საქმე №ას-533-2023 3 ოქტომბერი, 2023 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ზურაბ ძლიერიშვილი, ეკატერინე გასიტაშვილი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – მ.ვ–ძე (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – ა.ლ–ძე (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 22 თებერვლის განჩინება
საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის დაბრუნება სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად
დავის საგანი – უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 22 თებერვლის განჩინებით მ.ვ–ძის (შემდგომში - „მოსარჩელე“ ან „კასატორი“) სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 27 სექტემბრის გადაწყვეტილება, რომლითაც მოსარჩელის სარჩელი ა.ლ–ძის (შემდგომში - „მოპასუხე“) მიმართ ამ უკანასკნელის უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის, მდებარე: ქ. თბილისი, ........., 67,55 კვ.მ, ს.კ. ........, გამოთხოვის თაობაზე არ დაკმაყოფილდა.
2. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
2.1. საჯარო რეესტრის ამონაწერით დადგენილია, რომ 2019 წლის 22 ოქტომბრისთვის მოსარჩელის საკუთრებად რეგისტრირებული იყო 471,42 მ2 უძრავი ნივთი, მდებარე: ქ. თბილისი, ........... N3, ს.კ. N........ ამავე ამონაწერით დადგენილია, რომ 2019 წლის 22 ოქტომბრისთვის მოპასუხის საკუთრების უფლება აღნიშნულ უძრავ ნივთზე საჯარო რეესტრში რეგისტრირებული არ იყო.
2.2. 12.08.2022წ. საჯარო რეესტრის ამონაწერით დასტურდება, რომ მოსარჩელის საკუთრებად რეგისტრირებულია 393,78 მ2 უძრავი ნივთი, მდებარე: ქ. თბილისი, ......, ს.კ. N.........., ხოლო მოპასუხის საკუთრებად ამავე საკადასტრო კოდით რეგისტრირებულია 77,64 მ2 ფართი. მოპასუხის საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტია: თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 26.09.2017წ. გადაწყვეტილება საქმეზე N2/11996-17, რომლითაც მოპასუხე ცნობილ იქნა „საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ მოსარგებლედ და მოსარჩელის საკუთრებად რეგისტრირებული საცხოვრებელი სადგომის - ე.ი. სადავო უძრავი ნივთის მესაკუთრედ.
2.3. მოპასუხის ახსნა-განმარტებითა და საჯარო რეესტრის ამონაწერებით დადგენილია, ხოლო მოსარჩელე სადავოდ არ ხდის ფაქტობრივ გარემოებას, რომ სადავო 67,55 მ2 ფართის მესაკუთრედ რეგისტრირებულია მოპასუხე.
3. სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102.1, 102.3, 105.2 მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170.1, 172.1 მუხლებით და აღნიშნა, რომ მოსარჩელემ ვერ დაადასტურა სადავო უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლებისა და მოწინააღმდეგე მხარის მიერ მისი არამართლზომიერად ფლობის ფაქტი. უფრო მეტიც, მოსარჩელე აღარ არის იმ უძრავი ქონების მესაკუთრე, რომლის გამოთხოვასაც ითხოვს მოპასუხისაგან, ხოლო თავად მოპასუხე თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 26 სექტემბრის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების საფუძველზე, სადავო საცხოვრებელი სადგომის რეგისტრირებულ მესაკუთრეს წარმოადგენს. ამდენად, მოცემულ შემთხვევაში სახეზე არ არის ვინდიკაციური სარჩელის დაკმაყოფილების წინაპირობები - მოსარჩელე არ არის ქონების მესაკუთრე და არც მართლზომიერი მფლობელი, ხოლო მოპასუხის მიერ ქონებაზე საკუთრების უფლება დადასტურებულია.
4. სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნულ განჩინებაზე მოსარჩელემ წარადგინა საკასაციო საჩივარი, რომლითაც მისი გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად იმავე სასამართლოში დაბრუნება მოითხოვა. კასატორმა ასევე მოითხოვა საქმის ზეპირი მოსმენით განხილვა.
5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
6. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.
7. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
8. მოცემულ შემთხვევაში კასატორს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით პრეტენზია (შედავება) არ განუხორციელებია.
9. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.
10. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება) არ წარმოუდგენია.
11. საკასაციო საჩივრით კასატორი სადავოდ ხდის სადავო უძრავ ქონებაზე მოპასუხის საკუთრების უფლებას; ამასთან, კასატორი ითხოვს სასამართლომ განიხილოს მისი დამატებითი მოთხოვნა მოპასუხის საკუთრების უფლების უკანონო რეგისტრაციის თაობაზე; კასატორი აგრეთვე დავობს, რომ სააპელაციო სასამართლომ არ ჩაატარა ზეპირი მოსმენა, მიუხედავად მხარის არაერთი მოთხოვნისა და მოსარჩელეს არ მისცა საქმის განხილვაში მონაწილეობის საშუალება; არ დაიკითხა მოწმეები; ასეთი არაორდინალური საქმე განხილული უნდა იყოს სამი მოსამართლის დასწრებით და ზეპირი მოსმენით; იმავე დავის საგანზე და იმავე მხარეებს შორის არსებობს სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება.
12. საკასაციო სასამართლო თავდაპირველად აღნიშნავს, რომ მოსარჩელის მიერ აღძრულია სარჩელი მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვის თაობაზე, შესაბამისად, წინამდებარე დავის ფარგლებში სასამართლოს მსჯელობის საგანი ვერ გახდება სადავო ქონებაზე მოპასუხის საკუთრების უფლების მართლზომიერება. ამასთან, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 406-ე მუხლის მიხედვით, დავის საგნის შეცვლა ან გადიდება საკასაციო სასამართლოში დაუშვებელია.
13. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას. იმავე კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მესაკუთრეს შეუძლია მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება.
14. ამდენად, ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებიდან გამომდინარე, არამფლობელი მესაკუთრის მიერ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის მართლზომიერებისთვის უნდა არსებობდეს შემდეგი წინაპირობები: ა) მოსარჩელე უნდა იყოს მესაკუთრე, ბ) მოპასუხე უნდა იყოს ნივთის მფლობელი და გ) მოპასუხეს არ უნდა ჰქონდეს ამ ნივთის ფლობის უფლება. აღნიშნული წინაპირობების არარსებობა გამორიცხავს ვინდიკაციური სარჩელის დაკმაყოფილების შესაძლებლობას.
15. წინამდებარე საქმეში დადგენილია, რომ მოსარჩელე აღარ წარმოადგენს სადავო უძრავი ქონების მესაკუთრეს, ხოლო მოპასუხე აღნიშნული უძრავი ნივთის რეგისტრირებული მესაკუთრეა. ეს გარემოებები დასტურდება საქმეში წარდგენილი ამონაწერით საჯარო რეესტრიდან (იხ. ტ. 1, ს.ფ. 159-160), რომლის მიმართაც საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 312-ე მუხლის შესაბამისად, მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ე.ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა. ამრიგად, მოცემულ შემთხვევაში სახეზე არ არის ვინდიკაციური სარჩელის დაკმაყოფილებისათვის კანონით გათვალისწინებული წინაპირობები, რაც განსახილველი სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველია.
16. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 3761-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი შეეხება პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გამოტანილ განჩინებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმისა და დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ, აგრეთვე, თუ საქმე შეეხება უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვას და საქართველოს საბანკო დაწესებულებების, მიკროსაფინანსო ორგანიზაციების, არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებების − კვალიფიციური საკრედიტო ინსტიტუტების მიერ დადებული (მათ შორის, ელექტრონული ფორმით დადებული) სესხის (კრედიტის) გაცემის შესახებ ხელშეკრულებებიდან გამომდინარე დავებს, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია საქმე განიხილოს ზეპირი მოსმენის გარეშე. საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვის შესახებ წინასწარ უნდა ეცნობოს მხარეებს. ზემოთ აღნიშნული გარემოებების არსებობის შემთხვევაშიც მოსამართლეს უფლება აქვს, საქმე განიხილოს ზეპირი მოსმენით. იმავე კოდექსის 25-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, სამოქალაქო საქმეებს სააპელაციო წესით განიხილავს 3 მოსამართლე. ამ კოდექსის მე-14 მუხლით განსაზღვრული საქმეები, ქონებრივ-სამართლებრივი დავა, რომლის ღირებულება არ აღემატება 20 000 ლარს, სააპელაციო საჩივარი პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გამოტანილი დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების განჩინების თაობაზე, აგრეთვე შრომის სამართლებრივი ურთიერთობიდან წარმოშობილი დავები შეიძლება ერთპიროვნულად განიხილოს სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მოსამართლემ.
17. განსახილველი დავის საგანია მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვა, ამდენად, ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმის საფუძველზე, სააპელაციო სასამართლო უფლებამოსილი იყო დავა ზეპირი მოსმენის გარეშე განეხილა. შესაბამისად, დაუსაბუთებელია კასატორის მითითება, რომ სააპელაციო სასამართლომ, მისი არაერთი მოთხოვნის მიუხედავად, საქმეზე ზეპირი მოსმენა არ დანიშნა და მხარეებს მასში მონაწილეობის საშუალება არ მისცა. ამასთან, ვინაიდან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის "კ" ქვეპუნქტის [დავის საგნის ფასი განისაზღვრება: 4000 ლარით, თუ ქონებრივ-სამართლებრივ დავაში (საკუთრების ხელყოფა ან სხვაგვარი ხელშეშლა, სამეზობლო დავა და სხვა) შეუძლებელია დავის საგნის ფასის განსაზღვრა] შესაბამისად, წინამდებარე დავის საგნის ფასი 4000 ლარით განისაზღვრება, სააპელაციო სასამართლო ასევე უფლებამოსილი იყო სააპელაციო საჩივარი ერთპიროვნულად განეხილა.
18. რაც შეეხება მოწმეთა დაკითხვას, აპელანტს სააპელაციო სასამართლოში მოწმეთა დაკითხვის შუამდგომლობა არ დაუყენებია, ხოლო თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 27 სექტემბრის საოქმო განჩინებით მოსარჩელეს უარი ეთქვა მოწმის დაკითხვის შესახებ შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე, რაც მას პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებასთან ერთად არ გაუსაჩივრებია.
19. კასატორი მიუთითებს რომ არსებობს სასამართლოს გადაწყვეტილება მიღებული იმავე მხარეებს შორის, იმავე დავის საგანზე, თუმცა მას აღნიშნულის დამადასტურებელი მტკიცებულება არ წარმოუდგენია.
20. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული რომელიმე წინაპირობა, კასატორს არ წარმოუდგენია იმგვარი დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია, რომლითაც საკასაციო საჩივრის არსებითად განსახილველად დაშვების შესაძლებლობას მისცემდა სასამართლოს, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
21. კასატორმა იშუამდგომლა საქმის ზეპირი მოსმენით განხილვის თაობაზე. აღნიშნულთან დაკავშირებით საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 06 ივნისის განჩინებით საკასაციო საჩივარი, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, მიღებულ იქნა წარმოებაში და დადგინდა დასაშვებობის შემოწმება ზეპირი მოსმენის გარეშე, რის თაობაზეც ეცნობათ მხარეებს.
22. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ამ კოდექსის 391-ე მუხლით დადგენილ მოთხოვნათა შესაბამისად, საკასაციო საჩივრის დასაშვებობას ამოწმებს სასამართლოს კოლეგიური შემადგენლობა. კოლეგია უფლებამოსილია აღნიშნული საკითხი ზეპირი განხილვის გარეშე გადაწყვიტოს. საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის შემთხვევაში კი, სასამართლო მსჯელობს საქმის ზეპირი მოსმენით განხილვის მიზანშეწონილობაზე.
23. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული, ვერ დაკმაყოფილდება კასატორის შუამდგომლობა მისი ზეპირი მოსმენით განხილვის შესახებ.
24. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება ცნობილი, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.
25. ამდენად, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 150 ლარის 70% – 105 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. მ.ვ–ძის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველი;
2. კასატორის შუამდგომლობა საქმის ზეპირი მოსმენით განხილვის თაობაზე არ დაკმაყოფილდეს;
3. კასატორს მ.ვ–ძეს (პ/ნ N.......) დაუბრუნდეს გ.გ–ნის (პ/ნ N.......) მიერ 2023 წლის 31 მაისის №32393104 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 150 (ას ორმოცდაათი) ლარის 70% – 105 (ას ხუთი) ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. ბაქაქური
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ე. გასიტაშვილი