საქმე №ას-394-2023 8 თებერვალი, 2024 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ზურაბ ძლიერიშვილი, ეკატერინე გასიტაშვილი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – შპს „დ.ჯ–ია“ (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 15 თებერვლის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება
დავის საგანი – პირგასამტეხლოს დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 15 თებერვლის განჩინებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს (შემდგომში - „მოსარჩელე“, „შემსყიდველი“, „სამინისტრო“, „აპელანტი“ ან „კასატორი“) სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 13 ივნისის გადაწყვეტილება, რომლითაც მოსარჩელის სარჩელი შპს „დ.ჯ–იას“ (შემდგომში - „მოპასუხე“ ან „მიმწოდებელი“) მიმართ პირგასამტეხლოს დაკისრების თაობაზე (სარჩელით მოთხოვნილი იყო მოპასუხისათვის პირგასამტეხლოს სახით, 10 661,63 ლარის გადახდის დაკისრება), დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა პირგასამტეხლოს გადახდა 1 421,55 ლარის ოდენობით.
2. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
2.1. მხარეთა შორის 2021 წლის 25 მაისს დაიდო სახელმწიფო შესყიდვის შესახებ N370 ხელშეკრულება, რომლითაც მიმწოდებელმა აიღო ვალდებულება, შემსყიდველისთვის მიეწოდებინა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის მომსახურეებისთვის საველე საზაფხულო უნიფორმა, ხელშეკრულების დანართი N1-ით გათვალისწინებული ვადების შესაბამისად, ხელშეკრულების გაფორმებიდან 75 კალენდარული დღის განმავლობაში, არაუგვიანეს - 2021 წლის 08 აგვისტოსა (იხ. ს.ფ. 21-31).
2.2. მოპასუხემ დაარღვია ხელშეკრულების 3.1 პუნქტით განსაზღვრული შესყიდვის ობიექტის მიწოდების ვადა, კერძოდ, ხელშეკრულებით გათვალისწინებული საქონელი, 2021 წლის 08 აგვისტოს ნაცვლად, სრულად მიწოდებულ იქნა 13 კალენდარული დღის დაგვიანებით (იხ. ს.ფ. 34-35).
2.3. მოსარჩელემ 2021 წლის 8 სექტემბერს მოპასუხეს აცნობა, რომ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების ვადის გადაცილებისთვის ეკისრებოდა პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ხელშეკრულების ღირებულების - 546 750 ლარის 0,15%-ის ოდენობით, რაც - 10 661,63 ლარს შეადგენდა. აღნიშნული წერილის თანახმად, მოსარჩელემ მოპასუხეს პირგასამტეხლოს გადასახდელად განუსაზღვრა 30 კალენდარული დღე (იხ. ს.ფ. 32-33).
2.4. დადგენილია, რომ ხელშეკრულების ფარგლებში დარიცხული პირგასამტეხლო, ჯამში 10 661,63 ლარის ოდენობით მოპასუხეს მოსარჩელისთვის ნებაყოფლობით არ აუნაზღაურებია.
3. სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე, 418.1, 418.2, 361.2, 115-ე, 420-ე მუხლებით და ვალდებულების დარღვევის ხასიათისა და ხარისხის გათვალისწინებით მიიჩნია, რომ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების 13 დღით ვადაგადაცილებისათვის მოსარჩელის მიერ მოპასუხისათვის დაკისრებული პირგასამტეხლო - ხელშეკრულების საერთო ღირებულების (546 750 ლარი) 0,15% შეუსაბამოდ მაღალ ოდენობას წარმოადგენდა და გასაჩივრებული გადაწყვეტილებით მისი ოდენობა მართებულად შემცირდა 0,02%-მდე.
4. სააპელაციო პალატის განმარტებით, კონკრეტულ შემთხვევაში პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისათვის მნიშვნელოვანია, შეფასდეს თუ რაში გამოიხატა მიმწოდებლის (მოპასუხე) მიერ ნაკისრი ვალდებულების არაჯეროვანი შესრულება. განსახილველ შემთხვევაში მიმწოდებლის მიერ ნაკისრი ვალდებულების არაჯეროვანი შესრულება გამოიხატა ხელშეკრულებით გათვალისწინებული მიწოდების ვადის დარღვევაში (საველე საზაფხულო უნიფორმების მიწოდება) და არა უშუალოდ გაწეული მომსახურების უხარისხობაში. შესაბამისად, დარღვევის ამ თავისებურებიდან გამომდინარე, პირგასამტეხლოს ოდენობა ექვემდებარებოდა შემცირებას.
5. სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნულ განჩინებაზე მოსარჩელემ წარადგინა საკასაციო საჩივარი, რომლითაც მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.
6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
7. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.
8. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
9. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.
10. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.
11. კასატორს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით პრეტენზია (შედავება) არ განუხორციელებია.
12. საკასაციო საჩივრის თანახმად, მოცემულ შემთხვევაში სასამართლომ არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ მეწარმე სუბიექტი წინასწარ, გაცნობიერებულად დასთანხმდა იმ პირობას, რომ ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე გადაიხდიდა პირგასამტეხლოს 0,15%-ის ოდენობით; მოპასუხეს ჰქონდა როგორც ცოდნა, ისე თავისუფალი ნება, რომ ხელშეკრულების ამ პირობაზე ეთქვა უარი, თუმცა ხელშეკრულების დადების ეტაპზე მას პირგასამტეხლოს ოდენობასთან დაკავშირებით პრეტენზია არ გამოუთქვამს; მოპასუხე ინფორმირებული იყო მოსალოდნელი სამართლებრივი შედეგის დადგომის შესახებ; სასამართლომ ასევე არ გაითვალისწინა, რომ სამინისტრო სახელმწიფო შესყიდვების შესაბამისად დადებულ ხელშეკრულებებში ითვალისწინებს პირგასამტეხლოს არა სადამსჯელო ფუნქციით, არამედ ვალდებულების ჯეროვანი შესრულების უზრუნველსაყოფად; მოსარჩელისთვის, რომელიც სახელმწიფო დაწესებულებაა, სწორედ დადებული ხელშეკრულებები იძლევა იმის საშუალებას, რომ მისი ძირითადი ფუნქცია პირნათლად შესრულდეს.
13. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 418-ე მუხლი ხელშეკრულების მხარეებს ანიჭებს უფლებამოსილებას, თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრა მხარეთა უფლებაა და აღნიშნული კუთხით მოქმედებს სახელშეკრულებო ურთიერთობებში დამკვიდრებული მხარეთა ნების ავტონომიის პრინციპი, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლი შესაძლებლობას აძლევს სასამართლოს შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.
14. ამდენად, პირგასამტეხლოს თაობაზე შეთანხმება არ წარმოადგენს მხარეთა აბსოლუტურ უფლებას და კვალიფიციური შედავების პირობებში სასამართლო უფლებამოსილია, შეაფასოს კრედიტორის მიერ მოთხოვნილი ოდენობით პირგასამტეხლოს თანაზომიერება ვალდებულების დარღვევასთან მიმართებით. უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკის მიხედვით, ასეთ დროს სასამართლო მხედველობაში იღებს მხარის ქონებრივ მდგომარეობასა და სხვა გარემოებებს, კერძოდ, იმას, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან. პირგასამტეხლოს შეუსაბამობის კრიტერიუმად, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, შეიძლება, ასევე, ჩაითვალოს ისეთი გარემოებები, როგორიც არის ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს შეუსაბამოდ მაღალი პროცენტი, პირგასამტეხლოს თანხის მნიშვნელოვანი გადაჭარბება ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეულ შესაძლო ზიანზე, ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა და სხვა (იხ. მაგ., სუსგ საქმე Nას-1560-1463-2012, 28 დეკემბერი, 2012 წელი; Nას-1200-1145-2013, 16 მაისი, 2014 წელი; Nას-1199-1127-2015, 13 აპრილი, 2016 წელი; Nას-1511-2018, 26 მარტი, 2019 წელი; Nას-183-2021, 29 ნოემბერი, 2022 წელი).
15. საკასაციო სასამართლო აგრეთვე განმარტავს, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკის შესაბამისად, პირგასამტეხლო დაანგარიშებული უნდა იყოს არა ხელშეკრულების საერთო ღირებულებიდან, არამედ მხარის მიერ ფაქტობრივად შეუსრულებელი ან არაჯეროვნად შესრულებული ვალდებულების ღირებულებიდან. საერთო ღირებულებიდან გამომდინარე პირგასამტეხლოს გათვალისწინება ეწინააღმდეგება სამოქალაქო ბრუნვის უსაფრთხოებისა და კეთილსინდისიერების მინიმალურ სტანდარტს, რადგან რამდენიმე დღის ვადაგადაცილებისათვის ხელშეკრულების საერთო თანხის გათვალისწინებით პირგასამტეხლოს დაკისრება, როგორც კრედიტორის დარღვეული უფლებებისა და ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის ერთგვარი სანქცია, თავის ნორმატიულ დანიშნულებას ვერ შეასრულებს (იხ. სუსგ საქმე Nას-164-160-2016, 28 ივლისი, 2016 წელი).
16. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლოს შემცირება არ გულისხმობს მის გაუქმებას. პირგასამტეხლოს შემცირების საფუძველია, ერთი მხრივ, ის, რომ კრედიტორი პირგასამტეხლოს მიღებით არ გამდიდრდეს და მოვალეს არ დააწვეს მძიმე ტვირთად პირგასამტეხლოს გადახდა (შესაბამისად, პირგასამტეხლო არ იქცეს ერთგვარ სადამსჯელო ღონისძიებად), ხოლო მეორე მხრივ კი, პირგასამტეხლო იყოს ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი, საპირწონე და გონივრული. აღნიშნულში მოიაზრება სახელშეკრულებო თანასწორობისა და სამართლიანობის პრინციპის დაცვით პირგასამტეხლოს გონივრულ ოდენობამდე შემცირება. აღსანიშნავია, რომ პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრა სასამართლოს მიერ ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში გარემოებათა ყოველმხრივი შეფასების შედეგად დგინდება და რაიმე განსხვავებული სტანდარტი, რომელიც განაზოგადებს პირგასამტეხლოს მათემატიკურ მაჩვენებელს სასამართლო პრაქტიკით არ არის დადგენილი. სასამართლომ უნდა დაიცვას ის სამართლიანი ბალანსი, რომელიც სამოქალაქო-სამართლებრივი ვალდებულების დარღვევას მოჰყვა (იხ. სუსგ საქმე Nას-186-2021, 25 მარტი, 2021 წელი).
17. მოცემულ შემთხვევაში საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება შესაბამისობაშია პირგასამტეხლოს შემცირებასთან დაკავშირებით უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილ პრაქტიკასთან (იხ. მაგ., სუსგ საქმე Nას-349-2019, 11 ივნისი, 2019 წელი; Nას-1164-2019, 22 ნოემბერი, 2019 წელი; Nას-1597-2019, 13 დეკემბერი, 2019 წელი; Nას-1716-2019, 19 თებერვალი, 2021 წელი; Nას-213-2022, 06 ივნისი, 2022 წელი; Nას-1435-2018, 08 მაისი, 2020 წელი; Nას-473-2022, 07 ივლისი, 2022 წელი; Nას-183-2021, 29 ნოემბერი, 2022 წელი; Nას-56-2023, 28 სექტემბერი, 2023 წელი), ხოლო კასატორს არ წარმოუდგენია იმგვარი დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია, რაც საკასაციო საჩივრის არსებითად განსახილველად დაშვების შესაძლებლობას მისცემდა სასამართლოს. წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არის არაკვალიფიციური და დაუსაბუთებელი. კასატორმა ვერ დაადასტურა პირგასამტეხლოს შემცირების არამართლზომიერება და საკასაციო პალატა ვერ დაარწმუნა საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის წინაპირობების არსებობაში.
18. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
19. „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „უ“ ქვეპუნქტის თანახმად, კასატორი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველი;
2. კასატორი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. ბაქაქური
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ე. გასიტაშვილი