Facebook Twitter

საქმე №ას-1362-2022 8 თებერვალი, 2024 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ზურაბ ძლიერიშვილი, ეკატერინე გასიტაშვილი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორები – ნ.თ–ი, ლ.თ–ი, ი.ნ–ძე, ი.ნ–ძე (მოპასუხეები)

მოწინააღმდეგე მხარე – მ.თ–ი (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 30 ივნისის განჩინება

საკასაციო საჩივრის ავტორების მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 30 ივნისის განჩინებით ნ.თ–ის (შემდგომში - „პირველი მოპასუხე“ ან „პირველი კასატორი“), ლ.თ–ის (შემდგომში - „მეორე მოპასუხე“ ან „მეორე კასატორი“), ი.ნ–ძის (შემდგომში - „მესამე მოპასუხე“ ან „მესამე კასატორი“) და ი.ნ–ძის (შემდგომში („მეოთხე მოპასუხე“ ან „მეოთხე კასატორი“) სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 17 თებერვლის გადაწყვეტილება, რომლითაც მ.თ–ის (შემდგომში - მოსარჩელე“) სარჩელი მოპასუხეთა მიმართ დაკმაყოფილდა და მოპასუხეების უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილ იქნა მოსარჩელის კუთვნილი უძრავი ნივთი, მდებარე: გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელი ..........., დაზუსტებული ფართობი - 500 მ2, შენობა-ნაგებობის ჩამონათვალი - N1, ფართი 156,70 მ2, ს.კ............ (შემდგომში - „სადავო უძრავი ქონება“ ან „სადავო ქონება“) და დადგინდა მისი მოსარჩელისათვის გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში გადაცემა.

2. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

2.1. საქმეში არსებული საჯარო რეესტრის ამონაწერით დასტურდება, რომ სადავო უძრავი ქონება საკუთრების უფლებით რეგისტრირებულია მოსარჩელის სახელზე; საკუთრების უფლების დამადასტურებელ დოკუმენტს წარმოადგენს - განკარგულება NA15054532-015/001, დამოწმების თარიღი: 24.02.2016, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიურო (იხ. ტ.1, ს.ფ. 17).

2.2. დადგენილია და სააპელაციო საჩივრით სადავოდ არ გამხდარა ის გარემოება, რომ მოპასუხეები ფლობენ სადავო უძრავ ქონებას.

2.3. მოპასუხეები სამართლებრივი საფუძვლის გარეშე ფლობენ სადავო უძრავ ქონებას. მათ აღნიშნულის საწინააღმდეგოდ რამე მტკიცებულება სასამართლოსთვის არ წარუდგენიათ.

3. სააპელაციო სასამართლომ განსახილველ დავაში არარელევანტურად მიიჩნია სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები იმის შესახებ, რომ მოსარჩელე უკანონოდ გახდა სადავო საცხოვრებელი სახლის მესაკუთრე. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, მოპასუხე მიუთითებს, რომ სააღსრულებო ბიუროდან გამოთხოვილი საბუთებით გამოვლინდა არაერთი უკანონო ფაქტი, თუმცა მას აღნიშნულის დამადასტურებელი რამე მტკიცებულება სასამართლოსთვის არ წარუდგენია; გარდა ამისა, იმ პირობებში, როდესაც საქმის მასალებით არ დგინდება საჯარო რეესტრის ჩანაწერის უზუსტობა, მოპასუხის მითითება სადავო უძრავი ქონების არაკანონიერად შეძენის შესახებ, დაუსაბუთებელია და გაზიარებული ვერ იქნება.

4. სააპელაციო პალატის განმარტებით, აპელანტის მიერ მითითებული გარემოება, რომ სადავო საცხოვრებელ სახლში პირველ მოპასუხესთან ერთად ცხოვრობენ მისი არასრულწლოვანი შვილები, რომლებიც მოსარჩელეს მოპასუხეებად არ დაუსახელებია, ვერ დააბრკოლებს მოსარჩელის მიერ მოპასუხეთა მიმართ აღძრული ვინდიკაციური სარჩელის დაკმაყოფილებას.

5. სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 279 მუხლის „დ“ ქვეპუნქტით, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 312.1 მუხლით და აპელანტების მოთხოვნა სხვა სარჩელებზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე წინამდებარე საქმის წარმოების შეჩერების თაობაზე, დაუსაბუთებლად მიიჩნია.

6. სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 168-ე, 170.1, 172.1, 183-ე, 311-ე, 312.1 მუხლებით და საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, დაასკვნა, რომ მოცემულ შემთხვევაში სახეზე იყო სარჩელის დაკმაყოფილებისა მოპასუხეთა უკანონო მფლობელობიდან სადავო უძრავი ქონების გამოთხოვის საფუძვლები.

7. სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნულ განჩინებაზე მოპასუხეებმა წარადგინეს საკასაციო საჩივარი, რომლითაც მისი გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს. კასატორებმა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება ასევე მოითხოვეს საქმის წარმოების შეჩერებაზე უარის თქმის ნაწილში.

8. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

9. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.

10. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

11. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.

12. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება) არ წარმოუდგენიათ.

13. საკასაციო საჩივრის თანახმად:

13.1. სასამართლომ არ გაითვალისწინა პირველი მოპასუხის განმარტება, რომ სადავო ბინა მოსარჩელის სახელზე მისი ნების საწინააღმდეგოდ, უკანონოდ აღირიცხა და მას ჰქონდა აღნიშნული ბინის ფლობის უფლება;

13.2. სინამდვილეს არ შეესაბამება სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილად მიჩნეული გარემოება, რომ მოპასუხეები სამართლებრივი საფუძვლის გარეშე ფლობენ სადავო უძრავ ქონებას და მათ აღნიშნულის საწინააღმდეგო მტკიცებულება არ წარუდგენიათ. მოპასუხეებმა სააპელაციო სასამართლოში წარადგინეს მტკიცებულებები იმასთან დაკავშირებით, რომ მათ მიერ გასაჩივრებულია სადავო ქონების მოსარჩელეზე აღრიცხვის კანონიერება. აღნიშნული ქონება მოპასუხეებს არ გაუყიდიათ, არასოდეს გაუსხვისებიათ რაიმე ფორმით და, უფრო მეტიც, სესხის ხელშეკრულებაში პირდაპირ იქნა დაფიქსირებული, რომ თუკი დადგებოდა უძრავი ქონების რეალიზაციის საკითხი, აღნიშნული უნდა განხილულიყო სასამართლოს მიერ და ნოტარიუსს ქონების რეალიზების თაობაზე არ ჰქონდა სააღსრულებო ფურცლის ამოწერის უფლება;

13.3. მოპასუხეებმა სააპელაციო სასამართლოში წარადგინეს მტკიცებულებები მასზედ, რომ მათ მიერ სასამართლოში გასაჩივრებულია როგორც ნოტარიუსის მიერ უკანონოდ ამოწერილი სააღსრულებო ფურცელი, რის საფუძველზეც სრულიად მოჩვენებითად ჩატარდა აუქციონი, ასევე, სააღსრულებო ბიუროს მიერ გამოცემული აქტი, რაც გახდა მოსარჩელის საკუთრებაში პირველი მოპასუხის კუთვნილი ქონების აღრიცხვის საფუძველი;

13.4. სასამართლოს უნდა დაენიშნა საქმის ზეპირი განხილვა და გაერკვია მეტად მნიშვნელოვანი საკითხი - უნდა მინიჭებოდა თუ არა მესაკუთრედ ყოფნის პრეზუმფციის დათქმას უპირატესობა იმ შემთხვევაში, როდესაც საკუთრების დამდგენი დოკუმენტის ბათილად ცნობის თაობაზე შეტანილია არა მხოლოდ საჩივარი, არამედ მოტივირებული სარჩელი სასამართლოში და ორი სახის დავა მიმდინარეობს მხარეთა შორის;

13.5. სასამართლომ მართალია მნიშვნელოვნად ჩათვალა ის გარემოება, რომ უფლების დამდგენი საბუთი გასაჩივრებულია, მაგრამ საერთოდ არ იმსჯელა მოპასუხეთა მიერ წარდგენილ მოტივირებულ შუამდგომლობებზე და არათუ ცალკე არ მიიღო დასაბუთებული განჩინება, თუ რატომ არ მიიჩნევდა საფუძვლიანად საქმისწარმოების შეჩერებას, არამედ თვით განჩინებაშიც კი არაფერია ნათქვამი იმასთან დაკავშირებით, რა დაედო საფუძვლად საქმისწარმოების შეჩერების თაობაზე ორი დამოუკიდებელი შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას;

13.6. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით მოპასუხეებს დაევალათ, რომ მოსარჩელეს ბინა გადასცენ გამოთავისუფლებულ მდგომარობაში, რაც შეუძლებელი და აღუსრულებელია, რადგან ბინაში მოპასუხეების გარდა ცხოვრობენ პირველი მოპასუხის არასრულწლოვანი შვილები, რომელთა უპირატესი ინტერესების გათვალისწინებაც კანონითა და საერთაშორისო ნორმებით გარანტირებულ უფლებას წარმოადგენს. ამასთან, დაუშვებელია ბავშვებისთვის არახელსაყრელი გარემოს ხელოვნურად შექმნა და სიცოცხლისთვის საშიშ მდგომარეობაში ჩაყენება. ასევე, დაუშვებელია მშობლებისა და მცირეწლოვანი და არასრულწლოვანი შვილების განცალკევება. სასამართლომ აღნიშნული გარემოებები არ გაითვალისწინა.

14. საკასაციო სასამართლო თავდაპირველად აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში დავის საგანს წარმოადგენს მოპასუხეთა უკანონო მფლობელობიდან სადავო უძრავი ქონების გამოთხოვა, შესაბამისად, წინამდებარე დავის ფარგლებში სასამართლოს მსჯელობის საგანი ვერ გახდება აღნიშნულ უძრავ ქონებაზე მოსარჩელის საკუთრების უფლების მართლზომიერება.

15. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მჯელობას, რომ სადავო ქონებაში პირველ მოპასუხესთან ერთად მისი არასრულწლოვანი შვილების ცხოვრების ფაქტი, რომლებიც მოსარჩელეს მოპასუხეებად არ დაუსახელებია, ვერ დააბრკოლებს მოსარჩელის მიერ მოპასუხეებად დასახელებულ პირთა მიმართ აღძრული ვინდიკაციური სარჩელის დაკმაყოფილებას (იხ. სუსგ საქმე Nას-756-2020, 29 ოქტომბერი, 2020 წელი).

16. საკასაციო სასამართლომ არაერთ საქმეზე განმარტა, რომ არასრულწლოვანთა საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებასა და დაცვას უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება, თუმცა აღსანიშნავია, რომ „ბავშვის უფლებების შესახებ“ 1989 წლის 20 ნოემბრის კონვენციის 27-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მშობელს (მშობლებს) ან ბავშვის აღმზრდელ სხვა პირებს აკისრიათ ძირითადი პასუხისმგებლობა იმისათვის, რომ თავიანთი შესაძლებლობებისა და ფინანსური საშუალებების ფარგლებში უზრუნველყონ ბავშვის განვითარებისათვის საჭირო ცხოვრების პირობები. კონვენციისა და სსკ-ის 1198-ე მუხლის პირველი ნაწილის (მშობლები უფლებამოსილი და ვალდებული არიან, აღზარდონ თავიანთი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით) ანალიზიდან გამომდინარე, არასრულწლოვანი ბავშვების ინტერესების ჯეროვანი დაცვა მათ კანონიერ წარმომადგენლებს ევალებათ. შესაბამისად, არასრულწლოვნების უფლებაზე კასატორების მითითება ვინდიკაციური სარჩელის უარყოფის საფუძველი ვერ გახდება. აღსანიშნავია, რომ წინამდებარე დავის საგანი მოპასუხეთა უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვას უკავშირდება და საქმე არ წარმოადგენს არასრულწლოვანთა უფლებების დარღვევიდან გამომდინარე დავას (იხ. სუსგ საქმე Nას-1191-2021, 14 თებერვალი, 2022 წელი).

17. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 279-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლო ვალდებულია შეაჩეროს საქმის წარმოება თუ საქმის განხილვა შეუძლებელია სხვა საქმის გადაწყვეტამდე, რომელიც განხილულ უნდა იქნეს სამოქალაქო სამართლის ან ადმინისტრაციული წესით.

18. აღნიშნული ნორმა საქმისწარმოების შეჩერების აუცილებლობას ითვალისწინებს ისეთ შემთხვევაში, როდესაც განსახილველი დავის გადაწყვეტას სამართლებრივად აფერხებს სხვა სამოქალაქო სამართლის ან ადმინისტრაციული წესით განსახილველი საქმის გადაწყვეტა. მითითებული საფუძვლით საქმისწარმოების შეჩერების ვალდებულება პირდაპირ უკავშირდება ისეთ საპროცესო ინსტიტუტს, როგორიცაა მტკიცების ტვირთი და ემსახურება ფაქტების დამტკიცების ვალდებულებისაგან მხარეთა გათავისუფლების მიზანს, სამართალწარმოების ერთ-ერთი პრინციპის – პროცესის ეკონომიის პრინციპის რეალიზაციის უზრუნველყოფას, რაც, თავის მხრივ, ეფექტიანი მართლმსაჯულების განხორციელების წინაპირობაა (იხ. სუსგ საქმე Nას-415-415-2018, 04 მაისი, 2018 წელი). საკასაციო სასამართლოს არაერთი განმარტების მიხედვით, ზემოაღნიშნული საფუძვლით საქმისწარმოების შეჩერების საკითხის გადაწყვეტისას უნდა დადგინდეს, არსებობს თუ არა საქმეთა შორის ისეთი აუცილებელი კავშირი, რაც შეჩერების ღონისძიების გამოუყენებლობის პირობებში ობიექტურად შეუძლებელს გახდის სასამართლოს წარმოებაში არსებული საქმის განხილვას (იხ. მაგ., სუსგ საქმე Nას-551-519-2012, 11 ივნისი, 2012 წელი). ამდენად, საქმის წარმოების შეჩერებამდე სასამართლომ ზუსტად უნდა განსაზღვროს, რა კავშირი არსებობს მის მიერ განსახილველ საქმესა და იმ საქმეს შორის, რომელიც სხვა სასამართლოს მიერ განიხილება. კერძოდ, გამომდინარეობს თუ არა ისინი ერთი და იმავე ფაქტობრივი საფუძვლებიდან და სამართლებრივი ურთიერთობიდან.

19. გარდა ამისა, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 312-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, რეესტრის მონაცემების მიმართ მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ე.ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა. საჯარო რეესტრის ჩანაწერების მიმართ მოქმედი უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფციის მიზანია სამოქალაქო ბრუნვის მონაწილეთა ინტერესების დაცვა და სამოქალაქო ბრუნვის სტაბილურობის უზრუნველყოფა. უძრავ ქონებაზე რეგისტრირებული უფლება მანამდე ითვლება კანონიერად, უფლებამოსილ პირს მანამდე შეუძლია, თავისუფლად განკარგოს ეს ქონება, ვიდრე რეგისტრაციის საფუძველი (სამოქალაქოსამართლებრივი გარიგება, ადმინისტრაციული აქტი, სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება და სხვა) არ გაუქმდება, ე.ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა. საჯარო რეესტრის ჩანაწერების უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია მოქმედებს იმ დრომდე, ვიდრე პრეზუმირებული ფაქტის უსწორობა არ დამტკიცდება. ეს კი მიიღწევა უფლების საფუძვლად არსებული გარიგების ბათილობით. უფლების ნამდვილობის გამომრიცხველი გარემოებების არსებობის ფაქტი სასამართლომ უნდა დაადგინოს (იხ. სუსგ საქმე Nას-1542-1462-2017, 30 იანვარი, 2018 წელი), მანამდე კი ივარაუდება, რომ რეგისტრაციის შედეგად განხორციელებული ჩანაწერი სწორია და, შესაბამისად, უფლება ნამდვილი (იხ. სუსგ საქმე Nას-877-2018, 27 სექტემბერი, 2018 წელი).

20. წინამდებარე საქმეში დადგენილია, რომ საჯარო რეესტრში სადავო უძრავი ქონების მესაკუთრედ რეგისტრირებულია მოსარჩელე, ამასთან, კასატორს არ მიუთითებია ისეთი გარემოების არსებობის შესახებ, რაც შეჩერების ღონისძიების გამოუყენებლობის პირობებში ობიექტურად შეუძლებელს გახდის წინამდებარე საქმის განხილვას ვიდრე არ დასრულდება სხვა საქმეზე წარმოება სადავო ქონების გასხვისების კანონიერებასთან დაკავშირებით.

21. შესაბამისად, ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორების პრეტენზია სხვა საქმის განხილვამდე წინამდებარე საქმის წარმოების შეჩერებასთან დაკავშირებით დაუსაბუთებელია და სააპელაციო სასამართლომ მოპასუხეთა აღნიშნული შუამდგომლობა მართებულად არ დააკმაყოფილა.

22. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლოს საქმის გადასაწყვეტად სამართლებრივად მნიშვნელოვანი ყველა გარემოება დადგენილი, ხოლო საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგის განმაპირობებელი ყველა ფაქტობრივი წინაპირობა გამოკვლეული აქვს.

23. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას. იმავე კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მესაკუთრეს შეუძლია მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება.

24. ამდენად, ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებიდან გამომდინარე, არამფლობელი მესაკუთრის მიერ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის მართლზომიერებისთვის უნდა არსებობდეს შემდეგი წინაპირობები: ა) მოსარჩელე უნდა იყოს მესაკუთრე, ბ) მოპასუხე უნდა იყოს ნივთის მფლობელი და გ) მოპასუხეს არ უნდა ჰქონდეს ამ ნივთის ფლობის უფლება.

25. განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოსარჩელე წარმოადგენს სადავო უძრავი ქონების მესაკუთრეს, რაც დასტურდება საქმეში არსებული ამონაწერით საჯარო რეესტრიდან (იხ. ტ. 1, ს.ფ. 17), რომლის მიმართაც, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 312-ე მუხლის შესაბამისად, მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ე.ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა. დადგენილია, ასევე, რომ მოპასუხეები/კასატორები წარმოადგენენ სადავო უძრავი ქონების მფლობელებს. მათ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-103-ე მუხლების შესაბამისად, ვერ უზრუნველყვეს მათი წილი მტკიცების ტვირთის რეალიზება და სასამართლოსათვის იმგვარი მტკიცებულების წარდგენა, რომლითაც სადავო უძრავ ქონებაზე მათი მფლობელობის მართლზომიერება დადასტურდებოდა.

26. ამდენად, ვინაიდან, მოცემულ შემთხვევაში გამოიკვეთა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგის განმაპირობებელი ყველა წინაპირობა, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მოთხოვნა დასაბუთებულია და ის მართებულად დაკმაყოფილდა.

27. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული რომელიმე წინაპირობა, კასატორებს არ წარმოუდგენიათ იმგვარი დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიები, რომლებიც საკასაციო საჩივრის არსებითად განსახილველად დაშვების შესაძლებლობას მისცემდა სასამართლოს, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

28. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტის თანახმად, კასატორები გათავისუფლებული არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. ნ.თ–ის, ლ.თ–ის, ი.ნ–ძის და ი.ნ–ძის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველი;

2. კასატორები გათავისუფლებულნი არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. ბაქაქური

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ე. გასიტაშვილი