმ შევას სახელობის სამედიცინო ცენტრის ჰემატო-ონკოლოგიური განყოფილების მიერ 2019 წლის 24 იანვარს გაცემული ცნობა (სადაც მითითებულია, რომ არასრულწლოვანმა ბავშვმა გაირა ქიმიოთერაპიის კურსი; გაუკეთდა პირველადი წარმონაქმნის, მარჯვენა თირკმლის და მე-5 ნეკნში მეტასტაზის მოკვეთის ოპერაცია; გაუკეთდა ძვლის ტვინის გადანერგვა; წარმოიშვა კოჭლობა მარცხენა ფეხზე; რამდენიმე კვირა განაგრძო მეტრონომულ ანტიანგიოგენური მკურნალობა, შემდეგ ქიმიოთერაპიული მკურნალობა; გაუკეთდა წარმონაქმნის მარცხენა თირკმელთან ერთად მოკვეთის ოპერაცია; 2014 წელს გაუკეთდა ძვლის ტვინის გადანერგვა; ორი წლის განმავლობაში გადიოდა მეტრონომულ ანტიანგიოგენურ ქიმიოთერაპიულ მკურნალობას; გამოვლინდა თირკმლის ქრონიკული დაზიანება; გადის წამლებით მკურნალობას; აწუხებს კოჭლობა; ორჯერ გაუკეთდა ორთოპედიული ოპერაცია; გაიარა ბიფოსფონატების ორი კურსი; განაგრძობს ონკოლოგის მეთვალყურეობის ქვეშ ყოფნას და კვლევებს) (იხ. ს.ფ. 21-22) და ხელწერილი სესხის აღების თაობაზე (იხ. ს.ფ. 42). ამასთან, მოსარჩელის წარმომადგენლის განმარტებით, მოსარჩელემ ოპერაციის ჩატარებისთვის საჭირო თანხა გადაიხადა უნაღდო ანგარიშსწორებით, თუმცა საავადმყოფო ამის დამადასტურებელ შესაბამის ქვითარს არ გასცემს (იხ. 11.09.2022წ. სხდომის ოქმის აუდიო ჩანაწერი 13:17:31 წუთიდან). აღნიშნული გარემოების საპირისპიროდ მოპასუხემ მიუთითა, რომ არასრულწლოვანი არის ისრაელის მოქალაქე, სარგებლობს სახელმწიფო დაზღვევით და ჩართულია ყველა სამკურნალო პროგრამაში, მის ისრაელში ცხოვრებას სჭირდებოდა საკმაოდ დიდი თანხები, ხოლო განქორწინების შემთხვევაში მოსარჩელე მიიღებდა შემწეობას ისრაელის მთავრობისაგან, როგორც მარტოხელა დედა.
4. სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 4.1, 102.1, 102.2 მუხლებით და აღნიშნა, რომ საქმეში არ არის წარდგენილი არასრულწლოვნისთვის ჩატარებული ოპერაციისა და გაწეული მკურნალობის კალკულაცია. ამასთან, მოსარჩელეს არ წარუდგენია აღნიშნული ინფორმაციის გამოთხოვის თაობაზე საავადმყოფოსთვის მიმართვის დამადასტურებელი დოკუმენტი და არც შესაბამისი მტკიცებულება ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შესახებ. აქედან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობა, რომ მოსარჩელემ ვერ დაძლია მტკიცების ტვირთი და ვერ დაადასტურა, რომ არასრულწლოვნის სამედიცინო მომსახურებისთვის მან სარჩელში მითითებული ოდენობის ხარჯი გასწია.
5. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, აპელანტის დავობს, რომ იგი სესხის ხელწერილით 40 000 აშშ დოლარის წარმომავლობას ადასტურებს და არა სესხის ხელშეკრულებას, მისმა დედამ გაყიდა ბინა და გადაიხადა სესხი, რაც წლების განმავლობაში შვილის მკურნალობის მიზნით არის გადახდილი. აღნიშნული გარემოების დასადასტურებლად მოსარჩელემ წარადგინა ხელწერილი (იხ. ს.ფ. 42), თუმცა მოპასუხემ სადავოდ გახადა ხელწერილის ავთენტურობა და განმარტა, რომ წარდგენილი ხელწერილი არ ადასტურებს მიიღო თუ არა მოსარჩელემ თანხა და დაიხარჯა თუ არა აღნიშნული თანხა შვილის მკურნალობისთვის.
6. სააპელაციო პალატამ მოიხმო საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 624-ე მუხლი, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლი და იმის გათვალისწინებით, რომ მოპასუხემ სადავო გახადა სამედიცინო მომსახურებისთვის დამატებითი ხარჯის გაწევის მიზნით მოსარჩელის მიერ სესხის აღების ფაქტი, მიიჩნია, რომ მოსარჩელემ ვერ დაადასტურა მისი მტკიცების საგანში შემავალი გარემოება - სესხის ხელშეკრულების დადების ფაქტი.
7. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ თუნდაც დადასტურებულიყო სესხის ხელშეკრულების დადების ფაქტი, აღნიშნული მაინც ვერ გახდებოდა დამატებითი ხარჯის დაკისრების საფუძველი, რადგან, როგორც აღინიშნა, მოსარჩელემ სასამართლოს ვერ წარუდგინა იმის დამადასტურებელი სათანადო მტკიცებულება, რომ არასრულწლოვნის სამედიცინო მომსახურებისთვის მან სარჩელში მითითებული ოდენობის ხარჯი გასწია და სესხად აღებული და ხელწერილში მითითებული თანხა არასრულწლოვნის მკურნალობას მოხმარდა.
8. სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნულ განჩინებაზე მოსარჩელემ წარადგინა საკასაციო საჩივარი, რომლითაც მისი გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად სააპელაციო სასამართლოში დაბრუნება მოითხოვა.
9. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
10. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.
11. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
12. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.
13. კასატორს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით პრეტენზია (შედავება) არ განუხორციელებია.
14. საკასაციო საჩივრის თანახმად:
14.1. საქმეში წარდგენილია ისრაელის სახელმწიფოს ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს თელ-ავივის უნივერსიტეტის საკლერის სახელობის სამედიცინო სკოლასთან არსებული ხაიმ შევას სახელობის სამედიცინო ცენტრის ჰემატო-ონკოლოგიური განყოფილების მიერ გაცემული ცნობა, სადაც მითითებულია, რომ არასრულწლოვანს ჩაუტარდა ოპერაცია, ქიმიოთერაპია, გარკვეული მკურნალობები და სიცოცხლის ბოლომდე საჭიროებს მკურნალობას. არასრულწლოვნის მკურნალობისთვის დაიხარჯა 40 000 აშშ დოლარზე მეტი;
14.2. მოსარჩელე სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე კი არ ითხოვდა 40 000 აშშ დოლარის დაკისრებას, არამედ იგი ითხოვს არასრულწლოვნის მკურნალობის ხარჯებს 20 000 აშშ დოლარს. მოსარჩელე სესხის ხელწერილით 40 000 აშშ დოლარის წარმომავლობას ადასტურებს და არა სესხის ხელშეკრულებას. მოსარჩელის დედამ გაყიდა ბინა და გადაიხადა სესხი, რაც წლების განმავლობაში არასრულწლოვნის მკურნალობისთვის იქნა აღებული.
15. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1215-ე მუხლის თანახმად, მშობელს, რომელიც ალიმენტს უხდის არასრულწლოვან შვილებს, შეიძლება დაეკისროს მონაწილეობა დამატებით ხარჯებში, რომლებიც გამოწვეულია განსაკუთრებული გარემოებებით (ბავშვის მძიმე ავადმყოფობით, დასახიჩრებით და სხვა).
16. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ზემოაღნიშნული მუხლი წარმოადგენს საგამონაკლისო ნორმას, რომელსაც არ აქვს ალიმენტის მსგავსი განგრძობადი ხასიათი. ალიმენტისაგან, როგორც მშობლის უპირობო ვალდებულებისაგან განსხვავებით, რომელიც არ მოითხოვს შვილის სპეციალური საჭიროების დადასტურებას, დამატებით ხარჯებში მონაწილეობის ვალდებულება წარმოიშობა მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში, ვინაიდან საალიმენტო სახსრები შეიძლება არ იყოს საკმარისი იმ დამატებითი ხარჯების განსახორციელებლად, რაც გამოწვეულია განსაკუთრებული გარემოებებით. ეს არის განსაკუთრებულ გარემოებათა გამო დამატებით ხარჯებში მონაწილეობა და არა ბავშვის სარჩენი ხარჯების დამატებითი გადახდევინება (იხ. სუსგ საქმე Nას-180-507-2009, 25 ივნისი, 2009 წელი). დამატებით ხარჯებში მონაწილეობისათვის აუცილებელია, რომ მშობელს დაკისრებული ჰქონდეს შვილის სასარგებლოდ ალიმენტის გადახდა (შედ. იხ. სუსგ საქმე Nას-763-714-2010, 02 დეკემბერი, 2010 წელი). ამასთან, მხარემ, რომელიც ითხოვს დამატებითი ხარჯების გაწევას, უნდა დაადასტუროს ამგვარი ხარჯების საჭიროება ან მათი ფაქტობრივი გაწევა. ამასთან, მართალია, დამატებით ხარჯებში მონაწილეობა ალიმენტთან პირდაპირ დაკავშირებული არ არის, თუმცა სასამართლო ითვალისწინებს დაკისრებული ალიმენტის ოდენობასაც, ვინაიდან, თუკი ალიმენტის ოდენობა ფარავს განსაკუთრებულ ხარჯებს, აღარ არსებობს მშობლისათვის დამატებითი თანხის დაკისრების აუცილებლობა (შედ. იხ. სუსგ საქმე Nას-605-579-2016, 17 თებერვალი, 2017 წელი). დამატებით ხარჯებში მონაწილეობა დადგენილი უნდა იყოს მყარი თანხით და არ შეიძლება მისი წილობრივი დაკავშირება ხელფასის ან სხვა შემოსავლის ოდენობასთან. მართალია, საერთო წესის მიხედვით, დამატებით ხარჯებში მონაწილეობას ერჯერადი ხასიათი გააჩნია, თუმცა საჭიროების მიხედვით, შესაძლებელია მშობელს დამატებით ხარჯებში მონაწილეობა დაეკისროს პერიოდული გადახდის სახით გარკვეული დროის განმავლობაში (იხ. სუსგ საქმე Nას-180-507-2009, 25 ივნისი, 2009 წელი). ამასთან, თუკი ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამას მოითხოვს, შესაძლებელია დამატებით ხარჯებში განისაზღვროს ყოველთვიურად, ბავშვის მიერ სრულწლოვანების მიღწევამდე ან მანამდე მდგომარეობის სხვაგვარად შეცვლამდე (შედ. იხ. სუსგ საქმე Nას-733-733-2018, 11 ივლისი, 2018 წელი)
17. საკასაციო სასამართლო ასევე განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის შესაბამისად, ზემოაღნიშნული ნორმით გათვალისწინებული გარემოებების არსებობის მტკიცების ტვირთი ეკისრება მოსარჩელეს, რომელთა დამტკიცება აღნიშნული მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, შეიძლება მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით.
18. განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელემ ვერ უზრუნველყო მისი წილი მტკიცების ტვირთის რეალიზება და სასამართლოს ვერ წარუდგინა იმ გარემოების დამადასტურებელი სათანადო მტკიცებულება, რომ მან არასრულწლოვანი შვილის მკურნალობისათვის გასწია ხარჯი 40 000 აშშ დოლარის ოდენობით. მოსარჩელის მიერ სარჩელზე დართული ისრაელის სახელმწიფოს ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს თელ-ავივის უნივერსიტეტის საკლერის სახელობის სამედიცინო სკოლასთან არსებული ხაიმ შევას სახელობის სამედიცინო ცენტრის ჰემატო-ონკოლოგიური განყოფილების 24.01.2019წ. ცნობით (იხ. ს.ფ. 21-22) აღნიშნული გარემოება არ დასტურდება, მასში მითითებულია ინფორმაცია არასრულწლოვნისთვის დადგენილი დიაგნოზის, ჩატარებული მკურნალობისა და მდგომარეობის შესახებ. რაც შეეხება მოსარჩელის მიერ წარდგენილ ხელწერილს (იხ. ს.ფ. 42), მის მიერ 40 000 აშშ დოლარის ოდენობით სესხის აღების დადასტურების შემთხვევაშიც, საქმეში არსებული მტკიცებულებებით არ დასტურდება, რომ სესხი სწორედ არასრულწლოვნის მკურნალობას მოხმარდა. ხელწერილში არსებული ჩანაწერი, რომ მოსარჩელემ სესხი არასრულწლოვნის ოპერაციისათვის აიღო, აღნიშნულის დამადასტურებელ საკმარის მტკიცებულებას არ წარმოადგენს.
19. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული რომელიმე წინაპირობა, კასატორს არ წარმოუდგენია იმგვარი დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია, რომელიც საკასაციო საჩივრის არსებითად განსახილველად დაშვების შესაძლებლობას მისცემდა სასამართლოს, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
20. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, კასატორი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. მ.მ–ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველი;
2. კასატორი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. ბაქაქური
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ე. გასიტაშვილი