Facebook Twitter

საქმე №ას-522-2023 27 ივლისი, 2023 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ზურაბ ძლიერიშვილი, ეკატერინე გასიტაშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – ი.გ–ნი (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარეები – ა.კ–ნი, ა.კ–ნი (მოპასუხეები)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 10 თებერვლის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება

დავის საგანი – ფულადი ვალდებულების შესრულება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 10 თებერვლის გადაწყვეტილებით ი.გ–ნის (შემდგომში - „მოსარჩელე“, „აპელანტი“ ან „კასატორი“) სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 05 ივლისის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც მოსარჩელის სარჩელი (სარჩელით მოთხოვნილი იყო პირველი მოპასუხისათვის 7 500 ლარის, ხოლო მეორე მოპასუხისათვის 2 212 ლარის გადახდის დაკისრება) დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ა.კ–ნს (შემდგომში - „პირველი მოპასუხე”) მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 5 000 რუსული რუბლის ეკვივალენტი ლარის გადახდა, გადახდის დროისთვის არსებული ვალუტის კურსის შესაბამისად; ხოლო, ა.კ–ნს (შემდგომში - „მეორე მოპასუხე”) მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 290 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდა, გადახდის დროისთვის არსებული ვალუტის კურსის შესაბამისად.

2. სააპელაციო პალატამ დაადგინა საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

2.1. მოსარჩელესა და მოპასუხეებს შორის არსებობდა სასესხო ურთიერთობა, რომლის საფუძველზეც, მოსარჩელეს მეორე მოპასუხისათვის გადაცემული აქვს 500 აშშ დოლარი, ხოლო პირველი მოპასუხისათვის - 5 000 რუსული რუბლი. მეორე მოპასუხის ნაწილში მოსარჩელემ თავად მიუთითა, რომ სასესხო ვალდებულების შესრულების სახით მისგან მიღებული აქვს 210 აშშ დოლარი, შესაბამისად, მეორე მოპასუხის დავალიანება მოსარჩელის მიმართ შეადგენს 290 აშშ დოლარს.

3. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, განსახილველ შემთხვევაში მხარეთა შორის მთავარ სადავო საკითხს წარმოადგენს - მოსარჩელის მიერ მოპასუხეებთან სასესხო ურთიერთობაში შესვლის ფაქტი, კერძოდ, მოპასუხეები პირველი ინსტანციის სასამართლოში წარდგენილ შესაგებლებში განმარტავენ, რომ მათ მოსარჩელისაგან რაიმე თანხა სესხად არ მიუღიათ. ამ მოცემულობაში მოსარჩელის მტკიცების ტვირთს, უპირველეს ყოვლისა, წარმოადგენს იმ გარემოების დადასტურება, რომ მან მოპასუხეებს ნამდვილად ასესხა 7 500 ლარი და 1 000 აშშ დოლარი.

4. სააპელაციო პალატის განმარტებით, მოსარჩელეს საკუთარი პოზიციის დასადასტურებლად წერილობითი ფორმით დადებული სესხის ხელშეკრულება არ წარუდგენია; საქმეზე მოწმის სახით დაიკითხა მოსარჩელის მამა - ა.გ–ნი, რომელმაც განაცხადა შემდეგი: მისთვის ცნობილია, რომ მოსარჩელემ 2013 წელს მეორე მოპასუხეს გადასცა თანხა ნათესავზე გადასაცემად, თუმცა მას ეს თანხა ადრესატისთვის არ გადაუცია; ეს თანხა იყო 500 აშშ დოლარი; ამის შემდეგ მოსარჩელეს მეორე მოპასუხისთვის კიდევ მიუცია თანხა, რომლის რაოდენობაც მან არ იცის; როგორც მისთვის ცნობილია, მეორე მოპასუხემ მოსარჩელეს მხოლოდ 100 აშშ დოლარი დაუბრუნა; მან 2018-2019 წელს ასევე შეიტყო, რომ მოსარჩელეს ა–ვისაც უსესხებია ფული 200-200 აშშ დოლარი რამდენჯერმე. აღნიშნულ ჩვენებასთან მიმართებით, სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ იმ შემთხვევაშიც კი, თუ სასამართლო მას სარწმუნოდ მიიჩნევს, მხოლოდ მოსარჩელის მამის, როგორც მოწმის ჩვენება, არ არის საკმარისი სესხის ხელშეკრულების დადებულად მიჩნევისთვის.

5. სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, მოსარჩელის პოზიციის სასარგებლო მთავარ მტკიცებულებას წარმოადგენს მოპასუხეთა გამოკითხვის ოქმები (იხ. ტ. 1, ს.ფ. 76-77), რომლებიც ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 07.04.2022წ. საოქმო განჩინებით იქნა გამოთხოვილი ახალქალაქის შს რაიონული სამმართველოდან. მეორე მოპასუხის 03.09.2020წ. გამოკითხვის ოქმის თანახმად, ამ უკანასკნელმა განაცხადა, რომ მოსარჩელეს იცნობს დაახლოებით 8 წელია და 8 წლის წინ მისგან ისესხა 500 აშშ დოლარი, რომელიც ორი თვის ვადაში დაუბრუნა უკან და მის მიმართ ვალდებულება აღარ გააჩნია; ხოლო, პირველი მოპასუხის 03.09.2020წ. გამოკითხვის ოქმის თანახმად, ამ უკანასკნელმა განაცხადა, რომ მოსარჩელეს იცნობს დაახლოებით 8 წელია და 2015 წელს მისგან ისესხა 5 000 რუსული რუბლი, რომელიც დაბრუნებული აქვს სრულად და მოსარჩელის მიმართ ვალდებულება არ გააჩნია.

6. სააპელაციო პალატამ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ გამოკითხვის ოქმებში მოპასუხეები ადასტურებენ მოსარჩელისაგან სესხის სახით თანხების მიღების ფაქტს, რაც წინააღმდეგობაში მოდის მათ მიერ შესაგებლებში დაფიქსირებულ პოზიციასთან, რომ მოსარჩელისგან არანაირი თანხა სესხად არ მიუღიათ. მოპასუხეებს აღნიშნული წინააღმდეგობრიობის ლოგიკური განმარტება სასამართლოსთვის არ შეუთავაზებიათ.

7. სააპელაციო პალატამ ასევე ყურადღება გაამახვილა სესხის ხელშეკრულებების თარიღებზე, კერძოდ, მოსარჩელის განმარტებით, 2016-2018 წლებში პირველ მოპასუხეს რამდენჯერმე ასესხა თანხა ჯამში 7 800 ლარის ოდენობით, ხოლო მეორე მოპასუხეს დაახლოებით 2013 წელს ასესხა 1 000 აშშ დოლარი, რომლის ნაწილი - 210 აშშ დოლარის ოდენობით მან დაუბრუნა 2018 წლის ბოლოს. აღსანიშნავია, რომ გამოკითხვის ოქმებში მოპასუხეები სწორედ დასახელებულ პერიოდებს უთითებენ მოსარჩელისაგან სესხის მიღების თარიღებად. სააპელაციო სასამართლომ ამ თანხვედრის საფუძველზეც მიიჩნია, რომ მოპასუხეებმა დაადასტურეს სწორედ იმ სასესხო ურთიერთობების არსებობა, რაზეც მოსარჩელე უთითებს სარჩელში. ხოლო, მოპასუხეებმა გასაუბრების ოქმებში დაფიქსირებული საკუთარი პოზიციების უარყოფა სათანადოდ ვერ განახორციელეს.

8. სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე, 624-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 4.1, 102-ე, 105-ე მუხლებით და მოპასუხეთა გასაუბრების ოქმებისა და მოწმე ა.გ–ნის ჩვენების ერთობლიობაში შეფასების შედეგად დაადგინა, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეებს შორის ნამდვილად არსებობდა სასესხო ურთიერთობა.

9. რაც შეეხება სესხის სახით გაცემული თანხების ოდენობას, სააპელაციო პალატა ამ შემთხვევაშიც დაეყრდნო გასაუბრების ოქმებში მოცემულ ინფორმაციას და გამომდინარე იქედან, რომ მოსარჩელეს მის მიერ მითითებული გარემოებების დასადასტურებლად სხვა რაიმე მტკიცებულება არ წარუდგენია, ასევე, დადგენილად მიიჩნია, რომ პირველი მოპასუხისათვის მოსარჩელეს სესხის სახით გაცემული აქვს 5 000 რუსული რუბლი, ხოლო მეორე მოპასუხისათვის - 500 აშშ დოლარი, საიდანაც 210 აშშ დოლარი ამ უკანასკნელმა კრედიტორს დაუბრუნა.

10. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, მოსარჩელის განმარტებით, სესხის ხელშეკრულებები რაიმე კონკრეტული ვადით არ ყოფილა დადებული. აღნიშნულ განმარტებას მოპასუხეებმა რაიმე წონადი არგუმენტი ან მტკიცებულება ვერ დაუპირისპირეს. ამდენად, ვინაიდან საქმის მასალებიდან არ დგინდება სესხის ხელშეკრულების ვადაზე მხარეთა შეთანხმების ფაქტი, სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ სახეზე იყო უვადო სესხის ხელშეკრულება. შესაბამისად, სსკ-ის 365-ე მუხლიდან გამომდინარე, მოსარჩელეს ნებისმიერ დროს შეეძლო შესრულების მოთხოვნა, ისევე როგორც მოვალეებს შეეძლოთ ვალდებულების ნებისმიერ დროს შესრულება.

11. სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 128.1, 130-ე მუხლებით და ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მიიჩნია, რომ კრედიტორის მხრიდან ვალდებულების შესრულების მოთხოვნის წაყენებამდე, მისი უფლების დარღვევას, რაც ხანდაზმულობის ვადის ათვლას დაიწყებდა, ადგილი ვერ ექნებოდა. ვალდებულების შესრულების მოთხოვნის თაობაზე რაიმე მტკიცებულება საქმეში წარდგენილი არ არის. ამასთან, მოსარჩელემ ზეპირი ახსნა-განმარტების ფარგლებში განაცხადა, რომ მოპასუხეებს 2020 წლამდე მისცა ვალდებულებების შესსრულების ვადა, რასაც მოწინააღმდეგე მხარეები კატეგორიულად უარყოფენ. აღნიშნულიდან გამომიდინარე, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მოსარჩელის მიერ ვალდებულების შესრულების მოთხოვნის დაფიქსირება განხორციელდა სასამართლოში სარჩელის წარდგენის გზით, 2021 წლის 25 ნოემბერს, შესაბამისად, მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნები მოპასუხეთა მიმართ არ არის ხანდაზმული.

12. სააპელაციო პალატამ ასევე იხელმძღვნელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316.1, 317.1, 623-ე მუხლებით და საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების, ასევე, იმის გათვალისწინებით, რომ მოპასუხეებმა, გარდა საკუთარი ახსნა-განმარტებისა, ვერ წარადგინეს მათ მიერ სასესხო ვალდებულებების შესრულების დამადასტურებელი მტკიცებულებები, მიიჩნია, რომ სახეზე იყო სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილებისა და მეორე მოპასუხისათვის მოსარჩელის სასარგებლოდ 290 აშშ დოლარის, ხოლო პირველი მოპასუხისათვის - 5 000 რუსული რუბლის გადახდის დაკისრების საფუძვლები.

13. სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნულ განჩინებაზე მოსარჩელემ წარადგინა საკასაციო საჩივარი, რომლითაც მისი ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება მოითხოვა.

14. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

15. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.

16. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

17. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.

18. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება) არ წარმოუდგენია.

19. საკასაციო საჩივრის თანახმად, სასამართლოს აუცილებლად უნდა გაემახვილებინა ყურადღება იმ გარემოებაზე, რომ მოპასუხეები თავიდანვე ცდილობდნენ სასამართლოს შეცდომაში შეყვანას. მათ მაშინაც კი უარყვეს მოსარჩელისაგან თანხის სესხების ფაქტი, როდესაც მათ მიერვე აღიარებული დოკუმენტაცია გამოითხოვა სასამართლომ პოლიციიდან. ისინი თავადვე განმარტავდნენ, რომ მცირე თანხის ფარგლებში, თუმცა იყვნენ სასესხო ურთიერთობაში მოსარჩელესთან. ამდენად, სასამართლოს ჰქონდა შესაძლებლობა და მტკიცებულებათა ერთობლიობაში განხილვა აძლევდა იმის საფუძველს, რომ სრულად დაეკმაყოფილებინა სარჩელი.

20. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი. იმავე კოდექსის 624-ე მუხლის მიხედვით, სესხის ხელშეკრულება იდება ზეპირად. მხარეთა შეთანხმებით შეიძლება გამოყენებულ იქნეს წერილობითი ფორმაც. ზეპირი ხელშეკრულების დროს მისი ნამდვილობა არ შეიძლება დადგინდეს მხოლოდ მოწმეთა ჩვენებებით.

21. ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებიდან გამომდინარე, სესხის ხელშეკრულება რეალურ ხელშეკრულებათა რიგს განეკუთვნება და ხელშემკვრელ მხარეთა უფლება-მოვალეობები ხელშეკრულების საგნის მოვალისთვის რეალურად გადაცემის მომენტიდან წარმოიშობა. კანონი არ ადგენს გარიგების ფორმის შეზღუდვას და უშვებს სესხის ხელშეკრულების, როგორც წერილობითი, ასევე, ზეპირი ფორმით დადების შესაძლებლობას. ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, სესხის ხელშეკრულების არსებითი პირობაა გამსესხებლის მიერ მსესხებლისთვის თანხის ან სხვა გვაროვნული ნივთის გადაცემა, თუმცა ერთი პირის მიერ მეორე პირისაგან მხოლოდ თანხის ან სხვა გვაროვნული ნივთის მიღების ფაქტი არ არის საკმარისი მათ შორის სასესხო ურთიერთობის დასადგენად, რადგან თანხის ან სხვა გვაროვნული ნივთის მიღების სხვა საფუძველიც შეიძლება არსებობდეს, მნიშვნელოვანია, ასევე, მსესხებლის ნება, იკისროს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთის უკან დაბრუნების ვალდებულება.

22. სამოქალაქო საპროცესო სამართალში მოქმედი მტკიცების ტვირთის სამართლიანი და ობიექტური განაწილების სტანდარტის შესაბამისად, თანხის გადაცემის მტკიცების ტვირთი გამსესხებელს ეკისრება. ანუ, გამსესხებლის ვალდებულება შემოიფარგლება სესხის თანხის გადაცემისა და გადაცემული თანხის ოდენობის მტკიცებით, ხოლო მსესხებლის მტკიცების ტვირთს კი სესხის თანხის დაფარვის დადასტურება წარმოადგენს (იხ. სუსგ საქმე Nას-819-767-2017, 20 დეკემბერი, 2017 წელი). ბუნებრივია, კანონმდებლის ასეთი დამოკიდებულება განპირობებულია ვალდებულებიდან გამომდინარე მხარეთა მდგომარეობით. სესხის სახით თანხის გადაცემის დამადასტურებელი დოკუმენტის ფლობა აუცილებლობას წარმოადგენს გამსესხებლისათვის, რადგან მან მხოლოდ ამგვარი დოკუმენტით შეიძლება დაადასტუროს სესხის ხელშეკრულების რეალურად დადების ფაქტი და მისი ოდენობა, მსესხებლისათვის კი არანაირი საჭიროება არ არსებობს ფლობდეს და წარმოადგინოს ამგვარი დოკუმენტი არც სამართლებრივი და არც ფაქტობრივი თვალსაზრისით.

23. წინამდებარე საქმეში არსებული მტკიცებულებების, კერძოდ, მხარეთა ახსნა-განმარტებების, მოპასუხეთა გამოკითხვის ოქმებისა და მოწმე ა.გ–ის ჩვენების ერთობლიობაში შეფასების შედეგად, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, რომ განსახილველ შემთხვევაში დგინდება მოსარჩელის მიერ პირველი მოპასუხისათვის მხოლოდ 5 000 რუბლის, ხოლო მეორე მოპასუხისათვის 500 აშშ დოლარის (საიდანაც მეორე მოპასუხეს 210 აშშ დოლარი უკან აქვს დაბრუნებული) გადაცემის ფაქტი. კასატორს აღნიშნულის საწინააღმდეგო დასაბუთებული პრეტენზია არ წარმოუდგენია, მის მიერ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არის არაკვალიფიციური, დაუსაბუთებელი და არ შეიცავს კონკრეტულ გარემოებებზე მითითებას.

24. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული რომელიმე წინაპირობა, კასატორს არ წარმოუდგენია იმგვარი დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია, რომელიც საკასაციო საჩივრის არსებითად განსახილველად დაშვების შესაძლებლობას მისცემდა სასამართლოს, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

25. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება ცნობილი, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.

26. ამდენად, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 430,50 ლარის 70% – 301,35 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. ი.გ–ნის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველი;

2. კასატორს ი.გ–ნს (პ/ნ N........) დაუბრუნდეს მის მიერ 2023 წლის 20 მაისის №17158320098 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 430,50 ლარის 70% – 301,35 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. ბაქაქური

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ე. გასიტაშვილი