Facebook Twitter

საქმე №ას-1154-2022 31 ოქტომბერი, 2023 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ზურაბ ძლიერიშვილი, ეკატერინე გასიტაშვილი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორები – შპს „რ–კა“, შპს „ქ.ბ.ჯ–ი“ (მოპასუხეები)

მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ს.ჯ.პ–ი“ (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 25 მაისის განჩინება

კასატორების მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 25 მაისის განჩინებით შპს „რ–კას“ (შემდგომში - „პირველი მოპასუხე“, „მყიდველი“ ან „პირველი კასატორი“) და შპს „ქ.ბ.ჯ–ის“ (შემდგომში - „მეორე მოპასუხე“, „მყიდველი“ ან „მეორე კასატორი“) სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 28 ივლისის გადაწყვეტილება, რომლითაც შპს „ს.ჯ.პ–ის“ (შემდგომში - „მოსარჩელე“ ან „გამყიდველი“) სარჩელი (მოსარჩელე სარჩელით ითხოვდა მოპასუხეებისათვის ძირითადი დავალიანებისა და პირგასამტეხლოს გადახდის დაკისრებას, ასევე, მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურებას) მოპასუხეთა მიმართ ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ 22 322,69 ლარის გადახდა; მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ ასევე დაეკისრათ ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 22 322,69 ლარის 0,1%-ის ოდენობით პირგასამტეხლოს სოლიდარულად გადახდა 2019 წლის 27 აპრილიდან აღსრულების დაწყებამდე.

2. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

2.1. მოსარჩელესა და მოპასუხეებს შორის 2019 წლის 10 იანვარს დაიდო საწვავის ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლითაც გამყიდველმა იკისრა ვალდებულება, რომ მყიდველებს ეტაპობრივად მიჰყიდდა საწვავს და მიაწვდიდა „საწვავის მიღების საშუალებას“, ასევე, მყიდველების სახელზე გამოწერდა ნავთობპროდუქტების სპეციალურ საგადასახადო ანგარიშფაქტურას. თავის მხრივ, მყიდველებმა იკისრეს ვალდებულება, რომ გადაიხდიდნენ საწვავის ფასს შესაბამისი ნავთობპროდუქტების სპეციალური საგადასახადო ანგარიშფაქტურის გამოწერის თარიღიდან 30 კალენდარულ დღეში. საწვავის ფასი უნდა გამოანგარიშებულიყო ყოველ ჯერზე ხელშეკრულების დანართში გათვალისწინებული ფასდაკლებისა და ფასის გამოთვლის წესის შესაბამისად (იხ. ტ. 1, ს.ფ. 27-33).

2.2. ნასყიდობის ხელშეკრულება ითვალისწინებდა შეთანხმებას პირგასამტეხლოს თაობაზე, კერძოდ, გამყიდველს უფლება ჰქონდა, ნასყიდობის ფასის გადახდის ვადის დარღვევის შემთხვევაში, მყიდველებისათვის დაერიცხა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე გადაუხდელი თანხის 0,1%.

2.3. მოსარჩელესა და მოპასუხეებს შორის 2019 წლის 10 იანვარს ასევე გაფორმდა სოლიდარული პასუხისმგებლობის შესახებ ხელშეკრულება, რომლითაც მოპასუხეებმა მოსარჩელის წინაშე 10.01.2019წ. ნასყიდობის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაზე სოლიდარული პასუხისმგებლობა იკისრეს. სოლიდარული პასუხისმგებლობის მაქსიმალური ზღვარი განისაზღვრა 60 000 ლარით. სოლიდარული მოვალეების პასუხისმგებლობა მოიცავდა ძირითად ვალდებულებას, ძირითადი ვალდებულების შეუსრულებლობით მიყენებულ ზიანს, დარიცხულ საურავებსა და პირგასამტეხლოს.

2.4. აღნიშნული ხელშეკრულების 2.1.2 პუნქტის თანახმად, გამყიდველი უფლებამოსილი იყო, მოთხოვნა წაეყენებინა სოლიდარულად პასუხისმგებელი პირებისათვის ერთ-ერთი სოლიდარული მოვალის მიმართ იძულებით აღსრულების მცდელობის გარეშეც, თუ ერთ-ერთი სოლიდარულად პასუხისმგებელი პირი გადააცილებდა ვალდებულების შესრულების ვადას და უშედეგოდ იქნებოდა გაფრთხილებული, ან/და აშკარა იქნებოდა, რომ ვალდებულება არ შესრულდებოდა (იხ. ტ. 1, ს.ფ. 191-194).

2.5. 2019 წლის 11 მარტიდან 26 მარტამდე მეორე მოპასუხემ შეისყიდა და მიიღო 22 322,69 ლარის საწვავი. ნასყიდობის საფასურის გადახდის ბოლო ვადა იყო 2019 წლის 26 აპრილი, თუმცა მყიდველს ნასყიდობის ფასი არ გადაუხდია.

2.6. გამყიდველმა 2019 წლის 21 აგვისტოს მეორე მოპასუხეს მიმართა და აცნობა, რომ ერიცხება დავალიანება 22 322,69 ლარის ოდენობით. ამავე წერილით გამყიდველმა მოპასუხეს ვალდებულების შესასრულებლად წერილის ჩაბარებიდან 05 დღის ვადა განუსაზღვრა.

3. სააპელაციო სასამართლომ სააპელაციო საჩივარში მითითებული პრეტენზიების გათვალისწინებით, პირველ რიგში შეაფასა პირველი მოპასუხის წარმომადგენლის იმ მტკიცების საფუძვლიანობა, რომლის მიხედვითაც, 10.01.2019წ. სოლიდარული პასუხისმგებლობის შესახებ ხელშეკრულება თავისი სამართლებრივი შინაარსით თავდებობის ხელშეკრულებას წარმოადგენს და ფორმადაუცველობის საფუძვლით (თავდების წერილობითი განცხადების არარსებობის გამო) ბათილად უნდა იქნეს მიჩნეული.

4. სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 463-ე, 464-ე, 465-ე, 891-ე, 895-ე, 892-ე მუხლებით და აღნიშნა, რომ მოცემულ შემთხვევაში სადავო ხელშეკრულებით განსაზღვრულია გამყიდველის უფლება, ნებისმიერი სოლიდარული მოვალისაგან მოითხოვოს ვალდებულების შესრულება. სადავო ხელშეკრულებით სახეზეა არა ისეთი შემთხვევა, როდესაც ერთი პირი ძირითადი მოვალეა, ხოლო მეორე პირი სოლიდარულად იღებს პასუხისმგებლობას ძირითადი ვალდებულების შესრულებაზე (როგორც ეს თავდებობის ხელშეკრულების შემთხვევაშია გათვალისწინებული), არამედ ორივე მოპასუხე მოსარჩელესთან ნასყიდობის სამართლებრივ ურთიერთობაში იმყოფებოდა და ორივე მათგანმა სოლიდარული პასუხისმგებლობა იკისრა ნასყიდობის ხელშეკრულებებიდან გამომდინარე ერთმანეთის ვალდებულებებზე. ამდენად, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში სახეზეა სამოქალაქო კოდექსის 463-ე მუხლით გათვალისწინებული სოლიდარული პასუხისმგებლობის შესახებ შეთანხმება და, შესაბამისად, არ არსებობდა აპელანტის პრეტენზიის გაზიარების საფუძველი.

5. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ ვინაიდან მოპასუხეებს სარჩელზე წარდგენილი შესაგებლით 10.01.2019წ. ნასყიდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ნასყიდობის საფასურის - 22 322,69 ლარის გადაუხდელობის ფაქტი სადავოდ არ გაუხდიათ, მოპასუხეებს მისი შესრულების ვალდებულება ეკისრებათ.

6. სააპელაციო პალატის მითითებით, სააპელაციო საჩივრით მოპასუხეთა მიერ სადავოდ არის გამხდარი პირველი ინსტანციის სასამართლოს მხრიდან სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის გამოუყენებლობის ფაქტი. ამასთან, დადგენილია, რომ მოპასუხეებმა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება არ შეასრულეს და შეთანხმებიდან გამომდინარე, მათ ერიცხებათ პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე შეუსრულებელი ვალდებულების - 22 322.69 ლარის 0,1%-ის ოდენობით 2019 წლის 27 აპრილიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე.

7. სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე, 420-ე მუხლებით და ყურადღება მიაქცია იმ გარემოებას, რომ მოცემულ შემთხვევაში მოპასუხეებს სარჩელის წინააღმდეგ წარდგენილი შესაგებელით პირგასამტეხლოს ოდენობასთან დაკავშირებით კვალიფიციური შედავება არ განუხორციელებიათ. მოპასუხეებს არ მიუთითებიათ, თუ რატომ უნდა მიჩნეულიყო კერძო ავტონომიისა და ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპის საფუძველზე მხარეთა მიერ შეთანხმებული პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალ ოდენობად და რა გარემოებების გათვალისწინებით უნდა შეემცირებინა იგი სასამართლოს. შესაბამისად, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ არსებობდა მოპასუხის დასაბუთებული შედავება პირგასამტეხლოს შემცირების თაობაზე, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სახელშეკრულებო თავისუფლების ფარგლებში (მით უფრო, რომ მოპასუხე იურიდიულ პირს წარმოადგენს და როგორც მეწარმე სუბიექტს, წინდახედულობის მაღალი სტანდარტი მოეთხოვება) მხარეთა მიერ შეთანხმებული პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირების საფუძველი არ არსებობდა.

8. სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნულ განჩინებაზე მოპასუხეებმა წარადგინეს საკასაციო საჩივარი, რომლითაც მისი გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.

9. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

10. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.

11. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

12. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.

13. კასატორებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით პრეტენზია (შედავება) არ განუხორციელებია.

14. საკასაციო საჩივრის თანახმად, სასამართლოს უნდა გაეთვალისწინებინა ის გარემოება, რომ მხარეს მოთხოვნილი ჰქონდა შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო და სამოქალაქო კოდექსის საფუძველზე მისი ოდენობა შეემცირებინა, მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნულის თაობაზე მხოლოდ სასამართლო სხდომაზე გაჟღერდა; ამასთან, სასამართლოს პირველი მოპასუხის ნაწილში საერთოდ არ უნდა გაეთვალისწინებინა სარჩელი, რადგან საქმეში არაა თავდების განცხადება, რაც სამოქალაქო კოდექსის თანახმად, თავდებობის აუცილებელი პირობაა.

15. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 463-ე მუხლით განსაზღვრულია სოლიდარული ვალდებულების არსი. აღნიშნული ნორმის თანახმად, თუ რამდენიმე პირს ევალება ვალდებულების შესრულება ისე, რომ თითოეულმა უნდა მიიღოს მონაწილეობა მთლიანი ვალდებულების შესრულებაში (სოლიდარული ვალდებულება), ხოლო კრედიტორს აქვს შესრულების მხოლოდ ერთჯერადი მოთხოვნის უფლება, მაშინ ისინი წარმოადგენენ სოლიდარულ მოვალეებს. იმავე კოდექსის 464-ე მუხლის მიხედვით, სოლიდარული ვალდებულება წარმოიშობა ხელშეკრულებით, კანონით ან ვალდებულების საგნის განუყოფლობით.

16. სამოქალაქო კოდექსის 463-ე მუხლი ზუსტად განსაზღვრავს იმ კრიტერიუმებს, რომელთა არსებობის შემთხვევაში მოვალეები სოლიდარულ მოვალეებად ჩაითვლებიან. კერძოდ, ნორმის დანაწესიდან გამომდინარე, სოლიდარული ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია: რამდენიმე მოვალის არსებობა, რომლებიც კრედიტორის წინაშე ვალდებულების შესრულებაზე უნდა იყვნენ პასუხისმგებელნი; თითოეული მოვალე ერთი და იმავე კრედიტორის წინაშე უნდა იყოს შესრულებაზე ვალდებული; თითოეული მოვალე მთლიანი ვალდებულების შესრულებაზე უნდა იყოს კრედიტორის წინაშე ვალდებული, ხოლო კრედიტორს მხოლოდ ერთხელ ჰქონდეს ვალდებულების შესრულების მოთხოვნის უფლება (იხ. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, წიგნი III, ვალდებულებითი სამართლის ზოგადი ნაწილი, თბილისი, 2019 წელი, მუხლი 463, ს.ფ. 961-965).

17. რაც შეეხება თავდებობას, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 891-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თავდებობის ხელშეკრულებით თავდები კისრულობს ვალდებულებას, თავდებად დაუდგეს კრედიტორის წინაშე მესამე პირს ამ უკანასკნელის ვალდებულების შესასრულებლად. იმავე კოდექსის 892-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, თავდებობის ნამდვილობისათვის საჭიროა თავდების წერილობითი განცხადება და თვით თავდებობის დოკუმენტში (ხელშეკრულებაში) თავდების პასუხისმგებლობის რაოდენობრივად განსაზღვრული მაქსიმალური თანხის მითითება.

18. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ თავდებობის ხელშეკრულებით თავდები კისრულობს ვალდებულებას, თავდებად დაუდგეს კრედიტორის წინაშე მესამე პირს ამ უკანასკნელის ვალდებულების შესასრულებლად. გირავნობის და იპოთეკისაგან განსხვავებით, თავდებობა ვალდებულების უზრუნველყოფის პიროვნული საშუალებაა, ვინაიდან ამ შემთხვევაში თავდები პირადად აგებს პასუხს მოვალის მიერ კრედიტორის წინაშე ნაკისრი ვალდებულებისათვის. ამდენად, თავდებობის ხელშეკრულება იდება ორ მხარეს (ორმხრივი გარიგება) - თავდებსა და კრედიტორს შორის და მასში არ მონაწილეობს მოვალე, თუმცა თავდებობის შინაარსს წარმოადგენს სწორედ მოვალის (მესამე პირი) მიერ კრედიტორის წინაშე ნაკისრი ვალდებულების პიროვნული უზრუნველყოფა (იხ. სუსგ საქმე Nას-1172-2018, 08 თებერვალი, 2019 წელი).

19. განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ მხარეთა შორის 10.01.2019წ. დაიდო საწვავის ნასყიდობის ხელშეკრულება; იმავე დღეს მხარეთა შორის ასევე გაფორმდა ხელშეკრულება სოლიდარული პასუხისმგებლობის შესახებ, რომლითაც მოპასუხეებმა იკისრეს სოლიდარული პასუხისმგებლობა მოსარჩელის წინაშე 10.01.2019წ. საწვავის ნასყიდობის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესასრულებლად; ხელშეკრულებით განისაზღვრა გამყიდველის უფლება, ნებისმიერი სოლიდარული მოვალისაგან მოითხოვოს ვალდებულების შესრულება (იხ. ტ. 1, ს.ფ. 191-194). ამდენად, მყიდველთა მხრიდან ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში გამყიდველი უფლებამოსილია შესრულება მოითხოვოს როგორც ორივე მყიდველისგან ერთდროულად, ისე ცალკეულ სოლიდარულ მოვალეს მოსთხოვოს მისი შესრულება. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს შეფასებას, რომ მხარეთა შორის 10.01.2019წ. დადებული ხელშეკრულება წარმოადგენს არა თავდებობის ხელშეკრულებას, არამედ სოლიდარული პასუხისმგებლობის შესახებ შეთანხმებას და მისი ნამდვილობისათვის არ არის აუცილებელი სამოქალაქო კოდექსის 892-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული წერილობითი განცხადების არსებობა.

20. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, დაუსაბუთებელია კასატორის პრეტენზია, რომ არ არსებობდა პირველი მოპასუხის მიმართ სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი.

21. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო, მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის.

22. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა დაკავშირებულია ვალდებულების დარღვევასთან. ქართულ კანონმდებლობაში პირგასამტეხლოს ორმაგი ფუნქცია გააჩნია. ერთი მხრივ, მას ვალდებულების ჯეროვანი შესრულების უზრუნველსაყოფად პრევენციული დატვირთვა აქვს, ანუ პირგასამტეხლოს დაკისრების რისკი ფსიქოლოგიურად ზემოქმედებს ვალდებულ პირზე და აიძულებს ვალდებულება ჯეროვნად შეასრულოს. პირგასამტეხლოს ფსიქოლოგიური ზემოქმედების ეფექტი სწორედ იმაში ვლინდება, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, ვალდებულ პირს იძულებითი ხასიათის სანქცია ეკისრება; პირგასამტეხლოს მეორე ფუნქცია განცდილი ზიანის მარტივად და სწრაფად ანაზღაურებაში მდგომარეობს. იგი ერთგვარ სანქციასაც წარმოადგენს. ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში სანქციად ქცეული პირგასამტეხლო ვალდებულ პირს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა კრედიტორმა ზიანი ამ დარღვევის შედეგად (იხ. სუსგ საქმე Nას-1158-1104-2014, 06 მაისი, 2015 წელი; Nას-1265-1187-2015, 10 თებერვალი, 2016 წელი; Nას-428-428-2018, 13 ივლისი, 2018 წელი; Nას-1077-997-2017, 31 ივლისი, 2018 წელი).

23. საკასაციო სასამართლო ასევე განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 418-ე მუხლი ხელშეკრულების მხარეებს ანიჭებს უფლებამოსილებას, თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრა მხარეთა უფლებაა და აღნიშნული კუთხით მოქმედებს სახელშეკრულებო ურთიერთობებში დამკვიდრებული მხარეთა ნების ავტონომიის პრინციპი, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლი შესაძლებლობას აძლევს სასამართლოს შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. ამდენად, პირგასამტეხლოს თაობაზე შეთანხმება არ წარმოადგენს მხარეთა აბსოლუტურ უფლებას და კვალიფიციური შედავების პირობებში სასამართლო უფლებამოსილია, შეაფასოს კრედიტორის მიერ მოთხოვნილი ოდენობით პირგასამტეხლოს თანაზომიერება ვალდებულების დარღვევასთან მიმართებით. სასამართლოს მხრიდან მხარეთა თავისუფალი ნების გამოვლენით მიღწეულ შეთანხმებაში ჩარევის კანონისმიერ საფუძველს წარმოადგენს სასამართლოსათვის დაკისრებული ერთგვარი საჯარო წესრიგის უზრუნველმყოფელი ვალდებულება და, რაც უმთავრესია, ყოველი კონკრეტული საქმის ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინება, სახელდობრ, ის სუბიექტური და ობიექტური ფაქტორები, როგორიცაა: მხარეთა ქონებრივი მდგომაროება, ვალდებულების დარღვევის ხარისხი, კრედიტორის მოლოდინი ვალდებულების ჯეროვანი შესრულების მიმართ და ა.შ. (იხ. სუსგ საქმე Nას-1199-1127-2015, 13 აპრილი, 2016 წელი).

24. ერთ-ერთ საქმეში საკასაციო სასამართლომ განმარტა, რომ „მეწარმე სუბიექტი, რომელიც თავისუფალი და გაცნობიერებული ნების გამოვლენის საფუძველზე თანხმდება პირგასამტეხლოს კონკრეტულ ოდენობას, შემდგომში მოკლებულია შესაძლებლობას, მოითხოვოს შეთანხმებული პირგასამტეხლოს შემცირება, თუკი ამის თაობაზე კვალიფიციურ შესაგებელს არ წარადგენს (შდრ. იხ. სუსგ საქმე Nას-1451-1371-2017, 13 ნოემბერი, 2018 წელი). სახელშეკრულებო ურთიერთობაში კონტრაჰირებულ მეწარმე სუბიექტს/იურიდიულ პირს, მისი სტატუსიდან გამომდინარე, ფიზიკური პირისგან განსხვავებული პასუხისმგებლობითა და სტანდარტით მოეთხოვება ვალდებულების დარღვევის სამართლებრივ შედეგებზე პასუხისგება. ხელშეკრულებაში იურიდიული პირის კონტრაჰირებისას, სასამართლომ პირგასამტეხლო უნდა შეამციროს მხოლოდ არგუმენტირებული შედავების არსებობის პირობებში“ (იხ. სუსგ საქმე Nას-1417-2018, 16 ნოემბერი, 2020 წელი).

25. მოცემულ შემთხვევაში მოპასუხეს მის მიერ წარდგენილი შესაგებლით პირგასამტეხლოს ოდენობასთან დაკავშირებით კვალიფიციური შედავება არ წარუდგენია. აღნიშნულის თაობაზე დასაბუთებულ პრეტენზიას არც საკასაციო საჩივარი შეიცავს, შესაბამისად, ზემოაღნიშნული განმარტებებიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის შესაბამისად პირგასამტეხლოს შემცირების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.

26. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული რომელიმე წინაპირობა, კასატორებს არ წარმოუდგენიათ იმგვარი დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიები, რომელიც საკასაციო საჩივრის არსებითად განსახილველად დაშვების შესაძლებლობას მისცემდა სასამართლოს, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

27. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება ცნობილი, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.

28. ამდენად, კასატორებს უნდა დაუბრუნდეთ საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 2 321,41 ლარის 70% – 1 624,99 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. შპს „რ–კას“ და შპს „ქ.ბ.ჯ–ის“ საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველი;

2. კასატორებს შპს „რ–კას“ (ს/ნ ..........) და შპს „ქ.ბ. ჯ–ს“ (ს/ნ .........) დაუბრუნდეთ რ.ც–ძის მიერ 2022 წლის 17 ოქტომბრის №14815459926 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 2 321,41 ლარის 70% – 1 624,99 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. ბაქაქური

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ე. გასიტაშვილი