საქმე №ას-151-2023 20 ივლისი, 2023 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ზურაბ ძლიერიშვილი, ეკატერინე გასიტაშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორები – ი. ხ–ი, ა. ხ–ი, ლ. ხ–ი (მოსარჩელეები)
მოწინააღმდეგე მხარეები – შპს „ფ-გ. ხ-გ–ის ყ-ყ-ც.კ.“, მ.ხ–ძე (მოპასუხეები)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 16 ივნისის განჩინება
კასატორების მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება
დავის საგანი – სარჩოს დაკისრება, მორალური ზიანის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 16 ივნისის განჩინებით ი. ხ–ის (შემდგომში - „პირველი მოსარჩელე“, „აპელანტი“ ან „პირველი კასატორი“), ა. ხ–ისა (შემდგომში - „მეორე მოსარჩელე“, „აპელანტი“ ან „მეორე კასატორი“) და ლ. ხ–ის (შემდგომში - „მესამე მოსარჩელე“, „აპელანტი“ ან „მესამე კასატორი“) სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 13 ნოემბრის გადაწყვეტილება, რომლითაც მოსარჩელეთა სარჩელი შპს „ფ-გ. ხ - გ–ის ყ-ყ-ც.კ–სა“ (შემდგომში - „პირველი მოპასუხე“) და მ.ხ–ძის (შემდგომში - „მეორე მოპასუხე“) მიმართ არასწორი მკურნალობის შედეგად პაციენტის გარდაცვალებით გამოწვეული მორალური ზიანის ანაზღაურებისა და მოპასუხეთა სასარგებლოდ სარჩოს გადახდის დაკისრების თაობაზე, არ დაკმაყოფილდა.
2. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
2.1. ნ.ღ–ი (შემდგომში - „პაციენტი”) 2013 წლიდან იმყოფებოდა ამბულატორულ მკურნალობაზე დიაგნოზით: „მრავალკვანძოვანი ტოქსიკური ჩიყვი“. ქირურგიული ჩარევის მიზნით, 2016 წლის 01 სექტემბერს 10:30 საათზე პაციენტი მოთავსდა საავადმყოფოში. ქირურგიული ოპერაციის ჩატარებასა და ოპერაციასთან დაკავშირებული რისკების თაობაზე პაციენტის ინფორმირებული თანხმობა პაციენტმა დაადასტურა ხელმოწერით. სტაციონარული სამედიცინო ბარათის (N910) მონაცემების თანახმად, 2016 წლის 01 სექტემბერს მოპასუხე საავადმყოფოს ქირურგის მიერ პაციენტს ჩაუტარდა ოპერაცია - „სრული თირეოიდექტომია“. ოპერაცია დაიწყო 11:00 საათზე, დასრულდა 13:10 საათზე. ოპერაციის პროტოკოლის (N890) თანახმად, ზოგადი ანესთეზიის ქვეშ გაკეთდა განაკვეთი კისრის წინა ზედაპირზე ფარისებრი ხრტილის ქვედა კიფდისა და საუღლე ფოსოს შორის, კისრის ბუნებრივი ნაოჭის დონეზე; გაიკვეთა კანი, კანქვეშა რბილი ქსოვილები, კუნთები, გამოთავისუფლდა ირგვლივ მდებარე ანატომიური სტრუქტურებიდან; განხორციელდა სისხლძარღვების ლიგირება; ინახა შებრუნებითი ნერვები და ფარისებრი ჯირკვალი ამოიკვეთა. ჭრილობაში დატოვეს ორი აქტიური დრენაჟი და დაიხურა შრეობრივად. 13:30 საათზე პაციენტი გადაიყვანეს პოსტოპერაციული ინტენსიური თერაპიის პალატაში. მდგომარეობა დამაკმაყოფილებელი, ჰემოდინამიკა სტაბილური. 14:05 საათზე პაციენტს სტაბილური მონაცემების ფონზე აღენიშნა უხვი ჰემორაგიული გამონადენი ჭრილობის დრენაჟებიდან. აღენიშნა ყელისა და კისრის შეშუპება, სტრიდორი.
2.2. მდგომარეობის გართულების გამო, ჭრილობის რევიზიის მიზნით, პაციენტი სასწრაფო წესით შეიყვანეს საოპერაციოში 14:16 საათზე. ოპერაციის პროტოკოლის (N891) თანახმად, ოპერაციის დასახელება: „თირეოდექტომიის შემდგომი სისხლდენის სრული ჰემოსტაზი და კოაგულაცია“. გაიხსნა ჭრილობა, მოხდა ჰემორაგიული მასის დრენირება, რევიზია და სრული ჰემოსტაზი. სესხლდენის მიზეზი იყო მარჯვენა ზედა ფარისებრი არტერიოლის ტოტი, რომლის ლიგირებაც განხორციელდა. ჭრილობაში ჩაიდგა ორი აქტიური დრენაჟი და დაიხურა შრეობრივად. მეორე ოპერაციული ჩარევის შემდეგ, 14:55 საათზე პაციენტი კვლავ გადაიყვანეს ინტენსიური თერაპიის პალატაში, ინტუბაციურ მდგომარეობაში, გაუგრძელდა ფ.ხ.ვ. 17:20 საათზე პაციენტის მდგომარეობა ჰემოდინამიკურადაც სტაბილური იყო. სისხლის ანალიზისა და მჟავა ტუტოვანი და ელექტროლიტური მონაცემების საფუძველზე გამოვლინდა ანემია - ჰემოგლობინი 79 და გამოიძახეს ტრანსფუზიოლოგი, გადაესხა ერითრომასა 380მლ. 20:50 საათზე პაციენტის მდგომარეობა დამძიდა, აღენიშნა გულყრა. რეანიმატოლოგისა და ქირურგის გადაწყვეტილებით ჩაუტარდა თავის ტვინის კომპიუტერული ტომოგრაფია. 21:30 საათზე ჩაუტარდა ნევროლოგის კონსულტაცია, იმყოფებოდა ფ.ხ.ვ-ზე მედიკამენტოზური სედაციის ფონზე. რამდენიმე საათში პაციენტს დაეთრგუნა ცნობიერება და გამოიხატა კრუნჩხვითი განტვირთვები. კომპიუტერული ტომოგრაფიის დასკვნისა და ნევროლოგის კონსულტაციის საფუძველზე გადაწყდა პაციენტის გადაყვანა მულტიპროფილურ კლინიკაში. 23:30 საათზე რეფერალური სამსახურის ბრიგადის მიერ პაციენტი გადაყვანილ იქნა ალ. ა.ს.კ–ში, დიაგნოზით: თავის ტვინის სისხლის მიმოქცევის მწვავე მოშლა, მარჯვენა ჰემისფეროს იშემიური დაზიანება, სტუპორი, კომა, თავის ტვინის ინფარქტი, განვითარებული ცერებრული არტერიების თრომბოზის გამო. ალ. ა. სახელობის კლინიკის სტაციონარული პაციენტის N1616/16 სამედიცინო ბარათის თანახმად, პაციენტს ჩაუტარდა დიაგნოსტიკური გამოკვლევები და კონსულტაციები. ნევროლოგისა და ნეიროქირურგის კონსულტაციის შედეგად დაისვა დიაგნოზი: თავის ტვინის შეშუპება. პაციენტი სასიცოცხლო ჩვენებით შეიყვანეს საოპერაციო ბლოკში. 2016 წლის 02 სექტემბერს 00:50-03:35 საათზე ჩაუტარდა ოპერაცია: „მარჯვენამხრივი კრანიოტომია დუროპლასტიკით“. ინტრაოპერაციული დიაგნოზი: თავის ტვინის შეშუპება. კლინიკაში განხორციელებული კომპლექსური მკურნალობის მიუხედავად, პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა დინამიკაში წარიმართა უარყოფითი კლინიკით. 2016 წლის 12 სექტემბერს, 18:30 საათზე დადგა პაციენტის ბიოლოგიური სიკვდილი.
2.3. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2017 წლის 26 აპრილის N005469116 სამედიცინო დასკვნის თანახმად, პაციენტის სიკვდილის მიზეზია თავის ტვინის მკვეთრი შეშუპება ღეროს დისლოკაციით კეფის დიდ ხვრელში, განვითარებული თავის ტვინის სისხლძარღვების თრომბოზის შედეგად, ვრცელი დიფუზური სისხლჩაქცევებით თავის ტვინის რბილ გარსებში და ნივთიერებაში. აღნიშნულის სამედიცინო ჩარევებთან მიზეზობრივი კავშირის დასადგენად საჭიროა ჩატარდეს ექსპერტიზა სპეციალისტის (სპეციალისტების) მონაწილეობით.
2.4. შპს დამოუკიდებელი სასამართლო ექსპერტიზის ცენტრ „ვ–ის“ 2018 წლის 21 მაისის N01-04/06 კომისიური სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად: პაციენტის სიკვდილის მიზეზია თავის ტვინის შეშუპება ღეროს ჩაჭედვით, განვითარებული თავის ტვინის შუა არტერიის თრომბოზის შედეგად მარჯვენა ჰემისფეროს იშემიური დაზიანებით (ინსულტი); შპს „ა.ს.კ–ში“ ადეკვატურად და სრული მოცულობით გამოყენებული იყო პაციენტის კრიტიკული ჯანმრთელობის მდგომარეობის მართვის ყველა რესურსი, ასევე, დროულად მოხდა ნეიროქირურგიული ოპერაციული დახმარების გაწევა.
3. სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტების პრეტენზია, რომ შესაბამისი მტკიცებულებების არსებობის მიუხედავად, სასამართლომ არ დაადგინა ფაქტობრივი გარემოება ექიმის მიერ სამედიცინო შეცდომის დაშვების, კერძოდ, პაციენტის მარჯვენა ზემო არტერიის არასრულფასოვანი ლიგირების თაობაზე, რაც მწვავე სისხლდენის განვითარებისა და, საბოლოოდ, პაციენტის სიკვდილის მიზეზი გახდა, შემდეგი გარემოებების გამო: სამედიცინო დოკუმენტაციით ირკვევა, რომ წინასაოპერაციო პროცედურების კანონდებლობით დადგენილი წესით დასრულების შემდეგ, 2016 წლის 01 სექტემბერს 11:00 საათზე პაციენტს მოპასუხე სამედიცინო დაწესებულებაში ქირურგის მიერ ჩაუტარდა ოპერაცია ,,თირეოდექტომია“. აღნიშნული ოპერაცია დასრულდა 13:10 სთ-ზე. ოპერაციის დასრულების შემდეგ პაციენტი გადაიყვანეს პოსტოპერაციული ინტენსიური თერაპიის პალატაში, რა დროსაც მისი მდგომარეობა იყო დამაკმაყოფილებელი, არ აღენიშნებოდა არანაირი გართულება, მათ შორის, სისხლდენა (იხ. ოპერაციის პროტოკოლი N890, ტ. 1, ს.ფ. 99-100); 14:05 სთ-ზე, ოპერაციის დასრულებიდან 55 წუთში, პაციენტს აღენიშნა საოპერაციო არის ყელისა და კისრის შეშუპება, რის გამოც ჭრილობის რევიზიის მიზნით ჩაუტარდა მეორე ოპერაცია (იხ. ოპერაციის პროტოკოლი N891, ტ. 1, ს.ფ. 109-110); სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა სასამართლოში დაკითხული მოწმეების ჩვენებებზე. კერძოდ:
- ბ:ხ–ის (მოპასუხე ქირურგის პირველი ასისტენტის) განმარტებით, წარმოუდგენელია არასწორი ლიგირების შემთხვევაში ოპერაციის გაგრძელება დაახლოებით 50 წთ-ის განმავლობაში (იხ. 23.06.2020წ. სხდომის ოქმის აუდიო ჩანაწერი 15:34:08 წუთიდან);
- არასრულფასოვანი ლიგირების ფაქტი გამორიცხა მოწმის სახით დაკითხულმა შ.კ–ძემაც (მოპასუხე ქირურგის მეორე ასისტენტი) (იხ. 23.06.2020წ. სხდომის ოქმის აუდიო ჩანაწერი 16:10:05 წუთიდან);
- პაციენტის რეანიმატოლოგ-ანესთეზიოლოგის - დ.კ–ძის ჩვენება ასევე გამორიცხავს პირველი ოპერაციის ტექნიკური წუნით ჩატარებას (სისხლძარღვზე ლიგირების/გადაკვანძვის დამთავრების შემდეგ, ვიდრე ჭრილობას დახურავენ, ტარდება ტესტი, კერძოდ, წნევის მომატება, დავუშვათ 140-150-მდე, რათა შემოწმდეს, რამდენად კარგადაა დადებული ლიგატურა. ეს კეთდება იმისათვის, რომ დაახლოებით 1% არსებობს ქირურგიული გართულების, პოსტოპერაციული ლიგატურა შეიძლება მოეშვას ან მოძვრეს და განვითარდეს სისხლდენა. ამიტომ ამ ტესტს ყველა ქირურგი აკეთებს. ეს ტესტირება ამ შემთხვევაშიც გაკეთდა. გართულება არ ყოფილა. დაახლოებით 20 წუთი გავიდა გაღვიძებიდან იმ დრომდე, სანამ შეშუპება დაიწყო) (იხ. 23.06.2020წ. სხდომის ოქმის აუდიო ჩანაწერი 16:29:38 წუთიდან);
- მოპასუხის მიერ წარდგენილი სამედიცინო-მეცნიერული შეფასების ერთ-ერთი ავტორის - ბ.ი–ის სასამართლოსთვის მიცემული განმარტებიდან ირკვევა, რომ სადავო შემთხვევაში ქირურგის მიერ დაშვებული ტექნიკური წუნი გამორიცხულია (სტანდარტულად, როდესაც კეთდება ოპერაცია, თუ სისხლძარღვი არ არის კარგად გაჭერილი, მაშინ წნევის არსებობას (“რამდენადაც მახსოვს ის 130-მდე იყო”) თავისუფლად შეეძლო ოპერაციის მსვლელობის დროს მოეძრო ლიგატურა. ანუ, აქ ტექნიკური წუნი გამოირიცხება. ოპერაციის დროს არანაირი სისხლდენა არ ყოფილა. სისხლდენა ოპერაციის შემდეგ განვითარდა. ტექნიკური წუნი იმ შემთხვევაში შეიძლება იყოს, თუკი ქირურგმა ან კარგად არ განასკვა სისხლძარღვი, ან საჭირო რაოდენობის კვანძი არ გააკეთა, მაგრამ ასეთი რამ რომ ყოფილიყო, ის ოპერაციის მსვლელობაშივე გამოჩნდებოდა. ოპერაციის შემდეგ კი, რას უნდა გამოეწვია, აქ არის რამდენიმე ვარიანტი: შეიძლება კვანძი იყო კარგად დადებული, მაგრამ წნევის მომატება მოხდა, ან სისხლძარღვის კედელი არ იყო ჯანმრთელი, შესაძლოა ჩაეჭრა თავისუფლად იმ კვანძს, მაღალ წნევას, ან/და შეიძლება ამ ბიძგებით, ამ პულსებით ნელ-ნელა ჩამოეცურებინა. თირეოტოქსიკოზი არის იმდენად ვერაგი დაავადება, რომ იგი ანგრევს მთლიან ორგანიზმს, ეს დაავადება იწვევს ორგანიზმში ცვლილებას და ამის შედეგად ახალგაზრდებში უკანასკნელ პერიოდში მომატებულია თრომბოზის შემთხვევები, რაც ვითარდება ყოველგვარი ოპერაციული ჩარევის გარეშეც) (იხ. 10.07.2020წ. სხდომის ოქმის აუდიო ჩანაწერი 13:48:05 წუთიდან და 14:07:33 წუთიდან);
- არასრულფასოვანი ლიგირების ფაქტი გამორიცხეს მოწმედ დაკითხულმა ქირურგმა/სპეციალისტმა ა.ბ–მა (სისხლდენის მიზეზი შეიძლება იყოს მაღალი არტერიული წნევა პოსტოპერაციულ პერიოდში, დახველება გაღვიძებისას და ექსტუბაციის დროს, ასევე, კისრის კუნთების დაჭიმვა, რაც იწვევს წნევის მყისიერ, რამდენიმეწამიან მომატებას, რაც, ზოგიერთ შემთხვევაში, იწვევს კვანძის მოშვებას ან მოწყვეტას (იხ 01.07.2020წ. სხდომის ოქმის აუდიო ჩანაწერი 14:57:20 წუთიდან). ამ პროცესის განვითარება არანაირად არ შეიძლება ჩაითვალოს ქირურგიული ოპერაციის ტექნიკურ ხარვეზად. წნევის ხანმოკლე მომატებას ინტენსიური პალატის მონიტორი ვერ აფიქსირებს. ამ კერძო შემთხვევის დროს უფრო სავარაუდოა სისხლდენის დაწყების ზუსტად ეს მიზეზი, რადგან ზედა თირეოდიული არტერიის არასრულფასოვანი ლიგირების დროს ოპერაციის მსვლელობაშივე დაიწყებოდა სისხლდენა, ხოლო მოცემულ შემთხვევაში სისხლდენა დაიწყო ჭრილობის დახურვიდან დაახლოებით 50 წუთში, რაც გამორიცხავს არტერიის არასრულფასოვანი ლიგირების ფაქტს (იხ. სპეციალისტის დასკვნა, ტ. 2, ს.ფ. 204)), ონკოქირურგმა ლ.კ–მა (მაღალი არტერიული წნევა არის სისხლდენის განვითარების ერთ-ერთი მიზეზი. მაღალი წნევის სისხლძარღვებზე არასწორად დადებული ლიგატურა მაშინვე, ოპერაციის მსვლელობისას გამოჩნდებოდა (იხ. 01.07.2020წ. სხდომის ოქმის აუდიო ჩანაწერი 15:24:20 წუთიდან)) და ქირურგმა მ.გ–ძემ (ლიგირების არასრულფასოვნად განხორციელების შემთხვევაში იმდენად მძლავრი და მასიური სისხლდენა განვითარდებოდა, რომ ოპერაციის კიდევ 40 წუთით გაგრძელება და დასრულება ფიზიკურად შეუძლებელი იქნებოდა, ვინაიდან ოპერაცია არტერიულ სისხლძარღვზე ჩატარდა. პოსტოპერაციული სისხლდენა შესაძლებელია განვითარდეს სრულფასოვანი ლიგირების დროსაც, სისხლდენა შეიძლება იყოს არტერიულიც და დიფუზურიც. დრენაჟიდან გამოდის ზედმეტი სისხლი და ამის მერე იღებენ. სისხლდენის დასაწყებად შეიძლება ერთი ჩახველებაც საკმარისი იყოს, ასევე, წნევის მომატება ან კუნთების დაჭიმვა-მოძრაობა (იხ. 01.07.2020წ. სხდომის ოქმის აუდიო ჩანაწერი 15:40:33 წუთიდან));
- ამ გარემობას ადასტურებს ზოგადი ქირურგის/სპეციალისტის გ.კ–ის წერილობითი დასკვნაც: ამ შემთხვევაში, რაკი სისხლდენა დაიწყო ოპერაციის დასრულებიდან 1,5 საათში, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ამის მიზეზი სისხლძარღვის არასრულფასოვანი ლიგირება ყოფილიყო. ასეთ დროს სისხლდენა უნდა გამოვლენილიყო დაუყოვნებლივ ან უახლოესი რამდენიმე წუთის განმავლობაში, რადგან თირეოიდული არტერიები მაღალი წნევის სისხლძარღვთა კატეგორიას განეკუთვნება. ამიტომ, სარწმუნოა ის ვერსია, რომ სისხლდენა გამოიწვია გაღვიძებისა და ექსტუბაციის მომენტში არტერიული წნევის ხანმოკლე მატებამ, კუნთთა აღდეგნილი ტონუსით განვითარებულმა დაჭიმულობამ და ლიგატურის მოძრაობამ, რაც ქირურგისგან დამოუკიდებელი მიზეზია (იხ. სპეციალისტის დასკვნა, ტ. 3, ს.ფ. 305).
4. სააპელაციო პალატის განმარტებით, მართალია, მოსარჩელის მიერ წარდგენილი დამოუკიდებელი ექსპერტიზის დასკვნა უთითებს ტექნიკური წუნით შესრულებულ არტერიის ლიგირებაზე, მაგრამ ეს დასკვნაც არ უარყოფს იმ ფაქტს, რომ წნევის მყისიერი მომატება შეიძლება გახდეს სრულფასოვნად ლიგირებული სისხლძარღვის დაზიანების, ლიგატურის ჩამოცურება-ჩამოვარდნისა და, შესაბამისად, სისხლდენის განვითარების მიზეზი. კერძოდ, ამ დასკვნაში ვკითხულობთ, რომ ,,სამედიცინო პრაქტიკაში ამ სახის ოპერაციებისას სრული ჰემოსტაზის პირობებში, იშვიათ გამონაკლის შემთხვევებში, შესაძლოა, პოსტოპერაციულ პერიოდში სისხლძარღვში მაღალი არტერიული წნევის ფონზე სისხლდენა განვითარდეს სპონტანურად“ (იხ. ტ. 1, ს.ფ. 32); წნევის მყისიერი მომატების შედეგად სისხლდენის განვითარების შესაძლებლობა ასევე დაადასტურა სასამართლოში მოწმედ დაკითხულმა სადავო დასკვნის ავტორმაც - ა.გ–ძემ, რომლის განმარტებით, ,,მაღალმა არტერიულმა წნევამ შეიძლება გამოიწვიოს სრულფასოვნად გადაკვანძვის შემთხვევაშიც სპონტანური სისხლდენა“ (იხ. 12.06.2019წ. სხდომის ოქმის აუდიო ჩანაწერი 10:35:41 წუთიდან). ამასთან, მისივე განცხადებით, არ არსებობს საავადმყოფოს პალატა, სადაც წნევა მუდმივად იზომება შუალედების გარეშე. სხვა პარამეტრებთან ერთად ხდება სასიცოცხლო ფუნქციების მონიტორინგი, მაგრამ არსებობს შუალედებს შორის წყვეტა. წნევის უეცარი მატების შედეგად კარგად გაკეთებული ოპერაციის შემთხვევაშიც შეიძლება მოხდეს ე.წ. სისხლძარღვის ჩაჭრა (იხ. 12.06.2019წ. სხდომის ოქმის აუდიო ჩანაწერი 11:28:57 წუთიდან); სასამართლო სხდომაზე სამედიცინო-მეცნიერული შეფასების ერთ-ერთმა ავტორმა ა.გ–მა განმარტა, რომ შეუძლებელია წნევის უეცარი მატების დაფიქსირება, სამედიცინო პერსონალი სრულად დამოკიდებულია მონიტორინგის მონაცემებზე, ხოლო წნევის უეცარი ცვლილების დაფიქსირება შეუძლებელია, რამდენადაც მისი გაზომვა ხდება გარკვეული ინტერვალებით (იხ. 14.07.2020წ. სხდომის ოქმის ვიდეო ჩანაწერი 28:40 წუთიდან); მ.ო–ამ (რადიოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი) სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ ვერ ხედავს ვერანაირ ალტერნატივას, რაც შეიძლებოდა გაკეთებულიყო და არ გაკეთდა ექიმის მიერ იმისთვის, რომ ამგვარი ლეტალური შედეგი თავიდან აცილებულიყო (იხ. 01.07.2020წ. სხდომის ოქმის აუდიო ჩანაწერი 14:52:03 წუთიდან).
5. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, იკვეთება, რომ სისხლდენა არ განვითარებულა უშუალოდ ოპერაციის მსვლელობისას, კერძოდ, პაციენტის ფარისებრი ჯირკვლის მარჯვენა ზემო არტერიის ლიგირებიდან (გადაკვანძვიდან) ოპერაციის დასრულებამდე. ამ ფაქტს ადასტურებს მოპასუხის მიერ წარდგენილი ყველა ექსპერტის (სპეციალისტის) წერილობითი დასკვნა და სასამართლოში მათ მიერ მიცემული ზეპირი განმარტებები. თავად მოსარჩელის მიერ წარდგენილი დამოუკიდებელი ექსპერტიზის დასკვნით ეს ფაქტი უარყოფილი არაა. კერძოდ, ამ დასკვნაში აღნიშნულია, რომ ფარისებრი ჯირკვლის მარჯვენა ზემო არტერიის არასრულფასოვანი ლიგირების გამო პაციენტს განუვითარდა მწვავე სისხლდენა, თუმცა დასკვნაში არაა მითითებული, თუ როდის განვითარდა ასეთი სისხლდენა. ამის საპირისპიროდ, როგორც სამედიცინო დოკუმენტაციით, ასევე, ზემოხსენებული ექსპერტების დასკვნებით დგინდება, რომ პაციენტს სისხლდენა განუვითრდა ოპერაციის დასრულების შემდეგ, რადგან სისხლდენის განვითარების პირველი გარეგნული ნიშნები პაციენტს აღენიშნა ოპერაციის დასრულებიდან თითქმის ერთი საათის შემდეგ. ამავე ექსპერტების (მათ შორის, მოსარჩელის მიერ წარდგენილი ექსპერტის) დასკვნით ირკვევა, რომ ოპერაციის დასრულების შემდეგ სისხლდენის განვითარების რისკი მაშინაც არსებობს, როდესაც სისხლძარღვის ლიგირება ტექნიკური წუნის გარეშეა შესრულებული. ამის მიზეზი კი, ექსპერტების მოსაზრებით, შეიძლება გახდეს არტერიული წნევის უეცარი მატება. ასეთი მიზეზით სისხლდენის განვითარების შესაძლებლობა არც მოსარჩელის მიერ წარდგენილმა ექსპერტმა გამორიცხა. აპელანტის განმარტება იმის თაობაზე, რომ მონიტორინგის აპარატს წნევის მატება არ დაუფიქსირებია, სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, ვერ აქარწყლებს ასეთი ფაქტის არსებობას, რადგან სადავო არაა, რომ სამედიცინო აპარატურა ვერ აფიქსირებს არტერიული წნევის უეცარ და ხანმოკლე მატებას. აქედან გამომდინარე, რაკი ტექნიკური წუნის გარეშე შესრულებული ლიგირების შემთხვევაშიც კი, არ გამოირიცხება წნევის უეცარი მატებით სისხლდენის განვითარების შესაძლებლობა, სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელის მიერ წარდგენილი დამოუკიდებელი ექსპერტიზის დასკვნა პაციენტის ფარისებრი ჯირკვლის მარჯვენა ზემო არტერიის ლიგირების ტექნიკური წუნით შესრულების თაობაზე. სასამართლოს მითითებით, ეს დასკვნა მხოლოდ ვარაუდს ემყარება და ამ დასკვნის გამცემი ექსპერტების მიერ სათანადოდ დასაბუთებული არაა. ამდენად, სასამართლომ მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში პაციენტს სისხლდენა განუვითარდა ასეთი სახის ოპერაციებისათვის დამახასიათებელი ზოგადი რისკის ფარგლებში და არა ქირურგიული ოპერაციის შემსრულებელი ექიმის შეცდომის გამო.
6. სააპელაციო პალატის განმარტებით, აპელანტების შემდეგი პრეტენზია იმაში მდგომარეობს, რომ ფარისებრი ჯირკვლის მარჯვენა ზემო არტერიის არასწორი ლიგირების გამო პაციენტმა დაკარგა დიდი რაოდენობით (2500 მლ) სისხლი, რის გამოც მიიღო II-III ხარისხის ჰემორაგიული შოკი. თავის მხრივ, ეს გარემოება გახდა იშემიური ინსულტის განვითარებისა და საბოლოოდ პაციენტის სიკვდილის მიზეზი. სააპელაციო სასამართლომ არც აღნიშნული პრეტენზია გაიზიარა და, უპირველეს ყოვლისა, აღნიშნა, რომ რაკი არ დადასტურდა არტერიული სისხლძარღვის არასწორი ლიგირების ფაქტი, თავისთავად, მხოლოდ სისხლდენის განვითარება, საექიმო შეცდომად ვერ შეფასდება. თუმცა მოპასუხის პასუხისმგებლობის საკითხის გასარკვევად, მნიშვნელოვანია იმის დადგენა, განახორციელა თუ არა ამ უკანასკნელმა დროული მონიტორინგი სისხლდენაზე და სწორად წარმართა თუ არა პაციენტის შემდგომი მკურნალობა.
7. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, უშუალოდ სისხლის დანაკარგის განმსაზღვრელ მტკიცებულებად აპელანტებმა მიუთითეს დამოუკიდებელი ექსპერტიზის დასკვნაზე, ხოლო ამ დასკვნის ერთ-ერთმა ავტორმა, ექიმტრანსფუზიოლოგმა მ.ა–ძემ განმარტა, რომ სისხლის დანაკარგი 500 მლ-ზე მეტი უნდა ყოფილიყო, რათა ტრანსფუზიოლოგს სისხლის გადასხმის გადაწყვეტილება მიეღო. სისხლის დანაკარგის თაობაზე დასკვნა გაკეთდა ჰემოგლობინისა და ჰემატოკრიტის ანალიზების საფუძველზე და აქედან გამომდინარე განისაზღვრა სისხლის ჯამური მაქსიმალური დანაკარგი, რაც პირველი და მეორე ოპერაციიების შემდეგ დაახლოებით 2500 მლ-ს შეადგენდა (იხ. 12.06.2019წ. სხდომის ოქმის აუდიო ჩანაწერი 11:59:17 წუთიდან). მისივე განმარტებით, მას არ გამოუყენებია სამედიცინო სფეროში საერთაშორისო სტანდარტით დადგენილი ,,MOOR“-ის ფორმულა. ამ ფორმულის გამოუყენებლობა მისი უყურადღებობის ბრალი იყო (იხ. 12.06.2019წ. სხდომის ოქმის აუდიო ჩანაწერი 12:24:53 წუთიდან). სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ თავად დასკვნის გამცემი ექსპერტის ასეთი განმარტება არყევდა მისი დასკვნის სანდოობას, რის გამოც ამ დასკვნის გაზიარება შეუძლებელი იყო. გარდა ამისა, მოსარჩელეთა მიერ მითითებული ოდენობით სისხლის დანაკარგის არსებობას გამორიცხავს მოპასუხის მიერ წარდგენილი შემდეგი მტკიცებულებები: კერძოდ, ექსპერტმა ბ.ი–მა განმარტა, რომ 2500 მლ არის ძალიან დიდი ციფრი, რომლის არსებობის პირობებშიც სისხლის პარამეტრები დიამეტრულად შეიცვლებოდა, რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია (იხ.10.07.2020წ. სხდომის ოქმის აუდიო ჩანაწერი 13: 38: 38 წუთიდან); მოწმე ბ:ხ–მა (ექიმის ასისტენტმა) განმარტა, რომ: 2500 მლ სისხლის დანაკარგი არის ძალიან დიდი რაოდენობა და ამ დროს ის მაჩვენებლები, რაც სამედიცინო ცნობაშია აღნიშნული, ვერ იარსებებდა. იმ ადგილას, სადაც კეთდება ფარისებრი ჯირკვლის ოპერაცია, ფიზიკურად შეუძლებელია მოთავსდეს 350-400 მლ სისხლზე მეტი (იხ.10.07.2020წ. სხდომის ოქმის აუდიო ჩანაწერი 13:39:45 წუთიდან); რეანიმატოლოგ-ანესთეზიოლოგმა დ.კ–ძემ განმარტა, რომ შეუძლებელია პაციენტმა დაკარგოს 3 ლ სისხლი და მას წნევა არ დაეწიოს ან რითმი არ შეეცვალოს. ამ შემთხვევაში დაიკარგა 700-1200 მლ სისხლი. პაციენტს კრიტიკული, განსაკუთრებული ჰემოდინამიკა არ ჰქონია (იხ. 23.06.2020წ. სხდომის ოქმის აუდიო ჩანაწერი 16:37:30 წუთიდან); პაციენტის მიერ სისხლის დიდი ოდენობით დაკარგვის შესაძლებლობას გამორიცხავს, ასევე, მოპასუხეთა მიერ წარდგენილი საექსპერტო დასკვნა - სამედიცინო-მეცნიერული შეფასება (იხ. ტ. 3, გვ. 144). ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა აპელანტების პრეტენზია პაციენტის მიერ სისხლის დიდი ოდენობით (2500 მლ) დაკარგვის თაობაზე.
8. სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, დაუსაბუთებელია აპელანტების პრეტენზია იმის თაობაზე, რომ პაციენტს არ გაეწია დროული და სათანადო მკურნალობა, რომლის განხორციელებაც მეორადი გართულების - ინსულტის რისკს საგრძნობლად შეამცირებდა. სასამართლომ აღნიშნა, რომ საქმეში წარდგენილი სამედიცინო დოკუმენტაციით, საექსპერტო დასკვნებითა და მოწმეთა ჩვენებებით დასტურდება, რომ პაციენტს ჩაუტარდა სამედიცინო სტანდარტების შესაბამისი მკურნალობა. კერძოდ, სამედიცინო-მეცნიერული შეფასებით (დასკვნით) ირკვევა, რომ პაციენტის მართვა განხორციელდა მიღებული სტანდარტების შესაბამისად, რეაგირება და ჩარევა აღმოცენებულ გართულებებზე იყო დროული, ხოლო თავად ამ გართულებების აღმოცენება არ შეიძლება ჩაითვალოს მედპერსონალის მოქმედებების ან უმოქმედობის შედეგად (იხ. სამედიცინო-მეცნიერული შეფასება, ტ. 3, გვ. 147). გარდა ამისა, როგორც ზემოთ აღინიშნა, ექსპერტმა მ.ო–ამ (რადიოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი) სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ ვერ ხედავს ვერანაირ ალტერნატივას, რაც შეიძლებოდა გაკეთებულიყო და არ გაკეთდა ექიმის მიერ იმისთვის, რომ ამგვარი ლეტალური შედეგი თავიდან ყოფილიყო აცილებული (იხ. 01.07.2020წ. სხდომის ოქმის აუდიო ჩანაწერი 14:52:03 წუთიდან). თავად მოსარჩელის მიერ წარდგენილი დამოუკიდებელი ექსპერტიზის დასკვნა არ შეიცავს დასაბუთებას იმის თაობაზე, თუ კონკრეტულად რომელი სამკურნალო ღონისძიებები ვერ განახორციელა მოპასუხემ პაციენტის მდგომარეობის დამძიმებისას, ამ უკანასკნელის სხვა კლინიკაში გადაყვანამდე. მართალია, ეს დასკვნა მიიჩნევს, რომ პაციენტი დაუყოვნებლივ უნდა გადაყვანილიყო რეანიმაციულ განყოფილებაში, თუმცა არ აკონკრეტებს, თუ რა სახის სამედიცინო ღონისძიებები შეიძლებოდა განხორციელებულიყო ასეთ განყოფილებაში და რა არ განხორციელდა ინტენსიური თერაპიის პალატაში, სადაც პაციენტი გადაიყვანეს. უფრო მეტიც, ზემოხსენებული დასკვნის ავტორმა ისიც კი ვერ ახსნა, თუ რა განსხვავებაა ინტენსიური თერაპიის განყოფილებასა და რეანიმაციულ განყოფილებას შორის. აქედან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნა, რომ მოპასუხე კლინიკაში პაციენტის მართვა განხორციელდა მოქმედი სამედიცინო სტანდარტების შესაბამისად. კერძოდ, შოკური მდგომარეობის მართვა დაიწყო მყისიერად - სისხლდენის ეპიზოდის გამოვლენისთანავე და გაგრძელდა როგორც საოპერაციოში, ასევე, შემდგომ ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში. კლინიკის მედპერსონალის მხრიდან რეაგირება და ჩარევა აღმოცენებულ გართულებაზე იყო დროული და ადეკვატური, ხოლო პაციენტის გადაყვანა მულტიპროფილურ კლინიკაში განაპირობა ნეიროქირურგიული პროფილით ჩარევის აუცილებლობამ და არა მოპასუხე კლინიკაში პაციენტის ჯანმრთელობის კრიტიკული მდგომარეობის მართვის სათანადო რესურსების არარსებობამ ან მათმა გამოუყენებლობამ.
9. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ აპელანტები დამოუკიდებელი ექსპერტიზის დასკვნაზე მითითებით მიიჩნევენ, რომ ვინაიდან პაციენტი იყო ალერგიული კვების პროდუქტებზე (კვერცხზე), ზოგადი ანესთეზიის საბაზისო კომპონენტად პრეპარატი ,,პროპოფოლისის“ არჩევა არ იყო მიზანშეწონილი მისი უკუჩვენების გამო. სასამართლომ მიიჩნია, რომ მოწინააღმდეგე მხარემ წარადგინა აღნიშნული გარემოების გამაქარწყლებელი მტკიცებულებები, კერძოდ, სამედიცინო-მეცნიერული შეფასების თანახმად: ,,უკანასკნელი ათწლეულის განმავლობაში მიმდინარე ინტენსიური კვლევებით დადასტურდა, რომ პროპოფოლზე განვითარებულ ალერგიას და ლეციტინს არანაირი კავშირი არ აქვს კვერცხით გამოწვეულ ალერგიასთან. ალერგიას იწვევს კვერცხის ცილა და არა ლეციტინი, რომელიც ცხიმის ფორმაა. მეცნიერ მკვლევართა მრავალრიცხოვანი კოლექტივები თავიანთ შრომებში აღწერენ პროპოფოლის წარმატებულ გამოყენებაზე კვერცხის მიმართ ალერგიულ პაციენტებში. ისინი პირდაპირ აღნიშნავენ, რომ პროპოფოლი უსაფრთხოა კვერცხზე ალერგიული ავადმყოფებისთვის და ის თავისუფლად შეიძლება იყოს მათში გამოყენებული (იხ. ტ. 3, ს.ფ. 145); ამ მსჯელობას ავითარებს სპეციალისტი ბ.ი–იც თავის განმარტებაში: ალერგიას ლეციტინი კი არ იწვევს, არამედ სულ სხვა ცილები, რომლებიც კვერცხშია და არანაირი კავშირი არ აქვს ლეციტინს კვერცხით გამოწვეულ ალერგიასთან. დღეს უკვე შრომებია, უამრავი ლიტერატურაა და აქაც არის მოყვანილი, რომ ჩვეულებრივად გამოიყენება კვერცხზე ალერგიულ პაციენტებში. ასე რომ, არანაირი გართულება არ ახასიათებს ამ მხრივ (იხ. 10.07.2020წ. სხდომის ოქმის აუდიო ჩანაწერი 13:40:55 წუთიდან); რეანიმატოლოგ-ანესთეზიოლოგის - დ.კ–ძის განმარტებით, კვერცხის ცილა და პროპოფოლის ცილა აბსოლუტურად სხვადსხვა ცილაა, თუმცა ორი ანესთეზია გაუკეთდა პაციენტს, ერთი მცირე ალერგიული რეაქცია არ ჰქონია და პასუხი ამითაც გაცემულია (იხ. 23.06.2020წ. სხდომის ოქმის აუდიო ჩანაწერი 17:07:16 წუთიდან); სამედიცინო-მეცნიერული შეფასების ერთ-ერთმა ავტორმა ა.გ–მა განმარტა, რომ პრეპარატი „პროპოფოლი“ გამოიყენება პაციენტებში კვერცხის ალერგიაზე და უკუნაჩვენები არ არის (იხ. 14.07.2020წ. სხდომის ოქმის ვიდეო ჩანაწერი 10:03 წუთიდან). ამდენად, წარდგენილი მტკიცებულებების შეფასების შედეგად სააპელაციო სასამართლომ აპელანტების ეს პრეტენზიაც დაუსაბუთებელად მიიჩნია. კერძოდ, სასამართლოს განმარტებით, თანამედროვე სამედიცინო სტანდარტებით ზემოხსენებული პრეპარატის გამოყენება დასაშვებია, მათ შორის, კვერცხზე ალერგიის მქონე პაციენტებშიც. გარდა ამისა, სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზეც, რომ მოცემულ შემთხვევაში ამ პრეპარატის გამოყენებას რაიმე გართულება არ მოჰყოლია. შესაბამისად, გამოირიცხება მიზეზობრივი კავშირი მის გამოყენებასა და პაციენტის გარდაცვალებას შორის, რაც, თავის მხრივ, გამორიცხავს მოპასუხის პასუხისმგებლობას ზიანის დადგომაში.
10. სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნულ განჩინებაზე მოსარჩელეებმა წარადგინეს საკასაციო საჩივარი, რომლითაც მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვეს.
11. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
12. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.
13. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
14. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.
15. საკასაციო საჩივრის თანახმად:
15.1. საქმეში არსებული მტკიცებულებებით უდავოდ არის დადგენილი, რომ სამედიცინო კლინიკის მედპერსონალისა და პირადად ქირურგის მიერ დაშვებული შეცდომების შედეგად (ოპერაცია ჩატარდა ტექნიკური წუნით, არ გატარდა დროული და სრულფასოვანი სამკურნალო ღონისძიებები), პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა, რასაც მოყვა მისი სიკვდილი. პაციენტი ეწეოდა სამეწარმეო საქმიანობას და მისი ყოველთვიური შემოსავლი წარმოადგენდა მთელი ოჯახის შემოსავალს, რადგან პირველი მოსარჩელე (პაციენტის მეუღლე) არ არის დასაქმებული და არასდროს ჰქონია შემოსავალი. გარდაცვლილს დარჩა სამი არასრულწლოვანი შვილი, რომელთა ნორმალური აღზრდისა და სრულყოფილი განვითარებისათვის საჭიროა სტაბილური შემოსავალი, რაც ოჯახს არ გააჩნია;
15.2. შპს დამოუკიდებელი სასამართლო ექსპერტიზის ცენტრ „ვ–ში“ 2018 წლის 26 აპრილს დაინიშნა კომისიური სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა, რომელიც ჩატარდა სასამართლო სამედიცინო ექსპერტის - ა.გ–ძის, კრიტიკული მედიცინის ექიმისა და ექიმ-ტრანსფუზიოლოგის, მედიცინის დოქტ. მ. ა–ძისა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზოგადი ქირურგიის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორის, საქართველოს ჰერმიოლოგთა ასოციაციის პრეზიდენტის - თ. გ–ის მიერ. ჩატარებული ექსპერტიზის შედეგად დადგინდა შემდეგი: პაციენტის ოპერაცია - „თირეოიდექტომია“ შესრულდა ტექნიკური წუნით, არ მოხდა ფარისებრი ჯირკვლის მარჯვენა ზემო არტერიის სრულფასოვანი ლიგირება (გადაკვანძვა) და, შესაბამისად, არასრული ჰემოსტაზის გამო განვითარდა მწვავე სისხლდენა, რამაც დაამძიმა პაციენტის მდგომარეობა; ამასთან, ოპერაციის შემდგომ სისხლის სავარაუდო ჯამური დანაკარგი შეადგენდა დაახლოებით 2500 მლ-ს (მეორე ოპერაციის წინ კლინიკური მაჩვენებლებით სისხლის დანაკარგი 1500 მლ-ზე მეტი, პოსტოპერაციულ პერიოდში ლაბორატორიულად ანემიის კრიტიკული ციფრები ჰემოგლობინი 79 გ/ლ, ჰემატოკრიტის მაჩვენებლი 24%), რაც ფასდება მე-2-3 ხარისხის ჰემორაგიული შოკით. შოკური მდგომარეობის მართვა უნდა დაწყებულიყო ჯერ კიდევ საოპერაციო ბლოკიდან, რაც არ მომხდარა. იმავე დასკვნის თანახმად, სისხლდენის შეჩერების შემდგომ საოპერაციო ბლოკიდან პაციენტი კვლავ მოათავსეს პოსტოპერაციულ პალატაში, სადაც ჩატარებული ღონისძიებები უშედეგო აღმოჩნდა, განვითარდა თავის ტვინის დაზიანება-გამოიხატა გულყრა. ამდენად, ცერებრული თრომბოზისა და შედეგად ინსულტის განვითარების გამშვები მექანიზმი გახდა არასრული ჰემოსტაზის გამო მარჯვენა ზედა ფარისებრი არტერიიდან განვითარებული მწვავე სისხლდენა. კლინიკაში შექმნილი ვითარება მოითხოვდა მაშინვე, და არა ცხრა საათის დაგვიანებით, პაციენტის კრიტიკულ დეპარტამენტში გადაყვანას (რეანიმაციულ განყოფილებაში), სადაც სრული რესურსის გამოყენებით წარიმართებოდა დროული და სრულფასოვანი სამკურნალო ღონისძიებები და მიუხედავად პოსტოპერაციული მწვავე სისხლდენისა, მეორადი გართულების - ინსულტის რისკი საგრძნობლად შემცირდებოდა; ვინაიდან პაციენტი იყო ალერგიული კვების პროდუქტებზე, ზოგადი ანესთეზიის საბაზისო კომპონენტად პრეპარატ „პროპოფოლის“ არჩევა არ იყო მიზანშეწონილი მისი უკუჩვენების გამო;
15.3. ჩატარებული ექსპერტიზით დადგინდა, რომ კლინიკაში დროული და სრულფასოვანი სამედიცინო დახმარების შემთხვევაში მნიშვნელოვნად გაიზრდებოდა პაციენტის გადარჩენის შესაძლებლობა;
15.4. ექსპერტები აღნიშნავენ, რომ სამედიცინო პრაქტიკაში ამ სახის ოპერაციებისას სრული ჰემოსტაზის პირობებში იშვიათ, გამონაკლის შემთხვევებში შესაძლოა პოსტოპერაციულ პერიოდში სისხლძარღვებში მაღალი არტერიული წნევის ფონზე სისხლდენა განვითარდეს სპონტანურად. კონკრეტულ შემთხვევაში პაციენტის პოსტოპერაციული მონიტორინგის მონაცემებით მაღალი არტერიული წნევის ციფრები არ არის დაფიქსირებული და ამდენად სპონტანური სისხლდენის სასარგებლოდ მსჯელობა საფუძველს მოკლებულია;
15.5. ერთი მხრივ, კისრის მიდამოს მზარდმა ჰემატომამ ზემო სასუნქთ გზებზე კომპრესიით მწვავე ანემიის ფონზე გამოიწვია სუნთქვის უკმარისობა - გამოიხატა სტრიდორი (ხმაურიანი, მსტვენავი სუნთქვა ცხვირით, რასაც ადგილი აქვს ტრაქეის ან ხორხის ობსტრუქციის შემთხვევაში. წარმოიქმნება უმთავრესად შესუნთქვისას), ტაქიპნოე (ზედაპირული, აჩქარებული სუნთქვა), სატურაციის ვარდნა, ჰიპოქსია (მდგომარეობა, როდესაც მთელი ორგანიზმი, ან მისი ნაწილი განიცდის ჟანგბადის ნაკლებობას. ის შეიძლება გამოწვეული იყოს ალკოჰოლის ხშირი მოხმარების, სუნთქვის შეკავების, ავადმყოფური მდგომარეობის, ატმოსფეროში ჟანგბადის მცირე შემცველობის, ან ორგანიზმის სიკვდილის გამო. ჰიპოქსია სიცოცხლისთვის მნიშვნელოვან ორგანიზმებში გარდაუვალ ცვლილებებს იწვევს), ჰიპოქსემია (არტერიულ სისხლში ჟანგბადის შემცველობის დაქვეითება. კლინიკურად ვლინდება ცენტრალური და პერიფერიული ციანოზის განვითარებით. ჰიპოქსემიის მიზეზია სუნთქვის ან სისხლის მიმოქცევის დარღვევა), შესაბამისად, თავის ტვინის ჰიპოქსიაც. მეორე მხრივ, დროის მცირე მონაკვეთში მწვავე სისხლდენამ მნიშვნელოვნად დაარღვია კოაგულაციური (შედედების) ფაქტორები - განვითარდა მოხმარების კოაგულაპათია. აღნიშნულმა ერთობლიობაში ხელი შეუწყო თავის ტვინის იშემიურ დაზიანებას - ინსულტის განვითარებას;
15.6. დასკვნაში აღნიშნულია, რომ სისხლდენის შეჩერების შემდგომ საოპერაციო ბლოკიდან პაციენტი კვლავ მოათავსეს პოსტოპერაციულ პალატაში, სადაც ჩატარებული ღონისძიებები უშედეგო აღმოჩნდა, განვითარდა თავის ტვინის დაზიანება - გამოიხატა გულყრა. თავის ტვინის ტომოგრაფიით დაფიქსირდა შუა არტერიის თრომბოზით განპირობებული მარჯვენა ჰემისფეროს ტერიტორიული იშემიური დაზიანება;
15.7. გასათვალისწინებელია მნიშვნელოვანი ფაქტორი - პაციენტი იყო ემბოლიზმის განვითარების რისკის მატარებელი. რისკფაქტორებს განაპირობებდა: თვით ძირითადი დაავადება, სამწლიანი დამამძიმებელი ანამნეზი, სისხლის მწვავე დაკარგვის შემდგომი პერიოდი - მოხმარების კოაგულოპათია (სისხლის შედედების სისტემის ფუნქციის დარღვევა), ტრასფუზიური თერაპია, მცირე დროის ინტერვალში გადატანილი ორი ზოგადი გაუტკივარება. ამ გარემოებების გათვალისწინებით, უნდა მომხდარიყო პაციენტის გადაყვანა არა პოსტოპერაციულ პალატაში, არამედ რეანიმაციულ განყოფილებაში, სადაც პაციენტი იქნებოდა მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ. რეანიმაციულ პალატაში არის უფრო მეტი მატერიალურ-ტექნიკური ბაზა, ტარდება განსხვავებული მედიკამენტოზური მკურნალობა, სასიცოცხლო ფუნქციების მუდმივი კონტროლი და ა.შ. სწორედ ამ გარემოებების გათვალისწინებით სპეციალისტებმა დაასკვნეს, რომ კლინიკაში შექმნილი ვითარება მოითხოვდა მაშინვე, და არა ცხრა საათის დაგვიანებით, პაციენტის გადაყვანას კრიტიკულ დეპარტამენტში (რეანიმაციულ განყოფილებაში);
15.8. აღნიშნული ექსპერტიზა ჩატარდა შესაბამისი პროფილის ექიმ-კლინიცისტების მიერ. ექსპერტიზის მიმდინარეობის პროცესში შესწავლილ იქნა ორი კლინიკიდან ამოღებული პაციენტის სამედიცინო დოკუმენტაცია და ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ გაცემული სასამართლო-სამედიცინო ექსპეტიზის დასკვნა;
15.9. ექსპერტიზის დასკვნაში მითითებული გარემოებები და შეფასებები სრულად დაადასტურეს სასამართლოში გამოცხადებულმა ექსპერტმა - ა.გ–ძემ და ექიმ-ტრანსფუზიოლოგმა - მ.ა–ძემ (იხ. 12.06.2019წ. სხდომის ოქმი). ექსპერტმა ა.გ–ძემ განმარტა, რომ შესაძლებელია ლიგირებული სისხლძარღვის გახსნა არტერიული წნევის მომატების შემთხვევაში, ანუ მაღალი არტერიული წნევის ფონზე შესაძლებელია სისხლძარღვის განაკვანძის მოშვება ან გაწყვეტა მოხდეს. თუმცა როგორც სამედიცინო დოკუმენტაციით დასტურდება, პაციენტის წნევის მომატების ფაქტი არ არის დაფიქსირებული (წნევის მაჩვენებლები იყო ნორმის ფარგლებში), შესაბამისად, ასეთ ფაქტს ადგილი არ ჰქონია. ამას ადასტურებს ექიმ რენიმატოლოგ-ანესთეზიოლოგი დ.კ–ძეც, რომელმაც განაცხადა, რომ პალატაში აკვირდებოდა პაციენტის მდგომარეობას, აკვირდებოდა მონიტორის მონაცემებს, უზომავდა წნევას, რა დროსაც წნევის მკვეთრ მომატებასა და ცვლილებას ადგილი არ ჰქონია. პაციენტს ასევე არ ჰქონია სპაზმური ხველა, წინააღმდეგ შემთხვევაში ასეთ დეტალებს ასახავდა სამედიცინო დოკუმენტაციაში. დ.კ–ძე ადასტურებს, რომ პაციენტს კვლევის შედეგად დაუდგინდა დიაგნოზი, რაც გამოიწვია თრომბის განვითარებამ, ანუ თრომბის ნაწილი განვითარდა არტერიის კედელზე, რომელმაც გარკვეულწილად დაახშო არტერიის სადინარი, რომელიც კვებავდა თავის ტვინს (იხ. 23.06.2020წ. სხდომის ოქმი);
15.10. მეორე გარემოება, რომელზეც მოწინააღმდეგე მხარე მიუთითებს იმაში მდგომარეობს, რომ შესაძლებელია პაციენტის ჩახველებამ გამოიწვიოს განაკვანძის გახსნა, რაც, ექსპერტის განმარტებით, არარეალურია, რადგან წარმოუდგენელია სრული ჰემოსთაზის პირობებში ჩახველების შედეგად მოხდეს გასხნა (თუ პაციენტს ექნებოდა სისტემატური ხველება ასეთი ჩანაწერი უნდა არსებობს ავადმყოფობის ისტორიაში). ამასთან, პაციენტი იმყოფებოდა ნარკოზის ზემოქმედების ქვეშ. ექსპერტმა ა.გ–ძემ განმარტა, რომ კლინიკაში უნდა გაეთვალისწინებინათ პოსტოპერაციული გართულებები. ასეთ გართულებას წარმოადგენს სისხლდენა, შესაბამისად, არსებობს პოსტოპერაციული პრევენცია, ანუ რა უნდა გააკეთოს ექიმმა რომ არ განვითარდეს ეს გართულება. ეს არის ორი გარემოება: ზუსტი ოპერაციული ტექნიკა და ჭრილობის სრული ჰემოსთაზი;
15.11. ექსპერტმა ა.გ–ძემ განმარტა, თუ სხვა რა შემთხვევაში იყო შესაძლებელი განვითარებულიყო თრომბოზი (თრომბი). ასეთ შემთხვევას წარმოადგენს მაღალი წნევა, რაც სამედიცინო დოკუმენტაციაში არ ფიქსირდება;
15.12. მოწინააღმდეგე მხარის პოზიცია იმის შესახებ, რომ წნევის მატება შესაძლოა განვითარდეს მყისიერად და ეს ექიმმა ვერც შენიშნოს, კიდევ ერთხელ ადასტურებს კასატორების პოზიციას, რომ პაციენტი მეორე ოპერაციის შემდგომ უნდა გადაეყვანათ რეანიმაციულ განყოფილებაში, სადაც მასზე განხორციელდებოდა მუდმივი კონტროლი;
15.13. წნევის მყისიერ მატებასთან დაკავშირებით თავისი დასკვნები აქვთ გაკეთებული მოპასუხის მიერ მოწვეულ სპეციალისტებსაც. კერძოდ: სპეციალისტი გ.კ–ი აღნიშნავს, რომ მისთვის სარწმუნოა ვერსია, რომ ოპერაციის დასრულებიდან საათნახევარში სისხლდენა გამოიწვია გაღვიძებისა და ექსტუბაციის მომენტში არტერიული წნევის ხანმოკლე მატებამ, კუნთთა აღდგენილი ტონუსით განვითარებულმა დაჭიმულობამ და ლიგატურის მოძრაობამ; ამავე მოსაზრებას ავითარებს სპეციალისტი ლ.კ–იც, რომელიც აღნიშნავს, რომ სისხლდენა დაიწყო ოპერაციის დასრულებიდან საათნახევარში, ეს კი დიდი დროა არასრულფასოვანი ლიგირების გამო განვითარებული სისხლდენისათვის, განსაკუთრებით მაღალი არტერიული წნევის შემთხვევაში. საგულისხმოა, რომ აღნიშნული სპეციალისტების დასკვნებში ოპერაციის დასრულებისა და სისხლდენის დაწყების დრო არასწორად არის მითითებული და, შესაბამისად, ასეთი დასკვნის გაკეთება სამედიცინო დოკუმენტაციიდან საფუძველს მოკლებულია;
15.14. ქირურგის მიერ ტექნიკური წუნით შესრულებულ ოპერაციასთან და სისხლის დანაკარგის გამოანგარიშებასთან დაკავშირებით მოპასუხის მიერ წარდგენილია საქართველოს ექიმთა ასოციაციის სპეციალისტების მიერ შედგენილი შეფასებები. კერძოდ: სპეციალისტები - ბ. ი–ი და ე. ს–ძე ავითარებენ შემდეგ მოსაზრებას: თირეოდექტომიის შემდეგ განვითარებული სისხლდენა შეიძლება განვითარდეს ქირურგის მიერ იდეალურად შესრულებული ოპერაციის შემდეგაც. სხვადასხვა ქვეყნებში მრავალრიცხოვან ავტორთა მიერ ჩატარებული კვლევების მონაცემთა საფუძველზე, ზოგადად, სისხლდენის გამომწვევ რისკფაქტორებს შორის ძირითადად განარჩევენ: ქირურგზე დამოკიდებულ ფაქტორებს - ოპერაციულ ტექნიკას; ქირურგიული ჩარევის მოცულობასა და დაავადების სახეობას; ავადმყოფზე დამოკიდებულ ფაქტორებს. დასახელებული სპეციალისტებიც ავითარებენ არტერიული წნევის მომატების ფაქტორს და განმარტავენ, რომ ლიგატურა შესაძლებელია ნორმალურად არის დადებული, მაგრამ ამა თუ იმ მიზეზის გამო დაქვეითებულია არტერიის კედლის სიმტკიცე და ამ ფონზე არტერიული წნევის უეცარი მომატებით გადაბერილი სისხლძარღვის კედელი შესაძლოა დაზიანდეს ლიგირების ადგილას. ამავე შეფასებაში ვკითხულობთ, რომ მსოფლიო სტატისტიკური მონაცემებით, სისხლდენა უხშირესად ვითარდება ოპერაციის დასრულებიდან პირველ 6 საათში, ნაკლები სიხშირით 6-24 საათში. აღნიშნული შეფასების ანალიზიდან გამომდინარე უდავოა, რომ წნევის მომატების ფაქტორი არ არის დაფიქსირებული, ხოლო პაციენტის სისხლძარღვის, არტერიის კედლის სიმტკიცის დარღვევასთან დაკავშირებით არ მოიპოვება ინფორმაცია. ამასთან, საგულისხმოა, რომ სპეციალისტები არაფერს ამბობენ პაციენტის ასაკზე, რომელიც იყო 33 წლის (ახალგაზრდა). სპეციალისტები ბ. ი–ი და თ. ი–ი სისხლის დანაკარგის განსაზღვრისთვის იყენებენ ე.წ. „მორეს“ ფორმულას და ლაბორატორიული კველევების მონაცემების შეფასებით აცხადებენ, რომ სისხლის ჯამური დანაკარგი 14 სთ და 21 წუთისათვის შეადგენდა 1,034 დან 1,139 ლ-მდე. აღნიშნული შეფასების გაკეთებისას სპეციალისტები არ ითვალისწინებენ მნიშვნელოვან ფაქტორს - სისხლის გადასხმას, რაც მნიშვნელოვნად აწევდა შესაბამის მონაცემებს. მიუხედავად ამისა, სპეციალისტების მიერ მითითებული დანაკარგის ოდენობა მაინც განეკუთვნება მე-2 ხარისხს, რასაც ადასტურებენ მოსარჩელეთა მიერ მოწვეული სპეციალისტები და ექსპერტი. გარდა ამისა, საგულისხმოა სპეციალისტების მითითებაც თითქოს დამოუკიდებელი ექსპერტიზის ცენტრი „ვ–ის“ მიერ გაცემულ დასკვნაში სისხლის ჯამური დანაკარგის მოცულობად განსაზღულია 2500 მლ, რაც არასწორია, რადგან დასკვნაში მითითებულია მიახლოებული მონაცემები, რაზეც რატომღაც სპეციალისტები არ ამახვილებენ ყურადღებას;
15.15. განსაკუთრებით საგულისხმოა ექიმ - რეანიმატოლოგ -ანესთეზიოლოგის, დ.კ–ძის მიერ გაცემული დასკვნა, სადაც ის აცხადებს, რომ პაციენტს აღენიშნებოდა უხვი ჰემორაგიული გამონადენი ჭრილობის დრენაჟებიდან, რის გამოც ჭრილობის რევიზიის მიზნით სასწრაფო წესით შეყვანილ იქნა საოპერაციოში. სისხლდენის განვითარებიდან (14:05 საათიდან) ინტენსიურ თერაპიაში და საოპერაციოში სისხლის დანაკარგი ჯამურად შეადგენდა 500-1000 მლ-მდე. აღნიშნული კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ მდგომარეობა შეესაბამებოდა მე-2 ხარისხის ჰემორაგიულ შოკს;
15.16. პაციენტის გვამის გაკვეთის შედეგად აღმოჩნდა დიდი ოდენობით ჰემოსტატიური ღრუბელი საოპერაციო ველში. როგორც სასამართლოში მოწმეებმა განმარტეს, ღრუბელი გამოიყენება მცირე ზომის სისხლძარღვიდან სისხლდენის შეჩერების მიზნით და მისი გაწოვა ხდება მცირე დროში. პაციენტის საოპერაციო ველში დარჩენილი დიდი ოდენობით ღრუბლის არსებობა ადასტურებს იმ გარემოებას, რომ ოპერაციის დროს სისხლდენა იყო დიდი და სწორედ ამის გამო გადაწყვიტა ქირურგმა დიდი ოდენობით ჰემოსტატიური მასალის გამოყენება. შესაბამისად, სისხლის დანაკარგი იქნებოდა მაღალი. რაც შეეხება ღრუბლის გაწოვის ფაქტს, ეს მოხდა არა მოკლე დროში, როგორც წესი, არამედ ოპერაციის ჩატარებიდან 12 დღის შემდეგაც იგი დარჩა ორგანიზმში, რადგან შეუსაბამოდ დიდი ოდენობით იქნა გამოყენებული;
15.17. სპეციალისტ მ.ო–ვას მიერ გაცემული დასკვნისა და ამ უკანასკნელის მიერ მიცემული ჩვენების თანახმად, იზოლირებული თრომბოზი არ წარმოადგენს ჰემორაგიული შოკის დამახასიათებელ გართულებას; ჰემორაგიული შოკის დროს შესაძლებელია განვითარდეს ცერებრული ჰიპოქსია, რა დროსაც ზიანდება ტვინის ე.წ წყალგამყოფი უბნები; იქვე განმარტებულია, რომ სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნაში მითითებულია მხოლოდ ერთი იზოლირებული სისხლძარღვის არსებობა. აღნიშნულთან დაკავშირებით კასატორები განიხილავენ სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 26.04.2017წ. სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნას, სადაც ასახულია პაციენტის გვამის გამოკვლევის შედეგები. დასკვნის თანახმად, პაციენტის სიკვდილის მიზეზია თავის ტვინის მკვეთრი შეშუპება ღეროს დისლოკაციით კეფის დიდ ხვრელში, განვითარებული თავის ტვინის სისხლძარღვების თრომბოზის შედეგად, ვრცელი დიფუზური სისხლჩაქცევებით თავის ტვინის რბილ გარსებში და ნივთიერებაში. დასკვნაში დეტალურად არის აღწერილი კვლევის შედეგები. დასკვნაში ვკითხულობთ: „სასუნთქი სისტემა“ - კისრის მიდამოში ნაოპერაციები ჭრილობის არეში აღინიშნება `დათრომბილი და ლიგირებული სისხლძარღვები ირგვლივ გაჟღენთილი მუქი მოწითალო ფერის სისხლჩაქცევებით. მასიური სისხლჩაქცევა გრძელდება ქვევით, კისრის მე-6 მალის დონეზე. რბილ ქსოვილებში მარჯვნივ აღმოჩნდა დიდი ოდენობით მოყავისფრო ფერის ჰემოსტატიური ღრუბლის ნარჩენები. მარჯვენა მხარეს უხეში კონსისტენციის უცხო სხეულები, მცირე ზომის მაკრატლით მოშორდა რბილი ქსოვილები და დაახლოებით 1.0 სმ სიგრძის მონაკვეთზე ნანახი იქნა არტერიულ სისხლძარღვზე მოლურჯო-მოიისფრო ფერის სამედიცინო საკერავი ძაფის 3 კვანძი. სისხლძარღვი გაიხსნა სიგრძლივად, აღმოჩნდა ლიგირებული არტერიული სისხლძარღვი დიამეტრით 0,3 სმ, სისხლძარღვის სანათურში 1 სმ სიგრძეზე მოყავისფრო ფერის, მშრალი, კედლებთან მჭიდროდ მიმაგრებული თრომბული მასა, სისხლძარღვიდან აღებულ იქნა პრეპარატები ჰისტოლოგიური კვლევისათვის. ამავე დასკვნის ჰისტოლოგიური კვლევის ნაწილში აღნიშნულია შემდეგი: „თავის ტვინი“ - თავის ტვინის ნივთიერებასა და რბილ გარსებში აღინიშნება ვრცელი, დიფუზური სისხლჩაქცევები ალაგ გამოხატული უჯრედული რეაქციით, რომელიც უპირატესად წარმოდგენილია ჰემოსიდეროფაგებით, ალაგ ნივთიერების დესტრუქციითა და ნეკროზით, ზემოაღნიშნულ უბნებში სისხლძარღვთა ფოკალური თრომბოზით (სხვადასხვა კალიბრის სისხლძარღვთა სანათურებში ვლინდება კედელთან მჭიდროდ დაკავშირებული თრომბული მასები, ალაგ ნაწილობრივი რეკანალიზაციით) ვასკულიტებითა და უპირატესად პერივასკალური ლოკალიზაციის ნეიტროფილურუჯრედოვანი ინფილტრატებით, გლიის სუსტი პროლიფერაციით, ნივთიერების პერივასკულური სივრცეების მკვეთრი გაგანიერებით, მაგარ გარსში ასევე ვლინდება კეროვანი ნეიტროფილურუჯრედოვანი ინფილტრატები;
15.18. ამდენად, სპეციალისტის მ.ო–ვას მიერ სწორად არ არის შეფასებული სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნაში მითითებული კვლევის შედეგები და გაუგებარია რას ეყრდნობა იგი, როდესაც აცხადებს, რომ მხოლოდ ერთი არტერია არის დაზიანებული. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს მიერ არასწორად არის შეფასებული ზემოთ მითითებული ძირითადი ფაქტობრივი გარემოებები (პაციენტის მარჯვენა ზემო არტერიის არასრულფასოვანი ლიგირების და სისხლის დიდი ოდენობით დანაკარგის, დაგვიანებული და არასრულყოფილი სამედიცინო ღონისძიებების ჩატარების შესახებ), რის გამოც გადაწყვეტილება დაუსაბუთებელია;
15.19. სააპელაციო სასამართლომ ასევე დაუსაბუთებლად გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობა წერილობითი მტკიცებულების გამოთხოვაზე უარის თქმის შესახებ და განმარტა, თითქოს მხარემ ვერ მიუთითა კონკრეტულად რა დარღვევები იქნა გამოვლენილი კლინიკაში და შესაბამისად რა კავშირი შეიძლება არსებობდეს ამ დარღვევებსა და მოცემულ საქმეს შორის. უნდა აღნიშნოს, რომ სააგენტოს მიერ შემოწმდა კლინიკაში არსებული მდგომარეობა, რა დროსაც გამოვლინდა სხვადასხვა სახის დარღვევები, მათ შორის, სწორედ პოსტოპერაციულ განყოფილებაში (სავარაუდოდ საუბარია სათანადო სამედიცინო აპარატურის არქონაზე და რეანიმაციულ ღონისძიებებთან დაკავშირებით არსებულ ხარვეზებზე). კონკრეტულად რა სახის დარღვევებზეა საუბარი შემოწმების აქტში და შემდგომ სასამართლოს გადაწყვეტილებაში, ამაზე დეტალურად მხარეს საუბარი არ შეუძლია, რადგან ვერ იქნა გამოთხოვილი წერილობითი მტკიცებულებები, იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ მას მხარე არ წარადგენდა. შესაბამისად, პირველი ინსტანციის სასამართლოს და შემდგომ სააპელაციო სასამართლოსაც უნდა დაეკმაყოფილებინა მოსარჩელეთა მოთხოვნა და გამოეთხოვა მტკიცებულებები, რომელთა მოპოვება მხარემ დამოუკიდებლად ვერ შეძლო. აღნიშნული მტკიცებულებით კი სხვა მტკიცებულებებთან ერთობლიობაში შეძლებდა მოსარჩელე მის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებების დადასტურებას.
16. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ პაციენტს უფლება აქვს მიიღოს ხარისხიანი მომსახურება და ჯანმრთელობის დაცვის სფეროში მომსახურება მისთვის ხელმისაწვდომი იყოს (უფლება ხარისხიანი სამედიცინო მომსახურების სტანდარტების დაცვაზე). „პაციენტის უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის თანახმად, საქართველოს თითოეულ მოქალაქეს უფლება აქვს სამედიცინო მომსახურების ყველა გამწევისაგან მიიღოს ქვეყანაში აღიარებული და დანერგილი პროფესიული და სამომსახურეო სტანდარტების შესაბამისი სამედიცინო მომსახურება.
17. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1007-ე მუხლის თანახმად, სამედიცინო დაწესებულებაში მკურნალობისას (ქირურგიული ოპერაციის ან არასწორი დიაგნოზით დამდგარი შედეგი და სხვ.) პირის ჯანმრთელობისათვის მიყენებული ზიანი ანაზღაურდება საერთო საფუძვლებით. ზიანის მიმყენებელი თავისუფლდება პასუხისმგებლობისაგან, თუ დაამტკიცებს, რომ ზიანის დადგომაში მას ბრალი არ მიუძღვის.
18. ამასთან, სამედიცინო პერსონალის ქმედებით ან უმოქმედობით გამოწვეული პაციენტის ფიზიკური ან ფსიქიკური მდგომარეობის გაუარესების ან სიკვდილის შემთხვევაში, პაციენტს, მის ნათესავს ან კანონიერ წარმომადგენელს შეუძლია მოითხოვოს პაციენტისათვის მიყენებული როგორც მორალური, ასევე, მატერიალური ზიანის ანაზღაურება (იხ. სუსგ საქმე Nას-1124-1044-2017, 30 ივლისი, 2018 წელი).
19. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1007-ე მუხლით გათვალისწინებული სამოქალაქო-სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრება სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლით განსაზღვრული ოთხი წინაპირობის არსებობას მოითხოვს: უნდა დადგინდეს მართლსაწინააღმდეგო ქმედება, ზიანი, მიზეზობრივი კავშირი მართლსაწინააღმდეგო ქმედებასა და ზიანს შორის და ბრალი. ნორმის მიზნიდან გამომდინარე, მართლსაწინააღმდეგო ქმედებად მიიჩნევა სამედიცინო დაწესებულების მიერ არასწორად განხორციელებული დიაგნოსტიკა და მკურნალობა, რამაც გამოიწვია ზიანი.
20. სამედიცინო მუშაკის ქცევის, როგორც მართლსაწინააღმდეგო ქცევის კვალიფიკაციისას, აუცილებელია არასათანადო სამედიცინო დახმარების აღმოჩენის ფაქტის დადგენა. ზიანის მიმყენებლის მართლსაწინააღმდეგო ქმედება მოიცავს არა მარტო მის აქტიურ მოქმედებებს, არამედ, უმოქმედობასაც.
21. პაციენტისათვის მიყენებული ზიანისას, როგორც წესი, ექიმის განზრახი ბრალი არ იკვეთება. ასეთ შემთხვევებში საკმარისია, დადგინდეს ექიმის გაუფრთხილებლობა, რაც გულისხმობს მის მიერ ნაკისრი ვალდებულებების აუცილებელი გულისხმიერებისა და ყურადღების გარეშე განხორციელებას. გულისხმიერება და ყურადღებიანობა გამოიხატება ექიმის მიერ საჭირო სამედიცინო მოქმედებების ზედმიწევნით ხარისხიანად, აღიარებული სამედიცინო სტანდარტების შესაბამისად შესრულებაში (იხ. სუსგ საქმე Nას-1124-1044-2017, 30 ივლისი, 2018 წელი).
22. მკურნალობის შედეგად გამოწვეული ზიანის ანაზღაურება მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება დაკმაყოფილდეს, თუკი პირისათვის მიყენებული ზიანი გამოწვეულია უშუალოდ მცდარი სამედიცინო მოქმედებით, ანუ გამოკვეთილია მიზეზობრივი კავშირი მართლსაწინააღმდეგო ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. ის გარემოება, რომ ზიანი გამოიწვია სამედიცინო პერსონალის ქმედებამ, უტყუარად უნდა დადგინდეს. უშედეგო მკურნალობა ან მკურნალობის უარყოფითი შედეგი თავისთავად (უალტერნატივოდ) არ იწვევს სამედიცინო პერსონალის პასუხისმგებლობას. ზიანი გამოწვეული უნდა იყოს მკურნალობისას დაშვებული შეცდომებით, ანუ, თუ მკურნალობა სწორადაა წარმართული, თუნდაც, მას უარყოფითი შედეგი მოჰყვეს, არ იწვევს ექიმის პასუხისმგებლობას (იხ. სუსგ საქმე Nას-260-244-2011, 27 ივნისი, 2011 წელი).
23. „მცდარი საექიმო ქმედების“ განმარტება მოცემულია „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის „ო“ ქვეპუნქტში და გულისხმობს ექიმის მიერ უნებლიედ პაციენტის მდგომარეობისათვის შეუსაბამო სადიაგნოზო და/ან სამკურნალო ღონისძიებებს, რაც მიყენებული ზიანის უშუალო მიზეზი გახდა. საექიმო შეცდომად მიიჩნევა ექიმის მიერ საზოგადოდ აღიარებული სამედიცინო და ეთიკური სტანდარტების, კანონმდებლობით განსაზღვრული წესების დარღვევა, რამაც განაპირობა პაციენტის შეუსაბამო სადიაგნოზო და/ან სამკურნალო ღონისძიებები, რაც, თავის მხრივ, პაციენტისათვის ზიანის მიყენების უშუალო მიზეზი გახდა. ექიმს ეკისრება იმის მტკიცების ტვირთი, რომ პაციენტს მართლზომიერად და უშეცდომოდ უმკურნალა, იგი პასუხს აგებს არასწორ მკურნალობაზე და მხოლოდ ასეთი მკურნალობის თანმდევ უარყოფით შედეგზე. ამდენად, ექიმის პასუხისმგებლობის საფუძველი არის არა მკურნალობის უარყოფითი შედეგი, არამედ სამედიცინო სტანდარტებიდან გადახვევა (იხ. სუსგ საქმე N1268-1526-09, 25 მაისი, 2010 წელი).
24. აღნიშნული კატეგორიის დავებში პაციენტს (მის ნათესავს ან კანონიერ წარმომადგენელს) ეკისრება ფაქტების სრულყოფილად და დამაჯერებლად წარდგენისა და გაცხადების ვალდებულება. აგრეთვე, მტკიცების ტვირთი იმის დასადასტურებლად, რომ მკურნალობისას შეცდომა დაუშვეს. თუ მისი განმარტებები არ დადასტურდება, მაშინ სამკურნალო შეცდომა მოთხოვნის საწინააღმდეგოდ არ დამტკიცდება. ასევე, პაციენტმა უნდა წარმოადგინოს და დაამტკიცოს, რომ დამდგარი ზიანი ეფუძნება სამედიცინო დაწესებულების ვალდებულების დარღვევას (იხ. სუსგ საქმე Nას-111-111-2018, 11 მაისი, 2018 წელი).
25. წინამდებარე საქმეში წარდგენილი მტკიცებულებების, მათ შორის - მხარეთა ახსნა-განმარტებების, N910 სტაციონარული სამედიცინო ბარათის, N890 და N891 ოპერაციის პროტოკოლის, N1616/16 სამედიცინო ბარათის, სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 26.04.2017წ. სამედიცინო დასკვნის, დამოუკიდებელი სასამართლო ექსპერტიზის ცენტრი შპს „ვ–ის“ 21.05.2018წ. N01-04/06 სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის, სამედიცინო მეცნიერული შეფასების, სპეციალისტების დასკვნების, ასევე, მოწმეთა და ექსპერტების/სპეციალისტების ჩვენებების ანალიზისა და ურთიერთშეჯერების შედეგად, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელეებმა ვერ უზრუნველყვეს მათი წილი მტკიცების ტვირთის რეალიზება და იმ გარემოების უტყუარად დადასტურდება, რომ პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება, რასაც მისი გარდაცვალება მოჰყვა, ექიმის შეცდომის შედეგს წარმოადგენდა (იხ. წინამდებარე განჩინების მე-5, მე-8 და მე-9 პუნქტები). კასატორებს აღნიშნულის საწინააღმდეგო დასაბუთებული პრეტენზია არ წარმოუდგენიათ.
26. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული წინაპირობა, კასატორებს არ წარმოუდგენიათ იმგვარი დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიები, რომლებიც საკასაციო საჩივრის არსებითად განსახილველად დაშვების შესაძლებლობას მისცემდა სასამართლოს, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
27. მტკიცებულებათა გამოთხოვაზე უარის თქმის შესახებ პირველი ინსტანციის სასამართლოს საოქმო განჩინებასთან დაკავშირებით საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 23 ივნისის საოქმო განჩინებით მოსარჩელეების შუამდგომლობა მტკიცებულებათა გამოთხოვის თაობაზე არ დაკმაყოფილდა იმ საფუძვლით, რომ ის მტკიცებულებები, რომლის გამოთხოვასაც მოსარჩელე შუამდგომლობდა არ არის წინამდებარე დავასთან შემხებლობაში (იხ. 23.06.2020წ. სხდომის ოქმი). სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს აღნიშნული მსჯელობა, ვინაიდან აპელანტებმა ვერ მიუთითეს კონკრეტულად რა დარღვევები გამოვლინდა მოპასუხე სამედიცინო დაწესებულების შემოწმებისას და, შესაბამისად, რა კავშირი შეიძლება არსებობდეს მის მიერ მითითებულ „მთელ რიგ დარღვევებსა“ და განსახილველ საქმეს შორის.
28. საკასაციო სასამართლო საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 134-ე მუხლის მე-3 ნაწილზე [წერილობითი მტკიცებულების გამოთხოვის თაობაზე შუამდგომლობის აღმძვრელი პირი ვალდებულია დაასაბუთოს, თუ საქმისთვის მნიშვნელოვანი რა გარემოების დადგენა შეიძლება ამ მტკიცებულებით] დაყრდნობით სრულად იზიარებს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების მსჯელობებს და მიიჩნევს, რომ მოსარჩელეებს მართებულად ეთქვათ უარი მტკიცებულებათა გამოთხოვის შესახებ შუამდგომლობის დაკმაყოფლებაზე, ხოლო კასატორებს აღნიშნული მსჯელობის საწინააღმდეგო დასაბუთებული პრეტენზია არ წარმოუდგენიათ.
29. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, კასატორები გათავისუფლებულები არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. ი., ა. და ლ. ხ–ების საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველი;
2. კასატორები გათავისუფლებულნი არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. ბაქაქური
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ე. გასიტაშვილი