საქმე №ას-1092-2022 31 ოქტომბერი, 2023 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ზურაბ ძლიერიშვილი, ეკატერინე გასიტაშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – შპს „G. ჯ–ი“ (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 27 ივნისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება
დავის საგანი – პირგასამტეხლოს დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 27 ივნისის განჩინებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს (შემდგომში - „მოსარჩელე“, „აპელანტი“ ან „კასატორი“) სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 19 აპრილის გადაწყვეტილება, რომლითაც მოსარჩელის სარჩელი (სარჩელით მოთხოვნილი იყო მოპასუხისათვის სახელმწიფო შესყიდვის შესახებ 31.01.2019წ. N59 ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებისათვის პირგასამტეხლოს - 3 400 ლარის გადახდის დაკისრება) შპს „G. ჯ–ის“ (შემდგომში - „მოპასუხე“) მიმართ პირგასამტეხლოს დაკისრების თაობაზე დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ სახელმწიფო შესყიდვის შესახებ 31.01.2019წ. N59 ხელშეკრულებიდან გამომდინარე, დაეკისრა პირგასატეხლოს - 340 ლარის გადახდა.
2. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
2.1. მხარეთა შორის 2019 წლის 31 იანვარს დაიდო სახელმწიფო შესყიდვის შესახებ N59 ხელშეკრულება, რომლის თანახმად, მოპასუხემ იკისრა ვალდებულება, მოსარჩელის დანაყოფებისათვის მიეწოდებინა ბოსტნეული 2019 წლის პირველი თებერვლიდან 2020 წლის 31 იანვრის ჩათვლით, ხელშეკრულების N1 და N2 დანართის შესაბამისად.
2.2. მოპასუხემ მოსარჩელეს 2019 წლის აპრილიდან სექტემბრის ჩათვლით ეტაპობრივად მიაწოდა სხვადასხვა პროდუქტები, ჯამში 17 დღის დაგვიანებით.
2.3. ხელშეკრულების 10.2 პუნქტის თანახმად, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულების ვადის დარღვევის შემთხვევაში, თუ ვადის გადაცილება ეხება საქონლის მიუწოდებლობას (მათ შორის ხარვეზის ან/და ნაკლის გამოსწორების ვადა), შემსყიდველი უფლებამოსილია დააკისროს მიმწოდებელს პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ვადაგადაცილებული საქონლის ღირებულების 0,2%-ის ოდენობით, მაგრამ არანაკლებ 200 ლარისა.
2.4. ხელშეკრულების 4.2 პუნქტის თანახმად, მიმწოდებელს დაეკისრა პირგასამტეხლოს გადახდა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 200 ლარის ოდენობით - 17 დღის ვადაგადაცილებისათვის, ჯამში - 3 400 ლარი.
2.5. მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ ის გარემოება, რომ ვადის გადაცილებით მიწოდებული საქონლის ღირებულების 0,2% შეადგენდა 200 ლარზე ნაკლებს.
3. სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა საქმეში წარდგენილ მიღება-ჩაბარების აქტებზე და მათში მითითებულ საქონლის ღირებულებაზე, რომელიც თითოეულ შემთხვევაში შეადგენს: 2 725 ლარს; 520,17 ლარს; 181,10 ლარს; 1 915,50 ლარს; 94,50 ლარს; 122,50 ლარს; 112,50 ლარს (იხ. ს.ფ. 34-47); ასევე, მხარეთა შორის დადებული სახელმწიფო შესყიდვის შესახებ 31.01.2019წ. N59 ხელშეკრულების 10.2 პუნქტზე, რომლითაც განსაზღვრულია პირგასამტეხლოს გამოანგარიშების წესი და აღნიშნა, რომ, მართალია, ხელშეკრულებით პირგასამტეხლოს დაკისრება გათვალისწინებულია ვადაგადაცილებული საქონლის ღირებულების 0,2%-ის ოდენობით (ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე), მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ იმავდროულად პირგასამტეხლო განსაზღვრულია არანაკლებ 200 ლარის ოდენობით, შესაბამისად, თითოეული შესრულების შემთხვევაში 200 ლარი ბევრად აღემატება შესრულებული ვალდებულების ღირებულების 0,2%-საც კი; სააპელაციო სასამართლომ ვადაგადაცილებული დღეების რაოდენობაზე მითითებით აღნიშნა, რომ შესრულებული ვალდებულების ღირებულება არ არის იმდენად მაღალი, რომ თითოეული შესრულების ღირებულებიდან პირგასამტეხლოს დაანგარიშება 200 ლარის ოდენობით მოხდეს. მით უფრო იმის გათვალისწინებით, რომ ვადის გადაცილება თითოეულ შესრულებასთან მიმართებით არ არის ხანგრძლივი. მართალია, საერთო ჯამში მოპასუხის მხრიდან ვალდებულება 17-დღიანი ვადის გადაცილებით შესრულდა, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნული არის ვადაგადაცილებული დღეების ჯამური ოდენობა თითოეულ შესრულებასთან მიმართებით და არა 17-დღიანი ვადის გადაცილება რომელიმე შესრულების შემთხვევაში. გარდა ამისა, საქმეში არ არის წარდგენილი იმის დამადასტურებელი მტკიცებულება, რა ზიანი შეიძლებოდა მისდგომოდა მხარეს ვალდებულების შესრულების ერთი ან ორდღიანი ვადის გადაცილებით.
4. სააპელაციო პალატის განმარტებით, პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება დამოუკიდებელია ზიანის მიყენების ფაქტის მტკიცებისაგან, ანუ პირგასამტეხლოს მოთხოვნისათვის კრედიტორს არ ეკისრება მიყენებული ზიანის დამტკიცების ვალდებულება. პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება კრედიტორს ყოველთვის გააჩნია, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა მან ზიანი. მთავარია ვალდებულების დარღვევის ფაქტი. პირგასამტეხლოსა და ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება, მიუხედავად იმისა, რომ ისინი კრედიტორის ერთი და იმავე ინტერესის დაკმაყოფილებისკენ არიან მიმართული, დამოუკიდებელ მოთხოვნებად რჩება, მაგრამ მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ როდესაც შესრულებული ვალდებულების მოცულობა არ არის მაღალი, ერთდღიანი ან ორდღიანი ვადის გადაცილებისათვის პირგასამტეხლოს სახით 200 ლარის დაკისრება არ წარმოადგენს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის იმ დათქმის შესაბამისს, რომლის მიხედვითაც, პირგასამტეხლო უნდა იყოს გონივრული ოდენობის.
5. სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე, 420-ე მუხლებით და ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობა მართებულად შეამცირა.
6. სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნულ განჩინებაზე მოსარჩელემ წარადგინა საკასაციო საჩივარი, რომლითაც მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.
7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
8. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.
9. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
10. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.
11. კასატორს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით პრეტენზია (შედავება) არ განუხორციელებია.
12. საკასაციო საჩივრის თანახმად:
12.1. მოცემულ შემთხვევაში არ არის დასაბუთებული, რა ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე შეამცირა სასამართლომ ხელშეკრულების შესაბამისად დაანგარიშებული პირგასამტეხლო ათჯერ. პირგასამტეხლოს ოდენობის ათჯერ შემცირება აზრს უკარგავს ამ ინსტიტუტის არსებობას, მის ქმედითობას და ამგვარი პრაქტიკის დამკვიდრება ხელშეკრულების არაჯეროვანი შესრულებისა თუ შეუსრულებლობის წახალისების საშუალებად შეიძლება იქნეს განხილული;
12.2. სასამართლომ არ გაითვალისწინა, რომ მოსარჩელე სახელმწიფო შესყიდვების შესაბამისად დადებულ ხელშეკრულებებში პირგასამტეხლოს ითვალისწინებს არა სადამსჯელო ფუნქციით, არამედ ვალდებულების შეუსრულებლობის პრევენციის დანიშნულებით და აღნიშნულით ვალდებულების ჯეროვან შესრულებას უზრუნველყოფს;
12.3. პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრა მხარეთა უფლებაა და აღნიშნული კუთხით მოქმედებს სახელშეკრულებო ურთიერთობებში დამკვიდრებული მხარეთა ნების ავტონომიის პრინციპი. მოსარჩელის საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე, თითოეული ხელშეკრულება ემსახურება მისი კანონმდებლობით განსაზღვრული ფუნქცია-მოვალეობების ჯეროვან შესრულებას, ხოლო ხელშემკვრელი მხარის არაჯეროვანი შესრულებით ფერხდება იმ ორგანოს ეფექტიანი ფუნქციონირება, რომელიც საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვის კუთხით მნიშვნელოვან როლს ასრულებს. გადაწყვეტილების მიღებისას სასამართლოს უნდა გაეთვალისწინებინა, რომ მოსარჩელე სახელმწიფო დაწესებულებაა და სწორედ დადებული ხელშეკრულებები იძლევა იმის გარანტიას, რომ მისი ძირითადი ფუნქცია პირნათლად შესრულდეს.
13. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 418-ე მუხლი ხელშეკრულების მხარეებს ანიჭებს უფლებამოსილებას, თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრა მხარეთა უფლებაა და აღნიშნული კუთხით მოქმედებს სახელშეკრულებო ურთიერთობებში დამკვიდრებული მხარეთა ნების ავტონომიის პრინციპი, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლი შესაძლებლობას აძლევს სასამართლოს შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.
14. ამდენად, პირგასამტეხლოს თაობაზე შეთანხმება არ წარმოადგენს მხარეთა აბსოლუტურ უფლებას და კვალიფიციური შედავების პირობებში სასამართლო უფლებამოსილია, შეაფასოს კრედიტორის მიერ მოთხოვნილი ოდენობით პირგასამტეხლოს თანაზომიერება ვალდებულების დარღვევასთან მიმართებით. უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკის მიხედვით, ასეთ დროს სასამართლო მხედველობაში იღებს მხარის ქონებრივ მდგომარეობასა და სხვა გარემოებებს, კერძოდ, იმას, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან. პირგასამტეხლოს შეუსაბამობის კრიტერიუმად, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, შეიძლება, ასევე, ჩაითვალოს ისეთი გარემოებები, როგორიც არის ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს შეუსაბამოდ მაღალი პროცენტი, პირგასამტეხლოს თანხის მნიშვნელოვანი გადაჭარბება ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეულ შესაძლო ზიანზე, ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა და სხვა (იხ. მაგ., სუსგ საქმე Nას-1560-1463-2012, 28 დეკემბერი, 2012 წელი; Nას-1200-1145-2013, 16 მაისი, 2014 წელი; Nას-1199-1127-2015, 13 აპრილი, 2016 წელი; Nას-1511-2018, 26 მარტი, 2019 წელი; Nას-183-2021, 29 ნოემბერი, 2022 წელი).
15. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლოს შემცირება არ გულისხმობს მის გაუქმებას. პირგასამტეხლოს შემცირების საფუძველია, ერთი მხრივ, ის, რომ კრედიტორი პირგასამტეხლოს მიღებით არ გამდიდრდეს და მოვალეს არ დააწვეს მძიმე ტვირთად პირგასამტეხლოს გადახდა (შესაბამისად, პირგასამტეხლო არ იქცეს ერთგვარ სადამსჯელო ღონისძიებად), ხოლო მეორე მხრივ კი, პირგასამტეხლო იყოს ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი, საპირწონე და გონივრული. აღნიშნულში მოიაზრება სახელშეკრულებო თანასწორობისა და სამართლიანობის პრინციპის დაცვით პირგასამტეხლოს გონივრულ ოდენობამდე შემცირება. აღსანიშნავია, რომ პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრა სასამართლოს მიერ ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში გარემოებათა ყოველმხრივი შეფასების შედეგად დგინდება და რაიმე განსხვავებული სტანდარტი, რომელიც განაზოგადებს პირგასამტეხლოს მათემატიკურ მაჩვენებელს სასამართლო პრაქტიკით არ არის დადგენილი. სასამართლომ უნდა დაიცვას ის სამართლიანი ბალანსი, რომელიც სამოქალაქო-სამართლებრივი ვალდებულების დარღვევას მოჰყვა (იხ. სუსგ საქმე Nას-186-2021, 25 მარტი, 2021 წელი).
16. მოცემულ შემთხვევაში დარღვეული ვალდებულების ხასიათისა (სადავო არაა ხელშეკრულების შესრულების ხარისხი, არამედ დარღვეულია მხოლოდ პროდუქციის მიწოდების ვადა) და მოცულობის, ვადაგადაცილებული დღეების რაოდენობის (ჯამში 17 დღე), დარღვევით გამოწვეული შესაძლო ზიანისა და მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობის (ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ვადაგადაცილებული საქონლის ღირებულების 0,2%-ის ოდენობით, მაგრამ არანაკლებ 200 ლარისა) გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხისათვის დაკისრებული შემცირებული პირგასამტეხლოს ოდენობა (340 ლარი) გონივრულ და სამართლიან ოდენობას წარმოადგენს.
17. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება შესაბამისობაშია პირგასამტეხლოს შემცირებასთან დაკავშირებით უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილ პრაქტიკასთან (შედ. იხ. მაგ., სუსგ საქმე Nას-359-359-2018, 30 აპრილი, 2018 წელი; Nას-1902-2018, 06 ივნისი, 2019 წელი; Nას-1146-2019, 06 დეკემბერი, 2019 წელი), ხოლო კასატორს არ წარმოუდგენია იმგვარი დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია, რაც საკასაციო საჩივრის არსებითად განსახილველად დაშვების შესაძლებლობას მისცემდა სასამართლოს. წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არის დაუსაბუთებელი. კასატორმა ვერ დაადასტურა პირგასამტეხლოს შემცირების არამართლზომიერება და საკასაციო პალატა ვერ დაარწმუნა საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის წინაპირობების არსებობაში.
18. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
19. „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „უ“ ქვეპუნქტის თანახმად, კასატორი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველი;
2. კასატორი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. ბაქაქური
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ე. გასიტაშვილი