Facebook Twitter

საქმე №ას-274-2023 27 ივლისი, 2023 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ზურაბ ძლიერიშვილი, ეკატერინე გასიტაშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – შპს „ა–ი“ (მოსარჩელე, მოპასუხე შეგებებულ სარჩელში)

მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ს.კ.უ–ფა“ (მოპასუხე, მოსარჩელე შეგებებულ სარჩელში)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 20 ოქტომბრის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება

დავის საგანი – პირგასამტეხლოს შემცირება (თავდაპირველ სარჩელში), პირგასამტეხლოს დაკისრება (შეგებებულ სარჩელში)

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 20 ოქტომბრის გადაწყვეტილებით შპს „ს.კ.უ–ფის“ (შემდგომში - „მოპასუხე”, „მოსარჩელე შეგებებულ სარჩელში” ან „შემსყიდველი”) სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 18 თებერვლის გადაწყვეტილების გაუქმებით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც შპს „ა–ის“ (შემდგომში - „მოსარჩელე”, „მოპასუხე შეგებებულ სარჩელში” ან „მიმწოდებელი”) სარჩელი (სარჩელით მოთხოვნილი იყო 16.09.2020წ. წერილით დაკისრებული პირგასამტეხლოს 19 728 ლარამდე, ხოლო 19.11.2020წ. წერილით დაკისრებული პირგასამტეხლოს 19 728 ლარამდე შემცირება) არ დაკმაყოფილდა; ხოლო, მოპასუხის შეგებებული სარჩელი (შეგებებული სარჩელით მოთხოვნილი იყო მოპასუხისათვის 16.09.2020წ. და 19.11.2020წ. წერილებით დაკისრებული პირგასამტეხლოს - 197 280 ლარის გადახდის დაკისრება) დაკმაყოფილდა და მოსარჩელეს მოპასუხის სასარგებლოდ დაეკისრა 197 280 ლარის გადახდა.

2. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

2.1. მხარეთა შორის 2020 წლის 03 იანვარს 2020 წლის კონსოლიდირებული ტენდერის (CON190000469) საფუძველზე დაიდო სახელმწიფო შესყიდვის შესახებ N0301/01 ხელშეკრულება, რომლის საგანს წარმოადგენდა ყველის შესყიდვა სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნებული CON190000469 სატენდერო დოკუმენტაციით, დანართებით, მიმწოდებლის სატენდერო წინადადებით გათვალისწინებული პირობებითა და ფასით.

2.2. ხელშეკრულების 2.2 და 2.3 პუნქტების თანახმად, შესყიდვის ობიექტს წარმოადგენდა წინამდებარე ხელშეკრულებით განსაზღვრული საკვები პროდუქტ(ებ)ი. შესასყიდი საქონლის საორიენტაციო რაოდენობა განსაზღვრული იყო დანართი N1-ით, რომელიც თან ერთვოდა წინამდებარე ხელშეკრულებას და მის განუყოფელ ნაწილს წარმოადგენდა.

2.3. ხელშეკრულების 3.1 პუნქტის თანახმად, ხელშეკრულების საორიენტაციო ღირებულება შეადგენდა 1 794 600 ლარს.

2.4. ხელშეკრულების 4.2 პუნქტით განისაზღვრა, რომ საქონლის მიწოდება უნდა განხორციელებულიყო 2020 წლის 03 იანვრიდან 2020 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით, წინამდებარე ხელშეკრულებაზე თანდართული გეგმა-გრაფიკის შესაბამისად.

2.5. ხელშეკრულების 6.1 პუნქტის თანახმად, შემსყიდველის მიერ საქონლის მიწოდების ვადების, ხარისხისა და მოცულობის ხელშეკრულების მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენა და ხელშეკრულების პირობების შესრულების კონტროლი უნდა განხორციელებულიყო პერიოდულად, როგორც საქონლის მიწოდების დროს, ისე ამ ხელშეკრულების მოქმედების მთელი პერიოდის განმავლობაში, შემსყიდველის მოთხოვნათა შესაბამისად.

2.6. ხელშეკრულების 6.4.4 პუნქტის თანახმად, ხარისხის დადგენილ სტანდარტებთან შესაბამისობის განსაზღვრის მიზნით, შემსყიდველი უფლებამოსილი იყო, ხელშეკრულების მოქმედების განმავლობაში არაუმეტეს ოთხჯერ განეხორციელებინა საქონლის ნიმუშის აღება და სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში” ან სხვა აკრედიტირებულ ორგანიზაციაში შემოწმება. შემოწმებას უზრუნველყოფდა მიმწოდებელი. ლაბორატორიული შემოწმების ოქმებში მითითებული მაჩვენებლით უნდა დადგენილიყო ხელშეკრულების ტექნიკური სპეციფიკაციით მოთხოვნილი მაჩვენებელები და პროდუქციას უნდა დაეკმაყოფილებინა საქართველოში მოქმედი შესაბამისი სტანდარტებით განსაზღვრული ხარისხისა და უსაფრთხოების მაჩვენებლები.

2.7. ხელშეკრულების 10.7 პუნქტის თანახმად, უარყოფითი ლაბორატორიული დასკვნის (უარყოფითად ჩაითვლება ლაბორატორიული დასკვნა, სადაც კვლევის ობიექტის (პროდუქტის) ნებისმიერი პარამეტრი/მონაცემი არ შეესაბამება საქართველოში მოქმედ კანონმდებლობას, სტანდარტებს, ან/და წინამდებარე ხელშეკრულებას) წარმოდგენის შემთხვევაში შემსყიდველი უფლებამოსილი იყო პრეტენდენტისთვის დაეკისრებინა პირგასამტეხლო ხელშეკრულების ღირებულების 1%-ის ოდენობით, ხოლო თუ შეუსაბამობა შეეხებოდა ისეთ პარამეტრს/მონაცემს, რომელსაც შეეძლო საფრთხე შეექმნა ადამიანის სიცოცხლის ან/და ჯანმრთელობისათვის - ხელშეკრულების ღირებულების 5%-ის ოდენობით. ასეთ შემთხვევაში შემსყიდველი უფლებამოსილი იყო მიემართა სატენდერო კომისიისათვის ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე საკითხის გადაწყვეტის მიზნით.

2.8. მოპასუხის 16.09.2020წ. წერილის თანახმად, ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობისთვის, კერძოდ, უარყოფითი ლაბორატორიული დასკვნის წარდგენისათვის, მოსარჩელეს გადასახდელად დაეკისრა პირგასამტეხლო ხელშეკრულების ღირებულების (1 972 800 ლარი) 5%-ის - 98 640 ლარის ოდენობით. აღნიშნული მიმართვის თანახმად, მოსარჩელისათვის პირგასამტეხლოს დაკისრების საფუძველს წარმოადგენდა შემდეგი: მოპასუხის ფინანსური აღრიცხვისა და სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტის სურსათის უვნებლობის მენეჯერის 02.09.2020წ. მოხსენებითი ბარათიდან ირკვევა, რომ მოსარჩელის მიერ მიწოდებულ პროდუქტზე (ყველი) ნიმუშის აღება განხორციელდა 2020 წლის 16 ივლისს ს/ნ ,,გ....”-ის სასადილოდან. მოსარჩელის მიერ 25.08.2020წ. წერილით წარდგენილ იქნა 4 გამოცდის ოქმი. თითოეული გამოცდის ოქმის თანახმად, პროდუქტი არ შეესაბამებოდა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის N301/ნ ბრძანებას და მოპასუხის ტექნიკური სპეციფიკაციის მოთხოვნებს. პროდუქტში მიკრობიოლოგიური მაჩვენებლებიდან აღმოჩენილ იქნა ,,კოლიფორმები” ნორმაზე მეტი. შესაბამისად, შეუსაბამობა შეეხებოდა ისეთ პარამეტრს/მონაცემს, რომელმაც შესაძლებელია საფრთხე შეუქმნას ადამიანის სიცოცხლეს ან/და ჯანმრთელობას, რომელიც ასევე დასტურდება საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 16.08.2001წ. N301/ნ ბრძანებით. კერძოდ, აღნიშნული ბრძანების მე-4 ზოგადი დებულების მე-18 მუხლი ადგენს, რომ ,,აკრძალულია წინამდებარე სანიტარული წესებით დადგენილ ჰიგიენურ ნორმატივებთან შეუსაბამო საკვები პროდუქციის წარმოება, ქვეყანაში შემოტანა, შენახვა, ტრანსპორტირება და რეალიზაცია. სანიტარული წესების ერთ-ერთი მიკრობიოლოგიური პარამეტრია ,,კოლიფორმები’’.

2.9. მოპასუხის 19.11.2020წ. წერილის თანახმად, ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობისთვის, კერძოდ, უარყოფითი ლაბორატორიული დასკვნის წარმოდგენისთვის, მოსარჩელეს გადასახდელად დაეკისრა პირგასამტეხლო ხელშეკრულების ღირებულების (1 972 800 ლარი) 5%- ის - 98 640 ლარის ოდენობით. აღნიშნული მიმართვის თანახმად, მოსარჩელისათვის პირგასამტეხლოს დაკისრების საფუძველს წარმოადგენდა შემდეგი: მოპასუხის ფინანსური აღრიცხვისა და სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტის სურსათის უვნებლობის მენეჯერის 12.10.2020წ. მოხსენებითი ბარათიდან ირკვევა, რომ მოსარჩელის მიერ მიწოდებულ პროდუქტზე (ყველი) ნიმუშის აღება განხორციელდა 2020 წლის 24 სექტემბერს ს/ნ ,,თავდაცვას” სასადილოდან. მოსარჩელის მიერ 08.10.2020წ. წერილით წარდგენილ იქნა ერთი გამოცდის ოქმი. თითოეული გამოცდის ოქმის თანახმად, პროდუქტი არ შეესაბამებოდა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის N301/ნ ბრძანებას და მოპასუხის ტექნიკური სპეციფიკაციის მოთხოვნებს, პროდუქტში მიკრობიოლოგიური მაჩვენებლებიდან აღმოჩენილია ,,კოლიფორმები” ნორმაზე მეტი. შესაბამისად, შეუსაბამობა ეხება ისეთ პარამეტრს/მონაცემს, რომელმაც შესაძლებელია საფრთხე შეუქმნას ადამიანის სიცოცხლეს ან/და ჯანმრთელობას, რაც ასევე დასტურდება საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 16.08.2001წ. N301/ნ ბრძანებით. კერძოდ, აღნიშნული ბრძანების მე-4 ზოგადი დებულების მე-18 მუხლი ადგენს, რომ ,,აკრძალულია წინამდებარე სანიტარული წესებით დადგენილ ჰიგიენურ ნორმატივებთან შეუსაბამო საკვები პროდუქციის წარმოება, ქვეყანაში შემოტანა, შენახვა, ტრანსპორტირება და რეალიზაცია. სანიტარული წესების ერთ-ერთი მიკრობიოლოგიური პარამეტრია ,,კოლიფორმები”.

2.10. მხარეთა შორის სადავო არ არის ის გარემოება, რომ მოსარჩელის მიერ დარღვეულია 03.01.2020წ. ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება მოპასუხის ტექნიკური სპეციფიკაციის მოთხოვნებთან შესაბამისი პროდუქციის მიწოდების შესახებ, რაც მოსარჩელის მიმართ ხელშეკრულების 10.7 პუნქტით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს დაკისრების საფუძველია.

3. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ სააპელაციო საჩივარი არ შეიცავდა რაიმე პრეტენზიას პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილად მიჩნეულ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებაში. აპელანტის მიერ სადავოდ იყო გამხდარი მხოლოდ სასამართლოს მიერ სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის გამოყენების მართებულობა. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასაბუთებულობა შეაფასა მხოლოდ სამართლებრივი თვალსაზრისით, კერძოდ, რამდენად არსებობდა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს შემცირების კანონით გათვალისწინებული (სსკ-ის 420-ე მუხლი) წინაპირობა.

4. სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-418-ე, 420-ე მუხლებით და სადავო ხელშეკრულების მასშტაბის (მიწოდებული პროდუქტი განკუთვნილი იყო საქართველოს მთელი შეიარაღებული ძალების/ჯარის კვებისთვის), ხელშეკრულების დარღვევის ხარისხის (შეიქმნა ადამიანის ჯანმრთელობის დაზიანების პოტენციური საფრთხე) და კრედიტორის ნაგულისხმევი და ლეგიტიმური სახელშეკრულებო ინტერესის გათვალისწინებით, მიიჩნია, რომ კონკრეტულ შემთხვევაში არ არსებობდა ხელშეკრულებით შეთანხმებული პირგასამტეხლოს შემცირების საფუძველი.

5. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, განსახილველ შემთხვევაში პირგასამტეხლოს არსში სახელშეკრულებო ინტერესის კომპენსირების ფუნქციის გააქტიურება კრედიტორის დაცვის მნიშვნელოვან საშუალებად წარმოდგება და ზემოაღნიშნული შემთხვევების მსგავსი სახელშეკრულებო ინტერესით დატვირთულ საქმეებში კიდევ უფრო სიფრთხილითაა გამოსაყენებელი პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირების სასამართლოსეული უფლებამოსილება, რომელიც უპირველესად დარღვეულ მოსალოდნელ სახელშეკრულებო ინტერესთან შეწონვით შეიძლება განხორციელდეს.

6. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, განსახილველ შემთხვევაში ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობის დარღვევისათვის შეთანხმებული პირგასამტეხლო - ხელშეკრულების ღირებულების 5%-ის ოდენობით, უზრუნველყოფს შესასრულებელი ვალდებულების დარღვევისათვის მისადაგებული პირგასამტეხლოს ფუნქციის შესრულებას და შეესაბამება მოპასუხის მიერ დარღვეული ვალდებულებისათვის პასუხისმგებლობის სახით დაწესებულ საზღაურს.

7. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ ზემოაღნიშნული დასკვნა და შეგებებული სარჩელის სრულად დაკმაყოფილება გამორიცხავდა პირგასამტეხლოს შემცირების თაობაზე მოსარჩელის სარჩელის დაკმაყოფილების შესაძლებლობას.

8. სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნულ გადაწყვეტილებაზე მოსარჩელემ წარადგინა საკასაციო საჩივარი, რომლითაც მისი გაუქმება მოითხოვა.

9. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

10. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.

11. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) ააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

12. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.

13. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.

14. კასატორს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით პრეტენზია (შედავება) არ განუხორციელებია.

15. საკასაციო საჩივრის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან. სააპელაციო სასამართლომ არ გაითვალისწინა მოსარჩელის მიერ სასამართლო სხდომაზე დასახელებული არგუმენტები და მხოლოდ მოპასუხის ინტერესების გათვალისწინებით მიიღო გადაწყვეტილება.

16. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო, მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის.

17. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა დაკავშირებულია ვალდებულების დარღვევასთან. ქართულ კანონმდებლობაში პირგასამტეხლოს ორმაგი ფუნქცია გააჩნია. ერთი მხრივ, მას ვალდებულების ჯეროვანი შესრულების უზრუნველსაყოფად პრევენციული დატვირთვა აქვს, ანუ პირგასამტეხლოს დაკისრების რისკი ფსიქოლოგიურად ზემოქმედებს ვალდებულ პირზე და აიძულებს ვალდებულება ჯეროვნად შეასრულოს. პირგასამტეხლოს ფსიქოლოგიური ზემოქმედების ეფექტი სწორედ იმაში ვლინდება, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, ვალდებულ პირს იძულებითი ხასიათის სანქცია ეკისრება; პირგასამტეხლოს მეორე ფუნქცია განცდილი ზიანის მარტივად და სწრაფად ანაზღაურებაში მდგომარეობს. იგი ერთგვარ სანქციასაც წარმოადგენს. ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში სანქციად ქცეული პირგასამტეხლო ვალდებულ პირს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა კრედიტორმა ზიანი ამ დარღვევის შედეგად (იხ. სუსგ საქმე Nას-1158-1104-2014, 06 მაისი, 2015 წელი; Nას-1265-1187-2015, 10 თებერვალი, 2016 წელი; Nას-428-428-2018, 13 ივლისი, 2018 წელი; Nას-1077-997-2017, 31 ივლისი, 2018 წელი).

18. საკასაციო სასამართლო ასევე განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 418-ე მუხლი ხელშეკრულების მხარეებს ანიჭებს უფლებამოსილებას, თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრა მხარეთა უფლებაა და აღნიშნული კუთხით მოქმედებს სახელშეკრულებო ურთიერთობებში დამკვიდრებული მხარეთა ნების ავტონომიის პრინციპი, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლი შესაძლებლობას აძლევს სასამართლოს შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.

19. ამდენად, პირგასამტეხლოს თაობაზე შეთანხმება არ წარმოადგენს მხარეთა აბსოლუტურ უფლებას და კვალიფიციური შედავების პირობებში სასამართლო უფლებამოსილია, შეაფასოს კრედიტორის მიერ მოთხოვნილი ოდენობით პირგასამტეხლოს თანაზომიერება ვალდებულების დარღვევასთან მიმართებით. უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკის მიხედვით, ასეთ დროს სასამართლო მხედველობაში იღებს მხარის ქონებრივ მდგომარეობასა და სხვა გარემოებებს, კერძოდ, იმას, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან. პირგასამტეხლოს შეუსაბამობის კრიტერიუმად, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, შეიძლება, ასევე, ჩაითვალოს ისეთი გარემოებები, როგორიც არის ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს შეუსაბამოდ მაღალი პროცენტი, პირგასამტეხლოს თანხის მნიშვნელოვანი გადაჭარბება ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეულ შესაძლო ზიანზე, ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა და სხვა (იხ. მაგ., სუსგ საქმე Nას-1560-1463-2012, 28 დეკემბერი, 2012 წელი; Nას-1200-1145-2013, 16 მაისი, 2014 წელი; Nას-1199-1127-2015, 13 აპრილი, 2016 წელი; Nას-1511-2018, 26 მარტი, 2019 წელი).

20. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლოს შემცირება არ გულისხმობს მის გაუქმებას. პირგასამტეხლოს შემცირების საფუძველია, ერთი მხრივ, ის, რომ კრედიტორი პირგასამტეხლოს მიღებით არ გამდიდრდეს და მოვალეს არ დააწვეს მძიმე ტვირთად პირგასამტეხლოს გადახდა (შესაბამისად, პირგასამტეხლო არ იქცეს ერთგვარ სადამსჯელო ღონისძიებად), ხოლო მეორე მხრივ კი, პირგასამტეხლო იყოს ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი, საპირწონე და გონივრული. აღნიშნულში მოიაზრება სახელშეკრულებო თანასწორობისა და სამართლიანობის პრინციპის დაცვით პირგასამტეხლოს გონივრულ ოდენობამდე შემცირება. აღსანიშნავია, რომ პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრა სასამართლოს მიერ ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში გარემოებათა ყოველმხრივი შეფასების შედეგად დგინდება და რაიმე განსხვავებული სტანდარტი, რომელიც განაზოგადებს პირგასამტეხლოს მათემატიკურ მაჩვენებელს სასამართლო პრაქტიკით არ არის დადგენილი. სასამართლომ უნდა დაიცვას ის სამართლიანი ბალანსი, რომელიც სამოქალაქო-სამართლებრივი ვალდებულების დარღვევას მოჰყვა (იხ. სუსგ საქმე Nას-186-2021, 25 მარტი, 2021 წელი).

21. პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება. პირგასამტეხლოს ოდენობაზე მსჯელობისას გასათვალისწინებელია მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა (იხ. მაგ., სუსგ საქმე Nას-816-767-2015, 19 ნოემბერი, 2015 წელი; Nას-848-814-2016, 28 დეკემბერი, 2016 წელი; Nას-1511-2018, 26 მარტი, 2019 წელი).

22. ერთ-ერთ საქმეში საკასაციო სასამართლომ განმარტა, რომ „მეწარმე სუბიექტი, რომელიც თავისუფალი და გაცნობიერებული ნების გამოვლენის საფუძველზე თანხმდება პირგასამტეხლოს კონკრეტულ ოდენობას, შემდგომში მოკლებულია შესაძლებლობას, მოითხოვოს შეთანხმებული პირგასამტეხლოს შემცირება, თუკი ამის თაობაზე კვალიფიციურ შესაგებელს არ წარადგენს (შდრ. იხ. სუსგ საქმე Nას-1451-1371-2017, 13 ნოემბერი, 2018 წელი). სახელშეკრულებო ურთიერთობაში კონტრაჰირებულ მეწარმე სუბიექტს/იურიდიულ პირს, მისი სტატუსიდან გამომდინარე, ფიზიკური პირისგან განსხვავებული პასუხისმგებლობითა და სტანდარტით მოეთხოვება ვალდებულების დარღვევის სამართლებრივ შედეგებზე პასუხისგება. ხელშეკრულებაში იურიდიული პირის კონტრაჰირებისას, სასამართლომ პირგასამტეხლო უნდა შეამციროს მხოლოდ არგუმენტირებული შედავების არსებობის პირობებში“ (იხ. სუსგ საქმე Nას-1417-2018, 16 ნოემბერი, 2020 წელი).

23. მოცემულ შემთხვევაში დარღვეული ვალდებულების ხასიათის (მიწოდებული პროდუქტი განკუთვნილი იყო საქართველოს მთელი შეიარაღებული ძალების/ჯარის კვებისთვის), ხელშეკრულების საერთო ღირებულების (1 972 800 ლარი), მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობის (ჯამში 197 280 ლარი), დამრღვევის ბრალის ხარისხისა და დარღვევის სიმძიმის (ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების დარღვევით პოტენციური საფრთხე შეექმნა ადამიანის ჯანმრთელობას) გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ განსახილველ შემთხვევაში არ არსებობს შეგებებული სარჩელით მოთხოვნილი პირგასამტეხლოს შემცირების სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძველი. გასაჩივრებული გადაწყვეტილებით მოსარჩელისათვის დაკისრებული პირგასამტეხლოს ოდენობა სამართლიანი და ვალდებულების დარღვევის თანაზომიერია.

24. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული რომელიმე წინაპირობა, კასატორს არ წარმოუდგენია იმგვარი დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია, რომელიც საკასაციო საჩივრის არსებითად განსახილველად დაშვების შესაძლებლობას მისცემდა სასამართლოს. კასატორის პრეტენზია, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან, ზოგადი და დაუსაბუთებელია, რაც შეუძლებელს ხდის მასზე საკასაციო სასამართლოს მიერ მსჯელობას. კასატორმა ვერ დაადასტურა პირგასამტეხლოს შემცირების არამართლზომიერება და ვერ დაარწმუნა საკასაციო პალატა მისი საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძვლების არსებობაში.

25. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება ცნობილი, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.

26. ამდენად, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ჯამში - 8000 (2000+2000+4000 ლარი) ლარის 70% – 5600 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. შპს „ა–ის“ საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველი;

2. კასატორს შპს „ა–ს“ (ს/კ ........) დაუბრუნდეს გ.ფ–ის (პ/ნ .....) მიერ №2852 საგადასახადო დავალებით გადახდილი (წარდგენის თარიღი 2023 წლის 22 აპრილი, ბანკში საგადახდო დავალების მიღების/შესრულების თარიღი 2023 წლის 24 აპრილი) სახელმწიფო ბაჟის - 2000 ლარის, №1685008171/GEL საგადახდო დავალებით გადახდილი (მიღების/შესრულების თარიღი 2023 წლის 25 მაისი) სახელმწიფო ბაჟის - 2000 ლარის და №1686891769/GEL საგადახდო დავალებით გადახდილი (მიღების/შესრულების თარიღი 2023 წლის 16 ივნისი) სახელმწიფო ბაჟის - 4000 ლარის, საერთო ჯამში 8000 ლარის 70% – 5600 (ხუთი ათას ექვსასი) ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. ბაქაქური

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ე. გასიტაშვილი